VI საუკუნეში ახლო აღმოსავლეთში ძალაუფლებისთვის ერთმანეთს ორი უდიდესი იმპერია – ბიზანტია და სასანური ირანი ეცილებოდა. სამხედრო დაპირისპირების არეალი მოიცავდა კავკასიას და ადგილობრივ ქართულ სახელმწიფოებსაც. აქ არსებული სამეფოები ძირითადად ვასალურ დამოკიდებულებაში იყვნენ ან ერთ, ან მეორე იმპერიასთან, იმის მიხედვით, ვინ იყო უფრო ძლიერი მოცემულ პერიოდში. ეს სიტუაცია ჯერ კიდევ ძვ.წ. I საუკუნეში შეიქმნა და ფაქტობრივად VII საუკუნის ისლამურ ექსპანსიამდე გასტანა. III საუკუნიდან, როდესაც ირანში სასანიანთა დინასტია გამეფდა, რომთან ბრძოლამ ახალ საფეხურზე გადაინაცვლა. ირანელები უკვე მეტ წარმატებას აღწევდნენ, რასაც ხელს უწყობდა რომის იმპერიის დასუსტება და ორად გაყოფა, ხალხთა მიგრაციები აზიის სტეპებიდან და ჩრდილოეთ ევროპიდან. V საუკუნეში ჰუნებისა და გოთებისგან შევიწროებული აღმოსავლეთ რომის იმპერია და ჰეფთალიტებთან მუდმივ ომებში ჩართული ირანი ერთმანეთთან ფართო დაპირისპირებას თავს არიდებდნენ, თუმცა VI საუკუნის პირველ ნახევარში მათი კონფლიქტის ნიშნები გამოიკვეთა და მალე სრულმასშტაბიან ომში გადაიზარდა.
აღმოსავლეთ რომის იმპერიის (ბიზანტიის) სათავეში იუსტინე I-სა (518-527) და მისი ენერგიული დისწულის იუსტინიანეს (527-565) მოსვლის შემდეგ, რომელიც ქვეყანას ფაქტობრივად ბიძის მმართველობის დროსაც განაგებდა, იმპერიის პოლიტიკა შეიცვალა და უფრო აგრესიული და შემტევი გახდა. „იუსტინიანეს მრავალ ომთაგან ნაწილი შეტევითი იყო, ნაწილი - დაცვითი. პირველი მიმართული იყო ბარბაროსთა სახელმწიფოების წინააღმდეგ დასავლეთ ევროპაში; მეორე კი ირანელებისკენ აღმოსავლეთში და ჩრდილოეთით სლავებისკენ [Vasiliev 1952, 133]. წარმატებული ომების შემდეგ ჩრდილოეთ აფრიკასა და იტალიაში, შესაძლოა ასევე წარმატებული ყოფილიყო სხვა ფრონტებზე გამართული ომები, მაგრამ ბუბონური ჭირის (უწოდებენ იუსტინიანეს ჭირს) ეპიდემიამ ხელი შეუშალა და მნიშვნელოვნად დააზარალა აღმოსავლეთ რომის სახელმწიფო, მისი ჯარი და ფლოტი [Luttwak 2009, 13]. იუსტინე ძირითადად მაინც მეგობრული ურთიერთობის შენარჩუნებას ცდილობდა ირანთან, თუმცა მან ბიზანტიური გავლენის ქვეშ მოაქცია ირანის მეზობელი სამეფოები, იბერია და ლაზიკა მათთან კავშირის დამყარების გზით [Gregory 2005, 121]. იუსტინეს იმპერატორობის ბოლო წლებში, ირანთან ომი მაინც განახლდა და განხეთქილების მიზეზად სწორედ ადგილობრივი ქრისტიანული სამეფოები იქცა. ირანის შაჰის კავადის შესაძლებლობები ამ დროისთვის შეზღუდული იყო. როცა ლაზიკის ახალმა მეფემ წათემ აირჩია კონსტანტინოპოლში ნათლობა და ბიზანტიელი ქალიც შეირთო ცოლად, კავადიც ამოქმედდა ბიზანტიელთა წინააღმდეგ და მათი მოკავშირე-ფედერატი საბირების ბელადის, ზილგიბის აჯანყების პროვოცირება დაიწყო [Evans 2000, 114-115]. ამის შემდეგ მსგავსი ფაქტები მოხშირდა, სანამ საკმაოდ მალევე, დიდ ომში არ გადაიზარდა. იუსტინეს შემდგომ გაიმპერატორებულმა იუსტინიანემ (თუმცა, იუსტინეს იმპერატორობის ბოლო წლებშიც, იმპერიას რეალურად იუსტინიანე განაგებდა) კავკასიაში დომინირებისათვის ირანთან ორი დიდი ომი გადაიტანა – იბერიისა 526-532 და ლაზიკის (ეგრისის) 541-562 წლებში. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოში მიმდინარეობდა.
