XVIII-XIX დინასტიების მმართველობის (ძვ.წ. XVI-XII სს.) შემდეგ, მეორე ათასწლეულის დასასრულს, ეგვიპტის ძლიერი სამეფო დასუსტდა და შინაომებში გართული ქვეყანას ლიბიელები და ნუბიელები დაეუფლნენ და თავიანთი სამეფო დინასტიები შექმნეს, რომელთაგან ეგვიპტემ გათავისუფლება ასწლეულების შემდეგ შეძლო, მაგრამ ამის შემდეგ ახლო აღმოსავლეთის ძლიერ იმპერიებთან - ასურეთთან და ბაბილონთან მოუხდა ბრძოლა. ამ პერიოდის - ძვ.წ. X-ძვ.წ. VII საუკუნეების - სამი ყველაზე გამორჩეული ფარაონი იყო შეშონქ I ლიბიური დინასტიიდან (XXII, იგივე ბუბასტისის დინასტია, ძვ.წ. X-VIII სს.), ტაჰარქა ნუბიური დინასტიიდან (XXV, იგივე ქუშის დინასტია, ძვ.წ. VIII-VII სს.) და ეგვიპტელი ნეხო II (XXVI დინასტია, ძვ.წ. VII-VI სს.).
შეშონქ I ( ჰედჯჰეპერა სეტენპენრა მარიამონ შეშონქ I, ბიბლიური სუსაკიმი, დაახლ. ძვ.წ. 945-924) ეგვიპტის XXII ლიბიური დინასტიის დამაარსებელი ფარაონი იყო ბუბასტისიდან. შეშონქ I ეგვიპტელებთან ასიმილირებული მდიდარი და გამოჩენილი ლიბიური ოჯახიდან იყო. ის ეგვიპტის XXI დინასტიის ფარაონის, პსუსენეს II-ის არმიის მხედართმთავრად და სამეფო კარის ვეზირად მსახურობდა. ამას გარდა მამისგან ერთ-ერთი ლიბიური ტომის, მაშვაშის ბელადობა მიიღო. ზუსტად არ არის ცნობილი მოაწყო თუ არა შეშონქმა გადატრიალება სამეფოს ხელში ჩასაგდებად, თუმცა ის ცნობილია, რომ მისი ბიძა, ოსორკონი XXI დინასტიის კანონიერი ფარაონი იყო. როდესაც შეშონქ I-მა სამეფო ტახტი დაიკავა, მან ახალ, XXII ლიბიურ დინასტიას დაუდო საფუძველი. ახალმა ფარაონმა ეგვიპტის დედაქალაქად ბუბასტისი აირჩია, ამიტომ XXII დინასტიას ბუბასტიდების დინასტია ეწოდა.
შეშონქ I სფინქსის სახით, დაახლ. ძვ.წ. 945-718 წწ. (ნიუ იორკი, ბრუკლინის მუზეუმი)
უკან - მარცხნივ სემიტი მშვილდოსანი, მარჯვნივ შოსუს ტომის მეომარი,
წინ - ლიბიელი მშვილდოსანი (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
შეშონქ I-ს უნდოდა თავის მეფობა უფრო ლეგიტიმური გაეხადა და ახალი დინასტია ჩამოეყალიბებინა, ამიტომ თავის ვაჟს, ოსორკონს ეგვიპტის XXI დინასტიის ფარაონის, პსუსენეს II ქალიშვილზე დააქორწინა. თავდაპირველად შეშონქ I-ის ძალაუფლება მხოლოდ ნახევარ ეგვიპტეზე ვრცელდებოდა, მაგრამ მალე მან მთელი ეგვიპტე დაიკავა.
შეშონქ I ჭკვიანი და ანგარიშიანი კაცი იყო და დროებით მოახერხა ეგვიპტისთვის ძველი დიდების დაბრუნება. ბიბლიის მიხედვით, მას კარგი ურთიერთობა ჰქონდა ისრაელის სამეფოს მეფესთან, სოლომონთან, რომელსაც მისი ქალიშვილი ჰყავდა ცოლად. შეშონქ I-მა სოლომონს თავისი ლაშქრობისას დაპყრობილი ქალაქი გეზერიც კი აჩუქა. სოლომონის ეგვიპტელ ცოლს ისრაელის სამეფო კარზე ყველაზე მნიშვნელოვანი ადგილი ეჭირა და მისთვის მეფემ მშვენიერი სასახლე ააშენა.
