ლეგენდარული ტროას ომი

ტროას ომი მინოსური ხანის საბერძნეთის ყველაზე ცნობილი ისტორიულ-მითიური მოვლენაა. ეს სამხედრო მოქმედება ითვლება საბერძნეთში იონიელთა მმართველობის ძლიერების პიკად, რის შემდეგაც მათი დაშლა დაიწყო, რასაც დორიელების შემოსევა მოჰყვა. ტროას ომის ისტორია თავის უკვდავ პოემაში "ილიადა" ჰომეროსმა გააცოცხლა. ომის მიზეზი სპარტის მეფის, მენელაოსის მშვენიერი მეუღლე, ელენა გახდა, რომელიც ტროელმა უფლისწულმა პარისმა მოიტაცა. განრისხებული მენელაოსი თავის ძმასთან, აგამემნონთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძენთა ალიანსს და მცირე აზიაში მდებარე ტროასკენ დაიძრა.

ბერძენი მეთაურები:
აქილევს პელევსის ძე ტროას ომის კოლორიტული ფიგურა და ამ დაპირისპირებაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი როლი ითამაშა. ბერძნული მითოლოგიის მიხედვით ის უკვდავი იყო(არანაირი იარაღით არ შეიძლებოდა მისი დაზიანება) და მისი მოკვლა მხოლოდ ქუსლში დაჭრით შეიძლებოდა, რადგან როდესაც დედამისი, ქალღმერთი თეტიდა უკვდავების სითხეში(ამბროსიაში)აბანავებდა, ქუსლით ეჭირა, ამიტომ ფეხის ეს ნაწილი დაუცველი დარჩა. ყმაწვილობაში აქილევსს კენტავრი ქირონი ზრდიდა და ასწავლიდა. როდესაც წამოიზარდა, აქილევსი მირმიდონელების მეთაური გახდა, რომელთაც მანამდე მამამისი, პელევსი მეთაურობდათ. ოდისევსმა და ნესტორმა მოახერხეს მისი დათანხმება, რომ მონაწილეობა მიეღო ტროას ომში. აქილევსი 50 ხომალდით და მირმიდონელთა ჯარით დაიძრა ლეგენარული ქალაქისკენ. აქილევსი ამ დიდ ბერძნულ დაპირისპირებაში პირადი სახელის მოსაპოვებლად ერთვებოდა, მიუხედავად იმისა, რომ მას უწინასწარმეტყველეს ტროას ომში დაღუპვა, თუმცა დიდების მოპოვება. აქილევსს არ უყვარდა მიკენეს მეფე და ტროას ომში ბერძენთა არმიის სარდალი, აგამემნონი და მასთან ხშირად მოსდიოდა ჩხუბი, რის გამოც ერთხელ ომი მიატოვა და მხოლოდ ჰექტორის მიერ პატროკლეს მოკვლის შემდეგ დაბრუნდა. აქილევსმა მრავალ ორთაბრძოლაში გაიმარჯვა. მან დაამარცხა და მოკლა ტროას ყველაზე ძლიერი მეომარი და მთავარსარდალი, ჰექტორ პრიამოსის ძე, თუმცა თავადაც მალე დაიღუპა, რადგან ქუსლში ისარი მოხვდა. ლეგენდის მიხედვით ეს ისარი პარისმა ესროლა, ხოლო აქილევსის ქუსლისკენ გზა აპოლონმა გაუკვლია. დიდი ბერძენი გმირი დაეცა, თუმცა მისი დიდება საუკუნეებს შემორჩა.
აგამემნონ ატრევსის ძე
– ბერძენთა ძალების მთავარსარდალი ტროას ომში და მიკენეს ყველაზე ცნობილი მეფე, სპარტის მეფის, მენელაოსის ძმა, რომლის ცოლის, ელენას მოტაცებისთვის ჩაერთო ტროას ომში და საბოლოოდ გამარჯვებითაც დაასრულა ეს წამოწყება. პიროვნულად აგამემნონი პატივმოყვარე და ამაყი, თუმცა ჭკვიანი და გამოცდილი მმართველი და სარდალი იყო. მან ბევრჯერ გამოიჩინა თავი როგორც მამაცმა მეომარმა და ბრძენმა მეთაურმა. ხშირად მოსდიოდა დაპირისპირება აქილევსთან, რომელმაც ერთხელ მასზე გაბრაზების გამო დროებით ტროას ომი მიატოვა. აგამემნონმა ათწლიანი ალყის შემდეგ საბოლოოდ მაინც აიღო ტროა და ცეცხლს მისცა. როდესაც ძლევამოსილი ხელმწიფე მიკენეში დაბრუნდა, თავისი ცოლის, კლიტემენესტრას და მისი საყვარლის, ეგისთეს მსხვერპლი შეიქმნა.