კავკასია VI ს. შუა ხანებში. ნ. ხოფერიას რუკა |
532 წლის გაზაფხულზე [Bury 2011, 88], ბიზანტიის იმპერიასა და სასანიანებს შორის დადებული „საუკუნო ზავის“ შემდეგ, სასანიანთა პოზიციები ლაზიკაში დროებით შესუსტდა და ბიზანტიელებმა მოახერხეს აქ ფეხის მკვიდრად მოკიდება. იმპერატორი 532 წელს დაუზავდა „დიდ მეფეს“, რამაც საშუალება მისცა თავისუფლად გამოეყენებინა თავისი ლაშქარი [დილი 1998, 23]. ამ ზავით, რომელსაც „საუკუნო ზავი“ ეწოდა, ირანი ცნობდა ბიზანტიის გავლენას ლაზიკაში. დროებით, ირანთან ურთიერთობის მოგვარების შემდეგ, იუსტინიანემ ექსპანსიური პოლიტიკა დასავლეთისაკენ მიმართა, სადაც ოსტგოთებსა და ვანდალებს დაუპირისპირდა იტალიისა და ჩრდილოეთ აფრიკისათვის. ამავე დროს, ბიზანტია უხდიდა ირანს 11 ათას ფუნტ ოქროს [Bury 2011, 88], რომელიც პირობითად წარმოადგენდა კონტრიბუციას ირანელთაგან კავკასიის უღელტეხილების ჩრდილოეთ კავკასიიდან მომდინარე მომთაბარეთა შემოსევებისაგან დაცვისათვის. ასეთი შეთანხმებები ორ იმპერიას შორის არსებობდა მანამდე, კერძოდ, 363, 422 და 442 წლებში, როდესაც ისინი კასპიის კარის (დარუბანდის) ერთობლივ დაცვაზე შეთანხმდნენ [Rosser 2001, 70].
იუსტინიანემ ირანთან მშვიდობიანობის პერიოდში, იმპერიის აღმოსავლეთის პროვინციებში თავისი ეკონომიკური პოლიტიკა გააქტიურა. ამის შედეგი იყო ლაზიკაში ციხე-ქალაქ პეტრას აშენებაც, რომელიც 541 წლის შემდეგ, როდესაც ლაზიკის ომი დაიწყო, ერთ-ერთი საკვანძო სტრატეგიული სიმაგრე გახდა და მისი ფლობა ორივე მხარისათვის გადამწყვეტი იყო. ეს უნდა მომხდარიყო 535 წელს, როდესაც იმპერატორისგან დანიშნულმა სტრატეგოსმა იოანე ციბემ საფუძველი ჩაუყარა პეტრას ციხესიმაგრის მშენებლობას - „მანვე დააჯერა იმპერატორი იუსტინიანე ლაზების ქვეყანაში ზღვისპირა ქალაქი აეშენებინა, სახელად პეტრა. იქ იჯდა ის, ვითარცა აკროპოლისში, და სძარცვავდა ლაზთა ქონებას“ [პროკოპი 1965, 74]. მიუხედავად იმისა, რომ პროკოპი კესარიელი იოანე ციბეს ადანაშაულებს, რეალურად ის მხოლოდ იარაღი იყო იუსტინიანეს ხელში, რომელმაც ვაჭრობის მონოპოლიზების პოლიტიკა შემოიღო იმპერიაში [Bury 2011, 101].
