რიდლი სკოტის „უკანასკნელი დუელი" (2021)

1386 წლის 29 დეკემბრის ცივ და მოქუფრულ დღეს, სან მარტინ დე შამპის სააბატოს სატურნირე მოედნის გარშემო, მრავალი ადამიანი იყო შეკრებილი. საფრანგეთის მეფე შარლ VI, მისი ძმა ორლეანის ჰერცოგი; ბიძები, ბერის ჰერცოგი ჟანი, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე მამაცი, ლუი დე ბურბონი. ათასობით პარიზელი, რომელიც ორთაბრძოლისთვის დანიშნულ დროზე ადრე მოვიდნენ სააბატოში. ყველას სურდა ეხილა ჟან დე კარუჟის და ჟაკ ლე გრის სამკვდრო-სასიცოცხლო შეტაკება. ეხილა მარგარიტ დე კარუჟი, ჟაკ ლე გრის ბრალმდებელი, რომლის ბედიც ორთაბრძოლის შედეგზე იყო დამოკიდებული, ეხილა უკანასკნელი დუელი, რომელიც მეფისა და პარიზის პარლამენტის თანხმობით გაიმართა, შუა საუკუნეების საფრანგეთის ისტორიაში ყველაზე გახმაურებული და საინტერესო სასამართლო პროცესის შემდეგ. 
პოსტში შევეხები ჟან დე კარუჟის, ჟაკ ლე გრის და მარგარიტ დე ტიბოვილის რეალურ ამბავს, რომელიც XIV საუკუნის საფრანგეთში მოხდა; ვისაუბრებ დუელის წინაპირობებზე, ეპოქაზე, ატმოსფეროზე, ფეოდალურ ურთიერთობებზე. მინდა, შევადარო ისტორიული რეალობა ფილმში ნაჩვენებს. განსაკუთრებით, ზოგიერთი დეტალი, რომელიც ყურადღებას იმსახურებს. 
პირველ რიგში, აღვნიშნავ რომ ფილმი ეყრდნობა შუა საუკუნეების ლიტერატურის ამერიკელი სპეციალისტის, ერიკ ჯაგერის წიგნს „უკანასკნელ დუელს: ხმლის სამართლის რეალურ ისტორიას შუა საუკუნეების საფრანგეთშის“, რომელიც 2004 წელს გამოქვეყნდა. ეს სამეცნიერო წიგნია და არა მხატვრული და სხვათაშორის, ფილმის სცენარისტებმა, ნიკოლ ჰოლოფსენერმა, მეთ დეიმონმა და ბენ აფლეკმა, მაქსიმალურად მიუახლოვეს სცენარი რეალურ ისტორიას. ეს, ალბათ, იმის დამსახურებაცაა, რომ ის ისედაც საკმარისად „მხატვრული“, „დრამატული“ და საინტერესო ამბავია და დიდი შელამაზება არ სჭირდება. მაგრამ ზოგი რამ, მაინც შეიცვალა. „უკანასკნელი დუელი“ XIV საუკუნის მიწურულს გაიმართა. XIV საუკუნე, ევროპის და კონკრეტულად, საფრანგეთის ისტორიაშიც ერთ-ერთი უმძიმესი იყო. მახსენდება პულიცერის პრემიის ლაურეატის, ბარბარა ტაკმანის წიგნი „ბედკრული XIV საუკუნე“, რომელიც შავი ჭირის ეპიდემიით მოცულ ევროპაში ვითარდება. დაავადებამ იმსხვერპლა მოსახლეობის მნიშვნელოვანი ნაწილი, გააუკაცრიელა სოფლები, ქალაქები, მონასტრები. გამოიწვია რელიგიური დაპირისპირება, ებრაელების დევნა და მრავალი სხვა უბედურება. შავი ჭირის ეპიდემიასთან ერთად, ქვეყანას ანადგურებდა ინგლისთან გაუთავებელი ომი, რომელიც ისტორიაში 100 წლიანი ომის სახელით არის ცნობილი. ინგლისის მეფეები პრეტენზიას აცხადებენ საფრანგეთის ტახტზე. ფრანგი მეფეებისთვის, გასულ საუკუნეში, პლანტაგენეტების დინასტიის ინგლისელი მეფეები, ვასალები იყვნენ, როგორც ნორმანდიისა და აქვიტანიის ჰერცოგები. ბრძოლა მიმდინარეობს საფრანგეთის ტახტისთვის. 
მეთ დეიმონი ჟან დე კარუჟის როლში


ინგლისელებმა დაამარცხეს ფრანგები კრესისა და პუატიეს ბრძოლებში 1346 და 1356 წლებში და მეფე ჟანიც კი იგდეს ხელთ. ედუარდ III და მისი ვაჟი ედვარდ ვუდსტოკელი, იგივე „შავი პრინცი“, წარმატებას წარმატებაზე აღწევდნენ. 1360 წელს, საფრანგეთისა და ინგლისის მეფეებმა ბრეტინის ზავი დადეს, რომლის პირობებითაც, ინგლისელებმა მრავალი ტერიტორია მიიერთეს, თანაც, საფრანგეთის მეფესთან ფეოდალური ვალდებულებების გარეშე. ტყვედ მყოფი მეფე ჟანის გამოსყიდვაც, ქვეყანას ძვირად დაუჯდა. სამაგიეროდ, ინგლისის მეფეები აღარ აცხადებდნენ პრეტენზიას საფრანგეთის ტახტზე. მშვიდობა კი ჩამოვარდა, მაგრამ ფრანგები და ინგლისელები კვლავინდებურად დათარეშობდნენ ერთმანეთის ტერიტორიებზე, ძარცვავდნენ, აოხრებდნენ, ანადგურებდნენ. ინგლისელმა მოთარეშეებმა, რომელთაც „შევუშებს“ უწოდებდნენ, განსაკუთრებით აზარალეს ფრანგები. საფრანგეთის მარშალმა, ბერტრან დუ გეკლენმა, საპასუხოდ, პარტიზანული რაზმები მოამზადა და ინგლისელებს მწარედ ანანა საფრანგეთზე თავდასხმები. მისი ფაბიანური ტაქტიკით, ფრანგები ნელ-ნელა იბრუნებდნენ უწინდელ პოზიციებს და ავიწროებდნენ ინგლისელებს. XIV საუკუნის შუა ხანებში, საფრანგეთში, მძვინვარებდა გლეხთა აჯანყებებიც, რომელიც „ჟაკერიის“ სახელითაა ცნობილი. პოლიტიკური მდგომარეობა, შედარებით გამოსწორდა 1380-იანი წლებისთვის, როდესაც „უკანასკნელი დუელი“ გაიმართა. საფრანგეთს ამ დროს, ვალუების დინასტიის წარმომადგენელი, შარლ V-ს ვაჟი, მეფე შარლ VI მართავდა, მეფე, რომლის მეტსახელი, მეფობის განმავლობაში „საყვარელიდან“ „შეშლილამდე“ შეიცვალა. მცირეწლოვან მეფეს, რეგენტობას უწევდნენ ბიძები, შარლ V-ს ძმები, ბურგუნდიის ჰერცოგი ფილიპე მამაცი, ანჟუს გრაფი ლუი, ბერის გრაფი ჟანი; ასევე, ლუი დე ბურბონი, ბიძა დედის მხრიდან. მათგან ყველაზე მნიშვნელოვანი ფიგურა, ფილიპი, ბურგუნდიის ჰერცოგი იყო. რეგენტობის პერიოდი მხოლოდ 1388 წელს დასრულდა ანუ 1386 წელს, როდესაც დე კარუჟისა და ლე გრის დუელი გაიმართა, მეფეს ჯერაც არ ჰქონდა ხელში აღებული სრული ძალაუფლება. 
ადამ დრაივერი ჟაკ ლე გრის როლში


დე კარუჟი და ლე გრი, ნორმანდიაში იყვნენ დაბადებულები, 1330-იან წლებში. ორივე მეომარი იყო, მაგრამ ერთმანეთისგან განსხვავდებოდნენ - კარუჟი მკაცრი, ნაცადი და მამაცი მეომარი, როგორც შუა საუკუნეების რაინდთა უმრავლესობა, გაუნათლებელი იყო; ლე გრი, თავის მხრივ, ფიზიკურად დიდი და მძლავრი მხედარი, ახალგაზრდობაში საეკლესიო მსახურებაში იყო და ცოტა განათლებაც ჰქონდა მიღებული. კარუჟის მამა, ასწლიანი ომის ვეტერანი, რაინდი და ციხესიმაგრე ბელემის ვიკონტი იყო; ლე გრის მამა კი, უბრალო ნორმანი საჭურველმტვირთველი. ისევე, როგორც კარუჟს, ლე გრისაც ჰყავდა ცოლი, მაგრამ მეგობრისგან განსხვავებით, შვილებიც გაუჩნდა. კარუჟს, პირველი ცოლისგან ვაჟი შეეძინა, რომელიც ლე გრიმ მოუნათლა, მაგრამ ბავშვი მალე გარდაიცვალა. კარუჟი და ლე გრი პერშისა და ალენსონის გრაფს, მეფის ნათესავს, პიერ დ’ალენსონს, მანამდე კი, მის ძმას რობერტს ემსახურებოდნენ. სხვათაშორის, ფილმში კარგად არის ნაჩვენები მათი ვასალური ურთიერთობა გრაფ პიერთან და ზოგადად, სიუზერენისა და ვასალის ურთიერთობის გარკვეული რიტუალები. კარუჟმა და ლე გრიმ არჟანტანს მიაშურეს, საცა პიერ დ’ალენსონის რეზიდენცია იყო. აქ მათ შორის განხეთქილება დაიწყო, რადგან პიერმა ლე გრისთან უფრო ადვილად გამონახა საერთო ენა და თავის ფავორიტად აქცია; ცივი და უხეში ჯარისკაცი, კარუჟი კი გრაფისთვის არცთუ სასიამოვნო სტუმარი იყო. ლე გრიმ მიიღო ციხესიმაგრე ექსმეში და ახლად შეძენილი მამული ანო-ლე-ფოკონი. კარუჟს შეშურდა მეგობრის და მალე ისინი, თითქმის მტრებად იქცნენ. მალე, კარუჟს ცოლ-შვილი დაეღუპა. მან დატოვა გრაფის კარი და ჟან დე ვიენის, ცნობილი ფრანგი მხედართმთავრის და ადმირალის სამსახურში ჩადგა. თავიც გამოიჩინა მეფე შარლ V-ს ხუთთვიან კამპანიაში ინგლისელების წინააღმდეგ, თუმცა, მისი ხალხის ნაწილი, ავადმყოფობებსა და ომს ემსხვერპლა. 
ჯოდი კომერი მარგარიტ დე ტიბოვილის როლში


 ომიდან დაბრუნების შემდეგ, კარუჟმა ცოლად შეირთო მარგარიტ დე ტიბოვილი, ნორმანი რაინდის, რობერტ დე ტიბოვილის ერთადერთი ქალიშვილი. რობერტს ცუდი რეპუტაცია ჰქონდა, რადგან ორჯერ გამოვიდა საფრანგეთის მეფის წინააღმდეგ საომრად. ღალატის გამო სასჯელს, როგორღაც გადაურჩა; კარუჟთან დანათესავებით კი, იმედი ჰქონდა, ოჯახის რეპუტაციას აღადგენდა. კარუჟი კი, ახალგაზრდა და როგორც თანადროული წყაროები გვატყობინებენ „კეთილშობილი, მდიდარი და ასევე ძალიან ლამაზი“ მარგარიტისგან მემკვიდრეს ელოდა. ასევე, კარუჟი იმედოვნებდა ანო-ლე-ფოკონის ხელში ჩაგდებას, რადგან ეს მიწა ადრე მისი ცოლის მზითევში შედიოდა, სანამ პიერი კანონიერად შეიძენდა. ანო-ლე-ფოკონზე დავამ, კიდევ უფრო გააღრმავა უფსკრული ერთი მხრივ დე კარუჟისა და მეორე მხრივ პიერ დ’ალენსონისა და ლე გრის შორის. გაცეცხლებულმა პიერმა, კარუჟის მამის სიკვდილის შემდეგ, ბელემის ციხესიმაგრის მართვა, მის ნაცვლად, ერთ-ერთ ქვეშევრდომს ჩააბარა; ასევე, არ დაუმტკიცა კარუჟს, ახლად შეძენილი მიწები. კარუჟმაც კვლავ იჩივლა, მაგრამ ამჯერადაც უშედეგოდ. ის ღრმად იყო დარწმუნებული, რომ პიერს მის წინააღმდეგ ლე გრი განაწყობდა. 