აიაქს დიდი
(ეანტ ტელამონიდი) – დიდი ბერძენი მებრძოლი და ტროას ომის გმირი. აიაქსი სალამინის მეფის, ტელამონის ძე და აქილევსის ბიძაშვილი იყო. ლეგენდის მიხედვით ტელამონის ძე ჰერაკლემ ლომის ტყავში გაახვია, რის შემდეგაც მისი სხეულის დაზიანება შეუძლებელი გახდა, როგორც აქილევსისა, თუმცა აიაქსსაც ჰქონდა სუსტი ადგილი, ეს იყო მისი იღლია. ტროას ომში მონაწილეობაზე აიაქ დიდი სიხარულით დასთანხმდა და 12 ხომალდი და საკმარისი რაოდენობის ჯარი გამოიყვანა ბერძენთა დროშის ქვეშ. ჰომეროსის “ილიადის” მიხედვით აიაქსი ბერძენ გმირებს შორის ყველაზე მამაცი და ძლიერი იყო აქილევსის შემდეგ. მან შესძლო ჰექტორის დამარცხება ორთაბრძოლაში, თუმცა ტროელმა უფლისწულმა მოახერხა გაქცევა. აიაქსმა დახოცა ბრძოლაში ჰიპოდამი, ხრომია და 28 ცნობილი ტროელი მებრძოლი. აიაქსმა გაიმარჯვა აქილევსისა და პატროკლეს სიკვდილის შემდეგ გამართულ საპატიო თამაშებზე, თუმცა როდესაც მოისურვა აქილევსის აღჭურვილობის მიღება, აგამემნონმა, ოდისევსმა და ნესტორმა არ დაუთმეს. ამის გამო ის ჭკუაზე შეიშალა და თავი მოიკლა.
ოდისევს ლაერტას ძე – ითაკას მეფე, პენელოპას ქმარი, ტელემაქეს მამა და ბერძენთა ერთ-ერთი გამორჩეული მეთაური ტროას ომში. ცნობილი იყო როგორც ენაწყლიანი ორატორი, მამაცი მეომარი, შესანიშნავი მშვილდოსანი და ცბიერი სარდალი. ოდისევსმა ტროასთან ომში 12 ხომალდი და ითაკაში შეკრებილი ჯარი გამოიყვანა. ორთაბრძოლებში დაამარცხა 17 მებრძოლი. გაგზავნილი იყო ელჩად ტროაში. აქილევსის სიკვდილის შემდეგ მიიღო მისი აღჭურვილობა, რომელიც აქილევსის ძეს, ნეოპტოლემაიოსს გადასცა და ომში მონაწილეობის მიღება სთხოვა. ოდისევსი განსაკუთრებით ცნობილია იმით, რომ მან მოიფიქრა დიდი ხის ცხენის გაკეთება, რომლითაც ტროაში უჩუმრად შევიდოდნენ(ზოგიერთი გადმოცემის მიხედვით ეს იდეა მას სხვამ მიაწოდა, თუმცა მისი განხორციელება სწორედ ოდისევსმა დაიწყო). თვითონ ოდისევსიც ხის ცხენში იჯდა, როდესაც ტროელებმა ბერძენთა ეს “საჩუქარი” ქალაქში შეაგორეს. ტროას დაცემის შემდეგ ოდისევსი ითაკასკენ გაემგზავრა. სწორედ მის მოგზაურობაზე ააგო ჰომეროსმა პოემა “ოდისეა”.
ნესტორი – ტროას ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი მონაწილე, პილოსის მეფე. მიუხედავად მოხუცებულობისა, ომში სიმამაცე და სიბრძნე გამოავლინა. ახალგაზრდობაში მონაწილეობდა კალედონურ ნადირობაში და არგონავტიკაში. ტროას ომში 90 ხომალდით და საკმაოდ დიდი არმიით გამოცხადდა. დიდი გავლენა გააჩნდა აგამემნონზე და სხვა სამხედრო მეთაურებზე. ტროას აღების შემდეგ დაბრუნდა პილოსში, სადაც გარდაიცვალა ღრმად მოხუცებული.
