History Channel - Vikings - ვიკინგები (TV-series)


ბოლო ათწლეულის განმავლობაში სკანდინავიური კულტურა განსაკუთრებით პოპულარული გახდა და სწრაფად მოიცვა ხელოვნების სხვადასხვა, დღეისთვის აქტუალური მიმართულებები, რომელშიც რათქმაუნდა იგულისხმება მუსიკა (განსაკუთრებით როკ-მუსიკა - Amon amarth, Manowar, Sabaton, Turisas და სხვ.), ლიტერატურა (ისტორიული და ფენტეზი ჟანრი - ბერნარდ კორნუელის `საქსონური ამბების" სერია, რობერტ ლოუს, გილეს კრისტიანის, ჯადსონ რობერტსის, ვიოლეტა რანდის წიგნები) და კინემატოგრაფია (მეცამეტე მეომარი, ვალჰალას აღზევება...). ასევე კომპიუტერული თამაშებიც (War of the Vikings, Viking: Battle for Asgard, The Elder Scrolls სერიები, განსაკუთრებით Skyrim და ა.შ.) რომელთა სცენარი ხშირადაა დაფუძნებული სკანდინავიურ მითოლოგიაზე ან გამოყენებულია შუა საუკუნეების ჩრდილოევროპული კულტურისთვის დამახასიათებელი დეტალები. 

სხვადასხვა დროს იყო დისკუსიები ბერნარდ კორნუელის `საქსონური ამბების" (Saxon Tales) სერიალად გადაღებაზე, მაგრამ ეს ჯერჯერობით ვერ მოხერხდა. ავტორს ჯერ კიდევ არ დაუსრულებია სერიის ყველა წიგნი. მიუხედავად ამისა, შუა საუკუნეების სკანდინავიური კულტურისა და ისტორიის მოყვარულებს გული არ დაწყვიტა პოპულარულმა სატელევიზიო არხმა History Channel-მა, რომელმაც კანადურ-ირლანდიურ გადამღებ ჯგუფთან და ცნობილ სცენარისტ მაიკლ ჰერსტთან (Elizabeth, Elizabeth: The Golden Age, The Borgias, The Tudors) ერთად 2012 წელს სერიალ `ვიკინგების" გადაღება დაიწყო. `ვიკინგების"I სეზონის პირველი სერია 2013 წლის 3 მარტს გამოვიდა. მან მაყურებლის დიდი მოწონება დაიმსახურა და მალევე პოპულარულ სერიალთა რეიტინგში ერთ-ერთი მოწინავე პოზიცია დაიჭირა.პირველ სეზონში რეჟისორებმა (იოჰან რენკი, კიარან დონელი, კენ ჯიროტი) სულ 9 სერია შემოგვთავაზეს. მეორე სეზონის გადაღებებს ისინი 2013 წლის ზაფხულში შეუდგნენ და პრემიერა 2014 წლის 27 თებერვალს დაანონსეს. 
პირველი სეზონის პოსტერი

ფილმი შეეხება ახალგაზრდა, ამბიციური ვიკინგის, რაგნარ ლოთბროკის (ლოდბროკ) ცხოვრებას, რომელსაც სურს გაილაშქროს დასავლეთში, აღმოაჩინოს ახალი მიწები, დაიპყროს, დაამარცხოს უცხო მეფეები და ხელთ იგდოს მათი სიმდიდრე. იგი იბრძვის ძალაუფლებისთვის და აღწევს კიდეც სკანდინავიის ერთ-ერთი მხარის იარლობას (Jarl -  მთავარი), მაგრამ ყველაფერი ამით არ სრულდება და მის წინაშე უამრავი დაბრკოლება აღიმართება. მხოლოდ ამ დაბრკოლებათა გადალახვისა და ვიკინგთა გაერთიანების შემდეგ შეძლებს იგი მიაღწიოს მიზანს და დალაშქროს უცნობი, მდიდარი სამხრეთ-დასავლური მიწები. 
რაგნარ ლოთბროკი (ლოდბროკ - `ტყავის შარვალი" ან Lod - ბედი, Brog - ნიშანი, დროშა, რადგან ლეგენდის მიხედვით რაგნარის დროშაზე გამოსახული იყო ოდინის ყორანი, რომელიც თავისი ფრთით უჩვენებდა ლაშქრობის მიმართულებას) სკანდინავიური საგებისა და ლეგენდების ერთ-ერთი გმირი იყო. სავარაუდოდ იგი რეალური პიროვნება უნდა ყოფილიყო, წარმოშობით დანიიდან, ინგლინგების საგვარეულოდან, თუმცა ამის დამადასტურებელი სარწმუნო წყაროები არ გაგვაჩნია. თუ მივიჩნევთ, რომ იგი რეალური პიროვნება გახლდათ, მაშინ შეგვიძლია ისიც აღვნიშნოთ, რომ რაგნარი IX საუკუნეში მოღვაწეობდა და დანიის ერთ-ერთი გავლენიანი იარლი იყო. ყველაზე მნიშვნელოვანი მოვლენა, რაც მის სახელს უკავშირდება, არის თავდასხმა ფრანკთა სამეფოზე, პარიზის ალყა 845 წელს და ბრიტანეთის ერთ-ერთ ანგლო-საქსურ სამეფოზე - ნორთუმბრიაზე თავდასხმა. სწორედ ამ უკანასკნელ ლაშქრობას უნდა ემსხვერპლა მისი სიცოცხლე, რადგან მეფე ელა II-მ დამარცხებული და დატყვევებული რაგნარის შხამიანი გველებით სავსე ორმოში ჩაგდება ბრძანა. 
ტრევის ფრიმელი (რაგნარ ლოთბროკი) მეორე სეზონის პოსტერზე

