ძველ რომში, მხედართმთავრისთვის, უდიდეს პატივად ითვლებოდა, როდესაც ორთაბრძოლაში, მოწინააღმდეგის მეთაურს დაამარცხებდა და მის საჭურველს იუპიტერის ტაძარს შესწირავდა. ამ გამარჯვების ნიშანს, ანუ ტროფეის spolia opima ეწოდება.
Spolia opima-ს კლასიკური ფილოლოგი ვიქტორია ჯუღელი „უდიდებულეს ნადავლად“ თარგმნის (1), რადგან სვეტონიუსი მას აღმატებით ხარისხში მოიხსენიებს. შეგვიძლია იგი „დიდებულ ნადავლად“ ვთარგმნოთ. ვერა დემენტევა წერს, რომ ტერმინი spolium, თავდაპირველად „ჩამოხსნილ ტყავს“, „გატყავებას“ ნიშნავდა და იგი გამოიყენებოდა დამარცხებული მოწინააღმდეგის ტანსაცმლის ან საჭურვლის აყრისას. შემდგომში კი, ზოგადად, ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის აღსაღნიშნად იხმარებოდა.(2) რაც შეეხება opima-ს, პლუტარქოსი წერს: „ვარონი ამბობს, მტრისათვის წართმეულ საჭურველს „ოპიმია“ შეარქვეს, რადგანაც ნადავლ სიმდიდრეს რომაელები opus სიტყვით გამოხატავენო.“ [Plut. Romulus, 16.](3) მე, ორიგინალი დასახელების გამოყენებას ვემხრობი, რადგან spolia opima ყველაზე ნათლად გამოხატავს თავისსავე მნიშვნელობას და დაზღვეულები ვართ სხვადასხვა გაურკვევლობების წარმოქმნისგან, დიდებული ნადავლი სხვა მრავალი რამის აღსაღნიშნად შეიძლება გამოიყენებოდეს.
Spolia opima-ს კლასიკური ფილოლოგი ვიქტორია ჯუღელი „უდიდებულეს ნადავლად“ თარგმნის (1), რადგან სვეტონიუსი მას აღმატებით ხარისხში მოიხსენიებს. შეგვიძლია იგი „დიდებულ ნადავლად“ ვთარგმნოთ. ვერა დემენტევა წერს, რომ ტერმინი spolium, თავდაპირველად „ჩამოხსნილ ტყავს“, „გატყავებას“ ნიშნავდა და იგი გამოიყენებოდა დამარცხებული მოწინააღმდეგის ტანსაცმლის ან საჭურვლის აყრისას. შემდგომში კი, ზოგადად, ბრძოლაში მოპოვებული ნადავლის აღსაღნიშნად იხმარებოდა.(2) რაც შეეხება opima-ს, პლუტარქოსი წერს: „ვარონი ამბობს, მტრისათვის წართმეულ საჭურველს „ოპიმია“ შეარქვეს, რადგანაც ნადავლ სიმდიდრეს რომაელები opus სიტყვით გამოხატავენო.“ [Plut. Romulus, 16.](3) მე, ორიგინალი დასახელების გამოყენებას ვემხრობი, რადგან spolia opima ყველაზე ნათლად გამოხატავს თავისსავე მნიშვნელობას და დაზღვეულები ვართ სხვადასხვა გაურკვევლობების წარმოქმნისგან, დიდებული ნადავლი სხვა მრავალი რამის აღსაღნიშნად შეიძლება გამოიყენებოდეს.
