აფრიკის ცხელ მიწაზე ღამეს დაესადგურებინა, ცა ვარსკვლავებით იყო მოჭედილი, ნახევარმთვარე დაჰყურებდა უძველეს ქალაქ კართაგენს, მის მასიურ კედლებსა და უზარმაზარ ნავსადგურს, მაგრამ ქალაქს არ ეძინა, თითქოს რაღაცას შეეშფოთებინა ის სხვადასხვა ეროვნებისა და რჯულის ხალხი, რომელიც ამ გალავნის მიღმა სახლობდა, დაძაბულობა იგრძნობოდა, სუფეტები და სენატორები ბაალის ტაძართან იყვნენ შეკრებილები, ხოლო ჩირაღდნიანი მონები ღამეული სიბნელის გაფანტვას ცდილობდნენ. ჰანონი და ჰისგონი გაცხარებულები საუბრობდნენ რომაელთა წინააღმდეგ მომავალი მოქმედებების შესახებ. ამ დროს გალავანიდან მცველებმა მხედართა ჯგუფი დალანდეს. ისინი სწრაფად მოუახლოვდნენ კარიბჭეს და მალე მათი ცხენები კართაგენის ვიწრო ქუჩებში მითქარუნობდნენ. მხედრები ბაალის ტაძარს მიუახლოვდნენ, ერთ-ერთი მათგანი დაქვეითდა, მუზარადი მოიხადა და ცეცხლის შუქზე გამოჩნდა, რომ იგი ცალთვალა იყო, მეორე, კუპრივით შავ თვალში კი ამოუცნობი ალი უკიაფებდა, დააოჭებულ და იარებით დაღარულ სახეზე მცირედ გაჭაღარავებული შავი წვერი მოსდებოდა. იგი ჰისგონს მიუახლოვდა. – ჰანიბალ! შესძახეს გაოცებულმა სუფეტებმა ერთად, ბრძოლის შესახებ ცნობა ჩვენამდე არ მოსულა, რა მოხდა? – ასე იმიტომ მოხდა, რომ რომაელებმა უკან დასახევი გზა მოგვიჭრეს და მეც კი ძლივს დავაღწიე თავი, ჯარი დაღუპულია, ომი წაგებულია, სციპიონი რამდენიმე დღეში აქ იქნება, კართაგენი საფრთხეშია – წარმოთქვა კაცმა, რომელიც პირველად და საბოლოოდ დამარცხდა გენერალურ ბრძოლაში...
ზამას ბრძოლა პუნიკური ომების ისტორიაში გარდამტეხ მომენტად და კართაგენის დიდების მზის საბოლოო ჩასვენებად ითვლება. 202 წლის 19 ოქტომბერს აფრიკაში იმ დროის უდიდესი ბატალია შედგა. როგორც ტიტუს ლივიუსი წერს: გამარჯვებულს ჯილდოდ აფრიკა ან იტალია კი არ ერგებოდა, არამედ მთელი მსოფლიო. ზამას ბრძოლაში გენიალურ სამხედრო მოღვაწესა და კართაგენის უდიდეს სარდალს ჰანიბალს, ყველაზე ღირსეული მოწინააღმდეგე შეხვდა პუბლიუს კორნელიუს სციპიონის სახით. რომის გაძლიერება ბევრად უფრო სწრაფი ტემპით განვითარდა, ვიდრე მანამდე, როდესაც კართაგენის მძლავრი, ოლიგარქიული, მდიდარი სახელმწიფო ეცილებოდა ხმელთაშუა ზღვის აუზში გაბატონებაში. ამავდროულად ზამას ბრძოლის შემდეგ კართაგენი წელში ვეღარ გაიმართა და საბოლოოდ მესამე პუნიკური ომის შედეგად ძვ.წ. 146 წელს დაეცა. რომაელებმა ის მიწასთან გაასწორეს და მარილი დათესეს, რაც სიმბოლურად მათი დაუძინებელი მტრის ერთხელ და სამუდამოდ ამოძირკვას ნიშნავდა. Delenda est Carthago (კართაგენი უნდა დაინგრეს) – თქვა კატო უფროსმა. რომმა გაიმარჯვა და კართაგენი მიწასთან გასწორდა...
