დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე" ანუ როგორ არ უნდა დავწეროთ ისტორიული რომანი


მინდა წარმოგიდგინოთ ჩემი რეცენზია დათო ტურაშვილის „ტყეების მეფეზე". რომანზე, რომლისგანაც უფრო მეტს მოველოდი და რომელმაც იმედები გამიცრუა მე როგორც მკითხველს და როგორც ისტორიკოსს და ასევე საზოგადოების იმ ნაწილს, რომელიც მეტნაკლებად გარკვეულია ისტორიული რომანის სპეციფიკაში და ასევე დაინტერესებულია ისტორიით. 
P.S. გაინტერესებთ რატომ ჩავსვი რობერტ ბარათეონის სურათი პოსტში? წაიკითხეთ რეცენზია.  


იმ ისტორიული ნოველების უდიდესი ნაწილი, რომლის მთავარი პერსონაჟები რეალური ადამიანები არიან, ყოველთვის მოიკოჭლებს როგორც ლიტერატურული ღირებულებებით, ასევე ინფორმაციულობითა და ატმოსფეროთი.
ჰილარი მანტელი (ბრიტანელი მწერალი, Wolf Hall-ს ავტორი) 

ისტორიული რომანი ლიტერატურის ერთ-ერთი განსაკუთრებული ჟანრია, რომელსაც თავისი სპეციფიკა აქვს. მისი მთავარი განმასხვავებელი ნიშანი სხვა ჟანრის ლიტერატურისგან არის ის, რომ ისტორიული რომანი წარმოგვიდგენს იმ ეპოქის სახეს, ატმოსფეროს, რომელსაც ეხება. გვიჩვენებს ცნობილი ისტორიული პირების ცხოვრების დეტალებს - მათ ფსიქოლოგიურ პორტრეტს, აზროვნებას, გრძნობებს. ისტორიული რომანი შეიძლება იყოს წარმოდგენილი როგორც გამოგონილი, ისე რეალური ისტორიული პირის პერსპექტივიდან, რომელიც ავტორის ინდივიდუალური გადაწყვეტილების მიხედვით არის უბრალო გლეხი, ვაჭარი, მემატიანე, ჯარისკაცი, მეფე და ა.შ. ძირითადი თემები კი გახლავთ დინასტიური ინტრიგები, სამოქალაქო თუ სახელმწიფოთა შორის ომები, რელიგიური დაპირისპირებები. შუა საუკუნეების შესახებ ისტორიულ ნოველებში (რომელიც ამჯერად ჩვენი განხილვის თემაა) ყურადღება ხშირად არის გამახვილებული ამ პერიოდისთვის დამახასიათებელ მისტიკურ გარემოზე, რელიგიურ ფანატიზმზე, ფეოდალური საზოგადოებისა და სამღვდელოების ურთიერთობებზე, სკანდინავიელთა შემოსევებსა და ევროპული ქვეყნების შექმნაზე, დინასტიათა მითოლოგიურ წარმოშობაზე, წმინდა გრაალის ძიებაზე, ჯვაროსნული ორდენების საიდუმლოებებზე, ისლამური და ქრისტიანული სამყაროების დაპირისპირებაზე და ა.შ. 
ჯერემი აირონსი მეფე ჰენრი IV-ს როლში (The Hallow Crown, 2012)

ჟანრის წარმატებულ ავტორთა დიდი ნაწილი საფუძვლიანად ეცნობა სამეცნიერო ლიტერატურასა და ისტორიულ წყაროებს იმ ეპოქისა და მოვლენების შესახებ, რომელზეც წერს, რადგან სხვაგვარად მისი ნაწარმოები არ იქნება ინფორმაციული, ვერ შექმნის პერსონაჟის მრავალმხრივ სახეს და იმ გარემოს, რომელშიც ის იარსებებს, თუმცა, ზოგიერთი მწერალი ცდილობს უფრო ადვილად გავიდეს ფონს და მხოლოდ მცირერიცხოვანი, ყველასთვის ცნობილი და უმეტესად მანამდე მრავალჯერ განხილული ფაქტებით ცდილობს გავიდეს ფონს. რამდენად ახდენს ეს ყოველივე გავლენას ნაწარმოების სიუჟეტის განვითარებაზე, დახვეწასა და მის ერთიან, ავტორისეულ სამყაროდ წარმოდგენაზე, კარგად გამოჩნდა იმ „ისტორიული რომანის" შემთხვევაში, რომელსაც ამ რეცენზიაში მიმოვიხილავთ. 
საქართველოს ისტორიის შესახებ საკმაოდ ბევრი ისტორიული რომანი არსებობს, მაგრამ მათ შორის ერთეულები თუ გამოირჩევა, რომელთაც ამ ჟანრის არსს ალღო აუღეს და ეპოქის სახე, ატმოსფერო შექმნეს. მათ მკითხველამდე ლიტერატურის სახით მიიტანეს ის ისტორიული ფაქტები, რომლებიც ნაწილობრივ შეიძლება ნაცნობიც იყო მათთვის, მაგრამ ამჯერად მას სხვა კუთხით შეხედეს და მწერლის შთაგონებული იდეის გარშემო აგებულ მოვლენათა ჯაჭვს დაუკავშირეს. ისტორიული რომანების ავტორებიდან გამოსარჩევია კონსტანტინე გამსახურდია, ლევან გოთუა ვასილ ბარნოვი, გრიგოლ აბაშიძე. თუმცა საერთო ჯამში, ამ ჟანრის განვითარებითა და კლასიკური ისტორიული რომანების რაოდენობით ქართული ლიტერატურა ნამდვილად ვერ დაიკვეხნის. ვიმედოვნებ რომ ისეთი ჟანრის პოპულარიზაციამ, როგორიცაა ფენტეზი, შეიძლება მომავალში უფრო მეტი პერსპექტივა მისცეს ისტორიულ რომანს (ჯორჯ მარტინი: `მე ყოველთვის მივიჩნევდი ისტორიულ რომანსა და ფენტეზს ტყუპ დებად, ორ ჟანრად, რომელიც დაბადებისას განაცალკევეს") და მეტი ავტორი გამოჩნდეს, რომელიც წარმატებით იმუშავებს ამ ჟანრში, თუმცა, სამწუხაროდ, ამის მაგალითად არ გამოდგება დათო ტურაშვილის „ტყეების მეფე", რომელსაც ჩვენ განვიხილავთ. 
ჯორჯ მარტინის „ცეცხლისა და ყინულის სიმღერის" წიგნების სერიაში ისტორიული რომანისთვის დამახასიათებელი ბევრი დეტალია გამოყენებული

