სამხედრო საქმე ანტიკურ და გვიანანტიკურ საქართველოში (ზოგადი მიმოხილვა)

ანტიკურ ხანაში, ქართველები სამი მდინარის, ჭოროხის, რიონისა და მტკვრის აუზებში იყვნენ განსახლებულები, ანუ საკმაოდ ფართო ტერიტორიაზე, დაწყებული ვანის ტბიდან შავ ზღვამდე და კავკასიონის ქედამდე. არეალი ძირითადად მთაგორიანი იყო და მოსახლეობის განსაკუთრებული მრავალრიცხოვნობით არ გამოირჩეოდა. დიდი ტყეები, მაღალი მთები და მრავალი მდინარით დასერილი მიწაწყალი განაპირობებდა ადგილობრივი ხალხების ცხოვრების წესს. მიწები უმეტესად ნაყოფიერი და სხვადასხვა რესურსით, მაგალითად ხე-ტყით, სელით, კანაფით, ცვილით, ფისითა და ღვინით მდიდარი იყო, როგორც ეს ანტიკურ ავტორთა ცნობებიდან ჩანს. მისდევდნენ მიწათმოქმედებას და მესაქონლეობას. 
ქართველურ ტომთაგან ორი ძლიერი სახელმწიფოებრივი გაერთიანება - კოლხეთი და იბერია ჩამოყალიბდა, რომლებიც შემდგომში, შუა საუკუნეებში, ერთიანი ქართული სამეფოს საფუძველად იქცნენ. ანტიკური ხანის ქართულ სამხედრო საქმეზე საუბრისას ჩვენ ვეხებით სწორედ ძველ კოლხეთს, იბერიას ანუ ქართლს და სამხრეთ საქართველოს ქართველურ ტომებს. მართალია ამ პერიოდის შესახებ მწირი ისტორიული წყაროები გვაქვს, თუმცა, ისინი, არქეოლოგიურ აღმოჩენებთან ერთად, ბუნდოვან წარმოდგენას მაინც გვიქმნის ამ ეპოქის მეომრებსა და სამხედრო საქმეზე. კოლხურ და იბერიულ სამხედრო კულტურა თავისებურად გამორჩეული და საინტერესოა, მიუხედავად იმისა, რომ საუკუნეების განმავლობაში, მასზე ზეგავლენას ახდენდა ახლო აღმოსავლეთის ცივილიზაციები, მომთაბარეები ჩრდილოეთ კავკასიიდან და შუა აზიიდან, ბერძენი კოლონისტები, რომაელები და სხვა ხალხები. 

ლაშქარი ანტიკურ საქართველოში
ქვეყნის სამხედრო ორგანიზება მისივე სოციალური წყობის ამსახველია. ის განაპირობებს ლაშქრის შემადგენლობას და შეიარაღებასა და მოწინააღმდეგესთან ერთად, განსაზღვრავს ტაქტიკასაც. ანტიკურ ხანაში, როდესაც კლასიკური ფეოდალიზმი ჯერ არ არსებობდა, სამხედრო ვალდებულება სხვადასხვაგვარად იყო განსაზღვრული. ზოგიერთ შემთხვევაში ჩვენ გვხვდება ადრეული ფეოდალიზმის ნიშნებიც - მეფისგან მიწების გაცემის სისტემა და მიწის მფლობელის ვალი, გამოსულიყო ომში საუკეთესო შეიარაღებით. მაგრამ უმეტესად, სამხედრო ვალდებული თითქმის ყველა ის თავისუფალი მამაკაცი იყო, რომელსაც იარაღის ჭერა შეეძლო. მონები ომში არ მონაწილეობდნენ გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ლაშქარს სახალხო სახე ჰქონდა. მეომრის აღჭურვილობის ხარისხი განისაზღვრებოდა მისი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მეფის საგვარეულოს წევრები, სასახლის მცველები და დიდგვაროვნები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულები. ამაზე მეტყველებს მდიდრული ყორღანებიც, რომლებშიც წარჩინებულ მეომრებს კრძალავდნენ. ყორღანებში სხვა ძვირფას ნივთებთან ერთად, სხვადასხვა სახის, მაღალი ხარისხის იარაღსაც ატანდნენ.

ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის უცნობი არ იყო საბრძოლო ეტლების გამოყენება. ასეთ ეტლებს კი, სავარაუდოდ, სწორედ დიდებულები იყენებდნენ ბრძოლაში. გასათვალისწინებელია რომ ჯარის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი მაინც ქვეითებისგან იყო შედგენილი. ქვეითად იბრძოდა სამხედრო ვალდებულების მქონე, დაბალი სოციალური სტატუსის მოსახლეობა. მათ არც ცხენის გამოყვანა შეეძლოთ ბრძოლაში და იარაღიც დაბალი ხარისხის ჰქონდათ. ამას გარდა, გამონაკლისი შემთხვევების გარდა (ძირითადად მომთაბარეები), ცხენოსანი ჯარი ანტიკურ ხანაში წამყვანი ძალა არ ყოფილა. სანამ ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ცხენის აღჭურვილობის, უნაგირის და განსაკუთრებით უზანგის გამოყენებას დაიწყებდნენ, ცხენიდან ბრძოლა, ბრძოლის დროს ცხენზე თავის შემაგრება მეომრისთვის მეტად რთული იყო და ხანგრძლივ წვრთნას მოითხოვდა. თუმცა, რარიგ გაწვრთნილიც არ უნდა ყოფილიყო მეომარი, ცხენის სათანადო აღკაზმულობის გარეშე, ის მაინც ნაკლებ ეფექტიანი იქნებოდა ბრძოლაში. ჯარის ამ სახეობის დომინანტობა ბრძოლის ველზე შემდგომში, გვიან ანტიკურ და ადრეული შუა საუკუნეების პერიოდში დაიწყო (V-VIII სს.). 
აღსანიშნავია რომ მეომრები ქართველური ტომებიდან ზოგჯერ მოქირავნეებადაც მსახურობდნენ ან როგორც რომელიმე სახელმწიფოს მოხარკე ხალხს, ვალდებულება ჰქონდათ, ჯარი გამოეყვანათ ჰეგემონის დასახმარებლად. ასე აღმოჩნდნენ კოლხები აქემენიანთა სპარსეთის იმპერიის ლაშქარში (ძვ.წ. V ს.). ასევე პონტოს მეფე მითრიდატე VI-ს ფლოტსა და არმიაში (ძვ.წ. I ს.), რომის იმპერიის პროვინცია კაპადოკიის პრეფექტ ფლავიუს არიანეს მიერ ალანების წინააღმდეგ გამოყვანილი XV და XII ლეგიონების დამხმარე ნაწილებში. 
ლაშქრის სამხედრო ორგანიზების შესახებ ანტიკურ იბერიასა და ლაზიკაში მეტად მცირე ცნობები გვაქვს. ჯარის სათავეში მეფე იდგა, რომელსაც ცალკეული სარდლები ჰყავდა გამწესებული როგორც სამეფო გვარეულობიდან, ისე დიდებულებიდან. იბერიაში მხედართმთავარს ეწოდებოდა სპასპეტი. თითოეული სარდალი კი განაგებდა იმ მხარიდან გამოსულ ლაშქარს, რომლის მმართველადაც ითვლებოდა. 

შეიარაღება
კავკასიის მრავალფეროვანი ლითონის, ხე-ტყისა და წყლის რესურსები ხელს უწყობდა ადგილობრივი მეტალურგიის განვითარებას. შესაბამისად, კავკასია ძველთაგანვე ითვლებოდა მეტალურგიის უმნიშვნელოვანეს კერად. ძვ.წ. II-I ათასწლეულებიდან მოყოლებული, კავკასია იარაღის წარმოების ერთ-ერთი ცენტრი და უზარმაზარი სამჭედლო იყო, რომელიც დიდ გავლენას ახდენდა იარაღის განვითარებაზე. ქართული მეტალურგია და ქართველი მჭედელი საუკუნეების განმავლობაში ამარაგებდა ქართველ მეომრებს უმაღლესი ხარისხის იარაღითა და აბჯრით და უზრუნველყოფდა ქართული ჯარის მაღალ დონეზე აღჭურვას, შეტევითი და განსაკუთრებით, თავდაცვითი იარაღით, რომელიც ყველაზე მეტი ოდენობის მასალას საჭიროებდა.
ანტიკური ხანის კოლხ და იბერიელ მეომრებს მრავალფეროვანი შეიარაღება ჰქონდათ. ამის დასტური ისტორიული წყაროები და არქეოლოგიური მასალაა.
გომის სასმისი მეომრების გამოსახულებით. ძვ.წ. IV-III სს.
შუბი, საძგერებელიცა და სატყორცნიც, ქართველურ ტომთა აღჭურვილობაში შედიოდა და ძირითად იარაღს წარმოადგენდა. მას სხვადასხვაგვარი ბუნიკი ჰქონდა. ცნობილია რომ კოლხები და სხვა ქართველური ტომები - მოსინიკები, მაკრონები თუ ხალიბები -  სხვადასხვაგვარ შუბისპირებს იყენებდნენ. კოლხური შუბი შედარებით მოკლე იყო, მოსხების შუბებს წაგრძელებული ბუნიკები ჰქონდა, ხალიბები ორ-ორ შუბს ატარებდნენ, რომელთაგან ზოგიერთი ხუთი წყრთის სიგრძის (დაახლ. 2,60 მ) იყო. შუბით ბრძოლით განთქმულები იყვნენ იბერიელებიც, რომელთა შუბოსანი რაზმები მონაწილეობდნენ ძვ.წ. 69 წელს, დიდ არმენიაში, ქალაქ ტიგრანოკერტასთან, მეფე ტიგრან II-ს მიერ რომაელების წინააღმდეგ გამართულ ბრძოლაში. ბერძენი ავტორი, პლუტარქე, იბერიელ შუბოსნებს ტიგრან II-ს არმიის ერთ-ერთ საუკეთესო ნაწილად მიიჩნევდა. 
კოლხ და იბერიელ მეომრებს ჰქონდათ ბრინჯაოსა და რკინის მახვილები, სატევრები, საბრძოლო ცულები და მშვილდი. მშვილდი ქართველურ ტომებში, განსაკუთრებით კოლხებში, უფრო მეორეხარისხოვან იარაღად მიიჩნეოდა, რაც აშკარად ჩანს როგორც ისტორიული წყაროებიდან, ისე არქეოლოგიური მასალიდან. თუმცა, ძვ.წ. I საუკუნიდან, მშვილდოსნები ჩანან იბერიელებს შორის და ჩანს, რომ ისინი ამ იარაღს უფრო ფართოდ იყენებდნენ. გავრცელებული იყო როგორც მარტივი, ისე შედგენილი მშვილდები, როგორსაც შუა აზიაში და სპარსეთში იყენებდნენ. 
ხელჩართული ბრძოლისთვის, მეომრები ორლესული სატევრებით, მოკლე მახვილებით ან საბრძოლო ცულებით იყვნენ შეიარაღებულები. 
თავდაცვით აღჭურვილობაში შედიოდა - ფარი, მუზარადი და სხვადასხვა მასალისგან დამზადებული აბჯარი. ფარები სხვადასხვა ფორმის იყო, წრიული, ოთხკუთხა და სხვ. ძირითადად მზადდებოდა ხისგან და ზემოდან ტყავი ჰქონდა გადაკრული. იყო ლითონით დაფარული ფარებიც, თუმცა ასეთ ფარებს უფრო დიდგვაროვანი მეომრები ატარებდნენ.
იბერიელი შუბოსანი. კახა კოლხის ნახატი

