სამხრეთი ჩრდილოეთის წინააღმდეგ (რეცენზია მიხეილ ბარნოვის წიგნზე „რობერტ ედვარდ ლი: დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი")


ამერიკის ისტორიისა და კულტურის შესწავლას საქართველოში არც ისე ხანგრძლივი ისტორია აქვს, თუმცა საბჭოთა კავშირის დაშლის შემდგომ პერიოდში, დამოუკიდებელ საქართველოში, ამ მხრივ მდგომარეობა შედარებით გაუმჯობესდა. ინფორმაციული ვაკუუმიდან გამოსვლის შემდეგ, ეს სფერო ყოველწლიურად კიდევ უფრო ვითარდება და მეტ ადამიანს იზიდავს, რასაც ხელს უწყობს ამერიკის კულტურის, მუსიკის, კინემატოგრაფიის პოპულარობა; პოლიტიკური კავშირები და ა.შ. ამ მხრივ, ყველაზე დიდი გავლენა, ბუნებრივია, ამერიკის შეერთებულ შტატებს აქვს. აშშ-ს ისტორია, დამოუკიდებლობის მოპოვებიდან სამოქალაქო ომამდე, კონტინენტის დასავლეთის ათვისებიდან და დიდი დეპრესიის პერიოდამდე, I და II მსოფლიო ომებიდან ცივი ომის დასრულებამდე, ფართო ისტორიის საგნად ყალიბდება. ერთ-ერთი ბოლო, მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც უკანასკნელ წლებში გამოიცა, არის ქართველი ამერიკანისტის მიხეილ ბარნოვის „რობერტ ედვარდ ლი - დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი"(თბილისი, 2016, 178 გვ.).
მიხეილ ბარნოვის ნაშრომი შედგება შესავლის, 24 თავისა და დასკვნისგან. სათაურის მიხედვით, წიგნი ეხება ამერიკის ისტორიის ერთ-ერთ ყველაზე გამორჩეულ ისტორიულ ფიგურას, რობერტ ედვარდ ლის, კონფედერაციის გენერალს, რომელმაც ამერიკის სამოქალაქო ომში (1861-1865 წწ.) უდიდესი გამარჯვებები მოიპოვა, ახლო იყო საბოლოო მიზანთანაც, მაგრამ საბოლოოდ, კონფედერატები მაინც დამარცხდნენ, რასაც უამრავი ობიექტური მიზეზი ჰქონდა.
წიგნში ავტორი არ გვთავაზობს ომის ისტორიის, ერთიან, მონოტონურ თხრობას და ფაქტების უწყვეტ სერიას, არამედ სამოქალაქო ომის ცალკეული მოვლენების მიმოხილვას, ანალიზს. პირველივე თავში, („რესურსები წყვეტენ ყველაფერს?"), ომის საწყისი მოვლენების მიმოხილვის შემდეგ, ჩვენ გვხვდება სამოქალაქო ომში ჩრდილოეთ და სამხრეთ შტატების რესურსების, პოტენციალის შედარება. ეს მეტად მნიშვნელოვანი საკითხია, რომელსაც ქართული ისტორიოგრაფია, ჩემი აზრით, ხშირად, საკმაოდ ზერელედ უდგება, არადა, სამხედრო ისტორიკოსისთვის, ნებისმიერი ომის კვლევისას, აუცილებლად შესასწავლი თემაა. ავტორი ადარებს როგორც ეკონომიკურ მონაცემებს, ისე მოსახლეობის რიცხოვნობას, ინდუსტრიალიზაციის დონეს, სამხედრო პოტენციალს.  ავტორი ასკვნის რომ ჩრდილოეთს რესურსების თვალსაზრისით უპირატესობა ჰქონდა, მაგრამ სამხრეთის დამარცხების მთავარი მიზეზი ეს არ იყო. შემდგომ თავებში ის კიდევ ბევრჯერ უბრუნდება ამ თემას. მკითხველს საშუალება აქვს წაიკითხოს თემის გამოცდილ მკვლევართა, სათანადო არგუმენტებზე დამყარებული მსჯელობა ერთი საკითხის, ამ შემთხვევაში კონფედერაციისა და ფედერალების ძალთა ბალანსის, გარშემო.
