უშკუინიკები - შუა საუკუნეების რუსი მეკობრეები


მაშინ, როდესაც ვიკინგთა ეპოქა დასრულდა, ევროპაში სკანდინავიელთა გამანადგურებელმა, მოულოდნელმა საზღვაო თავდასხმებმა იკლო და მალე წარსულსაც ჩაბარდა, ევროპის შორეულ აღმოსავლეთში, უზარმაზარი მდინარის, ვოლგისა და მისი შენაკადების აუზში, საზღვაო თავდასხმები და მეკობრეობა დაიწყეს ადამიანებმა, რომელთაც „უშკუინიკებს" უწოდებდნენ. ეს მდინარის მეკობრეები სანაპირო ქალაქების ნამდვილ რისხვად იქცნენ. ისინი მოქმედებდნენ ვიკინგების მსგავსად. იყენებდნენ ბრტყელძირიან, დრაკარის მსგავს ხომალდებს, მოდიოდნენ მოულოდნელად, ძარცვავდნენ დასახლებებს და მიერეკებოდნენ ტყვეებს, ეწეოდნენ ნოვგოროდის რესპუბლიკის მიმდებარე ტერიტორიების კოლონიზაციას. მონღოლთა წინაშე ქედმოხრილი მთავრებისაგან განსხვავებით, არ ეპუებოდნენ არც ოქროს ურდოს ძლიერებას. მიუხედავად იმისა, რომ მოსკოვის მთავართა ნებით, მათი სახელი ისტორიიდან წაიშალა, უშკუინიკთა საგმირო საქმეები მაინც შემორჩა ხალხურ თქმულებებსა და მატიანეთა ისეთ გვერდებზეც კი, სადაც მათზე პირდაპირი მინიშნება არ გაგვაჩნია.  

უშკუინიკები ეწოდებოდათ ნოვგოროდელი ვაჭრებისა და ბოიარების მიერ შეიარაღებულ დრუჟინის (რაზმის) წევრებს, თავისუფალ ადამიანებს (პავოლნიკებს), რომლებიც უშკუიებით (ხომალდებით) მოძრაობდნენ მდინარეებზე და თევზით ვაჭრობდნენ. მათ საქმიანობაში შედიოდა დიდი ნოვგოროდის სასაზღვრო ტერიტორიების დაცვა. ამას გარდა უშკუინიკები თავს ესხმოდნენ ვოლგისა და კამას (ვოლგის შენაკადია) სანაპიროებს და ძარცვა-გლეჯას ეწეოდნენ. აღწევდნენ ჩრდილოეთის მდინარეებშიც და რუსული მიწების ჩრდილო-დასავლეთ საზღვრების დამცველის როლსაც ითავსებდნენ. მშვიდობიანობის დროს, უშკუინიკები აწყობდნენ სათევზაო და სავაჭრო ექსპედიციებს დიდ მდინარეებზე. 
უშკუი ეწოდებოდა რუსულ ნიჩბებიან, ერთ ანძიან ხომალდს XI-XV საუკუნეებში. სახელწოდება უკავშირდება მდინარე ოსკუის, მდინარე ვოლხოვას მარჯვენა შენაკადს, რომელიც ნოვგოროდის მხარეში ჩამოდის. სხვა ვერსიით, სახელწოდება „ოშკუი" ჩრდილოეთ რუსეთში, თეთრი ზღვის სანაპიროებზე მოსახლე ხალხის, პომორელების ენიდან მოდის და ნიშნავს თეთრ დათვს (პოლარულ დათვს). პომორელთა ენაში ეს სიტყვა XIX საუკუნეშიც კი იყო შემორჩენილი. ამ მოსაზრებას უნდა ამყარებდეს ისიც, რომ „უშკუის" ცხვირზე ხშირად გამოსახავდნენ პოლარული დათვის თავს.   

ნოვგოროდის ბაზრობა (XIV-XV სს.) 

