ნაპოლეონი საფრანგეთში: რეფორმები კონსულატისა და იმპერიის ხანაში

         
                     დადგება დღე და ისტორია იტყვის, რა იყო საფრანგეთი, როცა მე ავედი ტახტზე და რად იქცა,როცა კანონები დავუწერე ევროპას.(1)  

ნაპოლეონ ბონაპარტი

XVIII-XIX საუკუნეების მიჯნაზე საფრანგეთი, რომელმაც 1789-1799 წლებში რევოლუციისა და სახელმწიფო გადატრიალებების რთული და დაძაბული პერიოდი განვლო, 1799 წლის 18 ბრიუმერის (9 ნოემბრის) სახელმწიფო გადატრიალების შედეგად გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის ძალაუფლების ქვეშ მოექცა. ნაპოლეონი იყო ნიჭიერი მხედართმთავარი, ადმინისტრატორი, პოლიტიკოსი და დიპლომატი, სახელგანთქმული თავისი კამპანიებით იტალიასა და ეგვიპტეში. მან კარგად გამოიყენა თავისი გავლენა სამხედრო წრეებზე და ჯერ საფრანგეთის პირველი კონსული გახდა, 1804 წლიდან კი კონსტიტუციის მიხედვით ფრანგთა იმპერატორად გამოცხადდა.
საფრანგეთის რევოლუციური იდეები ავსტრიის, პრუსიის, რუსეთისა და ევროპის სხვა ქვეყანათა მონარქთათვის მიუღებელი და საშიში იყო. პროგრესულ გზაზე დამდგარი საფრანგეთი მძლავრი მეტოქე იქნებოდა ინგლისისთვისაც, რომელიც ანტიფრანგული კოალიციების მთავარი დამფინანსებელი გახლდათ. ამავე დროს, ნაპოლეონს ევროპის წონასწორობის შეცვლა და საფრანგეთის დომინანტ სახელმწიფოდ ჩამოყალიბება სურდა და კარგად მოწყობილ, ეკონომიკურად ძლიერ სახელმწიფოს ქმნიდა, რომელიც შეძლებდა მისი გეგმებისთვის საჭირო რესურსების უზრუნველყოფას. ალექსანდერ გრაბი აღნიშნავს, რომ ნაპოლეონის მმართველობა ევროპაში იანუსივით ორსახოვანი იყო: აერთიანებდა საშინაო რეფორმებსა და პროგრესს, საგარეო ექსპანსიასთან და ეს ორი სახე მჭიდროდ იყო დაკავშირებული ერთმანეთთან(2).  თუმცა ეს შემდგომში, იმპერიის დროს,  ნაპოლეონის რეფორმების პირველი და ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპი კი მისი კონსულობისას განხორციელდა.
პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტი (ანტუან-ჟან გროს ნახატი, 1802 წ.)

„ზოგადად, კონსულატის პერიოდი ითვლება საფრანგეთის ისტორიაში ერთ-ერთ ყველაზე სწრაფი გარდაქმნების პერიოდად. მოხდა ხელისუფლების ცენტრალიზება, დასრულდა კონფლიქტი ეკლესიასთან, მოწესრიგდა ფინანსური მდგომარეობა, სამხედრო და საგანმანათლებლო სისტემა."(3)  მშვიდობიანობის 28 თვის განმავლობაში, ლუნევილის ზავსა (1801 წ. 9 თებერვალი) და ბრიტანეთი მიერ ომის გამოცხადების (1803 წ. 16 მაისი) შორის, ნაპოლეონმა სამოქალაქო მიღწევებისა და რეფორმების რეკორდი დაამყარა. ისინი წარმოადგენენ ნაპოლეონის მემკვიდრეობის ყველაზე დიდხანს არსებულ, ყველაზე გამძლე ნაწილს.(4)  საფრანგეთი ამ დროისათვის წარმოადგენდა ქვეყანას, რომელშიც ჯერ კიდევ არ იყო მოშლილი „ძველი რეჟიმის" საფრანგეთის ნიშნები და არც რევოლუცია იყო მიყვანილი თავის ლოგიკურ დასასრულამდე. ნაპოლეონის კონსულობა სწორედ იმის პირობა გახდა, რომ ეს პროცესი მისულიყო ბოლომდე, მშვიდობის რამდენიმე წელიწადი კი, ბონაპარტს ამისათვის ეყო. შემდგომში, ნაპოლეონი აღნიშნავდა: „როცა დასასრულამდე მივიყვანე რევოლუცია და ვაჩვენე რევოლუციონერებს, რისი შემძლეც ვიყავი, ამით ისინი გაოგნებულნი დარჩნენ."(5)  ჟან ტიულარის მიხედვით ნაპოლეონის ერთ-ერთი გენიალური გადაწყვეტილება ის იყო, რომ თავისი სახელი ორ ინსტიტუტს, პრეფექტებსა და სამოქალაქო კოდექსს დაუკავშირა. ორივე ძალზედ სიცოცხლისუნარიანი გამოდგა, ნაპოლეონის ცენტრალიზაციასა და ნაპოლეონის კოდექსზე შემდგომშიც ბევრს საუბრობდნენ.(6)  ყოველივე ამის დასაწყებად, ნაპოლეონს პირველ რიგში უნდა მოეგვარებინა ისეთი პრობლემები, როგორიც იყო გაზრდილ კრიმინალთან და ოპოზიციურ ძალებთან ბრძოლა, ეკონომიკის მოწესრიგება, ემიგრანტების დაბრუნებისა და საფრანგეთში კათოლიკური ეკლესიის რეაბილიტაციის საკითხი.
ჟოზეფ ფუშე, ოტრანტოს ჰერცოგი(კლოდ-მარი დუბუფეს ნახატი, XIX ს. I ნახ.)