ბიბლიური საბას (შებას) დედოფალი სოლომონ მეფის წინაშე (ედვარდ პოინტერის ნახატი, 1890 წ.)
შეშონქ I-ს ისრაელთან დაახლოება სურდა ეგვიპტის ძლიერების განსამტკიცებლად. ფარაონი ცდილობდა როგორმე ისრაელის სამეფო დაეშალა და თავისი სიძის ზურგსუკან გამუდმებით იღწვოდა ამისთვის. ეგვიპტეს პალესტინაში გავლენის დაბრუნება სურდა, როგორც რამზეს II-ის მეფობის პერიოდში. შეშონქ I ეგვიპტეში სოლომონის მტრებს კრებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა მოქმედების დასაწყებად. სოლომონის მტერთაგან გამოირჩეოდა იერობოამი, რომელიც მეფის ბრძანებით გაეძევებინათ ისრაელიდან. როდესაც სოლომონი გარდაიცვალა, შეშონქი მიხვდა, რომ მოქმედების დრო იყო. მან იერობოამი გააგზავნა ისრაელში და სოლომონის ვაჟს, რობოამს დაუპირისპირა. ხალხი ორად გაიყო, 10 ტომი იერობოამს მიემხრო და ისრაელის სამეფო დაარსეს, 2 ტომი კი რობოამისკენ დარჩა და იუდეის სამეფო შექმნეს. შეშონქ I დიდი არმიით დაიძრა იუდეისკენ და რობოამს თავს დაესხა. მან გაანადგურა ქალაქები: ბეთ-ხორონი, გაბაონი, შარუჰენი, ბეთ-ანოთი, არადი, აიალონი, ირასუ. შეშონქ I-მა იერობოამ I-ის სამფლობელოებიც არ დაინდო და ისრაელის ქალაქებიც გაანადგურა. აიღო მეგიდო, რეხები, ტაანაჰი, სუნემი, ბეთ-შანი. ფარაონმა იორდანიის გადაღმაც ილაშქრა და მახანაიმი აიღო. პალესტინიდან ეგვიპტის ჯარი მხოლოდ მაშინ გავიდა, როცა რობოამმა დიდი ხარკი გადაუხადა შეშონქ I-ს. ბიბლიის მიხედვით ეგვიპტელებმა იერუსალიმშიც ილაშქრეს და ქალაქი ნაწილობრივ გაანდგურეს.
ეგვიპტელი ვაჭრები ნუბიაში
პალესტინაში დიდებული ლაშქრობის აღსანიშნავად, ფარაონმა შეშონქ I-მა კარნაკის ტაძრის სამხრეთ კედელზე წარწერები გააკეთებინა იუდეის განადგურების და იქიდან დიდი სიმდიდრით დაბრუნების შესახებ. ომის შემდეგ, შეშონქ I სამშენებლო საქმიანობას შეუდგა. მან აღადგინა და დაამშვენა ეგვიპტური ტაძრები.
არსებობს ეგვიპტური ისტორიული წყაროები იმის შესახებ, თითქოს შეშონქ I-მა ნუბიაშიც ილაშქრა, თუმცა ეს დამტკიცებული არ არის.
შეშონქ I ეგვიპტეს 21 წელიწადი მართავდა. პალესტინაში ლაშქრობის შემდეგ მან მხოლოდ ერთი წელი იცოცხლა და ძვ.წ 924 წელს გარდაიცვალა. ფარაონი ტანისში დაკრძალეს.