იუსტინიანე და თეოდორა. მოზაიკა რავენას სან ვიტალეს ბაზილიკაში, VI ს. |
ნათელია, რომ იოანე ციბე არ არის მხოლოდ სარდალი და მას სამოქალაქო ძალაუფლებაც გააჩნია. ამ პოლიტიკამ ბიზანტიის იმპერიას უარყოფითი შედეგები მოუტანა ლაზიკაში. როგორც სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, საგარეო ვაჭრობას ეგრისის მმართველ წრეებისათვის სასიცოცხლო მნიშვნელობა ჰქონდა და ამ ვაჭრობის უკვე არსებულ პირობებზე მათ ადვილად უარის თქმა არ შეეძლოთ [ჯანაშია 1949, 29]. ბიზანტიელთა თვალსაწიერიდან რომ შევხედოთ, იმპორტ-ექსპორტის მონოპოლია სამართლიანი გზა იყო, რათა ლაზებს დაეფარათ მათივე დაცვისთვის საჭირო სახსრები ანუ შეენახათ ბიზანტიური გარნიზონი [Evans 2000, 158]. მაგრამ ლაზები, რომლებიც ამ საკითხს სხვაგვარად აღიქვამდნენ, ირანელების მხარეს გადასვლა და შაჰ ხოსრო I ანუშირვანთან ელჩების გაგზავნა გადაწყვიტეს. ელჩებმა დაარწმუნეს შაჰი, რომ არ გაეშვა ხელიდან ლაზიკის დამორჩილების შანსი, საიდანაც მას შეეძლებოდა საზღვაო გზით კონსტანტინოპოლამდეც კი მიეღწია, ამავდროულად შეპირდნენ კავკასიონის გადმოსასვლელების გადაცემას, საიდანაც ყოველწლიურად შეძლებდნენ ბიზანტიელების ტერიტორიაზე სალაშქროდ ბარბაროსების გადმოყვანას [პროკოპი 1965, 75-80].[1]
მალემსრბოლი წერილით ირანის შაჰის კარზე. M. Jakubiec-ს ნახატი |
ხოსრომ გამოიყენა ეს შესაძლებლობა, ლაზების დახმარებით, 541 წელს, ლაზიკაში შეიჭრა და პეტრას ციხე აიღო. ამ მოვლენით დაიწყო ლაზიკის ომი, რომელმაც 562 წლამდე გასტანა. „ირანელებისა და ლაზების ურთიერთობა მალევე (548 წლისთვის) აირია. ლაზთა ქრისტიანობა ზოროასტრიზმის მიმდევარი ირანელებისთვის ბიზანტიისადმი მათ სიმპათიას ნიშნავდა. ამას გარდა, ბიზანტიის იმპერია ლაზიკის ბუნებრივი სავაჭრო პარტნიორი იყო. ლაზები ცვლიდნენ მონებს, ბეწვეულსა და ტყავეულს მარილზე, ღვინოსა და მარცვლეულზე. ხოსრომ ამ პრობლემის გადაწყვეტა ლაზების გადასახლებით და აქ უფრო მორჩილი, მასზე დამოკიდებული ხალხის დასახლებით გადაწყვიტა. პირველ რიგში კი, გუბაზის თავიდან მოცილება დაგეგმა. გუბაზი დროულად გააფრთხილეს და ის გადარჩა [Evans 2000, 166-167]. ამის შემდეგ ირანელებისა და ლაზების კავშირი, რასაკვირველია, ვეღარ გაგრძელდებოდა და გუბაზიც კვლავ ბიზანტიელებს შეურიგდა. იუსტინიანემ ლაზიკაში 8 ათასიანი არმია შეიყვანა დაგისთეს სარდლობით. როგორც