536 წელი, კონსტანტინოპოლი. იმპერატორ თეოდოსიუსის აგებულ მტკიცე კედლებამდე გადაჭიმული რომაული ქუჩები, სპათარიოსების ბანაკი, ქვის სახლები წითელი კრამიტის სახურავებით, მოკირწყლული გზები, სავაჭრო და სამხედრო ხომალდებით სავსე პორტი. ნახევრად აგებული დიდებული წმინდა სოფიას ტაძრის ეზოში მშენებლები შემოკრებილიყვნენ, ხმამაღლა ყაყანებდნენ და ცისკენ იშვერდნენ ხელს, ზოგიერთი პირჯვარსაც იწერდა. სასახლის მცველებიც ერთმანეთს ეჩურჩულებოდნენ. აფორიაქებული მღვდლები ტაძრებისაკენ გარბოდნენ. უჩვეულო ხმაურზე იმპერატრისა თეოდორა აივანზე გამოვიდა, გაზაფხულის კვალობაზე საოცარი სუსხი იყო, შიშველ მკლავებზე შესცივდა. სუნთქვა ჭირდა თითქოს, ჰაერი დამძიმებულიყო. ღრუბლებიც კი არ ჩანდა ისეთი რუხი ბურუსი გადაჰფენოდა ცას და მზეც ძლივს შესამჩნევადღა ანათებდა მთვარესავით. ამ დღიდან იწყებოდა უბედურებათა წელიწადი, რომელიც დიდ კვალს დაამჩნევდა როგორც ბიზანტიის იმპერიას, ისე მთელ ჩრდილოეთ ნახევარსფეროს.
VI საუკუნის პირველ ნახევარში, 535-536 წლებში მთელს ჩრდილოეთ ნახევარსფეროში მოხდა წლიური საშუალო ტემპერატურის ყველაზე მაღალი კლება ბოლო 2000 წლის განმავლობაში. მიზეზად ითვლება ატმოსფეროს გამჭვირვალობის მვეთრი კლება, რაც გამოიწვია ტროპიკებში რამდენიმე დიდი ვულკანის ამოფრქვევამ („ვულკანური ზამთარი") ან გიგანტური მეტეორიტის დაშლამ ატმოსფეროში. ამ წლის მოვლენები დაადასტურა დენდროქრონოლოგისტმა, ბელფასტის უნივერსიტეტის პროფესორმა მაიკ ბეილიმ, რომელიც ირლანდიური მუხის ხის შიდა რგოლების გამოკვლევის მიხედვით აღნიშნავს რომ ამ წელს ხის განსაკუთრებულად მცირე ზრდა ფიქსირდება. იგივე აღნიშნება შვედეთში, ფინეთში, სიერა-ნევადაში და ჩილეში. აღნიშნება ცვლილებები გრენლანდიისა და ანტარქტიკის ყინულოვან მასაშიც და ეს ყველაზე მეტად ადასტურებს `ვულკანური ზამთრის" თეორიას.
