1799 წელს, როდესაც ნაპოლეონი საფრანგეთის პირველი კონსული და საფრანგეთის, ფაქტობრივად, ერთპიროვნული მმართველი გახდა, ამერიკის შეერთებული შტატებსა და საფრანგეთს შორის დიპლომატიური ურთიერთობა უკვე ორ ათეულ წელზე მეტს მოითვლიდა. ფრანგები ამერიკელებს ჯერ კიდევ დამოუკიდებლობის ომის დროს ეხმარებოდნენ და მნიშვნელოვანი წვლილიც შეიტანეს მათ გამარჯვებაში ინგლისელებზე; 1783 წელს ბრიტანელებსა და ამერიკელებს შორის ზავი სწორედ პარიზში დაიდო. საფრანგეთის რევოლუციამ ფრანგულ-ამერიკული მეგობრობა საფრთხეში ჩააგდო.
ევროპული ქვეყნები საფრანგეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ ირაზმებოდნენ, აშშ-ს კი არ სურდა გაეფუჭებინა ურთიერთობა როგორც მათთან, ისე თავის მთავარ მოკავშირე სახელმწიფოსთან, საფრანგეთთან. პრეზიდენტმა ჯორჯ ვაშინგტონმა აღიარა საფრანგეთის რევოლუციური მთავრობა, მაგრამ არ ჩართულა 1792 წელს დაწყებულ ომში. ამან ფრანგები გაანაწყენა ვინაიდან 1778 წლიდან მოყოლებული საფრანგეთშა და აშშ-ს შორის არსებობდა სამხედრო ალიანსი რომლის ფარგლებში საფრანგეთმა დახმარება გაუწია ბრიტანეთის წინააღმდეგ მებრძოლ ამერიკულ რესპუბლიკას. ბუნებრივია ამის შემდეგ ამერიკელთა ნეტრალიტეტი ფრანგულმა რევოლუციურმა ხელისუფლებამ მტრულ საქციელად ჩათვალეს. უარყოფითად მიიღო საფრანგეთმა 1794 წელს, აშშ-ბრიტანეთის სავაჭრო-სანავიგაციო შეთანხმება, ე.წ. ჯეის ხელშეკრულება. ამერიკელებმა ასევე უარი განაცხადეს გადაეხადათ ვალი საფრანგეთისთვის და ეს იმით ახსნეს რომ ისინი საფრანგეთის მონარქის მოვალეები იყვნენ და საფრანგეთის რესპუბლიკის მიმართ ვალდებულებები არ ჰქონდათ. საქმე სამხედრო დაპირისპირებამდეც კი მივიდა და დაიწყო, როდესაც ფრანგებმა ამერიკელების ქმედებების საპასუხოდ, ბრიტანელებთან მოვაჭრე ამერიკულ სავაჭრო ხომალდებზე დაიწყეს თავდასხმა, ხოლო, როდესაც 1796 წელს, პარიზში აშშ-ს ახალი ელჩი, ჩარლზ კოუტსუორტ პინკნი ჩავიდა, უარი განაცხადეს მის მიღებაზე. ამერიკის პრეზიდენტმა ჯონ ადამსმა საპასუხო ზომები მიიღო. 1798 წლის 7 ივლისს, აშშ კონგრესმა საფრანგეთთან ყველა ხელშეკრულება ბათილად ცნო და ამით ორ ქვეყანას შორის დაიწყო ე.წ. „კვაზი ომი“, რომელიც 1798-1800 წლებში მიმდინარეობდა.
