„ცხრა ღირსეული" ანუ რაინდობის გმირები შუა საუკუნეების ევროპაში


„ცხრა ღირსეული" წარმოადგენს ცხრა ისტორიული, ბიბლიურ და ლეგენდარულ პერსონაჟს, რომელთაც რაინდობის იდეალურ მაგალითებად თვლიდნენ შუა საუკუნეებში. ყველა მათგანს ზოგადად მოიხსენიებდნენ როგორც პრინცებს, მთავრებს, იმის მიუხედავად, სინამდვილეში რა ტიტულებს ატარებდნენ. ფრანგები მათ მოიხსენიებდნენ როგორც „ცხრა ვაჟკაცს". ისინი იყვნენ სიმბოლოები არა მხოლოდ ჯარისკაცული სიმამაცისა და კარგი მხედართმთავრობისა, არამედ რაინდული მორალისაც. თითოეული მათგანის ცხოვრების შესწავლა ახალგაზრდა რაინდისათვის თუ რაინდობის მსურველისათვის კარგ განათლებად შეიძლებოდა ჩათვლილიყო. უფრო გვიან გაჩნდა „ცხრა ღირსეულ ქალთა" რიგიც, თუმცა ის არც მსგავსი პოპულარობით სარგებლობდა და მის გარშემო არც ისეთი სიზუსტე და ერთიანობა არსებობდა, როგორიც „ცხრა ღირსეულ" რაინდთა რიგს ჰქონდა (ქალთა რიგში წმინდანი ქალები და ძველ ბერძნული მითოლოგიის ამორძალებიც შედიოდნენ).
ზემოთ ილუსტრაცია: „ცხრა ღირსეულის" გამოსახულება კიოლნის რატუშაზე (XIV ს.)

`ცხრა ღირსეულში" სამი „კარგი" წარმართია: ჰექტორი, ალექსანდრე მაკედონელი და იულიუს კეისარი; სამი „კარგი" ებრაელი: იესო ნავეს ძე, დავითი და იუდა მაკაბელი და სამი „კარგი" ქრისტიანი: მეფე არტური, კარლოს დიდი და გოდფრუა დე ბუიონი. ეს პერსონაჟები არიან არქეტიპები - წარმოადგენენ რაინდულ ღირსებათა პერსონიფიკაციას: ზრდილობა, ერთგულება,  სიმამაცე, სიმტკიცე, გულუხვობა, პატიოსნება და ყველაზე მაღლა - ქვეყნისა და ეკლესიის მსახურება.

იესო ნავეს ძე, მეფე დავითი და იუდა მაკაბელი
ჰექტორი, ალექსანდრე მაკედონელი, იულიუს კეისარი
მეფე არტური, კარლოს დიდი, გოდფრუა დე ბუიონი
 (ილუსტრაციები პორტუგალიური წიგნიდან - Livro do Armeiro-Mor. XVI ს. დასაწყისი)

„ცხრა ღირსეულის" სქემის სიმეტრია წარმოადგენს შუა საუკუნეებში ისტორიისა და ქრისტიანობის ბედისწერის ხედვას. ძველი წესრიგი უმზადებდა გზას ახალს. წარმართული კანონები ქმინდა Pax Romana-ს, რომელმაც ზოგიერთი საშუალებით ხელი შეუწყო ახალი წესრიგის ჩამოყალიბებას. შუა საუკუნეების ხალხი ხედავდა თავიანთ თავს როგორც მემკვიდრეებს ებრაელებისა და წარმართებისა, და მათი ცივილიზაციებისა, როგორც უფლის ღვთაებრივი გეგმის აღრულებას. „ცხრა ღირსეულის" მრავალი პორტრეტია შესრულებული, ბევრი ლექსია დაწერილი, ასევე წიგნები, რომლებშიც მათი მოღვაწეობაა აღწერილი. მათი რეპუტაციის წყალობით, ისინი არიან რაინდული ღირსების უმაღლესი მსაჯულები. უფრო ადრეულ ტექსტებში, მაგალითად, XIII საუკუნეში, ფილიპ მუსკეს ქრონიკაში, წარმოდგენილი გმირები არიან ჰექტორი, იუდა მაკაბელი და ოგიერი (Ogier), გმირი დანიელი, რომელზეც კაროლინგების პერიოდიდან გავრცელდა ლეგენდები. 
ოგიერის (ჰოლგერის) ძეგლი კრონბერგის სასახლეში, დანიაში
ჰექტორი კიცხავს პარისს და მოუწოდებს ომში მონაწილეობისაკენ (იოჰან ტიშბეინის ნახატი, 1786 წ.)

მაგრამ ჟაკ დე ლონგიონის სამი ტრიადა, რომელიც ზემოთ აღვნიშნეთ, უფრო სიმეტრიული და დახვეწილია. ის გადმოსცემს რაინდობის ისტორიის სამ უმნიშვნელოვანეს პერიოდს და ნათელს ჰფენს მათ ადგილს ქრისტიანული პროვიდენციალური მსოფლიო ისტორიის ფართო სტრუქტურაში. სამი ებრაელი გმირი გვახსენებს ძველი აღთქმის ისტორიას უფლის რჩეულ ერზე, რომლის მსახურება ერთი, ჭეშმარიტი ღმერთისადმი გზას უმზადებდა ქრისტეს მოვლინებას.
ქრისტეს მისია, მხოლოდ ებრაელებს არ შეეხებოდა და წარმართებსაც ჰქონდათ წილი ახალი წესრიგის, კანონებისათვის გზის მომზადებაში. ქრისტე მოვიდა როგორც მშვიდობის პრინცი, მთავარი იმ დროს, როდესაც რომაელებს მსოფლიო ჰქონდათ დაპყრობილი და თავიანთ მშვიდობას ამყარებდნენ. სწორედ რომაული მშვიდობა, აგებული წარმართული რაინდობის მიღწევებზე - ტროელთა, ბერძენთა და რომაელთა - ხდიდა შესაძლებელს მოციქულთა მოგზაურობისათვის, მათ მიერ წარმართთა მონათვლისა და კათოლიკური ცივილიზაციის დამყარებისათვის.  რაინდობის ისტორიის ამ პერიოდს გვახსენებს ჰექტორი, ალექსანდრე და კეისარი. ეს ამბავი არ წყდება მათგან უკანასკნელის შემდეგ. ვესპასიანე და მისი რომაელი რაინდები იყვნენ ისინი, ვინც დაანგრიეს იერუსალიმი და ტაძარი და შური იძიეს ქრისტეს სიკვდილისათვის. კონსტანტინეს მონათვლის შემდეგ კი რომის იმპერია და ქრისტიანობა ერთმანეთს შეერწყა.

ძველი აღთქმის სამი „მეფე" - იესო ნავეს ძე, მეფე დავითი და იუდა მაკაბელი (ლუკას ვან ლეიდენის გრავიურა, დაახლ. 1520 წ.)
კარლოს დიდი (დაახლ. IX ს. სკულპტურა)

კათოლიკური რაინდობა იყო შედეგი ორი უწინდელი ძველი ტრადიციის - ბიბლიურის, რომელსაც ღმერთმა წმინდა ადგილთა დაცვა და რჩეული ხალხის რელიგიის დაცვა დაავალა და წარმართული რაინდობისა, რომელიც ღმერთის ნებით სამყაროს მმართველი გახდა და მასში მშვიდობის დამყარება დაევალა. სამი კათოლიკე მეომარი წარმოადგენენ შეიარაღებულ ძალას ღვთის ახალი რჩეული ხალხის, კათოლიკური ხალხების, რომელთა მისია მშვიდობის დამყარება, უფლის კანონის გავრცელება და წმინდა ადგილების დაცვაა. სამი კლასიკური და სამი ბიბლიური გმირის შეპირისპირება საფრანგეთისა და ბრიტანეთის, შუა საუკუნეების აზროვნებით, მთავარ ფიგურებთან - კარლოს დიდთან და მეფე არტურთან - წარმოაჩენს რაინდობის როლსა და წარმომავლობას იმ დროის პერსპექტივით განხილული მსოფლიოს ისტორიის თვალსაზრისით. 
მაგრამ აქ არის მესამე ტრიადის ბოლო ფიგურაც კარლოს დიდთან და არტურთან ერთად - გოდფრუა დე ბუიონი, იერუსალიმის დამპყრობი, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პირველი ჯვაროსნული ომსა და მის დროს მიღწეულ დიდ გამარჯვებებში. მისი ადგილი „ცხრა ღირსეულს" შორის მნიშვნელოვანია სხვა მიზეზითაც. XIV საუკუნისათვის, როდესაც ჟაკ დე ლონგიონი წერდა, გოდფრუა დე ბუიონი ყველაზე ხშირად მოიხსენიებოდა „ცხრა ღირსეულს" შორის. ის ყველაზე უკეთ უჩვენებდა იმ ფაქტს, რომ რაინდობის ღვთაებრივი მისია დედამიწაზე ჯერაც გრძელდებოდა და ეს მისია აქტუალური და გადაუდებელი გახლდათ.  
„ცხრა ღირსეულის" ჰერალდიკური ნიშნები შუა საუკუნეების ჰერალდიკოსთა წარმოდგენით
„გედის რაინდის" ისტორიის ფრაგმენტები გობელენზე (XV ს. ავსტრია)


„ცხრა ღირსეულის" კულტს პირდაპირი მინიშნება ჰქონდა რაინდული სამყაროსათვის. აღსანიშნავია რომ გოდფრუა დე ბუიონის პაპად მიჩნეული Chevalier au Cygne-ს, „გედის რაინდის" ეპიკური ისტორია არ სრულდებოდა იერუსალიმის დაპყრობით და არის მცდელობა რომ ის XIII საუკუნეშიც გრძელდებოდეს. მას შემდეგ, რაც ჯვაროსნული ომების ეპოქა დასრულდა და ჯვაროსნულ სამეფო-სამთავროებს უკვე აღარ შეეძლოთ მეტი „ღირსეულების" შექმნა, მაგრამ სხვაგან ეს შესაძლებელი გახდა. საფრანგეთში, მეათე „ღირსეულად" სამეფოს დიდი კონეტაბლი ბერტრან დიუ გეკლენი შერაცხეს. შოტლანდიელები რობერტ ბრუსს მიიჩნევდნენ ასეთად. Chemin de Vaillance-ს („სიმამაცის გზის") ავტორი ჟან დე კურსი (XIV ს.) მათ რიგებში სხვა ანტიკურ გმირებსაც ათავსებს - ჰერკულესს, აქილევსს, იასონს, სციპიონს და მცირე ჯგუფს მისი თანამედროვეებისა, რომელთა შორის ასწლიანი ომის მონაწილეები: ზემოთ ნახსენები ბერტრან დიუ გეკლენი, საფრანგეთის მარშალი და კონეტაბლი ლუი დე სანკერე და ინგლისელი რაინდი და სარდალი ჰიუ კალველი არიან.
ბერტრან დიუ გეკლენი 
(ილუსტრაცია პორტუგალიური წიგნიდან - Livro do Armeiro-Mor. XVI ს. დასაწყისი)
რობერტ ბრუსის ძეგლი ბანოკბერნთან 

„ცხრა ღირსეული" წარმოადგენს სიმბოლოს იმისა, რომ რაინდობის ისტორია ჯერაც არ დასრულებულა და უჩვენებს ხალხს წარსულის მისაბაძ მაგალითებს. რაინდულმა იდეოლოგიამ საკმაოდ დიდი კვალი დატოვა ევროპელთა ფსიქოლოგიაზე და ის მას შემდეგაც აგრძელებდა არსებობას, რაც შუა საუკუნეები დასრულდა და ცხენზე ამხედრებული, მძიმედ აღჭურვილი რაინდი, რომელიც რაინდობის სიმბოლოს წარმოადგენდა, ბრძოლის ველიდან გაქრა.

ბიბლიოგრაფია

  •             Charles Bemont, Gabriel Monod. Medieval Europe, 395-1270 [Kindle version].
  •       Мишель Пастуро, Символическая история европейского средневековья (СПб, 2012)
  •       http://www.traditioninaction.org
  •       http://www.heraldica.org

ნიკა ხოფერია