მოწინააღმდეგე მხარეები
კართაგენი
კართაგენი ჩრდილოეთ აფრიკის ტერიტორიაზე არსებული ფინიკიური კოლონია იყო (დაარსდა დაახ. ძვ.წ. 814 წ.), თუმცა საუკუნეების განმავლობაში დაცილდა ფინიკიელთა სამშობლოს, რომელიც ხშირად სხვადასხვა დამპყრობლის მსხვერპლი ხდებოდა. იმ დროის კართაგოს ეკონომიკის საფუძველს ფართოდ განვითარებული მონათმფლობელობა და საშუამავლო ვაჭრობა შეადგენდა. ის, ძველთაგანვე მონურ შრომაზე დამყარებულ პლანტაციური მეურნეობის კლასიკურ მხარედ ითვლებოდა. სახელმწიფოებრივი წყობილების მხრივ კართაგო ოლიგარქიული ტიპის მონათმფლობელურ რესპუბლიკას წარმოადგენდა. ხელისუფლებას ორი სუფეტი ახორციელებდა. ყოველწლიურად ხდებოდა სუფეტების გადარჩევა. საკანონმდებლო ხელისუფლებით არსებითად უხუცესთა საბჭო (სენატი) სარგებლობდა, რომელიც 300 წევრისგან შედგებოდა. ძვ.წ. III საუკუნის დასაწყისში კართაგენსა და რომს ბრძოლა მოუწიათ ეპირის მეფე პიროსთან (ძვ.წ. 319/318-272), რომელიც საბოლოოდ დამარცხდა. ამის შემდეგ რომაელები და კართაგენელები ერთმანეთს სიცილიის გამო დაუპირისპირდნენ.
კართაგენი (რეკონსტრუქცია)
ბერტოლდ ბრეხტი წერდა: “დიდმა კართაგენმა სამი ომი აწარმოა. პირველის შემდეგ კვლავ მძლავრ ქვეყნად რჩებოდა, მეორის შემდეგ იგი ისევ არსებობდა, ხოლო მესამის შემდეგ განადგურდა”. რომაელებსა და კართაგენელებს შორის ხმელთაშუა ზღვის ჰეგემონობისთვის ბრძოლას - პუნიკური ომები ეწოდება. რომის რესპუბლიკას მოწინააღმდეგის საბოლოო განადგურებისთვის სამი პუნიკური ომის წარმოება მოუხდა. პირველ პუნიკურ ომში დამარცხებული კართაგენი, რომელმაც კორსიკა, სარდინია და სიცილია დაკარგა, ცნობილი სარდლის, ჰამილკარ ბარკას ვაჟმა, გენიალურმა სარდალმა ჰანიბალმა კვლავ ომისკენ მომართა. იგი დამორჩილებული ესპანეთიდან დაიძრა იტალიისკენ, გაიარა გალია, ალპები და იტალიაში შეიჭრა, სადაც რამდენიმე მნიშვნელოვან ბრძოლაში(ტიცინუსი, ტრებია, ტრაზიმენი, კანე) დაამარცხა რომაელები. ამ უკანასკნელებმა ომის შემოტრიალება პუბლიუს კორნელიუს სციპიონის ესპანური კამპანიის შემდეგ მოახერხეს. საბოლოოდ სციპიონი აფრიკაში გადასხდა ჯარით (ძვ.წ. 205 წ.), რამდენჯერმე დაამარცხა კართაგენელები და მათი მოკავშირე ნუმიდიელი მეფე სიფაქსი. ჰანიბალი იძულებული გახდა დაბრუნებულიყო აფრიკაში, იგი ქალაქ ლეპტისთან გადმოსხდა, ზამთარი იქ გაატარა და შემდეგ სციპიონისკენ დაიძრა.
