პომპეუსის სამხედრო კამპანია იბერიაში (ძვ.წ. 65 წ.)


ძვ.წ. I საუკუნის შუა ხანებში, იბერიის სამეფო, თავისი ძლიერი მეზობლების, პონტოსა და დიდი სომხეთის სამეფოების გავლენის ქვეშ იყო მოქცეული. პონტოს მეფე მითრიდატე VI ევპატორი და დიდი სომხეთის მეფე ტიგრან II დიდი, რომლებიც ერთმანეთის მოკავშირეები და ნათესავები იყვნენ, დიდ ტერიტორიას აკონტროლებდნენ მცირე აზიასა და ახლო აღმოსავლეთში. პონტოს ელინისტური სამეფო, რომელიც მანამდე მცირე, პერიფერიულ სამეფოს წარმოადგენდა, მითრიდატე ევპატორის მმართველობისას იმპერიად ჩამოყალიბდა. მითრიდატემ დაიპყრო ყირიმის ნახევარკუნძული, კოლხეთი, მცირე აზიის დიდი ნაწილი და ბოლოს დაპირისპირებაც მოუხდა მცირე აზიაში რომაელთა მოკავშირე სამეფოებთან. რომაელებმა, რომელთაც ყოფილი პერგამონის სამეფოს ტერიტორიაზე პირველი აზიური პროვინცია, „აზია“ დაარსეს, მალე მითრიდატესთან ომში ჩაერთვნენ. პონტოსთან ომი ხანგრძლივი და რთული გამოდგა. რომაელებს სამი ომის ჩატარება დასჭირდათ მითრიდატეს, მისი მოკავშირის ტიგრან II-სა და კავკასიისა და ახლო აღმოსავლეთის უფრო მცირე სამეფოების დასამარცხებლად და რომის გავლენის ქვეშ მოსაქცევად.

პოლიტიკური ვითარება და ომის მიზეზი

მესამე მითრიდატული ომის დროს (ძვ.წ. 73-63 წწ.), რომაელმა სარდალმა, ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსმა, შემდეგ კი, გნეუს პომპეუსმა, გარდამტეხ უპირატესობას მიაღწიეს ომში. პომპეუსის სამხედრო კამპანია ამ დროისთვის რომაელთა ყველაზე დიდი აღმოსავლური ლაშქრობა იყო. პომპეუსმა დალაშქრა მცირე აზია,  კავკასია, სირია-პალესტინა და სხვა მხარეები. იბერია და ალბანეთი, როგორც პონტოსა და სომხეთის მოკავშირე სამეფოები, ომის ქარცეცხლს ვერ გაექცნენ. რომს კავკასიის თავისი გავლენის ქვეშ მოქცევა სასარგებლოდ მიაჩნდა ახალი სავაჭრო გზებისა და საქონლის ბაზრების ხელში ჩასაგდებადაც. დიდ სომხეთში სიტუაციის მოწესრიგების შემდეგ, პომპეუსმა იქ თავისი ლეგატი, ლუციუს აფრანიუსი დატოვა, თვითონ კი ლეგიონებით ჩრდილოეთით გაილაშქრა. ძვ.წ. 66-65 წლის ზამთარი პომპეუსმა იბერია-ალბანეთის სიახლოვეს, მდინარე მტკვრის სანაპიროებზე გაატარა, რა დროსაც ალბანელთა თავდასხმის მოგერიებაც მოუხდა. როგორც პლუტარქე (I-II სს.) წერს, პომპეუსმა ალბანელებს სთხოვა გზა დაეთმოთ და მათ ქვეყანაზე გავლის ნებართვა მიეცათ.
მითრიდატე VI ევპატორის ტეტრადრაქმა, ძვ.წ. I ს.
ტიგრან II დიდის ტეტრადრაქმა, ძვ.წ. I ს.
ამათ ჯერ თანხმობა განუცხადეს, მაგრამ როდესაც პომპეუსის ჯარს ზამთარმა ამ ქვეყანაში მოუსწრო... ალბანელებმა სულ ცოტა ორმოცი ათასი მეომრის შემადგენლობით მდინარე მტკვარი გადალახეს და პომპეუსს თავს დაესხნენ. თუმცა პომპეუსს შეეძლო მტკვარზე მტრის გადმოსვლას წინ დადგომოდა, მაგრამ მოითმინა და ალბანელებს მდინარის გადმოლახვა აცალა, მერე კი თავს დაესხა, უკუაქცია და სულ ერთიანად ამოჟლიტა. ამ დროისთვის, სამხრეთით მიმდინარე მოვლენების გათვალისწინებით, იბერიის სამეფო კარს გაცნობიერებული უნდა ჰქონოდა, რომ რომაელებთან ომი გარდაუვალი იყო და სათანადო სამზადისიც უნდა დაეწყოთ. ანტიკურ წყაროებში აღნიშნულია, რომ იბერიელები ალბანელებს რიცხობრივად არ ჩამოუვარდებოდნენ, გულადობითაც სხვებზე მამაცები იყვნენ და ძალიან უნდოდათ მითრიდატესთვის ეამებინათ და პომპეუსი უკუექციათ. ისტორიული წყაროების მიხედვით, არტოკემ პომპეუსის მოტყუება სცადა და მეგობრობის წინადადებით ელჩები გაუგზავნა. პომპეუსმა იცოდა იბერიელთა მზადების შესახებ და ომის გადადებას აღარ აპირებდა. სავარაუდოდ, არტოკე მის შემოჭრას არა ადრე გაზაფხულზე, არამედ უფრო გვიან ელოდა, ვინაიდან პომპეუსს ანგარიში ჰქონდა გასასწორებელი ალბანელებთან, რომლებიც მანამდე რომაელთა საზამთრო ბანაკებს დაესხნენ თავს. პომპეუსი ასე არ მოიქცა და პირველად მაინც იბერიისკენ დაიძრა იმ დროს, როდესაც არტოკეს ყურადღება შედარებით მოდუნებული იქნებოდა. ამან ომზე საკმაოდ დიდი ზეგავლენა მოახდინა. 

მეთაურები

გნეუს პომპეუსი (ძვ.წ. 106 - ძვ.წ. 48 წწ.) გვიანდელი რომის რესპუბლიკის ერთ-ერთი გამორჩეული ისტორიული ფიგურაა. იმ დროისთვის, როდესაც მანილიუსის კანონმა, მას შეუზღუდავი ძალაუფლება მიანიჭა აღმოსავლეთში, რათა რომს წარმატებით დაესრულებინა მესამე მითრიდატული ომი, პომპეუსს უკვე დიდი სამხედრო გამოცდილება გააჩნდა. ის იბრძოდა სამოქალაქო ომში ლუციუს კორნელიუს სულას მხარეს და შემდეგ სარგებლობდა დიქტატორის კეთილგანწყობით. პომპეუსი მონაწილეობდა კვინტუს სერტორიუსის წინააღმდეგ ომში ესპანეთში. მოქმედებდა მონების მესამე ომის (სპარტაკის მეთაურობით) ბოლო ეტაპზეც. მითრიდატესთან ომის წინ, პომპეუსი იბრძოდა ხმელთაშუა ზღვის მეკობრეთაგან გასაწმენდად. პომპეუსი აღმოსავლეთში მოქმედებდა, როგორც შეუზღუდავი მბრძანებელი და რომაელი ხალხის სრულუფლებიანი წარმომადგენელი. ის თავისი შეხედულებებით, სენატისგან დამოუკიდებლად ანაწილებდა ტერიტორიებს და წყვეტდა ადგილობრივ ხელისუფალთა შორის ატეხილ დავასა და შეხლა-შემოხლას, ამტკიცებდა ტახტის პრეტენდენტებს და აფართოებდა რომის პოლიტიკის ერთგულად გამტარებელ და ნება-სურვილის შემსრულებელ მეფეთა ჯგუფს.
გნეუს პომპეუს „მაგნუსი"(დიდი), ძვ.წ. I ს. რომაული ბიუსტი