ამერიკული ხომალდისგან (USS Constellation) ფრანგული ფრეგატის (L'Insurgente) დატყვევება კვაზი ომის დროს 1799 წლის 9 თებერვალს. ადმირალ ჯონ უილიამ შმიდტის ნახატი, 1981 წ. |
აშშ-ს სანაპიროებთან მოძრაობდა ფრანგული სამხედრო ფლოტი, რომელმაც მოკლე დროში 316 ამერიკული სავაჭრო ხომალდი დაატყვევა. ამ დროისთვის ამერიკელებს ჯერაც არ ჰყავდათ სამხედრო ფლოტი, თუმცა მისი შექმნა სწორედ „კვაზი ომის“ დროს დაიწყეს. მათ აღჭურვეს რამდენიმე ხომალდი და კაპიტნებს ფრანგულ გემებზე იერიშის მიტანის უფლება მისცეს. ახლად შექმნილმა ამერიკულმა ფლოტმა წარმატებით შეუტია ატლანტიკის ოკეანეში სანადიროდ გამოსულ ფრანგულ კაპერებს. ამერიკელებმა ხელთ იგდეს რამდენიმე ფრანგული ხომალდი, ზოგიერთი კი ჩაძირეს. თუმცა, ორივე ქვეყნის საზღვაო ვაჭრობამ საკმაოდ დიდი ზიანი მიიღო. კვაზი-ომი საფრანგეთში ნაპოლეონის პირველ კონსულად არჩევის შემდეგ დასრულდა. ამერიკელებთან მოლაპარაკება და ახალი ხელშეკრულების დადება, ნაპოლეონის მმართველობის ერთ-ერთი პირველი საგარეო პოლიტიკური წარმატება გახლდათ. ხელშეკრულებიდან გამომდინარე, აშშ რჩებოდა ნეიტრალური საფრანგეთის ომებში ევროპის ქვეყნებთან. აღსანიშნავია რომ ფრანგებმა სათანადო პატივი მიაგეს ამერიკის პირველ პრეზიდენტს, ჯორჯ ვაშინგტონს, როდესაც ის გარდაიცვალა (1799 წ. 14 დეკემბერს): ნაპოლეონმა ხოტბა შეასხა მის მოღვაწეობას, ქვეყანაში კი 10 დღიანი გლოვა გამოცხადდა.
საფრანგეთის პირველი კონსული ნაპოლეონ ბონაპარტი. ჟან-ოგიუსტ დომინიკ ენგრის ნახატი, 1803-1804 წწ. |
ფრანგული ლუიზიანა |
აშშ-ს დროშის აღმართვა ნიუ-ორლეანში, ლუიზიანაში, ამ ტერიტორიის აშშ-ს იურისდიქციაში გადასვლის აღსანიშნავად 1803 წლის 20 დეკემბერს. თურე დე თულსტრუპის ნახატი, 1804 წ. |
1812 წლის ომის დროს ბრიტანელებისგან ვაშინგტონის აღების შემდეგ დაზიანებული აშშ კაპიტოლიუმი და თეთრი სახლი. ჯორჯ მუნგერის ნახატები, 1814 წ. |
ბრძოლა მიმდინარეობდა ზღვაშიც, სადაც ინგლისის ესკადრა ამერიკის პორტების ბლოკირებას ცდილობდა, ამერიკელები კი თავის მხრივ ინგლისურ სავაჭრო გემებს ესხმოდნენ თავს. ამერიკელებმა ვერ შეძლეს ბრიტანული კანადის ტერიტორიების დაკავება, მაგრამ ვერც ბრიტანელთა მოკავშირე ინდიელებმა მოახერხეს წარმატების მიღწევა - აშშ-ს ჯარმა ტეკუმსე დაამარცხა. სამხედრო მოქმედებების დროს, ინგლისურმა ჯარმა ვაშინგტონის აღებაც კი შეძლო, თუმცა, დროებით. საბოლოოდ, ომი 1814 წლის 24 დეკემბერს, გენტის ზავით დასრულდა და ომამდელი მდგომარეობა აღდგა.