„საქმე იქამდე იყო მისული, რომ პარიზს იქით მგზავრობა სიცოცხლისათვის საშიში გახდა. უნიათო და კორუმპირებული პოლიცია ვერც ვერაფერს აწყობდა და არც ცდილობდა რამე ეღონა."(7)  ნაპოლეონის დროს კი, პოლიცია იჭერდა ადგილობრივ კრიმინალებსა და კონტრაბანდისტებს, აკონტროლებდა სახალხო თავშეყრის ადგილებსა და გზებს, ციხეებს, მოხელეთა წიგნაკებს. თუმცა ფუშეს(8) მთავარი მიზანი მაინც ნაპოლეონის პოლიტიკური ოპოზიციის რეპრესირება და შეთქმულებების გახსნა იყო. მან გააბა აგენტური ქსელი მთელს იმპერიაში და მეთვალყურეობდა დისიდენტებს.(9)  
ნაპოლეონისათვის ხელისშემშლელი ფაქტორი იქნებოდა ე.წ. პრივილეგიების აღდგენაც. „პრივილეგია ეს არის პიროვნების, კორპორაციის, ქალაქის, პროვინციის საერთო სამართლისაგან გათავისუფლება, მეფის გავლენა ძალას კარგავდა პრივილეგიის პირისპირ. პრივილეგია საბოლოო ჯამში, თავისუფლების გარანტი იყო. მონარქიის ცენტრალიზაციის პროცესს პრივილეგიები ამუხრუჭებდა. მას ფილოსოფოსებიც იცავდნენ, მხოლოდ მირაბო ხედავდა მათში წინააღმდეგობის კედელს."(10)  პრივილეგიების დიდი ნაწილი პირველად 1789 წელს, რევოლუციის დასაწყისში გაუქმდა, შემდგომ კი მას იაკობინელებმა ფაქტობრივად ბოლო მოუღეს. ნაპოლეონმა გააგრძელა მათი პოლიტიკა ამ მიმართულებით და პრივილეგიები აღარ აღადგინა, „იაკობინელთა ცენტრალიზაცია გაგრძელდა".(11)
ონორე-გაბრიელ რიკეტი, მარკიზ დე მირაბო (ჟოზეფ ბოზეს ნახატი, 1789 წ.)

