კონდოტიერები: ომის მეთოდები რენესანსულ იტალიაში (XIV-XV სს.)

„იტალიის დამხობა მხოლოდ იმით აიხსნება, რომ ამდენი წლის მანძილზე, მისი სამხედრო ძლიერება მარტოოდენ დაქირავებულთა რაზმებს ემყარებოდა."
ნიკოლო მაკიაველი (1) 

გვიანი შუა საუკუნეების პერიოდის იტალია პოლიტიკურად დაქუცმაცებული ქვეყანა იყო, რომელშიც მრავალი ცალკეული ქალაქ-სახელმწიფო თუ სამეფო არსებობდა, თუმცა მათ მრავალი საერთო ნიშანი გააჩნდათ. „რეგიონს ერთგვაროვანი კულტურული სივრცე გააჩნდა რომის იმპერიის ნგრევის დასასრულიდან. რომაული კათოლიციზმი დომინანტი იყო. რელიგია და სამართალი რომაული სისტემიდან მიიღეს, საერთო ხელოვნება და კულტურა კი მთელ ნახევარკუნძულს აერთიანებდა. იტალიური ენა, რომელიც ლათინურიდან წარმოსდგებოდა, VII საუკუნიდან გამოიყენებოდა, XII საუკუნის სიცილიური სკოლის პოეტები კი უკვე ისეთი იტალიურით წერდნენ, რომლის გაგება დღეს თავისუფლადაა შესაძლებელი. მოკლედ რომ ვთქვათ, ყველა ამ მსგავსებისდა მიუხედავად, იტალიას პოლიტიკური ერთიანობა არ ჰქონდა" (2).
ამ პერიოდში იტალიაში ქალაქ სახელმწიფოები ბატონობდნენ, გარშემოტყმულები სამეურნეო ოლქებით (Contado). XIII საუკუნის ბოლოს ფლორენციაში დაახლოებით 95 ათასამდე ადამიანი ცხოვრობდა, რაც თითქმის იმდენივეა, რამდენიც ამ დროს პარიზში მოსახლეობდა. სიმდიდრით კი, ნეაპოლის სამეფო ინგლისს არ ჩამორჩებოდა (3).
იტალია, 1494 წ.

ასეთი ქალაქების თავდაცვა თავდაპირველად მოქალაქეებისა და სოფლის მაცხოვრებლებისაგან შეკრებილი რაზმებით ხდებოდა, მაგრამ მალე ქალაქთა საშინაო პოლიტიკა პარტიათა შორის ბრძოლაში გადაიზარდა. მოქალაქეებისათვის იარაღის მიცემა უკვე სამოქალაქო ომის გამომწვევი მიზეზი იყო. საჭირო გახდა ქალაქის თავდაცვის მინდობა რაღაც საგარეო ძალისათვის. ხშირი გახდა ადმინისტრაციულ სამსახურზე უცხოელების დანიშვნა, რომლებიც საშინაო დაპირისპირებაში არ იყვნენ ჩარეულები. დამოუკიდებელი მოხელეების (Podesta) სისტემა ფართოდ გავრცელდა 1260-იანი წლებიდან. ისინი გვარდიულ რაზმებშიც უცხოელებს იწვევდნენ. გვარდიები საქალაქო გარნიზონებად გარდაიქმნა და საფუძველი ჩაუყარა დაქირავებული არმიების გაჩენას (4). ასეთ პირობებში იტალიაში ჩამოყალიბდა მოქირავნეთა ძლიერი რაზმები, რომელთაც კონდოტიერებს უწოდებდნენ (Condottieri). იტალია - ევროპის ყველაზე მდიდარი და დაშლილი ქვეყანა იყო და იდეალურ ადგილს წარმოადგენდა მოქირავნეებისათვის. ისტორიკოსი  კრისტოფერ ბლექი აღნიშნავს: იტალიაში ამ დროს უამრავი მოქირავნე ჯარისკაცი, კონდოტიერი იყო, რომლებიც მზად იყვნენ ებრძოლათ ფულისათვის, პრესტიჟისათვის და შესაძლებლობის შემთხვევაში, საკუთარი სამთავროს დაარსებისთვისაც კი (5).

მილანი (Nuremberg Chronicle, 1493 წ.) 


ფლორენცია (Nuremberg Chronicle, 1493 წ.) 

იტალიაში მიმდინარე ომების უმეტესობა რომელიმე მხარის გადამწყვეტი გამარჯვებით არ სრულდებოდა. ზოგიერთი ქალაქ-სახელმწიფოები თითქმის მუდმივი ომის მდგომარეობაში იყვნენ ერთმანეთთან და შესაბამისად მოთხოვნილება მოქირავნე მეომრებზე, იზრდებოდა. კონდოტიერები წარმოადგენდნენ იმ ხალხის რიგებსაც, რომლებიც ხელს უშლიდნენ ძალაუფლების ცენტრალიზებას ისეთი ძლიერი ქალაქების გარშემო, როგორიც იყო ფლორენცია, მილანი, ვენეცია და პაპის სახელმწიფო (6).  
უცხოელ მოქირავნეთა გამოყენება სასურველი იყო ცალკეული პიროვნებებისათვის, რომლებიც ცდილობდნენ გამოეყენებინათ ძალაუფლების მოსაპოვებლად. XIII საუკუნიდან ზოგიერთ იტალიურ ქალაქში მთელი ძალაუფლება ერთი მმართველის ხელში იყო. ეს მმართველები ჩვეულებრივ დიდებულები იყვნენ. მათ უწოდებდნენ სინიორებს (Signori). სინიორებს შორის შეგვიძლია დავასახელოთ ისეთი ოჯახების წარმომადგენლები, როგორებიც იყვნენ ესტები და ვისკონტები, ფერარასა და მილანის მმართველები. ასეთი მმართველების ინტერესებში კი იყო მოქირავნეთა და არა ადგილობრივი სამხედრო პოტენციალის გამოყენება.(7)  კონდოტიერების რიგებში იყვნენ ბრიტანეთის კუნძულების წარმომადგენლებიც კი. მაგალითად ინგლისელი სერ ჯონ ჰოკვუდი (1320-1394 წწ.), რომელიც (იტალიაში ჯოვანი აკუტოს სახელით იყო ცნობილი)(8)  კონდოტიერის კვალობაზე უჩვეულოდ ერთგულად ემსახურა ფლორენციას. მისი საპატიო დაკრძალვა მოქალაქეებმა დააფინანსეს, ცნობილმა მხატვარმა პაულო უჩელომ კი ფლორენციის კათედრალური ტაძრის ფრესკაზეც გამოსახა მისი პორტრეტი (9).
სერ ჯონ ჰოკვუდისადმი (ჯოვანი აკუტო) მიძღვნილი მონუმენტი ფლორენციაში
პაულო უჩელო, 1436 წ. 
ბართოლომეო კოლეონი. ვენეცია, სკუოლა გრანდე დი სან მარკო. ანდრეა დე ვეროკიო, 1488.