უშკუის ორი ვარიანტი არსებობდა - ზღვაში და მდინარეში ცურვისათვის. უშკუის სიგრძე 12-დან 14 მეტრამდე იყო, სიგანე დაახლოებით 2,5 მეტრი, ბორტის სიმაღლე 1 მეტრი, წყალშიგა ნაწილი 60 სმ. ასეთ ხომალდზე 30-მდე ადამიანი თავსდებოდა. საზღვაო უშკუის ირიბი აფრა ჰქონდა, კორპუსის ორივე ბოლოში კი ტრიუმი. მდინარის უშკუის სწორი აფრა ჰქონდა და მთლიანად ღია გემბანი, ტრიუმების გარეშე. ორივე ტიპის უშკუიზე საჭის ნაცვლად ხოფი (დიდი ნიჩაბი, მიმაგრებული გემის უკანა ნაწილზე) გამოიყენებოდა. 
თუ მხედველობაში მივიღებთ ნოვგორედელთა მეზობლობასა და ახლო კონტაქტებს სკანდინავიელ ტომებთან, შეგვიძლია აღვნიშნოთ, რომ ისინი დიდ გავლენას ახდენდნენ ჩრდილო-დასავლეთ რუსეთზე და მათგანვე უნდა აეთვისებინათ ნოვგოროდელებს სკანდინავიური დრაკარის მსგავსი „უშკუიებით" მდინარეებზე მეკობრეობა და სანაპიროებზე მდებარე დასახლებებზე მოულოდნელი თავდასხმა. ზოგიერთი რუსი ისტორიკოსი მიიჩნევს, რომ უშკუინიკები პირველად 1088 წელს გამოჩნდნენ. ისტორიული წყაროების მიხედვით, ამ წელს ვოლგის ბულგარებმა რუსებს შემოუტიეს. მიზეზი რუსი მეკობრეები გახდნენ, რომლებიც მდინარე ვოლგასა და ოკაზე ბულგართა ვაჭრობას დიდ ზიანს აყენებდნენ.  შეიძლება მივუთითოთ უფრო ადრეულ ფაქტებზეც, რომლებიც XI საუკუნის დასაწყისში უშკუინიკების არსებობას გვიჩვენებს. დაახლოებით 1032 წელს ნოვგოროდელმა უშკუინიკებმა ლაშქრობა მოაწყვეს იუგრაზე (დღევანდელი ურალის ფედერალური ოკრუგი). აღსანიშნავია, რომ უშკუინიკობა რუსეთის არცერთ სხვა მხარეში არ გავრცელებულა ისე, როგორც ნოვგოროდში, რომელიც უშკუინიკობის ცენტრს წარმოადგენდა. ნოვგოროდში მიმდინარე მუდმივი პოლიტიკური ბრძოლის შედეგად, ნოვგოროდელთა შორის გაჩნდა განსაკუთრებული ჯგუფი, რომელიც არცერთი ობშინას (ერთობის) არ ეკუთვნოდა. ამის გარეშე კი სრულუფლებიანი მოქალაქეობის მიღება არ შეიძლებოდა. 

