ქადეშის ბრძოლა (დაახლ. ძვ.წ. 1274 წ.)

ქადეში, დასავლეთ სირიის ეს ქალაქი ორ უძველეს იმპერიას შორის ლეგენდარული ბრძოლის ადგილად იქცა. ოსირისის, ამონ-რასა და ჰორის ქვეყნის, ეგვიპტის XIX დინასტიის ფარაონის, რამზეს II „დიდის” ამბიციები იმ დროის მეორე უძლიერესი სამეფოს, ხეთების სახელმწიფოს მეფის, მუვატალის II-ს ინტერესებს შეეჯახა. ქადეში ძველი დროის ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა იყო. მის შესახებ არსებობს უმეტესწილად ეგვიპტური ტექსტები (სტელები, წარწერები), რომლებიც პროპაგანდისტულ ხასიათს ატარებენ; ხეთური მხრიდან სადღეისოდ აღმოჩენილია მხოლოდ მწირი მასალა, თუმცა გვაქვს ფირფიტა, რომელზეც ეგვიპტესთან დაზავების პირობებია აღწერილი. ის მსოფლიოში უძველეს შემორჩენილ საზავო ხელშეკრულებად ითვლება. არსებული წარწერები იძლევა საშუალებას აღვადგინოთ ომის მსვლელობა და ბრძოლა განვიხილოთ.
ეს შეტაკება იწვევს სამხედრო ისტორიკოსებისა და ეგვიპტოლოგების დიდ ინტერესს. ასევე მნიშვნელოვანია ისიც, რომ ძველი მსოფლიოს ისტორიაში ქადეში იყო ეტლების ყველაზე დიდი ბრძოლაც. ქადეშის ბრძოლაში ტაქტიკურად ეგვიპტელებმა გაიმარჯვეს, სტრატეგიულად კი ხეთებმა, მათ დარჩათ ტერიტორია, რომლის დაპყრობას ფარაონი აპირებდა და ეგვიპტელებს უკან დახევა აიძულეს. მიუხედავად ამისა, ეგვიპტური და ხეთური წყაროები აბსოლუტურ გამარჯვებას თვითონ მიიწერენ. ბრძოლის გარშემო ბევრ საკითხზე კვლავ არის უთანხმოება, მათ შორის იმაზე, თუ რომელ წელს მოხდა, რა ადგილზე, როგორი რიცხოვნობის ჯარები ჰყავდათ მხარეებს, თუ ვინ გაიმარჯვა ქადეშთან გენერალურ ბრძოლაში. რამზეს II-ს ზეობის პერიოდში, ქადეშის ბრძოლა გამორჩეულ ადგილს იკავებს, რადგან ფარაონმა ის სახელმწიფო პროპაგანდისთვის გამოიყენა და თავისი სახელი გმირის შარავანდედით შემოსა და უკვდავყო, აქცია რა ქადეშის ბრძოლა ეგვიპტის სიძლიერის სიმბოლოდ, მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებმა ძლივს აირიდეს თავიდან მოსალოდნელი სასტიკი მარცხი. ქადეში კარგი ნიმუშია თავდაცვითი ბრძოლის ტაქტიკისა და მოულოდნელი თავდასხმის ეფექტისა სამხედრო ხელოვნებაში. ასევე გამოჩნდა თუ რაოდენ მნიშვნელოვანია დროული ინფორმირება ომის მიმდინარეობისას და მზვერავთა და მსტოვართა აქტიური მოქმედება. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებს ბრძოლაში გამარჯვება არ მოუპოვებიათ, რამზეს მეორის სახელი ქადეშმა უკვდავყო და სამარადჟამოდ დაუტოვა კაცობრიობას.

