15 წიგნი რომელიც უნდა წაიკითხო შუა საუკუნეების ევროპაზე (ქართულ ენაზე)


 „ამბავი სანახევროდაა მოყოლილი, როდესაც მას მხოლოდ ერთი ადამიანი ყვება"
საგა გრეტირ ძლიერზე, XIV .

შუა საუკუნეები ისტორიის ერთ-ერთი ყველაზე ხანგრძლივი და საინტერესო ეპოქაა, რომლის კონკრეტული მახასიათებლების, ზუსტი ქრონოლოგიური ჩარჩოების განსაზღვრა ძნელია, მაგრამ გარკვეული წარმოდგენა არსებობს, როგორც აკადემიურ წრეებში, ისე ფართო საზოგადოებაში. შუა საუკუნეები ასოცირდება რაინდებთან, საეკლესიო ორდენებთან, გოთიკურ ტაძრებთან, ციხესიმაგრეებთან, პერგამენტზე დაწერილ, ძველ წიგნებთან და მინიატურებთან, ინკვიზიციასთან, ალქიმიკოსებთან... ეს ყველაფერი პოპულარულია და დიდ ინტერესს იწვევს, რაც კარგად ჩანს პოპულარულ კულტურაში - მხატვრულ ლიტერატურაში, კინემატოგრაფიაში, მხატვრობაში და .. სულ მარტივი მაგალითი რომ ავიღოთ, ყველასთვის ცნობილი, პოპულარული წიგნების სერიაცეცხლისა და ყინულის სიმღერა" (The Song of Ice and Fire) და მის მიხედვით გადაღებული სერიალი Game of Thrones, ან თუნდაც, ... ტოლკინის ტრილოგიაბეჭდების მბრძანებელი"(The Lord of the Rings) და ამავე სახელით გადაღებული ფილმები, მთლიანად დაფუძნებულია ევროპის შუა საუკუნოვან ცივილიზაციაზე, კულტურაზე.

რა წავიკითხო შუა საუკუნეებზე? რა უნდა წაიკითხოს დაინტერესებულმა ადამიანმა, რომელსაც სურს შუა საუკუნეების ევროპაზე მეტი იცოდეს? თანაც როდესაც ამ კითხვას კიდევ უფრო აკონკრეტებენ დაქართულ ენაზე" მოითხოვენ ასეთ ლიტერატურას, ძნელდება პასუხის გაცემა, რადგან ქართულ ენაზე, სამწუხაროდ არც ისე მდიდარი ბიბლიოთეკა გვაქვს შუა საუკუნეებზე. თანაც აქ რამდენიმე ფაქტორი უნდა გავითვალისწინოთ:
1. საბჭოთა პერიოდში გამოცემული სახელმძღვანელოებისა თუ ნაშრომების დიდი ნაწილი დღეს ნაკლებად გამოსადეგია, უფრო სწორად მხოლოდ ისტორიოგრაფიულ ინტერესს წარმოადგენს
2. სამეცნიერო ლიტერატურა ფაქტობრივად აღარ ითარგმნება, მხოლოდ კანტიკუნტად და ამ შემთხვევებშიც, სათარგმნად ძალიან ცოტა წიგნს არჩევენსწორად". 
3. არც ისტორიულ მეცნიერებას აქვს სათანადო მხარდაჭერა და პირობები. მეცნიერებს უკვე მომზადებული ნაშრომების გამოცემა უჭირთ, არადა ეს ლიტერატურა პირდაპირ არის დაკავშირებული მოსწავლეებისა თუ სტუდენტების განათლებასთან. აუცილებელია ახალგაზრდებს თანამედროვე სამეცნიერო ლიტერატურის კითხვის საშუალება მიეცეთ თავიანთ მშობლიურ ენაზე. 