1815 წელს, როდესაც მეშვიდე კოალიციასთან ომში საბოლოოდ დამარცხებულ და ტახტიდან გადამდგარ ნაპოლეონს გაურკვეველი მომავალი ესახებოდა. დაპატიმრებისგან თავის დასაღწევად, ნაპოლეონი ამერიკაში გაქცევას გეგმავდა, რისთვის იგი ჩავიდა ქალაქ როშფორში, სადაც ორი ფრანგული ფრეგატი „საალი“ და „მედუზა“ იდგა. მაგრამ ამ ხომალდების კაპიტნებმა უარი განაცხადეს ზღვაში გასვლაზე სანამ დროებითი მთავრობის შესაფერის ნებართვას არ მიიღებდნენ. ამავე დროს ადგილობრივი მეზღვაურები სთავაზობდნენ ნაპოლეონს აშშ-ში მალულად წაყვანას მაგრამ იმპერატორს ეს ღირსეულად არ მიაჩნდა. ამერიკაში წასვლას კიდევ ორი მნიშვნელოვანი ფაქტორი აბრკოლებდა: ბრიტანეთის სამეფო ფლოტი საფრანგეთის სანაპიროების გარშემო პერიმეტრს აკონტროლებდა ხოლო ამერიკის ხელისუფლებას ნამდვილად არ სურდა ფრანგთა იმპერატორის შეკედლება. მას შემდეგ, რაც ნაპოლეონი კუნძულ ექსს ეწვია, დროებითმა მთავრობამ მას საშუალება აღარ მისცა კონტინენტზე დაბრუნებულიყო და, ფაქტობრივად, ინგლისელებს ჩაუგდო ხელში. ამერიკაში გამგზავრების გეგმაც ამით დასრულდა.
ნაპოლეონი ინგლისურ ხომალდ ბელეროფონის ბორტზე, 1815 წ. სერ უილიამ ქვილერ ორჩარდსონის ნახატი, 1880 წ. |
მართალია ყოფილ იმპერატორს არ გაუმართლა, მაგრამ მისი სხვა მომხრეები და ნათესავებისთვის ამერიკა არ ყოფილა მიუღწეველი. მათ შორის იყო ნაპოლეონის ძმა ჟოზეფიც, რომელიც 1817-1832 წლებში ცხოვრობდა შეერთებულ შტატებში. ასევე, მარშალი ემანუელ გრუში, გენერლები ანრი ბერტრანი, შარლ ლეფევრ-დენუეტი და ბერტრან კლოზელი, ძმები შარლ და ანრი ლალემანები. ამერიკაში ემიგრაციაში წასულმა ასობით ბონაპარტისტმა ალაბამას შტატში ფრანგული დასახლებაც მოაწყო, რომელსაც „ღვინისა და ზეთისხილის კოლონიას“ უწოდებდნენ. ამ ლტოლვილების მიერ დაარსებული ქალაქები და მხარეები დღემდე არსებობენ აშშ-ში და ატარებენ ნაპოლეონის ცნობილი გამარჯვებების სახელებს, მათ შორის მარენგოს საგრაფო (ალაბამას შტატი), ქალაქები არკოლა (ალაბამა) და იენა (ლუიზიანა).
1815-21 წლებში ნაპოლეონი წმინდა ელენეს კუნძულზე იყო გადასახლებული. ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკისგან ათასობით კილომეტრით დაშორებული კუნძულიდან გაქცევა რასაკვირველია დიდ სირთულეებთან იყო დაკავშირებული, თუმცა, ნაპოლეონის ერთგული ხალხი კვლავ ფიქრობდა მის დახსნაზე. ნაპოლეონის ძმა ჟოზეფმა, რომელიც ნაპოლეონის იმპერატორობისას, ესპანეთის მეფე იყო, ამერიკაში სულ ცოტა 20 მილიონი ფრანკის ქონება წაიღო. ბონაპარტისტებს არ აკლდათ სახსრები და სურდათ გამოეყენებინათ ეს საშუალება ნაპოლეონის დასახსნელად. ამას გარდა, ნაპოლეონის პოპულარობა ამერიკის შეერთებულ შტატებშიც და სამხრეთ ამერიკაშიც იმდენად დიდი იყო, რომ ბრიტანელებმა, რომელთაც გადასახლებაში მიყავდათ ნაპოლეონი, კურსს გადაუხვიეს და გარკვეული დროით სხვა მიმართულებით წავიდნენ, რათა თავიდან აერიდებინათ მოსალოდნელი თავდასხმა ამერიკელი მეკობრისგან, ჯოშუა ჰეილეისგან, რომელიც ხომალდ „წმინდასისხლიან იანკის“ კაპიტანი იყო. ჰეილეი ბუენოს-აირესის რევოლუციური მთავრობის დროშით დაცურავდა და გადაწყვეტილი ჰქონდა გამოეხსნა ნაპოლეონი.