იბერიის მეფე არტოკე, დაახლოებით ძვ.წ. 73-63 წლებში მეფობდა. ისტორიულ წყაროებში მის შესახებ მეტად მწირი ცნობებია. როგორც ძვ.წ. 69 წელს, რომაელი კონსულის ლუციუს ლიცინიუს ლუკულუსის არმიის სომხური სამხედრო კამპანიის მიმდინარეობისას ჩანს, არტოკე პონტოს მეფის მითრიდატესა და დიდი სომხეთის მეფე ტიგრანის მოკავშირე იყო რომის წინააღმდეგ ომში. იბერიელი შუბოსნები იბრძოდნენ ქალაქ ტიგრანოკერტასთან ბრძოლაშიც, რომელშიც რომაელებმა, ლუკულუსის მეთაურობით, დიდი გამარჯვება მოიპოვეს ტიგრან II-ს ლაშქარზე. პომპეუსის მოახლოებისას, არტოკეს, სამხედრო სამზადისი უკვე დაწყებული უნდა ჰქონოდა და შესაძლებლობების ფარგლებში, ის ეცდებოდა რომაელთა შემოტევის მოგერიებას. 

სამხედრო მოქმედებების არეალი

რომაელებსა და იბერიელებს შორის, არ გამართულა წინასწარ შერჩეულ ადგილზე, ერთმანეთის პირისპირ განლაგებული ორი არმიის კლასიკური საველე ბრძოლა. უფრო მეტად, პომპეუსსა და არტოკეს შორის სტრატეგიული დაპირისპირება, პოზიციური ომი გაიმართა. პომპეუსი თავისი ლეგიონებით, მტკვარს ამოუყვა, იბერიის ცენტრალური ნაწილისკენ დაიძრა და სამიზნედ არმაზციხე მოინიშნა. რომაელების ასე სწრაფად მოახლოებისას, არტოკე მიხვდა, რომ გენერალურ ბრძოლაში ჩართვას ვერ შეძლებდა და მაინც იომებდა, ომს აუცილებლად წააგებდა, ამიტომ უკან დაიხია. მცხეთა მტკვრისა და არაგვის შესაყართან მდებარეობს.
არმაზციხის ნაშთები

 ბაგინეთის მთაზე მდებარე არმაზიცხე მისი თავდაცვის სისტემის მთავარი კომპონენტი იყო. ამ მიდამოებში პომპეუსი, ბუნებრივია, ეცდებოდა კარგი პოზიციის დაჭერას და თუ იბერიელები აქ ბრძოლას არ გაუმართავდნენ, შემდგომი მოქმედებებისთვის გადაჯგუფებას. როგორც შემდეგ აღმოჩნდა, რომაელებს ომის არაგვის ხეობაში გაგრძელებაც მოუხდათ, სადაც რიგი შეტაკებები მოუხდათ და იბერიელთა პარტიზანულ წინააღმდეგობას შეხვდნენ, სანამ ომი ზავით დასრულდებოდა.