მოწინააღმდეგე მხარეები
ეგვიპტე
ეგვიპტე იმ დროის ერთ-ერთი წამყვანი სახელმწიფო იყო, რომლის სათავეში ფარაონი რამზეს II იდგა. ჯერ კიდევ შუა სამეფოს ეპოქის ეგვიპტეს ჰიქსოსები  დაესხნენ თავს და ძალაუფლება ხელთ იგდეს. მათგან გათავისუფლება ეგვიპტელებმა სისხლისმღვრელი ომების შედეგად მოახერხეს და ახალი სამეფოს პერიოდის პირველი დინასტია შექმნეს. ახალი სამეფოს პერიოდში ეგვიპტე არნახულად გაძლიერდა გაუთავებელი ომების შედეგად ხეთებთან, მითანელებთან,  ქანაანელებთან, ლიბიელებთან და ნუბიელებთან. ამ ომებიდან ეგვიპტე გამარჯვებული გამოდიოდა, რადგან ჰყავდა ნიჭიერი, ენერგიული და ამბიციური მმართველები, რომლებმაც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი საუკეთესო არმია შექმნეს, სწორედ ერთ-ერთი მათგანი იყო რამზეს II. 
რამზეს II-ს ქანდაკების ფრაგმენტი აბუ სიმბელის ტაძრიდან, რომელიც მის მიერ აგებულ ტაძრებს შორის განსაკუთრებით გამოსარჩევია, რადგან მასიურ კლდეშია გამოჭრილი (დაახლ. ძვ.წ. 1264 წ.)

რამზეს II უსერმაატრა სეტეპენრა (დაახლ. ძვ.წ. 1279-1213) ფარაონ სეთი I-ს ძე იყო. მას ეგვიპტის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი მეფობა ერგო. რამზესი დაახლოებით 67 წელიწადი მეფობდა და 90 წელს მიახლოებული გარდაიცვალა, რაც ეგვიპტეში იშვიათი მოვლენა იყო. ფარაონი ძალიან პატივმოყვარე გახლდათ. მან ღმერთი ამონი საკუთარ მამად გამოაცხადა, ააშენა დიდებული ტაძარი აბუ-სიმბელში, მცირე დარბაზი კარნაკში, რამესეუმი (თავისი საკრძალავი ტაძარი). რამზეს მეორემ მამის დაწყებული დაპყრობითი ომები განაგრძო. შეუტია ნუბიელებსა და ლიბიელებს, დაამარცხა `ზღვის ხალხების”  ერთ-ერთი ტომი, შერდანები. ყველა ამ ომისა და ხეთებთან გამართული ქადეშის ბრძოლის შემდეგ, რამზესმა მიიღო `ა-ნახტუს” ტიტული, რაც `გამარჯვებულს” ნიშნავდა. რამზესმა მოაგვარა ქვეყნის შინაგანი საქმეები და ეს ერთ-ერთი უმთავრესი წარმატება იყო, რადგან საშუალება მიეცა უფრო თავისუფლად ემოქმედა საგარეო პოლიტიკაში. 
 ახალი სამეფოს პერიოდის ეგვიპტელი მეომრები: 1 და 2 - მშვილდოსნები, 3. მალემსრბოლი