ამ წიგნს თითო-ოროლა რეცენზია და მოკლე მიმოხილვა მიეძღვნა, მათგან ზოგიერთი ლიტერატურულ ჟურნალებში გამოქვეყნდა, ზოგიერთი კი ინტერნეტის აქტიურმა ბლოგერებმა განათავსეს საკუთარ ბლოგებზე. გამოვყოფ ჯაბა ზარქუას რეცენზიას `ვერშემდგარი ბლოგბასტერის სინოფსისი", რომელშიც დათო ტურაშვილის ნაწარმოების ბევრი მნიშვნელოვანი პრობლემაა დაყენებული და შესაბამისადაც გახლავთ გაკრიტიკებული („არილი", #3, თბილისი, 2013). ზარქუა მართებულად აღნიშნავს წიგნის სტრუქტურის გაუმართავობას, შეუსაბამო შესავალს, სტილის არარსებობას, სტერეოტიპებისგან თავის არიდების უშედეგო ცდას, მოკლე მიმოხილვა გამოქვეყნებულია ჟურნალ „ცხელ შოკოლადში" (##94, თბილისი, 2013). წიგნის მკითხველისეული განხილვა განთავსებულია Molly Bloom-ს ლიტერატურულ ბლოგზე, ასევე „კეჟერაძის ბლოგზე". ორივე მათგანი დადებითადაა განწყობილი და ვერცერთი ვერ (ან არ) ხედავს ხედავს იმ პრობლემებს, რაც ნაწარმოებშია. 
პირველ რიგში მინდა შევეხო წიგნის შესავალს, რომელმაც თავიდანვე უარყოფითად განმაწყო ნაწარმოების მიმართ. ავტორი გვიხსნის როგორ და რისთვის მომზადდა თავდაპირველად სცენარის სახით დაწერილი ტექსტი და როგორ გადააკეთა შემდეგ ისტორიულ რომანად. იგი ცდილობს ამბის საფუძველად წარმოგვიდგინოს არა XI საუკუნის II ნახევრისა და XII საუკუნის I ნახევრის მნიშვნელოვანი მოვლენები, არამედ რომელიღაცა ლეგენდა, რომელიც თურმე „პოსტატლანტიდური იბერიული ცივილიზაციის წარმოშობის ხანას" უკავშირდება, როდესაც „იბერიული მოდგმის ხალხები დაიფანტნენ სხვადასხვა მიწაზე და მათი შეკრება დავით მეფის დროს მოხდა, საერთო მტრის წინააღმდეგ გადამწყვეტი ბრძოლის წინ". ამ საკითხზე კომენტარის გაკეთებაც კი ღიმილისმომგვრელი იქნება ნებისმიერი ერუდირებული ადამიანისთვის, მითუმეტეს ისტორიკოსისთვის. 
შუა საუკუნეების მასშტაბებით, ესპანეთიდან საქართველომდე ჩამოსასვლელად უზარმაზარი მანძილი იყო გასავლელი ზღვით, ხმელეთით კიდევ უფრო მეტი და თან ხიფათით აღსავსე. იგივე ხდება პალესტინასთან დაკავშირებით, ამიტომაც ესპანელ ჯვაროსანთა რაოდენობა მეტად მცირე იყო (პაპმა საერთოდ გაათავისუფლა ისინი წმინდა მიწაზე ლაშქრობისაგან) და ისინი ძირითადად თავისივე სამშობლოში იბრძოდნენ დამპყრობ მუსლიმთა წინააღმდეგ. მათთვის „რეკონკისტაც" ჯვაროსნული ომი იყო.