 როგორც საფრანგეთის ისტორიის მკვლევარი ალფრედ კობანი აღნიშნავს, ადმინისტრაციული სისტემის ცენტრალიზება, რომელიც დამკვიდრდა საფრანგეთში, რევოლუციისა და ნაპოლეონის მმართველობის პერიოდის შედეგი იყო.(12) რევოლუციურმა მთავრობებმა აუცილებლად ჩათვალეს პოტენციური ოპოზიციის შესაჩერებლად კომუნებსა და დეპარტამენტებს თავისი ნების გამოხატვის უფლება შეუზღუდა, ნაპოლეონმა კი არჩევითობის პრინციპი მთლიანად გააუქმა და დეპარტამენტების სათავეში პრეფექტები, მათი მოადგილე სუ-პრეფექტები და მერები ჩააყენა.(13)  პრეფექტი კი ფაქტობრივად მთავრობის პოლიტიკური აგენტი იყო,(14) „ნიშანი ცენტრალიზებული მმართველობისა და მთავარი ინსტრუმენტი ქვეყანაში მშვიდობიანობის დასამყარებლად".(15)  ის ასრულებდა სამთავრობო გადაწყვეტილებებს და მინისტრებს დაწვრილებით ინფორმაციას აწვდიდა თავისი დეპარტამენტის შესახებ.(16) ამით ნაპოლეონი კიდევ უფრო ცენტრალიზებულს ხდიდა სახელმწიფოს და ყველა დეპარტამენტის მართვის სადავეები მტკიცედ ეპყრა ხელთ. „ადამიანებს უნდა მართავდე იმ სადავით, რომლითაც ახლა მართავენ, და არა იმით, უწინ რომ მართავდნენ"(17)  - ამბობდა შემდგომში იმპერატორი.

ნაპოლეონის კორონაცია (ჟაკ-ლუი დავიდის ნახატი, 1805-1807 წწ.) 

დირექტორიის მმართველობისას შეიქმნა სერიოზული ეკონომიკური პრობლემები, გაიზარდა ინფლაცია. ნაპოლეონმა 1800 წლის თებერვალში ქვეყნის ბანკირებთან ერთად ჩამოაყალიბა საფრანგეთის ეროვნული ბანკი. მან გაამყარა ეროვნული ვალუტა, მოაწესრიგა ფასების საკითხი, ქაღალდის ფული შეცვალა მონეტებით, შედეგად, საფრანგეთის ეკონომიკა დასტაბილურდა და განვითარება დაიწყო.(18)  
ნაპოლეონმა ხელი შეუწყო ფრანგი ემიგრანტების დაბრუნებასაც. შინაგან საქმეთა მინისტრი (1799 წ. დეკემბრიდან 1800 ნოემბრამდე), ნაპოლეონის ძმა, ლუსიენ ბონაპარტი წერდა: „მთავრობას უკვე აღარ სურს, უკვე აღარ განიხილავს ფრაქციებს (როიალისტები, რესპუბლიკელები და ა.შ.) და საფრანგეთში მხოლოდ ფრანგებს ხედავს". ეს იყო მნიშვნელოვანი ნაბიჯი საფრანგეთის ერთიანობისა და ცენტრალიზებისაკენ და ასევე ნიშანი ემიგრანტებისათვის, იმ ფრანგებისათვის, რომელთაც რევოლუციის წლებში უცხო ქვეყნებს მიაშურეს. ემიგრანტებს მოუწოდეს, რომ დაბრუნებულიყვნენ სამშობლოში. რევოლუციის დროს 180 ათასიდან 200 ათასამდე ადამიანმა დატოვა საფრანგეთი, თუმცა ყველა მათგანი ოფიციალურ სიაში არ გახლდათ აღრიცხული (სიაში 100 ათასამდე ადამიანი იყო).(19)  1800-1801 წლების ოქტომბრებს შორის 3500-მდე ემიგრანტს მიეცა დაბრუნების საშუალება, 1802 აპრილიდან კი გენერალური ამინისტიის შედეგად ათასობით ემიგრანტი დაბრუნდა სამშობლოში.(20)
ლუსიენ ბონაპარტი (ფრანსუა-ქსავიერ ფაბრეს ნახატი, 1800 წ.)