პიტერ ჰიტერი აღნიშნავს, პეტრაზე დაგისთეს გალაშქრების შემდეგ, აშკარა გახდა, რომ პეტრა დაპირისპირების ეპიცენტრად იქცა, ხოლო მომარაგების საკითხი, ომის მთავარ პრობლემად [Heather 2018, 229]. საპასუხოდ, ხოსრო ანუშირვანმა ბიზანტიელების წინააღმდეგ ძლიერი ჯარი გაგზავნა მერმეროეს სარდლობით. ბიზანტიელები იძულებულები გახდნენ უკან დაეხიათ პეტრადან, რომლისთვისაც ალყა ჰქონდათ შემორტყმული, თუმცა რადგანაც ვერც მერმეროემ მოიკიდა ფეხი ლაზიკაში და მომარაგების პრობლემები გაუჩნდა თავისი მრავალრიცხოვანი არმიის წყალობით, იძულებული გახდა მცირერიცხოვანი ნაწილები დაეტოვებინა, თვითონ კი პერსარმენიაში გადასულიყო. როგორც აღმოჩნდა, დიდი არმიების აქ შენახვა ფაქტობრივად, შეუძლებელ ამოცანას წარმოადგენდა. ამას გარდა ირანელებს ლაზიკაში ომი, უაღრესად გაწელილი მომარაგების ხაზებით მოუწევდათ [Heather 2018, 229]. ეს პრობლემები მუდმივად ხელს უშლიდა ირანელებს და არ აძლევდა მათ საშუალებას, სტაბილურად წარმატებით ებრძოლათ ლაზიკაში. როგორც კი მერმეროემ უკან დაიხია, ბიზანტიელები დაბრუნდნენ და ლაზებთან ერთად შეძლეს როგორც მერმეროეს დატოვებული ნაწილის განადგურება, ისე მეორე ირანელი სარდლის ხორიანეს ჯარის დამარცხება მდინარე ჰიპისთან (ცხენისწყალთან).
სასანური ირანის შაჰი თავის ცხენოსან-მოისრებთან ერთად. M. Jakubiec ნახატი |
მალე დაგისთე მხედართმთავრის პოსტზე გამოცდილმა სარდალმა, ბესამ შეცვალა. ირანელებმა, პეტრას დასახმარებლად (რომლის ალყა ბესამ გააგრძელა), გუბაზისთვის ძირის გამოთხრა გადაწყვიტეს და აბაზგები და აფსილები აუჯანყეს, მაგრამ ამჯერადაც, მათთვის დახმარების გაგზავნა და მომარაგების ხაზების მეტად გაწელვა აღარ შეეძლოთ და ბიზანტიელთა ახალმა ჯარებმა იარაღითა და დიპლომატიით მოახერხეს აბაზგებისა და აფსილების დაშოშმინება [Heather 2018, 230]. ბესამ შტურმით აიღო პეტრა და დაამარცხა მერმეროე არქეოპოლისთან 551 წელს. როგორც პიტერ ჰიტერი აღნიშნავს, ბესას მიერ პეტრას აღების შემდეგ, ბიზანტიელებმა ჩათვალეს, რომ ომის მთავარი მიზანი, ფაქტობრივად, მიღწეული იყო, ირანელებს მხოლოდ უმნიშვნელო ტაქტიკური წარმატებებისთვის შეიძლებოდა მიეღწიათ კავკასიაში, ამიტომ, იუსტინიანეს, რომელიც ხვდებოდა, რომ ერთდროულად ორი შემტევი ომის წარმოება შეუძლებელი იყო, საშუალება მიეცა, იტალიაში გაეგზავნა დამხმარე ძალები [Heather 2018, 265, 304].