რა პოსტატლანდიური იბერიული ცივილიზაცია და იბერიელი ხალხების დაფანტვა და შეკრება? საინტერესოა ისტორიაზე ვსაუბრობთ თუ სტანისლავ ლემის, რეი ბრედბერის ან აზიმოვის შექმნილ რომელიმე პარალელურ, ფანტასტიკურ სამყაროზე. რომელი „იბერიელი ხალხების" გაერთიანება ნახა ავტორმა დიდგორის ბრძოლაში (ვგონებ ესპანელებისა და ქართველების) ან როდიდან ებრძოდნენ ახლო აღმოსავლეთის თურქ-სელჯუკ ამირებს, ართუკიან ილ-ღაზს ესპანელები ამაზე ალბათ მხოლოდ დათო ტურაშვილი გიპასუხებთ. სამყაროს ქრისტიანებად და მუსლიმებად დაყოფა შუა საუკუნეების რეალობისთვისაც კი გაუმართლებელია და ამის საწინააღმდეგოდ მრავალი ფაქტორი მოქმედებს. როდის შეხვდნენ ერთმანეთს ესპანელები და ქართველები დავითის მეფობის პერიოდში, მითუმეტეს როდის ეომნენ ერთად სელჯუკებს არანაირ ლოგიკას არ ექვემდებარება. პირველი ცნობა კი ქართველთა და ესპანელთა ურთიერთობის შესახებ გვხვდება ჯვრის მონასტრის აღაპებში. ეს ცნობა XII საუკუნის სამოცდაათიანი წლებით თარიღდება და მასში დასახელებულები არიან ესპანელი სულიერი ძმები, სანტიაგოს ორდენის წევრები როდრიგო ალვარესი, პედრო მარტინი და პედრო გონსალესი (მათ შესახებ ბლოგზე იხ. ჯვაროსნები ჯვრის მონასტრის აღაპებში, ნაწილი II). ეს ცნობა არ გვაძლევს არავითარ საფუძველს რომ ვიმსჯელოთ ქართველთა და ესპანელთა სამხედრო კავშირზე, მითუმეტეს რა სამხედრო კავშირზეა საუბარი, როდესაც ჯვაროსნები პალესტინამდე ჩასვლას ძლივს ახერხებდნენ, ესპანელებისთვის საქართველომდე მოღწევა ან თუნდაც წმინდა მიწამდე, სადაც მათი რაოდენობა მინიმალური იყო, რამდენად დიდ სირთულეს წარმოადგენდა. ამას გარდა, ესპანეთი თავად იყო ჩართული სისხლისმღვრელ „რეკონკისტაში" - მავრთაგან გამათავისუფლებელ ომში. 
კახი კავსაძე დონ კიხოტის როლში. დავითის ლაშქარში ესპანურად გადაცმული ქართველების მსახური უფრო დასაშვებია, ვიდრე ესპანელი ესპანელებისა (ფოტო საჯარო ბიბლიოთეკის არქივიდან)

ამ ყველაფრის შეხსენებას ავტორი ფილმის მომავალი რეჟისორისთვის გეგმავს. იმედია, თუ ასეთი რეჟისორი გამოჩნდება, ექნება დამოუკიდებელი აზროვნების უნარი და ყველაფერს ცივი გონებით შეაფასებს, მიხვდება რამდენად იქნება ასეთი რამ დასაშვები და ფილმში შემოგვთავაზებს რეალობას, რომელიც ისედაც ისეთი დიდებულია, რომ არანაირ შელამაზებას არ საჭიროებს ზღაპრებით. შეიძლება ბევრი ფიქრობს, რომ საქართველოს ისტორიის პოპულარიზაციისთვის საჭიროა ასეთი ნაწარმოები ან ფილმი, მაგრამ აქ ერთ მაგალითს მოგიყვანთ. ალბათ, ბევრმა თქვენგანმა არც იცის თურქების გადაღებული ისტორიული ფილმი „ფეთიჰ 1453" (2012), რომელიც ოსმალების მიერ კონსტანტინოპოლის აღებას ეხება. ფილმი ძალიან სუბიექტურია და თურქების მხარეს როგორც გმირებს ისე წარმოგვიდგენს, ხოლო ბიზანტიელებსა და მათ იმპერატორს, როგორც მკვლელებსა და არამზადებს. ბრძოლის სცენებში კი უმეტესად თურქი მეომარი ათობით ბიზანტიელს კლავს, თვითონ კი ფაქტობრივად უვნებლად მიიწევს წინ. თან მრავალრიცხოვნები თითქოს არა თურქები, არამედ ქალაქის დამცველები არიან, რომლებიც რეალურად ძალიან ცოტანი იყვნენ და ძირითადად მოქირავნე იტალიელების ხარჯზე გადიოდნენ. ასეთმა არაობიექტურმა მიდგომამ მაყურებელში (რა თქმა უნდა თურქებს არ ვგულისხმობ) უარყოფითი რეაქცია გამოიწვია და ფილმმაც შესაბამისად ცუდი შეფასება მიიღო. ასე რომ ეს ფაქტორი აუცილებლად გასათვალისწინებელია. ისიც უნდა ითქვას, რომ ეს განსაკუთრებით ეხება ისეთი ქვეყნების ფილმოგრაფიას, რომელთა ისტორია ნაკლებადაა ცნობილი მსოფლიოს მასშტაბით და ამიტომ პირველი ნაბიჯების გადადგმაც ამ სფეროში უნდა იყოს ჭკვიანური და კარგად ჩაფიქრებული (თუმცა ობიექტურმა კინოკრიტიკამ ოლივერ სტოუნის „ალექსანდრე" და ბევრი სხვა ცნობილი ისტორიული ფილმიც არ დაინდო). 
 „ფეთიჰ 1453"-ს პოსტერი