რომულუსი და რემუსი. ავტორი კარლო ბროგი, XIX ს. იტალიური მედალიონი. |
Spolia opima-ს შეწირვის პატივი, რომის ისტორიაში მხოლოდ სამ პიროვნებას ერგო. როგორც სხვა მრავალი ტრადიციისა და ჩვეულების დამკვიდრება რომში, spolia opima-ც, რომის დამაარსებელს და პირველ მეფეს, ლეგენდარულ პიროვნება რომულუსს უკავშირდება. პლუტარქოსი მოგვითხრობს, რომ კენიტების(4) მეფე აკრონი ეჭვით უყურებდა რომულუსს და მის ახლად დაარსებულ ქალაქს, ხოლო მას შემდეგ რაც რომაელებმა საბინებს ქალები მოსტაცეს, კენიტების მეფემ რომულუსი ყველაზე საშიშ კაცად ჩათვალა და მასთან საომრად წავიდა. თავის მხრივ, რომულუსმაც დაძრა ჯარი. მხედართმთავრებმა ჯარებს უბრძანეს ადგილზე დარჩენილიყვნენ და ერთმანეთი ორთაბრძოლაში გამოიწვიეს. რომულუსმა იუპიტერს შეჰფიცა, რომ თუ იგი დაამარცხებდა აკრონს, მას დამარცხებული მეფის საჭურველს შესწირავდა. [Plut. Romulus, 16.] ორთაბრძოლის დეტალებზე პლუტარქოსი და ტიტუს ლივიუსი არაფერს წერენ, მხოლოდ იმას ვგებულობთ, რომ რომულუსმა აკრონი დაამარცხა. სამაგიეროდ, ლივიუსი აღწერს, თუ როგორ შეწირა რომის პირველმა მეფემ აკრონის საჭურველი იუპიტერს. მისი ცნობით, გამარჯვებულმა რომულუსმა, მანეკენზე ასხმული აბჯარი, კაპიტოლიუმზე, მწყემსებისათვის წმინდა მუხასთან აიტანა, სადაც იუპიტერის ტაძრისთვის ადგილი განსაზღვრა. [Liv. I, 10, (5).](5) ამის შემდეგ რომულუსი სიტყვას ამბობს იუპიტერის მიმართ, რომელსაც ლივიუსი საკმაოდ ხატოვნად გადმოგვცემს: „იუპიტერ ფერეტრიელო (6) - თქვა მან - მე, რომულუსი, გამარჯვების მომტანი მეფე, გიბოძებ სამეფო საჭურველს და გიძღვნი ტაძარს იმ ფარგლებში, რომელიც ახლახანს გონებით მოვნიშნე; დაე გახდეს ეს ადგილი დიდებული ნადავლის საცავი, რომლებსაც ჩემს შემდეგ, შთამომავლები მოიტანენ, როდესაც მოწინააღმდეგის მეფეებს და წინამძღოლებს დაამარცხებენ.“ [Liv. I, 10, (6).] ასეთია ლეგენდა, რომელიც spolia opima-ს და იუპიტერის ტაძრის საფუძვლის ჩაყრას უკავშირდება.
აულუს კორნელიუს კოსუსის მიერ Spolia Opima-ს მოპოვება (XIX ს. გრავიურა) |
მომდევნო პირი, რომელსაც მსგავსი პატივი ხვდა წილად, არის ავლუს კორნელიუს კოსუსი, რომელიც ძვ.წ. V საუკუნის მეორე ნახევარში მოღვაწეობდა. ეს პერიოდიც ბუნდოვანებითაა მოცული და არსებული წყაროების მიუხედავად, კრიტიკულად შეხედვას მოითხოვს. ტიტუს ლივიუსის ცნობით, ძვ.წ. 437 წელს სამხედრო ტრიბუნმა კორნელიუს კოსუსმა, ქალაქ ვეის(7) მეფე ლარს ტოლუმნიუსი დაამარცხა. ლივიუსი, კოსუსის მოქმედებას, საკმაოდ დეტალურად აღწერს და ეს მონაკვეთი, სამხედრო ტრიბუნის მაღალ ინდივიდუალურ ოსტატობას უსვამს ხაზს: „ცხენისთვის დეზების კვრით, შუბს უმიზნებს ერთადერთ მოწინააღმდეგეს, აგდებს მას ცხენიდან და შუბზე დაყრდნობით თვითონაც ქვეითდება, ფარის დარტყმით ის [კოსუსი] ზურგზე ანარცხებს მეფეს, რომელსაც წამოდგომა ეწადა. ერთმანეთზე მიყოლებული დარტყმებით, ალურსმნებს მას [ტოლუმნიუსს] მიწაზე.“ [Liv. IV, 19, (4-5).] გასათვალისწინებელია ის ფაქტი, რომ ავლუს კორნელიუს კოსუსი ძვ.წ. 437 წელს სამხედრო ტრიბუნია, ხოლო spolia opima-ს შეწირვა, მხოლოდ უმაღლეს მხედართმთავრებს უნდა შეძლებოდათ. ამის შესახებ უფრო დაწვრილებით, ქვემოთ ვისაუბრებ.
მარკუს კლავდიუს მარცელუსი წირავს Spolia Opima-ს იუპიტერ ფერეტრიელის ტაძარს. გამოსახულება ძვ.წ. I ს. მონეტაზე. |
მესამედ ეს პატივი, ხუთგზის კონსულს, „რომის მახვილად“ წოდებულ მარკუს კლავდიუს მარცელუსს ხვდა წილად. თუ spolia opima-ს წინა ორ მფლობელს ლეგენდარული ელფერი დაჰკრავს, მარკუს კლავდიუს მარცელუსზე თამამად შეგვიძლია საუბარი. ძვ.წ. 222 წელს მარცელუსმა გამარჯვება მოიპოვა ინსუბრების(8) მეფე ბრიტომარტუსზე. მარცელუსის დიდების შესახებ, ცნობებს გვაწვდიან პლუტარქოსი, ტიტუს ლივიუსი და სექსტუს იულიუს ფრონტინუსი. ლივიუსის XX წიგნმა, რომელშიც მარცელუსის გამარჯვებაზეა საუბარი, სამწუხაროდ ჩვენამდე ვერ მოაღწია, თუმცა ლივიუსის პერიოქეში აღნიშნულია, რომ: „კონსულმა მარკუს კლავდიუს მარცელუსმა მოკლა ინსუბრების წინამძღოლი ბრიტომარტუსი და დაბრუნდა დიდებული ნადავლით.“ [Liv. perioch. 20.] პლუტარქოსი თავის პარალელურ ბიოგრაფიებში, მარცელუსს უდიდეს მეომრად მოიხსენიებს, რომელიც დახელოვნებულია ბრძოლის ყველა ასპექტში, განსაკუთრებით კი ორთაბრძოლებში. „არ არსებობდა შემთხვევა, რომ მას გამოწვევა არ მიეღო და მისი გამომწვევი ორთაბრძოლიდან ცოცხალი გამოსულიყო“ [Plut. Marcellus, 2.](9) ძვ.წ. 222 წელს კონსული მარკუს კლავდიუს მარცელუსი ინსუბრების წინააღმდეგ იბრძოდა. ინსუბრებიც და რომის სენატიც დაზავების მომხრე იყო, მხოლოდ მარცელუსს სურდა ომის გაგრძელება და სენატსაც არწმუნებდა ამაში. მარცელუსმა თავის კოლეგას, გნეუს კორნელიუს სციპიონ კალვუსს მთელი მძიმე ქვეითთა დანაყოფი დაუტოვა და მხოლოდ 600 მსუბუქი ქვეითითა და მცირე კავალერიით ბრიტომარტუსს აედევნა. ბრიტომარტუსი რიცხობრივ უპირატესობას ფლობდა, ჩაუსაფრდა და ადვილად შემოალყა მარცელუსი, იცნო რა სამხედრო ინსიგნიებით, ინსუბრთა მეფე მარცელუსთან საბრძოლველად გაემართა. [Plut. Marcellus. 6-7.] სექსტუს იულიუს ფრონტინუსი შესანიშნავად გადმოგვცემს მარცელუსის შეუპოვრობას და სიმამაცეს: „კლავდიუს მარცელუსმა, რომელიც მოულოდნელად გალების არმიას გადააწყდა, ცხენით წრეზე დაიწყო მოძრაობა რათა, დაეზვერა შემოგარენი და გასაქცევი გზა ეპოვა. როდესაც ნახა, რომ საფრთხე ყოველი მხრიდან მოელოდათ, ღმერთებს შეევედრა და მტრის სიღრმეში შეიჭრა. მისმა თავზეხელაღებულმა სიმამაცემ გალებე ისეთი თავზარი დასცა და დააბნია, რომ მარცელუსმა შეძლო მათი მეთაურის [ბრიტომარტუსის] მოკვლა, და იქ, სადაც გადარჩენის მცირე იმედი არსებობდა, დიდი ნადავლი მოიპოვა.“ [Front. IV, V, 4.](10)
ოქტავიუს ავგუსტუსი. რომაული ბიუსტი, I ს. |
მარცელუსი იყო მესამე და უკანასკნელი პიროვნება, რომელმაც იუპიტერის ტაძარს spolia opima შეწირა. ტროფეის ისტორია, მარცელუსით არ მთავრდება. საქმე ის გახლავთ, რომ ძვ.წ. 29 წელს, პირველი ტრიუმვირატის წევრ, მარკუს კრასუსის შვილიშვილს მარკუს ლიცინიუს კრასუს დივესს, რომელსაც უმცროსის სახელითაც მოიხსენიებენ, მაკედონიაში პროკონსულის თანამდებობა ეკავა. კრასუს უმცროსის კარიერას თუ გადავავლებთ თვალს, ოქტავიუსთან არ უნდა ჰქონოდა დამთბარი ურთიერთობა, როგორც დიონ კასიუსი აღნიშნავს, იგი ჯერ სექსტუს პომპეუსის მხარეს იბრძოდა, ხოლო შემდეგ კი - მარკუს ანტონიუსის [Dio Cass. LI, 4, (3).](11) ძვ.წ. 30 წელს კრასუსი და ოქტავიუსი კონსულებად აირჩიეს, ერთი წლის შემდეგ კი კრასუსმა მაკედონია ჩაიბარა პროკონსულის თანამდებობით. ამ პერიოდში რომი დაკიელებსა და ბასტარნებს ებრძოდა. ბასტარნებმა, მეფე დელდოს მეთაურობით დაიკავეს მეზიის გარკვეული ნაწილი, თუმცა რომის ყურადღება მაშინ მიიპყრეს, როდესაც თრაკიის იმ ნაწილში შეიჭრნენ, სადაც რომის მოკავშირე, თრაკიული ტომი დენტელეტები ბინადრობდნენ. კრასუსმა უბრძოლველად დაახევინა უკან ბასტარნებს(12) და დაედევნა მათ. კრასუსმა ბასტარნების გამოჭერა მეზიაში შეძლო. დიონ კასიუსი წერს: „კრასუსმა საკუთარი ხელით მოკლა მათი მეფე დელდო და მას შეეძლო მოკლულისგან აყრილი აბჯარი, შეეწირა იუპიტერ ფერეტრიელისთვის, როგორც დიდებული ნადავლი, თუ იგი იქნებოდა უმაღლესი მხედართმთავარი.“ [Dio Cass. LI, 24, (4).]
ტრიუმვირი მარკუს ლიცინიუს კრასუსი, მარკუს ლიცინიუს კრასუს დივესის ბაბუა. რომაული ბიუსტი. ძვ.წ. I ს. |
ძვ.წ. 437 წელს სამხედრო ტრიბუნმა ავლუს კორნელიუს კოსუსმა შეძლო შეეწირა ლარს ტოლუმნიუსის საჭურველი იუპიტერის ტაძრისთვის, ხოლო პროკონსულ კრასუს დივესს, რომელსაც უფრო მაღალი თანამდებობა ეკავა, არ რთავენ ამის ნებას. მიზეზები ტიტუს ლივიუსთან შეგვიძლია ვეძებოთ. ლივიუსი, კოსუსის ორთაბრძოლის შემდეგ, წერს რომ იუნონას ტაძარში არსებულ ძველ ანალებსა და წიგნებში, კორნელიუს კოსუსი, კონსულად, მხოლოდ ათი წლის შემდეგ იხსენიება, ტოლუმნიუსთან გამართული ორთაბრძოლიდან. [Liv. IV, 20, (8).] გამოდის, რომ კოსუსი რომის არმიის უმაღლესი მხედართმთავარი ძვ.წ. 428 წელს იყო, ამ პერიოდმა კი ლივიუსის მტკიცებით ომის გარეშე ჩაიარა. [Liv. IV, 20, (9). ტიტუს ლივიუსი, კოსუსის spolia opima-ს დამსახურების სასარგებლოდ წერს, რომ ოქტავიუსმა, რომელმაც იუპიტერის ტაძარი აღადგინა, საკუთარი თვალით ნახა კოსუსის შეწირულ საჭურველზე წარწერა, სადაც ეს უკანასკნელი კონსულად არის მოხსენიებული. [Liv. IV, 20, (6-7).]
შესაძლოა, რომ კრასუს დივესს ოქტავიუსმა არ მისცა უფლება შეეწირა spolia opima, რადგან იგი არ იყო უმაღლესი მხედართმთავარი, კრასუსმა კი საკუთარი პოზიცია კოსუსის არგუმენტით გაიმყარა. დიონ კასიუსი არ ახსენებს, იმ ფაქტს, რომ კოსუსსა და ოქტავიუსს შორის, ამ საკითხზე დავა გაიმართა. თუმცა, ადრიან გოლდსვორთის აზრით, ნაკლებად სავარაუდოა, რომ ოქტავიუსს ასეთი ღრმა ინტერესი გამოეჩინა ძველი რომაული ტრადიციის მიმართ, თუ ამას, კრასუს დივესის შემთხვევასთან არ ექნებოდა კავშირი.(13) როგორც ჩანს, ოქტავიუსის ინტერესებს ეწინააღმდეგებოდა კრასუსის ასეთი წარმატება. მიუხედავად ოქტავიუსის უდიდესი ძალაუფლებისა, ძვ.წ. 29 წელს იგი ჯერ არ არის ავგუსტუსი და რომი ჯერ კიდევ რესპუბლიკური წყობისაა. კრასუსი დელდოს საჭურველის იუპიტერის ტაძრისთვის შეწირვით, ხალხში, უდიდეს პოპულარობას მოიპოვებდა.
ოქტავიუსს ნამდვილად არ სჭირდებოდა ისეთი კონკურენტი, რომელსაც ზურგს, ერთ-ერთ უდიდეს არისტოკრატიულ გვართან ერთად, spolia opima გაუმაგრებდა. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ ოქტავიუსსა და კრასუსს შორის არ იყო მეგობრული ურთიერთობა, ამ უკანასკნელის წარსული წლების კარიერის გამო. აქედან გამომდინარე, ცნობა ოქტავიუსის მიერ ავლუს კორნელიუს კოსუსის spolia opima-ზე წაკითხულ წარწერაზე, სადაც იგი კონსულად არის მოხსენიებული და რომელიც, ლივიუსს მხოლოდ კეისრისგან აქვს მოსმენილი, დიდ ნდობას არ იმსახურებს.
კაპიტოლიუმის ტრიადა - მინერვა, იუპიტერი, იუნონა |
ოქტავიუსს ნამდვილად არ სჭირდებოდა ისეთი კონკურენტი, რომელსაც ზურგს, ერთ-ერთ უდიდეს არისტოკრატიულ გვართან ერთად, spolia opima გაუმაგრებდა. ამასთან ერთად, ჩვენ ვიცით, რომ ოქტავიუსსა და კრასუსს შორის არ იყო მეგობრული ურთიერთობა, ამ უკანასკნელის წარსული წლების კარიერის გამო. აქედან გამომდინარე, ცნობა ოქტავიუსის მიერ ავლუს კორნელიუს კოსუსის spolia opima-ზე წაკითხულ წარწერაზე, სადაც იგი კონსულად არის მოხსენიებული და რომელიც, ლივიუსს მხოლოდ კეისრისგან აქვს მოსმენილი, დიდ ნდობას არ იმსახურებს.
საბოლოოდ, შეიძლება ითქვას, რომ ძვ.წ. I საუკუნის მეორე ნახევარში მომხდარი მოვლენები, კიდევ უფრო მეტად უსვამს ხაზს spolia opima-ს მნიშვნელობას და უფრო ნათლად ჩანს, რომ მას მხოლოდ სიმბოლური დატვირთვა არ ჰქონია. მარკუს ლიცინიუს კრასუს დივესის სამხედრო დიდებას, ოქტავიუსი აღუდგა წინ, რადგან რომაელ ხალხს უყვარდა ომი, ომის გმირებს კი აღმერთებდა მოსახლეობა.