ცოტა ხნის ერთ ძალიან კარგ, ინგლისურენოვან საიტზე, Medievalists.net-ზე, შემხვდა სტატია, რომელშიც ურჩევენდამწყებებს" თუ რომელი 5 წიგნი უნდა წაიკითხონ შუა საუკუნეებზე. ინგლისურ ენაზე, არჩევანი ძალიან დიდია და შესაბამისად, წიგნების მოძიებაც არაა პრობლემა. მაგრამ იდეა ძალიან მომეწონა და ვფიქრობ, ქართულენოვანი სიის შედგენაც კარგი იქნება. ვფიქრობ ეს სია დახმარებას გაუწევს მათ, ვისაც აინტერესებს თუ რისი წაკითხვა შეიძლება ქართულ ენაზე შუა საუკუნეების ევროპის შესახებ და გაუადვილებს ძიების პროცესს
სიას სამ ნაწილად დავყოფI - შუა საუკუნეების ლიტერატურა, II - სამეცნიერო ლიტერატურა, III - მხატვრული ლიტერატურა. მხატვრული ლიტერატურა მე პირადად აუცილებელ ელემენტად მიმაჩნია. ხარისხიანი მხატვრული ლიტერატურა, ხშირად უღვიძებს მკითხველს ინტერესს ამა თუ იმ საკითხის მიმართ და დიდ გავლენას ახდენს მის აზროვნებაზეც
მაშ ასე, დავიწყოთ.

I - შუა საუკუნეების ლიტერატურა
1. ჯეფრი ჩოსერი - კენტერბერიული მოთხრობები
შუა საუკუნეების ლიტერატურაში ერთ-ერთი გამორჩეული ადგილი უჭირავს XIV საუკუნის ინგლისელი პოეტის, ჯეფრი ჩოსერისკენტერბერიულ მოთხრობებს". მასში გაერთიანებულია ოცზე მეტი ლექსი და ორი პროზაული ნოველა. ამბებს ჰყვებიან პილიგრიმები, რომლებიც მიემართებიან კენტერბერიში, წმინდა თომას ბეკეტის საფლავის მოსალოცად. პილიგრიმობა სწორედაც შუა საუკუნეების ევროპული ქრისტიანული საზოგადოების ერთ-ერთი მახასიათებელია. ჯეფრი ჩოსერისკენტერბერიული მოთხრობები" კი მკითხველს საშუალებას აძლევს გაეცნოს თუ რას ნიშნავს პილიგრიმობა, როგორ და სად მოგზაურობენ, რა მიზნები აქვთ პილიგრიმებს. მათი პირით მოთხრობილი ამბები კი ეპოქის მრავალ სახასიათო დეტალს გვიჩვენებს. ჩოსერის თხზულება ქართულ ენაზე 1977 წელს გამოიცამსოფლიო ლიტერატურის ბიბლიოთეკის" სერიის ფარგლებში (ჯეფრი ჩოსერიკენტერბერიული მოთხრობები. . ნიშნიანიძის თარგმანი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1977).
2. ტომას მელორი - ამბავი მეფე ართურის ზეობისა
XV საუკუნის ინგლისელმა რაინდმა და მწერალმა, ტომას მელორმა, თავი მოუყარა და ერთიან ნაწარმოებად აქცია მრგვალი მაგიდის რაინდებისა და მათი ლეგენდარული მეფის, კამელოტის მბრძანებელი ართურის ისტორია. მეფე ართური შუა საუკუნეების ერთ-ერთი უდიდესი მითოლოგიური გმირია. ის შედის რაინდობის ცხრა სიმბოლოს, „ცხრა ღირსეულის" სამი ტრიადიდან მესამე, ქრისტიანი მეფეების რიგში კარლოს დიდსა და გოდფრუა დე ბუიონთან ერთად. წარმოუდგენელია შუა საუკუნეების ლიტერატურა მეფე ართურისა და მისი რაინდების თავგადასავლების გარეშე. ართურის ცხოვრება, ბრძოლა და ტრაგიკული აღსასრული, შუა საუკუნეების შემდეგაც პოპულარულ თემად რჩება ლიტერატურაში, მხატვრობასა თუ ხელოვნების სხვა დარგებში. „ამბავი მეფე ართურის ზეობისა" საქართველოში 1983-84 წლებში გამოიცა (ტომას მელორიამბავი მეფე ართურის ზეობისა. ელგუჯა მაღრაძის თარგმანი. თბილისი: ნაკადული, 1983; ნაწილი II, 1984). 