ძველი ეგვიპტის არმია იმ პერიოდის ახლო აღმოსავლეთის ერთ-ერთ საუკეთესო სამხედრო ძალას წარმოადგენდა და შიშის ზარს სცემდა მეზობელ ქვეყნებს. სამეფო არმიას ვეზირი, ფარაონი ან უფლისწული მეთაურობდა. იყო იარაღის და სურსათის საწყობის გამგის და ქვეითთა მეთაურების თანამდებობები. ასევე არსებობდა არმიის შტაბი. სამხედრო თანამდებობები იყო: ხაუტი, მერი, ატენი და მენხი, რაც თანამედროვე ენაზე იქნებოდა გენერალი, პოლკოვნიკი, კაპიტანი და ლეიტენანტი. ეგვიპტის არმია ძველი სამეფოს დროს მხოლოდ ქვეითებისგან შედგებოდა, რომლებიც მძიმე და მსუბუქ ქვეითებად იყოფოდნენ, შუა და ახალ სამეფოში კი ეტლების გამოყენებაც დაიწყეს. ჯარის საბრძოლო განწყობა რომ აემაღლებინათ, ფარაონები გულუხვად აჯილდოვებდნენ ბრძოლებში გამოჩენილ მებრძოლებს და დაწესებული ჰქონდათ სხვადასხვა ჯილდო (მათ შორის `ოქროს ბუზები"). დაქირავებული ნუბიელები და ლიბიელებიც არმიაში მსახურობდნენ, მაგრამ მათი რაოდენობა არასოდეს არ იყო დიდი. ფარაონებს ცალკე ჰყავდათ მცველების კარგად შეიარაღებული რაზმიც. ეგვიპტური წარწერების მიხედვით რამზეს მეორემ თავისი მეფობის მეხუთე წელს დიდძალი იარაღის გამზადება ბრძანა ქადეშზე გასალაშქრებლად. 
ეგვიპტელი ფარაონი კამოსი ბრძოლის გეგმას განიხილავს ნუბიელ მოკავშირეებთან ერთად (დაახლ. ძვ.წ. 1500 წ.). ნუბიელებისა და ეგვიპტელების სამხედრო ურთიერთობა რამზეს II-ს ხანამდე დიდი ხნით ადრე დაიწყო.

ეგვიპტური ეტლები ძალიან მსუბუქი და მანევრული იყო და ამ თვისებით აღემატებოდა ხეთურ ეტლებს. თითოეულ ეტლში 2-3 მეომარი იჯდა. არმიის ეს ნაწილი იყოფოდა 10, 30 და 50 ეტლიან რაზმებად. რამზეს მეორე ბრძოლაში იყენებდა დაქირავებულ შერდან და ფილისტიმელ მეომრებსაც, რომლებიც ზღვის ხალხების ერთ-ერთი ტომიდან იყვნენ. ეგვიპტელთა ქვეით ჯარს შუბის, შურდულისა და მშვილდ-ისრის გარდა ჰქონდათ საბრძოლო ცულები და ხოპეშები (ხმალი), რომელიც ადვილად გლეჯდა ხეთურ აბჯარს. რამზესის ჯარი ოთხ კორპუსად იყოფოდა: რას, ამონის, პტაჰისა და სეთის შენაერთებად, ეგვიპტური ღმერთების სახელების მიხედვით. ქადეშთან ბრძოლაში მან ოთხივე კორპუსს, დაახლოებით 20 ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი.  მათგან დაახლოებით 16 ათასი ქვეითი, 2 ათასი ეტლოსანი და 4 ათასი სხვადასხვა დანიშნულების მეომარი იყო. ამ ომში ეგვიპტის მიზანი სეთი I მმართველობის უკანასკნელ წლებში დაკარგული მიწების დაბრუნება და ხეთების დასუსტება გახლდათ. 
ხეთები
ხეთების სამეფოს თავის სიძლიერის ხანა ხეთების იმპერიას მეფე სუფილულიუმა I-ს მმართველობისას ჰქონდან (დაახლ. ძვ.წ. 1380-1350 წ),  რომელმაც იმდროინდელი მსოფლიოს ერთ-ერთი უდიდესი სახელმწიფო,  მითანი, თავის ვასალად აქცია, დაიპყრო მესოპოტამიის ნაწილი და სირია ლიბანამდე (ფინიკია). სუფილულიუმას მემკვიდრის, მურსილ II-ს მმართველობისას კი ხეთებმა თითქმის მთლიანად დაიკავეს მცირე აზია.  ხეთების ყველაზე დაუძინებელი და ძლიერი მტერი ეგვიპტე იყო, რომელთან ბრძოლა ხეთებს სირიის დაპყრობის შემდეგ მოუწიათ. ომი განსაკუთრებით ეგვიპტეში ენერგიული და მებრძოლი ხასიათის ფარაონის, რამზეს II-ს გამეფებისას გამწვავდა.
1. სირიელი მშვილდოსანი 2. ხეთი მეეტლე მეომარი 3. ხეთი მეომარი სამეფო გვარდიიდან