სქოლიოები
1.გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსი, კეისრები, (თბილისი, 2011), გვ. 229. ლათინურიდან თარგმნა ვიქტორია ჯუღელმა.
2.Дементьева В.В. "Spolia opima Корнелия Косса: проблемы интерпретации античной традиции " Вестник Ярославского государственного университета, №4 (Ярославль, 2007), стр.5.
3. ციტატა აღებულია შემდეგი გამოცემიდან: პლუტარქოსი, რჩეული ბიოგრაფიები, წიგნი I, (თბილისი, 2013) აკაკი ურუშაძის თარგმანი.
4. ქალაქ კენინას მოსახლეობა. კენინა უნდა ყოფილიყო საბინური ქალაქი ძველ ლაციუმში. ზუსტი ადგილმდებარეობა უცნობია.
5. ამ და შემდგომი ცნობებისთვის ტიტუს ლივიუსიდან, გამოყენებულია შემდეგი გამოცემა: Тит Ливий, История Рима от основания Города, Том 1-3, (Москва, 1989).
6. ფერეტრიელი იუპიტერის ეპითეტია, რომელიც სავარაუდოდ ბერძნული ზმნიდან φέρω (მომაქვს) -დან მოდის. ლეგენდის მიხედვით, რომულუსს აკრონზე გამარჯვება სწორედ იუპიტერმა მოუტანა.
7. უახლოესი ეტრუსკული ქალაქი რომის ჩრდილო-დასავლეთით. იარსება ძვ.წ. 396 წლამდე, სანამ რომაელებმა მარკუს ფურიუს კამილუსის მეთაურობით არ აიღეს იგი.
8. ძველი კელტური ტომი ციზალპიურ გალიაში, ბინადრობდნენ მდინარე პოს დაბლობებზე. მათი მთავარი ქალაქი იყო მედიოლანუმი (თანამედროვე მილანი). მეორე პუნიკური ომის შემდეგ, ინსუბრების დამორჩილება შეძლო ლუციუს ვალერიუს ფლაკუსმა.
9. პლუტარქოსიდან მარცელუსის შესახებ ცნობებისთვის გამოყენებულია შემდეგი გამოცემა: Плутарх, Сравнительные Жизнеописания, Том 1, (Москва, 1994).
10. ციტატა აღებულია შემდეგი გამოცემიდან: სექსტუს იულიუს ფრონტინუსი, სტრატაგემები, (თბილისი, 2017) ნიკა ხოფერიას და ლევან ტავლალაშვილის თარგმანი.
11. დიონ კასიუსის დასამოწმებლად გამოყენებულია შემდეგი გამოცემა: Кассий Дион Коккейан, Римска История, Кн. LI-LXIII, (Санкт-Петербург, 2014).
12. აღმოსავლურ გერმანული ტომი. დიონ კასიუსი მათ აღიქვამს სკვითების მონათესავე ხალხად [Dio Cass. LI, 23, (3).].
13. Adrian Goldsworthy, Augustus: The First Emperor of Rome, (New Haven, 2014), p. 228.
გამოყენებული ლიტერატურა
1. გაიუს სვეტონიუს ტრანკვილიუსი, კეისრები, (თბილისი, 2011)
2. პლუტარქოსი, რჩეული ბიოგრაფიები, წიგნი I, (თბილისი, 2013)
3. სექსტუს იულიუს ფრონტინუსი, სტრატაგემები, (თბილისი, 2017)
4. Кассий Дион Коккейан, Римска История, Кн. LI-LXIII, (Санкт-Петербург, 2014)
5. Плутарх, Сравнительные Жизнеописания, Том 1, (Москва, 1994)
6. Тит Ливий, История Рима от основания Города, Том 1-3, (Москва, 1989)
7. Goldsworthy Adrian, Augustus: The First Emperor of Rome, (New Haven, 2014)
8. Дементьева В.В. "Spolia opima Корнелия Косса: проблемы интерпретации античной традиции " Вестник Ярославского государственного университета, №4 (Ярославль, 2007)
ლევან ტავლალაშვილი