კრატერული ტბა ილოპანგო (ელ-სალვადორი)
ტამბორას ვულკანი (ინდონეზია)
მსგავს, მაგრამ უფრო ნაკლებად მასშტაბურ მოვლენას ადგილი ჰქონდა 1816 წელსაც („წელი ზაფხულის გარეშე"), რაც გამოიწვია ინდონეზიაში ტამბორას ვულკანის ამოფრქვევამ. სხვადასხვა დროს გამოითქვა მოსაზრებები თუ რომელი ვულკანის ამოფრქვევის შედეგი შეიძლებოდა ყოფილიყო 535-36 წლების გამყინვარება - რაბაული პაპუა ახალ გვინეაში, კრაკატაუ ინდონეზიაში, ილოპანგო ელ-სალვადორში. იგივე ტიპის შემთხვევები იყო მაგალითად 1315-17 წლების „დიდი შიმშილობა" ევროპაში, რომელსაც ასევე ვულკანის ამოფრქვევის ზემოქმედებას მიაწერენ, კერძოდ კი ვულკან ტარავერას ახალ ზელანდიაში. 1452-53 წლებში ბუნებრივი კატაკლიზმები გამოიწვია წყალქვეშა ვულკანის კუვაეს ამოფრქვევამ ვანუატუში, 1600 წელს პერუში ამოფრქვეულმა ვულკანმა ჰუაინაპუტინას კი მოჰყვა 1601-1603 წლების შიმშილობა რუსეთში და ძალიან ცივი ზამთრები რუსეთში, შვეიცარიაში და ბალტიისპირეთში, ყურძნის მოუსავლიანობა საფრანგეთსა და გერმანიაში (1601 წ.), ტბა სუვას ნაადრევი გაყინვა იაპონიაში, ატმის გვიანი ყვავილობა ჩინეთში. 1783 წელს,
ვულკანი კრაკატაუ (ინდონეზია)
ვულკანი რაბაული (პაპუა ახალი გვინეა)
ბენჯამინ ფრანკლინის ჩანაწერებში გვხვდება ცნობა ამ წლის განსაკუთრებით თბილი ზამთრის შესახებ. ეს მოვლენა ისლანდიიდან მომავალმა ვულკანურმა მტვერმა გამოიწვია, რაც ვულკან ლაკის ამოფრქვევას და ამის შედეგად ჰაერში დიდი რაოდენობით გოგირდის დიოქსიდის გავრცელებას მოჰყვა. 1815 წელს ტამბორას ვულკანის ამოფრქვევა იყო მიზეზი ყინვებისა ნიუ-იორკის შტატში ზაფხულში, თოვლისა ნიუ ინგლენდში, ნიუფაუნდლენდსა და ლაბრადორზე. ბოლო პერიოდში ასეთ შემთხვევად სახელდება 1991 წელს ფილიპინებზე ვულკან პინატუბოს ამოფრქვევა, რამაც 2-3 წლის განმავლობაში გლობალური დათბობა გამოიწვია.
ისტორიული წყაროები 535-36 წლების გამყინვარების შესახებ
ამ იშვიათი მოვლენის შესახებ გვაქვს ისტორიული ცნობებიც. VI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსი, პროკოპი კესარიელი იუსტინიანეს მმართველობის მეათე წელზე (536/537) წერს: `ამ წელს მოხდა დიდი საოცრება: „მთელი წლის განმავლობაში მზე ანათებდა როგორც მთვარე, სხივების გარეშე, თითქოს ის კარგავდა თავის ძალას და შეწყვიტა ისე მკვეთრად კაშკაში, როგორც მანამდე. იმ დროიდან, როდესაც ეს დაიწყო, არ შეწყვეტილა არც ხალხთა შორის ომები, არც ჭირი, არც სხვა უბედურებები რომელთა სიკვდილი მოჰქონდათ. ამ დროს იდგა იუსტინიანეს მმართველობის მეათე წელიწადი. „Procopius, De Bello Vandalico II, XIV, 5-6.
იუსტინიანე და თეოდორა (რავენას სან-ვიტალეს ბაზილიკის მოზაიკის ფრაგმენტები, VI ს.)
კავშირი ამ გამყინვარებისა და ბუბონური ჭირის ეპიდემიის გაჩენას შორის, რომელსაც იუსტინიანეს ჭირი ეწოდება, არ დასტურდება, მაგრამ თანამედროვეებისათვის ეს ყველაფერი - გამყინვარება, ჭირი, აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთში დიდი მიწისძვრები და იუსტინიანეს ომები, უბედურებათა ერთ ჯაჭვს წარმოადგენდა. გამყინვარებამ გამოიწვია მოსავლიანობის მკვეთრი შემცირება და შიმშილობა, რაც გახდა დიდი მიგრაციებისა და ომების მიზეზი. 535-536 წლების პერიოდს შემდგომი მოვლენები უკავშირდება: ფრანკების მეფე თეოდებერტ I-მა დაიპყრო მიწები ალპებში და ჩრდილო-აღმოსავლეთ იტალიაში. ბიზანტიური წყაროები აღნიშნავენ ჰუნების, სლავებისა და ანტების თავდასხმებს ილირიასა და თრაკიაზე. სლავებმა მიაღწიეს ბალტიისა და ჩრდილოეთის ზღვის სანაპიროებს, მოხვდნენ ჩრდილოეთ იტალიაში, ალპების მთისპირეთში, ზემო რაინსა და ქვემო დუნაიზე. მდინარე ელბის სანაპიროები თითქმის მთლიანად სლავების ხელში აღმოჩნდა. ავარები გამოჩნდნენ დასავლეთ კასპიისპირეთში, შემოესივნენ ჩრდილოეთ შავიზღვისპირეთსა და ბიზანტიას.