ჰანიბალ ბარკა
ჰანიბალ ბარკა (ძვ.წ. 247-183 წ.) ცნობილი კართაგენელი სამხედრო მოღვაწის და I პუნიკური ომის ერთ-ერთი გმირის, ჰამილკარ ბარკას ძე იყო. 9 წლის ასაკში მამამ რომაელთა სამუდამო მტრობის ფიცი დაადებინა. ტიტუს ლივიუსი ჰანიბალზე წერდა: დედამიწის ზურგზე ჯერ არ დაბადებულა ისეთი ადამიანი, რომელიც ორი ურთიერთსაწინააღმდეგო თვისებით, მეთაურისა და ხელქვეითის თვისებებით, ასე თანაბრად ყოფილიყო დაჯილდოებული. მისნაირად არცერთ მეთაურს არ შეეძლო მეომრებში ნდობისა და მამაცობის შთანერგვა. არავინ იყო ჰანიბალივით უშიშარი საფრთხის ჟამს, არც არავინ იჩენდა მასსავით წინდახედულობას ყველაზე მძიმე წუთებში , თუმცა ლივიუსი იმასაც აღნიშნავს, რომ – ამ დიდ ღირსებებთან ერთად ასევე დიდი ნაკლოვანებანიც ახასიათებდა: - არაადამიანური სიმკაცრე და გაუგონარი მუხანათობა. მისთვის არ არსებობდა არავითარი ჭეშმარიტება, არავითარი სიწმინდე, სრულიად არ ჰქონდა ღმერთების შიში, არაფრად უღირდა ფიცის გატეხა. ჰანიბალმა წამოიწყო რომთან ომი, როდესაც დაარღვია I პუნიკური ომის შემდეგ დადებული ხელშეკრულება და აიღო ესპანური ქალაქი საგუნტი. ამის შემდეგ იგი მთელი თავისი არმიით დაიძრა იტალიისკენ, გადალახა ალპები, შეიჭრა ეტრურიაში, დაამარცხა რომაელი კონსულები ტიცინუსის, ტრებიის, ტრაზიმენისა და კანეს ბრძოლებში და საფრთხე შეუქმნა რომს, თუმცა, როგორც მისმა სარდალმა, მაჰარბალმა უთხრა: “შენ ჰანიბალ, იცი გამარჯვების მოპოვება, მაგრამ ამ გამარჯვებით სარგებლობა არ ძალგიძს” . ძვ.წ. 203 წელს სციპიონის აფრიკაში შეჭრით დამფრთხალმა კართაგენის სენატმა ჰანიბალი სამშობლოში დააბრუნა, სადაც მან ჯარი შეკრიბა, თავის ვეტერანებს შეუერთა და ძვ.წ. 202 წლის 19 ოქტომბერს რომაელებს შეებრძოლა.
ჰანიბალის აფრიკელი ქვეითები (ძვ.წ. III ს.)
კართაგენის არმია ძირითადად მოქირავნეებსა და დამოუკიდებელ ტომთა რაზმებს ეყრდნობოდა. ჯარის განკარგულებაში იყო საბრძოლო სპილოები და საალყო მანქანები. სარდლები თითქმის ყოველთვის კართაგენელები იყვნენ(იყო გამონაკლისიც, მაგ. სპარტელი ქსანთიპე). მოქირავნეთა რაზმები ომის პერიოდში იკრიბებოდა და დასრულებისას იშლებოდა. ამას გარდა კართაგენში ყალიბდებოდა ადგილობრივი მეომრების ელიტური შენაერთი, რომელსაც ბერძნები ჰიეროს 1ოცჰოს უწოდებდნენ ანუ “წმინდა რაზმს”. ეს დანაყოფი ბრძოლაში მხოლოდ უკიდურეს მომენტში ერთვებოდა და ძირითადად რეზერვს წარმოადგენდა. პლუტარქეს მიხედვით “წმინდა რაზმი” 10 000 მეომარს შეადგენდა, ხოლო დიოდოროსი სულ 2500 მეომარს ასახელებდა. აფრიკა და ესპანეთი(იბერები) კართაგენის საუკეთესო სამხედრო რესურსს წარმოადგენდნენ, ასევე ბალეარის კუნძულები.
კართაგენელ შუბოსანთა ნაწილი (განსაკუთრებით „წმინდა რაზმი") ბერძენ-მაკედონელი ფალანგისტების მსგავად იყვნენ აღჭურვილები
თუკიდიდე წერს, რომ ათენელმა სტრატეგოსმა ალკიბიადემ(დაახლ. ძვ.წ. 490-404) იბერები მთელს ხმელთაშუა ზღვის ქვეყნებში საუკეთესო მოქირავნე ჯარისკაცებად გამოაცხადა. მათ გარდა კართაგენის ჯარში გალები და ლიბიელებიც მსახურობდნენ მოქირავნეებად. არმიის შეკრების ამ სისტემას პრობლემებიც ახლდა თან. ამის მაგალითია დაქირავებული ჯარის აჯანყება ძვ.წ. 240 წელს კართაგენის მოსაზღვრე ნუმიდიის მეფეები ძირითადად მათი მოკავშირეები იყვნენ და ჯარითაც ეხმარებოდნენ კართაგენის არმიას. კართაგენის ჯარის დასუსტებაზე ძალიან იმოქმედა ნუმიდიელი პრინცის, მასინისას მოწინააღმდეგის მხარეზე გადასვლამ.
