კირასირები


კირასირები( ზუსტი თარგმანით "აბჯროსნები")-მძიმე კავალერიის სახეობა. კირასირები ეწოდათ ტანის დამცავი მძიმე აბჯრის, კირასის გამო, რომელსაც ისინი ბრძოლაში იცმევდნენ. კირასირი, როგორც ჯარის სახეობა XVI საუკუნეში გაჩნდა ევროპაში, როგორც მძიმე კავალერია, რომელსაც რაინდული ცხენოსნობა უნდა შეეცვალა. კირასირთა აბჯარი თავდაპირველად სხეულის 2/3 ფარავდა. თავიდან მუხლებამდე. XVIII საუკუნის ბოლოს და XIX საუკუნეში კირასირთა აბჯარი მხოლოდ ტანს და თავს იცავდა. კირასირთა მთავარი იარაღი რაინდული ხმალი იყო, რომელიც შემდეგ მძიმე დაშნამ შეცვალა. კირასირთა ცხენები სხვა კავალერიისგან განსხვავებით უფრო მძიმეები და გამძლეები იყვნენ, რათა მებრძოლის აბჯრის სიმძიმისთვის გაეძლოთ. კირასირთა კორპუსში სამსახური ძალიან რთული იყო და იქ მხოლოდ ღონიერ და გამძლე ჯარისკაცებს იღებდნენ. კირასირის მინიმალური სიმაღლე 170-180 სმ იყო.
ოცდაათწლიანი ომის დასაწყისში კირასირები მტერს ხმლებით არ ებრძოდნენ, ისინი მხოლოდ უახლოვდებოდნენ მათ და დამბაჩებიდან ესროდნენ, მაგრამ ომის ბოლო პერიოდში მიხვდნენ, რომ კირასირების ხელჩართული ბრძოლაში გამოყენება უკეთესი იქნებოდა. მძიმე კავალერია ქვეითი ჯარის ნამდვილი რისხვა გახდა. კირასირები გამოიყენებოდნენ მტრისთვის გამანადგურებელი დარტყმის მიყენებისთვის ბრძოლის რომელიმე უბანზე. XVIII საუკუნეში ევროპულმა სამეფოებმა შეიარაღებიდან მოხსნეს შუბოსანი და ხმლითა და ფარით შეიარაღებული რონდაშერები. ჯარის მთავარი ძალა ხაზებად
დაწყობილი მსროლელთა რაზმები გახდა. ასევე შეიმუშავეს საბრძოლო წყობა "კარე", კვადრატული წყობა, რომლითაც შედარებით ადვილი იყო ცხენოსნების მოგერიება. იარაღის სროლის სისწრაფის განვითარების შემდეგ კირასირების აბჯარი შედარებით შემცირდა, რათა შეტევისას მეტი სისწრაფე განევითარებინათ. კირასირები აღარ იყენებდნენ დამბაჩების ზალპს და მტერს პირდაპირ ხმლებით უტევდნენ. განსაკუთრებული წარმატებით კირასირებს ნაპოლეონი იყენებდა. მაგალითად პრეისიშ-ეილაუს ბრძოლის დროს 1807 წელს მან მიურატის მეთაურობით კირასირთა მთელი კორპუსით შეუტია მოწინააღმდეგეს და გაარღვია მისი სამივე საბრძოლო ხაზი. ცეცხლსასროლი იარაღის განვითარებასთან ერთად კირასირები ნელ-ნელა სცილდებოდნენ ბრძოლის ველს. საბოლოოდ კირასირთა ნაწილები XIX საუკუნის მეორე ნახევრისთვის ქვეყნების უმეტესობაში დაშალეს.



 ნიკა ხოფერია
ეს სტატია დევს ქართულ ვიკიპედიაზეც