ღაზის ალყა ( ძვ.წ 332 წლის სექტემბერ-ოქტომბერი )


ისოსთან სპარსეთის მეფის, დარიოს III-ის დამარცხების შემდეგ ძვ.წ 333 წელს ალექსანდრე მაკედონელი ფინიკიისკენ დაიძრა და ამ ქვეყნის დაკავება დაიწყო.

შვიდთვიანი ალყის შემდეგ მაკედონელებმა აიღეს ტიროსი და იქიდან ეგვიპტისკენ დაიძრნენ. ფინიკიიდან ალექსანდრემ პალესტინის ფილისტიმურ ქალაქებს შეუტია.
5 ქალაქიდან მხოლოდ ღაზამ გაუწია წინააღმდეგობა დამპყრობელს. ქალაქი ზღვიდან 3-4 კმ-ზე მდებარეობდა მაღალ მთაზე და დიდი გალავანი ჰქონდა გარშემორტყმული. ღაზას ევნუხი მართავდა, რომელმაც დაიქირავა ნაბატეველები გარნიზონის გასამაგრებლად და მოიმარაგა დიდი რაოდენობის სურსათი.
მაკედონელებმა გააფთრებით შეუტიეს ქალაქს, გალავნის ზოგიერთ ადგილს ტარანებით ანგრევდნენ, ზოგგან კი საალყო მანქანების მიტანა არ მოხერხდა. ამას გარდა მაკედონელები ძირს უთხრიდნენ გალავანს და გვირაბიდან ცდილობდნენ ქალაქში შეღწევას. ერთ-ერთი ასეთი მცდელობის დროს თვით ალექსანდრეც კი დაიჭრა. საბოლოოდ როდესაც ქალაქის კედლები დაინგრა მაკედონელებმა შეტევა დაიწყეს, თუმცა ღაზელებმა სამჯერ მოახერხეს მათი მოგერიება, მეოთხე შეტევის შესაჩერებლად ევნუხის მეომრებს ძალა აღარ ეყოთ. პირველი ქალაქში მაკედონელი ჰეტაირი, ნეოპტოლემეოსი შეიჭრა, მას სხვებიც მიჰყვნენ. ღაზის მთელი მოსახლეობა გმირულად იბრძოდა და უმეტესობა დაიხოცა. დაჭრილი ევნუხი მაკედონელებმა ჩაიგდეს ხელთ. ის სასტიკად დასაჯეს.
ღაზის ალყამ 2 თვე გასტანა და 10000 ღაზის დამცველი დაიღუპა. მაკედონელებს ქალაქი არ დაუნგრევიათ, მოსახლეობა ტყვედ გაყიდეს, ხოლო მათ ადგილზე ახალი ოჯახები დაასახლეს. ფილისტიმელების სახელი ამ ბრძოლის შემდეგ გაქრა ისტორიიდან.
ალექსანდრემ გზა გააგრძელა ეგვიპტისკენ და 7 დღეში მიარწია კიდეც ნილოსის ქვეყანას.


ნიკა ხოფერია