ირლანდიელი კონტრაბანდისტი ტომ ჯონსონი (ტომ ჯონსტონი). 1834 წ. ლითოგრაფია |
ნაპოლეონის გარდა, ამერიკაში გაქცევას, ნაპოლეონის ომების ერთ-ერთ ყველაზე კოლორიტულ ფიგურას, მიშელ ნეისაც მიაწერენ. პოპულარული ლეგენდის მიხედვით, ის მასონური ლოჟის წევრი იყო და მოძმე მასონების, მათ შორის, ველინგტონის ჰერცოგის დახმარებით, მოახერხა დახვრეტისთვის თავის არიდება და ამერიკაში წასვლა. 1816 წელს, ჩრდილოეთ და სამხრეთ კაროლინაში მართლაც გამოჩნდა ვინმე პიტერ სტიუარტ ნეი, რომელიც რამდენიმე ენას ფლობდა და კარგი მოფარიკავე იყო. იცოდა ნაპოლეონის პირადი ცხოვრება და ხასიათი, შეეძლო დეტალურად აღეწერა ნაპოლეონის კამპანიები და ნაპოლეონის ომებზე გამოცემულ წიგნებში მრავალ შესწორებას აკეთებდა. საკუთარ ვინაობაზე საუბარს ის თავს არიდებდა, მაგრამ ნასვამი ხშირად აცხადებდა, რომ მარშალი ნეი იყო. აღნიშნავენ რომ ის ფიზიკურადაც ჰგავდა „დიდი არმიის“ ლეგენდარულ ფიგურას. ზოგი თვითმხილველი იდენტურ საბრძოლო ჭრილობებსაც კი აქცევდა ყურადღებას. არსებობს ცნობები, რომ ის ამერიკაში გახიზნულ ბონაპარტისტებსაც უცვნიათ, სიკვდილის წინ კი უღიარებია რომ ნამდვილად მიშელ ნეი იყო. გადმოცემით, მისი უკანასკნელი სიტყვები იყო: „ბესიერი მკვდარია, ძველი გვარდია დამარცხებულია, მომეცით საშუალება, მოვკვდე“. პიტერ სტიუარტ ნეი დაკრძალეს დაბა როანში, ჩრდილოეთ კაროლინაში. საფლავის წარწერა ასე გამოიყურება: „პიტერ სტიუარტ ნეის სახსოვრად. საფრანგეთის შვილი და საფრანგეთის რევოლუციის ჯარისკაცი, რომელიც ნაპოლეონ ბონაპარტის დროს მსახურობდა. ამ ცხოვრებას გამოეთხოვა 1846 წლის 15 ნოემბერს, 77 წლის ასაკში“.