3. ჯოვანი ბოკაჩო - დეკამერონი
შუა საუკუნეების იტალიური მწერლობის ერთ-ერთი საუკეთესო ნიმუშია ჯოვანი ბოკაჩოსდეკამერონი", რომელსაც დანტესღვთაებრივი კომედიის" საპირისპიროდადამიანურ კომედიასაც" უწოდებენ. „დეკამერონი", რაც ბერძნულადათ დღეს" ნიშნავს, წარმოადგენს 101 საინტერესო და სახალისო მოთხრობისგან შემდგარ კრებულს, რომელსაც ბოკაჩოს გამოგონილი გმირები ათი დღის განმავლობაში ერთმანეთს უყვებიან. ავტორს გამოყენებული აქვს თანადროული ევროპული და აღმოსავლური ამბების, ნოველების შინაარსი, გადმოტანილი აქვს თავის სამყაროში და წარმოგვიდგენს მეტად საინტერესო ფორმით. „დეკამერონში" ბრწყინვალედაა ნაჩვენები შუა საუკუნეების საზოგადოების სახე, თანაც არა მხოლოდ დიდებულებისა და მეფეებისა, არამედ გლეხების, ბერების, ხელოსნების, ვაჭრების, მათხოვრების. მოკლედ რომ ვთქვათ, ესაა წიგნი რომელიც არა მხოლოდ შუა საუკუნეებით დაინტერესებული ადამიანისთვისაა საინტერესო, არამედ ყველასთვის, ვისაც კლასიკური ლიტერატურის კითხვა უყვარს. ქართულ ენაზედეკამერონი" 20-30-იან წლებში ცნობილმა მწერალმა, მთარგმნელმა ეთნოგრაფმა თედო სახოკიამ თარგმნა და მას შემდეგ რამდენჯერმე დაიბეჭდა (ჯოვანი ბოკაჩოდეკამერონი. თედო სახოკიას თარგმანი. თბილისი: საქინფორმკინო, 1990. ტომი I-II.).
4. დანტე ალიგიერი - ღვთაებრივი კომედია
დანტესღვთაებრივი კომედია"  არა მხოლოდ შუა საუკუნეების, არამედ, ზოგადად მსოფლიო ლიტერატურის ერთ-ერთი ყველაზე საინტერესო და პოპულარული ტექსტია. დანტე პეტრარკასა და ჯოვანი ბოკაჩოსთან ერთად, ადრეული რენესანსული ლიტერატურის წარმომადგენელია, მაგრამ ამავე დროსღვთაებრივი კომედია" შუა საუკუნოვანი თეოლოგიურ-ფილოსოფიური აზროვნების მწვერვალად ითვლება. ის სამ ნაწილად იყოფა - ჯოჯოხეთი, განსაწმენდელი და სამოთხე. მათგან ყველაზე საინტერესო და განსაკუთრებით პოპულარულია ჯოჯოხეთის აღწერა. დანტე დეტალურად აღწერს ჯოჯოხეთის წრეებს და თითოეულში სხვადასხვა ისტორიულ პერსონაჟებს ათავსებს. დანტეს ჯოჯოხეთი (Inferno) თანამედროვე კულტურაშიც აქტუალური თემაა. მაგალითად, დანტე და მისი თხზულება ინსპირაცია გახდა ცნობილი მწერლის დენ ბრაუნისათვის რომანინფერნოს" შესაქმნელად. „ღვთაებრივი კომედია" ქართულ ენაზე მწერალმა კონსტატინე გამსახურდიამ თარგმნა 30-იან წლებში და მას შემდეგ რამდენჯერმე გამოიცა (დანტე ალიგიერიღვთაებრივი კომედია. კონსტანტინე გამსახურდიას თარგმანი. თბილისი: პალიტრა L, 2012). 
5. სიმღერა ნიბელუნგებზე
სიმღერა ნიბელუნგებზე" XII საუკუნის უცნობი გერმანელი ავტორის შექმნილი საგმირო ეპოსია. მასში აღწერილია ნიდერლანდის მეფის ვაჟის, დიდი მეომრის ზიგფრიდის ტრაგიკული თავგადასავალი. ზიგფრიდთან ერთად ეპოსის მთავარი გმირები არიან ბურგუნდიელი პრინცესა კრიმჰილდე და მისი ძმა მეფე გიუნტერი, ისლანდიის დედოფალი ბრუნჰილდე, ბურგუნდიელი მეომარი ჰაგენი, ჰუნთა მეფე ეტცელი. სიუჟეტში აშკარად ჩანს V საუკუნის გერმანულ ტომთა გადმოცემები, მათ შორის ატილას (ნიბელუნგებში ეტცელი) შემოსევა რომაულ გალიაში, სადაც ის თავს დაესხა ბურგუნდიელებსაც და სასტიკად ააოხრა მათი სამფლობელოები. „ნიბელუნგები" მეტად საინტერესო და სახალისო საკითხავია და აღსანიშნავია რომ ქართულადაც ძალიან კარგად არის ნათარგმნი. თარგმანი ეკუთვნის პოეტ კონსტანტინე ჭიჭინაძეს (უფროსი ედა; სიმღერა ნიბელუნგებზე. . კალანდაძის და . ჭიჭინაძის თარგმანი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1983).