მდინარე ვოლგა 

ნოვგოროდის მმართველები ცდილობდნენ გათავისუფლებულიყვნენ საზოგადოების ასეთი ჯგუფებისაგან, თავიდან მოეცილებინათ ისინი და გამოუნახეს საქმეც - ნოვგოროდის საზღვრების გაფართოება.  ფაქტობრივად ეს ადამიანები ნოვგოროდელი დიდებულების ინტერესების დამცველები გახდნენ და ამავე დროს ქალაქის მტრის თავდასხმებისაგან დამცველებიც. მათი თავდასხმები, რომელიც მეტად რისკიანი იყო, თუმცა მოულოდნელობის ხარჯზე შიშის ზარს სცემდა სანაპირო მოსახლეობას, ხშირად იმდენად შემაწუხებელი ხდებოდა მეზობლებისათვის, რომ მოსკოვის სამთავროს ჯარები ხშირად მისდგომიან ნოვგოროდს და მოუთხოვიათ მათგან სანაცვლოდ დიდი ფულადი კონტრიბუცია. მიუხედავად ამისა, უშკუინიკები ლაშქრობების მოწყობას არ წყვეტდნენ. შემდგომ საუკუნეებში, ნოვგოროდელ პოლიტიკოსთა ნაწილი, რომელიც ნოვგოროდის დამოუკიდებლობას ემხრობოდა, იყვნენ ოქროს ურდოსა და მოსკოვის სამთავროს გავლენისაგან, დადებითად უყურებდნენ უშკუინიკების მოქმედებას. მიუხედავად იმისა, რომ უშკუინიკობა არ განიხილებოდა ნოვგოროდის სამხედრო ორგანიზაციის ნაწილად და სტიქიურ გამოვლინებად მიიჩნეოდა, მათი ნამოქმედარისათვის პასუხს ხშირად სწორედ ნოვგოროდისაგან მოითხოვდნენ. 
უშკუინიკთა ლაშქრობები
რუსულ ისტორიული წყაროებში უშკუინიკების ოცამდე ლაშქრობაა აღწერილი.  მათგან ერთ-ერთი მნიშვნელოვანი იყო 1318 წელს ფინეთში ქალაქ აბოს აღება, სადაც უშკუინიკებმა ხელთ იგდეს რომის ეკლესიის მიერ 5 წლის განმავლობაში ნაგროვები საეკლესიო გადასახადი. 1320-1323 წლებში ნორვეგიელთა თავდასხმებზე საპასუხოდ, უშკუინიკებმა დაარბიეს ფინმარკი და ხოლუგალანდი. ამის შემდეგ შეუტიეს შვედებსაც, რამაც დააჩქარა ორეხოვეცკის (ნოტებერგის) ხელშეკრულების გაფორმება ნოვგოროდსა და შვედეთის სამეფოს შორის და მათ შორის საზღვრის დამტკიცება. 1349 წელს უშკუინიკები კვლავ დაუპირისპირდნენ სკანდინავიელებს და შვედეთის მეფე მაგნუსის ლაშქრობას უპასუხეს ძლიერი ციხესიმაგრის ბარკეის აღებით. ეს იყო შვედი რაინდების უკანასკნელი „ჯვაროსნული ომი" ნოვგოროდის წინააღმდეგ. ამის შემდეგ ჩრდილოეთით სამხედრო მოქმედებები შეწყდა და საბრძოლო თეატრმა ახლა სამხრეთისკენ გადაინაცვლა, საიდანაც რუსებს ოქროს ურდო ავიწროებდა.  
უშკუინიკი (XIV-XV სს/)