 როგორც ჩანს მათ ნაწილს როიალისტური გრძნობები არც ამის შემდეგ განელებია, რადგან მათი ნაწილი სიხარულით შეეგება ბურბონთა დაბრუნებას 1814 წელს და უღალატა ნაპოლეონს.(21)  არტურ ლევი აღნიშნავს, რომ ძალაუფლების მოპოვების შემდეგ, ნაპოლეონის პირველი ამოცანა იყო, დაესრულებინა რევოლუცია და ერთიანი სახელის - „ფრანგების" - ქვეშ გაეერთიანებინა ის ხალხი, რომელიც ათი წლის განმავლობაში ერთმანეთს მხოლოდ მტრული მეტსახელებით მიმართავდა, - იქნებოდა ეს „ემიგრანტი", „ტერორისტი", „იაკობინელი" თუ „როიალისტი". საფრანგეთის კარი ხელახლა გაიღო ქვეყნიდან წასული ემიგრანტებისათვის და 80 ათასი ოჯახი სამშობლოში დაბრუნდა.(22) 
1802 წლის 18 აპრილს, ძველი გრეგორიანული კალენდრის მიხედვით აღდგომის კვირას, ინგლისთან დაზავებისა (ამიენის ზავი) და კათოლიკურ ეკლესიასთან კონკორდატის აღსანიშნავად გამართული წირვისას, პარიზელებმა ათი წლის შემდეგ პირველად მოისმინეს კათედრალური ტაძრის ზარების რეკვის ხმა.(23)  ნაპოლეონი თვლიდა, რომ „კარგად მართული ქვეყნისათვის საჭიროა მთავარი რელიგია და სახელმწიფოზე დამოკიდებული მღვდელი. ეკლესია უნდა ექვემდებარებოდეს სახელმწიფოს და არა სახელმწიფო - ეკლესიას."(24)  მისი კონსულობის პერიოდის ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს გადაწყვეტილებას სწორედ პაპ პიუს VII-თან კონკორდატის დადება წარმოადგენდა. ამან ბონაპარტს მეტი მხარდამჭერი შესძინა იმ ფრანგთა შორის, რომლებიც უკმაყოფილონი იყვნენ რევოლუციისას ეკლესიის განდევნითა და მოსპობით. „სახელმწიფო იღებდა კონტროლს განათლებაზე, ჯანდაცვაზე, დაბადების,  ქორწინებისა და გარდაცვალების აღრიცხვაზე, რასაც ადრე ეკლესია აკეთებდა. დამყარდა რელიგიური თავისუფლება და დამკვიდრდა სამოქალაქო ქორწინება და განქორწინება. ესპანეთში ფრანგებმა გააუქმეს ინკვიზიცია, იტალიურ და გერმანულ ქვეყნებში ებრაელებს უფლებები აღუდგინეს, თუმცა ზოგგან ისინი თანასწორუფლებიანი მოქალაქეები არ გამხდარან.
პაპი პიუს VII (სერ თომას ლოურენსი ნახატი, 1819 წ.)

საერთო ჯამში, ნაპოლეონის რეჟიმმა ეკლესიას შეუმცირა მატერიალური ბაზისი, ჩამოართვა სოციალური ფუნქციები და უზარმაზარი ნაბიჯი გადადგა ევროპული საზოგადოების სეკულარიზაციისაკენ."(25)  ეკლესიას არ დაუბრუნებია არც საეკლესიო მიწები, რომლებიც რევოლუციის დროს დაკარგა.(26)  როგორც აღვნიშნეთ, ეკლესიას ჩამოერთვა კონტროლი განათლებაზეც და ნაპოლეონმა ამ საკითხსაც მიაქცია ყურადღება. მან დაარსა ლიცეუმები, ელიტური საშუალო სკოლები ნიჭიერი სტუდენტებისათვის, 12 ახალი სამართლის სკოლა და შემოიღო ცენტრალიზებული საუნივერსიტეტო სისტემა. (27)
ნაპოლეონი ბევრს ხარჯავდა სამოქალაქო მშენებლობებზე, არხებსა და გზებზე. მან პარიზში პირველი პროფესიონალური სახანძრო ბრიგადა შექმნა, დაარსა მეტყევეობის ეროვნული დეპარტამენტი და ბრძანა მთელს საფრანგეთში გზების გასწვრივ ხეები დაერგოთ.(28) ნაპოლეონი განსაკუთრებით ზრუნავდა პარიზზეც. მას სურდა, რომ პარიზი ულამაზეს ქალაქად ექცია და მასში გააერთიანებინა ათენის, რომის, ბაბილონისა და მემფისის თვალწარმტაცი დეტალები.(29)  შემდგომში, წმინდა ელენეს კუნძულზე, თავის კომპანიონებთან საუბარში ის აღნიშნავდა, რომ ამისათვის დრო არასდროს ჰყოფნიდა.(30)
აუსტერლიცის ხიდი (1805 წლის 2 დეკემბერს ავსტრიისა და რუსეთის იმპერიების არმიებზე დიდი გამარჯვების აღსანიშნავად) პარიზში ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში აშენდა

