29 ნოემბერს, 18:00-ზე საქართველოს ეროვნულ არქივში (მის. ვაჟა-ფშაველას #1) საჯარო ლექციას თემაზე: „ბრძოლა პეტრასთვის (535-551 წწ.) და გვიანანტიკური ხანის საალყო ხელოვნება“, წაიკითხავს ნიკა ხოფერია.
ლაზიკის (ეგრისის) ომი ბიზანტიის იმპერიასა და სასანურ სპარსეთს შორის გვიანანტიკური ხანის სამხრეთ კავკასიის ისტორიაში ყველაზე მასშტაბური ისტორიული მოვლენაა. ლაზიკის ომი 21 წელიწადი გაგრძელდა და ის ძირითადად ლაზიკის სამეფოში, თანამედროვე დასავლეთ საქართველოს ტერიტორიაზე მიმდინარეობდა. ომში მონაწილეობა მიიღო მრავალმა ბიზანტიელმა და ირანელმა მხედართმთავარმა და გაიმართა სხვადასხვა კატეგორიის ბრძოლა: საალყო თუ საველე, შესაბამისად, ლაზიკის ომი სამხედრო ისტორიკოსებისთვის საინტერესო მასალას იძლევა. ლაზიკის ომის ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი ბრძოლა გაიმართა ციხე-ქალაქ პეტრას გარშემო. პეტრა ლაზიკაში ბიზანტიელთა სტრატეგიული, ეკონომიკური და პოლიტიკური ცენტრი და ლაზიკის გასაღები იყო. ლაზიკის ომში გამართულ ბრძოლებს შორის, პეტრას გამორჩეული ადგილი უჭირავს არა მხოლოდ მისი ხანგრძლივობით, არამედ საბრძოლო მოქმედებათა სიმძაფრითა და საალყო მეთოდთა მრავალფეროვნებით. ლექციაში მიმოხილული იქნება ციხე-ქალაქ პეტრას სტრატეგიული მნიშვნელობა, ეკონომიკური ფუნქცია, დაარსების ისტორია და გვიანანტიკური სამხედრო-საალყო ხელოვნება პეტრას ალყის მიხედვით. დასწრება თავისუფალია