ჯარები

გნეუს პომპეუსის არმია, რომლითაც მან ალბანეთში, იბერიასა და კოლხეთში ილაშქრა, სამი ლეგიონისგან უნდა ყოფილიყო შემდგარი, რაც დაახლოებით 15-25 ათასი ჯარისკაცია. ეს საკმაოდ დიდი ძალა იყო და იბერიის ჯარს მასზე დიდი რიცხობრივი უპირატესობა ვერ ექნებოდა. რომაელი ლეგიონერები, გამოცდილი მეომრები იყვნენ, რომლებიც მითრიდატე პონტოელთან, სომხებთან და ალბანელებთან ომებში მონაწილეობდნენ. ისინი აღჭურვილები იყვნენ ჯაჭვის პერანგებით, სატყორცნი შუბებით (პილუმებით), მოკლე, საჩეხი მახვილებით (გლადიუსებით), დიდი, ოვალური ფარებით (სკუტუმებით), იბრძოდნენ მჭიდრო რიგებად. ლეგიონერების გარდა, ლეგიონში მსუბუქი ქვეითები, მოკავშირე ჯარის ნაწილები, მათ შორის ცხენოსნები და მშვილდოსნები.
რომაელი ლეგიონერები, ძვ.წ. I ს. ანგუს მაკბრაიდის ნახატი

იბერიის სამეფოს ლაშქარი, შეკრებილი იყო თავისუფალი მიწათმოქმედებისგან, დიდებულებისა და მოკავშირე ან მოქირავნე რაზმებისგან. მონები ომში არ მონაწილეობდნენ გამონაკლისი შემთხვევების გარდა. ლაშქარს სახალხო სახე ჰქონდა. მეომრის აღჭურვილობის ხარისხი განისაზღვრებოდა მისი სოციალური მდგომარეობის მიხედვით. მეფის საგვარეულოს წევრები, სასახლის მცველები და დიდგვაროვნები საუკეთესოდ იყვნენ შეიარაღებულები. ახლო აღმოსავლეთისა და სამხრეთ კავკასიის ხალხებისთვის უცნობი არ იყო საბრძოლო ეტლების გამოყენება. ასეთ ეტლებს კი, სავარაუდოდ, სწორედ დიდებულები იყენებდნენ ბრძოლაში. გასათვალისწინებელია რომ ჯარის ყველაზე მრავალრიცხოვანი ნაწილი მაინც ქვეითებისგან იყო შედგენილი. ქვეითად იბრძოდა სამხედრო ვალდებულების მქონე, დაბალი სოციალური სტატუსის მოსახლეობა. მათ არც ცხენის გამოყვანა შეეძლოთ ბრძოლაში და იარაღიც დაბალი ხარისხის ჰქონდათ. იბერიელი შუბოსნები განთქმული მეომრები იყვნენ და რომაელების წინააღმდეგ ბრძოლის გამოცდილება, ჯერ კიდევ ძვ.წ. 69 წელს, ლუკულუსის სომხური კამპანიის დროს ჰქონდათ მიღებული. როგორც ისტორიულ წყაროებში ჩანს, იბერიელებს კარგი მშვილდოსნებიც ჰყავდათ, რომელთაც რომაელებს პრობლემები განსაკუთრებით არაგვის ხეობაში მიმდინარე შეტაკებებისას შეუქმნეს. იბერიელებს უნდა ჰყოლოდათ კარგად აღჭურვილი ცხენოსანი ჯარიც, რომელიც სამეფო ოჯახისა და არისტოკრატიისგან შედგებოდა. 