მეორე მხრივ, არ იქნებოდა სწორი კონდოტიერები და ჩვეულებრივი მოქირავნეები ერთად მოგვექცია. ბევრი თანამედროვე ავტორი ამ შეცდომას უშვებს და პრაქტიკულად არ იყენებს სიტყვა „კონდოტიერს". დევიდ მერფის აზრით, კონდოტიერთა სისტემა მკაცრად არის გამიჯნული ადგილისა და დროის მიხედვით და წარმოადგენს უფრო განხვავებულ, რთულ იდეას, თუ რას წარმოადგენს მოქირავნე ჯარის მსახურება. 1300-1500-იან წლებში მათი, პროფესიონალ სამხედროთა კასტა არსებობდა, რომლის წევრები სამხედრო სამსახურით გამოიმუშავებდნენ ფულს. ისინი იყვნენ აპოლიტიკურები. დებდნენ კონტრაქტებს თავიანთ დამქირავებელთან და მის შესაბამისად იღებდნენ ჯამაგირს. მიუხედავად იმისა, რომ კონტრაქტს უნდა დაეცვა დამქირავებლის ინტერესები, ფაქტობრივად ეს იყო გამოსასყიდი, რომელიც იტალიური სახელმწიფოების არსებობას განსაზღვრავდა. და ეს გამოსასყიდი მიდიოდა იმ ხალხის ჯიბეში, რომელთაც კონდოტიერები ეწოდებოდათ.(10)  
პირველი კონდოტიერები
ფლორენციელი მემატიანის, ჯოვანი ვილანის მიხედვით, „ყველა კონდოტიერის მამა" იყო როჯერ დე ფლორი, რომელიც XIII საუკუნის შუა ხანებში დაიბადა ბრინდიზში. თავდაპირველად ის მსახურობდა საღვთო რომის იმპერატორ ფრიდრიხ II-ს ჯარში, შემდგომ კი ტამპლიერებთან. დაახლოებით 1302 წელს ის კონსტანტინოპოლში ჩავიდა როგორც „დიდი კატალანური რაზმის" მეთაური და ხელი მოაწერა კონდოტას, კონტრაქტს, რის მიხედვითაც ის ბიზანტიის იმპერატორ ანდრონიკე II-ს სამსახურში შედიოდა. როგორც შემდგომში, გვიანდელი პერიოდის კონდოტიერები, დე ფლორმა მალე იმპერატორზე დიდი ძალაუფლება მოიპოვა, რის შემდეგაც დაიწყო ბრძოლების გამართვა საკუთარი ამბიციების დასაკმაყოფილებლად. 1306 წელს მან ფატალური შეცდომა დაუშვა და გამოცხადდა იმპერატორთან, თავის დამქირავებელთან შესახვედრად. დე ფლორი და მისი მომხრეები ერთიანად ამოჟლიტეს (11). „კონდოტიერთა მამამ" მაგალითი მისცა ყველას, ვინც მის გზას გაჰყვებოდა, არა მხოლოდ მოქმედების მეთოდებში, არამედ დამქირავებელთან ურთიერთობაზეც.
ერაზმო დე ნარნი (გატამელატა), ქ. პადუა, პიაცა დელ სანტო. დონატელო, 1453. 
ლოდოვიკო დე მედიჩი (ჯოვანი დალე ბანდე ნერე). უფიცის გალერეა. თემისტოკლე გუერასი, XIX ს.

კონდოტიერების გამოყენება XIII საუკუნეში ფართოდ გავრცელდა ჩრდილოეთ იტალიაში, რადგან ამ დროს ალპების გავლით იტალიაში უფრო და უფრო მეტი მოქირავნე გადმოდიოდა, რომლებიც სამუშაოს ეძებდნენ. 1300-იანი წლების დასაწყისში იტალიაში ბევრი გერმანელი, ფრანგი, კატალონიელი, შვეიცარელი და სხვა ხალხის წარმომადგენელი იყო. კონდოტიერების სათავეში, ჩვეულებრივ, რაინდი იდგა, მაგალითად, როგორიც ვერნერ ფონ იურსლინგენი იყო (XIV ს.). იტალიელი კონდოტიერები კი, კასტრუჩო კასტრაკანის (1281-1328) მსგავსნი, თავდაპირველად უცხოელებთან შედარებით ცოტანი იყვნენ. რომში ისინი ძირითადად ბარონთა ფენას ეკუთვნოდნენ. ბარონთა ოჯახებში იყო ტრადიცია, რომ ახალგაზრდა მამაკაცები კარიერას კონდოტიერთა რიგებში იკეთებდნენ და მზად იყვნენ ემსახურათ ნებისმიერ სახელმწიფოში ვენეციიდან ნეაპოლამდე. ნეაპოლელი ბარონები კი არ იზიარებდნენ რომაელი ბარონების პრაქტიკას სხვა სახელმწიფოებში კონდოტიერებად მსახურებისა. თუ ნეაპოლელი ბარონი უცხო სახელმწიფოს სამსახურში ჩადგებოდა, ეს ნიშნავდა რომ ის განდევნილი იყო სამშობლოდან, სხვა შემთხვევაში კი ისინი თავისი რაზმებით ნეაპოლის მეფის ჯარშივე მსახურობდნენ კონდოტიერების სტატუსით.(12)



  ჯონ ჰოკვუდის „თეთრ რაზმს" ცნობილმა მწერალმა ართურ კონან დოილმა ისტორიული ნოველა მიუძღვნა


კონდოტიერები, XIV ს. გრაჰემ ტერნერის ნახატი 

1360 წელს, ინგლისის მეფე ედუარდ III-სა და საფრანგეთის მეფე ჟან II-ის შორის ბრეტინის ზავის დადების შემდეგ, რომელმაც დაასრულდა საფრანგეთსა და ინგლისს შორის 100 წლიანი ომის პირველი ეტაპი, უსაქმოდ დარჩენილი მოქირავნე მეომრების დიდი ნაწილი საფრანგეთიდან იტალიისკენ გაემართა. მოქირავნეთა შორის ბევრი ინგლისელი იყო. ისინი თავისუფალ რაზმებში ერთიანდებოდნენ და თავიანთ სამსახურს სთავაზობდნენ იტალიურ ქალაქ-სახელმწიფოებს. მათ შორის შეგვიძლია აღვნიშნოთ „თეთრი რაზმი", „შავი რაზმი", „ყვავილთა რაზმი", „ვარსკვლავთა რაზმი" და „წმინდა გიორგის" სახელობის რამდენიმე რაზმი. 1370 წლიდან დაიწყო იტალიელი კონდოტიერების რიცხვის ზრდაც და მალე მათ რაოდენობირთ უცხოელებსაც გადააჭარბეს. XV საუკუნეში კონდოტიერთა შორის მნიშვნელოვან ნაწილს იკავებდნენ იტალიელები, რომლებიც ქვეყნის ღარიბი რეგიონებიდან იყვნენ ჩამოსულები.(13)   
კონტრაქტები
კონდოტიერთა კონტრაქტები, რომლითაც მხარეთა ვალდებულებები განისაზღვრებოდა, იურიდიული თვალსაზრისით რთულ დოკუმენტს წარმოადგენდა, რამაც განავითარა ეს სამხედრო სისტემა, უნიკალური შუა საუკუნეების იტალიისათვის. კონდოტიერი იყო პროფესიონალი სამხედრო, რომელიც უსიტყვოდ უნდა დამორჩილებოდა თავის დამქირავებელს, არ მიექცია ყურადღება წარმომავლობისათვის, იდეოლოგიისა და პოლიტიკისათვის. კონტრაქტის პირობები ორივე მხარისათვის მომგებიანი უნდა ყოფილიყო, მაგრამ ხშირად, რადგან კონდოტიერებს სამხედრო ძალა გააჩნდათ, ისინი უფრო მოგებულები რჩებოდნენ.
კასტრუჩო კასტრაკანი (Biblioteca Statale di Lucca)
სიგისმონდო მალატესტა. პიერო დე ლა ფრანჩესკა, 1451. ტემპიო მალატესტიანო, რიმინი.