ტაჰარქა (დაახლ. ძვ.წ 690-663) XXV (ეთიოპიური, ან ნუბიური) დინასტიის ფარაონი იყო. ბიბლიის IV მეფეთა წიგნის მიხედვით, ტაჰარქა ჩაერია იუდეის მეფე ხიზკიას ომში ასურეთის მეფე სინაქერიბთან. ბიბლიაში ის მოხსენიებულია, როგორც ეთიოპიის მეფე, რადგან იმ პერიოდში ის მხოლოდ მემკვიდრე პრინცი იყო. ტაჰარქა ფარაონობას სავარაუდოდ სახელმწიფო გადატრიალების გზით მიაღწია, შემდეგ საკუთარი დედა ეგვიპტის უმაღლეს ქურუმად დანიშნა. თავისი გამეფების დაკანონება ეთიოპიელმა პრინცმა პოლიტიკური ქორწინებით გადაწყვიტა და ცოლად წინა ფარაონის, შაბატაკის ქვრივი შეირთო, ხოლო მისი ვაჟი ტანიატამონი ტახტის მემკვიდრედ გამოაცხადა.
უკან მარცხნივ - შერდანი მეომარი, მარჯვნივ - ფილისტიმელი, წინ ნუბიელი მშვილდოსანი (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
წინ - ასურელი მეომარი, უკან - ასურელი მშვილდოსანი კლავს ელამელ მშვილდოსანს
(ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ტაჰარქას აქტიურ საგარეო პოლიტიკა ჰქონდა. მან ილაშქრა ნუბიაში და დაიპყრო რამდენიმე ნუბიური ტომი. ასურეთის მხრიდან საფრთხის აღსაკვეთად ფარაონმა ტიროსის მეფე ბაალთან შეკრა კავშირი. მათ მიემხროთ კვიპროსი და ფინიკიაც. აშკელონში ტაჰარქამ ძლიერი სიმაგრეები ააგო და ქალაქში გარნიზონი ჩააყენა. ამან გამოიწვია ასურეთის მეფის ასსარგადონის ლაშქრობა, რომელმაც დაშალა მის წინააღმდეგ შეკრებილი კოალიცია და შეიჭრა ეგვიპტეში. მემფისი მტერს დანებდა, ნილოსის დელტა ასურეთის ჯარებით აივსო, ხოლო ქალაქებმა ასურული სახელები მიიღეს. ტაჰარქა ნაპატაში გაიქცა. მის მაგივრად ეგვიპტეში ასურელებმა დოდეკარხია დაადგინეს, ანუ ადგილობრივი მმართველების ძალაუფლება. ერთ-ერთი მათ შორის იყო ნეხო, რომელმაც მოგვიანებით დაარსა ეგვიპტის XXVI, საისის დინასტია და აღადგინა ეგვიპტის დამოუკიდებლობა.
ფარაონი ტაჰარქა უძღვება რელიგიურ პროცესიას
ასსარგადონის სიკვდილის შემდეგ ტაჰარქა ეგვიპტეში დაბრუნდა და ასურელები განდევნა. ძვ.წ 669 წელს მეფე აშურბანიფალის მეთაურობით ასურელებმა ეგვიპტე კვლავ დაიბრუნეს. ამჯერად ასურეთის ჯარებმა თებემდეც კი მიაღწიეს. ტაჰარქა სამუდამოდ განიდევნა ნაპატაში, სადაც ის სიკვდილამდე იმყოფებოდა.
ასურელი ცხენოსანი მშვილდოსანი არაბი აქლემზე ამხედრებული
მშვილდოსნის წინააღმდეგ (ანგუს მაკბრაიდი)
ნეხო II (უხემიბრა ნეხო II, ბიბლიაში ნეხაო) - ეგვიპტის ფარაონი (ძვ.წ 610-595) XXVI დინასტიიდან. ნეხო II-ის მმართველობის პერიოდი ეგვიპტის ისტორიაში უმნიშვნელოვანესი გამოდგა. მოკლე პერიოდის განმავლობაში ნეხო II-მ მოახერხა დროებით ეგვიპტისთვის ძლიერება დაებრუნებინა. ნეხო II მამამისის, პსამეტიხ I-ის პოლიტიკას აგრძელებდა, ავითარებდა შიდა ვაჭრობას, ხოლო საგარეო საქმეებში ბერძენ ვაჭრებს, ფინიკიელ მეზღვაურებს და დაქირავებულ მეომრებს ეყრდნობოდა. ნეხო II ცდილობდა ეგვიპტისთვის ადრე დაკარგული გავლენა დაებრუნებინა აზიაში, რადგან იქ უკვე სულს ღაფავდა ასურეთის ერთდროს უძლიერესი იმპერია და ეგვიპტეს შანსი ეძლეოდა აზიის ახალი ჰეგემონი გამხდარიყო.
