საიმპერიო შეჯიბრი" - Hnefatafl ყირიმის ომიდან (1853-56)


1855 წელს, ინგლისურმა კომპანიამ „Jacques"-მა, რომელიც უკვე 200 წელია ამზადებს სამაგიდო თამაშებს, გამოუშვა შუა საუკუნოვანი სკანდინავიური თამაშის, Hnefatafl-ს პირველი, კომერციული ვერსია (კლასიკური ვერსია იხილეთ ამ ლინკზე: ჰნეფატაფლი) „Imperial Contest"(საიმპერიო შეჯიბრი), რომელიც ამ პერიოდში მიმდინარე ყირიმის ომს ეხმიანება.
1853-56 წლებში, რუსეთის იმპერიასა და ოსმალეთს შორის მიმდინარე ომში, ამ უკანასკნელის მხარეს მონაწილეობდნენ ევროპული სახელმწიფოები - ინგლისი, საფრანგეთი და სარდინიის სამეფო. ომი დასრულდა 1856 წელს, პარიზის ზავით და მნიშვნელოვნად შეზღუდა რუსული გავლენა შავი ზღვისპირეთში. Jacques-ს გამოშვებული „საიმპერიო შეჯიბრის" დაფის შუაგულში განლაგებული ფიგურები წარმოადგენენ რუსებს და რუსეთის იმპერატორს (ამ შემთხვევაში ნიკოლოზ I-ს), ხოლო გარე ფიგურები, რომელთა მიზანი მეფის დაჭერაა, ინგლისელებს, სარდინიელებს, ფრანგებსა და თურქებს განასახიერებენ.
რუსეთის იმპერატორი ნიკოლოზ I. ფრანც კრიუგერის ნახატი (1852)
კარლ ლინეუსი, ალექსანდრე როსლინის ნახატი, (1775 წ.)

აღსანიშნავია, რომ თამაში XVIII საუკუნის შვედი ბოტანიკოსის კარლ ლინეუსის დღიურის მიხედვით გააკეთეს (ეს დღიური 1811 წელს ითარგმნა ინგლისურად). 
1863 წელს, „საიმპერიო შეჯიბრის" ამერიკული ვერსიაც გამოვიდა. ის ამერიკის სამოქალაქო ომს ეხება. დაფის ცენტრში კონფედერატი მეთაური და მისი მცველები არიან, ხოლო მათი შეპყრობა ჩრდილოელებს ევალებათ.
„საიმპერიო შეჯიბრის" წესები:
*დაფის ცენტრის მოთამაშეს ვუწოდოთ რუსეთი, გარეს - მოკავშირეები.
  • თამაშობს ორი მხარე - ერთი წარმოადგენს რუსეთს და ჰყავს 1 იმპერატორი და 8 არმია, მეორე მხარე კი წარმოადგენს ინგლისს, საფრანგეთს, ოსმალეთსა და სარდინიას და 16 არმია ჰყავს.
  • არ არის განსაზღვრული რომელმა მხარემ უნდა დაიწყოს თამაში და დამოკიდებულია მოთამაშეების შეთანხმებაზე. 
  • თითო სვლაზე მოთამაშეს შეუძლია ფიგურა ვერტიკალურად და ჰორიზონტალურად გადაადგილოს იმდენ უჯრაზე, რამდენზეც უნდა, თუ მის მოძრაობას მოწინააღმდეგის ფიგურა, უკიდურესი კუთხის ფიგურები და ცენტრალური უჯრა (რომელზეც იმპერატორი დგას და მარტო მას შეუძლია დადგომა) არ აფერხებს.
  • გამონაკლისია იმპერატორი, რომელსაც ჰორიზონტალურად და ვერტიკალურად მხოლოდ 4 უჯრაზე შეუძლია გადაადგილება. 
  • ფიგურის მოკვლა შესაძლებელია მისი ორ ფიგურას შორის მოქცევით. თითოეულ სვლაზე მხოლოდ 1 ფიგურის მოკვლა შეიძლება. 
  • მოკავშირეების ფიგურა არ კვდება, თუ იმპერატორსა და იმპერატორის მცველის ფიგურის შუაში მოხვდება. იმპერატორი არ გამოიყენება მოწინააღმდეგის მოსაკლავად. 
  • იმპერატორი იგებს თუ მიაღწევს დაფის ოთხი კიდიდან ერთ-ერთს. მოწინააღმდეგის მიზანია ოთხი მხრიდან დაიჭიროს იმპერატორი (ან სამი მხრიდან თუ ცალი მხრიდან რომელიმე გვერდის კიდეზეა. 

ჩემი Hnefatafl-ს ახალი სეტი „საიმპერიო შეჯიბრის" მიხედვით ავაწყე, მაგრამ თემატიკა შევცვალე და ის ეხება თბილისის ალყას, 1921 წელს, როდესაც დაცვის რამდენიმე დღის შემდეგ, გენერალმა გიორგი კვინიტაძემ გადაწყვიტა უკან დაეხია და ქალაქი დაეტოვებინა, რათა შემდეგ ომი გაეგრძელებინა. დაფის ცენტრშია ქართული არმია მწვანე ფიგურებით და ცენტრალური ფიგურით (გენერალი კვინიტაძე), გარშემო კი სამი რუსული არმიის ნაწილები (IX, X, XI), პრინციპი იგივეა რაც „საიმპერიო შეჯიბრში" - ქართულმა არმიამ, კერძოდ კი ცენტრალურმა ფიგურამ, ამ შემთხვევაში გენერალმა, წარმატებით უნდა შეძლოს უკან დახევა და ბრძოლის ველის დატოვება ისე რომ მტრის ალყაში არ მოექცეს.



ნიკა ხოფერია