გრიუნვალდის ბრძოლა, 1410 წ.


“პოლონელთა ჯარები საბრძოლოდ დაწყობილნი გამოვიდნენ ტყის ტევრიდან. წინა რიგებში მოდიოდნენ ყველაზე ძლიერი რაინდები, მათ ცოტა მოშორებით მოჰყვებოდა მთავარი სადროშო, ხოლო შემდეგ – ქვეითები და დაქირავებული ჯარები. ამგვარად, ჯარების მწკრივებს შორის ორი გრძელი ქუჩა წარმოიშვა, ადაც ახლა ცხენებით ჩაიქროლეს ზინდრამ მაშკოვიცელმა და ვიტოლდმა. მუზარადმოხდილი, ბრწყინვალე აბჯარში ჩაჭედილი ვიტოლდი ავისმომასწავებელ ვარსკვლავს ან ცეცხლის ალს ჰგავდა, გრიგალი რომ მიაქანებს. რაინდები ღრმად ისუნთქავდნენ მკერდით ჰაერს და ცხენებზე მოხერხებულად სხდებოდნენ. ბრძოლა სადაცაა უნდა დაწყებულიყო. ამასობაში მაგისტრიც ათვალიერებდა ტყიდან გამომავალ მეფის ჯარებს. დიდხანს გასცქეროდა მის მრავალრიცხოვან რიგებს, დიდი ფრინველის მსგავსად ორად გაფოფრილ ფრთას, ქარში ცისარტყელას ფერებით მოელვარე ბაირაღებს და უცებ გული რაღაც უცნობი ავი წინათგრძნობით შეეკუმშა. იქნებ ამ დროს თვალწინ წარმოუდგა გვამების მთები და სისხლის მდინარეები. ის ყოველთვის უდრეკი იყო ხალხთან, მაგრამ იქნებ შეკრთა ზენაარის წინაშე, რომელსაც იქ ცაში ალბათ უკვე ხელში ეჭირა გამარჯვების სასწორი"(სენკევიჩი, ჰენრიკ, ჯვაროსნები. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1977. 871-872).

მოწინააღმდეგე მხარეები

1. პოლონეთ-ლიტვის უნია
XIII საუკუნესა და XIV საუკუნის დასაწყისში ჯვაროსნები მოხერხებულად სარგებლობდნენ დაშლილ-დასუსტებული პოლონეთის მდგომარეობით და ავიწროებდნენ მათ, მაგრამ 1320 წელს პოლონეთი ერთიან, მძლავრ სამეფოდ ჩამოყალიბდა მეფე ვლადისლავ I ლოკეტეკის (Władysław I Łokietek, მეფობდა 1320-1333 წლებში) მმართველობისას, შემდეგ კი მოხდა ის, რისიც ჯვაროსნებს ეშინოდათ, პოლონეთის დედოფალი იადვიგა ცოლად შეირთო ლიტვის დიდმა მთავარმა, ვლადისლავ იაგელომ(Władysław II Jagiełło, მეფობდა 1386-1434 წლებში), რომელიც პოლონეთის ტახტზე ვლადისლავ II-ს სახელით ავიდა. მაშინვე ლიტველებმა მიიღეს ქრისტიანობა და კათოლიკური ეკლესიის სამწყსოს შეუერთდნენ. ამით ორდენი კარგავდა მიზანს, რისთვისაც იბრძოდა აღმოსავლეთ ევროპაში, თუმცა მათ არ სურდათ ამ ტერიტორიების მიტოვება. ერთადერთი დასაყრდენი, რაც ჯვაროსნებმა იპოვეს ძალაუფლების შესანარჩუნებლად, ეს ჟმუდის მიწა იყო, სადაც ჯერ კიდევ ნახევრადველური, წარმართი ხალხი ცხოვრობდა. მალე ჟმუდელების უმეტესობამ პოლონელებისაგან და ლიტველებისაგან მიიღეს ქრისტიანობა და ორდენის "განმაქრისტიანებელ" საქმიანობასაც ბოლო მოეღო.

           პოლონეთის სამეფოს დროშა

პოლონეთი კი ამ დროს უფრო მეტად ძლიერდებოდა ლიტვასთან ერთად. ლიტვის მმართველად მეფეს თავისი ბიძაშვილი, დიდი მთავარი ვიტოლდი(Witold Kiejstutowicz, ვიტოვტი, ვიტაუტასი) ჰყავდა დანიშნული. ვიტოლდი ფიცხი და მეომარი სულის ადამიანი იყო და ორდენთან ომის მომხრე იყო. ჯვაროსანთა დიდი მაგისტრი, კონრად ფონ იუნინგენი ყველანაირად ცდილობდა, რომ ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, როცა დიდ მაგისტრად მისი ძმა, ულრიხ ფონ იუნინგენი, ძალიან ფიცხი და მებრძოლი ხასიათის ადამიანი დაინიშა ომი გარდაუვალი გახდა. მიზეზად კი ჯერ გაუგებრობა იქცა დობჟინის მიწაზე, შემდეგ კი სამოგატიის აჯანყება და სკირსნემუნეს ციხის გადაწვა. ლიტვა და პოლონეთი ამბოხებულებს მიემხრნენ. ომი დაიწყო ჯვაროსანთა ენერგიული მოქმედებით და პოლონეთ-ლიტვის ციხე-სიმაგრეებზე შეტევით. დროებით საბრძოლო მოქმედებები შეწყდა და საქმეში ჩეხეთის მეფე ვაცლავი(Václav, 1361-1419) ჩაერია, რომელსაც მხარეები უნდა განესაჯა, თუმცა მალე ის ჯვაროსნებმა მოისყიდეს და ვაცლავმა ტევტონები გაამართლა პოლონეთთან ომში. პოლონელები არახელსაყრელ პირობებს არ დათანხმდნენ და ომი დაიწყო.
        ლიტვის დიდი სამთავროს დროშა