XV საუკუნეში კონტრაქტების ტექსტებმა ერთგვაროვანი სახე მიიღო. განსაზღვრული ჯამაგირის სანაცვლოდ, კონდოტიერები განსაზღვრული დროის განმავლობაში შედიოდნენ სამსახურში. კონტრაქტში შედიოდა დაზღვევაც და კომპენსაცია სერიოზული ჭრილობის ან კიდურის დაკარგვისათვის. 1446 წელს კონდოტიერი ფერანდო და სპანია, რომელიც ვენეციაში მსახურობდა, იღებდა პენსიას პენსიას თქვეში 6 ლივრს, რადგან ბრძოლაში დაკარგა მარჯვენა ხელი. მაგრამ მან  ამჯობინა ერთჯერადად აეღო მთლიანი კომპენსაცია - 40 დუკატი და დარჩენილიყო სამსახურში. კონტრაქტში ხშირად იყო განსაზღვრული თანხა, რაც კონდოტიერებს კვებაში უნდა დაეხარჯათ; ასევე მტრის ტერიტორიაზე მოპოვებული ნადავლის საკითხი. კონდოტიერებს უფლება ჰქონდათ აეღოთ ყოველგვარი ნადავლი, რასაც მოწინააღმდეგეს დაატოვებინებდნენ და მათი აბჯარ-საჭურველიც. ზოგჯერ კონტრაქტში აღნიშული იყო, რომ კონდოტიერს შეიძლებოდა მიეღო პრემია ან მოქალაქეობაც კი, ბრძოლაში სათანადო თავდადებისათვის. და ბოლოს, კონტრაქტი განსაზღვრავდა საბოლოოდ გადასაცემ ჯამაგირს, რომელიც უზრუნველყოფა იმას, რომ კონტრაქტის გასვლიდან გარკვეული დროის განმავლობაში, ეს რაზმი მოწინააღმდეგის სამსახურში არ შევიდოდა.(14)
კონდოტიერის შეიარაღება, XV ს. დასასრული (გრაჰემ ტერნერის ნახატი)
მეარბალეტე. ფრაგმენტი ჰანს ჰოლბაინის ნახატიდან „წმინდა სებასტიანის სიკვდილიდან",  
დაახლ. 1516 წ.

რას ითხოვდნენ კონდოტიერისაგან? პირველ ყოვლისა, კონტრაქტი განსაზღრავდა რაოდენობას სრულად შეიარაღებული, შეჭურვილი მეომრებისა, რომლებიც როგორც წესი მოითხოვდა ისე იყვნენ განაწილებულები კავალერისტებად, ქვეითებად და მეარბალეტეებად (ან მშვილდოსნებად). რაზმი მზად უნდა ყოფილიყო კონტრაქტზე ხელის მოწერისთანავე შესდგომოდა მოვალეობის შესრულებას. ბრძოლისას დაკავებული ყოველგვარი უძრავი ქონება გადადიოდა დამქირავებლის ხელში. კონდოტიერს ჰქონდა უფლება მხოლოდ იმაზე, რის წაღებასაც შეძლებდა. მეთაური ვალდებული იყო თავისი ჯარისკაცები შეეკავებინა და ნება არ მიეცა ისეთი ტერიტორიები ეძარცვათ, რომელიც დამქირავებელს ან მის მოკავშირეს ეკუთვნოდა. 
კონდოტიერთა ჯარი მცირერიცხოვან რაზმებად, ე.წ. „შუბებად" იყოფოდა. საშუალოდ, „შუბი" შედგებოდა ცხენოსანი რაინდის, საჭურველმტვირთველის, პაჟისა და ორი მშვილდოსნის, მეარბალეტის ან სხვა იარაღით აღჭურვილი ქვეითისაგან. თითოეულ „შუბში" ხუთ (ან ოთხ) მეომარს თვლიდნენ და კონტრაქტში კონდოტიერთა რაოდენობა სწორედ „შუბებით" განისაზღვრებოდა.(15) დროთა განმავლობაში კონდოტიერთა რაზმები უფრო მრავალრიცხოვანი გახდა. მაგალითად, 1441 წელს კონდოტიერ მიკელეტო ატენდოლოს 561 „შუბი" ჰყავდა ანუ 2800-ზე მეტი მეომარი. ცალკეულ რაინდს კი, რომელიც საჭურველმტვირთველთან ერთად გამოდიოდა ბრძოლაში, უწოდებდნენ Lancia Spezzata-ს - „დალეწილ შუბს".(16)
მუცცო ატენდოლო სფორცა (XV ს. ნახატი)
მარკანტონიო კოლონა (სციპიონე პულზონეს ნახატი, XVI ს.)

კონდოტიერების საშუალო ჯამაგირის განსაზღვრა რთულია, რადგან ყოველი შემთხვევა ფაქტობრივად ცალკეა განსახილველი და მასში სხვადასხვა პირობებია წარმოდგენილი. მაგალითად, 1371 წელს, რომის პაპი გრეგორი XI თითოეულ „შუბს" თვეში 18 ფლორინს უხდიდა. 1404 წელს ჯამაგირის რაოდენობა 15 ფლორინამდე შემცირდა, რადგან ბაზარზე კონდოტიერთა შორის დიდი კონკურენცია იყო. 1430 წელს ჯამაგირის რაოდენობა 9 ფლორინამდე დავიდა. თავდაპირველად მთელ ჯამაგირს რაზმის მეთაური იღებდა, რომელიც თავის მხრივ ჯარისკაცებს ყოველთვიურ ხელფასს უხდიდა. თუმცა ამ სისტემას კონდოტიერთა მეთაურები ბოროტად იყენებდნენ და ფულის დიდი ნაწილი მათ ჯიბეში მიდიოდა. მაგალითად, 1364 წლის იანვარში ცნობილმა კონდოტიერმა სერ ჯონ ჰოკვუდმა პიზის მმართველთაგან 150 ათასი ფლორინი მიიღო, რითაც ჯარისკაცებისთვის 6 თვის განმავლობაში ჯამაგირი უნდა გადაეხადა. თუ ის პატიოსნად უხდიდა მეომრებს კუთვნილ თანხას, სხვები ასე არ იქცეოდნენ, ამიტომ ჯარისკაცებს თვიურ გასამრჯელოს სათითაოდ ურიგებდნენ. XV საუკუნეში ჯამაგირის გაცემას განსაკუთრებული მოხელეები (Collaterali).
დროთა განმავლობაში კოლატერალები კონდოტიერთა სისტემაში მნიშვნელოვანი ფიგურები გახდნენ. ისინი თვალს ადევნებდნენ კონტრაქტის პირობების შესრულებას და იცავდნენ დამქირავებლის ინტერესებს. XV საუკუნის გავლენიანი კონდოტიერები, ისეთები, როგორებიც იყვნენ ვოსკონტი და სფორცა, ფაქტობრივად მილანის მმართველები გახდნენ. ისინი იყენებდნენ კოლატერალებს მოქირავნე ჯარის მმართველობისთვის თვალყურის სადევნებლად. ისინი პასუხს აგებდნენ არმიის სურსათითა და შეიარაღებით მომარაგებაზეც და ჯამაგირის მიცემაზეც. ასევე კონტროლს უწევდნენ იმას, იყო თუ არა არმია იმავე მდგომარეობაში, როგორის დასაქირავებლადაც ფული გადაიხადეს.
პაპ გრეგორი IX-ს სიზმარი (ჯოტოს ნახატი, 1337 წ.)

1468 წელს, ერთმა კოლატერალმა, რომელიც პაპის არმიას მეთვალყურეობდა, აღნიშნა, რომ ერთ რაზმში 13 ცხენოსანი მეომრით ნაკლები იყო, როდესაც მასში  200 მებრძოლი უნდა ყოფილიყო. სხვა რაზმში კი 12 ქვეითით ნაკლები აღმოჩნდა, ვიდრე აღრიცხული ჰქონდათ. ასეთ შემთხვევებს მოსდევდა ჯარიმა დამქირავებლის სასარგებლოდ. ასე რომ კოლატერალის როლი კონდოტიერთა და მათ დამქირავებელთა ურთიერთობაში ძალიან დიდი იყო. XV საუკუნის ბოლოს, ზოგიერთმა გავლენიანმა კონდოტიერმა დაიქირავა საკუთარი კოლატერალები. მათი ფუნქციები კიდევ უფრო გაიზარდა და დაევალათ ახალწვეულების მიღება, დისციპლინის დაცვა (17). მუდმივი კონტროლისდა მიუხედავად, კონდოტიერები ახერხებდნენ თავიანთი მდგომარეობის ბოროტად გამოყენებას. ზოგიერთ სახელმწიფოს არასაიმედო დამქირავებლის რეპუტაცია ჰქონდა. ჯამაგირის დაგვიანება კი დეზერტირობასა და კონდოტიერთა დაუმორჩილებლობას იწვევდა. ყველაზე კარგი გადამხდელები იყვნენ ფლორენციელები, მილანი და ვენეცია კი უფრო მცირე ჯამაგირს გასცემდა. მთლიანობაში, „კონდოტის" სისტემა ცუდად არ მუშაობდა და დროთა განმავლობაში კიდევ უფრო იხვეწებოდა. XV საუკუნის ბოლოსთვის კონდოტიერთა რაზმები ფაქტობრივად მათივე მეთაურების საკუთრებაში შედიოდნენ.

ფორნოვოს ბრძოლა (Galleria delle Carte Geografiche, ვატიკანი) 

ამ დროისთვის სახელმწიფოები მოქირავნეებს ინდივიდუალურად ქირაობდნენ. არცთუ იშვიათად ჯარის სათავეში კონდოტიერთა ძველი მეთაურები იდგნენ, მაგრამ არმიის შეკრების სისტემაში შეტანილი ცვლილებების შედეგად უკვე პროფესიონალური, მუდმივი არმიების შექმნა გახდა შესაძლებელი.
სამხედრო მომზადება
კონდოტიერები პროფესიონალი ჯარისკაცები იყვნენ. კონდოტიერთა გამოცდილება და სამხედრო საქმის კარგი ცოდნა განსაზღვრავდა სახელმწიფოთა ინტერესს, დაექირავებინა ისინი. მათ ერჩივნათ მომზადებულ და აღჭურვილ ჯარისკაცებში დაეხარჯათ ფული, ვიდრე სამოქალაქო მილიციის მომზადებასა და გაწვრთნაში. პირველი კონდოტიერები, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 100 წლიანი ომის გამობრძმედილი ვეტერანები იყვნენ. თითოეულმა მათგანმა, ცხენოსანმა რაინდმა, ქვეითმა, მეარბალეტემ თუ მშვილდოსანმა კარგად იცოდა თავისი საქმე და საკუთარი იარაღი და აბჯარ-საჭურველი ჰქონდა.

Mons Meg - XV საუკუნის ზარბაზანი, რომელიც ბურგუნდიის ჰერცოგმა ფილიპმა გაუგზავნა საჩუქრად შოტლანდიის მეფე ჯეიმს II-ს 1454 წელს (ედინბურგი, შოტლანდი)

მიუხედავად იმისა, რომ კონდოტიერთა მეთაური ცდილობდა ძირითადად ნაცადი მეომრებით შეევსო თავისი რაზმის რიგები, დამატებითი წვრთნა მაინც საჭირო იყო, რათა მუდმივად მზად ყოფილიყვნენ ბრძოლისათვის. პირველ რიგში, კონდოტიერთა რიგებს ავსებდნენ ის პაჟები და საჭურველმტვირთველები, რომლებიც რაზმში რაინდებს, უმთავრესად თავიანთივე უფროს ძმებს, მამებს ან ბიძებს, ემსახურებოდნენ და მათგანვე იღებდნენ საბრძოლო წვრთნას. ყველა ახალგაზრდა პაჟი ან საჭურველმტვირთველი არ ირჩევდა ცხენოსან ჯარში მსახურს და ბევრი ქვეით მეომრად რჩებოდა. ზოგი მეარბალეტე, მშვილდოსანი ან არტილერისტი ხდებოდა. მათი წვრთნა უფრო ინტენსიური იყო, რადგან ტექნიკური მოწყობილობის გამოყენებასთან ჰქონდათ საქმე. საჭურველმტვირთველების ნაწილს ბრძოლისას თავისი ბატონის სათადარიგო ცხენი ჰყავდა მიბარებული ან ჩამოქვეითებული კონდოტიერის ბედაური. დანარჩენები ქვეით ჯარს ემსახურებოდნენ - მოჰქონდათ წყალი დაღლილი მეომრებისათვის, უცვლიდნენ დაზიანებულ აბჯარსა და იარაღს, უვსებდნენ ისრების მარაგს მეარბალეტეებსა და მშვილდოსნებს, საჭიროებისას გამოჰყავდათ ბრძოლიდან დაჭრილები. ბევრი შემდგომში წარმატებული კონდოტიერი თავის საქმეს კონდოტიერთა ცნობილი წარმომადგენლებისაგან სწავლობდა. მაგალითად, ფრანჩესკო ნოველო კარარა, 1387 წელს კასტანიაროს ბრძოლის ერთ-ერთი გამარჯვებული, სერ ჯონ ჰოკვუდთან მსახურობდა (18). ჯაკოპო დალ ვერმე კი ჯან გალეაცო ვისკონტის რაზმის წევრი იყო და მონაწილეობდა იმ შეთქმულებაში, რომლის შედეგად ვისკონტი მილანის მმართველი გახდა. ნიკოლო მაკიაველი აღნიშნავს, რომ ცნობილი კონდოტიერი კასტრუჩო კასტრაკანი ყმაწვილობისას კონდოტიერ ფრანჩესკო გუინიჯისთან ცხოვრობდა და იქ ეუფლებოდა როგორც ცხენოსნობასა და იარაღის გამოყენებას, ისე არისტოკრატულ  მანერებსა და ქცევას (19).


სან-რომანოს ბრძოლა, 1432 წ. (პაულო უჩელოს ნახატი, XV ს.)
სან-რომანოს ბრძოლა, 1432 წ. (გრაჰემ ტერნერის ნახატი) 

ზოგიერთი ცნობილი კონდოტიერი საკუთარ სამხედრო სკოლასაც კი აარსებდა. აქ ისინი ასწავლიდნენ არა მხოლოდ იარაღის ხმარებას, არამედ ტაქტიკასა და პრაქტიკულ ცოდნას, რაც შემდგომში გამოადგებოდათ სარფიანი კონტრაქტების გაფორმებისათვის. კონდოტიერთა ისეთმა მეთაურებმა, როგორებიც იყვნენ ალბერიგო და ბარბიანო (XIV-XV ს.) და ბარტოლომეო კოლეონი (XV ს.), ახალგაზრდა ოფიცრების ბევრი თაობა აღზარდეს, რომლებიც თავდაპირველად მათ რაზმებში მსახურობდნენ, შემდგომში კი დამოუკიდებლად გაიკეთეს კარიერა (20).  
კარგი მეთაური თავისი ჯარისკაცების წვრთნის სხვადასხვა ასპექტს აქცევდა ყურადღებას, რაც აუცილებელი იყო სხვადასხვა ტაქტიკის შესაბამიად მოქმედებისათვის ბრძოლის ველზე. ზოგიერთი სარდალი უპირატესობას ანიჭებდა თავისი რაინდების დაქვეითებასა და ქვეითთა მჭიდრო მწყობრით განლაგებას. მათი მოქმედების მხარდასაჭერად საჭირო იყო გამოცდილი მშვილდოსნები და მეარბალეტეები, რომლებიც არა მხოლოდ მიზანში სროლაში უნდა ყოფილიყვნენ გაწაფულები, არამედ სხვა შენაერთებთან ურთიერთქმედებაში. ზოგადად, კონდოტიერების ეპოქისათვის დამახასიათებელი იყო მძიმე კავალერიის მასობრივი გამოყენება. ალბერიგო და ბარბიანომ სახელი გაითქვა მძიმე კავალერიის ეფექტიანი გამოყენებით და ბევრი კონდოტიერი მისგან ცდილობდა ამ ტაქტიკის სწავლას. მის შესასრულებლად მეომრების ტაქტიკური და ფიზიკური წვრთნა იყო საჭირო, რათა რიგები არ დაერღვიათ და დარტყმა სწორად მიემართათ.