როგორც აღვნიშნეთ, ბონაპარტის სახელს უკავშირდება სამოქალაქო კოდექსის შექმნა - ის შემდგომში აცხადებდა, რომ ეს მისი უდიდესი მიღწევა იყო - მაგრამ რეალურად, მას არც გამოუგონია და არც დაუწერია ეს კანონები. ეს იყო რაღაც, რაც ჯერ კიდევ მონარქიისა და რევოლუციონერების დროს განიხილებოდა. ბრიუმერის შემდეგ, ბონაპარტმა შეკრიბა კომისია, რომელსაც ტექსტის მონახაზი უნდა შეედგინა. ეს პროცესი 1801 წლის იანვარში დასრულდა და გადაეცა სახელმწიფო საბჭოს განხილვისა და ცვლილებების შეტანისათვის. ამის შემდგომ ისტორიკოსები მუდმივად დავობენ თუ რამდენად დიდი გავლენა მოახდინა მის ტექსტზე ნაპოლეონმა. სამოქალაქო კოდექსი იყო კოლექტიური მუშაობის შედეგი და გამოხატავდა იმ დროის დაწინაურებული ელიტის ინტერესებსა და საჭიროებებს. მართალია ნაპოლეონი ესწრებოდა სესიების ნაწილს, მაგრამ ის სვამდა კითხვებს, მოთმინებით უსმენდა მოდებატეებს და საშუალებას აძლევდა მათ თავისუფლად გამოეხატათ აზრი. მართალია მან კოდექსის შექმნაში გარკვეული წვლილი შეიტანა, მაგრამ იმას ვერ ვიტყვით, რომ ნაპოლეონის გარეშე კოდექსი დღის სინათლეს ვერ იხილავდა.(31)  კოდექსში გათვალისწინებული იყო რომაული სამართალი, საუკუნოვანი ფრანგული ადათ-წესები, ძველი პარლამენტების სასამართლო კანონშემოქმედების გამოცდილება და, რა თქმა უნდა, უკანასკნელი რევოლუციის პროგრესული მონაპოვარი. მას ორი ძირითადი დასაყრდენი ჰქონდა - კანონის უზენაესობა და საკუთრების პრიმატი.(32) საკუთრება ცხადდებოდა უმთავრეს ღირებულებად.
ნაპოლეონის კოდექსის ეგზემპლარი (ინახება პფალცის ისტორიულ მუზეუმში)

„კოდექსი აცხადებდა თანასწორობას, სპობდა სენიორული სისტემის ნარჩენებს, ცნობდა ეკლესიის ქონების სეკულარიზაციასა და საშუალო განათლების შემოღებას."(33) 1804 წლის მარტში კოდექსს ნაპოლეონმაც მოაწერა ხელი და იმ დღიდან ის ფრანგული იურისპუდენციის საფუძველი გახდა.(34)  ნაპოლეონის კოდექსს შემდგომ კიდევ დაემატა სისხლის სამართლის, კრიმინალური, კომერციული კოდექსები (1806-1810 წლებში) და კიდევ უფრო დაიხვეწა. თანამედროვე მეცნიერები კოდექსის ნაკლოვანებად მიიჩნევენ იმას, რომ ქალს მამაკაცზე უფრო ნაკლები სამოქალაქო უფლებები ჰქონდა, ბევრ მუხლს ზედმეტი გამარტივება ეტყობოდა, ზოგი კი ნაჩქარევად იყო შემუშავებული.(35) მიუხედავად ამისა, ნაპოლეონის კოდექსი დიდი ნაბიჯი იყო საფრანგეთისა და ზოგადად ევროპის განვითარების ისტორიაში. 
ნაპოლეონის მმართველობის პერიოდში განვითარდა არმიის შეკრების ის წესი, რომელსაც საფუძველი რევოლუციის დროს ჩაეყარა. „მუდმივი ომიანობის პერიოდში, რევოლუციურ და საიმპერიო საფრანგეთს უწევდა დიდი ადამიანური რესურსების გაღება როგორც თავდაცვისათვის, ისე „ერის განდიდებისათვის".(36)  კონსკრიპციის იძულებითი მექანიზმის გარეშე, ახალგაზრდა ფრანგული რესპუბლიკა მალევე განადგურდებოდა მონარქიული ევროპის ძალების მიერ. უფრო მეტიც, ნაპოლეონის დიდი იმპერია მუდმივად ითხოვდა ადამიანურ რესურსებს, რომელიც მხოლოდ ამ ადმინისტრაციული მექანიზმის საშუალებით იყო შესაძლებელი. როდესაც 1793 წლის 23 აგვისტოს levée en masse  (მასობრივი გაწვევა) პირველად შემოიღეს, მხოლოდ ცოტა თუ მიხვდებოდა, რომ მასობრივი კონსკრიპცია საფრანგეთის სოციალური ცხოვრების ინსტიტუციონალური ნაწილი გახდებოდა შემდგომი 21 წლის განმავლობაში. კონსულატისა და იმპერიის პერიოდში, კონსკრიპციამ კიდევ უფრო დიდი დატვირთვა შეიძინა. საიმპერიო საფრანგეთის დროს არაფერს ისეთი უკმაყოფილება არ გამოუწვევია მოსახლეობაში, როგორც კონსკრიპციის პრობლემას.