ძვ.წ. 609 წელს ნეხო II თავისი არმიით ასურელი მოკავშირეების დასახმარებლად დაიძრა, რომლებიც მიდიელებს და ბაბილონელებს ებრძოდნენ ხარანში. ღაზამ და აშკელონმა (ასკალონმა) ეგვიპტელებს წინააღმდეგობა გაუწიეს, ამიტომ ფარაონმა ეს ქალაქები აიღო და სასტიკად დასაჯა. ქალაქ მეგიდოსთან ეგვიპტელებს გზა ბაბილონელებისა და მიდიელების მოკავშირე იუდეის მეფემ, იოშიამ გადაუჭრა თავისი ჯარით. ფარაონის მოთხოვნა, რომ იუდეველებს გაეტარებინათ ეგვიპტელთა სამხედრო შენაერთები არ შესრულდა. გაიმართა ბრძოლა, რომელშიც ეგვიპტელება გაიმარჯვეს, ხოლო იოშია ბრძოლაში სასიკვდილოდ დაიჭრა.
ნეხო II ასურეთის მეფეს, აშურ-უბალიტ II-ს შეუერთდა და ერთიანი არმიით ორმა მეფემ ხარანს შეუტია. ბაბილონელმა მცველებმა მოახერხეს მტრის მოგერიება და ქალაქი შეინარჩუნეს. ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი დიდი ჯარით მიადგა ხარანს და აიძულა ნეხო II უკან დაეხია. იმავე წელს საბოლოოდ განადგურდა ასურეთის იმპერია. ეგვიპტელება დაიკავეს სირია და იქ გარნიზონები ჩააყენეს. ნეხო II-მ შეიპყრო იუდეის მეფე იოახაზი და ტყვედ ეგვიპტეში წაიყვანა, ხოლო იერუსალიმში მეფედ მის მაგივრად იოაკიმი დასვა. ფარაონმა იუდეას დიდი ხარკი დაადო. ძვ.წ. 607 წელს ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი არმიით დაიძრა ეგვიპტის წინააღმდეგ. დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ კიმუხუსთან, სადაც ეგვიპტელებმა ძვ.წ 606 წელს მოახერხეს ბაბილონელთა სამხედრო სიმაგრეების განადგურება, თუმცა მათ მალე სიმაგრეთა სხვა ხაზი მოაწყვეს ქალაქ შუნადირთან, ელამში და დუხამუში.
ნეხო II (ძვ.წ. VII-V სს. კატაუის საოჯახო კოლექციიდან)
ნეხო II ასურეთის მეფეს, აშურ-უბალიტ II-ს შეუერთდა და ერთიანი არმიით ორმა მეფემ ხარანს შეუტია. ბაბილონელმა მცველებმა მოახერხეს მტრის მოგერიება და ქალაქი შეინარჩუნეს. ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი დიდი ჯარით მიადგა ხარანს და აიძულა ნეხო II უკან დაეხია. იმავე წელს საბოლოოდ განადგურდა ასურეთის იმპერია. ეგვიპტელება დაიკავეს სირია და იქ გარნიზონები ჩააყენეს. ნეხო II-მ შეიპყრო იუდეის მეფე იოახაზი და ტყვედ ეგვიპტეში წაიყვანა, ხოლო იერუსალიმში მეფედ მის მაგივრად იოაკიმი დასვა. ფარაონმა იუდეას დიდი ხარკი დაადო. ძვ.წ. 607 წელს ბაბილონის მეფე ნაბოფალასარი არმიით დაიძრა ეგვიპტის წინააღმდეგ. დიდი ბრძოლები მიმდინარეობდა ქალაქ კიმუხუსთან, სადაც ეგვიპტელებმა ძვ.წ 606 წელს მოახერხეს ბაბილონელთა სამხედრო სიმაგრეების განადგურება, თუმცა მათ მალე სიმაგრეთა სხვა ხაზი მოაწყვეს ქალაქ შუნადირთან, ელამში და დუხამუში.