ძველი ბერძენი ავტორები კოლხების ერთ თავისებურებასაც აღნიშნავდნენ - ხის მუზარადებს. იბერიელები კი ლითონის გარდა, ტყავის მუზარადებსაც იყენებდნენ. ტყავის მუზარადებით გამოირჩეოდნენ სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე ქართველური ტომის მოსინიკების მეომრებიც, რომლებიც ტანზე აბჯარს არ ატარებდნენ, საბრძოლველად კი - ფარითა და შუბით იყვნენ აღჭურვილები. დამახასიათებელი აღჭურვილობა გააჩნდათ ხალიბებსაც, რომლებიც გამოცდილი მეტალურგები იყვნენ და რკინის აბჯარ-საჭურველს ამზადებდნენ. 

სტრატეგია, ტაქტიკა, ომის მეთოდები
კოლხებს, იბერიელებს და ქართულ ტომობრივ გაერთიანებებს სამხრეთ-დასავლეთ კავკასიიდან, სხვადასხვაგვარი სამხედრო ტაქტიკა ჰქონდათ, რომლითაც ბრძოლის ველზე სხვადახვა მოწინააღმდეგეს უპირისპირდებოდნენ. ამ თემაზე ფართოდ სასაუბროდ დეტალური ცნობები ფაქტობრივად არ გაგვაჩნია, თუმცა ცალკეული დეტალები საშუალებას გვაძლევს აღვადგინოთ და წარმოვიდგინოთ მათი ბრძოლის მეთოდები. ყველაზე ნათელი ამ მხრივ ბერძენი ავტორის ქსენოფონტის (ძვ.წ. V-IV სს.) ცნობაა კოლხთა სამხედრო ტაქტიკის შესახებ. ქსენოფონტი პირადად იყო თვითმხილველი და მონაწილე კოლხებთან ბრძოლისა და თხზულება „ანაბასისში" საკუთარი შთაბეჭდილებები გადმოსცა. ის აღნიშნავს რომ კოლხ ქვეითებს შეეძლოთ ბერძნული ფალანგის მსგავსად მჭიდრო მწყობრის შექმნა ბრძოლაში. თუმცა, ფალანგისგან განსხვავებით, კოლხური რაზმი გაცილებით სწრაფი და მოძრავი იყო. ბერძნებთან ბრძოლისას, კოლხური ფალანგა, რომელსაც სტრატეგიული მაღლობი ეჭირა, ორად გაიყო და ორივე მხარე ცალ-ცალკე გადაჯგუფდა, რათა ბერძენთა ცენტრი შეეტყუებინათ და ფლანგებიდან დაერტყათ მათთვის. ამავე დროს, თავიდან აერიდებინათ გარშემოვლის საშიშროება. მოწესრიგებული ჩანს მოსინიკების ჯარი, რომელიც ჯერ ნავებით მიადგა სანაპიროს, შემდეგ კი ნაპირზე გადაჯგუფდა და სიმღერაზე ფეხაწყობით, მწყობრად გაეშურა მტრისკენ.
ბერძენი ჰოპლიტები. ჯუზეპე რავას ნახატი

ქვეყანაში შემოჭრილი მტრის წინააღმდეგ კოლხები სხვაგვარადაც იბრძოდნენ - როგორც ქსენოფონტი წერს, როდესაც ბერძნებმა კოლხების დასახლებები დაიკავეს, იქ მოსახლეობისგან დატოვებული თაფლის ფიჭები დახვდათ. ბერძნებმა თაფლი შეჭამეს, მაგრამ მოიწამლნენ, ცუდად გახდნენ და ამის გამო ჯარის ნაწილი დროებით მწყობრიდან გამოვიდა. ეს რომ შემთხვევით არ მომხდარა და წინასწარ გამიზნული ხერხი იყო, ჩანს უფრო გვიანდელ ცნობაში, რომელიც ძვ.წ. I ს-ში კავკასიაში რომაელი სარდლის, გნეუს პომპეუსის ლაშქრობას უკავშირდება. კოლხეთში, ადგილობრივმა მოსახლეებმა რომაელთა რაზმს დაუტოვეს თაფლი, რომელმაც გონება დააკარგინა ჯარისკაცებს და „მასპინძლებს" საშუალება მისცა ადვილად ამოეხოცათ ისინი. 
იბერიელებს შეეძლოთ მტრის ტერიტორიაზე ფართო შეტევითი ომის წარმოება, როგორიც მათ პართიელების წინააღმდეგ ჰქონდათ არმენიაში, როდესაც რომაელების წაქეზებით ფარსმან I-მა  I საუკუნის 30-იანი წლებში, არმენიის იბერიის გავლენაში მოქცევა მოახერხა. დარიალის უღელტეხილის კონტროლი, იბერიის მეფეებს საშუალებას აძლევდა საჭიროებისას ჩრდილოეთ კავკასიიდან მომთაბარე სარმატ-ალანების რაზმები გადმოეყვანათ მოქირავნეებად ან მოკავშირეებად და რომისა და პართიისთვის დაეპირისპირებინათ.
ბრძოლა არტაქსატასთან,
გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებაზე (სქემა შეადგინა ნიკა ხოფერიამ)

იბერიელებმა, მეფე არტოკეს სარდლობით, თავდაცვითი ომი ჩაატარეს რომაელი სარდლის, გნეუს პომპეუსის ლეგიონების წინააღმდეგ ძვ.წ. 65 წელს. მეფეს არ შეეძლო მტრისთვის გადამწყვეტი ბრძოლა გაემართა, ამიტომ მცირე თავდასხმებით, ხიდების დაწვით, რესურსების განადგურებითა და პარტიზანული ბრძოლის ტაქტიკით უპირისპირდებოდა რომაელებს. სტრატეგიულად, ეს სწორი გადაწყვეტილება იყო ასეთ რთულ სამხედრო მდგომარეობაში, თუმცა პომპეუსის ძლევა მაინც ვერ მოხერხდა. 

ფორტიფიკაციები და საალყო საქმე
ძველი ბერძენი ავტორის ქსენოფონტის ცნობებით, სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ქართველურ ტომებს ჰქონდათ სპეციალური საფორტიფიკაციო-სასიმაგრო ნაგებობები - მიწაყრილები, თხრილები, ხის კედლები, კოშკები. არქეოლოგიური აღმოჩენები ადასტურებენ დასავლეთ საქართველოში, კოლხეთში, ძლიერი ციხესიმაგრეების არსებობას, რომელიც სხვადასხვა მასალით შენდებოდა. ძველი კოლხური სიმაგრე ასე გამოიყურებოდა - გარს თხრილი და მიწაყრილი ერტყა, მიწაყრილზე ხის, ძელოვანი გალავანი იყო აღმართული, რომელშიც ჩატანებული იყო ხის მრავალი კოშკი. კოლხური დასახლებები გაშენებული იყო ბუნებრივ ბორცვებზე ან ხელოვნურად გაკეთებულ მიწაყრილებზე. მთავარ სამშენებლო მასალას წარმოადგენდა ხის ძელები, რაც კოლხეთში ტყეების სიმრავლემ განაპირობა. 
კოლხური მცირე სამოსახლოებიდან შემდგომში უფრო დიდი ქალაქები განვითარდა, მაგალითად ვანი. დიდი გავლენა მოახდინა კოლხეთში ციხე-ქალაქების განვითარებაზე რომაული ჰეგემონიის პერიოდმა, როდესაც რომაელებმა აქ რამდენიმე ძლიერი ციხესიმაგრე ააგეს.
არმაზის ციხის ნაშთები. ა.მუხრანოვის ფოტო
დარიალის ხეობა
ძლიერი თავდაცვითი ნაგებობები არსებობდა იბერიის სამეფოშიც. განსაკუთრებით აღსანიშნავია არმაზის ციხე, რომელიც დედაქალაქ მცხეთის ციტადელს წარმოადგენდა. დიდი მნიშვნელობა ჰქონდა სტრატეგიული ადგილების გამაგრებას ძლიერი ციხესიმაგრეებით, მაგალითად, დარიალის კარის, რომელიც ჩრდილოეთ კავკასიიდან მომავალ გზას კეტავდა და აქ აგებული სიმაგრეების დაცვით, იბერიელები საშუალებას არ აძლევდნენ მომთაბარე ტომებს, სამხრეთისკენ ელაშქრათ. 
ანტიკური ხანის საქართველოში აქტიურად იყენებდნენ ლოდსატყორცნ მანქანებს -  ბალისტებსა და ონაგრებს. როგორც მოწინააღმდეგის ციხესიმაგრეების ასაღებად, ისე საკუთარი ქალაქების დასაცავად. ლოდსატყორცნები განსაკუთრებით გავრცელდა სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში რომაელების ჰეგემონიის დამყარების შემდეგ, თუმცა საალყო მანქანების დამზადება და გამოყენება ადგილობრივები მანამდეც უნდა სცოდნოდათ.
რომაელთა შეტევა ციხესიმაგრეზე. ჯონი შუმატეს ნახატი

ციხეების ასაღებად ასევე იყენებდნენ ტარანს - საძგერებელ მძიმე იარაღს, რომელიც ლითონის თავისა და მსხვილი ძელისგან შედგებოდა. ტარანის გამოყენების ფაქტი არქეოლოგიურადაც არის დადასტურებული. სავარაუდოდ, უნდა სცოდნოდათ საალყო კოშკებისა და კიბეების გამოყენებაც. უფრო გვიან, ლაზიკის ომის (VI ს.) პერიოდიდან ჩანს, რომ კოლხეთში გამოიყენებოდა ე.წ. „მედეას ზეთი" - ნავთით სავსე, აალებადი თიხის ქოთნები მოწინააღმდეგის ციხესიმაგრეში ცეცხლი გასაჩენად ან მოალყეთა მანქანების დასაწვავად. 

ზღვაოსნობა
სამხრეთ-დასავლეთ კავკასიის ქართველური ტომები ზღვაოსნობას მისდევდნენ და თავიანთ ფლოტს სამხედრო მიზნებისთვისაც იყენებდნენ. ამის დამადასტურებელი ფაქტები, ძირითადად, ისტორიულ წყაროებში გვხვდება. მაგალითად, ძვ.წ. V საუკუნეში, მოსინიკები შავი ზღვის სამხრეთ-დასავლეთ სანაპიროდან, საზღვაო ტრანსპორტს, ძირითადად, სამხედრო დესანტის გადასხმისთვის იყენებდნენ. ისინი მორებისგან გამოთლილ ნავებს იყენებდნენ. ნავში სამი მეომარი ეტეოდა, რომელთაგან ერთი, დესანტის სანაპიროზე გადასხმის შემდეგ, ნავში რჩებოდა. ნავებიდან გადმოსული მეომრები იკრიბებოდნენ და რაზმს შეადგენდნენ. კოლხებს ჰყავდათ მცირე ხომალდები, რომლებსაც ბერძნები კამარებს უწოდებდნენ. კამარა იყო დაბალგვერდიანი, ფართოძირიანი სამხედრო ნავი.
კოლხი მეომარი. კახა კოლხის ნახატი
ასეთი ნავებით ისინი თავს ესხმოდნენ სატვირთო ხომალდებს, ქალაქებს. ბერძენ და რომაელ ავტორთა მიხედვით, კამარები რკინის სალტეებით არ იყო შეკრული. როდესაც ზღვა ღელავდა, ტალღების სიდიდის მიხედვით, ნავებს სიმაღლეს უმატებდნენ, სანამ სახურავის თაღივით, კამარასავით არ გადაიხურებოდა. ნავს ორივე მხარეს ერთნაირი ცხვირი და ნიჩბები ჰქონდა. ბრძოლაში ეკიპაჟი ნიჩბებით მართავდა ნავს, შორ მანძილზე მგზავრობისას კი - აფრას შლიდნენ. კამარას შეეძლო ნაპირთან სწრაფად მიახლოება და დესანტის გადასხმა. კოლხები გამოცდილი და სანდო მეზღვაურები იყვნენ და მათგან იყო დაკომპლექტებული პონტოს მეფის მითრიდატე VI-ს ფლოტის მნიშვნელოვანი ნაწილიც. კოლხთა მემკვიდრეები - ლაზები - რომლებიც ბიზანტიელი ავტორის პროკოპი კესარიელის ცნობით, „კოლხთა ძველი სახელით ამაყობდნენ", ზღვაოსნობას გვიან ანტიკურ ხანაშიც მისდევდნენ. 

ომები და მოწინააღმდეგეები
სამხედრო საქმის განვითარებისთვის განსაკუთრებულად მნიშვნელოვანი იყო ის თუ ვის წინააღმდეგ უწევდათ ბრძოლა ქართველურ ტომთა გაერთიანებებსა და სამეფოებს. ძვ.წ. XII-VIII საუკუნეებში, დიაოხი და კოლხა, ორი უძველესი ქართული სახელმწიფოებრივი გაერთიანება, იბრძოდა ახლო აღმოსავლეთის ძლიერი იმპერიების - ურარტუსა და ასურეთის, ასევე ჩრდილოეთ კავკასიიდან შემოჭრილი მომთაბარე ხალხების - კიმერიელებისა და სკვითების წინააღმდეგ. ეს ორი, ერთმანეთისგან განსხვავებული ძალა იყო - ურარტუ და ასურეთი ნაყოფიერ მიწებზე დაარსებული, განვითარებული მიწათმოქმედების მქონე იმპერიები იყვნენ, რომელთაც მრავალრიცხოვანი სახალხო, ქვეითი ლაშქარი და მცირერიცხოვანი პროფესიონალი მეომრებისგან შემდგარი გვარდიები გამოჰყავდათ. ცხენოსნებს ნაკლებად იყენებდნენ, მაგრამ ფლობდნენ საბრძოლო ეტლებს. კიმერიელები და სკვითები კი - მომთაბარე ხალხები იყვნენ. ძირითადად, იბრძოდნენ ცხენდაცხენ.
სკვითები. ანგუს მაკბრაიდის ნახატი

იყენებდნენ მშვილდს და მათი მთავარი ძალა სისწრაფეში, მოულოდნელობასა და განსხვავებულ, საცხენოსნო ტაქტიკაში იყო. მომთაბარეებთან დაპირისპირება ქართველურ სახელმწიფოებს შემდგომშიც ხშირად უხდებოდათ, რადგან როგორც კიმერიელები და სკვითები, სარმატული ტომები, ალანები, როქსოლანები, კავკასიონის ჩრდილოეთით მომთაბარეობდნენ და ხშირად ცდილობდნენ სამხრეთით ლაშქრობების მოწყობას. შესაბამისად, კოლხებისა და იბერიელების სამხედრო საქმე გარკვეულწილად უნდა შეცვლილიყო, რათა მომთაბარე მოწინააღმდეგეებთან შესაბამისად ებრძოლა.

დასავლეთიდან, სამხრეთიდან და სამხრეთ-აღმოსავლეთიდან კი, მძლავრი სამეფოები - აქემენიანთა სპარსეთი, მაკედონური იმპერია, სელევკიდების სირია, დიდი არმენია, პონტო - იქმნებოდა, რომელთაც დროთა განმავლობაში რეგიონში გამოჩენილი სხვა ძლიერი ქვეყნები - რომი, პართია - ცვლიდა. აღსანიშნავია დიდი ბერძნული კოლონიზაციის პერიოდში ბერძენ კოლონისტებთან ურთიერთობაც, რადგან ბერძნული გავლენა კოლხეთში, საუკუნეების განმავლობაში, განსაკუთრებით ძლიერი იყო. 