საბოლოოდ მეფე ვლადისლავ იაგელომ და მთავარმა ვიტოლდმა თავიანთი ჯარები შეკრიბეს და ტევტონთა გაერთიანებულ ძალებს, რომელთაც დიდი მაგისტრი თავად მეთაურობდა გრიუნვალდთან შეხვდნენ(გრიუნვალდი დღეს პოლონეთის ტერიტორიაზე მდებარეობს). პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებულ ჯარს მეფე ვლადისლავ იაგელო, მთავარი ვიტოლდი და ცნობილი რაინდი და სარდალი, ზინდრამ მაშკოვიცელი(Zyndram of Maszkowice, 1355-1414, გრიუნვალდის ბრძოლაში მთავარი ბანაკის ხელმძღვანელი და კრაკოვის დიდი სადროშოს მეთაური, გადმოცემის მიხედვით ულრიხ ფონ იუნინგენი მისი მეთაურობის ქვეშ მყოფ შენაერთთან ბრძოლაში დაიღუპა) სარდლობდნენ.
 “პოლონეთ-ლიტვის გაერთიანებული ძალების მეთაური ვლადისლავ II იაგელო იყო. იგი პოლონეთის ტახტზე 1386 წელს ავიდა. მისი ხანგრძლივი მეფობა(პოლონეთის ისტორიაში ყველაზე გრძელი) ტევტონთა ორდენთან ბრძოლას უკავშირდება, თანენბერგის ბრძოლა მის სამეფო დიდებად იქცა. მეფე ვლადისლავის ასაკი(62 წლის იყო) გვაძლევს ახსნას იმის თაობაზე, თუ რატომ არ მიუძღოდა იგი ჯარებს და არ ბრძოლობდა, ანუ რატომ დარჩა ჯარის ზურგში. ხანშიშესული მეფეს საფრთხეში არ უნდა ჩაეგდო თავისი სიცოცხლე და ამით ბრძოლის ბედი რისკის ქვეშ არ უნდა დაეყენებინა. იან დლუგოში “მეფე ვლადისლავ იაგელოს ცხოვრებაში” წერს, რომ მას წვრილი, შავი თვალები, დიდი ყურები და ათლეტური სხეული ჰქონდა, რაც მისი ნადირობის მიმართ სიყვარულით იყო გამოწვეული”( Turnbull, S, Tannenberg 1410: disaster for the Teutonic Knights. Oxford: Osprey, 2003. 23). მეფე ვლადისლავ იაგელოს მეფობა წარმატებული გამოდგა პოლონეთითვის და ამ ქვეყნის მომძლავრებას და ლიტვასთან მყარი კავშირის დადებას შეუწყო ხელი. იაგელო 1434 წელს გარდაიცვალა 80 წლის ასაკში. 
                                                   ვლადისლავ იაგელო

იაგელოსა და ვიტოლდის გაერთიანებული არმია რაოდენობით აშკარად აღემატებოდა ჯვაროსნებს და ამ უპირატესობის გამოყენება მათ შეძლეს კიდეც. თუმცა პოლონეთისა და ლიტვის ჯარები ცალცალკე ერთმანეთისაგან ძალიან განსხვავდებოდნენ, როგორც ტაქტიკით და სტრატეგიით, ასევე შეიარაღებითა და საბრძოლო გამოცდილებით.
პოლონეთის არმიის მთავარი დამრტყმელი ძალა ცხენოსანი რაინდებისგან შემდგარი სადროშოები იყო. პოლონელი რაინდები კარგ ცხენებზე იყვნენ ამხედრებულები და საკმაოდ მაღალი ხარისხის აბჯარი და იარაღი ჰქონდათ. ასევე ევროპაში ცნობილი იყო პოლონელების საოცარი სიმამაცე და თავზეხელაღებულობა ბრძოლის ველზე. გერმანელების მსგავსად მათაც გააჩნდათ ე.წ. “შუბის” რაზმები – ხორუგვები.
ლიტველებისა და ტევტონი რაინდების ბრძოლა. გამოსახულება რელიეფზე, XIV ს. 

პოლონური ქვეითი ჯარი შედგებოდა გლეხებისაგან და ქალაქის მაცხოვრებლებისაგან. მათ არ ჰქონდათ სამხედრო დისციპლინა და მწყობრის შენარჩუნებას და რიგების დარღვევას არ ერიდებოდნენ გერმანელი კნეხტებისაგან განსხვავებით. პოლონელი ქვეითები შეიარაღებულები იყვნენ მძიმე შუბებით, ცელებით, ცულებითა და ნაჯახებით. მიუხედავად იმისა, რომ ასეთ ჯარს ტევტონებთან უწევდა ბრძოლა, რომლებიც თავით-ფეხებამდე აბჯარსა და საჭურველში ისხდნენ, ღირსეული წინააღმდეგობის გაწევის უნარი გააჩნდა. პოლონელებს ჯვაროსნების მსგავსად ზარბაზნებიც ჰქონდათ, თუმცა მათაც წარუმატებლად გამოიყენეს ეს მძლავრი, თუმცა მაშინ ჯერ კიდევ განუვითარებელი იარაღი.
     ლიტვის დიდი მთავარი ვიტოლდი(ფრაგმენტი იან მატეიკოს პანორამიდან)

ლიტვური არმია პოლონელების ჯარისგან ძალიან განსხვავდებოდა და უფრო აზიური სტილის სამხედრო ძალა იყო. ლიტველები XIV საუკუნეში უმთავრესად თათრებთან(მონღოლებთან) ბრძოლაში იყვნენ გართულები და ხშირად ამარცხებდნენ კიდეც მათ დასავლეთ რუსეთის ტერიტორიებზე. ლიტვის არმიის კავალერია მონღოლური ტიპით მებრძოლო მხედრებით იყო შედგენილი, მსუბუქი აღჭურვილობითა და დაბალი, სწრაფი ცხენებით. ლიტველები ცხენოსნების მთავარი ძალა მათი სისწრაფე იყო. ისინი დიდი სიჩქარით ახდენდნენ მტერზე თავდასხმებს, შემდეგ სწრაფად იხევდნენ უკან, საფარში იტყუებდნენ მოწინააღმდეგეს. ეს მათი ტაქტიკა იყო. ლიტვის ცხენოსან ჯარში მსახურობდნენ თათარი მხედრებიც, რომელთა ნაწილი მთავარი ვიტოლდის ვასალი იყო, ხოლო ზოგი დაქირავებული. თათრებს განსაკუთრებით მშვილდ-ისრის ხმარება ეხერხებოდათ და პირდაპირ ცხენებიდან სტყორცნიდნენ მტერს ისრების მომაკვდინებელ სეტყვას, ხოლო როცა მათ მოწინააღმდეგე მიუახლოვდებოდათ სწრაფად იხევდნენ უკან. მიუხედავად ლიტვური და მონღოლური კავალერიის სიძლიერისა სტეპებში აზიელ ხალხებთან, მათ გაშლილ ველზე ძალიან გაუჭირდებოდათ ხელჩართულ ბრძოლაში მძიმედ აღჭურვილი ტევტონი რაინდების დამარცხება. იაგელოს არმიის საერთო რიცხოვნობას 16-დან 39 ათასამდე ვარაუდობენ, ზუსტი მონაცემები არ არსებობს.


 2. ტევტონთა ორდენი
წმინდა მარიამ იერუსალიმელის სახელობის ტევტონთა გერმანული ორდენი(Ordo domus Sanctæ Mariæ Theutonicorum Hierosolymitanorum), დაარსდა 1190 წელს, პალესტინის ქალაქ აკრაში ჯვაროსნების მიერ. მათი დევიზი იყო “დახმარება – დაცვა – მკურნალობა”(Helfen — Wehren — Heilen). მალე ორდენმა საქმიანობა გადაიტანა ბალტიის ზღვის სანაპიროებზე, სადაც იესო ქრისტეს სახელით და იარაღის ძალით კათოლიკური ეკლესიის ძალაუფლებას ავრცელებდა წარმართ პრუსიელებზე, ლიტველებზე, ჟმუდელებსა და ესტონელებზე. 
                                           ტევტონთა ორდენის გერბი

პრუსიელები ხშირად ანხორციელებდნენ თავდასხმებს პოლონეთის სამეფოს სასაზღვრო სამთავროზე, მაზოვიაზე. წარმართთა შემოსევების აღკვეთისათვის მაზოვიის მთავარმა კონრადმა(Konrad I Mazowiecki, 1187-1247) ჯვაროსან ტევტონთა ორდენს სთხოვა დახმარება. ორდენის რაინდი-ბერები (ყველა ტევტონი რაინდი, რომელიც შავ ჯვარს ატარებდა ლაბადაზე, ბერი იყო) მაზოვიაში 1230 წელს გამოჩნდნენ და ათწლიანი ბრძოლის შემდეგ მთლიანად აღკვეთეს პრუსიელთა აგრესია და ამ ტომის უდიდესი ნაწილი გაანადგურეს. 
ტევტონთა ორდენის საბრძოლო ალამი

როდესაც თავიანთი მისია შეასრულეს, ჯვაროსანმა ბერებმა აღარ მოისურვეს გერმანიაში დაბრუნება. 1283 წლისთვის ტევტონები მთლიანად აკონტროლებდნენ დასავლეთ და აღმოსავლეთ პრუსიას პორტ მემელიდან მდინარე ვისლამდე. ორდენი ძალიან გაძლიერდა და ჯერ რიგას დაადგა თვალი, შემდეგ კი ლიტვის მიწებზე დაიწყო ცეცხლითა და მახვილით მოქმედება. ნელნელა ჯვაროსნები ტერიტორიებს იკავებდნენ ესტონეთში, ლატვიაში, ლივონიასა და კურლანდიაში. ტევტონთა ორდენი ბალტიის ზღვის სანაპიროს დიდ ნაწილს აკონტროლებდა და ძლიერ სახელმწიფოს აყალიბებდა. ორდენს ძლიერი არმია ჰყავდა, რომლის დიდი ნაწილი მძიმედ აღჭურვილი რაინდებისაგან შედგებოდა. ტევტონები საშიში მეტოქეები გახდნენ ისეთი სახელმწიფოებისა, როგორებიც იყო ლიტვა, პოლონეთი და ნოვგოროდის რესპუბლიკა. დაპყრობილ მიწებზე ტევტონები გერმანელ გლეხებს ასახლებდნენ და კოლონიზაციას ახდენდნენ. 1310-1350 წლებში პრუსიაში უკვე 1400 გერმანული სოფელი არსებობდა. ორდენს თავისი იერარქია ჰონდა. ტევტონთა ორდენის მმართველს დიდი მაგისტრი ეწოდებოდა, ცნობილი მაგისტრები იყვნენ ჰერმან ფონ ზალცა( Hermann von Salza, 1179-1239), ზიგფრიდ ფონ ფეიხტვანგენი(Siegfried von Feuchtwangen , 1273-1311), ვინრიხ ფონ კნიპროდე(Winrich von Kniprode, 1310-1382), კონრად ფონ იუნინგენი(Konrad von Jungingen, 1355-1407) და გრიუნვალდის ბრძოლის მონაწილე – ულრიხ ფონ იუნინგენი(Ulrich von Jungingen, 1360-1410). ტევტონთა დედაქალაქად მარიენბურგი(Ordensburg Marienburg) ითვლებოდა, სხვა მნიშვნელოვანი ქალაქები იყო – კენიგსბერგი, მარგენტჰაიმი, ტორუნი და ა.შ. 
                                           ულრიხ ფონ იუნინგენი


დიდი მაგისტრი კონრად ფონ იუნინგენი ყველანაირად ცდილობდა, რომ გაძლიერებულ პოლონეთ-ლიტვის უნიასთან ომი თავიდან აეცილებინა, მაგრამ მისი სიკვდილის შემდეგ, როცა დიდ მაგისტრად მისი ძმა, ულრიხ ფონ იუნინგენი, ძალიან ფიცხი და მებრძოლი ხასიათის ადამიანი დაინიშა ომი გარდაუვალი გახდა. მიზეზად ჯერ გაუგებრობა იქცა დობჟინის მიწაზე, შემდეგ კი სამოგატიის აჯანყება და სკირსნემუნეს ციხის გადაწვა, რის შემდეგაც ლიტვა და პოლონეთი ამბოხებულებს მიემხრნენ. ულრიხმა ძლიერი არმია შეკრიბა და პოლონეთის მეფესა და ლიტვის დიდ მთავარს გრიუნვალდის ველზე შეხვდა 1410 წლის 15 ივლისს.
ულრიხ ფონ იუნინგენი, ცნობილი შვაბიური დიდებულთა გვარის წარმომადგენელი და დიდი მაგისტრის, კონრად ფონ იუნინგენის ძმა იყო. 1393 წელს იგი სამბიის მმართველის მოადგილედ დანიშნეს, შემდეგ ჩლუხოვის, ბალგას, ბოლოს კი კენიგსბერგის კომტური გახდა. 1404 წელს კი ორდენის დიდ მარშალი ანუ ტევტონთა ჯარების მთავარსარდალი გახდა. “როდესაც მისი ძმა, კონრადი გარდაიცვალა 1407 წელს, ტევტონებმა ულრიხი აირჩიეს მაგისტრად. მან არ იცოდა პოლონეთისა და ლიტვის გეგმების შესახებ და თვლიდა, რომ მეფე თავისი არმიით ბიდგოშის რაიონში შევიდოდა, სადაც წინა შემოდგომით მოქმედებდნენ პოლონელთა ჯარები. ამიტომ მდინარე ვისლას ნაპირთან, სვენცასთან დიდი ბანაკი ააგო, სადაც ორდენის ძალები იკრიბებოდნენ, რათა აქ პოლონურ-ლიტვურ არმიას დაპირისპირებოდნენ. ორდენის ძალების ნაწილი სამხრეთ-დასავლეთ საზღვრებთან იყვნენ დაპყრობილი პოლონური მიწების შესანარჩუნებლად. ”(
Карамазин Г.Б, Битва при Грюнвальде. Ленинград: Государственное учебно-педагогическое издательство министерства просвящения РСФСР Ленинградское отделение, 1961. 59).
მძიმედ აღჭურვილი ტევტონი რაინდები

გერმანული ლიტერატურა უსამართლოდ სწამებდა ულრიხს უნიჭობას. “ულრიხი იმ დროის ყველა დასავლეთ და ცენტრალურ ევროპელ მეთაურს აღემატებოდა, ბედმა მას ვლადისლავ იაგელოსთან შეხვედრა არგუნა, მოწინააღმდეგესთან, რომელიც უფრო მეტ ცოდნასა და გამოცდილებას ფლობდა, ვიდრე ულრიხი, ესმოდა აღმოსავლური სამხედრო ტაქტიკა და სტრატეგია, რაც დასავლეთ ევროპულმა რაინდობამ არ იცოდა და რომელიც აღემატებოდა ომის დასავლურ მეთოდებს. ”(Kuczynski S.M. Wielka wojna z Zakonem krzyzackim w latach 1409—1411. Warszawa: S.M. Kuczynski, 1960. 572.)
ტევტონებთან ერთად გრიუნვალდის ბრძოლაში გაერთიანებულები იყვნენ ლივონიის ორდენის(მახვილის კავალერები) რაინდები, მეომრები გერმანელთა სხვადასხვა ქვეყნებიდან, ფრანგები, ინგლისელები, ავსტრიელები, შვაბები, შვეიცარიელები, ბავარიელები და სხვა ევროპელ ხალხთა რაინდები, რომლებიც აღმოსავლეთ ევროპაში ფათერაკებისა და თავგადასავლების საძებნელად ჩამოდიოდნენ. ტევტონ რაინდთა საბრძოლო რაზმს „სადროშო” ეწოდებოდა და რამდენიმე “შუბისგან” შედგებოდა. თითოეული შუბი შედგებოდა ერთი რაინდისა და შვიდამდე სხვა ტიპის მეომრისგან, ძირითადად არბალეტოსნებისგან. სადროშოებს ორდენის კომტურები მეთაურობდნენ. 1411 წელს ტევტონებს პომერანიაში - 5, კურმერლანდში – 11 და 10 კომტური პრუსიის დანარჩენ ნაწილში. თითოეული სადროშო შედგებოდა კომტურის, მისი საკომტუროს რაინდებისა და მათი მეომრებისგან. მცირერიცხოვან სადროშოებს ჯვაროსნები აერთიანებდნენ, ამიტომ კომტურების რიცხვი არ ნიშნავდა, რომ არმიაში ამდენი სადროშო იყო. 
                                         მარიენბურგი

ორდენის მხედართა დიდ ნაწილს შეადგენდნენ რაინდები, რომლებიც ჯერ არ ითვლებოდნენ “წმინდა ძმების” სრულფასოვან წევრებად. მიუხედავად ამისა ისინი ბერებად ითვლებოდნენ. ზოგადად თითოეულ მათ მონასტერში 12 რაინდი(იესო ქრისტეს მოციქულთა რიცხვი) და 60 სერჟანტი ცხოვრობდა, მაგრამ ხშირად ეს რიცხვი იცვლებოდა. ყველა ეს ადამიანი ბერული ცხოვრების აღთქმას დებდა, მაგრამ მათგან მხოლოდ რაინდებს ჰქონდათ შავჯვრიანი თეთრი ლაბადის ტარების უფლება, არ გააჩნდათ საკუთარი გერბი და ბეჭედი. გამონაკლისები იყვნენ ორდენის დიდგვაროვანი წევრები, ძირითადად პოლონელი დიდებულები, რომელთა მიწები ტევტონთა საზღვრებში იყო მოქცეული. ლაბადაზე ჯვრის მაგივრად ისინი ბერძნულ ასო “ტაუს” ატარებდნენ, რომელიც თ-ს მსგავსად იწერებოდა. ტევტონთა ორდენის “ნაკურთხი” წევრები ძირითადად მეთაურის ადგილს იკავებდნენ, მათი რაოდენობა საკმაოდ მცირე იყო. ჯვაროსანთა უმეტეს ნაწილს ერთნაირი შეიარაღება და აბჯარი ჰქონდა და შეეძლო ოთხი ცხენი წაეყვანა ლაშქრობაში, თუმცა ეს ცხენები ეკუთვნოდა მონასტერს ან იმ ოლქის ციხე-სიმაგრეს, სადაც ცხოვრობდა. 
კნეხტები

ორდენის სრულფასოვანი წევრები, ანუ ე.წ. “ნაკურთხი ძმები” წვერს ატარებდნენ, რაც ტევტონთა ორდენისთვის იყო დამახასიათებელი. გრიუნვალდის ბრძოლაში სულ 250-მდე თეთრლაბადიანი რაინდი იბრძოდა, დანარჩენები კი პრუსიელი(ისინი ორდენის მიწებზე ცხოვრობდნენ, მაგრამ ორდენის შემადგენლობაში არ შედიოდნენ) და უცხოელი რაინდები იყვნენ. ბევრი მათგანი პოლონურად ლაპარაკობდა და პოლონური გერბი ჰქონდა. ბრძოლაში მონაწილეობას იღებდნენ ქვეითთა რაზმები – კნეხტები(Knechten), რომელთაც რაინდებთან შედარებით მსუბუქი აბჯარი ჰქონდათ და შეიარაღებულები იყვნენ გრძელი შუბებითა და ალებარდებით. ისინი დაახლოებით ბერძნული ფალანგის სტილით იბრძოდნენ და განსაკუთრებით ეფექტურები იყვნენ კავალერიასთან და შორ დისტანციაზე ბრძოლაში, რადგან თავიანთ გრძელ შუბებს ადვილად აწვდენდნენ მტერს, რომელსაც ანალოგიური იარაღი არ ჰქონდა. ჯვაროსნებს დაქირავებულები ჰყავდათ გენუელი არბალეტოსნები და ჩეხი ქვეითები, ხოლო “ორდენის სტუმრები” – უცხოელი რაინდები არ ითვლებოდნენ მოქირავნეებად. მათი ძირითადი ნაწილიც გერმანიის სხვადასხვა მხარის რაინდები იყვნენ – შვაბიელები, ავსტრიელები, ბავარიელები, ფრიზები და ვესტფალიელები. ისინი თავიანთი დროშებითა და გერბებით იბრძოდნენ, ხოლო მათგან შემდგარ შენაერთს “წმინდა გიორგის სადროშო” ეწოდებოდა, ატარებდა რა ბაირაღზე გამოსახულ წმინდა გიორგის. 

იან დლუგოშის მიხედვით უცხოელი რაინდები ძალიან მამაცები იყვნენ და თითქმის ყველა მათგანი ბრძოლაში დაეცა, გადარჩენილებმა კი თვითონ მოახერხეს ალყის გარღვევა და გაქცევა. რაინდები ბრძოდნენ შუბებით, ხმლებით, ჩუგლუგებით, ცულებითა და სხვა მძიმე იარაღით, ჰქონდათ საუკეთესო აბჯარი და ცხენი. მათი ერთობლივი იერიში, განსაკუთრებით ველზე, მომაკვდინებელი იყო და დიდი დარტყმის მიყენება შეეძლო მტრისთვის. არტილერია მაშინდელ მსოფლიოში იშვიათი რამ იყო და მხოლოდ ძლიერ სახელმწიფოებს ჰყავდათ. მას შემდეგ რაც ევროპაში დენთი შემოვიდა, დაამზადეს ზარბაზნები, რომელიც ქვის ბირთვებს ისროდა. პირველი ზარბაზნები მიზანში ვერ ისროდნენ და მათი გამოყენება უფრო ციხე-სიმაგრის კედლების დასანგრევად შეიძლებოდა, შემდეგ კი როდესაც შედარებით დაიხვეწა ბრძოლაში გამოყენებაც დაიწყეს. გრიუნვალდის ბრძოლაში დენთიანი ზარბაზნები გამოიყენეს, თუმცა ამას არანაირი წარმატება არ მოჰყოლია. აღსანიშნავია, რომ ჯვაროსნებს არტილერისტების ნაწილი იტალიიდან ჰყავდათ ჩამოყვანილები.
ულრიხ ფონ იუნინგენმა თავისი არმია გრიუნვალდის ველზე ასე განალაგა: მთელ ფრონტზე წინა რიგებს იკავებდნენ რაინდები. მათ დიდი კომტური კონრად(კუნო) ფონ ლიხტენშტაინი და ფრიდრიხ ვალენროდი ხელმძღვანელობდნენ. ტევტონი რაინდების რიგებში ერივნენ უცხოელი და მახვილოსანთა ორდენის რაინდებიც. ცხენოსანი ჯარის უკან გერმანელი ქვეითი შუბოსანი კნეხტები იდგნენ. ძლიერი რეზერვი ჯარის ზურგში იდგა და გადამწყვეტ მომენტს ელოდებოდა. ამ საუკეთესო რაინდებს თვითონ დიდი მაგისტრი, ულრიხ ფონ იუნინგენი მეთაურობდა. სულ ტევონთა რიცხვი 11-დან 27 ათასამდე მერყეობს, რადგან ზუსტი რიცხვი არ არსებობს.


ბრძოლა
გრიუნვალდის ბრძოლამდე პოლონელმა რაინდებმა დომბროვნოს ციხე-სიმაგრე აიღეს ელვისებური იერიშით. “ეს ქალაქი, რომელსაც გერმანულად გილგენბურგი ეწოდებოდა შემორტყმული იყო გალავნითა და კოშკებით, რომელთაც ტბა და მდინარე ელამუნებოდა. მეფემ ბანაკი დომბროვნოდან ერთ მილში დასცა, ტბა დომბროვნოსთან. პოლონელ მზვერავთა რაზმს დომბროვნოელებთან შეტაკება მოუვიდა, რასაც დომბროვნოზე მეფის ბრძანების გარეშე იერიში მოყვა. მეფემ უკან დახევა უბრძანა ჯარს, მაგრამ ბრძოლაში ჩართული მეომრები არ დაემორჩილნენ და ძლიერი შეტევით აიღეს დომბროვნო”(
Длугош, Ян, Грюнвальдская битва. Москва; Ленинград: Издательство академии наук  СССР, 1962.83-84). ამის შემდეგ პოლონელებს გზაზე დაბრკოლებები არ შეხვედრიათ. ტევტონთა ჯარებს ისინი გრიუნვალდისა და თანენბერგის მახლობლად შეხვდნენ. 15 ივლისს კი დიდი ბრძოლა გაიმართა. პოლონეთ-ლიტვის არმია მთლიანად ველზე არ იყო გაშლილი და პოლონელი ქვეითების ნაწილი ტყის მახლობლად იდგა. 

მეფე ვლადისლავ იაგელომ და ლიტვის მთავარმა ვიტოლდმა ჯარები ასე განალაგეს: წინა ხაზზე პოლონელი, რუსი, ლიტველი და თათარი ცხენოსნები იდგნენ, რაც არმიის მთავარ ძალას წარმოადგენდა. აქედან მთავარი ვიტოლდი ლიტველების, რუსებისა და თათრების ჯარით მარჯვენა ფლანგზე იყო განლაგებული, ცენტრში და მარცხნივ პოლონელებს დაეკავებინათ ადგილი. რეზერვს შეადგენდა პოლონელთა კავალერია მეფე იაგელოს მეთაურობით(რომელიც მაღლობზე იდგა და იქიდან იძლეოდა ბრძანებებს) და ტყესთან მდგარი პოლონურ ქალაქთა მოსახლეობისაგან შემდგარი ქვეითი ჯარი. ამას გარდა ლიტველთა მხრიდან ბრძოლაში მონაწილეობა მიიღეს ბესარაბებმა, ვალახებმა და სერბებმა, თუმცა ისინი მცირერიცხოვანნი იყვნენ. მარჯვენა ფლანგზე იდგა ასევე სმოლენსკის სამი პოლკი - კარგად აღჭურვილი და მომზადებული ლიტვურ რაზმებთან შედარებით. პოლონელთა რეზერვში იდგნენ დაქირავებული ჩეხი ქვეითები.
თანენბერგს, ლუდვიგსდორფსა და გრიუნვალდს შორის გაშლილი ველი არ იყო მთლად მორგებული ასეთი მასშტაბურ ბრძოლას, რადგან მეომრებს, განსაკუთრებით კი ცხენოსან რაინდებს ხელს უშლიდათ მაღლობები, ადგილ-ადგილ ამოსული დიდი ხეები, ნიადაგის უსწორმასწორობა. მიუხედავად ამისა ბრძოლა მაინც შედგა.
ჯვაროსანთა მაგისტრმა ულრიხ ფონ იუნინგენმა გადაწყვიტა პირველი იერიშის წამოწყება მოწინააღმდეგისთვის დაეთმო, თავისი არმია ველზე გაშალა და დაელოდა იაგელოს სვლას, რომ შემდეგ თვითონაც საპასუხო მოქმედება წამოეწყო. პოლონეთის მეფე ვაისბერგის მაღლობზე იდგა თავის ამალასთან ერთად და იქიდან იძლეოდა ბრძანებებს, ზინდრამ მაშკოვიცელი კი პოლონელ რაინდებსა და ქვეითებს ბრძოლის ველზე ხელმძღვანელობდა. 


                  გრიუნვალდის ბრძოლა(იან მატეიკოს პანორამა, 1878 წ.)

მიუხედავად იმისა, რომ მაგისტრი შეტევას არ იწყებდა, არც იაგელომ დაძრა არმია იერიშზე, ამიტომ ულრიხ ფონ იუნინგენმა მას ორი ელჩი გაუგზავნა, რომელთაც პოლონელებს და ლიტველებს ლაჩრობა დასწამეს და ბრძოლაში გამოიწვიეს. განრისხებულმა მეფემ აღარ დააყოვნა და ვიტოლდს და ზინდრამ მაშკოვიცელს ბრძანება მისცა სამხედრო მოქმედება წამოეწყოთ. ბრძოლის დაწყებისას უკვე შუადღის სიცხე იყო ჩამომდგარი, რაც არახელსაყრელი იყო მძიმე აბჯარში ჩაჭედილი რაინდებისთვის და ბრძოლას უძნელებდა მათ. პირველი ვიტოლდის ჯარი დაიძრა. ლიტველები საშინელი ღრიალითა და იარაღის ჟღარუნით მტრისაკენ დაიძრნენ. დიდმა მაგისტრმა მათ წინააღმდეგ ვალენროდი გაგზავნა მძიმე რაინდებისაგან შემდგარი რაზმებით. რაინდებმა შეაჩერეს მოწინააღმდეგე და მალე უკანდახევა აიძულეს. თათრებმა სცადეს ჩვეული ხერხის გამოყენება და რაინდების საფარში გატყუება, თუმცა ეს მხოლოდ ნაწილობრივ გამოუვიდათ. 
                                                    თათარი მხედარი

როდესაც სხვა მეომრებმა დაინახეს რომ თათრები ამ მანევრს ასრულებდნენ, მათ ეს გაქცევა ეგონათ და თვითონაც უკან მიყვნენ. მწყობრს მხოლოდ სამი ლიტვურ-რუსული პოლკი ინარჩუნებდა, რომელთა შორის სმოლენსკის პოლკი გამოირჩეოდა. მთავარმა ვიტოლდმა იაგელოს სთხოვა რამდენიმე პოლონური რაზმი, რათა მარჯვენა ფლანგი გაემაგრებინა. ბრძოლის ველზე ისეთი ბუღი იდგა, რომ იაგელო ვერც კი ხედავდა რა ხდებოდა ვიტოლდთან, რომელსაც ბრძოლაში უკანასკნელი რეზერვები ჩაერთო და ცდილობდა ტევტონების შეჩერებას. ამ დროს დიდმა მაგისტრმა შეიტყო, რომ პოლონეთის მეფე ვაისბერგის მაღლობზე მცირე ამალასთან ერთად იყო და მის გასანადგურებლად რაინდების დიდი რაზმი გაგზავნა, თუმცა ეს მანევრი არ გამოუვიდათ და მალე მოშორდნენ მეფის დაცვას. ვიტოლდმა და მისმა სარდლებმა მოახერხეს გაქცეული ლიტველებისა და თათრების მობრუნება, რომელთაც ისევე სწრაფად შეუტიეს ტევტონებს, როგორც გაიქცნენ. 
                             გრიუნვალდის ბრძოლა(ვოიცეხ კოსაკი, 1931)

რუსები და ლიტველები მტერს ხმლებით, ცულებითა და შუბებით უტევდნენ, თათრები კი მომაკვდინებელი ისრების სეტყვას აყრიდნენ მოწინააღმდეგეს. პოლონელებმა მოახერხეს ორდენის მთელი ჯარის შეჩერება, როდესაც ისინი მაგისტრმა და კუნო ფონ ლიხტენშტაინმა შეტევაზე დაძრეს, შემდეგ კი საშინელი ხელჩართული ბრძოლა გააჩაღეს მათთან. როდესაც ტევტონებმა დაინახეს, რომ ლიტვის უზარმაზარი არმია ბრძოლაში დაბრუნდა და ახალ შეტევას იწყებდა, ნელ-ნელა თავდაცვით ბრძოლაზე გადავიდნენ და პოლონელებს დიდ წინააღმდეგობას ვეღარ უწევდნენ. ზინდრამ მაშკოვიცელმა ბრძოლაში ქვეითთა რაზმებიც შეიყვანა. პოლონელები და ლიტველები სარგებლობდნენ თავიანთი რიცხოვნობით და ალყას არტყამდნენ ტევტონებს. უკანასკნელი შეტაკებები სოფელ გრიუნვალდში გაიმართა და საბოლოოდ პოლონელებმა საღამოს 7 საათისათვის ბრძოლა დიდი გამარჯვებით დაასრულეს.
შედეგები
ჯვაროსანთა დიდი ნაწილი, დაახლოებით 13000 კაცი ბრძოლაში დაიხოცა, თითქმის ამდენივე ტყვედ ჩავარდა (მსახურებისა და საჭურველმტირთველების ჩათვლით). დახოცილთა შორის აღმოჩნდა თვითონ დიდი მაგისტრი, ულრიხ ფონ იუნინგენი, მისი უახლოესი თანამებრძოლები და მრავალი ტევტონი კომტური (რაზმების მეთაურები და ორდენის ტერიტორიების მმართველები). მხოლოდ ორმა ცნობილმა რაინდმა მოახერხა გადარჩენა: კონრად სილეზიელმა და ჰერცოგმა კაზიმირ შტეტინელმა, რომელიც ბრძოლის წინ მეფესთან ელჩად იყო.
იმის მაგივრად, რომ პოლონეთ-ლიტვის არმია ჯვაროსანთა დედაქალაქისკენ, მარიენბურგისკენ (მალბორგი) დაძრულიყო, მეფემ და მთავარმა ვიტოლდმა გადაწყვიტეს ჯარი დაესვენებინათ, შემდეგ კი ლაშქრობა განეგრძოთ. პოლონელებმა მარიენბურგი ვერ აიღეს ორთვიანი ალყის შემდეგ. “ტევტონთა დედაქალაქის დაცვასა და ორდენის გადარჩენაში გადამწყვეტი როლი ჰენრიხ ფონ პლაუენმა ითამაშა. 1411 წელს მან დადო ტორუნის ზავი, უკვე დიდი მაგისტრის რანგში. პლაუენი 1410 წლის 9 ნოემბერს აირჩიეს დიდ მაგისტრად, მაგრამ მაშინ თავისმა კოლეგებმა შესაძლო ღალატსა და გამყიდველობაში დასდეს ბრალი”(
Turnbull, S, Tannenberg 1410: disaster for the Teutonic Knights. Oxford: Osprey, 2003. 24). 
მარიენბურგის ალყა, 1410 წ.
ალყის დროს მოხდა საინტერესო ფაქტი - პოლონელი არტილერისტების ნასროლი ჭურვი პირდაპირ იმ შენობის კედელში გაიჭედა, რომელშიც იმ დროს სამხედრო თათბირი მიმდინარეობდა. ეს ჭურვი დღესაც შეგიძლიათ იხილოთ მალბორგის ციხე-სიმაგრის დათვალიერებისას.

ამას უკვე დიდი მნიშვნელობა აღარ ჰქონდა, რადგან ტევტონთა ორდენმა საბოლოოდ დაკარგა თავისი ძლიერება, სიმდიდრე და ძალაუფლება. 1466 წელს, ტორუნის მეორე ზავის შემდეგ ორდენის მთელი ტერიტორია კენინგსბერგის გამოკლებით პოლონეთს შეუერთდა, ტევტონთა სახელმწიფოს უკანასკნელი ნაშთი პოლონეთის ვასალი გახდა. გრიუნვალდის ბრძოლა გამორჩეულია იმითაც, რომ მასში მონაწილეობდა ორი განსხვავებული არმია, ორი სამყარო – დასავლეთ ევროპული და აღმოსავლეთ ევროპული. ტევტონთა მხარეს ძირითადად გერმანელი ხალხები იდგნენ, ხოლო პოლონელთა მხარეს სლავი ხალხები. გრიუნვალდის ბრძოლაში შეჩერდა დასავლეთის ის წინსვლა, რაც მათ მონღოლთა ურდოების დასუსტების შემდეგ დაიწყეს აღმოსავლეთით, ხოლო აქაური სლავმა ხალხებმა ძლიერი ევროპული სახელმწიფოები ჩამოაყალიბეს. ტევტონთა ორდენმა რამდენჯერმე შეიცვალა დისლოკაციის ადგილი, დღეს ეს ორგანიზაცია ფორმალურად არსებობს და ავსტრიის დედაქალაქ ვენაში აქვს შტაბ-ბინა.


სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ისტორიანის" აგვისტოს ნომერში
ნიკა ხოფერია