მარშალი მიშელ ნეი. ფრანსუა ჟერარის ნახატი, დაახლ. 1805 წ. |
წარწერა პიტერ სტიუარტ ნეის საფლავზე |
პიტერ სტიუარტ ნეის ვინაობა მკვლევართა დღემდე იწვევს მკვლევართა ინტერესს. მათთვის, ვინც ლეგენდას უარყოფს, რთული მისაღებია რომ ნამდვილი მარშალი მიშელ ნეი, დიდებული კარიერის შემდეგ, საკუთარ ოჯახს და საფრანგეთს მიატოვებდა და შორეულ ამერიკაში, კაროლინაში, მდაბიო სკოლაში მასწავლებლობას არჩევდა, როდესაც ბევრი ცნობილი ბონაპარტისტი შეერთებული შტატების ქალაქებში, ნიუ-იორკში, ბოსტონსა თუ ფილადელფიაში ცხოვრობდა, საფრანგეთში გამოცხადებული ამინისტიის შემდეგ კი სამშობლოში დაბრუნებაც მოახერხეს. ამას გარდა, ნამდვილი მარშალ ნეის არცთუ კარგი განათლება ჰქონდა, მაშინ როდესაც პიტერ სტიუარტ ნეიმ კარგად იცოდა ლათინური, ძველი ბერძნული, ინგლისური და სკოლაში რამდენიმე საგანს ასწავლიდა. ამ საკითხისთვის ნათელის მოსაფენად, 1887 წელს, მკვლევარებმა სხეულის ექსგუმაცია მოახდინეს და ხელწერაც შეისწავლეს. ექსპერტიზის შედეგებზე დღემდე კამათობენ და ისტორიკოსთა უმრავლესობა დარწმუნებულია რომ პიტერ სტიუარტ ნეი მარშალი ნეი არ იყო და ის უბრალოდ შოტლანდიური წარმომავლობის მასწავლებელი გახლდათ, რომელიც პატივმოყვარეობის დასაკმაყოფილებლად აცხადებდა თავს მარშალ ნეიდ.
ნაპოლეონის ამერიკაში გამგზავრების სურვილი და გეგმები იმდენად საინტერესო აღმოჩნდა მისი ეპოქით დაინტერესებულთათვის რომ ალტერნატიული ისტორიაზე - თუ როგორ ჩავიდა ნაპოლეონი ამერიკაში - წიგნები და სტატიებიც კი დაიწერა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ამერიკელი მწერლის, შენონ სელინის ნაწარმოები „ნაპოლეონი ამერიკაში“(Napoleon in America), რომელიც 2014 წელს გამოიცა. ალტერნატიული ისტორია 1815 წელს, ინგლისელთაგან ნაპოლეონის დატყვევებით იწყება. შემდეგ, ყოფილი იმპერატორი, მეკობრე ჟან ლაფიტის დახმარებით გადასახლებას თავს აღწევს და ამერიკაში, ნიუ ორლეანში ჩადის, თუმცა, მისი ჯანმრთელობა მნიშვნელოვნადაა გაუარესებული. ნაპოლეონი ვუდუს ქურუმ მარი ლავეუს დახმარებით, გამოკეთდება. საფრანგეთში მისი მომხრეები ელიან როდის დაბრუნდება ის და საფრანგეთს კვლავ ჩაუდგება სათავეში, კანადელი ფრანგები ინგლისელთაგან გათავისუფლებას, ამერიკელი თავგადასავლების მაძიებლები კი მექსიკელთაგან ტეხასის წართმევაში დახმარებას სთხოვენ.
შენონ სელინის წიგნი - ნაპოლეონი ამერიკაში |
ბიბლიოგრაფია
ტიულარი ჟან. ნაპოლეონი. თბილისი: აგორა, 2012.
Emilio Ocampo, The Emperor’s Last Campaign: A Napoleonic Empire in America Apaloosa: University of Alabama Press, 2009. The attempt to rescue Napoleon with a submarine: fact or fiction? Emilio Ocampo Dans Napoleonica. La Revue 2011/2 (N° 11), pages 11 à 31
Mike Dash. The Secret Plot to Rescue Napoleon by Submarine. Smithsonian Magazine.
Shannon Selin’s blog, Imagining the Bounds of History. https://shannonselin.com
13. Вейдер Бен, Хэпгуд, Девид. Кто убил Наполеона? Москва: ИКПА, 1991.
ნიკა ხოფერია