ბაბილონელი მეომრები და მეფე ნაბუქოდონოსორი (ანგუს მაკბრაიდი)
ძვ.წ. 605 წელს ბაბილონელებმა ნაბოფალასარის ვაჟის, ნაბუქოდონოსორის მეთაურობით ლაშქრობა დაიწყეს ეგვიპტის წინააღმდეგ. ნეხო II არ შეუშინდა მძლავრ მტერს და თავისი ჯარით მდინარე ევფრატისკენ დაიძრა. მის ჯარში ეგვიპტელების გარდა ლიბიელები, ლიდიელი მშვილდოსნები, ნუბიელები და ბერძენი დაქირავებულები იყვნენ. გადამწყვეტი ბრძოლა ქარხემიშთან მოხდა ძვ.წ 605 წელს. ბაბილონელები თავს დაესხნენ ეგვიპტელთა ბანაკს. ეგვიპტელებმა უკან დაიხიეს და მტერს საშუალება მისცეს ქალაქი ქარხემიში დაეკავებინა. ეგვიპტის არმიის ნარჩენებმა ხამათისკენ დაიხიეს. ბაბილონელებმა ხამათამდე სდიეს მათ და მთლიანად მოსპეს. სირიის, ფინიკიისა და პალესტინის პატარა სახელმწიფოები ბაბილონს დანებდნენ და წინააღმდეგობა არ გაუწევიათ. საბოლოოდ განადგურებისგან ნეხო II ბაბილონის მეფის, ნაბოფალასარის სიკვდილმა იხსნა, რადგან ნაბუქოდონოსორი ბაბილონში დაბრუნდა. ახლო აღმოსავლეთის ქალაქები გაოგნებულები იყვნენ ნეხო II-ის დამარცხებით. მათ არ სურდათ ლოიალური ეგვიპტური მმართველობა ბაბილონისთვის მძიმე ხარკის გადახდით შეცვლილიყო. პირველი ქალაქი, რომელმაც ბაბილონელებს წინააღმდეგობა გაუწია იყო აშკელონი. ძვ.წ 604 წელს აშკელონი დაეცა და ბაბილონელება ეს ქალაქი სასტიკად დასაჯეს. ეგვიპტე საფრთხის წინაშე აღმოჩნდა. ბიბლიაში წერია რომ ბაბილონმა ეგვიპტეს ყველა ტერიტორია წაართვა და ფარაონი თავისი სახელმწიფოს საზღვრებს აღარ გადასცილებია.
ბაბილონის მეფე და სკვითები (ანგუს მაკბრაიდის ნახატი)
ძვ.წ. 601 წელს ნაბუქოდონოსორმა სკვითებთან ერთად სცადა ეგვიპტეში შეჭრა, თუმცა სასტიკი ბრძოლების შემდეგ ფარაონმა ნეხო II-მ მოახერხა მტრის შეჩერება. ორივე მხარემ დიდი დანაკლისი განიცადა, ამიტომ ბრძოლები შეწყდა. მიუხედავად იმისა, რომ ეგვიპტელებს ხმელეთზე სამხედრო მოქმედებების დაწყება აღარ შეეძლოთ მათ ზღვაზე გაამახვილეს ყურადღება და გააძლიერეს სავაჭრო და სამხედრო ფლოტი. ჰეროდოტეს მიხედვით, ნეხო II-მ ფინიკიელი მეზღვაურები გაგზავნა აფრიკის გარშემოსავლელად და გამოსაკვლევად. ასევე ჰეროდოტეს ცნობით ნეხო II ნილოსის წითელ ზღვასთან დამაკავშირებელი არხის გათხრა დააწყებინა.
ნეხო II სიკვდილის შემდეგ ეგვიპტის სამეფო წელში ვეღარ გაიმართა და ჯერ ბაბილონელების, შემდეგ კი სხვა ხალხების მფლობელობაში აღმოჩნდა. ეს გარკვეულწილად იმის ბრალიც იყო, რომ ეგვიპტელებს აღარ ჰყოლიათ ისეთი მამაცი, ჭკვიანი და ქარიზმატული ლიდერი, როგორიც ნეხო II იყო.
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია
ნიკა ხოფერია
ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია