ართურ უესლი (შემდგომში უელსლი) 1769 წლის 1 მაისს დაიბადა
დუბლინში, ანგლო-ირლანდიურ ოჯახში. ის სულ რამდენიმე თვით იყო უფროსი თავის მომავალ
მოწინააღმდეგეზე, ნაპოლეონზე (რომელიც 1769 წლის 15 აგვისტოს დაიბადა აიაჩოში, კორსიკაზე).
ართურის მამა, გარეტ უესლი, მორნინგტონის პირველი ერლი, ხოლო დედა, ანა, ართურ ჰილის,
დუნგანონის პირველი ვიკონტის უფროსი ქალიშვილი იყო. აღსანიშნავია რომ მომავალი ჰერცოგ
უელინგტონის საგვარეულო ირლანდიაში ჯერ კიდევ დედოფალ ელიზაბეტ I-ს დროიდან ცხოვრობდა (XVI ს.), თუმცა მხოლოდ 1728 წლიდან დაიწყო მათი აღზევება,
როდესაც რიჩარდ კოლეიმ, ართურის ბაბუამ მნიშვნელოვანი მემკვიდრეობა და გვარი „უესლი“
(რომელიც ასევე იწერებოდა როგორც უელსლი) მიიღო. გარეტ უესლის ართურის გარდა, კიდევ
ოთხი შვილი ჰყავდა, სამი ვაჟი, რიჩარდი, უილიამი, ჰენრი და ერთი გოგონა, ანა. აღსანიშნავია,
რომ ყველა მათგანი წარმატებული
გამოდგა და თავისი წვლილი შეიტანა ბრიტანეთის
იმპერიის მშენებლობაში, რისთვისაც ისტორიკოსმა ჯონ სევერნმა ართურსა და მის ძმებს,
„იმპერიის არქიტექტორები“ უწოდა. განსაკუთრებით აღსანიშნავია ართურისა და მისი უფროსი
ძმის, რიჩარდის წარმატებები ნაპოლეონის ომებში ბრიტანეთისა და მოკავშირეების გამარჯვებებში.
ართურმა განათლება ინგლისში, იტონის კოლეჯში მიიღო,
ასევე, დროებით ცხოვრობდა ბრიუსელში, სადაც კერძო სწავლებას გადიოდა (მისთვის ნაცნობი
ამ გარემოს სიახლოვეს, ოცდაათი წლის შემდეგ, გაიმართა ვატერლოოს ბრძოლა), შემდეგ კი
სწავლობდა ანჟერის საცხენოსნო აკადემიაში, საფრანგეთში. ეს განსაკუთრებით გამოადგა
მომავალ ჰერცოგს, რადგან ანჟერში ის დახელოვნებული მხედარიც გახდა, სამხედრო საქმეზეც
შეიქმნა წარმოდგენა და ფრანგული ენაც ისწავლა.
ზოგადად, ახალგაზრდა ართური არ გამოირჩეოდა ათლეტურობითა
და განსაკუთრებული ჯანმრთელობით, მაგრამ ნიჭიერი იყო მუსიკასა და მათემატიკაში, რომლებიც
ბევრად ერჩია ვიდრე სხვა აკადემიური სფეროები თუ სახლგარე აქტივობები.
განსხვავებით უფროსი ძმის, რიჩარდისგან (მორნინგტონის
ერლი და მომავალი მარკიზი უელსლი), ყმაწვილობაში, ართური არ ავლენდა განსაკუთრებულ
ინტერესს სამხედრო საქმისადმი, მაგრამ საბოლოოდ სწორედ ამ გზის არჩევა მოუხდა, რადგან
ოჯახს ფინანსურად უჭირდა და სასურველი იყო ისიც, როგორც თავისი ძმა, არმიაში ჩარიცხულიყო.
1780-იანი წლებში, ართურ უელსლი აქტიურობდა პოლიტიკურ
არენაზე. ის ირლანდიის თემთა პალატის წევრი გახდა. მიიჩნევდნენ პერსპექტიულ მუსიკოსადაც,
თუმცა მას შემდეგ, რაც 1791 წელს, თომას პაკენჰემმა, ბარონმა ლონგფორდმა, რომელიც ვერ
წარმოიდგენდა, რომ ეს უბრალო ოფიცერი მომავალში დიდ წარმატებებს მიაღწევდა, უარი განუცხადა
თავისი დის, კიტის მითხოვებაზე, ართურმა დროებით მიატოვა პოლიტიკა, თავისი ვიოლინოები
ცეცხლს მისცა და გადაწყვიტა სამხედრო კარიერას გაჰყოლოდა.
უელსლი რამდენიმე წლის განმავლობაში ებრძოდა ფრანგებს
ნიდერლანდებში. 1794 წელს, აქ ბოქსტელთან (ქალაქ ბრედასთან ახლოს), ფრანგების წინააღმდეგ
წარუმატებელ შეტაკებაში მან პირველი საბრძოლო ნათლობა მიიღო. ნიდერლანდების კამპანია,
ცუდი დაგეგმვისა თუ მეთაურთა შეცდომების გამო, მეტად მარცხიანი გამოდგა ანტიფრანგული
კოალიციისთვის (რომელშიც იყვნენ ბრიტანეთი, ნიდერლანდები, საღვთო რომის იმპერია, პრუსია
და ფრანგი როიალისტები). შემდგომში უელინგტონი წერდა: „სულ მცირე, ის მაინც ვისწავლე
რა არ უნდა გავაკეთო, ეს კი, გამოსადეგი გაკვეთილია“.
ქალაქ ანჟერის ციხესიმაგრე |
იტონის კოლეჯის კაპელა (XVIII ს.) |
ინგლისში დაბრუნების შემდეგ, ართური იმედოვნებდა რომ
სამხედრო მდივნის თანამდებობას მიიღებდა ირლანდიის ახალ მთავრობაში, მაგრამ ახალმა
ლორდ-ლეიტენანტმა, ჯონ ჯეფრის პრატმა, ლორდმა კემდენმა, მას მხოლოდ არტილერიის ინსპექტორ-გენერლობა შესთავაზა, რაც ახალგაზრდა უელსლიმ
უარყო და დაუბრუნდა თავის რაზმს, რომლის გაგზავნასაც ვესტ-ინდოეთში აპირებდნენ, თუმცა
შტორმის გამო, უკან მოუხდა დაბრუნება. საბოლოოდ, რამდენიმე თვის შემდეგ, რაზმის ინდოეთში
გაგზავნა გადაწყდა. უელსლიმ მიიღო სრული პოლკოვნიკის წოდება და თავის რაზმთან ერთად
კალკუტისკენ გაცურა.
ინდოეთში ჩასვლიდან მალე, ართური ხანმოკლე ექსპედიციაში
გაგზავნეს ფილიპინებზე. იქიდან დაბრუნებულმა კი აღმოაჩინა რომ ინდოეთის გენერალ-გუბერნატორად
მისი ძმა, რიჩარდი (ლორდი მორნინგტონი) დაუნიშნავთ. ამავე პერიოდში, ლორდმა მორნინგტონმა
შეცვალა თავისი გვარის მართლწერა და ახლა უესლის ნაცვლად, უელესლიდ იწოდებოდა. მის
მაგალითს ართურმა და დანარჩენმა ოჯახმაც მიბაძა.
ინდოეთში ძმის გენერალ-გუბერნატორობის პერიოდში, ართურმა მონაწილეობა მიიღო ამ დროს მიმდინარე ანგლო-მაისურის მეოთხე ომში. მაისურის სულთანი ტიპუ დაუკავშირდა ფრანგებს, რომლებიც ამ დროს ეგვიპტეში იბრძოდნენ გენერალ ნაპოლეონ ბონაპარტის მეთაურობით. ნაპოლეონმა წერილში აღუთქვა მას ბრიტანული უღლის გადაგდება, მაგრამ ფრანგებისთვის რთული იყო ფლოტისა და მნიშვნელოვანი სახმელეთო ძალების გარეშე ინდოეთამდე მიეღწიათ და რაიმე არსებითი დახმარება აღმოეჩინათ მაისურისთვის. ბრიტანელების მოკავშირეები იყვნენ სხვა ინდური სამთავროებიც, რომელთა მრავალრიცხოვან ჯარებს ბრიტანეთის აღმოსავლეთ ინდოეთის კომპანიის სამხედრო ნაწილები უბამდნენ მხარს. ართურ უელსლი თავისი 33-ე ქვეითი რაზმით იბრძოდა ტიპუ-სულთანის წინააღმდეგ, გენერალ-ლეიტენანტ ჯორჯ ჰარისის სარდლობით და თავი გამოიჩინა სერინგპატამის გადამწყვეტ ბრძოლაში (1799 წ. 5 აპრილი). ომის დასრულების შემდეგ, ახალგაზრდა ოფიცერი დაინიშნა ამ მხარის გუბერნატორად. 1801 წელს, მას მონაწილეობა უნდა მიეღო ეგვიპტეში ფრანგების გასადევნად დაწყებულ ექსპედიციაში, რისი მოტივაციაც ნაკლებად ჰქონდა ექსპედიციის ხელმძღვანელ გენერალ დევიდ ბეირდთან ცუდი ურთიერთობის გამო, მაგრამ თავისთვის საბედნიეროდ, ავადმყოფობის მომიზეზებით (დიარეისა და ციებცხელების გარდა, უელესლის დაემართა კანის სოკოვანი დაავადება, რომელსაც სოკო ტრიხოფიტონი იწვევს) მოახერხა თავიდან აერიდებინა ეს მოგზაურობა. ამავე პერიოდში, უკვე ბრიგადის გენერლად დაწინაურებულმა უელესლიმ, ჩაახშო მაისურში დაწყებული ამბოხი, რომელსაც მაისურის არმიის ყოფილი ჯარისკაცი, დონდია ვაგი მეთაურობდა.
გენერალი ლორდ კორნუოლისი მძევლებად იღებს ტიპუ სულთანის ორ ვაჟს, 1793 წ. (რობერტ ჰომის ნახატი) |
ყველაზე მასშტაბური სამხედრო დაპირისპირება, რომელშიც
ინდოეთში ყოფნისას ართურ უელესლიმ მონაწილეობა მიიღო, ანგლო-მარათჰის ომი იყო. ამ დროისთვის,
მას უკვე მიღებული ჰქონდა გენერალ-მაიორის წოდება. მიუხედავად მოწინააღმდეგესთან შედარებით
მცირერიცხოვანი ძალებისა, უელესლიმ გადაწყვიტა არა თავდაცვითი, არამედ შეტევითი ომი
წამოეწყო. ამ სტრატეგიამ ბრიტანელებს წარმატება მოუტანა. 1803 წლის 23 სექტემბერს,
უელესლიმ დიდი გამარჯვება მოიპოვა მარათჰის არმიაზე ასაის ბრძოლაში. ბრიტანეთის აღმოსავლეთ
ინდოეთის კომპანიის არმია 10 ათასამდე მეომარს და 17 ზარბაზანს მოითვლიდა, მარათჰის
იმპერიის ჯარი კი 50 ათასს აჭარბებდა (მათგან 10 ათასი ევროპულ ყაიდაზე გაწვრთნილი,
დანარჩენი - მოხალისეთა რაზმები) და მეტი ქვემეხებიც ჰქონდათ. უელესლის შეტაკებაში
ორი ცხენი დაეღუპა და ბრძოლა მესამეზე ამხედრებულმა დაასრულა. შემდგომში, უკვე ვეტერანი
და ვატერლოოს გამარჯვებული უელინგტონის ჰერცოგი აღნიშნავდა, რომ ასაის ბრძოლა საუკეთესო
იყო იმ ბრძოლებს შორის რომლებშიც კი მონაწილეობა მიუღია. 1803 წლის ბოლოს, ბრიტანეთსა
და მარათჰის იმპერიას შორის სურჯი-ანჯანგაონის ზავი დაიდო. ინდოეთში მიღწეული წარმატებებისთვის,
ართურ უელესლიმ აბანოს ორდენის რაინდობა (Knight of the Bath) დაიმსახურა, ასევე, მნიშვნელოვნად
გამდიდრდა ფინანსურად. 1805 წელს, თავის ძმასთან, რიჩარდთან ერთად (რომლის გენერალ-გუბერნატორობის
ვადა დასრულდა), ართური ევროპაში გაემგზავრა. როგორც უელინგტონის ბიოგრაფიის ორტომეულის
ავტორი, რორი მუირი აღნიშნავს, „ართურ უელესლი იყო 35 წლის, როდესაც ინდოეთიდან გაცურა.
იყო გენერალ-მაიორი და აბანოს რაინდი. მისი ადგილი სამყაროში და მისი ფინანსური დამოუკიდებლობა
უზრუნველყოფილი იყო, სულ მცირე, მოკრძალებულად. შესაძლოა, უკვე დაკმაყოფილებული ჰქონდა
ადრეული ამბიციები, მაგრამ ინდოეთში მან აღმოაჩინა, რომ არმია და უფრო ფართოდ, საზოგადოებრივი
სამსახური - მისი მოწოდება იყო. და თვისი ცხოვრების დანარჩენი ნაწილი მას გულმოდგინედ
უნდა ეძებნა შესაძლებლობები, რათა საკუთარი უნარები მაქსიმალურად გამოეყენებინა...
ინდური თავგადასავლები დასრულებული იყო.“
აბანოს ორდენი |
უელესლი ასაის ბრძოლაში (ჯოზეფ კონსტანტინ სტადლერი, XIX ს.) |
მადრასიდან
გასვლიდან ოთხი თვის თავზე, ხომალდი „ტრიდენტით“ გამგზავრებული ძმები უელსლები წმინდა
ელენეს კუნძულზე შეჩერდნენ, სადაც მომავალი ჰერცოგი უელინგტონი იმ სახლში იმყოფებოდა,
სადაც წლების შემდეგ მისი უდიდესი მოწინააღმდეგე, ნაპოლეონი აღმოჩნდა გადასახლებაში.
1805 წელს,
როდესაც ართურ უელსლი ინგლისში დაბრუნდა, მისი სახელი ჯერ კიდევ არ იყო განთქმული.
მან მალევე მიმართა სამხედრო სამდივნოს ახალი დანიშვნისთვის. აქ, მისაღებში, ის პირველად
და უკანასკნელად შეხვდა ლეგენდარულ ბრიტანელ ადმირალს, ჰორაციო ნელსონს.
უელესლი მაშინვე
მიხვდა რომ მის წინაშე ნელსონი იყო, ნელსონმა კი ვერ იცნო ჯერაც ნაკლებად ცნობილი გენერალი,
ამიტომ, როგორც შემდგომში უელინგტონი აღნიშნავდა, საკმაოდ ქედმაღლად ესაუბრებოდა და
მხოლოდ თავის თავზე საუბრობდა. თუმცა, საუბარი უფრო საინტერესო გახდა, მას შემდეგ,
რაც ნელსონმა მსახურისგან თანამოსაუბრის ვინაობა გაიგო. უელესლიმ და ნელსონმა ისაუბრეს
ქვეყნის საქმეებზე, მიმდინარე მოვლენებზე, შესაძლებლობებზე. „ამან უფრო დიდი შთაბეჭდილება
მოახდინა ჩემზე, ვიდრე ჩვენი საუბრის პირველმა ნაწილმა“ - წერდა უელინგტონი. მათი შეხვედრიდან
სამ დღეში, ნელსონი ზღვაში გავიდა. ტრაფალგარის ბრძოლა კი, რომელშიც ნელსონმა დიდი
გამარჯვება მოიპოვა, მაგრამ თვითონ დაიღუპა, თვე-ნახევარში გაიმართა.
ვინაიდან ბრიტანეთს
საფრანგეთისგან თავდასხმა ემუქრებოდა, უელესლის ერთ-ერთი ბრიგადა ჩააბარეს და მან მოსალოდნელი
აგრესიის მოსაგერიებლად ჰასტინგსთან დაიკავა პოზიციები. ეს გარკვეულწილად უკუსვლა იყო
ასაის გმირისა, მაგრამ მან თავისი საქმე პატიოსნად შეასრულა. როგორც ის წლების შემდეგ
აღნიშნავდა, „თუ ნაპოლეონი მოახერხებდა ინგლისში გადმოსვლას, მიაღწევდა ლონდონამდე,
რადგან ჩვენი ძალები ამ დროისთვის ცუდად იყო ორგანიზებული და მართული“. ზუსტად იგივეს
ფიქრობდა თვითონ ნაპოლეონიც: „რა წინააღმდეგობა უნდა გაუწიოს უდისციპლინო არმიამ ჩემსას
მინდორ-ველებით მოფენილ ისეთ ქვეყანაში, როგორიც ინგლისია?“ თუმცა 1805 წელს ბრიტანეთი
გადაურჩა ფრანგთა შემოტევას, რადგან ავსტრიისა და რუსეთის არმიებთან საომრად, ნაპოლეონი
იძულებული გახდა დაეტოვებინა ბულონის ბანაკი და თავისი „დიდი არმია“ აღმოსავლეთისკენ
გადაესროლა.
1805 წლის
მიწურულს, უელესლის თავისი ბრიგადით მონაწილეობა უნდა მიეღო რუსულ-ბრიტანულ ექსპედიციაში
ჩრდილოეთ გერმანიაში, თუმცა ეს ექსპედიცია დაგვიანებული და უმნიშვნელო გამოდგა, უელესლის
კი არანაირი აქტიური როლი არ ჰქონია და მას შემდეგ, რაც ექსპედიციამ მიიღო ინფორმაცია
ნაპოლეონისგან აუსტერლიცის ბრძოლაში რუსულ-ავსტრიული გაერთიანებული არმიის განადგურების
შესახებ, თავის ბრიგადასთან ერთად, მალე სამშობლოში დაბრუნდა. 1806 წლის იანვარში,
უელესლი გახდა ინგლისის პარლამენტის წევრი, როგორც ტორების პარტიის წარმომადგენელი,
ერთი წლის შემდეგ კი, უფროსი მდივანი ირლანდიაში ირლანდიის ლორდ-ლეიტენანტის, ჰერცოგი
რიჩმონდის ხელქვეით. ასევე, მისი უდიდებულესობის საიდუმლო საბჭოს წევრი.
1808 წლამდე,
სანამ უელსლი ჩაერთვებოდა ე. წ. ნახევარკუნძულის ომში ანუ ესპანეთში ფრანგების წინააღმდეგ
კამპანიაში, ის მონაწილეობდა დანიასთან დაპირისპირებაში. 1807 წლის მაისში, უელესლი,
ისე რომ შეინარჩუნა თავისი პოლიტიკური თანამდებობა, შეუერთდა ბრიტანულ ექსპედიციას
ნაპოლეონის მოკავშირე ქვეყნის, დანიის წინააღმდეგ და უმეთაურა ქვეით ბრიგადას.
ტრაფალგარის ბრძოლა, 1805 წ. (უილიამ ტერნერის ნახატი, 1822 წ.) |
ბულონის ბანაკის ინსპექცია 1804 წ. |
დანია ნაპოლეონის
ომებში ნეიტრალიტეტს ინარჩუნებდა, მაგრამ 1806 წლის ბოლოდან, გამოჩნდა იმის ნიშნები,
რომ შესაძლებელი იყო ეს ქვეყანა ფრანგებს მიმხრობოდა. 1806 წლის 10 ივლისისთვის, ლონდონში
მივიდა ანგარიში დანიის საქმეებთან დაკავშირებით, რომ ფრანგები ემზადებოდნენ დანიაში
შესაჭრელად. ასევე ვრცელდებოდა ჭორები, რომ დანია დაკეტავდა ერესუნის სრუტეს და ფრანგებთან
ერთად მონაწილეობას მიიღებდა ირლანდიაში მოსალოდნელ ექსპედიციაში. რამდენიმე დღეში,
ლორდმა მალგრეივმა, საადმირალოს პირველმა ლორდმა, წინადადება წამოაყენა, გაეგზავნათ
ძლიერი ესკადრა დანიაში დანიელების დასახმარებლად, თუ მათ ფრანგები შეუტევდნენ. ასევე,
დანიელთა ფლოტის სათვალთვალოდ. მეფე ჯორჯ III ამ წინადადებას დათანხმდა. ყოველდღიურად
მოდიოდა ახალი ინფორმაცია, მათ შორის, ნაპოლეონსა და ალექსანდრეს შორის კავშირზე და
დანიური ფლოტის მზადებაზე ზღვაში გასასვლელად. შემდგომში აღმოჩნდა რომ ეს ინფორმაცია
მცდარი იყო. სტრალზუნდისკენ უკვე გაგზავნილი ჯარი უკან გამოსაწვევი გახდა, მინისტრებს
კი ეშინოდათ რომ ფრანგები დაიპყრობდნენ დანიას, დანიელთა ნებისა და წინააღმდეგობის
მიუხედავად და გამოიყენებდნენ მას შვედეთზე შესატევად.
ივლისის ბოლოსთვის, ექსპედიცია მომზადდა და დანიისკენ გაცურა. ექსპედიციის მიზანი იყო გავლენის მოხდენა დანიაზე, რომ ქვეყანას პოლიტიკა შეეცვალა ან თუ ეს არ მოხერხდებოდა, ინგლისელებს ძალით უნდა დაეკავებინათ დანიური ფლოტი. ასევე არსებობდა იმის შანსი რომ თუ ნაპოლეონი უკვე შეუტევდა ჰოლშტაინს, მაშინ ბრიტანულ ნაწილებს შეიძლებოდა დანიელებთან ერთად ეომად მათ წინააღმდეგ კუნძულ ზელანდის დასაცავად. ართულ უელესლიმ მიატოვა საქმეები ირლანდიაში, რის შესახებაც რიჩმონდის ჰერცოგს წერილში მოუბოდიშა და ხომალდ „პრომეთეთი“ გაემართა დანიაში. ექსპედიცია დანიასა და შვედეთს შორის მდებარე კატეგატში 5 აგვისტოს ჩავიდა. ჯერჯერობით დანიასა და ინგლისს შორის დიპლომატიური ურთიერთობები არ იყო დარღვეული, ამიტომ ინგლისელები მშვიდობიანად გადადიოდნენ სანაპიროზე. მაგრამ მალე მდგომარეობა შეიცვალა და ექსპედიციის მეთაურს, ლორდ კათკარტს დანიის წინააღმდეგ მოქმედება მოუხდა. მას უნდა დაეკავებინა ან გაენადგურებინა დანიური ფლოტი და საზღვაო მარაგები კოპენჰაგენის ყურეში. მაგრამ ყურე კარგად იყო დაცული როგორც ზღვიდან, ისე ხმელეთიდან და ძნელი და სავარაუდოდ, დიდ მსხვერპლთან დაკავშირებული იქნებოდა ისეთი ოპერაციის ჩატარება, როგორიც 1801 წელს ჰორაციო ნელსონმა შეძლო. გენერალ-კვარტირმაისტერმა, ლეიტენანტ-პოლკოვნიკმა ჯორჯ მიურეიმ წამოაყენა გეგმა, რომელიც ლორდმა კათკარტმა მიიღო. გეგმის მიხედვით, კოპენჰაგენი ყველა მხრიდან უნდა ჩაეკეტათ ისე რომ მოსახლეობას ვერ დაეტოვებინა, შემდეგ კი დაებომბათ ქალაქი მანამდე, სანამ მთავრობა არ დანებდებოდა. ზოგი ამ სასტიკი გეგმის წინააღმდეგ წავიდა, მათ შორის, უელესლიც, რომელიც ფიქრობდა რომ თუ კოპენჰაგენს სწრაფად შემოარტყამდნენ ალყას, გადაუჭრიდნენ მომარაგების გზებს და წყალს, დიდ ფსიქოლოგიურ დარტყმას მიაყენებდნენ დანიელებს და ისინი დანებდებოდნენ, მაგრამ თუ ეს არ მოხდებოდა, მიურეის გეგმის მიხედვით მოქმედება, ფაქტობრივად, გარდაუვალი იყო. კათკარტმა დაიწყო მიურეის გეგმის შესრულება. ინგლისური რაზმები სანაპიროზე გადასხდნენ. მათ შორის, პირველი იყო უელესლის ბრიგადა, რომელსაც შეცდომით „რეზერვს“ უწოდებდნენ, თუმცა, ჩვეულებრივ „მსუბუქ ბრიგადად“ მოიხსენიებდნენ. შემდგომში ის სწორედ ამ სახელით გახდა ცნობილი და გორდონის მთიელებთან ერთად მნიშვნელოვანი როლი შეასრულა ნახევარკუნძულის ომში უელინგტონის წარმატებაში.
კოპენჰაგენი ინგლისელთაგან დაბომბვის შემდეგ, 1807 წ. |
ხანძარი ღვთისმშობლის ტაძარში კოპენჰაგენის დაბომბვისას (კრისტოფერ ვილჰელმ ეკერსბერგის ნახატი, 1807 წ.) |
ინგლისელებმა დაამარცხეს დანიელ მოხალისეთა ნაწილები
კიოგესთან და რამდენიმე დღეში, კოპენჰაგენი ალყაში მოაქციეს. ინგლისურმა ფლოტმა დაიწყო
ქალაქის დაბომბვა ზარბაზნებიდან. გავარდა 14 ათასამდე ზალპი. ქალაქში ათასობით მშვიდობიანი
მოსახლე დაიღუპა და ყოველი მესამე შენობა დაინგრა. დაბომბვისას გამოიყენეს უილიამ კონგრივის
სისტემის აალებადი რაკეტებიც, რამაც ხანძარი გამოიწვია. 7 სექტემბერს, კოპენჰაგენის
დაცვის მეთაურმა, გენერალმა ერნსტ პეიმანმა კაპიტულაცია გამოაცხადა. აღსანიშნავია,
რომ კოპენჰაგენის ბრძოლის აღსანიშნავად, შემდგომში, სერ ჩარლზ ვეინისგან ნაყიდ, წმინდა
სისხლის ინგლისური და არაბული ცხენის ნაჯვარ ულაყს, უელესლიმ „კოპენჰაგენი“ დაარქვა.
სწორედ ამ ცხენზე ამხედრებულმა გაიმარჯვა მან ვატერლოოს ბრძოლაში, 1815 წელს.
1808 წლის
30 სექტემბრისთვის, უელესლი დაბრუნდა ინგლისში და მიიღო გენერალ-ლეიტენანტის ჩინი.
მალევე, ის დათანხმდა 9000 კაციანი ექსპედიიციის მეთაურობას და დაიწყო მზადება სამხრეთ
ამერიკის ესპანურ კოლონიებზე გასალაშქრებლად, რათა დახმარებოდა ვენესუელელ სამხედრო
მოღვაწესა და რევოლუციონერს ფრანცისკო დე მირანდას. მაგრამ გადაწყვეტილება შეიცვალა
და ის ევროპაში დარჩა, რათა უფრო მნიშვნელოვან, ნახევარკუნძულის ომში ჩართულიყო.
როგორც ენდრიუ რობერტსი აღნიშნავს, ფრიდლანდთან გამარჯვებამ, რომელსაც
ტილზიტთან დიპლომატიური წარმატება მოყვა, ნაპოლეონი შეიტყუა და დიდი შეცდომა დააშვებინა:
საფრანგეთი ჩაერთო პირენეის ნახევარკუნძულის ომში, რომელშიც ვერ გაიმარჯვებდა.
1804-1805 წლებში, ბრიტანეთში დესანტის გადასხმის გეგმის ჩაშლის შემდეგ, ნაპოლეონი
იმედოვნებდა თავისი დაუძინებელი მტრის კომერციულად განადგურებას ბერლინის დეკრეტით
(1806 წ. ნოემბერი), რომლითაც ევროპას ეკრძალებოდა ბრიტანეთთან ვაჭრობა. ეკონომიკური
ბლოკადის ეს მცდელობა „კონტინენტური სისტემის“ სახელითაა ცნობილი და მას ტილზიტში მხარი
დაუჭირეს პრუსიამ და რუსეთმა. ის მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ბრიტანეთის კომერციას,
განსაკუთრებით თუ ესპანეთის კოლონიების წყალობით, სამხრეთ ამერიკაზეც გავრცელდებოდა.
პორტუგალიამ, რომელიც დიდწილად ბრიტანეთზე იყო დამოკიდებული, უარი განაცხადა ბლოკადასთან
შეერთებაზე, რის გამოც, ერთი წლის შემდეგ, ფრანგები გენერალ ანდოშ ჟიუნოს სარდლობით,
შეიჭრნენ ამ ქვეყანაში და 1807 წლის 30 ნოემბერს ლისაბონი აიღეს, რომლიდანაც ფლოტით
უკვე ბრაზილიაში გაქცეულიყო პორტუგალიის სამეფო დინასტია.
მომდევნო თებერვალს, ფრანგები ესპანეთშიც შეიჭრნენ. მარშალმა იოახიმ
მიურატმა 1808 წლის 23 მარტს მადრიდი აიღო. მალე ნაპოლეონმა გადადგომა აიძულა კარლოს
IV-ს და მისი მემკვიდრის, ფერდინანდ VII-ს ნაცვლად, ტახტზე თავისი ძმა, ჟოზეფი აიყვანა
(ესპანეთში ცნობილი როგორც ხოსე I), მიურატი კი მის ნაცვლად, ნეაპოლში გამეფდა. ესპანეთის
მეფე და პრინცი საფრანგეთში გადაიყვანეს. მაისში ესპანელები აჯანყდნენ და ბრიტანეთმა
დაინახა შესაძლებლობა, ფრანგებისთვის ფრონტის გასახსნელად.
პორტუგალიის პრინც რეგენტი ჟოაო (დომინგო სიკეირას ნახატი, 1802 წ.) |
გენერალი ჟან ანდოშ ჟიუნო (XIX ს. ფრანგული ლითოგრაფია) |
ნაპოლეონი დაბალი შეხედულების იყო ველინგტონის საექსპედიციო კორპუსზე,
რომელიც ფრანგთაგან ოკუპირებულ პორტუგალიაში 1808 წლის 1 აგვისტოს გადასხდა და ამის
ყველა მიზეზიც ჰქონდა - ბრიტანულ სახმელეთო ძალებს ამ დროისთვის თითქმის არანაირი წარმატება
არ ჰქონიათ საფრანგეთის რევოლუციისა და ნაპოლეონის ომებში. მართალია 1801 წელს, მათ
ოსმალებთან ერთად, მოახერხეს ფრანგთა საექსპედიციო არმიის ნაშთების დამარცხება ეგვიპტეში,
მაგრამ ფრანგულ რაზმებს სამშობლოში დაბრუნების უფლება მიეცათ, კამპანიამ კი შეიწირა
ერთ-ერთი საუკეთესო ინგლისელი გენერლის, სერ რალფ აბერკრომბის სიცოცხლე. 1805 წელს,
მესამე კოალიციის ომშიც ბრიტანულ არმიას არანაირი წარმატებისთვის არ მიუღწევია. მცირე
გამარჯვება მოიპოვეს 1806 წელს, კალაბრიაში, მაგრამ მომდევნო წელს სასტიკად დამარცხდნენ
ელ ჰამედთან, ეგვიპტეში, ასევე კაპიტულაციის გამოცხადება მოუხდა ბრიტანეთის საექსპედიციო
არმიის სარდალს გენერალ ჯონ უაითლოკს ბუენოს აირესში. იმავე წელს, ბრიტანულმა დახმარებამ,
რომელიც ალექსანდრე I-ს გაუგზავნეს, ისე დააგვიანა, რომ როცა ადგილზე მივიდა, უკვე
ტილზიტის ზავი იყო დადებული, თანაც ინგლისელები არასწორ პორტში შევიდნენ. მოკლედ რომ
ვთქვათ, თუ არ ჩავთვლით ბრიტანელთა საზღვაო მიღწევებს, მათ, სამხედრო თვალსაზრისით,
15 წლიანი წარუმატებელი პერიოდი ჰქონდათ და ნაპოლეონის დამოკიდებულება მათდამი, გასაკვირი
არაა.
მაგრამ იმპერატორი შეფასებებში ცდებოდა. თვითონ უელესლი კი დარწმუნებული
იყო თავის გამარჯვებაში. როგორც შემდგომში აღნიშნავდა, რომ ეჭვი არ ეპარებოდა წარმატებაში
და არანაირი სიძნელე არ შექმნია. მის თანამედროვეთა ცნობებით, პორტუგალიაში, მონდეგოში
გადასვლიდან ერთ კვირაში, კორუნიადან უელესლი წერდა სამხედრო მდივანს, რობერტ სტიურტს,
ლორდ კასლრის, რომ ბონაპარტისთვის ძნელი იქნებოდა ესპანეთში სამხედრო ოპერაციების ჩატარება,
ვინაიდან ეს ქვეყანა არ იყო შესაბამისი დიდი არმიებით მოქმედებისთვის. „ბონაპარტი არ
არის ძალიან ძლიერი ესპანეთში“ - უთხრა უელესლიმ გენერალ-მაიორ სპენსერს ხომალდ „ქროქოდაილზე“,
ნაპირზე გადასვლამდე რამდენიმე დღით ადრე.
რობერტ სტიუარტი, ლორდ კასლრი (ტომას ლოურენსის ნახატი, 1810 წ.) |
„მე არ მინახავს ისინი ფლანდრიის კამპანიის შემდეგ, სადაც ძლიერ ჯარისკაცებად
მეჩვენნენ, ხოლო ბონაპარტის მეთაურობით მიღწეული გამარჯვებების შემდეგ, კიდევ უკეთესები
უნდა გამხდარიყვნენ. ამას გარდა, ჩანს, რომ მათ აქვთ ახლებური სტრატეგია, რომლის წყალობითაც
დაჯაბნეს ევროპის ყველა არმია. ეს საკმარისია რომ დაგაფიქროს, მაგრამ წილი ნაყარია,
შეიძლება ისინი მომერივნონ, მაგრამ არამგონია მანევრებით მაჯობონ. პირველი იმიტომ,
რომ მე არ მეშინია მათი, როგორც სხვებს; და მეორე, იმიტომ რომ რაც მე შევიტყე მანევრების
სისტემაზე, ვფიქრობ ის არ გამოდგება მტკიცე, მდგრადი რაზმების წინააღმდეგ. მე ვეჭვობ
ყველა კონტინენტური არმია უკვე ნახევრად დამარცხებული იყო როდესაც ბრძოლა დაიწყო -
მე, ყოველ შემთხვევაში, წინასწარ არ შევშინდებოდი“ - უთქვამს უელესლის 1808 წლის
14 ივნისს, ჰარლი სთრითზე ვახშმისას.
ველინგტონის წარმატებისთვის გადამწყვეტი იყო ასეთი თვითრწმენა.
1809 წლისთვის, ესპანეთში 190 ათასამდე ფრანგი ჯარისკაცი იყო, 1811 წლისთვის კი
360 ათასამდე, ამიტომ მას აუცილებლად სჭირდებოდა თავისი თავდაჯერებულობის გამოხატვა.
სანამ უელესლი პორტუგალიაში გადასხავდა ჯარს, ფრანგებმა ერთი მნიშვნელოვანი მარცხი
განიცადეს ესპანეთში. გენერალ პიერ-ანტუან დიუპონის კორპუსი, 17 000-ზე მეტი ჯარისკაცი,
ბაილენთან დანებდა ესპანელთა უფრო მცირერიცხოვან არმიას, რომელსაც გენერალი კასტანიოსი
სარდლობდა. „სამყაროს გაჩენის დღიდან არასდროს ყოფილა რამე უფრო სულელური, უგუნური
და ლაჩრული“ - აღნიშნა ნაპოლეონმა, როდესაც ამ დამამცირებელი მარცხის შესახებ შეიტყო.
უელესლიმ აქტიურად დაიწყო მოქმედება პორტუგალიაში. მან დაამარცხა
გენერალ დელაბორდეს ჯარის ნაწილები როლისას ბრძოლაში (1808 წ. 17 აგვისტო) და რამდენიმე
დღეში, ვიმეიროსთან (1808 წ. 21 აგვისტო), სრული გამარჯვება მოიპოვა გენერალ ჟიუნოს
კორპუსზე. ბაილენის კაპიტულაციასთან ერთად, ვიმეიროსთან მარცხმა, საკმაოდ შეარყია ფრანგთა
დაუმარცხებლობის მითი ევროპაში. ევროპაში გაძლიერდა სურვილი ნაპოლეონის წინააღმდეგ
მოქმედებისა, ხოლო მას შემდეგ, რაც ფრანგებს მოუხდათ თავიანთი სამხედრო ნაწილების გამოყვანა
სხვა ქვეყნებიდან იმისთვის, რომ ესპანეთში გაეგზავნათ, ამან გააქტიურა ომის მომხრე
პარტიები ბერლინში, ვენასა თუ მოსკოვში. ნაპოლეონს ეს კარგად ესმოდა და თავის ძმას,
ჟოზეფს მუდმივად უჩიოდა წერილებში. „ჩანს არმიას არა გამოცდილი გენერლები, არამედ ფოსტის
ინსპექტორები მეთაურობენ”.
როლისას ბრძოლა, 1808 წ. (უილიამ ჰითის ნახატი) |
გენერალ დიუპონის კაპიტულაცია ბაილენთან, 1808 წ. (ხოსე კასადო დელ ალისალის ნახატი, 1864 წ.) |
განსაკუთრებული აღნიშვნის ღირსია ის ფაქტი, რომ უელესლიმ ნახევარკუნძულის
ომში აღმოაჩინა ომის ის ახალი სისტემა, რომელიც ვერ შენიშნა ისეთმა სამხედრო გენიოსმა,
როგორიც ნაპოლეონი იყო. როგორც კი უელესლიმ გააცნობიერა რომ მას 40 ათასი კაცი ჰყავდა
თითქმის მთლიანი კონტინენტის წინააღმდეგ, მიხვდა, იმპერიისთვის უნდა გაეხსნა ისეთი
ფრონტი, რომელიც მას რესურსებისგან დაცლიდა. ენდრიუ რობერტსი შენიშნავს: „უელესლის
მცირერიცხოვანი ჯარი უნდა ყოფილიყო დანის წვერი, რომელიც ხამანწკას გახსნიდა“. მართალია
ნაპოლეონის ევროპაზე ბატონობის დასამხობად მოსკოვიდან უკანდახევამ განსაკუთრებული როლი
შეასრულა, მაგრამ უელინგტონმა უკვე პირენეის ნახევარკუნძულზე ჩასვლისას შენიშნა რომ
აქ ომი ფუნდამენტურად განსხვავებული იქნებოდა იმ დაგეგმილი, დიდი კამპანიებისგან, რომელთაც
ნაპოლეონი აქამდე იგებდა. ასევე, ის იყო ერთ-ერთი იმ მცირეთაგანი, რომელიც მიხვდა ნაპოლეონის
სისუსტეებს ესპანეთში. მისი მეგობრისა და ბიოგრაფის, ღირსი (Reverend) ჯორჯ რობერტ
გლეიგის მიხედვით, 1805 წლის 20 ოქტომბრის შეხვედრაზე, რომელსაც ართურ უელესლიც ესწრებოდა,
ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრი უილიამ პიტ უმცროსი აღნიშნავდა რომ ესპანეთს დიდი როლი
უნდა შეესრულებინა მომდევნო ანტიფრანგულ კოალიციაში. „ესპანეთი პირველი კონტინენტური
ერია, რომელიც მას პარტიზანულ ომში ჩაითრევს... მათ სძულთ ფრანგები... ასეთი ომი არ
შეჩერდება სანამ მას ბოლოს არ მოუღებს“. მართალია ამბავი შეიძლება გაზვიადებული იყოს,
მაგრამ უელინგტონმა შესაძლოა მართლაც მოისმინა და გაითვალისწინა პიტის ეს სიტყვები,
რათა ესპანეთი საფრანგეთისთვის ჯოჯოხეთად ექცია და მის დამარცხებაში დიდი წვლილი შეეტანა.
გენერალი სერ ჰიუ დალრიმპლი (ჯონ ჯეკსონის ნახატი, XIX ს.) |
გენერალ ჟიუნოს კორპუსის ჩასხმა ინგლისურ ხომალდებში საფრანგეთში წასაყვანად, ცინტრას კონვენციის შემდეგ, 1808 წ. (ჰენრი ლ'ევეკის ნახატი, 1812 წ.) |
ტაქტიკა, რომელიც ველინგტონმა საველე ბრძოლებში დაუპირისპირა ფრანგებს,
იყო ის, რასაც ყირიმის ომის დროს „თხელ, წითელ ხაზს“ უწოდებდნენ. ველინგტონმა ჯერ კიდევ
ვიმეიროსთან შეამჩნია, რომ სწორ რიგებად განლაგებული ბრიტანელები, ზუსტი სროლით, ახერხებდნენ
ფრანგების მოგერიებას და ხშირად აიძულებდნენ უკან დახევას. ფრანგები, ჩვეულებრივ, კოლონებად
უახლოვდებოდნენ მოწინააღმდეგეს, შემდეგ იშლებოდნენ და ხაზებად დაწყობილები უტევდნენ,
მაგრამ ბრიტანელების, ძლიერი და ზუსტი ცეცხლის ქვეშ, მსხვერპლი დიდი ჰქონდათ, მორალურად
ტყდებოდნენ და ნაადრევად იხევდნენ უკან. ნაპოლეონს პირადად არასდროს უნახავს ბრიტანელ
ქვეითთა ამგვარი მოქმედება და მართალია გენერლები აფრთხილებდნენ ვატერლოოს ბრძოლის
წინ, ის მაინც გენერალ დრუე დ’ერლონის თხუთმეტ ათასიან მასიურ კოლონაზე ამყარებდა იმედებს
ინგლისელთა და მოკავშირეთა ხაზის გასარღვევად. ორრიგიან ბრიტანულ მწკრივებს ფრანგულ
კოლონასთან საცეცხლე უპირატესობა ჰქონდათ - ერთდროულად მეტი გასროლის შესაძლებლობა.
ზედმეტი ხარჯების თავიდან ასარიდებლად, არც ფრანგული ჯარი და არც სხვა კონტინენტური
არმიები, წვრთნებისას საბრძოლო ამუნიციას არ იყენებდნენ, განსხვავებით ბრიტანელებისგან,
რომელთაც ამის წყალობით მიაღწიეს უფრო მაღალ სიზუსტესა და ეფექტიანობას. ამავე დროს,
ბრიტანული მუშკეტი უფრო მაღალი კალიბრის ტყვიებს ისროდა, ვიდრე ფრანგული და შესაბამისად,
მეტ ზიანსაც აყენებდა მოწინააღმდეგეს.
ბრიტანული ჯარში დისციპლინის დასაცავად გამოიყენებოდა გამათრახება,
ბარბაროსული, მაგრამ ეფექტიანი მეთოდი, რომელიც საფრანგეთში რევოლუციის დროს გააუქმეს.
ზუსტად და სწრაფად მსროლელი ჯარისკაცებით, რომელთაც თავიანთი ოფიცრების არანაკლებ ეშინოდათ,
ვიდრე მტრისა, ველინგტონს ჰქონდა შესაძლებლობა შეეჩერებინა ფრანგთა შეტევა.
ველინგტონი იყო ბრწყინვალე ტოპოგრაფი. როგორც ის აღნიშნავს: „სამხედრო
საქმე, და ზოგადად, ცხოვრება, იმის ცდაა, რომ მიაგნო იმას, რაც არ იცი; ესაა „იმის
მიხვედრა, თუ რა არის მთის მეორე ფერდობზე“. როგორც ენდრიუ რობერტსი შენიშნავს, ამ
მხრივ მას მართლაც მეექვსე გრძნობა ჰქონდა. უელესლი შესანიშნავი მხედარი იყო და ეს
ძალიან ეხმარებოდა პოზიციების დაზვერვასა და ბრძოლის ველზე მუდმივ გადაადგილებაში,
რითაც ახერხებდა არ გამორჩენოდა ბრძოლის საკვანძო მონაკვეთები.
ბრიტანელი რჩეული მსროლელები, მწვანემუნდირიანი შარპშუთერები (Sharpshooter), ჯუზეპე რავას ნახატი |
ბრიტანელი ქვეითები ნახევარკუნძულის ომში |
ნაპოლეონი და ველინგტონი, ორივენი ერთპიროვნული ლიდერები იყვნენ არმიაში
და გადაწყვეტილებებს თვითონ იღებდნენ. არასდროს არსებობდა კითხვის ნიშანი თუ ვინ შეადგენდა
მთავარ გეგმას და გასცემდა მისი განხორციელების ბრძანებას. მათი შტაბები სამხედრო მოქმედებების
ცენტრები იყო. მაშინ, როდესაც რუსეთში მეფე ალექსანდრე და გენერალი კუტუზოვი იყოფდნენ
ძალაუფლებას; ავსტრიაში გენერალი მაკი, ერცჰერცოგი კარლი და ჰოფკრიგსრატი (სამეფო სამხედრო
საბჭო); პრუსიაში კი მეფე ფრიდრიხ-ვილჰელმი ბრაუნშვაიგის ჰერცოგზე ამყარებდა იმედებს.
ველინგტონს არ მოსწონდა მეთაურის მოადგილის პოსტი, ვინაიდან ის იშვიათად თუ ანდობდა
თავის გეგმებს ოფიცრებს. როდესაც ლორდმა აქსბრიჯმა, კავალერიის მეთაურმა და დე-ფაქტო
მეთაურის მოადგილემ ზრდილობიანად ჰკითხა ველინგტონს მისი გეგმების შესახებ, მან სარკასტული
პასუხი გასცა, ვინაიდან ნაპოლეონი პირველი გვიტევს, ეს მასზეა დამოკიდებულიო. ჰერცოგი
ორანელიც, რომელიც დე იურე დამოუკიდებელი მეთაური იყო ვატერლოოს ბრძოლაში, ბრძანებებს
ველინგტონისგან იღებდა.
ერთი ტაქტიკა, რომელსაც ველინგტონი რეგულარულად მიმართავდა და რომელზეც
ნაპოლეონი წინასწარ უნდა ყოფილიყო გაფრთხილებული ვატერლოოსთან, ეს იყო „უკანა-ფერდობის
პოზიცია“ - რაზმების დამალვა გორაკის, სიმაღლის მიღმა „მკვდარ მიწაზე“. ველინგტონი
უფლებას აძლევდა თავის ჯარისკაცებს დაწოლილიყვნენ მოწინააღმდეგის არტილერიისგან დაბომბვის
დროს, ამიტომ „ყუმარების უმეტესობა მათ თავზე გადაუქროლებდა“. მოწინააღმდეგის მიახლოებისას,
დამალული რაზმების მოულოდნელი წამოდგომა და ბრძოლაში ჩართვას ფრანგებისთვის დამანგრეველი
ეფექტი ჰქონდა ნახევარკუნძულის ომის ბევრ ბრძოლაში. ასევე, მარშალ ნეისა და დ’ერლონს
პასუხისმგებლობა ეკისრებათ იმაზე, რომ ველინგტონის ამ ფანდზე წამოეგნენ, მიუხედავად
იმისა, რომ ბრძოლის წინ, გენერალი მაქსიმილიენ სებასტიენ ფუა აფრთხილებდა მათ: „ველინგტონი
ყოველთვის მალავს თავის ჯარებს“.
სანამ ართურ უელესლი თავის ტაქტიკას თავს მოახვევდა ფრანგებს და ესპანეთში უპირატესობას მიაღწევდა, ბრიტანელებმა სცადეს კიდევ ერთი ექსპედიციის მოწყობა, ამჯერად, ჰოლანდიაში. მას ვალხერენის კამპანია ეწოდება. ეს იყო წარუმატებელი მცდელობა, რომელშიც ბრიტანეთმა 8 მილიონი გირვანქა დახარჯა და ათასობით ჯარისკაცი დაეღუპა. ამიტომ მისი ჩაშლის შემდეგ მათი თვალი კვლავინდებურად ესპანეთისკენ იყო მიპყრობილი.
ართურ უელესლი ინდოეთში, 1804 წ. (რობერტ ჰომის ნახატი) |
ართურ უელესლის ძმა რიჩარდი, ბრიტანეთის ელჩი ესპანეთში (ტომას ლოურენსის ნახატი, XIX ს.) |
უელესლი ლისაბონში 1809 წლის 22 აპრილს ჩავიდა ხომალდ „სურვეილანტით“
და მალევე გადავიდა შეტევაზე მარშალ ჟან დე დიუ სულტის ჯარის წინააღმდეგ. 16 000 კაცით უელესლიმ მოულოდნელად გადაკვეთა
მდინარე დურო ზედ ფრანგი მზვერავების თვალწინ და პორტუგალიელების მხარდაჭერით, 12 მაისს,
პორტოს მეორე ბრძოლაში, გადამწყვეტი გამარჯვება მოიპოვა სულტის ჯარზე. ამით დასრულდა
ფრანგთა მეორე შეჭრა პორტუგალიაში. სულტმა უკან დაიხია, დაკარგა 5 ათასი კაცი და არტილერიისა
და აღალის დიდი ნაწილი. ლისაბონში გადასვლიდან 4 კვირაში უელესლიმ განდევნა ფრანგები
პორტუგალიიდან და ამ რეგიონში ბრიტანული დომინაცია დაამყარა. მისმა წარმატებებმა გაამხნევა
ნაპოლეონის კამპანიის დროს შესუსტებული ესპანელთა წინააღმდეგობა მეზობელ რეგიონ გალიციაში.
ამით, უელესლიმ, ფაქტობრივად, გაწმინდა პორტუგალია ფრანგებისგან და სამხედრო მოქმედებები
ესპანეთში გადაიტანა. ის შეუერთდა ესპანელ გენერალ გრეგორიო კუესტას არმიას. მათ წინააღმდეგ
მოქმედებდა მარშალ კლოდ ვიქტორის ჯარი, რომელმაც თავდაპირველად მოასწრო უკან დაეხია,
სანამ ესპანელი გენერალი ყოყმანობდა და უელესლის საშუალებას არ აძლევდა სწრაფი შეტევის
განსახორციელებლად. ესპანელები დაედევნენ ფრანგებს, მაგრამ ამით ბრიტანულ ნაწილებს
დაშორდნენ, აღმოჩნდნენ მადრიდისა და ტოლედოს გარნიზონებით გაძლიერებული ვიქტორის არმიის
წინაშე და მხოლოდ ორი ბრიტანული დივიზიისგან მათი უკან დახევის დაცვამ გადაარჩინათ.
მომდევნო დღეს, 27 ივლისს, ტალავერას ბრძოლაში ფრანგებმა სამი დიდი კოლონით შეუტიეს
უელესლის, რომელმაც მათი მოგერიება რამდენჯერმე შეძლო, თუმცა, დიდი მსხვერპლის ფასად.
ინგლისელებმა თავიანთი არმიის მეოთხედი, 6 ათასი კაცი დაკარგეს ორდღიანი ბრძოლის განმავლობაში.
უელესლი მიხვდა რომ ეს პიროსის გამარჯვება იყო (ართურის აზრით,
ტალავერას ბრძოლა ერთ-ერთი ურთულესი იყო მის ცხოვრებაში, ასაის ბრძოლაზე უფრო რთული) და ვინაიდან მარშალი სულტი სამხრეთისკენ მიიწევდა,
რათა ბრიტანელები პორტუგალიისგან მოეწყვიტა, აღარ დააყოვნა (შექმნილი რთული სიტუაციიდან
გამომდინარე, რაც განაპირობა ბრძოლებში საკმაოდ დიდმა დანაკარგებმა, ესპანელი გენერლის,
კუესტას შეცდომებმა, მისთვის ჩაბარებული დაჭრილი ბრიტანელების ფრანგებისთვის ჩაბარებამ
და ესპანეთში ფრანგთა დამატებითი ძალების მოსალოდნელმა შემოსვლამ) და პორტუგალიაში
დაბრუნდა. ამის შემდეგ, უელესლი უპირველეს ყოვლისა ლისაბონის უსაფრთხოებაზე ზრუნავდა
და აღარ გეგმავდა ესპანელებთან ერთობლივი ოპერაციების ჩატარებას მაშინ, როდესაც ესპანეთში
ფრანგთა საკმაოდ მრავალრიცხოვანი არმიები იყვნენ. აღსანიშნავია რომ ტალავერასთან გამარჯვებისთვის,
უელესლის სათანადო პატივი მიაგეს: გაერთიანებული სამეფოს პერად აირჩიეს და ასევე უელინგტონისა
და ტალავერას ვიკონტობა და ბარონი დუროს წოდება უბოძეს. აღსანიშნავია რომ 1809 წელს, ართურის ძმა, რიჩარდი,
ესპანეთში ბრიტანეთის ელჩად მსახურობდა. ის ტალავერას ბრძოლის შემდეგ ჩავიდა კადისში
და ცდილობდა ესპანეთის მთავრობისა და ბრიტანული არმიის მოქმედებების კოორდინირებას,
თუმცა, მოკავშირეების წარუმატებლობების გამო, ართურის ჯარს მაინც მოუხდა პორტუგალიისკენ
უკან დახევა.
მარშალი სულტი პორტოს პირველ ბრძოლაში, 1809 წ. (ჟოზეფ ბომის ნახატი, 1840 წ.) |
ტალავერას ბრძოლა, 1809 წ. (ე. ვალკერის ნახატი) |
როგორც ჯონ
სევერნი აღნიშნავს, მას შემდეგ, რაც ართური პირველად ჩაერთო ნახევარკუნძულის ომში
1808 წელს, რიჩარდმა ამაში კიდევ ერთი საშუალება დაინახა უელესლების ოჯახის განდიდებისთვის.
აქედან, ის ომს ფართოდ, დიდ მასშტაბებში უყურებდა. მცირე, იზოლირებული გამარჯვებები
კარგი იყო, მაგრამ ეს რეალობას ვერ შეცვლიდა. რიჩარდი მეტს ელოდა: სულ მცირე, ფრანგების
განდევნას ნახევარკუნძულიდან. შეიძლება ართურს პორტუგალიისკენ დაეხია, მაგრამ ის უკან
დაბრუნდებოდა და როდესაც დაბრუნდებოდა, ესპანეთი მზად უნდა ყოფილიყო მის მისაღებად
და მასთან ერთად სამოქმედოდ. მას შემდეგ
რაც ფრანგები დამარცხდებოდნენ პორტუგალიაში, ძალთა ბალანსი შეიცვლებოდა და ნადირი ახლა
თვითონ გახდებოდა მონადირე. ფრანგების წინააღმდეგ შეტევა გარდაუვალად ესპანეთში უნდა
მომხდარიყო და გარდაუვალად ესპანელებთან კოორდინაციაში. მაშასადამე, დიპლომატიურად,
ესპანეთის უგულველყოფა არ შეიძლებოდა. ბრიტანეთის გეგმები სხვადასხვაგვარი იყო. უპირველეს
ყოვლისა, მაქსიმალურად უნდა შეეწყოთ ხელი ესპანელი პარტიზანებისთვის, რომელებიც მეტად
ავიწროებდნენ ფრანგებს. ამის გაკეთება, ძირითადად, სურსათისა და იარაღის მიწოდებით
შეიძლებოდა, მაგრამ პარტიზანებისთვის ესპანეთის უმაღლესი ხუნტის მხარდაჭერაც ასევე
მნიშვნელოვანი იყო. ამას გარდა, ესპანეთს უნდა დაეწყო საკუთარი არმიის აღდგენა და ანგარიშგასაწევ
ძალად ჩამოყალიბება, რომელსაც სათანადო ხელმძღვანელობა ეყოლებოდა. როგორც პორტუგალიაში,
ესეც საჭიროებდა ბრიტანელთა ჩარევას. შემდეგ, ესპანეთის მთავრობის რეფორმირება იმგვარად,
რომ მას კარგად ემუშავა და მოსახლეობის მხარდაჭერა მოეპოვებინა. ართური და რიჩარდი
ხვდებოდნენ რომ ყოველივე ამის შესრულებას, სევილიაში ბრიტანელთა წარმომადგენლობა და
აქტიურობა, ლონდონიდან ენერგიული მხადაჭერა მოიტანდა; ლონდონიდან, სადაც ესპანელი მოკავშირეების
ცუდად ესმოდათ. რიჩარდ უელესლი სწორედ ამ პრობლემების მოგვარებას შეუდგა ესპანეთში
და ამით თავის ძმას უდიდესი დახმარება გაუწია.
1809 წლის ზაფხულში, მას შემდეგ, რაც ნაპოლეონმა დაამარცხა ავსტრია,
მან დამხმარე ჯარები გაგზავნა ესპანეთში და მარშლებს უბრძანა შეტევითი ოპერაციები წამოეწყოთ.
მომდევნო რამდენიმე თვის განმავლობაში ინიციატივა ფრანგების ხელში გადავიდა. მათ გადაუარეს
სევილიას, გრანადას, კორდოვას, მალაგასა და ხაენს. წარმატებები მოიპოვეს ოვიედოსთან,
ასტორგასთან, სიუდად როდრიგოსთან, ლერიდასთან, ტორტოსასთან, ბადახოსსა და ტარაგონთან.
არაგონში, ლუი-გაბრიელ სუშემ დაამარცხა გენერალ
ხოაკინ ბლეიკის ესპანური ჯარები და განაგრძო არაგონში პოზიციების გამტკიცება. უფრო რთული სიტუაცია იყო კატალონიაში, სადაც ჟირონას
აღება მარშალ სენ-სირს ძვირად დაუჯდა. კასტილიაში ესპანეთის ხუნტის გადაწყვეტილება,
რომ გადასულიყვნენ შეტევაზე, კატასტროფულად დასრულდა - ესპანელები სასტიკად დამარცხდნენ
რამდენიმე ბრძოლაში და ხუნტამ ქვეყნის უდიდეს ნაწილზე დაკარგა კონტროლი. ისინი მხოლოდ
გალიციისა და ლევანტეს ნაწილებს და კადისს აკონტროლებდნენ, სადაც ფრანგებს, ფაქტობრივად,
ალყაში ჰყავდათ მოქცეულები.
1810 წლის ზაფხულისთვის, ნაპოლეონი პორტუგალიის მესამედ დალაშქვრისთვის
ემზადებოდა, რომლითაც ის იმედოვნებდა ბრიტანული არმიის განადგურებას. ბევრი, ვინც გარედან
აკვირდებოდა სიტუაციას, ფიქრობდა რომ ეს იქნებოდა პირენეის ნახევარკუნძულზე ორგანიზებული
წინააღმდეგობის დასასრული. ბრიტანეთი, რომელიც აფინანსებდა თავის ჯარს და მოკავშირეებს,
ეკონომიკურ პრობლემებს აწყდებოდა კონტინენტური სისტემისა და ამერიკის შეერთებულ შტატებთან
ურთიერთობის გაფუჭების გამო. მთავრობაში უკვე ღიად საუბრობდნენ რომ ნახევარკუნძულზე
ომში მონაწილეობა არ ღირდა ამ ფასად. ბრიტანულ-ესპანური ურთიერთობები დაძაბული გახლდათ,
ვინაიდან ესპანელებს აეჭვებდათ ბრიტანელთა ინტერესები და საქმეები ესპანეთის ზღვის
გაღმა კოლონიებში.
ნაპოლეონმა ესპანეთში თავისი მარშლების დასახმარებლად, დაახლოებით
100 ათასიანი დამატებითი ძალები გაგზავნა და 1810 წლის ზაფხულში აქ, ნაპოლეონის სულ
მცირე 350 ათასი ჯარისკაცი იმყოფებოდა - ყველაზე დიდი რიცხვი, რომელიც კი ფრანგებს
ესპანეთში ნაპოლეონის ომების დროს ყოლიათ. იმპერატორმა მარშალი ანდრე მასენა პორტუგალიაში
მოლაშქრე არმიის მეთაურად დანიშნა. მასენა ერთ-ერთი ყველაზე ნიჭიერი მხედართმთავარი
იყო, რომელსაც შეეძლო დამოუკიდებლად ეხელმძღვანელა დიდი კამპანიებისთვის. აღსანიშნავია
რომ ნაპოლეონისგან შეპირებული 100 ათასი ჯარისკაცის ნაცვლად, მასენამ სულ 65 ათასი
კაცი მიიღო და პორტუგალიაში ომისას მუდმივი ლოჯისტიკური პრობლემების წინაშე აღმოჩნდა. მიუხედავად ამისა, ლონდონში ფრანგთა ჯარი მაინც
მეტისმეტად ძლიერად მიაჩნდათ და თვლიდნენ რომ საჭირო იყო ჯარის ევაკუაცია პორტუგალიიდან,
მაგრამ უელესლი ხედავდა რომ უპირატესობა პირიქით, მის მხარეს იყო.