თეოდებერტ I-ს მონეტა (VI ს.)
ტიმბოჰოლმის განძი (7,1 კგ ოქრო), რომელიც სავარაუდოდ ღმერთების შესაწირად ჩამარხეს მიწაში (შვედეთი)
ამ დროს ჩამოყალიბდა თურქული ტომების კავშირი და გაიზარდა მათი გავლენა, შეიქმნა თურქული სახაკანო, რომელსაც ჩინელები დიდძალ ხარკს უხდიდნენ. დაბალი ტემპერატურა იყო და თოვლი მოვიდა ჩრდილოეთ ჩინეთში ზაფხულში და დაიწყო შიმშილობა, რამაც მოსახლეობის 80% შეიწირა. სქელი და მშრალი ბურუსი, ნისლი იყო შუა აღმოსავლეთში, გვალვა პერუში, რამაც გამოწვია მოჩეს კულტურის განადგურება. ირლანდიური გელური ქრონიკები, ულსტერისა და ინისფალენის ანალების ცნობები აღნიშნავენ რომ 536 წელს ხორბლის მოსავალი თითქმის არ იყო. სკანდინავიაში არქეოლოგებმა „გამყინვარების" პერიოდში ბევრგან მიწაში ჩამარხული განძეული აღმოაჩინეს, რაც სავარაუდოდ ღმერთებისათვის შეწირულობას წარმოადგენს და სკანდინავიელებს მათი რისხვის დასაცხრობად და გამყინვარებისა და მზის დასაბრუნებლად უნდა გაეღოთ. ასევე ვარაუდობენ, რომ დიდი მეზოამერიკული ცივილიზაციის ქალაქი ტეოტიჰუაკანი VI საუკუნის ამ მოვლენას შეიძლება უკავშიდებოდეს.
ტეოტიჰუაკანი (მექსიკა)
მოჩეს ტომის მეომრის ფორმის ქოთანი (დაახლ. I-VII სს. ბრიტანეთის მუზეუმის ექსპონანტი)
არქეოლოგიის კორესპონდენტი დევიდ კეისი თავის წიგნში ბუნებრივი კატასტროფებისა და მათ მიერ ისტორიაზე ზეგავლენის შესახებ, მთელ რიგ მოვლენებს უკავშირებს კლიმატურ ცვლილებებს მათ შორის იუსტინიანეს ჭირს, სასანური სპარსეთის დასუსტებასა და განადგურებას, გუპტების იმპერიის დასასრულს, ისლამის აღზევებას, თურქული ტომების შემოსევას, მონღოლური ტომების მიგრაციას დასავლეთისაკენ, თუმცა კრიტიკოსთა დიდი ნაწილი უარყოფითად არის განწყობილი ამ თეორიის მიმართ და თვლის, რომ არ არსებობს ამის დასამტკიცებლად საკმარისი არგუმენტები. მიუხედავად ამისა, ზოგიერთი მოვლენა, განსაკუთრებით 535-536 წლების პერიოდში, აშკარად მჭიდრო კავშირშია იმ გამყინვარებასთან, რომელსაც ისტორიული წყაროები აღწერენ.
ნიკა ხოფერია
„ისტორიანი"
„ისტორიანი"