ესპანელი ქვეითი მეომარი (ძვ.წ. III ს.)
ამ უკანასკნელმა თავი გამოიჩინა ზამას ბრძოლაშიც ჰანიბალის წინააღმდეგ. საერთოდ კავალერია კართაგენის ძირითადი უპირატესობა იყო რომთან ომისას. მისი ცხენოსანი ჯარი ნუმიდიელების, კართაგენელების, გალებისა და იბერებისგან შედგებოდა, შემდეგ კი კამპანიაში შეჭრისას კამპანიელი მხედრებიც შეირთა. საინტერესოა ისიც, რომ კართაგენელებთან ერთად ზამას ბრძოლაში მაკედონური რაზმიც იბრძოდა, რომელიც რომის მტერმა, მაკედონიის მეფე ფილიპე V გამოგზავნა. სხვადასხვა ანტიკური მონაცემებით, ზამასთან კართაგენს დაახლოებით 50 000-მდე მებრძოლი ჰყავდა. მათგან დაახლ. 45 ათასი ქვეითი და 5000 კართაგენელი და ნუმიდიელი მხედარი.
კართაგენელთა საბრძოლო სპილო
ასევე 80 საბრძოლო სპილო (ყველაზე მეტი რაც აქამდე გამოუყენებია). სპილოები კართაგენის ჯარის ერთ-ერთი მთავარი უპირატესობა იყო. გაწვრთნილ აფრიკულ სპილოზე გამძღოლი და რამდენიმე მეომარი იყო ამხედრებული და მტერს იქიდან ისრებს ან შუბებს აყრიდა, სპილო კი მოწინააღმდეგის რიგებს არღვევდა და ქელავდა. სციპიონმა ახალი ტაქტიკა შეიმუშავა ამ აფრიკული ტანკების წინააღმდეგ, თუ რა შედეგი მოიტანა ამან ზამას ბრძოლაში გამოჩნდა.
რომის რესპუბლიკა
რომის რესპუბლიკა ტრადიციულად ძვ.წ. 508 წელს იღებს სათავეს, როდესაც რომიდან უკანასკნელი მეფე ტარქვინიუს ამაყი განდევნეს. ამის შემდეგ სენატი და რომაელი ხალხი (Senatus Populus Que Romanus) ერთობლივად მართავდნენ ქალაქს. ძვ.წ. III საუკუნეში რომს უკვე დამორჩილებული ჰქონდა იტალია, თუმცა იტალიკებს ავტონომიური უფლებები ჰქონდათ და სუვერენს მოკავშირეების წოდებით ეხმარებოდნენ ომში. რომაული ინტერესები კართაგენელებისას სიცილიაში შეეჩეხა. პირველი პუნიკური ომის შედეგად სიცილია, კორსიკა და სარდინია რომის რესპუბლიკას დარჩა, ასევე მათ დაუწესეს საზღვარი კართაგენს ესპანეთში, რათა ისინი მდინარე ებროს მარცხენა სანაპიროზე არ გადასულიყვნენ. ჰანიბალ ბარკამ ძვ.წ. 218 წელს წამოიწყო II პუნიკური ომი, აიღო რომაელთა მოკავშირე ქალაქი საგუნტი ესპანეთში და სწრაფად დაიძრა იტალიისკენ. მან გადალახა ალპები, დაძლია ყველა ხელისშემშლელი ფაქტორი და რომის ტერიტორიაზე შეიჭრა. რომაელებმა ძალების მობილიზება მოახდინეს და რამდენჯერმე შეებრძოლნენ მეტოქეს, მაგრამ დამარცხდნენ.