6. ბეოვულფი
ბეოვულფი ადრეული შუა საუკუნეებში ანგლო-საქსების შექმნილი საგმირო ეპოსია. მასში მოქმედება ვითარდება სკანდინავისა და იუტლანდიის ნახევარკუნძულზე. ეპოსის მთავარი გმირია ბეოვულფი, გითთა შორის უძლიერესი მებრძოლი, რომელიც შეიტყობს დანიელთა მეფის ჰროთგარის გასაჭირს, რომ მისგან აშენებულ სასახლეს ჰეროთს, ღამით საშინელი ურჩხული, გრენდელი ესხმოდა თავს, მის დასახმარებლად მიდის. ბეოვულფი ერთადერთი ძველგერმანული ეპოსია, რომელიც ქრისტიანობის მიღებამდეა შექმნილი, თუმცა შემდგომში, ქრისტიანობამ ზოგი რამ შეიცვალა და ეს საგმირო ეპოსი უფრო მეტადმოირგო" თავის დროზე. ქართულ ენაზე ბეოვულფი პირველად 1989 წელს გამოქვეყნდა, სამწუხაროდ რეპრინტი არ მომხდარა, თუმცა ძველი გამოცემის მოძიება საჯარო ბიბლიოთეკაშიც შეიძლება და ბუკინისტებთანაც  (ბეოვულფი: ანგლო-საქსური საგმირო ეპოსი. პაატა და როსტომ ჩხეიძეების თარგმანი. თბილისი: საბჭოთა საქართველო, 1989).

II -
სამეცნიერო ლიტერატურა
7. ჟორჟ დიუბი - რაინდი, ქალი და მღვდელი
ეს არის ძალიან საინტერესო წიგნი შუა საუკუნეების სოციალურ ისტორიაზე. ჟორჯ დიუბი კი XX საუკუნის ერთ-ერთი საუკეთესო ფრანგი მედიევისტიანალების სკოლიდან", რომელსაც მის გარდა ბევრი ცნობილი მეცნიერი წარმოადგენდა, დაწყებული მარკ ბლოკიდან და ლუსიენ ფევრიდან, გაგრძელებული ფერნან ბროდელით, პიერ გუბერით, ფილიპ აღიეთი, ჟაკ ლე გოფით და ჟორჟ დიუბით. როგორცანალების სკოლის" სხვა წარმომადგენლები, დიუბიც აქცენტს იღებს არა პოლიტიკურ, არამედ სოციალურ ისტორიაზე. ის მიმოიხილავს შუა საუკუნეების საზოგადოებას რაინდის, ქალისა და მღვდლის ფენომენზე და შუასაუკუნოვანი ისტორიული წყაროების გამოყენებით ცდილობს მაქსიმალურად კარგად ახსნას თუ რა როლს ასრულებდნენ ისინი შუა საუკუნეების ცხოვრებაში. ჟორჟ დიუბის ეს შესანიშნავი ნაშრომი, ქართულ ენაზე 2005 წელს გამოიცა. ნაბეჭდის გარდა, არსებობს ელექტრონული ვერსიაც, რომელიც უფრო ხელმისაწვდომია (ჟორჟ დიუბი. რაინდი, ქალი და მღვდელი. მანანა ჯავახიშვილის თარგმანი. თბილისი: ნეკერი, 2005). 
8. საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით
ერთ-ერთი ყველაზე ხარისხიანი და კარგი გამოცემა, რაც ბოლო წლებში გაკეთებულა შუა საუკუნეების ისტორიაზე. წიგნში მოცემულია XIII საუკუნის დასაწყისში, მეხუთე ჯვაროსნული ლაშქრობის დროს, აკრის ეპისკოპოსის, ჟაკ დე ვიტრის წერილების ქართული თარგმანი. თითოეულ წერილ თან ერთვის სამეცნიერო კომენტარებიც. მართალია წიგნის სათაურში პირველ რიგში საქართველოა დაკონკრეტებული, მაგრამ წერილები ძირითადად დასავლეთ ევროპელ ჯვაროსნებს დაწმინდა მიწას" პალესტინას ეხება, რომლისთვისაც ქრისტიანები ასწლეულების განმავლობაში ებრძოდნენ მუსლიმებს. წერილებში უამრავი საინტერესო დეტალია და შუა საუკუნეებზე ბევრ ახალ ცნობას გვაწვდის. მეხუთე ჯვაროსნული ომი ეგვიპტეში მიმდინარეობდა, მაგრამ ჟაკ დე ვიტრის, როგორც აკრის ეპისკოპოსის, ცნობები ბევრად ფართო არეალს სწვდება. ჟაკ დე ვიტრის წერილების თარგმანი და კომენტარები მოამზადა მედიევისტ ავტორთა კოლექტივმა. წიგნი გამოიცა რუსთაველის ფონდის მხარდაჭერით, ამიტომ შეზღუდული ტირაჟით არის დაბეჭდილი და მხოლოდ ცალკეულ პირებს და ბიბლიოთეკებს მიეწოდა. მისი მოძიება შეგიძლიათ საჯარო ბიბლიოთეკაში (საქართველო და ჯვაროსნული აღმოსავლეთი ჟაკ დე ვიტრის ცნობების მიხედვით. თბილისი: მერიდიანი, 2015). 
9. ჯილიან . ევანსი - ფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორის, შუა საუკუნეების ფილოსოფიის მკვლევარის ჯილიან ევანსის წიგნი ერთ-ერთი უახლესი ქართულენოვანი გამოცემაა მედიევისტიკის სფეროში და მნიშვნელოვანი შენაძენია ჩვენი ისტორიული და ფილოსოფიური ბიბლიოთეკისათვის. როგორც თავად ავტორი წერს, შუასაუკუნოვანი ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესწავლისას, ის უფრო მეტად დასავლურ ტრადიციას ეყრდნობა, რადგან სწორედ დასავლეთში მოხდა ფილოსოფიური აზრის არსებითი განვითარება. წიგნი თითქოს ერთი მთლიანი ესეა შუა საუკუნეების ფილოსოფიისა და თეოლოგიის შესახებ, მაგრამ ამავე დროს, ავტორი ახერხებს თითქმის ყველა მნიშვნელოვან თემას შეეხოს. ევანსის წიგნი 2014 წელს გამოქვეყნდა საქართველოში, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის პროექტფილოსოფიური ბიბლიოთეკის" ფარგლებში (ჯილიან ევანსიფილოსოფია და თეოლოგია შუა საუკუნეებში. დავით თინიკაშვილის თარგმანი. თბილისი: ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის გამომცემლობა, 2014).
10. სოსო მარგიშვილი - შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში
ქართველ ისტორიკოსთა შორის, სოსო მარგიშვილი პირველი იყო, ვინც ფუნდამენტური ნაშრომი გამოაქვეყნა საქართველოს შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაზე („მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ"). მისი მეორე წიგნში - „შუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეებში" შესანიშნავადაა მიმოხილული შუა საუკუნეების სამხედრო საქმე, მათ შორის ევროპული ფეოდალური არმიები, ბრძოლის მეთოდები, საალყო და საველე ტაქტიკა და სტრატეგია. ქართულ ენაზე შუა საუკუნეების სამხედრო საქმის შესასწავლად, ეს წიგნი საუკეთესო ქართულენოვანი მკითხველისათვის. წიგნი პირველად 2008 გამოიცა, შემდეგ კი 2012 წელს შევსებული გამოცემაც გამოვიდა (სოსო მარგიშვილიშუა საუკუნეების სამხედრო ხელოვნება და საქართველოს სამხედრო-პოლიტიკური ისტორია IX-XV საუკუნეები. თბილისი, 2008. შევსებული გამოცემა 2012).  
