პარიზის სამშვიდობო კონფერენეცია (1919-1920)

პარიზის სამშვიდობო კონფერენეცია (1919-1920) – საერთაშორისო კონფერენცია, რომელიც პირველი მსოფლიო ომის გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა მოიწვიეს დამარცხებულ ქვეყნებთან სამშვიდობო მოლაპარაკებებისთვის. მიმდინარეობდა 1919 წლის 18 იანვრიდან -1920 წლის 21 იანვრამდე მცირე შესვენებებით. მასში მონაწილეობდა 27 სახელმწიფო და ბრიტანეთის 5 დომინიონი (ნიუფაუნდლენდი, კანადა, სამხრეთ-აფრიკული კავშირი, ავსტრალია და ახალი ზელანდია).
კონფერენციამ მოამზადა ხელშეკრულებები:
გერმანიასთან (ვერსალის ხელშეკრულება)
ავსტრიასთან (სენ-ჟერმენის ხელშეკრულება)
ბულგარეთთან (ნოისის ხელშეკრულება)
უნგრეთთან (ტრიანონის ხელშეკრულება)
ოსმალეთის იმპერიასთან (სევრის სამშვიდობო ხელშეკრულება)

კონფერენციის სხვა მონაწილეთა პოზიცია სუსტი იყო, ამიტომ ომის შემდეგდროინდელი მსოფლიოს მთავარი პრობლემები “დიდმა სამეულმა” – ვუდრო ვილსონმა(აშშ), დევიდ ლოიდ-ჯორჯმა(დიდი ბრიტანეთი) და ჟორჟ კლემანსომ(საფრანგეთი) გადაწყვიტეს. არცერთი მთავრობა, რომელიც იმ დროის რუსეთის კანონიერ მმართველად ასაღებდა თავს, არ მიიწვიეს. გერმანია და მისი ყოფილი მოკავშირეები კი მხოლოდ მას შემდეგ დაუშვეს, როდესაც სამშვიდობო ხელშეკრულების პროექტი უკვე მზად ჰქონდათ. კონფერენციაზე მოიწონეს ერთა ლიგის შექმნის პროექტიც.
სამშვიდობო კონფერენციის მიზნები იყო:
• იურიდიულად გაფორმებული დოკუმენტი, რომელიც პირველ მსოფლიო ომს დასრულებლად აცხადებდა, რისთვისაც მომზადდა და ხელი მოეწერა სამშვიდობო ხელშეკრულებებს გერმანიასთან და მის ყოფილ მოკავშირეებთან

დიდი ოთხეული: ორლანდო, ლოიდ-ჯორჯი, კლემანსო და ვილსონი

• I მსოფლიო ომის მიმდინარეობისას დაინგრა იმპერიები, მათ შორის: რუსეთის, ავსტრო-უნგრეთის, ოსმალეთისა და გერმანიის. მათ ნანგრევებზე კი ახალგაზრდა სახელმწიფოები წარმოიქმნენ. მათ შორის: უკრაინა, აზერბაიჯანი, საქართველო სომხეთი, ფინეთი, პოლონეთი, ლატვია, ლიტვა, ესტონეთი, ავსტრია, უნგრეთი, ჩეხოსლოვაკია და იუგოსლავია. ყოველი ახალი ქვეყანა ცდილობდა მაქსიმალურად გაეფართოვებინა სახელმწიფო ტერიტორია, რამაც ახალი ომების დაწყების საფრთხე გააჩინა, ამიტომ სამშვიდობო კონფერენციის მისია იყო დაედგინა მკაცრი საზღვრები თითოეული მათგანისთვის და არ დაეშვა მათ შორის ომის დაწყება.

• ომის წლებში წარმოიქმნა იდეა იმის შესახებ, რომ I მსოფლიო ომი უკანასკნელი ომი უნდა ყოფილიყო კაცობრიობის ისტორიაში, ამიტომ კონფერენციაზე გადაწყდა შეექმნათ ძლიერი საერთაშორისო ორგანიზაცია, რომელიც დაიცავდა მშვიდობას მთელს მსოფლიოში. პირველად ასეთი იდეა წამოაყენა იან ქრისტიან სმეტსმა – სამხრეთ-აფრიკული კავშირის პრემიერ-მინისტრმა, შემდეგ მას მხარი ბევრმა სახელმწიფომ დაუჭირა.
• ომის პერიოდში, ოქტომბრის რევოლუციის შედეგად რუსეთში წარმოიქმნა მსოფლიოს პირველი სოციალისტური სახელმწიფო – საბჭოთა რუსეთი, ამიტომ კონფერენციაზე აუცილებელი გახდა შეემუშავებინათ პრინციპები და ურთიერთობის ფორმები ახალი ტიპის სახელმწიფოსთან.