1792 წლის 20 სექტემბერს ვალმისთან ბრძოლაში შარლ ფრანსუა დიუმურიესა და ფრანსუა კრისტოფ კელერმანის სარდლობით რევოლუციური საფრანგეთის ახალწვეულმა ჯარისკაცებმა მედგარი წინააღმდეგობით აიძულეს პრუსიის გაწვრთნილი არმიის შეჩერება და აიძულეს ისინი უკან დაეხიათ საფრანგეთიდან (ჟან-ბატისტ მოზესის ნახატი, 1835 წ.)

რევოლუციის გადარჩენისათვის ბრძოლაში, ფრანგებმა 1792 წელს, საფუძველი ჩაუყარეს მასობრივი გაწვევის სისტემას, რამაც წარმატება მოუტანა რევოლუციურ ძალებს.(37) კონსკრიპციის სისტემის ჩამოყალიბებაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ე წ. ჟურდანის კანონმა, რომელიც 1798 წელს მიიღეს დირექტორიის დროს. კანონის მიხედვით, ქვეყნის განსაცდელში ყოფნის დროს, ყველა ფრანგი მამაკაცი ვალდებული ხდებოდა ჯარში ემსახურა. 1804-1811 წლებში კონსკრიპციის პროცესმა უფრო მოწესრიგებული სახე მიიღო, განსაკუთრებით 1811 წელს, როდესაც გენერალმა მატიე დიუმამ შემოიღო კონსკრიპციის ახალი წესები. ეს წესები იმპერიის დასასრულამდე შემორჩა მხოლოდ რამდენიმე ცვლილებით.(38)  აღსანინავია ნაპოლეონის შემოღებული საპატიო ლეგიონის ორდენიც, რომელიც ახლაც საფრანგეთის უმაღლესი ჯილდოა.
1803 წლის 20 ფრანკიანი ნაპოლეონის გამოსახულებით (ეროვნული ნუმიზმატიკური კოლექცია, ამერიკის ისტორიის ეროვნული მუზეუმი)
 
გატარებული რეფორმების შედეგად, საფრანგეთი განვითარდა და პირველი ნაბიჯები გადადგა ინდუსტრიალიზაციის ეპოქაში შესასვლელად. „მე პირველი ბიძგი მივეცი ფხიანობის სულს, რათა გამომეცოცხლებინა ფრანგული მრეწველობა. ათი წლის მანძილზე მან გასაოცარი აღმავლობა განიცადა".(39)  - ამბობდა ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე. მისი მმართველობა საკმაოდ პოპულარული იყო  საფრანგეთის იმპერიაში შემავალ მხარეებსა და გავლენის სფეროში, მაგალითად მდინარე რაინის მიმდებარე მიწებზე. „ეფექტური ადმინისტრაციული სისტემა, ხალხში ცნობილი პიროვნებების მხარდაჭერა, კრიმინალის მოსპობა, ეკონომიკური განვითარებისათვის კარგი პირობების შექმნა, ინდუსტრიული განვითარება, ნაპოლეონის კოდექსი და სენიორული სისტემის გაუქმება ხელს უწყობდა სტაბილურობასა და კეთილდღეობას ამ მხარეში".(40)
ვატერლოოს ველი, სადაც 1815 წლის 18 ივნისს გამართულ ბრძოლაში საფრანგეთის I იმპერიის მზე საბოლოოდ ჩაესვენა (ავტორის ფოტო)