ანგიარის ბრძოლა, 1440 წ. (ლეონარდო და ვინჩის ნახატის ასლი, რომელიც პიტერ პაულ რუბენსმა შეასრულა 1616 წელს) 

კონდოტიერთა ტაქტიკურ ხერხებს შორის განსაკუთრებით აღნიშვნის ღირსია ქვეითთა ფალანგა, რომელიც ანტიკური ხანის ბერძნულ-მაკედონურ ფალანგას ჰგავდა. ფალანგისტებს ჰქონდათ ძალიან გრძელი შუბები, რომელიც ერთდროულად ორ მეომარს ეკავა. ასევე პოპულარული იყო ე.წ. „სფორცას" ტაქტიკა, რომლის გამოყენება პირველად კონდოტიერმა მუცო ატენდოლომ (1369-1424), მეტსახელად „სფორცამ" („სფორცა" ნიშნავ ძალას) დაიწყო (21).  ეს იყო მასირებული შეტევითი ტაქტიკა, რომელსაც უროსებრი დარტყმის მიყენება შეეძლო და ბრძოლის გადამწყვეტ მომენტში დიდი წარმატება მოჰქონდა. მეორე პოპულარულ ტაქტიკას „ბრაჩოს" ტაქტიკას უწოდებდნენ. ის კონდოტიერმა ბრაჩო და მონტონემ (1368-1424) შემოიღო და მისი შედარება უფრო დაშნასთან შეიძლება, ვიდრე უროსთან, რადგან გულისხმობდა მეტ მანევრირებას, სწრაფ მოქმედებას, ძლიერ რეზერვს და გადამწყვეტ დარტყმას მოწინააღმდეგის შესუსტებულ რიგებზე (22).

სან-ეგიდიოს ბრძოლა, რომელშიც ბრაჩო და მონტონემ კარლო I მალატესტა დაამარცხა (პაულო უჩელოს ნახატი, XV ს.) 

კონდოტიერების საბრძოლო წვრთნა-მომზადება ინტენსიური იყო. მათი რიგები მუდმივად ივსებოდა ახალგაზრდებით, რომლებიც გამოცდილი ოსტატების ხელში იყვნენ გამოწვრთნილები. ბრძოლის ველზე წარმატება დიდწილად ამაზე იყო დამოკიდებული. რომელი მხარეც უკეთ იყო მომზადებული და შეეძლო მოწესრიგებულად განეხორციელებინა მანევრები და საჭირო დროს ძალების გადაწყობა, ერთი ტაქტიკიდან მეორეზე გადართვა. კონტრაქტი რა თქმა უნდა ითვალისწინებდა სამსახურში უკვე გაწვრთნილი და გამოცდილი მეომრების აყვანას, მაგრამ კონდოტიერთა მომზადება კონტრაქტის გაფორმების შემდეგაც გრძელდებოდა და მუდმივ პროცესს წარმოადგენდა. 
სამხედრო ორგანიზაცია
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, კონდოტიერები იყოფოდნენ მცირერიცხოვან რაზმებად - „შუბებად", რომელშიც იტალიის სხვადასხვა მხარის განწესების მიხედვით 4 ან 5 მეომარი შედიოდა, მილანში ოთხი, პაპის სამფლობელოებში კი - ხუთი (23).  
ხუთი „შუბი" ერთიანდებოდა „პოსტში", ხუთი „პოსტი" (25 „შუბი") კი ესკადრონში. კონდოტიერთა რაზმი (Bandiera), რომელსაც ჩონდოტტა-საც უწოდებდნენ, 50-დან 100 შუბამდე მოითვლიდა. 
XV საუკუნეში გაიზარდა მსუბუქი კავალერიის მნიშვნელობა. მათ იყენებდნენ სურსათ-სანოვაგის მოსამარაგებლად, დასაზვერად და მოწინააღმდეგეზე დასადევნებლად. 1470-იან წლებიდან იტალიელებმა დაიწყეს ბალკანური მსუბუქი ცხენოსანი ჯარის დაქირავება. მათ სტრადიოტები ეწოდებოდათ. თავდაპირველად ისინი ვენეციის ჯარში მსახურობდნენ, შემდგომში კი სხვა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების არმიებშიც გამოჩნდნენ. ისინი აღჭურვილები იყვნენ შუბებით, მშვილდ-ისრებითა და არბალეტებით. 1480 წლისათვის, ნეაპოლმა თურქული მსუბუქი ცხენოსანი ჯარის გამოყენება დაიწყო, რომელიც სავსებით პასუხობდა იმ მოთხოვნებს რასაც ასეთი ტიპის ჯარი აკმაყოფილებდა.
ნიკოლო მაკიაველი (სანტი დი დიტოს ნახატი, XV ს.)

XV საუკუნიდან ქვეითმა ჯარის გამოყენებამ უფრო დიდი მნიშვნელობა შეიძინა. მანამდე ქვეითები ძირითადად საგარნიზონო სამსახურით იყვნენ დაკავებულები და საველე მოქმედებებისას არასაიმედოდ მიიჩნეოდა. XV საუკუნის შუა წლებიდან კონდოტიერთა არმიებში მრავალრიცხოვანი ქვეითი შენაერთები გაჩნდნენ. ესენი იყვნენ მძიმედ აღჭურვილი ქვეითები, რომელთაც აბჯარი ემოსათ და ხმლებით, შუბებით, გრძელტარიანი ცულებით და ა.შ. მსუბუქი ქვეითები ხმლებითა და პატარა ფარებით იყვნენ აღჭურვილები. უკვე  XV საუკუნეში კავალერიისა და ქვეითი ჯარის რაოდენობრივი შეფარდება სამხედრო დანაყოფში საშუალოდ 1/10-თან იყო. ქვეითები სადროშოებად იყოფოდნენ. ერთ სადროშოში კაპიტანი, ორი კორპორალი (კაპრალი, უმცროსი ოფიცერი), ორი პაჟი, კაპიტნის მსახური, ათი მეარბალეტე და ცხრა Palvesai (ფაროსანი) შედიოდა. Palvesi ეწოდებოდა შუა საუკუნეების იტალიურ დიდი ზომის ფარს (24). 
თავდაპირველად კონდოტიერთა ზოგიერთ არმიაში მშვილდოსნების რაზმები ჰყავდათ, მაგრამ ძირითადი სასროლი იარაღი მაინც არბალეტი იყო. ინგლისელებისაგან განსხვავებით, იტალიაში არბალეტი გაცილებით პოპულარული იყო. არბალეტი იყო უფრო მძლავრი იარაღი, რომელიც შორ მანძილზე დიდი ძალით ისროდა ისრებს, მაგრამ მშვილდის მოზიდვას ბევრად ნაკლები დრო სჭირდებოდა, ვიდრე არბალეტის მომზადებას ისრის სასროლად. ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამ პოპულარული გახადა არკებუზებიც. პირველი არკებუზები მეტად მარტივი მოწყობილობები იყო და მათი დამზადება და გამოყენების სწავლა ადვილი გახლდათ. არკებუზმა დროთა განმავლობაში თითქმის მთლიანად ჩაანაცვლა არბალეტი როგორც საგარნიზონე, ისე საველე არმიებში. XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან დაიწყეს ზარბაზნების გამოყენებაც, რომელიც ქვის ჭურვებს ისროდა.1357 წელს გალეოტო მალატესტამ პირველმა გამოიყენა ბომბარდა - პრიმიტიული ქვემეხი ქალაქის ალყის დროს.