1384 წელს, კარუჟი და ლე გრი ერთ-ერთი დიდებულის ვაჟის დაბადებასთან დაკავშირებულ წვეულებაზე შეხვდნენ ერთმანეთს და გადაწყვიტეს, შერიგებულიყვნენ. ამავე დროს, ლე გრი პირველად შეხვდა კარუჟის ცოლ მარგარიტს. ამის შემდეგ, კარუჟი, ჟან დე ვიენის რაზმთან ერთად, შოტლანდიაში გაემგზავრა, რათა შოტლანდიელებს დახმარებოდა ინგლისელებთან ბრძოლაში და ინგლისელთა ყურადღება საფრანგეთიდან ჩრდილოეთში გადაეტანა. კამპანია წარუმატებლად დასრულდა, თუმცა, კარუჟმა რაინდის წოდება მოიპოვა, რაც უფრო მაღალ სოციალურ სტატუსს და მეტ შემოსავალსაც ნიშნავდა. შოტლანდიიდან დაბრუნებული, დაავადმყოფებული რაინდი, 1386 წლის იანვარში, პარიზში გაემართა, ცოლი კი, მოხუც დედასთან ერთად, სოფელ კაპომესნილში დატოვა. აქ იწყება ის სკანდალური ამბავი, რომელიც ხანგრძლივი სასამართლოებითა და საფრანგეთის მეფისა და დიდებულების წინაშე, სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლით დასრულდა. ამბავი, რომელსაც თანადროული ისტორიული ქრონიკები, მათ შორის, განთქმული ჟან ფრუაზარი აღწერს. 
ბენ აფლეკი პიერ დ'ალენსონის როლში

ამბავს  ბოლომდე არ გიამბობთ, რადგან ვისაც ფილმი ჯერ არ გინახავთ, არ მინდა „დაგასპოილეროთ“. მე მხოლოდ ჩემ შთაბეჭდილებებს გაგიზიარებთ. პირდაპირ ვიტყვი რომ ეს არის ფილმი, რომლის მოწონება, „გემოვნების ამბავი“ იქნება. ზოგს შეიძლება ძალიან მოეწონოს და რამდენიმე დღე ვერ ამოიგდოს თავიდან, ზოგს კი მოსაბეზრებლად ეჩვენოს. მე ვნახე ცნობილი გამოცემების და კინოკრიტიკოსების როგორც ძალიან კარგი, ისე კატასტროფულად ცუდი განხილვები. თავის დროზე, იგივე ბედი ეწია ზეციურ სამეფოსაც, რომელიც ბევრისთვის უსაყვარლესი ფილმია. ჩემი აზრით კი, რიდლი სკოტმა გადაიღო თავის კარიერაში ერთ-ერთი საუკეთესო ისტორიული ფილმი. მე მას თამამად დავაყენებდი „გლადიატორისა“ და „ზეციური სამეფოს“ გვერდით.
ისტორია, რომელსაც ფილმი ეხება, ძალიან საინტერესოა, სცენარი მას მჭიდროდ უკავშირდება; მსახიობებმა თავიანთი როლები კარგად შეასრულეს. აქ არის მეთ დეიმონის ამაყი, ცივი და მკაცრი დე კარუჟი, ადამ დრაივერის მოხერხებული, მექალთანე, ჭკვიანი დე გრი; ბენ აფლეკის გრაფი პიერ დ’ალენსონი, ჯოდი კომერის მიერ შესანიშნავად შესრულებული მარგარიტ დე ტიბოვილი. სხვა 1-2 სახეც გეცნობათ, მათ შორის, „ზეციურ სამეფოში“ იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიონის როლის შემსრულებელი მარტონ ცსოკასი კრესპინის როლში, „სატახტოთა თამაშის“ რუუს ბოლტონი, მაიკლ მაქელჰათონი ბერნარ დე ლატურის როლში.