საბრძოლო მოქმედებები

პომპეუსის ლეგიონების არმაზციხესთან სწრაფად მიახლოებისას, არტოკემ უკან დახევა დაიწყო მტკვრის მეორე ნაპირზე. ვინაიდან ასეთი მოქმედება საკმაოდ დიდ დროს მოითხოვდა, არმაზციხის გარნიზონმა, რომელიც ბუნებრივია, რომაულ ჯართან შედარებით, გაცილებით მცირერიცხოვანი იყო, მაინც გაუმართა ბრძოლა პომპეუსს, რათა მთავარ ძალებს მდინარეზე გადასვლა მოესწროთ. არტოკემ რთულ სიტუაციაში, სწორი გადაწყვეტილება მიიღო და გენერალური ბრძოლის გარეშე გაეცალა  პომპეუსს, ვინაიდან ამ შემთხვევაში აუცილებლად დამარცხდებოდა, უკან დახევითა და მდინარის სანაპიროს გამაგრებით კი, რომაელთა გეგმა, სწრაფი გამარჯვების მიღწევისა, ჩაშალა. არმაზციხის დაკავებისა და იბერიელთა უკან დახევის შემდეგაც, არტოკეს ჯერაც ხელუხლებელი ჯარი ჰყავდა და იბერიის დიდ ნაწილს კვლავ აკონტროლებდა. რომაელებს იბერიაში ომის გაჭიანურება აშინებდათ, ვინაიდან პომპეუსს გეგმაში კოლხეთში გალაშქრება და მითრიდატეს შეპყრობა ჰქონდა, რისთვისაც აჩქარება მართებდა. მტკვარზე გადასვლას რომაელები მანამდე ვერ ახერხებდნენ, სანამ არტოკესთან ზავი არ დაიდო და იბერიელებმა თვითონ არ მისცეს პომპეუსს მდინარის ფორსირების საშუალება. ზავის თანახმად, არტოკე რომაელებს საშუალებას მისცემდა გზა გაეგრძელებინათ კოლხეთისკენ. ამ შემთხვევაში, იბერიის მეფე რთული მდგომარეობიდან წარმატებით გამოდიოდა, თანაც ისე, რომ ჯარს და სამეფოს შეინარჩუნებდა, მაგრამ ხიდზე გადასულმა პომპეუსმა, რომელიც შესაძლოა ბოლომდე მაინც არ ენდობოდა იბერიელებს, მოულოდნელად, ომი გააგრძელა.
ე.წ. „პომპეუსის ხიდი" მცხეთაში




არაგვის ხეობა
პომპეუსის იბერიული კამპანია (ს. მარგიშვილის სტატიაში მოცემული სქემის მიხედვით, შეადგინა ნ. ხოფერიამ), მაღალი რეზოლუციით სანახავად გადადით ლინკზე: https://postimg.cc/XGznQ2vR
ასეთ მდგომარეობაში, არტოკე იძულებული გახდა კვლავ უკან დაეხია და ახლა მდინარე არაგვი გადაელახა, მაგრამ სანამ ამას მოახერხებდა, მცხეთის ჩრდილოეთით, არაგვის ხეობის სიღრმეში, იბერიელებსა და რომაელებს შორის ბრძოლა გაიმართა. ეს იყო ერთი უკან დახეული არმიის ზურგზე მეორე, დადევნებული არმიისგან იერიშის მიტანა, რა დროსაც პირველი ვერ ახერხებს დროულად მოეწყოს საბრძოლო რიგებად. დიონ კასიუსის (II-III სს.) მიხედვით, ვიდრე იბერიელი მშვილდოსნები თავის მოხერხებას გამოიყენებდნენ, პომპეუსი ეცა მათ და უმალვე უკუაქცია. აქედან აშკარა ხდება, რომ იბერიელები ვერ ასწრებენ მსუბუქი ქვეითი ჯარის (მშვილდოსნები) განლაგებას, მტერთან დისტანციაზე ბრძოლის გამართვას და მძიმე ქვეითებისა და ცხენოსნების მოწყობას. რომაელებმა გაიმარჯვეს. ბრძოლაში 9 ათასამდე იბერიელი მეომარი დაეცა, 10 ათასი კი ტყვედ ჩავარდა. არტოკემ მაინც მოახერხა ჯარის ნარჩენები არაგვზე გადაეყვანა და კვლავ დაწვა ხიდი. ჯარის ნაწილი დაიფანტა. თუმცა, ისინი ტყეებს მიეფარნენ და იქიდან, ჩასაფრებულები ესროდნენ რომაელებს ისრებს, რის გამოც, პომპეუსი იძულებული გახდა ტყეში ხანძარიც კი გაეჩინა. რომაელებმა ვერც ადიდებული არაგვის გადალახვა შეძლეს, რაშიც მათ ხელს არტოკეს ჯარიც შეუშლიდა. ზოგიერთი ისტორიკოსის აზრით, მიუხედავად იმ დანაკლისისა, რაც იბერიელებმა რომაელებთან ბრძოლაში განიცადეს, არაგვის მიღმა, მათ შეიძლებოდა ახალი ძალები მოსვლოდათ ჩრდილოეთ კავკასიიდან გადმოყვანილი მოქირავნეების სახით, ამიტომ როდესაც საბოლოო ზავი დაიდო რომაელებთან, იბერია არ წარმოადგენდა უმწეო და ბოლომდე განადგურებულ მხარეს. რომაელებმა ზაფხულში, უკვე შეთხელებული არაგვის გადალახვა ისე მოახერხეს, რომ მათთვის არტოკეს ხელი აღარ შეუშლია, ვინაიდან, ამ დროისთვის, მას ზავის დადება უკვე გადაწყვეტილი უნდა ჰქონოდა. ის მოერიდა ზედმეტ დანაკარგებს და დათანხმდა პომპეუსის ზავის პირობებს. 