აშშ სამოქალაქო ომის რუკა

რესურსების შედარების შემდეგ, ავტორი მოგვითხრობს კონფედერატებისა და ფედერალების არმიების პრობლემებზე ომის დროს - როგორი მომზადებულები იყვნენ ჯარისკაცები, რა მდგომარეობაში ჰქონდათ ამუნიცია, როგორი მოწესრიგებული იყო კომუნიკაციები და ა.შ. იმ პირობებში, რომ წიგნი არ გახლავთ სქელტანიანი, კარგია, რომ ასეთი დეტალების ჩვენთვის გაცნობას ავტორი მაინც ახერხებს.
„პირველი ბულ რანის ბრძოლა - ერთ დღეში მოგებული ომი" - ეს თავი სამოქალაქო ომის პირველი დიდი საველე ბრძოლას ეხება, რომელშიც კონფედერატმა გენერლებმა ჯოზეფ ჯონსტონმა, პიერ ბორეგარმა და „სთოუნუოლ" ჯექსონმა, დიდი გამარჯვება მოიპოვეს ფედერალთა არმიაზე, რომელთაც უილფრიდ სკოტი, ირვინ მაკდოუელი და რობერტ პატერსონი სარდლობდნენ. ბრძოლის განხილვას კვლავ თან სდევს რესურსების შედარება, რათა გვიჩვენოს, რომ ჩრდილოელთა უპირატესობის მიუხედავად, სამხრეთს ბულ რანის მსგავს ბრძოლებში გამარჯვებების მოპოვებით, ომის მოგების შესაძლებლობა ჰქონდა. ორი მომდევნო თავი კონფედერაციისა და ფედერალების არმიების პოლიტიკურ და სამხედრო მეთაურებს ეხება, მათ საერთო და განმასხვავებელ ნიშნებს. წიგნში სათანადო ადგილი ეთმობა კონფედერაციის გენერალს, რობერტ ლის და მის სამხედრო წარმატებებს ფრედერიკსბურგისა (1862) და ჩანსელორსვილის (1863) ბრძოლებში; შემდეგ კი, გეტისბურგთან (1863) დიდ დამარცხებას. აქვე მოყვანილია სამოქალაქო ომის ამ უმთავრეს ბრძოლაში კონფედერატთა დამარცხების მთელი რიგი ობიექტური მიზეზები, მათ შორის, ლის მარჯვენა ხელის, გენერალ თომას „სთოუნუოლ" ჯექსონის დაღუპვა ჩანსელორსვილის ბრძოლაში, კავალერიის მეთაურის ჯებ სტიუარტის თვითნებური მოქმედებები. ეს დეტალები ავტორს არ გამორჩენია და სათანადოდ წარმოადგინა. მსჯელობა გრძელდება სამოქალაქო ომის დასავლეთ ფრონტზე მიმდინარე მოვლენებზე, შაილოს და სხვა მნიშვნელოვან ბრძოლებზე.
გენერალი რობერტ ლი ჩანსელორსვილთან (1863 წ.)

გამორჩეულად საინტერესოა წიგნის მეორე ნაწილი, რომელშიც ავტორი კვლავ კონფედერაციის მარცხის მიზეზების ძიებაშია, თუმცა, ამჯერად რესურსების, სამხედრო პოტენციალისა და მეთაურების შესაძლებლობების შედარების გარდა, მსჯელობს ტაქტიკასა და სტრატეგიაზე, როგორ უნდა ებრძოლა კონფედერაციას და რა შეეძლო დაეპირისპირებინა უფრო ძლიერი ჩრდილოეთისთვის. განხილულია ფაბიუსისა და ნაპოლეონის, ამ შემთხვევაში, გენერალური ბრძოლისთვის თავის არიდების და პირიქით, გენერალურ ბრძოლაში გადამწყვეტი გამარჯვების სტრატეგიები. მოყვანილია სხვადასხვა ავტორიტეტულ მკვლევართა მოსაზრებები, რაც ხელს უწყობს საკითხის კიდევ უფრო ნათლად წარმოდგენას. წიგნი გრძელდება რამდენიმე მცირე ქვეთავით, რომლებშიც ომის საინტერესო დეტალებს ვაწყდებით, როგორიცაა ფედერალების გენერლების გრანტისა და შერმანის სამხედრო კამპანიები, განსაკუთრებით ამ უკანასკნელის უწყვეტი მარში, რომელმაც, ფაქტობრივად, შუაზე გაჭრა კონფედერაცია და დიდი მორალური და ეკონომიკური ზიანი მიაყენა მას, ასევე, კონფედერატთა უკანასკნელი გაბრძოლება - გენერალ ჯუბალ ერლის შეტევა ვაშინგტონის მიმართულებით, რომელიც წარუმატებლად დასრულდა; რიჩმონდის დაცვა რობერტ ლის მიერ და კონფედერაციის საბოლოო მარცხი. ყველა ეს მოვლენა მოკლედ, საინტერესოდ და გასაგები ენით არის აღწერილი და არ წარმოადგენს უბრალოდ ფაქტების წყებას, სტატისტიკას.
შაილოს ბრძოლა (1862 წ.), ტურე დე ტულსტრუპის ილუსტრაცია

წიგნის ბოლო და საკმაოდ ვრცელი ნაწილი, თითქმის მთლიანად ეთმობა ომში კონფედერაციის დამარცხებისა და ჩრდილოეთ შტატების გამარჯვების საკითხს. განსაკუთრებით საინტერესოა თვითონ კონფედერატებისა და ფედერალების მოსაზრებები ომის შესახებ, როგორ აფასებდნენ ორივე მხარის სამხედრო მოქმედებებს და რას თვლიდნენ გამარჯვებისა თუ დამარცხების მიზეზად. ამის შემდეგ ავტორი უკვე თანამედროვე მკვლევარებზე გადმოდის და მათეულ შეფასებებს წარმოგვიდგენს. უკანასკნელ თავში, ის კვლავ უბრუნდება გენერალ რობერტ ლის („გენერალი რობერტ ლი - „ღმერთკაცი" თუ უბრალო მოკვდავი?"). აქ კვლავ ვხვდებით შედარებით მსჯელობას, ამჯერად, კონკრეტულად რობერტ ლის და ჩრდილოელთა სახელგანთქმულ გენერალ უილის გრანტის შესახებ. ერთის, როგორც სამხრეთის, წარმავალი არისტოკრატული ეპოქის სიმბოლოს, მეორეს კი ჩრდილოეთის, კომერციული, ურბანული სამყაროს, ე.წ. self made man კულტურის წარმომადგენელს (გვ. 146). საინტერესოდ არის აღწერილი თუ როგორ აფასებენ ლის ამერიკელები, რას თვლიან მის დადებით და უარყოფით მხარედ, რამდენად აკნინებს დიდი გენერლის სახელს ის, რომ მონათმფლობელური კონფედერაციის მხარეს იბრძოდა და ა.შ. ბოლოს კი ავტორი ასკვნის, რომ მიუხედავად რობერტ ლის შესახებ არსებული ათასობით მონოგრაფიის, კვლევის, პუბლიკაციებისა, გენერლის პიროვნების კვლევას ვერ მივიჩნევთ ამოწურულ საკითხად, რაც სავსებით მისაღები და მართებული დასკვნაა და ეხება არა მხოლოდ რობერტ ლის, არამედ ნებისმიერ ისტორიულ ფიგურას.