მალატესტას ციხესიმაგრე (Forte Malatesta), რომელიც გალეოტო I მალატესტამ ააგებინა XIV საუკუნეში 

აღნიშვნის ღირსია შუა საუკუნოვანი იტალიური იარაღისა და აბჯრის მაღალი ხარისხი. ამ მხრივ განსაკუთრებით გამოირჩეოდა ფერარა, მილანი და ფლორენცია. სტივენ ბული აღნიშნავს, რომ XV საუკუნე მეაირაღეთა ხელოვნებაში ზენიტს წარმოადგენდა. ამ დროს ისინი ქმნიდნენ მთელ სხეულზე კარგად მორგებულ, პლასტიკური ლითონის აბჯრებს. იტალია, ქალაქი მილანი ასეთი საჭურველის დამზადების ცენტრად იქცა, თუმცა მაღალი ხარისხის აბჯარ-იარაღს ამზადებდნენ გერმანელებიც აუგსბურგსა და ნიურნბერგში. მილანელ მესაჭურვლეებს იმდენად დიდი სახელი ჰქონდათ ევროპელ მეიარაღეთა შორის, რომ ზოგჯერ სხვა იტალიელ მეაბჯრეებსაც მილანელებად მოიხსენიებდნენ, მიუხედავად იმისა, თუ იტალიის რომელი ქალაქიდან იყვნენ ისინი.(25)  XIV საუკუნეში, როდესაც კონდოტიერთა რაზმების დიდი ნაწილი უცხოელებისაგან (გერმანელები, შვეიცარიელები, ინგლისელები, ფრანგები, კატალონიელები) შედგებოდა, ისინი სხვადასხვა ტიპის საჭურველს იყენებდნენ იმისდა მიხედვით, თუ რამდენად ეფექტიანი აღმოჩნდა ისინი 100 წლიანი ომის პერიოდში. მძიმედ აღჭურვილი მეომრები XIV საუკუნის მეორე ნახევრიდან პლასტიკური ლითონის აბჯრებით შეიმოსნენ, რომელიც უფრო საიმედოდ იცავდა მებრძოლს როგორც ხელჩართული ბრძოლის იარაღის, ისე ისრებისაგან.

XV ს. ცეცხლსასროლი იარაღი და Palvesi-ს ტიპის ფარი (ბრიუსელის სამეფო სამხედრო მუზეუმი, ნიკა ხოფერიას ფოტო) 

ამის შემდეგ ისინი ფარებისაგან საერთოდ გათავისუფლდნენ და ამის ნაცვლად აბჯრის მარცხენა მხარე დამატებით გაამაგრებინეს. ზოგჯერ პლასტიკურ აბჯარზე ჯაჭვის პერანგსაც გადაიცმევდნენ და ჯაჭვითვე იცავდნენ ხელებსა და წვივებს. მსუბუქად შეიარაღებულ მეომრების თავდაცვით საჭურველს წარმოადგენდა მსუბუქი მუზარადი და ჯაჭვის პერანგი ან რკინის ფირფიტებით მოჭედილი ტყავის ქურთუკი. როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ისინი იყენებდნენ პატარა ფარებსაც.  
ლეონარდო ბრუნი, ნიკოლო მაკიაველი და კონდოტიერები
კონდოტიერების შესახებ მეტად საინტერესოა ის ცნობები, რომელიც რენესანსის პერიოდის ისტორიკოსის, არეტინოს, იგივე ლეონარდო ბრუნისა (1369-1444)(26)  და ფლორენციის კანცლერის, ნიკოლო მაკიაველის (1469-1527) ნაშრომებში გვხვდება. ლეონარდო ბრუნი ავტორია „ფლორენციის ისტორიისა"(Historiarum Florentinarum). ის კარგად იცნობდა იტალიაში მიმდინარე მოვლენებს და საკმაოდ დეტალურად გადმოსცა ყველაფერი თავის თხზულებაში. ბრუნი წერს თავისი დროის გამოჩენილ მთავრებსა და კონდოტიერებზე, რომლებიც თავის ძალაზე დაყრდნობით, ძალაუფლების მოპოვებას ახერხებდნენ, მათ შორის მალატესტა და ვერუკიო (1212-1312), გალეოტო მალატესტა (1299-1385), ჯონ ჰოკვუდი იგივე ჯოვანი აკუტო (1320-1372) და კასტრუჩო კასტრაკანი (1281-1328). მისი თხზულებები კარგად აქვს შესწავლილი და გაანალიზებული ისტორიკოს გარი იანზიტს თავის ნაშრომში „Writing History in Renaissance Italy" (27).
ლეონარდო ბრუნი, XIV-XV სს. 
გამოჩენილი იტალიელი ისტორიკოსი

ზოგადად, ბრუნი ძირითადად სამოქალაქო ისტორიას აღწერდა და ნაკლებად დეტალურად მიმოიხილავდა სამხედრო საკითხებს, თუმცა როგორც აღვნიშნეთ მის თხზულებაში სხვადასხვა კონდოტიერის შესახებ გვაქვს ცნობები. ამას გარდა იგი უთითებს ერთ საინტერესო და მნიშვნელოვან მომენტზე, რაც რენესანსის პერიოდის იტალიური სამხედრო სისტემის დიდ ნაკლად შეგვიძლია მივიჩნიოთ. ერთ-ერთი სამხედრო კამპანიის მარცხის აღნიშვნისას, რის მიზეზიც მეთაურთა ცუდი კომუნიკაცია და არაკოორდინირებული მოქმედება იყო. ასეთი შეცდომები უცხო არაა სამხედრო საქმეში, როდესაც არა ერთპიროვნული მხედართმთავარია ჯარის სათავეში, არამედ სხვადასხვა კონდოტიერთა მრავალრიცხოვანი ჯგუფი და ჯარისკაცები არა ერთი დროშას მიყვებიან, არამედ ესაა ერთმანეთში არეული ხროვა, რომელთა მეთაურობაც კი შეუძლებელია ცალკეული მეთაურისათვის (28).
ამ საკითხზე ლეონარდო ბრუნის აზრს ეთანხმება ნიკოლო მაკიაველიც, თუმცა ის უფრო ვრცლად და დეტალურად განიხილავს კონდოტიერთა ლაშქრის ნაკლს და მათი მეთაურების რეალურ მიზნებს. მაკიაველის მიხედვით, ზოგადად, მოქირავნე ლაშქარი უსარგებლო და საშიშია და თუ ვინმე მასზე აფუძნებს ქვეყნის ძლიერებას, მისი ძალაუფლება არასოდეს იქნება მტკიცე და ურყევი.

შარლ VIII (უცნობი ავტორი, XVI ს.)