გვიან ანტიკური პერიოდი (IV-VI სს.)

გვიანი ანტიკური პერიოდი გარდამავალი საუკუნეებია ანტიკურობასა შუა საუკუნეებს შორის. ამ დროს ევროპასა და ახლო აღმოსავლეთში ბევრი რამ მკვეთად შეიცვალა - მონთეისტური, ქრისტიანული რელიგია ფართოდ გავრცელდა და რომის იმპერიის ოფიციალურ რელიგიად იქცა, აღმოსავლეთიდან დასავლეთისკენ ხალხთა დიდი მიგრაციები მოხდა (ჰუნები, გოთები, ვანდალები, ალანები და ა.შ.), ერთიანი რომაული სამყარო ნელ-ნელა დაინგრა და მის ადგილზე გერმანულ ტომთა სამეფოები გაჩნდა, აღმოსავლეთ რომის იმპერია, ცენტრით კონსტანტინოპოლში კი, ჯერ გადარჩენისთვის, შემდეგ კი, დაცემული დასავლეთ იმპერიის ტერიტორიების დაბრუნებისთვის იბრძოდა.

კავკასიაში კვლავ ორი ძლიერი იმპერია, აღმოსავლეთ რომი (ბიზანტია) და პართიის ადგილას აღმოცენებული სასანური სპარსეთი ეცილებოდა ერთმანეთს. ჩრდილოეთიდან უფრო ხშირად და დიდი ძალებით მოიწევდნენ მომთაბარე ხალხები - ალანები და ჰუნები. ყველაზე დიდი სამხედრო კონფლიქტი, რომელიც ამ პერიოდში მოხდა კავკასიაში, ლაზიკის ომი იყო. ბიზანტიის იმპერია და სასანური სპარსეთი თითქმის ოცი წლის განმავლობაში იბრძოდნენ ლაზიკის, უწინდელი კოლხეთის, დასაპყრობად და რეგიონში თავიანთი პოზიციების გასამტკიცებლად. თავიანთ სამშობლოში მიმდინარე ომში ლაზებიც აქტიურად მონაწილეობდნენ ხან ბიზანტიელთა, ხანაც სპარსელთა მხარეზე. საბოლოოდ, ლაზიკაზე გავლენა ბიზანტიას დარჩა, სპარსეთი კი იბერიას დასჯერდა.  

კატაფრაქტები 
ამ პერიოდში გარკვეული ცვლილებები უნდა შესულიყო იბერიელთა სამხედრო საქმეში. პირველ რიგში აღსანიშნავია მძიმე ცხენოსანი ჯარის მნიშვნელობის გაზრდა. გვიანი ანტიკური პერიოდის ევროპაში მძიმედ აღჭურვილი მხედრები, რომელთაც ბერძნულად კატაფრაქტები ეწოდებოდათ, აღმოსავლური სამხედრო კულტურის ნაწილს წარმოადგენდნენ. კატაფრაქტებს პართია, შემდგომში კი - სასანური სპარსეთი იყენებდა რომაელთა წინააღმდეგ ომებში.
სპარსელი კატაფრაქტი და მედროშე (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)

 მსგავსი ტიპის ცხენოსანი ჯარი ჰყავდათ ალან-სარმატებსაც. რომაელები ხედავდნენ რომ ასეთ კავალერიასთან ბრძოლა უჭირდათ და თავადაც შექმნეს კატაფრაქტთა შენაერთები სპარსელებთან დასაპირისპირებლად. სპარსული გავლენით, კატაფრაქტების გამოყენება იბერიაშიც დაიწყეს. სხვა მხრივ, ლაშქრის გამოყვანის პრინციპები არ შეცვლილა ფეოდალური ხანის დადგომამდე. 

ჯარის შეკრება, შემადგენლობა
ცხადია, რომ მძიმე აბჯარ-საჭურვლისა და კარგი შეიარაღების ქონა მხოლოდ მდიდარ და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეძლო. იბერიის ჯარში მძიმე კავალერია უნდა გამოსულიყო დიდებულებისგან. ამათგან ყველაზე მაღალი წრის წარმომადგენლები და მეფის უახლოესი პირები გვარდიაში შედიოდნენ. სამხედრო არისტოკრატიის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ სპასეტი ანუ შიდა ქართლის ერისთავი და სამეფოს მთავარსარდალი და დანარჩენი ერისთავები, რომლებიც სპასპეტს ემორჩილებოდნენ. ერისთავები ცალკეული საერისთავოების ჯარებს ხელმძღვანელობდნენ და ომის დროს სპასპეტის ხელმძღვანელობით იკრიბებოდნენ. უნდა არსებულიყო უფრო მცირე ადმინისტრაციული ერთეულებიც,  „ხევები". ჩვეულებისამებრ, ჯარის ძირითადი მასა, სამხედრო ვალდებულების მქონე თავისუფალი ხალხისგან შედგებოდა, რომლებიც მსუბუქად იყვნენ აღჭურვილ-შეაბჯრულები და არ გააჩნდათ დიდი სამხედრო ღირებულება. საინტერესო დეტალია, რომ სიტყვა „ერი“ ქართული მწერლობის უძველეს ძეგლებში ხალხსაც აღნიშნავდა და ჯარსაც.
იბერიელი მსუბუქი ცხენოსანი. კახა კოლხის ნახატი