ბოლშევიკური პარტიის ლიდერი ვლადიმირ ლენინი


ასეთი იყო კონფერენციის მონაწილეთა საერთო მიზნები. საფრანგეთის პრემიერ-მინისტრმა ჟორჟ კლემანსომ მათ შესთავაზა ეს შეკრება პარიზში ჩაეტარებინათ. მან ეს იმით ახსნა, რომ საფრანგეთი სხვა ქვეყნებთან შედარებით უფრო დაზარალდა ომში და პარიზის არჩევა სამშვიდობო კონფერენციის გასამართად ფრანგებს მორალურად დააკმაყოფილებდა. მისი წინადადება მიიღეს, ამიტომ კონფერენციამ პარიზის სახელწოდება მიიღო.
საერთო მიზნების გარდა, ბევრ მონაწილე ქვეყანას საკუთარი მიზნებიც ამოძრავებდა.
ამ მიზნების რეალიზება დამოკიდებული იყო ეკონომიკურ, სამხედრო და საერთაშორისო სიძლიერესა და ავტორიტეტზე. ამ მხრივ განსაკუთრებულად ძლიერი პოზიციები ამერიკის შეერთებულ შტატებს ეკავა. აშშ-ს არ სჭირდებოდა გერმანიის ძალიან დასუსტება, რადგან მასში ევროპის წონასწორობისთვის აუცილებელ წევრს ხედავდა ევროპელი კონკურენტების - საფრანგეთისა და დიდი ბრიტანეთის წინააღმდეგ. საბჭოთა რუსეთზე კი თავდაპირველად გადაწყვიტეს, რომ ის ცივილიზებულ სახელმწიფოთა ოჯახს გამოეყო.
აშშ-ს პრეზიდენტი ვუდრო ვილსონი

კონფერენციაზე დიდი ბრიტანეთის პოზიციებიც საკმარისად ძლიერი იყო. ეს გახლდათ უდიდესი კოლონიალური იმპერია, რომელსაც ხმელეთის 1/4 ეკავა. გერმანიასთან დაკავშირებით ბრიტანეთსაც აშშ-ს მსგავსი პოზიცია ეკავა. მას არ სურდა გერმანიის შესამჩნევად დასუსტება, რადგან ამ შემთხვევაში კონტინენტურ ევროპაში საფრანგეთი გახდებოდა წამყვანი ქვეყანა. ასევე ლოიდ-ჯორჯი თვლიდა, რომ საბჭოთა რუსეთთან არსებული პრობლემების გადაჭრა მოლაპარაკების მაგიდაზე შეიძლებოდა.
მძლავრი პოზიცია ჰქონდა საფრანგეთსაც – ასევე ძლიერ კოლონიალურ იმპერიას. მას მსოფლიოში ყველაზე ძლიერი სახმელეთო ჯარი ჰყავდა. პრემიერ-მინისტრი კლემანსო ცდილობდა რაც შეიძლება მეტად დაესუსტებინა გერმანია, ამიტომ გერმანიასთან მდინარე რაინზე გამავალი საზღვრების ცვლილების გეგმები შეადგინა, რომელიც რაინის მთელი მარცხენა სანაპიროს საფრანგეთის ხელში გადასვლას ითვალისწინებდა. ამ წინადადებას კლემანსო იმით ამართლებდა, რომ რაინი ბუნებრივი წინაღობა იქნებოდა მოსალოდნელი აგრესიის პირობებში.
სენ-ჟერმენის სასახლე პარიზში

კონფერენციის ბოლოს განიხილეს საკითხი – მიეწვიათ თუ არა საბჭოთა რუსეთი პარიზის კონფერენციაზე. მიუხედავად იმისა, რომ არავინ უარყოფდა რუსეთის საიმპერატორო არმიის წვლილს საერთო გამარჯვებაში, რუსეთი ვერ მოხვდა კონფერენციაზე გარკვეულ მიზეზთა გამო:
• “ანტანტის” წევრები რუსეთს “მოკავშირეთა ინტერესების გამყიდველს” უწოდებდნენ – 1918 წლის 3 მარტს ბრესტში რუსეთმა ხელი მოაწერა სამშვიდობო ხელშეკრულებას გერმანიასთან და ომიდან გავიდა. ამით მან უხეშად დაარღვია თავისი ვალდებულებები ანტანტის მიმართ – არ მოეწერა მოწინააღმდეგესთან დამოუკიდებლად, სეპარატისტული ხელშეკრულებისთვის ხელი. გერმანიამ ამით ისარგებლა და აღმოსავლეთის ფრონტიდან დასავლეთ ფრონტზე გადაისროლა მნიშვნელოვანი ძალები და 1918 წლის ზაფხულში ომის ბედის თავის სასარგებლოდ შემობრუნებას გეგმავდა. ამ მძიმე სიტუაციიდან მოკავშირეები ამერიკის შეერთებული შტატების ძალებმა იხსნეს.
• ბოლშევიკური რეჟიმს რუსეთში დროებითად თვლიდნენ, რომლის ცნობასაც არ აპირებდნენ, ხოლო რუსული დელეგაციის კონფერენციაზე მიწვევა ფაქტიურად მათი რეჟიმის აღიარება იქნებოდა.
• გამოცხადდა, რომ კონფერენციაზე წარმოდგენილები იქნებოდნენ გამარჯვებული ქვეყნები, ხოლო რუსეთი – ომში დამარცხებული სახელმწიფო იყო. სწორედ ამიტომ, რუსეთი ვერ მოხვდა კონფერენციაზე.

დევიდ ლოიდ-ჯორჯი

კონფერენციაზე უარყვეს ე.წ. “ჩეხური კორიდორი” გეგმა, რომელიც ავსტრო-უნგრეთის მტკიცედ განცალკევებასა და დასავლეთ და სამხრეთ სლავების დამაკავშირებელი დერეფნის შექმნას ითვალისწინებდა. 
ვერსალის საზავო ხელშეკრულებას, რომლითაც I მსოფლიო ომი ოფიციალურად დასრულდა, ხელი მოაწერეს ერთი მხრივ: ამერიკის შეერთებულმა შტატებმა, დიდმა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა, იტალიამ, იაპონიამ, ბელგიამ, ბოლივიამ, ბრაზილიამ, კუბამ, ეკვადორმა, საბერძნეთმა, გვატემალამ, ჰაიტიმ, ჰიჯაზმა, ჰონდურასმა, ლიბერიამ, ნიკარაგუამ, პანამამ, პერუმ, პოლონეთმა, პორტუგალიამ, რუმინეთმა, იუგოსლავიამ (სერბების, ხორვატებისა და სლოვენიელების სამეფო), სიამმა, ჩეხოსლოვაკიამ და ურუგვაიმ, მეორე მხრივ კი – გერმანიამ.
საფრანგეთმა დაიბრუნა ელზას-ლოტარინგია (1870 წლის საზღვრებში), ბელგიამ მალმედი, მორენე და ეიპენი მიიღო, პოლონეთმა – პოზნანი, პომერანიის ნაწილი და დასავლეთ პრუსიის სხვა მიწები, დანციგი (გდანსკი) და მისი შემოგარენი “თავისუფალ ქალაქად” გამოცხადდა, მემელის (კლაიპედას) ოლქი (მემელლანდი) გამარჯვებულ სახელმწიფოებს გადაეცა სამართავად (1923 წლის თებერვალში შეუერთდა ლიტვას).
შლეზვიგის ნაწილი პლებისციტის შედეგების მიხედვით დანიას მიეკუთვნა, ზემო სილეზიის ნაწილი – პოლონეთს, აღმოსავლეთ პრუსიის სამხრეთ ნაწილი გერმანიას დარჩა, ჩეხოსლოვაკიას კი სილეზიის მცირედი ნაწილი შეხვდა. მდინარე ოდერის მარჯვენა სანაპიროზე მდებარე მიწები, ქვემო სილეზია, ზემო სილეზიის დიდი ნაწილი და სხვა ტერიტორიები გერმანიას დარჩა. ზაარის ოლქი 15 წლით ერთა ლიგას გადაეცა სამართავად, რის შემდეგაც მის ბედს პლებისციტი გაარკვევდა. ზაარის ქვანახშირის შახტები საფრანგეთის საკუთრება გახდა. გერმანიამ სცნო ავსტრიის, პოლონეთისა და ჩეხოსლოვაკიის სრული დამოუკიდებლობა, დაკარგა ყველა კოლონია, რომელიც მოგვიანებით მთავარმა გამარჯვებულმა სახელმწიფოებმა გაინაწილეს ერთა ლიგის მანდატების სისტემის მიხედვით.