მუვატალი II, მურსილ II-ს ძე, ხეთების სამეფოს დაახლ. ძვ.წ. 1295-1272 წლებში მართავდა. მისი მეფობის პერიოდის უმთავრესი მოვლენა ეგვიპტესთან ომი იყო. ფარაონმა სეთი I  შეიჭრა სირიაში და დაიპყრო ქვეყანა ამურუ. პროხეთური პოლიტიკის ამურუს მეფე ეგვიპტელებმა ტახტიდან ჩამოაგდეს და ერთგული და სანდო ვენდიშენუ დასვეს. ამის შემდეგ ეგვიპტელებმა აიღეს ქადეშიც. სეთი პირველის უკანასკნელი ლაშქრობა მისი ბრწყინვალე გამარჯვებით დასრულდა; ქადეშის ჩრდილოეთით მომხდარ ბრძოლაში მან ხეთების არმია გაანადგურა. მიუხედავად ამისა, ეგვიპტელებმა მალე დაკარგეს დაპყრობილი მიწების ნაწილი და მუვატალი II-მ მოახერხა სეთი I-თან ხანმოკლე სამშვიდობო ხელშეკრულების დადება. ომი მალე განახლდა, რამზესის გამეფებიდან რამდენიმე წელიწადში ფარაონმა თავისი არმია ქადეშისკენ დაძრა. მუვატალისის არმია მას იქ ელოდა.

ხეთების საბრძოლო ეტლი. 1. მეეტლე 2. ფაროსანი 3. შუბოსანი 

ხეთებს იმ დროის მსოფლიოს ერთ-ერთი ყველაზე თანამედროვედ შეიარაღებული ჯარი ჰყავდათ და მეზობელი ქვეყნებისგან განსხვავებით ძირითადად რკინის იარაღს იყენებდნენ. მაშინდელ ახლო აღმოსავლეთში რკინა ოქროზე ძვირად ფასობდა, ხეთები კი კარგად იყვნენ დაუფლებულები რკინის მეტალურგიას. ხეთების მეფეებს 1200-მდე ელამელისგან შემდგარი რეგულარული გვარდია ჰყავდათ. ყველაზე მრავალრიცხოვანი არმია ხეთების ისტორიაში ქადეშთან ბრძოლის წინ შეიკრიბა. მუვატალიმ 3500 ეტლოსანსა და 8000-9000 ქვეითს მოუყარა თავი, დანარჩენ ნაწილს მოკავშირეები შეადგენდნენ. ხეთების არმიის მთავარ დამრტყმელ ძალას, ისევე როგორც ეგვიპტელებისას, ეტლები წარმოადგენდა. თითოეულ ასეთ ეტლში სამი მეომარი იჯდა. ქვეითი ჯარი ძირითადად ერთიან მართკუთხედად ეწყობოდა, ხოლო მსუბუქი ქვეითები სხვადასხვა ადგილზე მოქმედებდნენ და მტერს ისრებს ესროდნენ. მათი უმეტესობა უცხოელი დაქირავებულები იყვნენ, უდაბნოში მოსახლე სუტუს ტომიდან. ქადეშის ბრძოლაში ხეთების მოკავშირეები იყვნენ სირიული სამეფოები: არცავა, პიტასა, მასა, ლუკა, დარდანელები (შესაძლოა ტროელები), კასკა, კიცუვადნა, არავაპნა, ქარხემიში, ჰალები, უგარიტი, ნუხაშე, ქადეში და სხვა. მუვატალი რამზესთან წარმატებული ბრძოლით სამეფოს დაცვას და სირიაში მიწების შენარჩუნებას გეგმავდა.
ჯარების განლაგება
მას შემდეგ, რაც ეგვიპტის ჯარმა გადალახა საზღვარი, რამზესმა თვეზე ნაკლებ დროში მიაღწია ქადეშს. მუვატალი II მოკავშირეებს უხმო და არმია ძველი ქადეშის უკან განალაგა, მდინარე ორონტის აღმოსავლეთ სანაპიროზე. ეგვიპტელებს მეგზურებად ადგილობრივი ბედუინი-მომთაბარეები მიუძღოდნენ შოსუს ტომიდან, რომლებიც ხეთების იდუმალი მოკავშირეები იყვნენ. მათ დაარწმუნეს რამზესი, რომ ხეთები აქედან 200 კმ-ში იყვნენ, ჰალებთან. ეგვიპტური ტექსტის მიხედვით: „ორივე შოსუ, ეუბნებოდნენ რა ამას მის უდიდებულესობას, ტყუოდნენ, ამბობდნენ, რომ ისინი გამოეყვნენ ხეთების მეფეს, თუმცა მისი გამოგზავნილები იყვნენ, რათა ხეთების მეფეს შეეტყო, სად იყო მისი უდიდებულესობის არმია, რათა შეეშალათ ხელი მისი უდიდებულესობის არმიისთვის, ხეთებთან ომისთვის მომზადებაში"(1). 
რამზესის ლაშქრობა ქადეშზე