ვიკინგური საგების მიხედვით, რაგნარის ვაჟებმა ივარმა (`უძვლომ"), ჰალფდანმა და ბიორნმა (`რკინისგვერდამ") 867 წელს დალაშქრეს ინგლისი, შური იძიეს მამის სიკვდილის გამო და საფუძველი ჩაუყარეს დანიელთა მბრძანებლობას ბრიტანეთში. მათ დაატყვევეს მეფე ელა და სასტიკი წამებით ამოხადეს სული. ლოთბროკის ვაჟების - ლოთბროკსონების ომები ბრიტანეთში შესანიშნავად აღწერა ცნობილმა მწერალმა ბერნარდ კორნუელმა `საქსონური ამბების" პირველ წიგნში - „უკანასკნელი სამეფო" (The Last Kingdom). 


ბერნარდ კორნუელის „საქსონური ამბები" (Saxon Tales)

სკანდინავიური საგების გმირები არიან რაგნარის ცოლები - ლაგერტა და ასლაუგიც. მათგან განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია, ლაგერტა, რომელიც XII-XIII საუკუნეების ისტორიკოსის, საქსო გრამატიკოსის `დანიის ისტორიის" (Gesta Danorum) მიხედვით მებრძოლი ქალი და მამაკაცებთან ერთად უშიშრად იბრძოდა ბრძოლის ხაზზე. იგი იბრძოდა რაგნარ ლოთბროკის მხარდამხარ შვედი ვიკინგების მეფე ფროსთან, რომელმაც ბრძოლაში მოკლა რაგნარის ბაბუა, ნორვეგიის მეფე სივარდი. საგების მიხედვით რაგნარს ლაგერტასთან ერთი ვაჟი ფრიდლეიფი და ორი ქალიშვილი ჰყავდა. დანიელ ვიკინგებს შორის მიმდინარე სამოქალაქო ომიდან დაბრუნების შემდეგ, რაგნარი გასცილდა ლაგერტას, რათა ცოლად მოეყვანა თორა ბორგარჰიორტი, გიოტალანდის იარლის ქალიშვილი. როდესაც დანიაში კვლავ სამოქალაქო ომი დაიწყო, რაგნარმა დახმარებისთვის ლაგერტას მიმართა, რომელსაც ისევ უყვარდა ყოფილი მეუღლე და 120 ხომალდით დაეხმარა ბრძოლაში. 



ასლაუგი (ალისა საზერლენდი), რაგნარ ლოთბროკი (ტრევის ფრიმელი) და ლაგერტა (კატერინ ვინიკი)

ბიორნი, რომელიც სერიალის მიხედვით ლაგერტასა და რაგნარის ვაჟია, ერთ-ერთი ვერსიით მართლაც იყო რაგნარის ვაჟი და შემდეგში შვედი ვიკინგების მეფე გახდა. მას მიაწერენ მეტსახელ `რკინისგვერდას."ლეგენდის მიხედვით მან მიაღწია გიბრალტარის სრუტემდე და მაროკოს სანაპიროებამდე, ასევე ბალეარის კუნძულებამდე და პროვანსამდე, შემდეგ კი ბრიტანეთში დაბრუნებამდე გაძარცვა ვალენსია. `ჰერვიორის საგის" მიხედვით რაგნარ ლოთბროკის ტიტული - კონუნგი (მთავარი) მისი სიკვდილის შემდეგ ბიორნმა მიიღო.
რაგნარის ძმის, როლოს პროტოტიპი კი არის ვიკინგი მთავარი და ნორმანდიის პირველი ჰერცოგი როლო, რომლის შთამომავალი იყო ნორმანდიის ცნობილი ჰერცოგი და ინგლისის მეფე უილიამ I დამპყრობელი.