პეტრას დაკარგვის შემდეგ, ირანელებმა სხვა მიმართულებით გააგრძელეს ბრძოლა. დაიკავეს რამდენიმე ციხესიმაგრე, მათ შორის უქიმერიონი. 555 წელს, მერმეროემ ტელეფისის ბრძოლაში დაამარცხა ბიზანტიელები და ლაზები. მოხუცი მერმეროეს სიკვდილის შემდეგ, ირანელთა სარდალი ნახორაგანი გახდა. რამდენიმე მარცხმა, ერთმანეთს წააჩხუბა ბიზანტიელები და ლაზები. ბესა კონსტანტინოპოლში გაიწვიეს, დანარჩენმა სარდლებმა კი, შეთქმულება მოაწყვეს და გუბაზII მოკლეს. ამ მოვლენამ ლაზთა დიდი უკმაყოფილება გამოიწვია, თუმცა ისინი კვლავ ბიზანტიელთა მოკავშირეებად დარჩნენ. იუსტინიანემ ლაზიკის მეფედ წათე II, გუბაზის უმცროსი ძმა დანიშნა.
ირანელები უტევენ გამაგრებულ ქალაქს |
გუბაზის მკვლელები, რომელთაც მეფის სიკვდილის შემდეგ, კიდევ ერთი მარცხი განიცადეს ირანელებისგან, გასამართლდნენ და დაისაჯნენ. 556 წელს, ბიზანტიელებმა და ლაზებმა აიღეს არქეოპოლისი და წარმატებით მოიგერიეს ნახორაგანის შემოტევა ფასისის მიმართულებით. „მიუხედავად იმისა, რომ ირანელებმა სცადეს აღეკვეთათ ბიზანტიელთა ლაშქრობა აჯანყებული მისიმიის წინააღმდეგ, დამსჯელმა ექსპედიციამ მაინც მიაღწია იქამდე და აჯანყება სასტიკად ჩაახშო, რის შედეგადაც, მისიმიელები კვლავ შემოირიგეს. ეს ექსპედიცია ლაზიკის ომის უკანასკნელი ეპიზოდი იყო“[Bury 2011, 120]. 557 წელს ბიზანტიასა და ირანს შორის ზავი დაიდო. ეს იყო წინაპირობა 562 წელს, ქალაქ დარაში დადებული „ორმოცდაათწლიანი“ ზავისა. ირანელებმა ბიზანტიელთა გარკვეული დათმობებისა და წლიური კონტრიბუციის სანაცვლოდ, დათმეს ლაზიკა, გარდა სუანიისა (სვანეთი), რომელიც შემდგომ წლებშიც სადავო საკითხად დარჩა.
როგორც გვიანი რომის იმპერიის მკვლევარი ჯონ ბერი აღნიშნავს, ლაზიკის ომის ისტორიული მნიშვნელობა იმ ფაქტშია, რომ ბიზანტიელებმა წარმატებით დაიცვეს ლაზიკაში თავიანთი პოზიციები, ჩაშალეს ხოსროს გეგმები და საშუალება არ მისცეს დიდ აზიურ ძალას, გაბატონებულიყო შავი ზღვის სანაპიროზე და გადაქცეულიყო არა მხოლოდ სახმელეთო, არამედ საზღვაო მოწინააღმდეგედაც. ეს საშიშროება, როგორც ჩანს, კარგად ჰქონდათ გააზრებული იმპერიის მმართველობაში და სწორედ ამით შეიძლება აიხსნას მათგან დიდი სამხედრო რესურსების გამოყენება ლაზიკის სამეფოს დასაცავად [Bury 2011, 120].