მოტყუებულმა ფარაონმა მხოლოდ ამონის შენაერთი იახლა და წინ თამამად წავიდა, ხოლო დანარჩენი არმია უკან ჩამორჩა. ხანგრძლივი მარშის შემდეგ უდაბნოში, რამზესმა ბანაკი დასცა და სეთის, პტაჰისა და რას შენაერთების მოსვლას დაელოდა. ხეთებსაც სწორედ ეს სურდათ. ისინი სწრაფად ამოქმედნენ. 
ბრძოლა
ხეთებმა, რომლებიც ეგვიპტელებისგან ახლოს იმყოფებოდნენ, გადალახეს მდინარე და რამზესის ბანაკისკენ მიმავალ რას შენაერთს შეუტიეს. მათ გამოიყენეს რიცხობრივი უპირატესობა და ბრძოლაში გაიმარჯვეს. ამას ხელს უწყობდა ისიც, რომ ეგვიპტელები არ იყვნენ საომრად მზად და არ მოელოდნენ უეცარ იერიშს. რას შენაერთის მხოლოდ მცირე ნაწილი გადაურჩა მტერს და ბანაკამდე მიაღწია, რამაც პანიკა გამოიწვია.
მიუხედავად ბრძოლის ასეთი წარუმატებელი დასაწყისისა, რამზესმა ველზე განალაგა თავისი ძალები. ეგვიპტელებს უპირატესობა ჰქონდათ შუბოსან ჯარში, რომელიც მართკუთხედი წყობით იბრძოდა, მჭიდრო მწკრივებად. ხეთებს ამ ბრძოლაში ჯარის ეს ერთეული არ ჰყავდათ, სამაგიეროდ მათი ჯარი უკეთ იყო შეიარაღებული და დაცული, რადგან ხეთებს მეტალის აბჯრები ემოსათ, რაც ეგვიპტეში გავრცელებული არ იყო (აბჯრის დამზადებისა და რკინის მოპოვების ცოდნა სახელმწიფო საიდუმლოებად ითვლებოდა). ამ ბრძოლისას რომ მუვატალი II-ს შუბოსნები ჰყოლოდა, ალბათ დიდ ზეწოლას განახორციელებდა ეგვიპტელებზე და გამარჯვებასაც მიაღწევდა. 

