წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე


წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე - Castel Sant'Angelo  რომის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ისტორიული ძეგლი. თავდაპირველად აკლდამას წარმოადგენდა, შემდეგ ციხე-სიმაგრე იყო, პაპის რეზიდენცია და მისი ქონების სანახი, ასევე ციხე, დღეს კი მუზეუმია.

                 იმპერატორი ადრიანე


იმპერატორმა ადრიანემ( Publius Aelius Traianus Hadrianus , 76-138) მისი შენება ახ.წ. 135 წელს დაიწყო, როგორც თავისი გვარეულობის მავზოლეუმისა. მშენებლობა 139 წელს დაასრულა ადრიანეს მემკვიდრე ანტონინუს პიუსმა( Titus Aurelius Fulvus Boionius Arrius Antoninus Pius , 138-161). მავზოლეუმს ოთხკუთხა საფუძველი ჰქონდა(გვერდის სიგრძე 84 მ), რომელზეც ცილინდრის ფორმის შენობა იდგა(დიამეტრი -64 მ, სიმაღლე დაახლ. 20 მ). მავზოლეუმი გორაკს მოგაგონებდათ, რომლის წვერზე ქანდაკება იდგა – იმპერატორი, რომელიც მართავდა ოთხცხენშებმულ ეტლს.
           იმპერატორი ანტონინუს პიუსი

მავზოლეუმში სპეციალური ჭურჭლით ათავსებდნენ რომის იმპერატორთა ფერფლს ადრიანედან დაწყებული სეპტიმიუს სევერუსის( Lucius Septimius Severus, 193-211) ჩათვლით. ამის შემდეგ ეს შენობა ავრელიანეს კედლის კომპლექსში ჩართეს, რომელიც ქალაქ რომს გარედან ერტყა და იყენებდნენ სამხედრო და სტრატეგიული მიზნებისთვის. გადმოცემის მიხედვით 590 წელს, რომში გავრცელებული საშინელი ეპიდემიის დროს, პაპმა გრიგორიუს I დიდმა( Gregorius PP. I , 590-604) ამ ციხე-სიმაგრის თავზე მთავარანგელეოზი მიქაელი დაინახა, რომელმაც მახვილი ქარქაშში ჩააგო, რაც მიუთითებდა უბედურების დასრულებაზე.
                                გრეგორიუს I

სწორედ აქედან წარმოდგა შენობის სახელწოდება – წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე. შუა საუკუნეებში წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრე ვატიკანის პასეტოს – ანუ გამაგრებულ შესასვლელს, დერეფანს შეუერთდა. რომის პაპებმა ეს ადგილი ნამდვილ სამხედრო სიმაგრეების კომპლექსად აქციეს. პაპი კლიმენტი VII( Clemens PP. VI, Giulio de Medici, 1523-1534) წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრეში იყო გამაგრებული, როდესაც კარლოს V-ის( Carolus V, 1500-1558) ჯარები რომში შეიჭრნენ(1527).
                                        
                                                                 კარლოს V

ალყაშემორტყმულ ციხეში პაპთან ერთად იმყოფებოდა ბენვენუტო ჩელინი( Benvenuto Cellini, 1500-1571), მოქანდაკე, მხატვარი, მუსიკოსი, მეომარი და ცნობილი მემუარების ავტორი, რომელმაც დიდი როლი შეასრულა რომის დაცვაში. რამდენიმე წლის შემდეგ, იგი წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრეში იყო დაპატიმრებული, მაგრამ მან აქამდე შეუძლებელი შეძლო – საკნიდან გაიქცა. ციხის მთელი ისტორიის განმავლობაში, იგი ერთადერთი ადამიანი აღმოჩნდა, ვინც ამის გაკეთება მოახერხა.


წმინდა ანგელოზის ციხე-სიმაგრეში სხვადასხვა ეპოქის ოთახებს, დარბაზებსა და ქანდაკებებს შეხვდებით. აქ არის ადრიანეს დროინდელი გალერეა იმპერატორთა აკლდამებით, პაპ ალექსანდრე VI-ს( Alexander PP. VI, როდრიგო ბორჯია, 1431-1503) შიდა ეზო, კლიმენტი VII-სა და კლიმენტი VIII-ს( Clemens PP. VIII, Ippolito Aldobrandini, 1592-1605) სასტუმრო დარბაზი, პავლე III-სა( Paulus PP II, Alessandro Farnese, 1534-1549) და პავლე IV-ს( Paulus PP. IV, Giovanni Pietro Caraf(f)a, 1555-1559) ოთახები. აქ არის ციხეც, ბიბლიოთეკაც, საიდუმლო არქივი და განძეულის ოთახი. ციხე-სიმაგრის ტერასიდან, სადაც ანგელოზის ძეგლი დგას, რომის შესანიშნავი ხედი იშლება.




ნიკა ხოფერია