საბოლოოდ მათ ომის წარმოების სხვა გზა აირჩიეს, რომელიც კვინტუს ფაბიუს მაქსიმუს “ზანტმა” (Quintus Fabius Maximus
Verrucosus Cunctator, ძვ.წ. 280-203) შესთავაზა სენატს. რომაელები პარტიზანული თავდასხმებით, საკომუნიკაციო გზების ჩაჭრითა და დიდი ბრძოლებისთვის თავის არიდებით ცდილობდნენ მტრის დასუსტებას. ასეთი ტაქტიკა უფრო მართებული გამოდგა და ჰანიბალი რამდენიმე წელი უაზროდ დახეტიალობდა იტალიაში, სანამ ძვ.წ. 203 წელს, ესპანეთში სახელგანთქმული რომაელი გენერალი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონი აიძულებდა სამშობლოში დაბრუნებას, რათა კართაგენის დასაცავად ებრძოლა. რომმა მოახერხა ომში გარდატეხის შეტანა და თავისი მიწიდან მოწინააღმდეგის ტერიტორიაზე გადაიტანა ომის ქარცეცხლი. ეს სციპიონის წარმატებისა და სწორი პოლიტიკის დამსახურება იყო.
სციპიონ აფრიკელი
პუბლიუს კორნელიუს სციპიონი (ძვ.წ.236-183) ძველი რომაული ოჯახის, სციპიონების წარმომადგენელი იყო. მან თავი გამოიჩინა იტალიაში ჰანიბალის წინააღმდეგ გამართულ ბრძოლებში, ხოლო მამისა და ბიძის დაღუპვის შემდეგ, 24 წლის კორნელიუსი მთავარსარდლად აირჩიეს და ესპანეთში გაგზავნეს, სადაც მისი ბიძა და მამა დაიღუპნენ კართაგენელებთან ომში. ლივიუსი წერს, რომ: “ელჩებისთვის გაცემულ პასუხებში, მათთვის ნათქვამ სიტყვაში გამოსჭვივოდა ღირსება, საკუთარ ძალებში დარწმუნება, სიდიადე და, ამასთან ერთად, გულახდილობა”. ესპანური კამპანიის წარმატებით დასრულების შემდეგ, რომლის დროსაც სციპიონმა კართაგენელები განდევნა პირენეის ნახევარკუნძულიდან და დაიკავა ესპანეთში მათი მთავარი ქალაქი ახალი კართაგენი, რომაელებმა იგი კონსულად აირჩიეს და სიცილიის პროვინცია ჩააბარეს, საიდანაც მან რამდენიმე რეიდი მოაწყო აფრიკაში, ხოლო ძვ.წ. 205 წელს ჯარით გადასხდა. რიგი გამარჯვებების შემდეგ, ჰანიბალი აფრიკაში დაბრუნდა და ძვ.წ. 202 წელს იმ დროის ორი უდიდესი სარდალი ერთმანეთს შეხვდა ზამას ბრძოლაში.
ძვ.წ. III-II სს. რომაელი ლეგიონერები (უკან მარჯვნიდან ჰასტატი და პრინციპი, წინ - ველიტი)
რომის არმია იმ დროის ერთ-ერთი ყველაზე მძლავრი და წარმატებული სამხედრო მანქანა იყო. რესპუბლიკის ადრეულ ხანაში რომს პროფესიული ჯარი არ ჰყავდა. ლეგიონში ბრძოლის უფლება მხოლოდ მიწათმფლობელ მოქალაქეებს ჰქონდათ, მათთვის კი ჯარისკაცობა ძირითადი საქმიანობა არ იყო. ომის დროს ათასობით მამაკაცს გაიწვევდნენ, რომელთაც საკუთარი საჭურველ-იარაღი უნდა ჰქონოდათ. ბრძოლების შემდეგ ისინი კვლავ სახლში ბრუნდებოდნენ სერვიუს ტულიუსის (დაახლ. ძვ.წ. 578-535) რეფორმის შემდეგ რომაული სამხედრო შენაერთი – ლეგიონი, 40 ცენტურიას ანუ ასეულს ითვლიდა ანუ ერთ ლეგიონში 4000 მძიმედ აღჭურვილი ჯარისკაცი შედიოდა, შემდეგ კი რაოდენობა 60 ცენტურიამდე გაიზარდა. რომაულ ჯარში ცხენოსნები ნაკლებ როლს ასრულებდნენ. მათი ძირითადი მიზანი იყო მტრის დაზვერვა და დევნა. მხედრების ე.წ. Equites რაოდენობა დიდი არ იყო და საშუალოდ თითოეულ ლეგიონში 300-600 კავალერისტი მსახურობდა. კართაგენთან ომების დროს რომაელები იძულებულები გახდნენ უფრო გაეძლიერებინათ ცხენოსანი ჯარი, რათა ჰანიბალის მძლავრ კავალერიასთან ბრძოლა შეძლებოდათ.