11. შარლ დილი - ბიზანტიის იმპერიის ისტორია
ფრანგი ისტორიკოსის, შარლ დილის ეს პატარა წიგნი მთლიანად მოიცავს ბიზანტიის იმპერიის ისტორიას IV საუკუნიდან კონსტანტინოპოლის დაცემამდე. ბიზანტია განსაკუთრებულად მნიშველოვან როლს ასრულებდა შუა საუკუნეების ევროპის ისტორიაში. ეს იყო აღმოსავლეთის უდიდესი ქრისტიანული სახელმწიფო და დამაკავშირებელი ხიდი ევროპისა და ისლამური სამყაროსი. მას განსაკუთრებული მნიშვნელობა ჰქონდა საქართველოსთვისაც, რომელიც კონსტანტინოპოლის დაცემის შემდეგ, თითქმის მოწყდა ევროპულ სივრცესქართულენოვანი მონოგრაფია ბიზანტიაზე, რომელშიც მთლიანად იქნება მიმოხილული იმპერიის ისტორია ფაქტობრივად არ არსებობს, შესაბამისად, შარლ დილის წიგნი უალტერნატივოც კია მათთვის, ვისაც სურს ზოგადად გაეცნოს ბიზანტიის ისტორიას. თანაც ამ წიგნს დამატებით ღირსებას სძენს ისიც, რომ თარგმანი ბაჩანა ბრეგვაძეს ეკუთვნის, ერთ-ერთ საუკეთესოს ქართველ მთარგმნელთა შორის (შარლ დილი. ბიზანტიის იმპერიის ისტორია. ბაჩანა ბრეგვაძის თარგმანი. თბილისი: ნეკერი, 1998).

III - მხატვრული ლიტერატურა
12. უოლტერ სკოტი - აივენჰო
XVIII-XIX საუკუნეებში მოღვაწე შოტლანდიელი ავტორის, ისტორიული რომანის ჟანრის პირველი დიდი წარმომადგენლის, სერ უოლტერ სკოტის რომანიაივენჰო" შუა საუკუნეებზე დაწერილ წიგნებს შორის ალბათ ყველაზე ცნობილი და პოპულარულია. მართალია უოლტერ სკოტი არ იყო პროფესიონალი ისტორიკოსი და მედიევისტი, მაგრამაივენჰოს" შუასაუკუნეობრივი ატმოსფერო, რომელიც ძირითად სიუჟეტს, ლამაზ და საინტერესო ამბავს გარს ახლავს, ნამდვილად შესანიშნავია. დიახ, არის ისტორიული შეცდომები, არის არარეალური დეტალები, მაგრამ ეს თავისთავად მხატვრული ლიტერატურის ნაწილია. ერთიანობაში კი, უოლტერ სკოტის შესანიშნავი სამწერლობო ენა და მისი უშრეტი ფანტაზიითა და უსაზღვრო ცოდნით შედგენილი ნაწარმოებები, დიდ როლს ასრულებს შუა საუკუნეების ეპოქის მიმართ ინტერესის გაღვიძებაში. ქართულ ენაზე ეს ბრწყინვალე ისტორიული რომანი დიდებულადაა ნათარგმნი ვახტანგ ჭელიძის მიერ და რამდენჯერმეა გამოცემული, ასე რომ მსურველს საკმაოდ ადვილად შეუძლია წიგნის შოვნა (უოლტერ სკოტიაივენჰო. ვახტანგ ჭელიძის თარგმანი. თბილისი: ნაკადული, 1991).
13. ჰენრიკ სენკევიჩი - ჯვაროსნები
ალბათ არავის დაუწერია შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპაზე ისეთი დიდი და თანაც შესანიშნავი რომანი, როგორიც ჰენრიკ სენკევიჩმა გამოაქვეყნაჯვაროსნების" სახელწოდებით 1897-1900 წლებში. წიგნის სახელწოდება უკავშირდება ტევტონ რაინდთა ჯვაროსნულ ორდენს, რომელიც ლივონიის მახვილოსანთა ორდენთან ერთად, გვიანი შუა საუკუნეების განმავლობაში დიდ სამფლობელოებს ფლობდა ბალტიისპირეთში და ავიწროებდა იქ პოლონეთის სამეფოს, ლიტვის დიდ სამთავროსა და რუსულ სახელმწიფოებს. ჰენრიკ სენკევიჩმა კარგად გადმოსცა გვიანდელი შუა საუკუნეების აღმოსავლეთ ევროპული გარემო. მეფის, რაინდების, ეკლესიის ურთიერთობები, რაინდული ტურნირები, სამეფო ნადიმები, მცირე მასშტაბების თუ დიდი ომები. ეს ყველაფერი ვითარდება საინტერესო სიუჟეტის გარშემო. ჰენრიკ სენკევიჩისჯვაროსნები" საქართველოში 1971 წელს გამოიცა და შემდეგ კიდევ ორჯერ გაკეთდა რეპრინტი (ჰენრიკ სენკევიჩიჯვაროსნები. . ძიძიგურის თარგმანი. თბილისი: ნაკადული, 1971; საბჭოთა საქართველო, 1977; საქართველოს მაცნე, 2013).