მიუხედავად I იმპერიის დაცემისა, ნაპოლეონის ეპოქამ წარუშლელი კვალი დატოვა საფრანგეთსა და მთელს ევროპაზე. ნაპოლეონის რეფორმებმა საფრანგეთში, ერად ჩამოაყალიბა „გათიშული ხალხის ერთობლიობა", რომელზეც მირაბო ჯერ კიდევ 1789 წელს საუბრობდა.(41) იმდენად დიდი იყო მისი გავლენა მთელს მსოფლიოზე, განსაკუთრებით კი ევროპაზე, რომ 1799-1815 წლებს შორის პერიოდს ისტორიკოსები ნაპოლეონის ეპოქას უწოდებენ, ამ პერიოდში მიმდინარე ომებს კი - ნაპოლეონის ომებს.(42)  ნაპოლეონი ალბათ მართალი იყო, როდესაც აღნიშნავდა: „მე უკვე ბევრი რამ გავაკეთე იმისთვის, რომ შთამომავლობაში ვიცხოვრო; ჩემს დიდებას მე ვუანდერძებ ჩემს ვაჟიშვილს, ჩემს ძეგლებს კი - ევროპას".(43) მისი მემკვიდრეობა, ძალაუფლების ათწლედის შედეგი, კვლავ ღრმადაა აღბეჭდილი დღევანდელობაზეც კი.


სქოლიოები:
1.ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები (თბილისი: არტანუჯი, 2014), 26.
2. Alexander Grab, Napoleon and the transformation of Europe (New York: Palgrave Macmillan, 2003), 19.
3. Grab, Napoleon and the transformation of Europe, 36.
4. „Napoleon's Civil Achivements", Napoleon: International journal of the French Revolution and age of Napoleon, N17, Ed. Matt DeLaMater (2000), 44.
5. ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები, 22.
6. ჟან ტიულარი, ნაპოლეონი (თბილისი: აგორა, 2012), 105.
7. დიმიტრი ცისკარიშვილი, ნაპოლეონი, წიგნი I: გენერალი ბონაპარტი (თბილისი: საქართველო, 1994), 351.
8. ჟოზეფ ფუშე (1759-1820) საფრანგეთის პოლიციის მინისტრი 1799-1802, 1804-1810 და „ასი დღის" (1815) პერიოდში იყო, 1809 წელს კი შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტი ეკავა.
9.  Grab, Napoleon and the transformation of Europe, 48.
10.  ტიულარი, ნაპოლეონი, 107.
11. იქვე, 108.
12. Alfred Cobban, "The Napoleonic System of Administration in France", The Modern Law Review,Vol. 9, No. 1 (Apr., 1946), 52.
13. იქვე.
14. იქვე.
15.  Isser Woloch, Napoleon and his collaborators: the making of a dictatorship (New York : W.W. Norton, 2001), 52. Grab, Napoleon and the transformation of Europe, 46.
16.  იქვე, 21.
17.  ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები, 84.
18. „Napoleon's Civil Achivements", 44.
19.  ჯერ კიდევ მარენგოს ბრძოლამდე (1800 წ. 14 ივნისი), ნაპოლეონმა უბრძანა ფუშეს შეედგინა სია იმ ემიგრანტებისა, რომელთაც შეიძლებოდა მისცემოდათ საფრანგეთში დაბრუნების უფლება. მიუხედავად სენ-ნიკეზის ქუჩაზე მოწყობილი ტერაქტისა, რომლითაც როიალისტები ბონაპარტის მოკვლას ცდილობდნენ, ამ სიების შედგენა გაგრძელდა. ევგენი ტარლე, ნაპოლეონი (თბილისი: ბედია, 1996), 101.
20. Philip G Dwyer, Citizen emperor: Napoleon in power (New Haven: Yale University Press, 2013), 89.
21.  იქვე, 91.
22. არტურ ლევი „ნაპოლეონის სულიერი თვისებები - დიდსულოვნება", ნაპოლეონი (თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2009), 289. 
23. Dwyer, Citizen emperor: Napoleon in power, 92. 
24. ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები , 23.
25.  Grab, Napoleon and the transformation of Europe, 22.
26. „Napoleon's Civil Achivements", 44.
27.  იქვე.
28.  „Napoleon's Civil Achivements", 44. 
29.  A.V. Arnault, Souvenirs d'un Sexagenaire (Paris, 1853), IV, 102. Annie Jourdan, „The Grand Paris of Napoleon: From a dream of magnificence to a dream of utility", Napoleonic Scholarship, N4 (2011), 15.
30.  Annie Jourdan, „The Grand Paris of Napoleon", 15. 
31. Dwyer, Citizen emperor: Napoleon in power, 98-99.
32.  ცისკარიშვილი, ნაპოლეონი, წიგნი I,  438-439.
33.  Grab, Napoleon and the transformation of Europe, Introduction, X. 
34.  ცისკარიშვილი, ნაპოლეონი, წიგნი I,  440.
35.  იქვე.
36. Harold D. Blanton, „Conscription in France during the era of Napoleon", Conscription in the Napoleonic era, edited by Donald J Stoker; Harold D Blanton; Frederick C Schneid (London; New York: Routledge, 2009), 6. 
37.  იქვე, 6-10.
38.  Blanton, „Conscription in France during the era of Napoleon", 11.
39.  ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები , 28. 
40.  Grab, Napoleon and the transformation of Europe, 94. ნაპოლეონის კოდექსი გახდა ბაზისი იტალიის, ჰოლანდიის, ბელგიის, ესპანეთის, პორტუგალიის, პოლონეთისა და გერმანული რაინლანდის სამოქალაქო სამართლის სისტემებისათვის. რაინის დასავლეთ სანაპიროზე, ყოფილ ბერგისა და ბადენის საჰერცოგოებში, ნაპოლეონის კოდექსი ძალაში იყო 1900 წლამდე, სანამ გერმანიის იმპერიის პირველი საერთო სამოქალაქო კოდექსი არ მიიღეს. 
41.  ტიულარი, ნაპოლეონი, 105. 
42. ნაპოლეონის სამხედრო მოღვაწეობისა და მისი მხედართმთავრული მემკვიდრეობის შედეგად, სამხედრო თეორეტიკის სფერო კიდევ უფრო განვითარდა. სწორედ მის პერიოდს უკავშირდება ორი გამორჩეული სამხედრო თეორეტიკოსის - ანტუან-ანრი ბარონი ჟომინისა (1779-1869) და კარლ ფონ კლაუზევიცის (1780-1831) სახელი.
43. ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები, 7.