„ისინი პატივმოყვარენი არიან, აღვირახსნილნი, მუხანათნი, თავხედნი - მეგობრებს შორის, მხდალნი - მტრების პირისპირ, არც ღვთის შიში აქვთ და არც რწმენა კაცთა მიმართ."(29) ასევე აღსანიშნავია მაკიაველის მითითება კონდოტიერთა გამოყენებაზე უცხოელთა წინააღმდეგ, მათ ბრძოლისუნარიანობაზე ევროპის ძლიერ არმიებთან შედარებით. „სანამ ერთმანეთს ეომებოდნენ, ეს უკანასკნელნი რაღაცის მაქნისნი მაინც იყვნენ და, ასე განსაჯეთ, მამაცებადაც კი გვაჩვენებდნენ თავს, მაგრამ უცხოელების შემოსევისთანავე აშკარა შეიქნა, რა შვილებიცა ბრძანდებოდნენ. აი რატომაა, რომ შარლმა, საფრანგეთის მეფემ, თითქოს თამაშით აიღო იტალია" (30).  ეს განსაკუთრებულად საინტერესო მომენტია, რადგან საფრანგეთის მეფესთან, შარლ VII-თან დაპირისპირებამ ყველაზე ნათლად წარმოაჩინა იტალიური ქალაქ-სახელმწიფოების სამხედრო სისტემის სისუსტე. 1495 წელს მილანმა, ვენეციამ და მანტუამ ძალები გააერთიანეს და თითქმის 30 ათასამდე მეომარი შეკრიბეს (32)  იტალიიდან საფრანგეთისაკენ უკან დახეული შარლ VIII-ს არმიის წინააღმდეგ, მაგრამ მარცხი განიცადეს 6 ივლისს გამართულ ფორნოვოს ბრძოლაში. ამ ბრძოლაში მოკავშირეებს სარდლობდა ცნობილი კონდოტიერი, მანტუის მარკიზი, ფრანჩესკო II გონზაგა (1466-1519), ფრანგების მხარეს კი ასევე ცნობილი კონდოტიერი, ჯან ჯაკომო ტრივულციო (1440/1441-1518) იბრძოდა. ეს უკანასკნელი 1499 წელს საფრანგეთის მარშალიც კი გახდა.
ფრანჩესკო II გონზაგა, მანტუის მარკიზი (XV-XVI ს.)

ნიკოლო მაკიაველი იდეალურ მმართველებად სახავს ისეთ მთავრებს, რომლებიც კარგად ფლობენ სამხედრო ხელოვნებას, „რადგან ამ ხელოვნების ძალა იმდენად დიდია, რომ არა მარტო ძალაუფლებას უნარჩუნებს მას, ვინც მთავრად შობილა, არამედ კერძო პირსაც აღაზევებს ხოლმე მთავრის სიმაღლემდე" (33). ამის მაგალითად კი მოჰყავს კონდოტიერი ფრანჩესკო სფორცა, რომელიც მილანის მმართველი გახდა, მისმა ვაჟებმა კი, რომლებიც არ იყვნენ გაწაფულები სამხედრო საქმეში, დაკარგეს სამთავრო (34).
კონდოტიერთა ეპოქის დასასრული
ნიკოლო მაკიაველი აქტიურად უპირისპირდებოდა კონდოტიერებს ფლორენციაში. მან ენერგიულად შეუტია მოქირავნეებს და 1505 წელს გამოცემული განკარგულებით, „ორდონანსით", ფლორენციის მილიციას, სახალხო ლაშქარს ჩაუყარა საფუძველი (35).  მაკიაველს საამისოდ საბაბიც და საშუალებაც მისცა კონდოტიერთა სასტიკმა მარცხმა საფრანგეთის მეფის შარლ VIII-ს არმიასთან. თითქმის ყველა ცნობილმა კონდოტიერმა დატოვა იტალია და სხვა სახელმწიფოებში დაიწყო მსახურება. ჯან ჯაკომო ტრივულციო საფრანგეთის მარშალი გახდა, ანდრეა დორია საღვთო რომის იმპერატორის კარლოს V-ს ადმირალი. დროთა განმავლობაში შეწყვიტეს მოქირავნეებთან კონდოტების (კონტრაქტები) გაფორმებაც და სამხედრო მსახურების ეს სახეც გაქრა, თუმცა ტერმინი „კონდოტიერი" კვლავ დარჩა და უწოდებდნენ იმ დიდ იტალიელ მხედართმთავრებს, რომლებიც ხშირად მეთაურობდნენ უცხო ქვეყანათა სამხედრო ძალებს. მათ შორის ჯან ჯაკომო მედიჩი (1498-1555), ამბროჯიო სპინოლა (1569-1630), მარკანტონიო II კოლონა (1535-1584), რაიმუნდ მონტეკუკოლი (1609-1680), პროსპერო კოლონა (1452-1523). თუმცა ისინი კლასიკური გაგებით კონდოტიერები აღარ ყოფილან. უკანასკნელ დიდ კონდოტიერად კი ითვლება ლოდოვიკო დე მედიჩი (1498-1526), იგივე ჯოვანი დალე ბანდე ნერე (ჯოვანი „შავი რაზმიდან") (36),  რომელიც 1526 წელს გოვერნოლოსთან გამართული შეტაკებისას ფალკონეტიდან ნასროლმა ყუმბარამ იმსხვერპლა. იტალიელებმა დიდწილად შეწყვიტეს მოქირავნე ჯარების გამოყენება, თუმცა ეს პრაქტიკა მაინც შემორჩა, რისი კარგი მაგალითიც არის რომის პაპის შვეიცარიული გვარდია.
რაიმუნდ მონტეკუკოლი
პროსპერო კოლონა

ისტორიკოსი დევიდ მერფი კონდოტიერების მიმართ ასეთი უარყოფითი დამოკიდებულების გაჩენას სწორედ მაკიაველისა და მის თანადროულ ავტორებს უკავშირებს (37). რასაკვირველია მათ მცირერიცხოვან რაზმებს, რომლებიც არ იყვნენ მომზადებულები ისეთი მასშტაბების ბრძოლებისათვის, როგორის გამართვაც მრავალრიცხოვან, კარგად ორგანიზებულ საღვთო რომის იმპერიის, ესპანურ და ფრანგულ არმიებთან მოუხდათ. კონდოტიერები პასუხობდნენ იმ მოთხოვნებს, რაც მცირე ქალაქ-სახელმწიფოებს ჰქონდათ და შეეძლოთ ასეთი მასშტაბების ომში მნიშვნელოვანი გარდატეხა შეეტანათ რომელიმე მხარის სასარგებლოდ. ასევე ისინი იცავდნენ და წესრიგს ამყარებდნენ იტალიურ ქალაქებში მიმდინარე დაპირისპირებულ პარტიებს შორის. საკვირველია, როგორ შეუძლიათ გამოხატონ იტალიელმა ავტორებმა თავიანთი უკმაყოფილება კონდოტიერთა მეთოდების მიმართ, როდესაც ეს უკანასკნელები იმ დროის იტალიური საზოგადოების განუყოფელი ნაწილები იყვნენ და მისსავე წიაღში იყვნენ წარმოშობილები. კონდოტიერების გაქრობას სამხედრო ასპარეზიდან, ხელი შეუწყო ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებამაც, რომელმაც პრაქტიკულად აზრი დაუკარგა მძიმედ აღჭურვილი კავალერიისა და ქვეითი ჯარის გამოყენებას. რეგულარულ, ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულ არმიებთან ბრძოლა კონდოტიერებს აღარ შეეძლოთ, აღარც მათი თავისუფალი შეიარაღებული რაზმების საჭიროება იყო.
ამბროჯიო სპინოლა (მიხილ ვან მიერეველტის ნახატი, 1633 წ.)