ეს მიუთითებს იმაზე, რომ ამ დროს ჯარი ხალხის ფართო მასებისგან გამოდიოდა, სადაც ყოველი მამაკაცი სამხედრო ვალდებული იყო. ბრძოლაში მთავარ როლს მძიმე კავალერია ასრულებდა. იყო მსუბუქი ცხენოსანი ჯარიც, თუმცა მასაც შედარებით მეორეხარისხოვანი ფუნქციები გააჩნდა. კვლავინდებურად, ჩრდილოეთ კავკასიელი მომთაბარეები დიდ როლს ასრულებდნენ კავკასიაში მიმდინარე ომები და ხშირად ჩნდებოდნენ იბერიაში მოკავშირეებად ან მოქირავნეებად. ლაზთა სამხედრო საქმე გარკვეულწილად მსგავსი უნდა ყოფილიყო იბერიულისა, თუმცა იყო განსხვავებებიც. ბიზანტიური ისტორიული წყაროების მიხედვით, მათ ჰყავდათ ცხენოსნები, თუმცა უფრო მსუბუქად შეიარაღებული. ასევე ხელჩართული და სასროლი იარაღით აღჭურვილი ქვეითი ჯარი, რომელიც ტაქტიკურად საკმაოდ განსწავლული იყო და კარგად მოქმედებდა ბიზანტიელების მხარდამხარ. გაწაფული მეომრები იყვნენ ჩრდილო-აღმოსავლეთ ანატოლიასა და სამხრეთ-დასავლეთ კავკასიაში მოსახლე ჭანებიც, რომლებიც ბიზანტიის ჯარში ხშირად მსახურობდნენ ამ პერიოდში.

შეიარაღება
გვიან ანტიკურ ხანაში, ახლო აღმოსავლეთსა და ევროპაში შეიარაღებას განსაკუთრებული ცვლილებები არ განუცდია, შესაბამისად, მცირედი განსხვავება იყო ამ დროის იბერიელი და ლაზი მეომრების აღჭურვილობაშიც. იბერიაში დამძიმდა ცხენოსნების აღჭურვილობა, რათა ის სპარსული კატაფრაქტის სადარი ყოფილიყო. მხედარს ტანზე ასხმული ჰქონდა ლითონის ფირფიტოვანი, ქერცლოვანი აბჯარი.
ლითონის ქერცლოვანი აბჯარი, რომელსაც მძიმედ აღჭურვილი მხედრები იყენებდნენ

მხედრის თავს მუზარადი იცავდა. მისი ხელები და ფეხები ხშირად დაცული იყო ჯაჭვის პერანგით და დამატებითი ლითონის ფირფიტებით. ხელთ ეპყრა გრძელი შუბი და ჰქონდა ხელჩართული ბრძოლის იარაღი - საბრძოლო კვერთხი ან მახვილი. უფრო მსუბუქად აღჭურვილ მხედარს შეეძლო გამოეყენებინა მშვილდიც. ქვეითების შეიარაღებაში მნიშვნელოვანი სიახლეები ამ პერიოდში არ გაჩენილა. 

სტრატეგია, ტაქტიკა, ომის მეთოდები
მძიმე, კატაფრაქტული კავალერიის ბრძოლის ველზე გაბატონების შემდეგ, იბერიელთა ტაქტიკაც შესაბამისად უნდა შეცვლილიყო. როგორც ისტორიული წყაროებიდან ჩანს, ბრძოლაში, წინა რიგებს სწორედ კატაფრაქტები იკავებდნენ. მათი ამოცანა იყო, ძლიერი იერიშით გაერღვიათ და დაეფანტათ მტრის მჭიდრო რიგები. კავალერიას უკან ქვეითთა მასა მოსდევდა, რომელიც მოწინააღმდეგის შესუსტებულ პოზიციებს შეუტევდა. სულ უკან მსუბუქი მხედრობა იდგა, რომელიც ზურგიდანაც იცავდა მეომრებს, ფლანგებზეც შეეძლო მოქმედება და გამარჯვების შემთხვევაში, გაქცეულ მოწინააღმდეგესაც დაედევნებოდა.
ბრძოლა ცხენისწყალთან, გასადიდებლად დააწკაპუნეთ გამოსახულებაზე (სქემა შეადგინა ნიკა ხოფერიამ)

ლაზების ტაქტიკა ყველაზე უკეთ ჩანს მდინარე ცხენისწყალთან გამართულ ბრძოლაში (550 წ.), რომელშიც ლაზები, ბიზანტიელებთან ერთად, სპარსელების წინააღმდეგ იბრძოდნენ. ქვეით ჯარს წინ ცხენოსნები მიუძღოდნენ. წარუმატებლობის შემდეგ, მათ უკან დაიხიეს, ჩამოქვეითდნენ და ბიზანტიელ და ლაზ ქვეითებთან ერთად მჭიდრო საბრძოლო წყობა - ფალანგა - შექმნეს. როდესაც მოწინააღმდეგემ სცადა მათი რიგები ისრების სროლით შეეთხელებინათ, ქვეითებმაც ისრებით უპასუხეს მტერს და მეთაურიც კი მოუკლეს. ფალანგასთან ბრძოლაში სპარსელები დამარცხდნენ. 