ჰანიბალისა და სციპიონის შეხვედრა
ზამას ბრძოლაში მათ ნუმიდიელთა ბრწყინვალე ცხენოსანი ჯარიც შეურთდათ, რითაც სციპიონის კავალერიის რიცხოვნობამ ჰანიბალის მხედრობისას გადააჭარბა. რომაელი ლეგიონერი შეიარაღებული იყო ხმლით (Gladius), შუბით (Pilum) და დიდი, ოვალური ფარით (Scutum), ხოლო მსუბუქი ქვეითი ჯარი (ველიტები) ძირითადად ხელშუბებით. ჯარისკაცები მწკრივში იბრძოდნენ მანიპულებად (120 მეომარი) და ცენტურიებად დაყოფილები. უფრო მსხვილი ერთეული კოჰორტა – ხუთასეული იყო. ზამას ბრძოლაში სციპიონმა დაახლოებით 30 ათასი ქვეითი და 8 ათასამდე ცხენოსანი, მათ შორის 6000 ნუმიდიელი გამოიყვანა.
ბრძოლა
კართაგენის მიმდებარე ტერიტორიები მტრის მეომრებით იყო სავსე, ამიტომ ჰანიბალი თავისი ჯარით ზამასთან მივიდა, კართაგენიდან 5 დღის სავალზე. მისი მზვერავები რომაელებს ჩაუვარდათ ხელში, მაგრამ სციპიონის ბრძანებით მათ ბანაკის დათვალიერების საშუალება მისცეს და უკან გაგზავნეს ჰანიბალთან. ასეთმა თავდაჯერებულობამ გააოცა და ამავდროულად შეაშფოთა ჰანიბალი, მან რომაელ სარდალს შეხვედრა სთხოვა. სციპიონი დათანხმდა და კართაგენელს კართაგენიდან ექვსი კილომეტრზე მდებარე ადგილზე შეხვდა. სარდლები განმარტოვდნენ და თან მხოლოდ თარჯიმნები იახლეს. ჰანიბალი ცბიერად შეეცადა მოწინააღმდეგის შეცდენას და კართაგენისთვის უფრო მისაღები პირობების შეთავაზებას, მაგრამ სციპიონი ურყევი იყო. მან უპასუხა: “შენ თითქმის ნახევრის გადმოცემაზე უარს ამბობ და სამოწყალოდ გვაძლევ იმას, რაც ისედაც ჩვენს ხელთაა, როგორც ჩანს, მშვიდობა თქვენთვის აუტანელია – მაშ ვიომოთ!”. გამოუცდელი ქვეითებისა და მცირე კავალერიის გამო ჰანიბალი იძულებული გახდა უარი ეთქვა ჩვეულ სტილზე, როდესაც ფლანგებიდან ალყაში აქცევდა მოწინააღმდეგეს.
ზამას ბრძოლის გეგმა (c)Nika Khoperia
ზამასთან მან თავისი არმია სამ ხაზად განალაგა: პირველ რიგში თავისი დაღუპული ძმის, მაგონის ჩამოყვანილი მოქირავნეები განალაგა(ლიგურიელები, გალები, ბალეარელი შურდულოსნები და მავრიტანელები), მეორე რიგში კართაგენელები და ლიბიელები დააყენა, ხოლო სულ უკან თავისი მძიმედ აღჭურვილი, გამოცდილი ვეტერანები. მისი ტაქტიკა მარტივი იყო – გამოეყენებინა თავისი უფრო მრავალრიცხოვანი ქვეითი ჯარის მასობრივი იერიში და რომაელთა ცენტრი გაერღვია, რომელიც ასევე სამ ხაზად იყო განლაგებული კართაგენელთა ანალოგიური ფორმაციით(გამოცდილი ჯარი ზურგში იდგა). რათქმაუნდა ეს არ იყო ყველაზე ეფექტური გეგმა, მაგრამ რა ძალებიც გააჩნდა ჰანიბალს, იმის კვალობაზე საკმაოდ რეალისტურ ვარიანტად იკვეთებოდა. სციპიონმა ზამას ბრძოლაში ლეგიონერები არა კოჰორტებად, არამედ მანიპულებად განალაგა, ამიტომ მათ შორის დერეფნები გაჩნდა. ამ დერეფნების ამოსავსებად რომაელმა სარდალმა ველიტები გამოიყენა და უბრძანა რომ მტრის სპილოებისთვის გზა მიეცათ და ზურგიდან და გვერდებიდან დაეშინათ შუბები. კართაგენელთა ჯარის შენაერთებს შორის კომუნიკაციის სისუსტე თავიდანვე გამოჩნდა. ჰანიბალი მესამე რიგში, თავის ერთგულ ვეტერანებთან იდგა და ბრძოლისთვის განაწყობდა მათ, ხოლო წინა რიგების მეთაურობა მის სარდლებს დააწვათ. რომაელთა რიგების გასარღვევად სპილოები დაიძრნენ, მაგრამ სციპიონის ტაქტიკამ გაამართლა: რომაელებმა შენაერთებს შორის გაატარეს სპილოები და გვერდებიდან და ზურგიდან ერთდროულად დაუშინეს შუბები.