კონდოტიერების ეპოქა ღრმად აღიბეჭდა რენესანსის პერიოდის იტალიურ ხელოვნებაზე. ბევრი ცნობილი კონდოტიერის, თუნდაც ერაზმო დე ნარნის („გატამელატა"), ბარტოლომეო კოლეონის, სიგიზმონდო დე მალატესტას გამოსახულებიანი ფერწერული პორტრეტები და სკულპტურები, რომლებიც რენესანსის დიდ ხელოვანთა, დონატელოს, პაულო უჩელოს, ტიციანისა და სხვათა ხელს ეკუთვნის, დღემდე შემორჩენილია და წარსულის უტყუარი მოწმეა. 

სქოლიოები

(1) ნიკოლო მაკიაველი, მთავარი, იტალიურიდან თარგმნა, წინასიტყვაობა და კომენტარები დაურთო ბაჩანა ბრეგვაძემ (თბილისი, 2010), 123.
(2) Ciro Paoletti, A military history of Italy (Westport Conn, 2008), 3.
(3) XIV საუკუნის ბოლოსთვის იტალიაში 4 სამეფო - სარდინია, სიცილია, ნეაპოლი და კორსიკა იყო; მრავალი რესპუბლიკა - ვენეცია, გენუა, ფლორენცია, ლუკა, სიენა, სან-მარინო, რაგუზა; მცირე სამთავროები - პიომბინო, მონაკო და საჰერცოგოები: სავოი, მოდენა, მანტუა, მილანი, ფერარა, მასა, კარარა და ურბინო. იტალიის ზოგიერთი მხარე უცხოელთა ხელში იყო. ჰაბსბურგები აკონტროლებდნენ ტრენტინოს, ზემო ადიჯეს, გორიციასა და ტრიესტს. სარდინია ეკუთვნოდა არაგონის სამეფოს. Ciro Paoletti, A military history of Italy, 4.
(4) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries (Oxford, 2007), 4.
(5) Christopher Black, Early modern Italy: a social history (London, 2001), 6.
(6) იქვე, 33. 
(7) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 5.
(8) ჯოვანი აკუტო თავდაპირველად ემსახურებოდა რომსა და ჩეზენას, შემდეგ - ვისკონტებს, ხოლო 1377 წლიდან - ფლორენციელებს. 
(9) Christopher Black, Early modern Italy: a social history, 6.
(10) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 5-6.
(11) იქვე, 8. 
(12) Christine Shaw, Barons And Castellans: The Military Nobility Of Renaissance Italy (Leiden, 2015), 6-7.
(13) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 8. 
(14) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 9-10.
(15) მილანში, 1470 წლისთვის, „შუბში" სტანდარტულად ოთხი მეომარი იყო, პაპის სამფლობელოში კი ხუთი. David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 10.
(16) Ciro Paoletti, A military history of Italy, 5.
(17) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 11.
(18) კასტანიაროს ბრძოლა 1387 წლის 11 მარტს გაიმართა პადუისა და ვერონას ჯარებს შორის. პადუელებს დაქირავებული ჰყავდათ კონდოტიერ სერ ჯონ ჰოკვუდის „თეთრი რაზმი". ბრძოლა პადუელთა გამარჯვებით დასრულდა. 
(19) Никколо Макиавелли, „Жизнь Каструччо Кастракани Из Лукки"; О Военном Искусстве (Москва, 2012), 289.
(20) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 13.
(21) მუცო ატენდოლო სფორცა იყო სფორცების დინასტიის დამაარსებელი და მამა ფრანჩესკო სფორცასი, რომელიც მილანს 13 წლის განმავლობაში მართავდა. 
(22) სფორცა ყოველთვის მტრობდა ბრაჩოს მომხრეებს, ასე რომ, ისინი ერთიმეორეს უღობავდნენ გზას. თავისი პატივმოყვარული მისწრაფებების მიზნად ფრანჩესკო (მუცო ატენდოლოს ვაჟი) ლომბარდიას სახავდა, ბრაჩო კი ნეაპოლის სამეფოს. ნიკოლო მაკიაველი, მთავარი, 125. ნიკოლო მაკიაველის მიხედვით ბრაჩოცა და სფორცაც ცნობილი კონდოტიერის ალბერიგო და კონიოს იგივე ალბერიგო და ბარბიანოს (1348-1409) სამხედრო სკოლას ეკუთვნოდნენ. ნიკოლო მაკიაველი, მთავარი, 127. ალბერიგო და ბარბიანო პირველი იტალიელი კონდოტიერი იყო, რომელმაც მრავალრიცხოვანი სამხედრო რაზმი შექმნა. 
(23) „შუბის" ნაცვლად აქ ასეთ შენაერთს Corazza-საც უწოდებდნენ, რაც ჯავშანს, ბეგთარს ნიშნავს.
(24) Ciro Paoletti, A military history of Italy, 5.
(25) Stephen Bull; Tony North, An historical guide to arms & armor (New York, 1991), 10, 67.
(26) ლეონარდო ბრუნი არეცოში დაიბადა და ამიტომ არეტინო შეარქვეს.
(27) Gary Ianziti, Writing history in Renaissance Italy: Leonardo Bruni and the uses of the past (Cambridge, 2012).
(28) Gary Ianziti, Writing history in Renaissance Italy: Leonardo Bruni and the uses of the past, 143.
(29) ნიკოლო მაკიაველი, მთავარი, 122.
(30) იქვე, 123.
(31) David Nicolle, Fornovo 1495: France's Bloody Fighting Retreat (London, 1996), 35.
(32) ნეაპოლში ლაშქრობის დაწყებამდე შარლს 40 ათასი ჯარისკაცი ჰყავდა, შემდგომში 8000 იტალიელი მხედარი და 6000 ან 8000 ქვეითი შეიერთა. David Nicolle, Fornovo 1495: France's Bloody Fighting Retreat, 22.
(33) ნიკოლო მაკიაველი, მთავარი, 132-133.
(34) იქვე.
(35) John Keegan, a History of Warfare (New York, 1993), 232-233.
(36) David Murphy, Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries, 7.
(37) იქვე, 56.


ბიბლიოგრაფია

1. მაკიაველი, ნიკოლო. მთავარი. თბილისი, 2010
2. Black, Christopher. Early modern Italy: a social history. London, 2001
3. Bull, Stephen; North, Tony. An historical guide to arms & armor. New York, 1991.
4. Bruni, Leonardo; Griffiths, Gordon; Hankins, James; Thompson, David. The Humanism of Leonardo Bruni: selected texts. Binghamton, 1987.
5. Celenza, Christopher S. Machiavelli: a portrait. Cambridge, 2015.
6. Ianziti, Gary. Writing history in Renaissance Italy: Leonardo Bruni and the uses of the past. Cambridge, 2012
7. Kirshner, Julius. The origins of the State in Italy, 1300-1600. Chicago, 1996.
8. Keegan, John. a History of Warfare. New York, 1993.
9. Murphy, David. Condottiere, 1300-1500: Infamous Medieval Mercenaries. Oxford, 2007
10. Nicolle, David. Fornovo 1495: France's Bloody Fighting Retreat. London, 1996.
11. Paoletti, Ciro. A military history of Italy. Westport, 2008
12. Shaw, Christine. Barons And Castellans: The Military Nobility Of Renaissance Italy. Leiden, 2015
13. Макиавелли, Никколо. О Военном Искусстве. Москва, 2012


ნიკა ხოფერია