ბიბლიოგრაფია

1. ტარლე, ევგენი. ნაპოლეონი. თბილისი: ბედია, 1996.
2. ტიულარი ჟან. ნაპოლეონი. თბილისი: აგორა, 2012.
3. ცისკარიშვილი დიმიტრი. ნაპოლეონი, წიგნი I: გენერალი ბონაპარტი. თბილისი: საქართველო, 1994.
4. ნაპოლეონ ბონაპარტე: წმინდა ელენეს პატიმრის მაქსიმები და აზრები. თბილისი: არტანუჯი, 2014.
5. ნაპოლეონი (ალექსანდრე დიუმა, არტურ ლევი, ნაპოლეონის მემუარები - ტულონის ალყა) თბილისი: ქართული ბიოგრაფიული ცენტრი, 2009.
6. Arnault, Antoine V.  Souvenirs d'un Sexagenaire. Paris, 1853.
7. DeLaMater, Matt (ed.). Napoleon: International journal of the French Revolution and age of Napoleon. N17, 2000.
8. Dwyer, Philip G. Citizen emperor: Napoleon in power. New Haven: Yale University Press, 2013.
9. Grab, Alexander. Napoleon and the transformation of Europe. New York: Palgrave Macmillan, 2003.
10. Fremont-Barnes, Gregory; Fisher, Todd. The Napoleonic Wars: The Rise and Fall of an Empire. Oxford: Osprey, 2004.
11. Jourdan, Annie, „The Grand Paris of Napoleon: From a dream of magnificence to a dream of utility", Napoleonic Scholarship, N4, 2011.
12. Stoker, Donald J; Blanton, Harold D; Schneid, Frederick C. Conscription in the Napoleonic era. London; New York: Routledge, 2009.
13. Woloch, Isser. Napoleon and his collaborators: the making of a dictatorship. New York : W.W. Norton, 2001. 


ნიკა ხოფერია