გამარჯვებული გენერალი ულისეს გრანტი ხვდება კონფედერატთა გენერალს რობერტ ლის, რომელმაც კაპიტულაცია გამოაცხადა (აპომატოქსი, ვირჯინია, 1865 წ. 9 აპრილი), თომას ნასტის ნახატი

წიგნის დასკვნაში, ავტორი უბრუნდება წიგნში განხილულ მთელ რიგ საკითხებს და მოსაზრებებს და კვლავ, ამჯერად ზედმიწევნით და ჩამოყალიბებულად გვიხსნის კონფედერაციის დამარცხების მიზეზებს. „სამხრეთის ომში წარმატების ერთადერთი შანსი ელვისებური ომის ეფექტი იყო. შესაძლებელია ითქვას, რომ ბლიცკრიგის ტრატეგიის არქონის გათვალისწინებით, კონფედერაცია არსებითად მოუმზადებელი იყო რესურსებით ძლიერ მტერთან საბრძოლველად"(გვ. 170).
ძირითადი ტექსტის დასრულების შემდეგ, მოყვანილია საკმაოდ ვრცელი ბიბლიოგრაფია და ელე-რესურსები, რომელშიც სამოქალაქო ომის შესახებ დაწერილი ბევრი მნიშვნელოვანი კვლევა შედის, მათ შორის ალან ფარმერის (Why the North won the American Civil War, History review, Issue 52, 2005), დევიდ პოტერის (Jefferson Davis and the Political Factors in Confederate Defeat, 1962), გარი გალაგჰერის (Chancellorsville: the Battle and its Aftermath (Military Campaigns of the Civil War), 1996), ჯონ კიგანის (The American Civil War: A Military History, 2010), ჯეიმს კობის (How Did Robert E. Lee Become an American Icon?, Humanities Magazine, July/August 2011/Volume 32, number 4) ნაშრომები. წიგნი სრულდება მოკლე ინგლისურენოვანი რეზიუმეთი.
რა შეიძლება ითქვას მიხეილ ბარნოვის ამ საინტერესო ნაშრომზე მთლიანობაში? გავაკეთებ მხოლოდ რამდენიმე მოკრძალებულ შენიშვნას.
პირველ რიგში ეს ეხება სათაურს: მართალია ავტორი ხშირად ამახვილებს ყურადღებას რობერტ ლიზე და მის სამხედრო მიღწევებზე, მაგრამ, ვინაიდან, წიგნის შინაარსი გაცილებით უფრო ფართო და მრავლისმომცველია, ვფიქრობ, უკეთესი იქნებოდა, თუ წიგნის სათაური მოიცავდა მთლიანად სამოქალაქო ომს, რათა მკითხველი ერთი შეხედვით არ შესულიყო შეცდომაში და არ ჩაეთვალა უბრალოდ რობერტ ლის ბიოგრაფიად. სათაურად, ალბათ, გამოდგებოდა ქვესათაურად მოყვანილი „რატომ წააგო კონფედერაციამ ამერიკის სამოქალაქო ომი?"
გეტისბურგის ბრძოლა (1863 წ.), ტურე დე ტულსტრუპის ილუსტრაცია

მეორე შენიშვნა ეხება ნაშრომის გეგმას/სტრუქტურას: წიგნის კითხვისას ხშირად არ მიჩნდებოდა ერთიანობის განცდა და თავების უმეტესობას, უფრო მეტად ცალკეულ ამბებად, ისტორიებად წარმოვიდგენდი. ამავე დროს, ვფიქრობ, ავტორი ზოგიერთი თავის ერთმანეთთან გაერთიანებით, უფრო მწყობრ და აზრობრივად კარგად ჩამოყალიბებულ მსჯელობას მიიღებდა, ვიდრე ეს გამოყოფის შემთხვევაშია. ასევე, წიგნის მიზანი, როგორც ჩანს, არის ომის ანალიზი და იმის განსაზღვრა, თუ რატომ დამარცხდა კონფედერაცია ომში და რა შანსები ჰქონდა მას გამარჯვებისთვის, მაგრამ ამაზე ავტორი ბევრ სხვადახვა ადგილზე მსჯელობს და ჩნდება განმეორებითობის განცდა. ვფიქრობ, აჯობებდა მსჯელობა უფრო მწყობრი და ერთ ადგილზე მოქცეული ყოფილიყო, მაგალითად, წიგნის ბოლოში, ვრცელი დასკვნის სახით, მანამდე კი, ომის დეტალების აღწერა და მოკლე შეფასებები.