ერთმანეთის პირისპირ დგანან საომრად გამზადებული ჯარები" - დიდგორის ბრძოლის უნიკალურობა და მისი „ძლევაი საკვირველობა" ისაა, რომ ეს არ ყოფილა ჩვეულებრივი, გაშლილ ველზე ბრძოლა, არამედ დიდი სამხედრო ხელოვნებით მომზადებული ოპერაცია, რომელიც მტრისთვის მოულოდნელად განვითარდა. თუ ეს იქნება ჩვეულებრივი, სტატიკური ბრძოლა, რით იქნება საინტერესო ან წიგნის ან ფილმის მაყურებლისთვის? რას ნახავს ახალს? ამ ბრძოლას ძალიან საინტერესო ისტორია აქვს და მისდამი რეალისტურად მიდგომა კიდევ უფრო კარგად წარმოაჩენს დავით IV-ს სამხედრო ნიჭს, ვიდრე გაშლილ ველზე მილიონიან თურქებთან შეტაკება. ბრძოლის მომზადება, მისი დაგეგმვა და მთავარი დარტყმის განხორციელება - კარგი მასალა იქნებოდა როგორც კინოსცენარისთვის, ისე ისტორიული რომანისთვის, მაგრამ ეს ყველაფერი იკარგება ჩვეულებრივი, სტატიკური საველე ბრძოლის პირობებში, რომელშიც „ორასამდე ბერულად შემოსული ადამიანი გამოვა და მტრის შუაგულისკენ დაიძრება". „ყველა მემატიანე ადასტურებს რომ ომის დაწყებამდე ქართველების ლაშქარს გამოეყო დაახლოებით ორასი ადამიანი, რომლებიც მოწინააღმდეგის მთავარი ბანაკის მიმართულებით დაიძრნენ". ავტორი ამაში ცდება, რადგან ეს ცნობები ყველა მემატიანეს ნამდვილად არ აქვს მოხსენიებული, მათ შორის არც დავით აღმაშენებლის ისტორიკოსს, რომელიც მთავარი წყაროა ამ პერიოდის საქართველოს ისტორიის შესწავლისთვის. გოტიე ანტიოქიელის თხზულება კი, რომელიც მეტად ზღაპრული ასპექტებითაა გაჯერებული ამ ორას კაცს ფრანკ ჯვაროსნებად გვისახავს. „სელჩუკების სახელოვან სარდალ ილღაზს რამდენჯერმე ისე სასტიკად ჰყავდა დამარცხებული [ჯვაროსნები], რომ ორასი ჯვაროსნის გამოჩენა დიდგორის ველზე პანიკას და არეულობას ნამდვილად არ გამოიწვევდა ასეულ ათასობით სელჩუკს შორის". 1. რამდენჯერ ჰყავდა ილღაზს ჯვაროსნები დამარცხებული? ერთადერთხელ, როდესაც თავისზე სამჯერ მცირე ძალების მქონე ანტიოქიის მთავარი როჯერი გაანადგურა ბალატთან ბრძოლაში, თავად ილ-ღაზი და მისი მოკავშირე ამირები კი სხვა დროს თავადაც სასტიკად დამარცხებულან იმავე ჯვაროსნებთან, რომლებიც მცირერიცხოვანი ძალებითაც კი ახერხებდნენ მათი იერიშების აღკვეთას, 2. რა შუაშია პანიკის და არეულობის გამოწვევა? და 200 ბერი პანიკას გამოიწვევდა მტრის რიგებში? ორივე შემთხვევაში ხომ მათ მოღალატეების როლი უნდა შეესრულებინათ და შუა ბანაკში ბრძოლა გაეჩაღებინათ, 3. ასეულ ათასობით სელჯუკის საკითხი ქართულ ისტორიოგრაფიაში უკვე კარგადაა გარკვეული და სამხედრო ისტორიკოსები თუ აღმოსავლეთმცოდნეები დაგიდასტურებენ, რომ ეს ცნობა სინამდვილეს არ შეესაბამება. ამას გარდა, როგორც „ტყეების მეფის" ავტორი წერს ბრძოლა დიდგორის ველზე მოხდა. უნახავს მას დიდგორის ველი? რამდენი ათასი ადამიანის დატევა შეიძლება იქ? ამ კითხვაზე პასუხი უკვე საფუძვლიანად გასცა სოსო მარგიშვილმა თავის ფუნდამენტურ ნაშრომში `მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ". 
 დიდგორის ბრძოლის მემორიალი

განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო შემდეგი მონაკვეთი: „ორასი თავგანწირული ადამიანი, რომლებიც უყოყმანოდ შეეწირნენ დიდგორის გამარჯვებას ქართველი ბერები არიან. ისინი იყვნენ ბერები, მაგრამ იყვნენ ფიცის ბერები - ქართული საბრძოლო ილეთების უზადოდ მცოდნე მეომრები, რომლებიც მშვიდობიანობის დროს მშვიდად აღასრულებდნენ საბერო მოვალეობებს იმ მონასტერში, რომელზეც პირადად ზრუნავდა დავით აღმაშენებელი". სავარაუდოდ, ავტორს გონებაში ჰქონდა ჩარჩენილი ტიბეტში ყოფნისა და „კატმანდუსა", „ტიბეტი არ არის შორს" დაწერის პერიოდი. მის წარმოსახვაში გაჩნდა შაოლინის მონასტრის ბერების ისტორია, რომლის დაკავშირება ქართველ ბერებთან გადაწყვიტა და ასე მივიღეთ 200 „ტყვიაგაუმტარი ბერი" დიდგორის ბრძოლაში, ილღაზის წინააღმდეგ. „ბერებმა გამოიყენეს იარაღი, რომელსაც სწორედ ასეთი შემთხვევებისთვის ამზადებდნენ ქართველები. ბერული სამოსის შიგნით, წელზე შემოხვეული დრეკადი ხმლების დანახვა მტერს, რა თქმა უნდა არ შეეძლო, ისევე, როგორც ზურგში ჩამალული იარაღისა; ბერებმა საბრძოლველად გამოიყენეს წვრილი ხევსურული ხმლებიც, რომლებიც, ერთი შეხედვით, მხოლოდ საბერო ჯოხი-საყრდენი გეგონება და სინამდვილეში ქარქაშს წარმოადგენს, რომლიდანაც სელჩუკების დამარცხება ამოვიდა". საინტერესოა საიდან მოვიდა XII საუკუნის 20-იან წლებში წელზე შემოხვეული დრეკადი ხმლების ტექნიკა საქართველოში, როდესაც ასეთი რამ შუა საუკუნეების არც ევროპულ და არც ახლო აღმოსავლურ ჭედურ ცივ იარაღს არ ახასიათებდა ან როგორ უნდა ებრძოლათ ასეთ დრეკადი მახვილით? ასეთი ნივთი შეიძლება ყოფილიყო ლახტი და არა მახვილი. ხევსურულ ხმლებზე კომენტარის გაკეთებაც კი რთულია, თუმცა რადგან ნაწარმოებში არა შუა საუკუნოვანი არამედ XIX საუკუნის ხევსურული ატმოსფერო სუფევს, არც ხევსურული ხმალია გასაკვირი. გასაგებია, რომ ეს არ არის სამეცნიერო ნაშრომი, მაგრამ ვისაც ისტორიული რომანები წაუკითხავს, ის ადვილად მიხვდება რისი დაშვება და რისი უარყოფა უნდა მოხდეს ამ ჟანრში. 


კადრი ფილმიდან „ტყვიაგაუმტარი ბერი"