ლაზიკის ომის არეალი. ნ. ხოფერიას რუკა |
ამ მოსაზრებას ეთანხმება დევიდ ბრაუნდი და პროკოპი კესარიელის ცნობებზე დაყრდნობით, დამატებით აღნიშნავს, რომ ლაზიკის საშუალებით ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელების კოტროლი და ამ გზების გუშაგობა იყო შესაძლებელი, რაც ირანელებს მისცემდა შესაძლებლობას, ჰუნებისგან მათზე მიმართული ლაშქრობები, ბიზანტიისკენ მიემართათ. ლაზიკის დაპყრობის შედეგად, ირანი გზას უჭრიდა უკვე დაპყრობილ იბერიელებსაც, რომლებიც მეზობელ მხარეში ეძებდნენ თავშესაფარს და წინააღმდეგობას აგრძელებდნენ [ბრაუნდი 2014, 397-398; Bury 2011, 101].
როგორც ვხედავთ, ორივე მხარეს განსაკუთრებული ინტერესები ჰქონდა ლაზიკაში. ლაზები კი, ცდილობდნენ მათ შორის მომგებიანი პოზიცია დაეკავებინათ და იმისთვის დაეჭირათ მხარი, ვისი მოკავშირეობაც მათთვის უფრო მისაღები იქნებოდა.
ქრონოლოგია
522/23 წ. - ლაზიკის მეფე წათე I-ს განდგომა ირანელთაგან და ბიზანტიის გავლენის ქვეშ დაბრუნება. ბიზანტიური გარნიზონების ჩადგომა ადგილობრივ ციხესიმაგრეებში.
532 წ. - ბიზანტია-ირანის ზავი. ბიზანტიური გავლენის ზრდა ლაზიკაში.
535/36 წ. - იოანე ციბე აგებს პეტრას ციხეს. ბიზანტიის იმპერია იწყებს ეკონომიკის მონოპოლიზების პოლიტიკის გატარებას.
541 წ. - ლაზთა ელჩობა ირანის შაჰ ხოსრო I-თან. გუბაზ II-ს განდგომა ბიზანტიელთაგან და ირანთან კავშირის დადება. ირანელთა ლაშქრობა ლაზიკაში და პეტრას პირველი ალყა და მისი აღება.
545-549 წწ. - ბიზანტია-ირანის დროებითი ზავი. ირანელებისგან ლაზიკაში პოზიციების გამყარებისა და შავი ზღვის სანაპიროზე ფლოტის აგების წარუმატებელი მცდელობა.
549 წ. - ლაზების დაბრუნება ბიზანტიურ ორიენტაციაზე. ლაზიკის ომის განახლება. ბიზანტიელების ჯარის შემოსვლა დაგისთეს სარდლობით. პეტრას მეორე ალყა. ირანელთა ლაშქრობა მერმეროეს სარდლობით.
550 წ. - ირანელთა სარდლის ხორიანეს ლაშქრის განადგურება მდინარე ჰიპისთან (ცხენისწყალი). იმპერატორ იუსტინიანესგან დაგისთეს გაწვევა კონსტანტინოპოლში და ბესას დანიშვნა ლაზიკაში ბიზანტიელთა სარდლად. აბაზგთა აჯანყების ჩახშობა. პეტრას მესამე ალყა.[2]
551 წ. - ბესას მიერ პეტრას აღება. მერმეროეს მარცხი არქეოპოლისთან ბრძოლაში. ირანელების მიერ კოტაისის, სარაპანისის და სხვა ციხეების გამაგრება.
552-554[3] - ბრძოლები ცენტრალურ ლაზიკაში მერმეროესა და ბიზანტიელ სარდლებს შორის. სუანიის მოქცევა ირანელთა გავლენის ქვეშ.
555 - ლაზიკის მეფის გუბაზის მკვლელობა ბიზანტიელი სარდლების მიერ (554 წ. შემოდგომა ან 555 წ. ზამთარი). ბიზანტიელთა წარუმატებლობები ირანელებთან ბრძოლაში. წათე II-ს გამეფება ლაზიკაში. მერმეროეს სიკვდილი და ირანელთა სარდლად მის ნაცვლად ნახორაგანის დანიშვნა. ბიზანტიელთა გამარჯვება ფასისთან ბრძოლებში. მისიმიელების აჯანყება.