ბუსაკოს ბრძოლა, 1810 წ. (რიჩარდ სიმკინის ნახატი) |
მარშალ ანდრე მასენას ხმალი (ნევშატელის ხელოვნებისა და ისტორიის მუზეუმი) |
უელესლის ჯარმა თავდაპირველად შეანელა ფრანგთა მსვლელობა ბუსაკოსთან,
შემდეგ კი მათ ტორეს ვედრას სიმაგრეების ზოლზე დაუხვდა, რომლის ფლანგებს სამეფო ფლოტი
იცავდა. ტორეს ვედრასი მოიცავდა სიმაგრეების სამ ძლიერ ხაზს, ფორტებით, რედუტებით,
რაველინებითა და არტილერიის გამაგრებული პოზიციებით. ეს იყო ნაპოლეონის ეპოქის ერთ-ერთი
უდიდესი მშენებლობა, რომლის აგებაში პორტუგალიურმა ჯარმა და ადგილობრივმა მოსახლეობამ
უდიდესი როლი შეასრულა. უელინგტონის ბრძანებით, ტორეს ვედრასის ხაზების გასწვრივ, მთელი
სოფლები დააცარიელეს, რესურსები წაიღეს, საქონელი გარეკეს, რათა ფრანგებისთვის აქ ყოფნა
მაქსიმალურად გაეძნელებინათ. ამავე დროს მიმდინარეობდა პორტუგალიური ჯარის რეორგანიზება
სერ უილიამ ბერესფორდის მეთაურობით. 40 ათასი ინგლისელი და გერმანელი ჯარისკაცით, რეგულარული
არმიის 26 ათასი პორტუგალიელი ჯარისკაცითა და 45 000 ადგილობრივი მოხალისით, ასევე
უამრავი პორტუგალიელი დევნილით, უელინგტონი გამაგრებული იყო ტორეს ვედრას ხაზებს მიღმა
და ფლოტით უწყვეტად მარაგდებოდა რესურსებით. ეს სისტემა იმდენად კარგად იყო მოწყობილი,
რომ ინგლისურ-პორტუგალიურ ჯარს ასეთ მდგომარეობაში შეეძლო მუდმივად გაეძლო. გაერთიანებული
ინგლისურ-პორტუგალიური არმიით, უელინგტონი ფიქრობდა დაემარცხებინა ტორეს ვედრასთან
დასუსტებული ფრანგები. მისმა სტრატეგიამ გაამართლა. მართალია მასენამ ყველაფერი გააკეთა
წარმატების მისაღწევად, მაგრამ შეზღუდული რესურსებით და ძლიერი მოწინააღმდეგის პირისპირ,
მისი მისია ურთულესი და თითქმის შეუსრულებელი ჩანდა. როდესაც მან ტორეს ვედრასი იხილა,
იმპერატორს მიწერა, რომ თუ ძალით შეუტევდა ასეთ მძლავრ სიმაგრეებს, არმიის გაწირვა
მოუწევდა. „ბრიტანელებსა და მათ მოკავშირეებს ჰქონდათ ყველაფერი რასაც ისურვებდნენ
ლონდონიდან, უფასოდ და დიდი რაოდენობით - აღნიშნავდა ფრანგი ოფიცერი ჟან-ჟაკ პელე,
როდესაც ჩვენთვის პარიზიდან წერილზე პასუხის მისაღებად თვეზე მეტი იყო საჭირო, თუ საერთოდ
მოაღწევდა“. შემდგომში უელინგტონი აღფრთოვანებული იყო გაუდაბურებულ პორტუგალიაში ფრანგული
არმიის თვეების მანძილზე გაძლებით: მთელი ჩვენი სახსრებითა და ადგილობრივების კეთილგანწყობით,
მე ერთ დივიზიას ვერ შევინარჩუნებდი იქ, სადაც მათ სულ ცოტა 60 ათასი კაცი და 20 ათასი
ცხოველი ორ თვეზე მეტ ხანს გააჩერეს. ფრანგები, რომლებიც ვერც სიმაგრეების გადალახვას
ახერხებდნენ და რესურსებიც შემოაკლდათ, იძულებულები გახდნენ ექვსი თვის შემდეგ უკან
დაეხიათ და თან დადევნებული მოწინააღმდეგეც მოეგერიებინათ. ეს მასენას ბრწყინვალე კარიერის
დაისი იყო. „მასენა დაბერდა“, წუხილით აღნიშნა ნაპოლეონმა, როდესაც შემდგომში ის ახალგაზრდა
და ამბიციური მარშლით, ოგიუსტ მარმონით შეცვალა.
ნახევარკუნძულის ომის მნიშვნელოვანი ბრძოლების ადგილები |
ნათქვამია, „გამარჯვებულებს არ ასამართლებენო“, მაგრამ თვითონ უელინგტონიც
კი კრიტიკის ქარცეცხლში აღმოჩნდა. ბრიტანული საზოგადოება არ იყო ჩვეული უელინგტონის
სტრატეგიის მეთოდურ, ფაბიანურ ხასიათს, რომელიც არ მიისწრაფოდა გადამწყვეტი ბრძოლებისა
და ტრიუმფებისკენ. 1810 წლის ნოემბერში, გრენვილმა უელინგტონის ტაქტიკას „უიმედო და
მანკიერი“ უწოდა და აღნიშნა რომ რისკის ქვეშ აყენებდა ბრიტანელთა უსაფრთხოებას. ასეთი
კრიტიკა გულზე ხვდებოდა უელინგტონს, რომელიც თავის მხრივ წუწუნებდა მთავრობისგან ომის
გაძღოლის მეთოდებზე და მისდამი არასრულ ნდობასა და მხარდაჭერაზე. მიუხედავად იმისა,
რომ უელინგტონის სტრატეგიით პორტუგალიასაც მნიშვნელოვანი ზარალი მიადგა, ის წარმატებული
იყო და ნახევარკუნძულის ომში გარდატეხა შეიტანა მოკავშირეების სასარგებლოდ. შესაბამისად,
კრიტიკა, კრიტიკად დარჩა. საღი აზრი კარგად ამჩნევდა რომ უელინგტონი საუკეთესო ბრიტანელი
სარდალი იყო, რომლისთვისაც ნაპოლეონის იმპერიის წინააღმდეგ მოქმედება უნდა მიენდოთ.
ტორეს ვედრას კამპანიამ აჩვენა თუ ვის ჰქონდა უპირატესობა ნახევარკუნძულის ომში: ბრიტანელებმა მიაღწიეს დიდ გამარჯვებას მცირე სამხედრო დანაკარგებით. ფრანგებისთვის კი 1810-დან 1814 წლამდე პერიოდი, განსაკუთრებულად მძიმე აღმოჩნდა. მადრიდში საფრანგეთის ელჩის 1810 წლის წერილიდან ჩანს, როგორ ურთულებდა ნაპოლეონის ძმასა და ესპანეთის მეფეს, ჟოზეფს და ესპანეთში მყოფ ფრანგულ არმიას, ადგილობრივი პარტიზანული მოძრაობა - „ესპანელთა პარტიზანული ომი, ეს არის ბოროტება, რომლის ძლევა შეიძლება მხოლოდ ყველა მხრიდან ერთდროული იერიშით სპეციალურად ამისთვის მომზადებული რაზმებით“. ნაპოლეონის ომების მკვლევარი, ალექსანდრე მიქაბერიძე აღნიშნავს რომ ესპანეთის ომი უეჭველად ერთ-ერთი ყველაზე მწარე გამოცდილება იყო ფრანგი ჯარისკაცებისთვის რევოლუციური ეპოქის მანძილზე. ამას სამხედროები თავიანთ წერილებში, მემუარებში, დღიურებში მკაფიოდ გადმოსცემდნენ. ჯარისკაცთა შორის კი პოპულარული იყო გამოთქმა: „ომი ესპანეთში სიკვდილია ჯარისკაცებისთვის, დამანგრეველი ოფიცრებისთვის, ბედისწერა გენერლებისთვის“..
ნიკა ხოფერია
(ბიბლიოგრაფია დაერთვება მეორე ნაწილს)