ნამდვილად არ ვიცი, რომელ წლებში წერდნენ ფილმის სცენარს (რომელიც ტურიკამ ისტორიულ რომანად გადააკეთა) აკა მორჩილაძე და დათო ტურაშვილი, მაგრამ იმის აღნიშვნა, რომ ისინი დიდი გულდასმით ეცნობოდნენ ისტორიულ წყაროებს, იღებდნენ კონსულტაციებს ისტორიკოსებისა და მკვლევარ-მეცნიერებისგან (როგორც ეს წიგნის შესავალშია აღწერილი) და ისინი მაქსიმალურად დაეხმარნენ ამ ტექსტის დამუშავებაში, ეჭვის ქვეშ აყენებს ამ მეცნიერების კომპეტენციასაც მოცემულ საკითხზე. ისტორიული წყაროები რომ არაპროფესიონალურადაა გამოყენებული, ეს წიგნს რა თქმა უნდა ეტყობა, მაგრამ მიუხედავად იმისა, რომ წიგნის ავტორი ისტორიკოსი არ გახლავთ, მას ჯერ მაქსიმალურად დეტალურად უნდა შეესწავლა და გაეანალიზებინა დავით IV-ს ეპოქა, კრიტიკულად დაემუშავებინა წყაროები, ყურადღება გაემახვილებინა ეპოქის სახასიათო დეტალებზე, შუასაუკუნოვანი ფეოდალური საზოგადოების წარმოდგენებზე, საეკლესიო მოღვაწეთა ცხოვრებაზე, შუა საუკუნოვანი ომების სპეციფიკაზე, შეიარაღებაზე, ტაქტიკაზე და ა.შ. ამ დიდი პრობლემის ნიშნები ღრმად წარმოჩინდა რომანის სხვადასხვა ეპიზოდში. ისტორიული რომანი ურთულესი ჟანრია და ბევრ მუშაობას მოითხოვს. შეიძლება ზოგიერთი თვლის, რომ ტურაშვილის „ტყეების მეფე" მსუბუქად საკითხავი, თანამედროვე სტილის ნაწარმოებია, მაგრამ ეს ასე არ არის. ისტორიული რომანის მოყვარულებმა კარგად იციან ისეთი ავტორები, როგორიცაა უმბერტო ეკო, ბერნარდ კორნუელი, საიმონ სკეროუ. ისინი თანამედროვე მწერლები არიან, მეტიც, უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი" პოსტმოდერნისტული ლიტერატურის სიაშიც კი ხვდება, მაგრამ ალბათ გინახავთ ამ წიგნში მოცემული ცალკე თავი, სადაც რომანზე მუშაობის შესახებ წერია. როგორ მუშაობდა, რამდენს კითხულობდა, რამდენს აანალიზებდა და როგორი კრიტიკული თვალით უყურებდა საკუთარ ნაწერს ეს იტალიელი მწერალი. ბერნარდ კორნუელი, ისტორიული რომანების ეს ცნობილი ავტორი, უამრავ დროს ხარჯავს ისტორიული წყაროების და სამეცნიერო კვლევების დამუშავებაში და მისი ყოველი წიგნის უკან წარმოდგენილია იმ მასალების ჩამონათვალი, რომლის მიხედვითაც დაამუშავა ესა თუ ის დეტალი. 
უმბერტო ეკოს „ვარდის სახელი" და „ბაუდოლინო" კარგი მაგალითია თუ როგორ უნდა დაიწეროს ისტორიული რომანი შუა საუკუნეების შესახებ

მან მაქსიმალურად ზუსტად იცის რაზე წერს, იცნობს თითოეულ წვრილმანს, პერსონაჟს, იცის ვინ და რა როგორ უნდა გამოიყენოს, ამიტომაც ეპოქის ატმოსფეროს ზუსტად წარმოგვიდგენს. ამის შესანიშნავი მაგალითია მისი საქსონური ქრონიკები. ამ ავტორთა ნაწარმოებები კარგი საკითხავია და ძალიან ჩამთრევი, საინტერესო სიუჟეტით გამოირჩევა. ავიღოთ თუნდაც XIX საუკუნის და XX საუკუნის ისტორიული რომანების ავტორები. რამდენად დეტალურად იცნობდა ალექსანდრე დიუმა იმ ეპოქას, რომელზეც წერდა, ან რაფაელო ჯიოვანოლი, რომელმაც ბრწყინვალედ შეძლო ძვ.წ. I საუკუნის ანტიკური იტალიის გაცოცხლება და სპარტაკის პერსონაჟის დაუვიწყარი სახის შექმნა. ქართული ისტორიული რომანებიდან კი კარგი მაგალითია კონსტანტინე გამსახურდიას „დიდოსტატის კონსტანტინეს მარჯვენა" და „დავით აღმაშენებელი". მიუხედავად სიუჟეტში ბევრი არარეალური გადახვევებისა, ორივე ნაწარმოებში კარგად ჩანს რამდენი იმუშავა მათზე ავტორმა, როგორ დეტალურად გაეცნო იმ პერიოდის ისტორიას, არქიტექტურას, ენის თავისებურებებს და ა შ.
„ჩვენ გავითვალისწინეთ ქართველ ხალხში არსებული სტერეოტიპიც ისტორიული მეხსიერებისა და შევეცადეთ, გავთავისუფლებულიყავით დოგმატური დამოკიდებულებისგან, როგორც ზოგადად ჩვენი წარსულის, ისე კონკრეტული პირების მიმართ" - წერს ავტორი და წიგნს არქმევს „ტყეების მეფე: ლეგენდები დავით აღმაშენებელზე"... არცთუ რთული მისახვედრია, რომ სწორედ ეს ლეგენდები წარმოადგენს ხალხში არსებულ სტერეოტიპებს და საჭიროებს რეალისტურ მიდგომას და არა კიდევ უფრო „გალეგენდებას". დავით IV-ს პერიოდი ნამდვილად არაა ის დრო, როდესაც ჰესიოდე „თეოგონიას" წერდა. საკმარისად არსებობს ისტორიული წყაროებიც და მათი კრიტიკული ანალიზის საფუძველზე შექმნილი სამეცნიერო კვლევები, რასაც შეუძლია დაეყრდნოს ავტორი. რომელ სტერეოტიპს ასცდა ამ წიგნში ავტორი? ყველა ძირითადი სტერეოტიპი თავის ადგილზე რჩება - დიდგორის ბრძოლა კვლავ ნაცნობი სცენარით ვითარდება, ილღაზი კვლავ ასეულათასიანი ჯარით შემოდის საქართველოში, 200 მეომარი (ამჯერად ტყვიაგაუმტარი ბერები, თუმცა ეს ძირეულ სხვაობას არ ქმნის), ბრძენი და იდეალური გიორგი ჭყონდიდელი, ლოთი და მონადირე გიორგი II, დავითის პირველი ცოლის მიმართ დამოკიდებულება, ბალდუინ II-ს ჩამოსვლის აბსურდული ამბავი, სწორხაზოვნად აღწერილი ისტორია, თუ როგორ იღებს მეფე ქალაქებს და ციხეებს და ა.შ. რა არის სიახლე ამაში და რომელი სტერეოტიპია დანგრეული? ამას ემატება ახალი, არარეალური ფაქტები, მაგალითად ნაჯმ ად-დინ ილ-ღაზი სელჩუკთა სულთნად არის გამოყვანილი, როდესაც ის ერთ-ერთი ამირა იყო და არა სელჩუკთა სახელმწიფოს მმართველი. 
ბერნარდ კორნუელი - ისტორიული ჟანრის ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე წარმატებული ავტორი