გაცოფებული ცხოველები უკან გაიქცნენ და კართაგენელების საბრძოლო ხაზი არიეს. სციპიონის ფლანგებზე განლაგებულმა მხედრებმა გაიუს ლელიუსისა და მასინისას მეთაურობით იერიში მიიტანეს კართაგენელთა ცხენოსნებზე და მალევე გაფანტეს. სპილოებისა და კავალერიის დამარცხებით ჰანიბალის უპირატესობა გაქარწყლდა. ქვეითებს შორის სისხლისმღვრელი ბრძოლა გაიმართა. ორივე მხარე დიდ დანაკარგებს განიცდიდა. საბოლოოდ კართაგენელთა პირველი და მეორე ხაზი შედრკა და უკან დაიხია. 20 ათასიანი მესამე რიგი კი ურყევად იდგნენ და მტერს ებრძოდა. სციპიონმა ჯარი გადააწყო და მწყობრად შეუტია ჰანიბალის ვეტერანებს. თანაბარი ბრძოლა გრძელდებოდა მანამ, სანამ ლელიუსისა და მასინისას მხედრებმა ზურგიდან არ დაუარეს კართაგენელთა მებრძოლ ნაწილებს. ჰანიბალის განთქმული ვეტერანების უმეტესობა ბრძოლის ველზე განგმირული დაეცა, ხოლო ჯარის საკმაოდ დიდი ნაწილი რომაელებმა ტყვედ ჩაიგდეს. კართაგენელმა მთავარსარდალმა ძლივს მოახერხა თავის გადარჩენა და გაქცევა. სციპიონმა დამსახურებული გამარჯვება მოიპოვა ჰანიბალზე და ხელთ იგდო მისი ბანაკი.
შედეგები
ზამას ბრძოლაში კართაგენელებმა დიდი დანაკარგები განიცადეს. ლივიუსის მიხედვით: “იმ დღეს კართაგენელებს, მათ მოკავშირეებს და დაქირავებულებს დაეღუპათ ოცი ათასზე მეტი კაცი, დაახლოებით ამდენივე ტყვედ ჩავარდა. რომაელებმა ხელთ იგდეს ას ოცდათოთხმეტი საბრძოლო დროშა, თორმეტი სპილო. გამარჯვებულებმა დაახლოებით ათას ხუთასი მეომარი დაკარგეს”. პოლიბიუსი სციპიონის ზარალს ასევე 1500 დახოცილით აფასებს. ლივიუსისგან განსხვავებით აპიანე 25 000 დახოცილ კართაგენელს და მხოლოდ 8 500 ტყვეს ასახელებს, ხოლო რომაელთა - 2500, ამავდროულად მასინისას დანაკარგზე წერს, რომ რომაელებთან შედარებით მეტი იყო. კართაგენში დაბრუნებულმა ჰანიბალმა განაცხადა, რომ ომი საბოლოოდ წაგებული იყო და ზავის დადება აუცილებლობას წარმოადგენდა. რომაელების მიერ წაყენებული მძიმე პირობების მიუხედავად, კართაგენელები დათანხმდნენ, მათ მეტი გამოსავალი არც ჰქონდათ. რომაელთა პირობები კი ასეთი იყო: “დაიტოვებენ მხოლოდ ათ საბრძოლო ხომალდს, რომაელებს გადასცემდნენ ყველა საბრძოლო სპილოს და ახალს აღარ გაიჩენენ. რომაელების თანხმობისა და ნებართვის გარეშე არ იომებენ არც აფრიკაში და არც მის საზღვრებს გარეთ. ხელშეკრულებით კავშირს დადებენ მასინისასთან, ორმოცდაათი წლის განმავლობაში გადაიხდიან ათ ათას ტალანტ ვერცხლს (1 ტალანტი – 26,2 კგ), სციპიონს წარუდგენენ ასარჩევად ას მძევალს არა ნაკლებ თოთხმეტი წლის და არა უმეტეს ოცდაათი წლისა”.