ვფიქრობ, კარგი იქნებოდა, ავტორს ცოტა უფრო მეტი ყურადღება დაეთმო კიდევ ორი მნიშვნელოვანი საკითხისთვის - სამხედრო ტექნოლოგიებისა და საზღვაო საქმისთვის. სამხედრო ტექნიკის, იარაღის განვითარების თვალსაზრისით, სამოქალაქო ომში გარკვეული ცვლილებები შეინიშნება, ბევრი დეტალით კი, ეს ომი ნაპოლეონის ომებსაც მოგვაგონებს. კარგი იქნებოდა ჩვენება თუ რა შეიცვალა XIX საუკუნის დასაწყისის ომებიდან ამერიკის სამოქალაქო ომამდე და რა სიახლეები გვაქვს სახეზე ამავე საუკუნის 60-იან წლებში. მაგალითად, გატლინგის ტყვიამფრქვევის გამოჩენა ბრძოლის ველზე და ა.შ. ჩრდილოეთის საზღვაო ძლიერებამ, სამდინარო გზების ეფექტიანმა გამოყენებამ და ფედერალთა ფლოტისგან სამხრეთის ფაქტობრივმა ბლოკადამ, დიდი როლი შეასრულა ფედერალების გამარჯვებაში კონფედერაციაზე. აღსანიშნავია ისეთი საზღვაო მეთაურების ღვაწლიც, როგორიც იყო გამოჩენილი ამერიკელი ადმირალი დევიდ გლაზგო ფარაგუტი. საინტერესო იქნებოდა ამ საკითხებზე ავტორისეული მოსაზრებების უფრო ვრცლად გაცნობა, რამდენადაც ამის შესაძლებლობა იქნებოდა წიგნის მცირე მასშტაბებში.
ადმირალი დევიდ ფარაგუტი ხომალდ „ჰარტფორდზე"
ცოტ რამ უნდა ითქვას პირადად ავტორის დამოკიდებულებაზეც სამოქალაქო ომის მიმართ. მიხეილ ბარნოვი, როგორც ამერიკის ისტორიისა და კულტურის კარგი მცოდნე, მეტად ობიექტურად უდგება კვლევას, მაგრამ როგორც ეს ჩვეულებრივ ხდება, ნებისმიერი ისტორიკოსის შემთხვევაში, მაინც ვერ მალავს სუბიექტურ დამოკიდებულებას და ომში კონფედერაციას და გენერალ რობერტ ლის „გულშემატკივრობს". ეს, რასაკვირველია, ოდნავაც არ აკნინებს ავტორს და მის ნაშრომს და გარკვეულწილად, უფრო საინტერესოსაც კი ხდის. ამას გარდა, რობერტ ლის პიროვნებით, მისი სამხედრო ნიჭით, კონფედერაციის თავგანწირული ბრძოლით, არაერთი სამხედრო ისტორიკოსი მოხიბლულა და მათ ნაშრომებშიც გარკვეულწილად, იგრძნობა, მცირედი სუბიექტურობა.
მთლიანობაში უნდა ითქვას, რომ მიხეილ ბარნოვის წიგნში კარგად იგრძნობა ავტორის ღრმა ცოდნა და სიყვარული ამერიკის ისტორიისადმი. სერიოზული მიდგომა და ამ თემაზე არსებული მნიშვნელოვანი ნაშრომების კარგი ცოდნა. განსაკუთრებულად გამოსაყოფია მიხეილ ბარნოვის წერის სტილი და გადმოცემის შესანიშნავი უნარი, რაც მკითხველს უადვილებს წიგნში მოცემული ინფორმაციის აღქმასა და გააზრებას.
„რობერტ ედვარდ ლი: დამარცხებული არმიის გამარჯვებული გენერალი" დიდი შენაძენია ქართული ისტორიოგრაფიისთვის; სასარგებლო დანამატი როგორც ამერიკისმცოდნეობის, ისე სამხედრო ისტორიული ბიბლიოთეკისთვისაც და სათანადო შეფასებასა და აღიარებას იმსახურებს.



ნიკა ხოფერია