მონღოლებს რუსები ბევრჯერ ჰყავდათ დამარცხებულები და ყველა რუსული სამთავრო მათი ვასალი იყო. ოქროს ურდოს ყაენის განკარგულებას ემორჩილებოდა ნოვგოროდიც. მიუხედავად ამისა, უშკუინიკები ამან ვერ შეაჩერა და მათ ახლა ოქროს ურდოზე დაიწყეს ლაშქრობა. 1360 წელს თავს დაესხნენ და დაარბიეს ოქროს ურდოს ქალაქი ჟუკოტინი მდინარე კამაზე და დახოცეს მონღოლები. ამ ამბავს კეთილად შეხვდა წმინდა დიონისე სუზდალელი, რომელიც მთელი თავისი ცხოვრების განმავლობაში „ურჯულო თათრების" წინააღმდეგ ლაშქრობისაკენ მოუწოდებდა რუსებს. განრისხებულმა ყაენმა ხიზირმა დიდ მთავარს, დიმიტრი სუზდალელს მოსთხოვა უშკუინიკების დაჭერა და მასთან მიგვრა. მართლაც, მონღოლთაგან შეშინებული სუზდალის, ნიჟეგოროდისა და კოსტრომსკის მთავრების გადაწყვეტილებით, კოსტრომსკში ბოიარებმა ლაშქრობიდან დაბრუნებული უშკუინიკები დაათრეს, გათოკეს და ურდოში გაგზავნეს, სადაც ისინი მონებად გაყიდეს. სამი წლის შემდეგ უშკუინიკებმა ახალი ლაშქრობა მოაწყვეს დასავლეთ ციმბირში მდინარე ობზე ვოევოდა ალექსანდრ აბაკუნოვიჩისა და სტეფაპე ლიაპის მეთაურობით. სავარაუდოდ ამ ლაშქრობის მიზეზი მონებად გაყიდული მეგობრების გათავისუფლება იყო.
1366 წელს ნოვგოროდელმა ბოიარებმა ოსიპ ბარფოლომეევიჩი, ვასილი ფიოდოროვიჩი და ალექსანდრ აბაკუნოვიჩი თავს დაესხნენ ნიჟნი ნოვგოროდსა და ყაზანს შორის მიმავალ ქარავნებს. ოქროს ურდოს ყაენმა ნოვგოროდელთა დასჯა მოსკოვის მთავარს დიმიტრი ივანოვიჩს (შემდგომში „დონელად" წოდებულს) მიანდო. მანაც მკაცრი წერილი გაუგზავნა ნოვგოროდელებს, რაზეც პასუხად მიიღო, რომ მათ არ გაუძარცვავთ მისი სტუმარი ვაჭრები და იქ მხოლოდ `უცხოელი ურჯულოები" იყვნენ. 
ნოვგოროდელი მეომარი (XIV ს.)

შემდგომ წლებში უშკუინიკებმა რამდენჯერმე ილაშქრეს მდინარე ვოლგასა და კამაზე. 1369-70 წლებში კი თავს დაესხნენ კოსტრომუსა და იაროსლავლს, რადგან ამ პერიოდში ნოვგოროდი ტვერის სამთავროს ებრძოდა. განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო 1374 წლის ლაშქრობა, რომელშიც უშკუინიკები 90 უშკუით გაეშურნენ. მათ ჯერ ქალაქი ბოლგარი (ყაზანის მახლობლად) აიღეს და შემდეგ თავად ოქროს ურდოს დედაქალაქი - სარაი-ბერქე. მოლაშქრე უშკუინიკების ნაწილი სამხრეთით, მეორე ნაწილი კი აღმოსავლეთით გაეშურა და დასახლდა ქალაქ ხლინოვში (იგივე ვიატკა, თანამედროვე კიროვი). ერთი ვერსიით, სახელწოდება „ხლინოვი" მოდის სიტყვიდან „ხლინ" (хлы́н), რაც მდინარის ყაჩაღს, უშკუინიკს უნდა ნიშნავდეს. მიიჩნევა, რომ ხლინოვი 1181 წლიდან არსებობს, მაგრამ 1134 წლიდან, ანუ მას შემდეგ, რაც აქ მოლაშქრე უშკუინიკები დასახლდნენ, ისტორიულ წყაროებში ეს ქალაქი მოიხსენიება არა როგორც ხლინოვი, არამედ როგორც ვიატკა (სახელწოდება ხლინოვი მას 1457 წელს დაუბრუნდა). ამ ტერიტორიაზე შეიქმნა ვიატკის რესპუბლიკა, რომელსაც ისეთივე მმართველობა ჰქონდა, როგორც ნოვგოროდს. 1375 წელს 1500-მა უშკუინიკმა გაანადგურა კოსტრომუს ვოევოდას 5 ათასიანი ლაშქარი და დაიკავა მისი ქალაქი. შემდეგ დაეშვნენ ვოლგაზე და კვლავ დაესხნენ თავს ბოლგარსა და სარაი-ბერქეს. ბოლგარის მმართველმა უშკუინიკებს თავი დიდი ფულადი კონტრიბუციით დააღწია, სარაი-ბერქე კი მათ იერიშით აიღეს და ააოხრეს. 1360-1375 წლებში უშკუნიკებმა რვა დიდი ლაშქრობა მოაწყვეს შუა ვოლგაზე, რომ არ ჩავთვალოთ პატარა რეიდები.