14. რობერტ ლუის სტივენსონი - შავი ისარი
განძის კუნძულის" ცნობილი ავტორის, რობერტ ლუის სტივენსონისშავი ისარი" „ვარდების ომის" ანუ ინგლისის XV საუკუნის დინასტიური დაპირისპირების პერიოდს ეხება (ლანკასტერებსა და იორკებს შორის). თითოეული საგვარეულოს მომხრეები უპირატესობის მოპოვებას ცდილობენ. ფეოდალები ყოყმანობენ ვის დაუჭირონ მხარი. ტანსტოლის ტყეში კი ელის დაკუორთის რაზმის ყაჩაღები არიან, რომელთაგან ბევრი განსაკუთრებით ზუსტი მოისარია. სტივენსონის რომანში ჩანან სხვადასხვა ისტორიული პერსონაჟებიც, მათ შორის რიჩარდ გლოსტერი, მომავალში ინგლისის მეფე რიჩარდ III. 
შავი ისარი" ქართულ ენაზე 1960 წელს ითარგმნა და მას შემდეგ რამდენჯერმეა გამოცემული (რობერტ ლუის სტივენსონიშავი ისარი. ალექსანდრე გამყრელიძის თარგმანი. თბილისი: ნაკადული, 1960, 1967, 2002; ხომლი, 1993; ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა, 2011; პალიტრა L, 2014).  
15. უმბერტო ეკო - ვარდის სახელი
იტალიელი მედიევისტის, უმბერტო ეკოსვარდის სახელს" ალბათ კონკრეტული ადგილი არ აქვს ჟანრობრივ კლასიფიკაციაში - პოსტმოდერნი, დეტექტივი, ისტორიული რომანი, მისტიკა. წიგნის სიუჟეტი ვითარდება შუა საუკუნეებში, XIV საუკუნის კათოლიკურ მონასტერში, იტალიაში. შერლოკ ჰოლმსის პროტოტიპი - ფრანცისკანელი ბერი უილიამ ბასკერვილელი წიგნის მთავარი გმირია. ის ცდილობს გამოიკვლიოს თუ რატომ ხდება უცნაური და ამოუხსნელი მკვლელობები მონასტერში. საიდუმლოს ინახავს მონასტრის უზარმაზარი ბიბლიოთეკა. შუა საუკუნეების მონასტრის ცხოვრება, დამოკიდებულება ადამიანური გრძნობების, რწმენისა და ცოდნისადმი, უმბერტო ეკოს კარგად აქვს გადმოტანილი წიგნის გვერდებზე. მან ამ წიგნით ნამდვილად შეძლო მკითხველისათვის პატარა მოგზაურობა მოეწყო შუა საუკუნეებში. „ვარდის სახელი" ქართულ ენაზე პირველად 2011 წელს გამოქვეყნდა, თუმცა შემდეგ კიდევ დაიბეჭდა (უმბერტო ეკოვარდის სახელი. ხათუნა ცხადაძის თარგმანი. თბილისი: დიოგენე, 2012).

ზემოთ ნახსენებ სიაში კიდევ რამდენიმე წიგნი შეტანა შემეძლო, თუმცა გადავწყვიტე რომ ეს საკმარისი იყო. იმედი მაქვს, ვისაც გაინტერესებთ შუა საუკუნეები და გსურთ მეტი წაიკითხოთ ამ ისტორიულ ეპოქაზე, ეს სია დახმარებას გაგიწევთ.

ნიკა ხოფერია