სუნ ბინი და მისი „ომის ხელოვნება"


სუნ ბინი (ძვ.წ. IV ს.), სამეფოთა ომის ხანის (ძვ.წ. 403-221 წწ.) სახელწოდებით განსაზღვრულ პერიოდში მოღვაწე ცნობილი ჩინელი სტრატეგოსი და სამხედრო თეორეტიკოსი, „ომის ხელოვნების" ავტორის, ცნობილი ჩინელი მხედართმთავრის, სუნ ძის შთამომავალი იყო. 1972 წლის არქეოლოგიური გათხრებისას აღმოაჩინეს ბამბუკის ფირფიტები, რომლებზეც ძვ.წ. II-I საუკუნეების პერიოდის სხვადასხვა ტექსტები იყო, მათ შორის სუნ ბინის „ომის ხელოვნება", რომელიც 2000 წლის განმავლობაში დაკარგულად ითვლებოდა. სუნ ბინი სუნ ბინის სამხედრო ტრაქტატი მნიშვნელოვნად აღემატება ზომით თავისი ცნობილი წინამორბედის სუნ ძისას და იყოფა ორ ნაწილად.
ის სავარაუდოდ შედგენილია სუნ ბინის მიმდევრები მიერ, რომლებიც წიგნშიც მოიხსენიებიან. პირველ ნაწილში მოცემულია სამხედრო სტრატეგიის ზოგადი პრინციპები, ჯარების ორგანიზება. ზოგიერთი თავი ეთმობა სუნ ბინისა და ცის დინასტიის მმართველებსა და თავის ბატონ ტიან ცისთან საუბრებს. მეორე ნაწილში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა მხედართმთავრის პირად ღირსებებს და ტაქტიკის რამდენიმე კონკრეტულ საკითხს. მის ცალკეულ თავებს შორის ფაქტობრივად არ არის ურთიერთწინააღმდეგობები: მათში გადმოცემულია სრული და თანმიმდევრული ხედვა ომის ბუნებისა და სამხედრო სტრატეგიისა.
ნქეშან ჰანის სამარხი, რომელშიც 1972 წელს ბამბუკის ფირფიტებზე დაწერილი ტექსტები აღმოჩნდა
ბამბუკის ფირფიტები სუნ ბინის „ომის ხელოვნების" ტექსტებით

სუნ ბინის „ომის ხელოვნება" ნათარგმნია რუსულ (2016) და ინგლისურ ენებზე (2003). სრულ ტექსტზე ჯერჯერობით ხელი არ მიმიწვდება, თუმცა წარმოგიდგენთ რამდენიმე ფრაგმენტს:
  • „აღმატებული ძალები და რესურსები არ განაპირობებს ტაქტიკურ უპირატესობას"
  • „იმის წინააღმდეგ, ვინც ნამდვილად კარგადაა დაუფლებული სამხედრო საქმეს, მოწინააღმდეგეს არაფერი შეუძლია გააწყოს სიკვდილისაგან თავის გადასარჩენად"
  • „ხელსაყრელ თუ რთულ რელიეფზე, უნდა ამოიცნო „მყარი" და „სასიკვდილო"პოზიცია. დაიკავე „მყარი" პოზიცია და შეუტიე „სასიკვდილოს". 
  • „როდესაც ჩვეულებრივი ტაქტიკა მოცემული სიტუაციისდა მიხედვით იცვლება, შეიცავს მოულოდნელობის ელემენტს და ზრდის მის სტრატეგიულ ღირებულებას".
  • „წინასწარ განზრახული ტაქტიკური შეცდომები და მცირედი დანაკარგები არის საუკეთესო სატყუარა მტრისათვის"


სამხედრო სტრატეგიის მოსწავლე სვამს კითხვას: „ორი არმია განლაგდა საბრძოლო რიგებად და მზადაა მოქმედების დასაწყებად. ორივეს აქვს საკმარისი მარაგი, ადამიანური რესურსი და კარგი შეიარაღება, ასევე, შემტევიცა და დამცველიც წინდახედულად მოქმედებს და თვალი უჭირავს მოწინააღმდეგეზე. მტერი ელის ბრძოლის გამართვას „მრგვალი განლაგებით", რათა ძლიერი იყოს დაცვაში. როგორ უნდა შევუტიოთ მას?"
სუნ ბინი პასუხობს: „რათა შევუტიოთ მოწინააღმდეგეს ამ პირობებში, ჩვენი არმია უნდა დავყოთ ოთხ ან ხუთ რაზმად. ერთი რაზმი გავგზავნოთ მტრის წინააღმდეგ და მოჩვენებითი უკან დახევა მოვაწყოთ, რათა ვაჩვენოთ მტერს თითქოს მას ვუფრთხით. როდესაც მტერი დაინახავს რომ შეგვეშინდა, დაყოფს თავის ძალებს მოსალოდნელი შედეგის გაუთვალისწინებლად.  ჩვენ გავარღვევთ და ძირს გამოვუთხრით მისი პოზიციის სიმტკიცეს. ნიშანს მივცემთ ეტლებზე განთავსებული დაფდაფებით და ერთობლივად ჩვენი ოთხივე ან ხუთივე რაზმით შევუტევთ. როდესაც ყველა ეს რაზმი თავს დაატყდება მტერს, ჩვენი ჯარი გამარჯვებას მოიპოვებს. ეს არის გზა (დაო) მრგვალ წყობაზე შეტევისათვის". 


მოამზადა ნიკა ხოფერიამ