ოქროს ურდო და რუსთა სამთავროები (XIII-XIV ს.)

XV საუკუნის პირველ ნახევარში უშკუინიკებმა ორი დიდი ლაშქრობა მოაწყვეს. ერთს, რომელიც მდინარე ვოლგასა და კამაზე გაიმართა, ვოევოდა ანფალი მიუძღოდა და მასში 250 უშკუი მონაწილეობდა. 1436 წელს კი მდინარე კოტოროსლის სათავესთან ტყვედ იგდეს იაროსლავლის მთავარი ალექსანდრ „ღიპიანი". მთავარი ამ დროს 7 ათასიან ლაშქარს მეთაურობდა, მაგრამ გამოიჩინა დაუდევრობა და თავის ახალგაზრა მეუღლესთან შესახვედრად გაეშურა ჯარისაგან მოშორებულ ადგილზე, რა დროსაც ტყვედ ჩავარდა. ეს დაპირისპირება წარმოაგენდა რუსთა შორის სამოქალაქო ომის ნაწილს, რომელიც მოსკოვის ტახტის ხელში ჩასაგდებად მიმდინარეობდა.
1471 წელს ვოევოდა კოსტა იურევის სარდლობით, ხლინოველებმა  დალაშქრეს ოქროს ურდოს დედაქალაქი სარაი. სავარაუდოდ ეს მოხდა მოსკოვის მთავრის თხოვნით, რომელსაც სურდა ნოვგოროდსა და მოსკოვს შორის მიმდინარე ომიდან ოქროს ურდოს მონღოლების ყურადღება გადაეტანა. ამ ლაშქრობაში მონაწილეობა მიეღოთ უშკუნიკებსაც, რომელთაც, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ 1374 წელს დაარსეს ქალაქი ხლინოვი. 
უშკუი

1489 წელს, ივანე III მრავალრიცხოვანი არმიით, რომელსაც ვოევოდები დანიილ შენი და გრიგორი მოროზოვი მეთაურობდნენ, ხლინოვს მიადგა. მის ჯარში იყვნენ ყაზანელი თათრებიც თავიანთი მთავრის ურაკას სარდლობით. ამ ჯართან დაპირისპირება ხლინოველებმა ვერ გაბედეს და ვოევოდების მოსყიდვა სცადეს, თუმცა მათ მიიღეს ხლინოველთა საჩუქრები და ქალაქს მაიც შეუტიეს. ხლინოველებმა მოლაპარაკებები დაიწყეს კაპიტულაციასთან დაკავშირებით, რა დროსაც ალყაშემორტყმულთა მნიშვნელოვანმა ნაწილმა ქალაქიდან გაქცევა მოახერხა. ივანე III-მ  ხლინოვის მოსახლეობის დიდი ნაწილი მოსკოვის სამთავროს ქალაქებში გადაასახლა, მთავარი „შფოთისთავები" კი დასაჯა.  
როგორც ზემოთ აღნიშნული მოვლენები მიგვანიშნებს, უშკუინიკობა XV საუკუნეშიც გვხვდებოდა, მაგრამ უფრო ნაკლებად ვიდრე წინა პერიოდში. ცენტრალიზაციამ, ძალაუფლების განმტკიცებამ და ძალების მოკრებამ მოსკოვის მთავართა ხელში, დიდწილად შეამცირა ეს სტიქიური თავდასხმები, რომლებშიც უშკუინიკები მონაწილეობდნენ. ანდრეი კურბსკელი თავის თხზულებაში „ამბავი მოსკოვის დიდ მთავარზე", წერს, რომ 1552 წელს, ყაზანის ალყის კრიტიკულ მომენტში, ყაზანიდან მოსკოვში გაგზავნეს მაცნეები რათა ჩამოეტანათ ქრისტეს ჯვრის ნაწილი. მაცნეებმა 3-4 დღეში მიაღწიეს ხლინოვური სწრაფი ხომალდებით ნიჟნი ნოვგოროდამდე. ასეთი სისწრაფე მხოლოდ უშკუის შეეძლო განევითარებინა. როგორც ჩანს, უშკუი XVI საუკუნეშიც რჩებოდა მდინარეებზე გადაადგილების ყველაზე მოხერხებულ და სწრაფ საშუალებად.
ივანე III (XVI ს. გრავიურა)