შედეგები

იბერიისა და რომის რესპუბლიკის ომი, რომელიც, შეგვიძლია მესამე მითრიდატული ომის ერთ ეპიზოდად წარმოვადგინოთ, რომაელთა გამარჯვებით დასრულდა. იბერიის მეფემ დიდძალი ძღვენი და ძვირფასი მძევლები მისცა პომპეუსს, რომლებიც შემდგომში რომში, მის ტრიუმფზე უნდა გამოეტარებინათ. იბერია გახდა რომის „მოკავშირე და მეგობარი“. ეს სტატუსი ენიჭებოდათ რომაელთა კლიენტ, ვასალურ დამოკიდებულებაში მყოფ სამეფოებს. სამხედრო თვალსაზრისით, იბერიელებმა ადგილობრივი პირობებისა და სამხედრო რესურსების გამოყენებით, დიდი პრობლემები შეუქმნეს რომაელ სარდალს; დიდი წინააღმდეგობა გაუწიეს რომაელთა ლეგიონებს და რამდენიმე ძვირფასი თვეც დააკარგინეს პომპეუსს, რომელსაც მთავარი მოწინააღმდეგის, პონტოს სამეფოს სამფლობელოდ ქცეულ კოლხეთში გადასვლა, იქ კონტროლის დამყარება და მითრიდატეს შეპყრობა ეჩქარებოდა.


ბიბლიოგრაფია
  1. დიონ კასიოსის [კოკეიანოსის] ცნობები საქართველოს შესახებ, ბერძნული ტექსტი ქართულ თარგმანითურთ გამოსცა და შესავალი კომენტარები დაურთო ნოდარ ლომოურმა ; [მთ. რედ.: ი. აბულაძე, ვლ. ფუთურიძე. თბილისი, 1966.
  2. მითრიდატეს ომების ისტორია, ბერძნ. ტექსტები ქართ. თარგ. გამოსცა, შესავალი და საძიებლები დაურთო თ. ყაუხჩიშვილმა. თბილისი, 1959.
  3. ტაციტუსის ცნობები საქართველოს შესახებ, ლათინური ტექსტი ქართული თარგმანით, შესავალი ნარკვევითა და კომენტარებითურთ გამოსცა ალ. გამყრელიძემ. თბილისი, 1973. 
  4. სოსო მარგიშვილი, იბერიის ომი პომპეუსთან (დიონ კასიუსის ცნობების კრიტიკული ანალიზი), ქართველოლოგია: სამეცნიერო ჟურნალი, თებერვალი N1. თბილისი, 2007.
  5. პლუტარქოსი, რჩეული ბიოგრაფიები, წიგნი II. თბილისი, 2013.
  6. Peter Greenhalgh, Pompey: The Roman Alexander. Columbia, 1981.

ნიკა ხოფერია