როლო (კლაივ სტანდენი)

სერიალ `ვიკინგების" სცენარის ავტორმა, მაიკლ ჰერსტმა შეძლო სხვადასხვა ვიკინგური საგებიდან საინტერესო დეტალების გამოყენება, რაგნარ ლოთბროკის ამბავთან მათი შერწყმა და ძალიან საინტერესო ისტორიის შექმნა, რომელსაც რეჟისორებმა კარგად მოარგეს მშვენივრად შერჩეული სამსახიობო ჯგუფი, გადაღების ადგილები. მნიშვნელოვანია ისიც, რომ დიზაინერებს კარგად აქვთ შესწავლილი VIII-IX საუკუნეების სკანდინავიური კულტურა და მაქსიმალურად დეტალურად ცდილობენ აღადგინონ `ბნელი ხანის" ჩრდილოეთ ევროპის ატმოსფერო. ყველა მსახიობი თითქმის იდეალურად მოერგო თავის როლს და დამახასიათებელი პერსონაჟი შექმნა. განსაკუთრებით გამოსარჩევია თვითონ რაგნარ ლოთბროკის როლის შემსრულებელი ტრევის ფრიმელი ასევე როლოს, ლაგერტასა და ფლოკის როლის შემსრულებლები - კლაივ სტენდენი, კატერინ ვინიკი და გუსტაფ სკარსგარდი.

ფლოკი (გუსტაფ სკარსგარდი)

როგორც აღვნიშნეთ, სერიალის სიუჟეტის ძირითადი ნაწილი ეთმობა რაგნარ ლოთბროკის ბრძოლას პირველობისთვისა და დასავლეთში გალაშქრებისთვის. დანარჩენი პერსონაჟები ამის თავისდა უნებური მონაწილენი არიან. მეტად საინტერესოა რაგნარისა და მისი ძმის, როლოს ურთიერთობა. როლო სერიალის ალბათ, ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო პერსონაჟია. მის სულში ერთმანეთს ებრძვის ძმური ერთგულება, სიყვარული, ამბიციები და შური. ასევე საინტერესოა რაგნარისა და ორი ძლიერი და ლამაზი ქალის - ლაგერტასა და ასლაუგის კავშირი. პირველი `ლოთბროკსონი" ბიორნი, ხარბი და სასტიკი იარლი ჰარალდსონი, მისი მეუღლე სიგი, ბრიტანეთიდან წამოყვანილი ტყვე ბერი - ათელსტანი, რაგნარის მოკავშირე მეფე ჰორიკი, იარლი ბორგი - ერთად ქმნიან იმ მკაცრ, ცივ და დაძაბულ სკანდინავიურ ატმოსფეროს, რაც სერიალის ერთ-ერთი მთავარი მახასიათებელია. მართალია აქ არის სიყვარული, არის ერთგულება და პატივისცემა, მაგრამ სკანდინავიელებს ამ ყველაფრის მიმართ თავისებური დამოკიდებულება გააჩნდათ და ეს კარგად ჩანს `ვიკინგების" ეპიზოდებში. რაც მთავარია, სერიალი ნამდვილად არ განიცდის დაძაბული, მოქმედებითი სცენების ნაკლებობას. 



რაგნარი, ლაგერტა, როლო და რაგნარის მეომრები ბრიტანეთის სანაპიროზე  

სისხლისმღვრელი ბრძოლები, თავდასხმა ქალაქებსა და სოფლებზე, ძარცვა და ხოცვა - ეს ყველაფერი `ბნელი ხანისთვის" დამახასიათებელი იყო და მის გარეშე არც სერიალი `ვიკინგები" შედგებოდა როგორც ამ ეპოქის ამსახველი კინემატოგრაფიული ნამუშევარი. ასევე აღსანიშნავია ბრძოლების რეალური, მცირე მასშტაბები (რაც ევროპის ადრეული შუა საუკუნეების მახასიათებელია), ვიკინგთა საბრძოლო ტაქტიკა, აღჭურვილობა, ბრძოლის წარმოების მეთოდები. ამ ყველაფერს მაყურებელი სერიალში იხილავს. ყველასთვის, ვისაც მოსწონს სკანდინავიური კულტურა (ასეთ ადამიანთა რიცხვა კი დღეს ძალიან დიდია), აინტერესებს შუა საუკუნეების ევროპის ისტორია, უნდა რომ შეიგრძნოს რას ნიშნავდა `ვიკინგობა" და გაშლილ ზღვაში დაბალძირიანი სკანდინავიური `დრაკარით" ტალღების გადალახვა, შეუძლია დღესვე შეუდგეს ამ შესანიშნავი სერიალის ყურებას. 

ნიკა ხოფერია