ფორტიფიკაციები და საალყო საქმე
რადგან გვიან ანტიკურ ხანაში, სამხრეთ კავკასიაში დიდი სამხედრო კონფლიქტები მიმდინარეობდა და ამავდროულად, თავიანთი პოზიციების გამტკიცებას ამ რეგიონში სპარსეთი და ბიზანტია ცდილობდნენ, ლაზიკისა და იბერიის ტერიტორიაზე უფრო მომრავლდა მიუვალი და კარგად დაცული ციხესიმაგრეები, ქალაქებს კი უფრო ძლიერი გალავნები შემოერტყა გარს. ამ პერიოდის ციხე-ქალაქებიდან განსაკუთრებით აღსანიშნავია იბერიაში აგებული ტფილისი, რომელიც ქვეყნის ცენტრალურ, საკვანძო ქალაქად იქცა, უჯარმის ძლიერი ციხესიმაგრე და  ლაზიკაში, ბიზანტიელების აგებულ-გამაგრებული პეტრასა და არქეოპოლისის ციხე-ქალაქები.
არქეოპოლისის გალავანი


უჯარმის ციხე. ი. ციციშვილის რეკონსტრუქცია
მიუვალ ადგილებში აგებდნენ სიმაგრეებს ლაზიკის სამეფოს ჩრდილოეთითა და ჩრდილო-დასავლეთით მოსახლე სვანები, მისიმიელები და აბაზგებიც, რომელთა ძლიერი ციხესიმაგრის ტრაქეას, სავარაუდოდ, შემდეგროინდელი ანაკოფიის, აღება ბიზანტიელებისთვის რთული გამოდგა. 
მწირი ცნობები გვაქვს გვიან ანტიკურ ხანაში იბერიელებისა და ლაზების საალყო საქმეზე, თუმცა ანტიკურ ხანაში ამის ტრადიცია არსებობდა, რომელიც, შესაბამისად უნდა გაგრძელებულიყო გვიან ანტიკურ პერიოდშიც. ლაზიკის ომის დროს, ლაზებს სამხედრო საქმეში იმ დროის ორ ყველაზე დაწინაურებულ მხარის საალყო ხელოვნების გაცნობის შესაძლებლობა ჰქონდათ, თუმცა, ისტორიული წყაროებში, სამწუხაროდ, არ ჩანს, როგორ მოქმედებდნენ თვითონ ციხესიმაგრეების ალყის დროს. 

ომები და მოწინააღმდეგეები
გვიან ანტიკურ ხანაში კავკასია კვლავ ორი დიდი იმპერიის - აღმოსავლეთ რომის ანუ ბიზანტიისა და პართიის ნაცვლად აღმოცენებული სასანური სპარსეთის დაპირისპირების არეალს წარმოადგენდა. ლაზებსა და იბერიელებს ომი უხდებოდათ ალანებთან და ჰუნებთანაც. ამ პერიოდიდან რომაელები დამოკიდებულები გახდნენ მოკავშირე ბარბაროსებსა და მოქირავნე მეომრებზე, ცალკეული სამხედრო, პროფესიონალ მეომართა რაზმების გამოყენებაზე. ცხენოსანი ჯარის მნიშვნელობა გაიზარდა.

ასევე, სპარსელებისა და მომთაბარე ტომების გავლენით, უფრო პოპულარული გახდა მშვილდი - მათთან დასაპირისპირებლად აუცილებელი იარაღი. სასანური სპარსეთი მათთვის მძლავრ მოწინააღმდეგეს წარმოადგენდა. სპარსელებს მძლავრი მძიმე კავალერია ჰყავდათ, ასევე ცხენოსანი მშვილდოსნებიც. მათ რომაელებთან თანაბრად ბრძოლა შეეძლოთ და ხშირად აღწევდნენ წარმატებას. მომთაბარეები, განსაკუთრებით ჰუნები, მრისხანე ძალას წარმოადგენდნენ.
შუააზიელი მომთაბარე მეომრები, V-VI სს. ანგუს მაკბრაიდის ნახატი.

ისინი ხალხთა დიდი გადასახლების დროს, ბარბაროსული ტომების მთავარ ტალღას ქმინდნენ, რომელიც აღმოსავლეთიდან ევროპისკენ დაიძრა. ჰუნმა ცხენოსანმა მშვილდოსნებმა მრავალი გამარჯვება მოიპოვეს გერმანულ ტომებსა და რომაელებზე. ჰუნებთან ბრძოლა უხდებოდათ სპარსელებსაც და ისინი მუდმივ პრობლემას წარმოადგენდნენ კავკასიაშიც. იბერიის მეფე ვახტანგ გორგასალმა, იცოდა რა,  ჰუნების სიძლიერე, სპარსეთის წინააღმდეგ აჯანყებისას, მათ მოკავშირეობაზე დიდ იმედს ამყარებდა. ჰუნებსა და ალანებს სპარსელებიცა და ბიზანტიელებიც აქტიურად იყენებდნენ ლაზიკის ომის დროსაც. 


ბიბლიოგრაფია

1. გამყრელიძე, გელა. ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში. თბილისი, 2010.
2. გეორგიკა, II, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ. ტექსტი ქართული თარგმანითურთ და განმარტებები ს. ყაუხჩიშვილისა. თბილისი, 1965.
3. ლორთქიფანიძე, მარიამ. ქართლი V საუკუნის II ნახევარში. თბილისი,1979.
4. მუსხელიშვილი, დავით. საქართველო, IV-VIII საუკუნეებში. თბილისი, 2004.
5. ჯანაშია, ლ. ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ. თბილისი, 1962.
6. ხოფერია, ნიკა. გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია. თბილისი, 2016.
7.წურწუმია, მამუკა. შუა საუკუნეების ქართული ლაშქარი (900-1700) : ორგანიზაცია, ტაქტიკა, შეიარაღება. თბილისი, 2016.


ნიკა ხოფერია