556 - მისიმიელების აჯანყების ჩახშობა ბიზანტიელების მიერ.
557 - ზავის დადება ბიზანტია-ირანს შორის და საბრძოლო მოქმედებების შეწყვეტა.
562 - „ორმოცდაათწლიანი“ ზავის დადება ქალაქ დარაში და ლაზიკის 20 წლიანი ომის საბოლოოდ დასრულება.
შენიშვნები:
[1] ყველა წყარო ხელგაშლილად ცხადყოფს, რომ უცხოელთა მიერ ლაზიკის კონტროლის გადამწყვეტი ფაქტორი მათდამი ლაზების ერთგული ქვეშევრდომობა იყო. ამ ერთგულების გარეშე ვერაფერი გაკეთდებოდა. ამდენად, ლაზები შესაშურ პოზიციაში იმყოფებოდნენ, რადგან მათ შეეძლოთ ერთი იმპერიიდან მეორისკენ გადახრილიყვნენ საკუთარი სარგებლობისამებრ [ბრაუნდი 2014, 399]. როგორც კავეჰ ფაროკი აღნიშნავს, ირანელთა ომები რომანო-ბიზანტიელებთან კავკასიაში, ლაზიკაში, 541-561 წლებში ნაწილობრივ ეკონომიკური ინტერესებით იყო გამოწვეული: ხოსრო I ცდილობდა უზრუნველეყო შავი ზღვის სანაპირო ზოლის კონტროლი სარფიანი ვაჭრობისთვის [Farrokh 2017, 5-6].
[2] ბიზანტიასა და ირანს შორის დაზავებამ ამ პერიოდში, ლაზიკის ომში მიმდინარე მოქმედებებზე დიდი ზეგავლენა ვერ მოახდინა და ფაქტობრივად, ომი გრძელდებოდა.
[3] როგორც ჯონ ბერი აღნიშნავს, ლაზიკის ომში ამ პერიოდის მოვლენების დათარიღება, მეტად რთულია [Bury 2011, 117].
ტექსტში მითითებული წყაროები
Vasiliev 1952, Vasiliev Alexander; History of the Byzantine Empire Vol. 1 324 - 1453, Madison, 1952.
Luttwak 2009, Luttwak Edward N; Grand Strategy of the Byzantine Empire, Cambridge, 2011.
Gregory 2005, Gregory Timothy E; A history of Byzantium, Oxford, 2009.
Evans 2000, Evans James A. S; The Age of Justinian: the Circumstances of Imperial Power, New York, 1996.
Bury 2011, Bury John B; History of the Later Roman Empire: from the death of Theodosius I to the death of Justinian, vol. II, New York, 2011.
დილი 1998, დილი შარლ, ბიზანტიის იმპერიის ისტორია, თბ. 1998.
Rosser 2001, Rosser John H; Historical dictionary of Byzantium, Lanham, 2001.
პროკოპი 1965, პროკოპი კესარიელი, გეორგიკა, ტ. II, ბერძნ. ტექსტი ქართ. თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა, თბ. 1965.
ჯანაშია 1949, ჯანაშია სიმონ, შრომები, ტ. I, თბ. 1949.
Heather 2018, Heather Peter, Rome Resurgent: War and Empire in the Age of Justinian, New York, 2018.
ბრაუნდი 2014, ბრაუნდი დევიდ, საქართველო ანტიკურ ხანაში, ბათუმი, 2014.
ნიკა ხოფერია
შუა საუკუნეების კვლევები
ქვეთავი სამაგისტრო ნაშრომიდან: ლაზიკის ომი: ლანდშაფტი, სივრცე, რესურსები (2018), 18-25.