 ქადეშის ბრძოლის სქემა

სანამ რამზესი ჯარის განლაგებით იყო დაკავებული, ხეთების მსუბუქი ჯარის 2500 კაციანმა შენაერთმა და სამასამდე ეტლოსანმა ეგვიპტელთა ბანაკი დაიკავა და მის ძარცვას შეუდგა. ამ დროისთვის ნე’არინის შენაერთი გამოჩნდა. „ნე’არინის (ახალგაზრდები) რაზმი ასოცირდება ეგვიპტელებთან ამურუს მიწიდან, რომლებიც ლიტერატურულ წყაროებში მოიხსენიებიან”(2).  ამ რაზმის შესახებ სხვა მოსაზრებებიც არსებობს, რომ ისინი იყვნენ „იუდეველი მოქირავნეები, რომლებიც არცერთ ეგვიპტურ შენაერთში არ შედიოდნენ – მათ შეუშალეს ხელი ხეთებს ფარაონის ალყაში მოქცევაში”(3)  რამზესმა, რომელმაც მოახერხა ჯარისკაცების დამშვიდება და არმიაში წესრიგის დამყარება, შეტევა დაიწყო. ძარცვაში გართული ხეთები სასტიკად დამარცხდნენ, დაიფანტნენ და მდინარისკენ უკუიქცნენ. ორონტის მეორე მხარეს მყოფმა მუვატალი II-მ ბრძოლაში 500 ეტლოსანი და 4000 ქვეითი ჩართო. რამზესი პირადად გაუძღვა იერიშს. გაჩაღდა ბრძოლა, რომელშიც მთავარი როლი ეტლებმა ითამაშეს. რადგან ბრძოლის ადგილი არ იყო სწორი და ეტლებისთვის იდეალური, ეგვიპტურმა მსუბუქმა ეტლებმა უპირატესობას მიაღწიეს. ეგვიპტელები ეტლებიდან შორიდან ესროდნენ მტერს ისრებს და დიდ ზიანს აყენებდნენ. 



ეგვიპტური და ხეთური ეტლების შეტაკება ქადეშის ბრძოლაში 

ისინი მოხერხებული და გამოცდილი მსროლელები იყვნენ და კარგად ისროდნენ მაშინაც კი, როდესაც ეტლი დიდი სისწრაფით მიჰქროდა. ხეთები იძულებულები გახდნენ მათ მიახლოებოდნენ, რის გამოც არასწორ ზედაპირზე ბევრი ეტლი დაემტვრათ და დაუზიანდათ, ნაწილი უკან მიბრუნდა, ხოლო ნაწილი ეგვიპტურ ისრებს ემსხვერპლა. “ეგვიპტურ რელიეფებზე გამოსახულ ხეთურ ეტლებში 3 მეომარი დგას, რასაც წერილობითი წყაროებიც ადასტურებს. ერთი მათგანი მეეტლეა, მეორეს ფარი უჭირავს, თანამებრძოლების დასაცავად, ხოლო მესამეს შუბი”,(4)  ეს გვიჩვენებს იმას, რომ ხეთ ეტლოსნებს მშვილდ-ისარი არ ჰქონდათ და მტერთან ახლო მისვლა სჭირდებოდათ, რათა შუბებით შებრძოლებოდნენ ან ეტყორცნათ. ამას გარდა მათი ეტლები ეგვიპტელების ეტლებზე ბევრად მძიმე იყო. 


ფარაონი რამზეს II ქადეშის ბრძოლაში 

ხეთ მეეტლეებს შეეძლოთ ჩამოქვეითებულიყვნენ და ქვეით ჯართან ერთად ებრძოლათ ხელჩართულ ბრძოლაში. მალე ველზე ქვეითი შენაერთების ბრძოლა დაიწყო. რამზესს თან შუბოსნები, მსუბუქი ქვეითები და ეტლები ჰყავდა, თუმცა ხეთებმა უფრო დიდი ჯარით შეუტიეს. ხეთური არმია მრავალრიცხოვანი, კარგად ორგანიზებული და შეიარაღებული იყო, ეგვიპტელთა ჯარიც არ ჩამორჩებოდა. ორივე მხარე მამაცურად იბრძოდა. რამზესმა ეტლები ზურგში გადაიყვანა და მათზე ამხედრებულ მეომრებს უბრძანა ესროლათ ყველა ეგვიპტელისთვის, რომელიც უკან დაიხევდა. საღამოს ორივე არმიამ დიდი დანაკარგებით უკან დაიხია.  რამზესმა მოახერხა და მეტად ხელსაყრელ მდგომარეობაში მყოფ ხეთებს გამარჯვების საშუალება არ მისცა. 
შედეგები
რამზეს მეორემ, მიუხედავად იმისა, რომ მარცხს ძლივს გადაურჩა, ქადეში თავის უდიდეს გამარჯვებად გამოაცხადა და ბევრი ტაძრის კედლებზე გამოასახინა ამ ბრძოლის ამსახველი სცენები, მათ შორის აბუ სიმბელისა და კარნაკის ჰიპოსტილის დარბაზებში. ეს ერთგვარი სახელმწიფო პროპაგანდა იყო და წარმატებულიც გამოდგა. ხეთების მეფე მუვატალი II-ც გამარჯვებულად თვლიდა თავს და ომს მხნედ აგრძელებდა. ქადეშის ბრძოლა ერთ-ერთი პირველი ბრძოლაა ისტორიაში, რომლის შესახებაც მკვლევარებს საკმაო მასალა აქვთ, რაც რამზეს მეორის პერიოდის თხუთმეტამდე სტელასა და წარწერებს ეყრდნობა. 