ხლინოვის მოსახლეობის ნაწილი ივანე III-მ ბოროვსკში, ალეკსინსა და კრემენსკოეში ჩაასახლა. აქ მათ მიწის ნაკვეთები და საცხოვრებლები მიიღეს. ვაჭრები კი დმიტროვში დაასახლეს. დაუმორჩილებელი ვოევოდები თავიანთი დრუჟინებით მოსკოვის სამთავროს სამხრეთ და დასალვეთ სასაზღვრო მხარეებში გადაასახლეს. ნაწილი მოსკოვის მიმდებარე ტერიტორიაზე, დღევანდელ სოფელ ხლინოვოს მიდამოებში. უშკუინიკთა შთამომავლები ვიატკის რესპუბლიკის გაუქმების შემდეგ აღმოსავლეთით წავიდნენ. მათი ნაწილი ვიატკისა და პერმის ტყეებში დასახლდა, მეორე ნაწილი კი დონსა და ვოლგაზე დაეშვნენ. სწორედ ვოლგაზე მოხდა ვოლგის კაზაკების ფორმირება, რომელთაც უშკუინიკების ტრადიცია გააგრძელეს. ბევრი თანამედროვე ლინგვისტი კი უშკუინიკების მსგავსებას დონელ კაზაკთა, ნოვგოროდელთა და ვიატკის მხარის მოსახლეთა დიალექტშიც ხედავს. 
საინტერესოა, რომ მოსკოვის მთავრებმა მოისურვეს, უშკუინიკთა სახელი ისტორიიდან საერთოდ გაექროთ და ბრძანეს ყველა ხელნაწერიდან ამოეშალათ ცნობები ვიატკის უშკუინიკების შესახებ. ამის გამო ბევრი ცნობა დაიკარგა და უშკუინიკებზე მხოლოდ რამდენიმე სახალხო ეპოსი და ხელნაწერიღაა შემორჩენილი. მათ შორის ერთ-ერთია სახალხო ეპოსი „კულიკოვოს ველი", ასევე „დგომა მდინარე უგრაზე". ამავე და შემდგომ პერიოდში რუსი მემატიანეები ყველანაირად ცდილობდნენ უშკუინიკების სახელი ყაჩაღებთან, მეამბოხეებთან დაეკავშირებინათ და საერთოდ ყოველგვარი ცუდის განსახიერებად ექციათ. XX საუკუნიდან მათი ისტორიით უფრო მეტი მეცნიერი დაინტერესდა, განსაკუთრებით ბოლო წლებში და საზოგადოების ნაწილში უშკუინიკებისადმი დამოკიდებულებაც შეიცვალა. ბევრი ისტორიკოსისათვის უშკუინიკების მოწყობილი ლაშქრობები და მათი შექმნილი ვიატკის რესპუბლიკა შესწავლის საგნადაც იქცა, რასაც შუა საუკუნეების რუსული წყაროების მიხედვით ცდილობენ, მიუხედავად იმისა, რომ იქიდან ბევრი ცნობა ამ რუსი მეკობრეების შესახებ ივანე III-ს დროიდანვე წაშალეს.

ნიკა ხოფერია