ფილმი სამ ნაწილად იყოფა: ჟან დე კარუჟის სიმართლე, ჟაკ ლე გრის სიმართლე და მარგარიტ დე კარუჟის სიმართლე. ამ ბოლო წარწერიდან ზედმეტი სიტყვები მალე ქრება და მხოლოდ სიმართლე რჩება, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ესაა რეალური ამბავი, ხოლო ჟან დე კარუჟის და ჟაკ ლე გრის სიმართლე, მათი გადმოსახედიდანაა დანახული და პირად ამბიციებს, სიამაყეს, ფსიქოლოგიას ეყრდნობა. ჩემი აზრით, ფილმის ამგვარი ფორმატი, მისაღები და საინტერესოა, თუმცა, ბევრი უჩიოდა იმას რომ ქრონომეტრაჟი საკმარისზე გრძელი იყო. ფილმის ატმოსფერო რუხი, მოქუფრული და ცივია. ამის მიზეზი არ არის მხოლოდ ის, რომ რიდლმა უბრალოდ შუა საუკუნეებზე გადაღებული ფილმებისთვის დამახასიათებელი ფილტრი გამოიყენა, არამედ ის ამბის სიმძაფრეს და საერთო სიტუაციას აძლიერებს და უხდება; თანაც, ძირითადი ამბავი დეკემბერში ვითარდება. გავითვალისწინოთ, შუა საუკუნეების ციხესიმაგრეების ბნელი კედლები, ვიწრო სარკმლები, სანთლით მკრთალად განათებული სენაკები და ეს ეგრეთწოდებული ფილტრი, კიდევ უფრო მისაღები გახდება. ასევე, დასასრულს, თქვენ იხილავთ ნათელ ფერებსაც, რაც, ვფიქრობ, ჩემ ვერსიას, ამტკიცებს.


კრიტიკა მოყვა ორთაბრძოლაში გამოყენებულ მუზარადებს, რომლებიც სახეს ნახევრად უფარავენ რაინდებს, მაგრამ, ისიც გავითვალისწინოთ რომ ეს მხატვრული ფილმია და ამგვარი დიზაინის მუზარადებს თავისებური შინაარსი შეიძლება ჰქონდეს, თუნდაც ის, რომ ჩვენ არ გვეყურებინა ორი, თავიდან ფეხებამდე რკინაში შეჭედილი „ლითონის ყუთის“ ორთაბრძოლა, არამედ, გვენახა მათი ემოციები, განწყობა, გამომეტყველება და ფილმი კიდევ უფრო მიმზიდველი და საინტერესო სანახავი ყოფილიყო. ასევე, ორთაბრძოლაზე შეიძლება ითქვას რომ ზოგიერთი წყაროს მიხედვით, ის ქვეითად გაიმართა, ფილმში კი, რაინდები ცხენებზე ამხედრებულები იწყებენ შეტაკებას, რაც გაცილებით ეფექტიანია და თან, ისტორიული საფუძველიც აქვს. ამგვარი დეტალებით, მხატვრული ფილმების შელამაზება, ჩემი აზრით, დიდ პრობლემას არ წარმოადგენს. 