სციპიონ ემილიანუსის (სციპიონ აფრიკელის შვილობილის) სარდლობით რომაელმა ლეგიონერებმა აიღეს კართაგენი (ძვ.წ. 146 წ.)
სციპიონმა დამსახურებლად მიიღო ტიტული “აფრიკელი”, რაც მის დიად გამარჯვებას ასახავდა და იქცა რესპუბლიკის ერთ-ერთ უდიდეს გმირად. ჰანიბალი დროებით კვლავ კართაგენში რჩებოდა, მაგრამ შემდეგ იძულებული გახდა გაქცეულიყო. დროებით თავს სელევკიდების იმპერიას, სომხეთსა და ბითინიას შეაფარა, სადაც უღალატეს და რომაელთა ხელში ჩავარდნას თვითმკვლელობა არჩია (ძვ.წ. 183), იმავე წელს გარდაიცვალა მისი ძლევამოსილი დამმარცხებელი, პუბლიუს კორნელიუს სციპიონ “აფრიკელი”. ზამას ბრძოლის საბოლოო შედეგი რომაელებმა ძვ.წ. 146 წელს მოიმკეს, როდესაც მესამე პუნიკური ომი დასუსტებული კართაგენის დაქცევით, განადგურებით და აფრიკის და მთელი დასავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის რომაულ გავლენაში შესვლით დასრულდა, რასაც საკმაოდ მალე აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთის დაპყრობა და რომის მსოფლიო სახელმწიფოდ გადაქცევა მოჰყვა.
ბიბლიოგრაფია
1. ტიტუს ლივიუსი, ომი ჰანიბალთან. თბილისი: ნაკადული, 1981.
2. წერეთელი, ალექსანდრე, ძველი რომის ისტორია. თბილისი: თბილისის უნივერსიტეტის გამომცემლობა, 1992.
3. Miles, Richard, Carthage Must Be Destroyed: The Rise and Fall of an Ancient Civilization. New York: Viking, 2011.
4. Fields Nic & Peter Dennis, Hannibal: leadership, strategy, conflict. Oxford; New York: Osprey, 2010.
5. Fields Nic & Steve Noon, Carthaginian warrior: 264 - 146 BC. Oxford: Osprey, 2010.
6. Fields Nic & Duncan Anderson, The Roman army of the Punic wars, 264-146 BC. Oxford: Osprey, 2007.
7. Fields, Nic; Embleton G A; Embleton S & Martin Windrow, Roman battle tactics, 390-110 BC. Oxford: Osprey, 2009.
8. Dodge,Theodore Ayrault, Hannibal: a history of the art of war among the Carthaginians and Romans down to the battle of Pydna, 168 B.C., with a detailed account of the second Punic War. New York: Da Capo Press, 2004
9. Hoyos, Dexter, Hannibal's dynasty: power and politics in the western Mediterranean, 247-183 BC. London; New York: Routledge, 2003.
10. Cook, S.A, The Cambridge ancient history. Vol. VIII, Rome and the Mediterranean, 218-133 B.C. New York: Cambridge University Press, 1981.
11. Шифман И.Ш. Карфаген. Санкт-Петербург: Издательство Санкт-Петербургского университета, 2006.
12. Kistler, John M, War elephants. Westport, Conn.: Praeger, 2006.
13. Nosov, K & Peter Dennis, War elephants. Oxford; New York: Osprey, 2008.
14. Garland Lynda & Matthew Dillon, Ancient Rome: from the early Republic to the assassination of Julius Caesar. Milton Park, Abingdon; New York, NY : Routledge, 2005.
15. Goldsworthy, Adrian Keith, The complete Roman army. New York, N.Y.: Thames & Hudson, 2003.
16. Eнглим, Саимон и Дж. Джестис Филлис, Воины и сражения древнего мира, 3000 год до н.э. - 500 год н.э. Москва :"Эксмо", 2003.
17. Cunliffe, Barry W, The ancient Celts. Oxford; New York: Oxford University Press, 1997.
ნიკა ხოფერია