„ტყეების მეფის" პერსონაჟები იყენებენ ენას, რომელიც რთულად გასარკვევია რომელ დროში გამოიყენებოდა საქართველოში და საერთოდ არანაირ ღირებულებას არ სძენს ნაწარმოებს. ჯაბა ზარქუამ სამართლიანად აღნიშნა, რომ თუ ავტორს სიძველის ეფექტის შექმნა სურდა, მეტი შრომა უნდა გაეწია და იმ ეპოქის ენა გაეცოცხლებინა. თუ არადა ჯობდა მთლიანად დღევანდელ ქართულ ლიტერატურულ ენაზე დაეწერა, რაშიც არავინ დაადანაშაულებდა. ეს ნახევრად ხევსურულ-ქართულ-კახურ დიალექტზე მოსაუბრე „მეფე აფხაზთა და ქართველთა"  კი ამავდროულად იყენებს ისეთ სიტყვებს, როგორიცაა რისკი („რისკი ყოველთვის გამართლებულია თუ იგი სახელმწიფო ინტერესებს ემსახურება") და თანამედროვე პოლიტიკურ ტერმინოლოგიას იყენებს ჭყონდიდელთან საუბარში.
რაც შეეხება პერსონაჟებს, მათ შესახებ მოკლედ ვისაუბრებთ, რადგან ჯაბა ზარქუამ იმ სათქმელის დიდი ნაწილი უკვე აღნიშნა თავის რეცენზიაში, რის დაწერასაც ჩვენ ვაპირებდით. ნაწარმოებში არ ჩანს რატომ იყო დავით IV გამორჩეული, დიდი მეფე. იგი ფაქტობრივად დაკარგული, უფერული პერსონაჟია. ტოვებს უხასიათო, ჭირვეული ადამიანის შთაბეჭდილებას. როგორც ზარქუამ აღნიშნა ის მართლაც „უბრალოდ დადის და სუნთქავს, სრულიად უმიზნოდ". განსაკუთრებით მინდა აღვნიშნო გიორგი II-ს პერსონაჟი. რას წარმოადგენს „ტყეების მეფეში" გიორგი II? ის არის ადამიანი, რომელსაც ავტორმა კისერზე მთელი მომხდარი უბედურებები აჰკიდა. გიორგი II იყო ლოთი, უნიჭო, უხასიათო სულელი ადამიანი, რომელმაც ვერ დაიცვა ქვეყანა თურქებისგან, დაკარგა მიწები და არ იბრძოდა უკეთესი ქვეყნისთვის. თუ ავტორს სტერეოტიპების დარღვევა უნდოდა, პირველ რიგში სწორედ ამისთვის უნდა მიექცია ყურადღება. გიორგი II-ს მოუწია ურთულეს პირობებში მეფობა. ახალგაზრდობაში მან დაიმორჩილა აჯანყებული ფეოდალები, მათ შორის კლდეკარის ერისთავი ივანე ლიპარიტის ძე.