მომეწონა მცირე დეტალები, რომელიც შუა საუკუნეების „მუღამს“ გაჭერინებს, მაგალითად, შეუძლოდ მყოფი მარგარიტის შემოწმების შემდეგ ექიმი ამბობს, რომ მას, ერთ-ერთი სითხის ნაკლებობა ან დისბალანსი აქვს ორგანიზმში და მისი ავადმყოფობა ამის ბრალია. ოთხი სითხის თეორია ანტიკური ხანიდან, ჰიპოკრატესა და გალენისგან მოდის. მათი აზრით, ადამიანში ოთხი სითხე სისხლი, ლორწო, ყვითელი და შავი ნაღველი იყო. მათი ბალანსი და დისბალანსი განსაზღვრავდა ადამიანების ხასიათს, განწყობას, ჯანმრთელობას. ეს თეორია საუკუნეების მანძილზე სერიოზულად განიხილებოდა მედიცინაში, თითქმის, XIX საუკუნემდე, სანამ მედიცინის განვითარების შედეგად, ის არ უარყვეს. ასევე, საინტერესო იყო სასამართლოს დასკვნა, რომ ნამუსის ახდის დროს ქალის დაორსულება შეუძლებელი იყო, რადგან დაორსულებისთვის ის აუცილებლად სიამოვნებას უნდა განიცდიდეს, ნამუსის ახდისას კი სიამოვნებას ვერ მიიღებს. 


შეიძლება ეს აზრი ზოგისთვის მისაღები არ იყოს, მაგრამ ვფიქრობ, რიდლი სკოტის ისტორიულ ფილმებს შორის, „უკანასკნელი დუელი“ საუკეთესოდ გადმოსცემს იმ ეპოქის ატმოსფეროს, რომელშიც მოვლენები ვითარდება. რაც შეეხება ფილმის შინაარსობრივ მხარეს, ამაზე ვრცლად არ ვისაუბრებ, რადგან, სჯობს თქვენ თვითონვე იხილოთ და გამოიტანოთ დასკვნები, არ მოექცეთ სხვისი შთაბეჭდილებების ტყვეობაში, მაგრამ რამდენიმე სიტყვით მაინც აღვნიშნავ. ჩემი აზრით, ფილმი უჩვენებს იმას რომ არავინ არის იდეალური და ყველაფერი სუბიექტურია. გვიჩვენებს ისტორიკოსის საქმიანობის მთავარ სირთულეს და ამავე დროს უმნიშვნელოვანეს დეტალს: ერთი ამბის სხვადასხვა პერსპექტივას, ავტორთა მოტივაციას, განწყობას და სურვილებს, რომელთაგან ერთი, ობიექტური ნარატივი უნდა შექმნა. თქვენ დაფიქრდებით, ვინ არის ამ ამბავში მართალი, ვინ ტყუის? არსებობს უნივერსალური სიმართლე? როგორც ფილმის ერთ-ერთმა მაყურებელმა აღნიშნა, „უკანასკნელი დუელი“ დასცინის რაინდული შუა საუკუნეების ეპოქას, დასცინის ფემინიზმსა და ანტიფემინიზმს, რელიგიურ და პოლიტიკურ ფანატიზმს და გვაფიქრებინებს რომ მიუხედავად იმისა, შუა საუკუნეებს დიდი ხანია დავშორდით, ადამიანის ბუნება და ფსიქოლოგია არ შეცვლილა. სამწუხაროდ, „უკანასკნელ დუელის“ მარკეტინგი ძალზე მოიკოჭლებდა. მას სათანადო რეკლამა არ გაუკეთდა და ბევრმა ადამიანმა ვერც შეიტყო ამ ფილმის შესახებ, რის გამოც, გამოსვლიდან პირველ დღეებში, შემოსავლის მხრივ, საკმაო ჩავარდნა ჰქონდა, ისევე, როგორც თავის დროზე, „ზეციურ სამეფოს“. საბოლოოდ კი ვფიქრობ, რომ თანამედროვეობაში, როდესაც ისტორიული ფილმები თითზე ჩამოსათვლელია, ფილმები, ისევე, როგორც თამაშები, გათვლილია ცარიელ ეფექტებზე, სანახაობაზე და უფრო ხშირად, წარმოადგენს ბუტაფორიას შინაარსის გარეშე, დროში, როცა პოლიტკორექტულობის გამო, ისტორიის დამახინჯება ჩვეულებრივ საქმედ იქცა, ხანდაზმული რიდლი სკოტის ეს საინტერესო შინაარსის ისტორიული ფილმი, მცირე, თუმცა, მაინც ნათელი წერტილი იქნება.


ნიკა ხოფერია