რამზეს II და მის მიერ დატყვევებული მოწინააღმდეგის ჯარისკაცები (კარნაკის ტაძრის სტელა, ძვ.წ. XIII ს.)

ქადეშის ბრძოლა ისევე როგორც მეგიდოს ბრძოლა(5), ბრწყინვალე მაგალითია ბრინჯაოს ხანის სამხედრო დაპირისპირებისა და სამართლიანად ითვლება ამ პერიოდის უდიდეს ბრძოლად. მასში მონაწილეობა იმ დროის ორმა წამყვანმა იმპერიამ, მათმა ამბიციურმა და ჭკვიანმა მმართველებმა და ძლევამოსილმა არმიებმა მიიღეს. ქადეშის ბრძოლის სტელები და წარწერები ისტორიკოსებს მდიდარი მასალას აძლევს იმ პერიოდის სხვა ბრძოლების უკეთ გაანალიზებისა და წარმოდგენისთვის. ქადეშის ბრძოლის შედეგად ეგვიპტელებმა დიდი სარგებელი ვერ ნახეს და ტერიტორიები კვლავ ხეთებს დარჩათ. ეს ნიშნავს იმას, რომ მუვატალი მეორემ სტრატეგიული გამარჯვება მოიპოვა. შეტაკებები კიდევ რამდენიმე წელი გაგრძელდა. საკმაოდ ხანგრძლივი ომის შემდეგ რამზესმა და ხეთების მეფემ შეთანხმებას მიაღწიეს და ხელშეკრულება დადეს. მეგობრობის ნიშნად რამზესმა ხეთების მეფის ასული შეირთო ცოლად. ეს მშვიდობა მისი მეფობის შემდეგაც გრძელდებოდა მანამ, სანამ, დაახლ. ძვ.წ. 1196 წელს, ხეთების სამეფო არ დაეცა. ქორწინება ურთიერთობების გამყარებას ისახავდა მიზნად. ეგვიპტურ სტელაზე გაკეთებული წარწერების მიხედვით რამზესმა ორი ხეთი პრინცესა მოიყვანა ცოლად, თავისი მეფობის 33-ე და 34-ე წელს. 
ხეთებსა და ეგვიპტელებს შორის დადებული ზავის ტექსტი, რომელიც პირველი შემორჩენილი საზავო ხელშეკრულებაა მსოფლიოს ისტორიაში (ძვ.წ. XIII ს.)