მენელაოსი – სპარტის ლეგენდარული მეფე, აგამემნონის ძმა, ელენას მეუღლე და ტროას ომის ერთ-ერთი მთავარი მოთავე. პარისის მიერ ელენას მოტაცების შემდეგ სწრაფად ამოქმედდა და თავის ძმასთან ერთად სათავეში ჩაუდგა ბერძნულ კოალიციას და გამოიყვანა სპარტანელი მეომრებით სავსე 60 ხომალდი. “ილიადას” მიხედვით ომში 8 ცნობილი ტროელი მეომარი მოკლა. ასევე დაამარცხა პარისი ორთაბრძოლაში, თუმცა ამ უკანასკნელმა გაქცევა მოახერხა. პატროკლეს სიკვდილის შემდეგ მენელაოსი გააფთრებით იცავდა მის გვამს მტრისაგან. პატროკლეს დასაფლავების შემდეგ გაიმარჯვა საპატიო თამაშებისას გამართულ შუბის ტყორცნაში, ხოლო აქილევსის სიკვდილის შემდეგ გამართულ თამაშებში გაიმარჯვა ეტლებით რბოლაში. ტროას აღების შემდეგ სამშობლოსკენ მიმავალ გზაზე ბევრი ფათერაკი შეემთხვა, თუმცა მაინც მოახერხა დაბრუნება. სიცოცხლის ბოლომდე ცხოვრობდა ტროაში ელენასთან ერთად.
ტროელები
ჰექტორ პრიამოსის ძე - მამაცი ტროელი მხედართმთავარი და ტროას უფლისწული. მან ტროას ომში დიდი როლი ითამაშა რადგან სწორედ მისი დახმარებით გაუძლო ტროამ ათწლიან ალყას.გაიუს იულიუს გიგინი გვეუბნება,რომ ჰექტორმა 31 მებრძოლი დასცა ბრძოლის ველზე,ხოლო ჰომეროსის "ილიადა" იუწყება რომ ტროელმა მხედარმთავარმა 28 ბერძენი გამოასალმა სიცოცხლეს.ერთ-ერთ შეტაკებაში მან აქილევსის ნათესავი პატროკლე მოკლა. მირმიდონელები უკვე წასვლას აპირებდნენ, როდესაც აქილევსმა ეს ამბავი შეიტყო.აქილევსმა ჰექტორი ორთაბრძოლაში მოკლა და ეტლზე გამობმულს ტროას გარშემო რამდენიმე წრე დაარტყმევინა.
პარის პრიამოსის ძე - ჰექტორის უმცროსი ძმა,თუმცა მისგან განსხვავებით პარისი სიმამაცით არ გამოირჩეოდა. პარისს ტროას ომში თითქმის არ უბრძოლია."ილიადას" მიხედვით მან მხოლოდ 3 ბერძენი მეომრის მოკვლა მოახერხა. როცა ბერძნებმა ტროაში შეაღწიეს პარისი აქილევსს ჩაუსაფრდა და ქუსლში დაჭრა ისრით თუმცა მალე თავადაც იგივე ბედმა უწია. ის ფილოქტეტესმა შხამიანი ისრით განგმირა.

პრიამოსი - ტროას უკანასკნელი მეფე. ტროას ომის დროს ის იმდენად მოხუცი იყო,რომ ბრძოლებში მონაწილეობა არც მიუღია და მხოლოდ ერთხელ გავიდა ბრძოლის ველზე,რათა მისი ვაჟის პარისისა და მენელაოსის ორთაბრძოლა ენახა.ჰექტორის სიკვდილის შემდეგ ჰერმესის(ვაჭრობის და ქურდობის ღმერთი) დახმარებით პრიამოსი აქილევსის კარავში შეიპარა და ჰექტორის სხეული მოსთხოვა. საბოლოოდ პრიამოსი ნეოპტოლემაიოსმა მოკლა,როდესაც ის ზევსის ტაძარს იცავდა.