სელჩუკთა იმპერია ძლიერების ზენიტში იყო სულთან მალიქ შაჰის მმართველობისას 

გიორგი II-ს მიღებული ჰქონდა უმაღლესი ბიზანტიური წოდება ბასილევსის შემდეგ - კესაროსი ანუ კეისარი. იგი ერთადერთი იყო ქართველ მეფეთაგან ვისაც ბიზანტიელებმა ეს ტიტული მიანიჭეს. კესაროსის ტიტულის მფლობელი ითვლებოდა იმპერატორის შემდეგ პირველ პირად. გიორგი II-ს დროს სელჩუკთა სახელმწიფო დიდების ზენიტში იყო. მალიქ-შაჰის იმპერია უზარმაზარ სივრცეზე იყო გაშლილი. სელჩუკებმა გიორგის გამეფებამდე 1 წლით ადრე მანაზკერტის ბრძოლაში გაანადგურეს ბიზანტიელთა ჯარი და წაართვეს მას დიდი ტერიტორიები. ამ მდგომარეობაში გიორგი II ახერხებს ფარცხისთან სელჩუკთა დამარცხებას და დროებითი საფრთხის თავიდან აცილებას, შემდეგ კი იძულებული ხდება ხარკი იკისროს და ქვეყანას სრული განადგურება აარიდოს. ამავე დროს, საქართველოში ხდება უძლიერესი მიწისძვრა, რომელიც ერთი წელი პერიოდულად გაგრძელდა და ძლიერ დააზიანა ქვეყანა. დასუსტებულ-დანგრეული სახელმწიფოს მეფემ დაკარგა პოპულარობა, მას აღარ შეეძლო ქვეყნის ბედისწერის შეცვლა და 1089 წლის შემდეგ მეფედ ცხადდება მისი ძე დავითი. მიუხედავად ამისა, გიორგი II ითვლება „მეფეთ-მეფედ"და იხსენიება რუის-ურბნისის საეკლესიო კრების ძეგლისწერაში. 1112 წლამდე, სანამ იგი გარდაიცვლებოდა, სავარაუდოდ საკმაოდ მნიშვნელოვან როლსაც თამაშობდა ქვეყნის პოლიტიკურ ცხოვრებაში. მნიშვნელოვანია იმის აღნიშვნაც, რომ დავითისთვის ბევრად უფრო ხელსაყრელი ვითარება შეიქმნა ქვეყნის გასამთლიანებლად და ძლიერების აღსადგენად, რადგან მის დროს იწყება ჯვაროსნული ომები და მალიქ-შაჰის იმპერია ფაქტობრივად იშლება. მიუხედავად ამისა, ლიტერატორ ავტორთა უმრავლესობა უარყოფითად აფასებს გიორგი II-ს და ამ სტერეოტიპს არ არღვევს არც „ტყეების მეფის" ავტორი. მის ნაწარმოებში გიორგი II გვევლინება ცნობილი ფილმის „ალექსანდრეს" ერთ-ერთ მთავარ პერსონაჟად - მაკედონიის მეფე ფილიპე II-დ. ლოთ, ღრეობების მოყვარულ, მანიაკალურ პიროვნებად, თუმცა მასზე ბევრად სულელად. ალბათ „სატახტოთა თამაშიდან" რობერტ ბარათეონისა და „ალექსანდრედან" (2004) ფილიპეს თვისებები რომ გავაერთიანოთ, გიორგი II-ს მივიღებთ. მათ საქციელსა და საუბარს შორის მსგავსება ძალიან დიდია. ალბათ ველ კილმერს, რომელიც ბრწყინვალედ ასრულებს ფილიპეს როლს და რეჟისორ ოლივერ სტოუნს, დააინტერესებდათ ამ როლის გაქართულებული ვარიანტი, ჯორჯ მარტინი კი მას ნაწარმოების რამდენიმე თავის შემდეგ, აჯამეთის ტყეში ნადირობისას ტახს მოაკვლევინებდა. 

 გიორგი II, ფილიპე II თუ რობერტ ბარათეონი? საკითხავი აი ეს არის!

უაზროდ გაწელილად და უმნიშვნელოდ მოჩანს ყივჩაღეთში ახალგაზრდა დავითისა და გურანდუხტის ურთიერთობა. ეს უკანასკნელიც ისეთივე უფერული პერსონაჟია, როგორც სხვები. დავითის პირველი ცოლის არსებობა მხოლოდ ზოგჯერ გვახსენდება და ის ისეთივე უსუსური, მიტოვებული და დაჩაგრულია, როგორც მიიჩნევდნენ სხვა ავტორებიც და ეს სტერეოტიპი კვლავ დაურღვევლად გვხვდება „ტყეების მეფეშიც". მინდობაი არაბისძე, შულია და სხვა ასეთი პერსონაჟები ეპოქიდან თითქოს ამოვარდნილები არიან და XIX საუკუნის ხევსურებს ჰგვანან. უინტერესო და ტრადიციულად მოსაწყენია გიორგი ჭყონდიდელის პერსონაჟიც, რომელზეც ალბათ ბევრად უკეთესად შეიძლებოდა დაწერა, რადგან ეპოქის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო ისტორიული პირია. 
რა დასკვნის გამოტანა შეიძლება ამ ყველაფრიდან? ნაწარმოებმა არ გაამართლა. არ გაამართლებდა არც სცენარის სახით და მეტად საეჭვოა მის გადაღებას რომელიმე ცნობილი კინოკომპანია დათანხმებოდა. ყველაფერი ძალიან დასახვეწია, ახლიდან დასაწერია, არ არის კონკრეტიკა, არ არის საინტერესო დეტალები, არ არის ატმოსფერულობა. ისტორიული რომანის დაწერამდე ჯობს მეტი ცოდნის შეძენა, მეტი სამეცნიერო ლიტერატურის კითხვა და... კიდევ ბევრი სხვა რამ. ამ შემთხვევაში „ტყეების მეფიდან" შეიძლება უფრო უკეთესი, ქართველთა და აფხაზთა მეფის გამოყვანა. 

ნიკა ხოფერია
P.S. რეცენზიაში გათვალისწინებულია ამ წიგნის წაკითხვის შემდეგ გულდაწყვეტილი მეგობრის რამდენიმე შენიშვნა