გერმანიის სახმელეთო სამხედრო ძალა 100 ათას ჯარისკაცამდე შემცირდა, სავალდებულო სამხედრო სამსახური მოიხსნა, სამხედრო-საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილი გამარჯვებულებს გადაეცათ, დამყარდა მკაცრი კონტროლი სამხედრო ხომალდების მშენებლობაზე. გერმანიას აეკრძალა თანამედროვე იარაღის – სამხედრო ავიაციისა და ჯავშნოსანი ტექნიკის ქონა.

ოსმალეთის იმპერიის დროშა

ავსტრიამ ხელი მოაწერა სენ-ჟერმენის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც სცნო უნგრეთის, ჩეხოსლოვაკიისა და პოლონეთის ტერიტორიების გამოყოფა, დათანხმდა იუგოსლავიის სამეფოსა და რუმინეთის სასარგებლოდ მიწების დათმობაზე. პოლონეთს შეურთდა დასავლეთ გალიცია, ჩეხოსლოვაკიას კარპატებამდე უკრაინა. ტრანსილვანია და ბანატის ნაწილი, რომელიც ადრე ავსტრო-უნგრეთის იმპერიაში შედიოდა, რუმინეთს გადაეცა ბუკოვინასთან ერთად. ავსტრიამ ასევე დაკარგა სამხრეთ ტიროლი და ისტრია(იტალიის სასარგებლოდ). იუგოსლავიამ დალმაცია, დასავლეთ კრაინის, კარინტიისა და შტირიის ნაწილი მიიღო. ამას გარდა ჩამოერთვა სამხედრო და სავაჭრო ფლოტი ადრიატიკის ზღვასა და დუნაიში, გადაიხადა კონტრიბუცია მოკავშირეთა სასარგებლოდ და მათ ნებისმიერი ტვირთის გადატანის უფლება მისცა ავსტრიის ტერიტორიაზე. ერთ დროს მძლავს ჰაბსბურგთა იმპერიას რეგულარული ჯარის ყოლის უფლებაც ჩამოერთვა.

ნოისის ხელშეკრულების მიხედვით ბულგარეთმა დაკარგა მაკედონიის ნაწილი(იუგოსლავიის სასარგებლოდ), დასავლეთ თრაკია(თავდაპირველად ერთა ლიგის მთავარ სახელმწიფოთა იურისდიქციში შედიოდა, შემდეგ საბერძნეთს მიეკუთვნა) და დობრუჯა(რუმინეთს), გადაიხადა კონტრიბუცია და შეამცირა სამხედრო ძალები.
კონსტანტინოპოლი - დღევანდელი სტამბული

სევრის ხელშეკრულებამ კი თურქეთს არაბეთის ნახევარკუნძული(ჰიჯაზი), ჩრდილოეთ აფრიკის ქვეყნები(ბრიტანეთი), კვიპროსი(ბრიტანეთი), სირია და ლიბანი(საფრანგეთი), პალესტინა, იორდანია, მესოპოტამია(ბრიტანეთი), კუნძული დოდეკანესი(იტალია), ეგეოსის ზღვის კუნძულები(საბერძნეთი), ევროპის კონტინენტური სამფლობელოების დიდი ნაწილი(საბერძნეთი), კონსტანტინოპოლი(გამოცხადდა საერთაშორისო მმართველობის ქალაქად და მოხდა მისი დემილიტარიზაცია),
სომხეთი გამოცხადდა დამოუკიდებლად, საქართველოს, აზერბაიჯანსა და სომხეთს მოკავშირე ქვეყნებთან მოლაპარაკებების საშუალებით უნდა დაეწესებინათ საზღვრები, ხოლო უთანხმოების შემთხვევაში გამოეყენებინათ მოკავშირეთა შუამავლობა. გადაწყდა დამოუკიდებელი ქურთისტანის საზღვრების დაწესება ინგლისთან, საფრანგეთთან და თურქეთთან ერთად. 

ნიკა ხოფერია