 ძველეგვიპტური და ხეთური ტექსტების მიხედვით: “21-ე წელს მეფობისა, I თვეს ამოსვლისა, 21-ე რიცხვსა, ზეობისა მისი უდიდებულესობის ზემო და ქვემო ეგვიპტის მბრძანებლის უსერმაატრა-სეტეპენრა, რას ვაჟის, რამზეს მარიამონის, რომელსაც მიეცა მარადიული სიცოცხლე ამონ-რა-ჰორატჰის, პტაჰის, მუტის, ჰონსუს მიერ... მოვიდა მეფის ელჩი, ხეთების ელჩი ტარეტსაბი და მეორე ელჩი ხეთებისა [ვერცხლის ფილით] – ხეტესერა [ხათუსილი]...ფარაონთან, დაე იყოს ის მარად ცოცხალი, ჯანმრთელი, ძლიერი...მოლაპარაკება ხეტესერსა [ხათუსილი] მურსილის ძესა და უსემაატრა-სეტეპენრას [რამზეს II] შორის სამუდამო ძმობასა და მშვიდობაზე, არ შეიჭრება რამზეს-მარიამონი ხეთების მიწაზე [იგივე პირობა ხეთებისგან]... თუ უსემაატრა-სეტეპენრას გამოუჩნდება მტერი და ხეთების მეფეს მისწერს, წამოდი და დამეხმარე მის წინააღმდეგ! მოვა ხეთების მეფე და განდევნის ამ მტერს, თუ არ მოვა მისცემს თავის ეტლებს და ჯარს განსადევნად ეგვიპტელთა მტრისა [იგივე მეორდება ეგვიპტელთა მხრიდან] რათა იყოს მშვიდობა” (ორივე დოკუმენტში ამ მონაკვეთს ერთნაირი შინაარსი აქვს). 


სქოლიოები:
(1)Саимон Eнглим, и Филлис Дж. Джестис, Воины и сражения древнего мира,  3000 год до н.э. - 500 год н.э.  Москва: Эксмо, 2003. 87.
(2)იქვე,  91
(3)C. Tucker Spencer. Battles That Changed History, An Encyclopedia of World Conflict  (Santa Barbara, 2011), 24.
(4)Eнглим и Джестис, Воины и сражения древнего мира, 91
(5)მეგიდოს ბრძოლა – ძველი სამყაროს ერთ-ერთი უდიდესი ბრძოლა ეგვიპტესა (ფარაონი თუტმოს III) და ქანაანელთა კავშირს (ქადეშის მეფე) შორის დაახლ. ძვ.წ. 1457. ცნობილია იმითაც, რომ გადამწყვეტი მნიშვნელობა ეტლების შეტაკებამ ითამაშა. 

ბიბლიოგრაფია

1. Авдиев, В. И.  Военная история древнего Египта. том I и II. Москва, 1948, 1959. 
2. Eнглим, Саимон и Дж. Джестис Филлис. Воины и сражения древнего мира,  3000 год до н.э. - 500 год н.э.  Москва, 2003.
3. Shaw, Ian and Paul Nicholson. The British Museum Dictionary of Ancient Egypt. Cairo, 2002.
4. Киселев, В.И. ред. Египет периода нового царства.  Солдат Н-52. Артемовск, 2002.
5. Киселев, В.И. ред. Колесницы бронзового века. Солдат Н-114. Артемовск,  2002.
6. Киселев, В.И. ред. Древние армии Ближнего Востока, 3500-612 г. до н.э. Солдат Н-52. Артемовск, 2002.
7. Догерти, Мартин и Майкл Хэскью. Великие сражения Библейских времен 1400 г. до н.э. - 73 г. н.э.  Москва, 2009.
8. Spalinger, Anthony J. War in ancient Egypt: The New Kingdom. Malden, 2005
9. Osprey Warrior 121. Soldier of the Pharaoh. Middle Kingdom Egypt 2055-1650 BC. London, 2007.
10. Bryce, Trevor.  Hittite Warrior. London, 2007.
11. Healy, Mark. Qadesh 1300 BC.  London, 1993.
12. Петровский Н.С. Хрестоматия по истории Древнего Востока. Москва, 1963.
13. Bard, Kathryn A. Introduction to the Archaeology of Ancient Egypt. Malden, 2007. 
14. Christensen, Wendy. Empire of Ancient Egypt. Facts on File. New York, 2004. 
15. Bard, Kathryn. Encyclopedia of the Archaeology of Ancient Egypt. London, 1999.