ომი

მეფე აგამემნონის მეთაურობით აქაველები დიდი ფლოტით გაემართნენ ტროაში და ელენას გამოსახსნელად ქალაქს ალყა შემოარტყეს. ჰომეროსის მიხედვით ბერძნებს ქალღმერთები ათენა და ჰერა ეხმარებოდნენ, რადგან აფროდიტეს რჩევით პარისმა მათი სიამაყე შებღალა. ტროას ალყა ათი წელიწადი გრძელდებოდა. ბოლოს და ბოლოს ომი ითაკას მეფის, ოდისევსის ეშმაკობამ დაასრულა, რომელმაც ბერძნებს ხის დიდი ცხენის აგება ურჩია. როცა ცხენი ააგეს, ოდისევსი სხვა გმირებთან და მეომართა რაზმთან ერთად შიგ
დაიმალა, შემდეგ ბერძნები ხომალდებში ჩასხდნენ და ტროას სანაპიროებს მოშორდნენ, თუმცა შორს არ წასულან და ახლო-მახლო ყურეში მიეფარნენ თვალს, ცხენი კი ტროელებს დაუტოვეს “საჩუქრად”, რომელთაც ბერძენთა ეს ძღვენი ქალაქში შეაგორეს. ტროას მეფის ასული, კასანდრა, რომელსაც მომავლის ჭვრეტა შეეძლო, ტროელებს აფრთხილებდა, ბერძენთა ხის ცხენი სატყუარააო, მაგრამ არავინ დაუჯერა. ოდესღაც, როცა მან აპოლონის სიყვარული უარყო, მისგან ბედად დაეწერა, რომ აღარავინ დაუჯერებდა და ასეც მოხდა. როცა დაღამდა, ოდისევსი და მისი მეომრები გამოიპარნენ ცხენიდან და ტროას ჭიშკარი გაუღეს ბერძენთა ჯარს, რომელიც მალულად კვლავ ქალაქს მიუახლოვდა. ბერძნები სწრაფად შეიჭრნენ ქალაქში, დაარბიეს და გადაწვეს, ხოლო მეფე პრიამოსი სიცოცხლეს გამოასალმეს. ჰომეროსის მიხედვით ათწლიანი ალყის განმავლობაში ტროელებსა და ბერძნებს შორის მუდმივი ბრძოლები მიმდინარეობდა, რომელშიც იმ დროის გმირებიც იყვნენ ჩართულები. აგამემნონი, მენელაოსი, ნესტორი, დიომედე, პატროკლე, აქილევსი, აიაქსი და ოდისევსი ბერძენთა მხარეს იბრძოდნენ, ხოლო ჰექტორი, პარისი, პრიამოსი, ენეასი და მემნონი. ბრძოლები ქალაქ ტროას გალავანთან და მის გარშემო ტერიტორიებზე მიმდინარეობდა, განსაკუთრებით საინტერესოა ამ მხრივ გმირთა ორთაბრძოლები. აქ ერთმანეთს მენელაოსი და პარისი, ჰექტორი, აქილევსი, აიაქსი და პატროკლე დაუპირისპირდნენ. მიუხედავად იმისა, რომ ჰექტორმა დამარცხა პატროკლე და მოკლა, თავადაც განიცადა მარცხი ჯერ აიაქსთან, ხოლო შემდეგ აქილევსთან ბრძოლაში, რომელთან შერკინებისას დაიღუპა კიდეც. ორივე მხარეს მსგავსი ტაქტიკა და შეიარაღება ჰქონდა. ჯარისკაცების ჩაცმულობას, უმეტესწილად, იმდროინდელი ნახატებიდან ვიცნობთ, თუმცა დენდრას ერთ-ერთ სამარხში თითქმის სრული საომარი აბჯარი აღმოჩნდა. აბჯარი
ბრინჯაოს ფირფიტებისგანაა დამზადებული. იქვე იყო ტახის ეშვების მუზარადი, ბრინჯაოს სამუხლეები, ორი ხმალი და ხისჩარჩოიანი ფარის ნაშთი. ყოველივე ეს დაახლეობით ძვ.წ 1400 წლით თარიღდება. ბრძოლისას ტროელი და ბერძენი მეომრები თავს იცავდნენ დიდი, ხის ჩარჩოზე გადაკრული ხარის ტყავის ფარებით, რომელიც სამნაირი ფორმისა იყო(მრგვალი, კოშკისებური და რვიანისებური), თანაც დიდი და მძიმე, ამიტომ მეომრებს მხარზე ჰქონდათ მოგდებული. ხმლებსა და ხანჯლებს ბრინჯაოსგან ამზადებდნენ. იმ პერიოდის ბერძნული ქალაქის მეფეები გამორჩეულად მამაცი და ძლიერი მეომრები იყვნენ. მათ ევალებოდათ ჯარი საჭმელ-სასმელით, ბინით, მიწითა და მონებით მოემარაგებინათ. ამას მოხელეები აგვარებდნენ სასახლეში, სადაც ბევრი მეომარი ცხოვრობდა. მეფეები და დიდებულები მუზარადებითა და ბრინჯაოს აბჯრით იბრძოდნენ, რიგით ჯარისკაცებს კი მხოლოდ ტყავის ტუნიკებს ურიგებდნენ. ტროა იმ დროისთვის ერთ-ერთ საუკეთესო ციხე-ქალაქად ითვლებოდა. ეს ქალაქი მაღლობზე იყო აგებული და გარს მძლავრი, სქელი გალავანი ერტყა, ამიტომ ადვილი დასაცავი იყო. ტროას სიძლიერეზე ის ფაქტიც მეტყველებს, რომ ბერძნებმა ვერანაირად ვერ მოახერხეს მისი აღება, სანამ ეშმაკურ ფანდს არ მიმართეს და როგორც იტყვიან “ციხე შიგნიდან არ გატეხეს”.

ნიკა ხოფერია და ლევან ტავლალაშვილი