კრაკ დე შევალიე


კრაკ დე შევალიე იგივე კრაკ დე ლ’ჰოსპიტალი – ჰოსპიტალიერთა ორდენის ციხე-სიმაგრე სირიაში, ლიბანის ტრიპოლის აღმოსავლეთით. მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე კარგად შემორჩენილი ჯვაროსნული სიმაგრე.
არაბული ქრონიკებიდან ცნობილია, რომ 1031 წელს ციხე-სიმაგრე ალეპოს ამირამ დაიკავა და იქ ქურთთა გარნიზონი ჩააყენა, რის შემდეგაც ამ სიმაგრეს “ჰასნ ალ-აქრადი” ეწოდა, რაც ქურთების ციხეს ნიშნავს. ფრანკები ამ ციხე-სიმაგრეს “ლე კრატს” უწოდებდნენ, ხოლო შემდეგ არაბულად “კერაკი” ანუ “კრაკი” უწოდეს, რაც სიმაგრეს ნიშნავს.
1099 წელს, პირველი ჯვაროსნული ლაშქრობისას ეს ციხე-სიმაგრე რაიმონდ ტულუზელმა დაიკავა, მაგრამ მალე ჯვაროსნებმა დატოვეს სიმაგრე, რათა იერუსალიმისკენ ლაშქრობა განეგრძოთ.
1110 წელს კრაკი ხელახლა დაიკავა ტანკრედმა, გალილეის მთავარმა, ხოლო 1142 წელს ეს ციხე-სიმაგრე ტრიპოლის მთავარმა რაიმონდმა ჰოსპიტალიერების ორდენს გადასცა, რათა მათ დაეცვათ სიმშვიდე ამ ტერიტორიაზე და შეეჩერებინათ მოსულისა და ალეპოს თურქი მთავრების შემოტევა. ჰოსპიტალიერებმა თითქმის ახლიდან ააშენეს ციხე-სიმაგრე და ჯვაროსანთა ერთ-ერთ მნიშვნელოვან პუნქტად აქციეს. სიმაგრის გარშემო ორდენმა ძლიერი გალავანი ააშენა, რომელშიც დიდი და მტკიცე კოშკები ჩააშენა. ერთ-ერთ ასეთ კოშკში თვით ჰოსპიტალიერების დიდი მაგისტრი სახლობდა. ციხე-სიმაგრეს ჰქონდა დიდი საკუჭნაო, სადაც დიდი რაოდენობის სურსათ-სანოვაგე ინახებოდა და ასევე წყლის მარაგიც. ეზოში იდგა ქრისტიანული ეკლესიაც. კრაკ დე შევალიეს გარშემო კლდეებით იყო შემოზღუდული, რაც კიდევ უფრო მიუვალს ხდიდა ჰოსპიტალიერების სიმაგრეს.
XII საუკუნის ბოლოს და XIII საუკუნის დასაწყისში კრაკ დე შევალიე მიწისძვრამ დააზიანა და ჰოსპიტალიერებს მისი შეკეთება ახლიდან მოუხდათ.

კრაკ დე შევალიეს მტერმა ალყა რამდენჯერმე შემოარტყა, მაგრამ ვერაფერი მოუხერხა. 1188 წელს ქალაქის კედლებს სალადინის ჯარები მიადგნენ. მათ მოახერხეს კასტელანის (ციხისთავი) შეპყრობა და აიძულეს თავისი გარნიზონისთვის ბრძანება მიეცა დანებებოდნენ. მან მართლაც შეასრულა ეს ბრძანება და არაბულად დანებება უბრძანა ციხე-სიმაგრის დამცველებს, მაგრამ შემდეგ ფრანგულად შესძახა, რომ ციხე უკანასკნელ სისხლის წვეთამდე დაეცვათ. სალადინმა მართლაც ვერ მოახერხა ციხის აღება.
საბოლოოდ კრაკ დე შევალიე მოტყუების გზით დაიკავა ეგვიპტისა და სირიის სულთანმა ბეიბარსმა. მან ციხე-სიმაგრეში ტრიპოლის გრაფის ყალბი წერილი შეაგზავნინა, რომელშიც დანებების ბრძანება იყო გაცემული. შედეგად 1271 წლის 8 აპრილს, ჰოსპიტალიერების უძლიერესი სიმაგრე მტერს დანებდა.
1272 წელს, IX ჯვაროსნული ლაშქრობისას კრაკ დე შევალიე ინგლისის მეფე ედუარდ I-მა იხილა, რომელიც განცვიფრებული იყო სიმაგრის სიძლიერით. ამის შემდეგ მან გადაწყვიტა სწორედ ამის მსგავსი ციხე-სიმაგრეები აეშენებინა უელსში და ინგლისში და ასეც მოიქცა.

ნიკა ხოფერია