ჯვაროსნები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებში, ნაწილი I


დაახლოებით ორი წლის წინ სამხედრო ისტორიის ბლოგზე გამოვაქვეყნე ჩემი სტატია ტამპლიერთა ორდენისა და საქართველოს ურთიერთობაზე (ტამპლიერები და საქართველო: რეალობა და მითი), რომელშიც შევიტანე ზოგიერთი ის ცნობა, რომელიც მაშინ  შევაგროვე. მას შემდეგ ბევრ ახალ ნარკვევს გავეცანი ტამპლიერთა შესახებ, მათ შორის ქართველი ავტორებისას. მე არ ვგეგმავ ზემოთ დასახელებული სტატიის მნიშვნელოვნად გაფართოებას და მხოლოდ ერთ, ყველაზე მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროზე - იერუსალიმის ჯვრის მონასტრის აღაპებზე (შედგენილი 1155-1187 წლებს შორის) და მასში დასახელებულ ჯვაროსნებზე გავამახვილებ ყურადღებას, რომლის ტექსტი სტატიაშიც მქონდა მოყვანილი.

საინტერესოა ის, რომ მთელი მეოცე საუკუნის განმავლობაში, მიუხედავად იმისა, რომ უამრავი სტატია დაიწერა (მათ შორის ე. მეტრეველის, თ. ჟორდანიას, ვ. კოპალიანისა და შ. ბადრიძის მიერ) დასახელებულ დოკუმენტზე, არ იყო გარკვეული იმ პირთა ვინაობა, რომლებიც მასში არიან მოხსენიებულები. ბოლო წლებში კი მას ყურადღება ორმა ქართველმა მკვლევარმა, მამუკა წურწუმიამ (მამუკა წურწუმია, „ჯვაროსანთა მოსახსენებლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერებში", ქართველოლოგია 6 (თბილისი, 2010)) და სოსო მარგიშვილმა (სოსო მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ (თბილისი, 2006) მიაქცია. სოსო მარგიშვილმა დასახელებულ პირებში ამოიცნო ტამპლიერთა ორდენის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი წევრი, ხოლო მამუკა წურწუმიამ მოახერხა სხვა რაინდების იდენტიფიცირებაც.

იერუსალიმის ჯვრის მონასტერი

ჯვრის მონასტრის აღაპებში დასახელებული ჯვაროსნები: 1. სირ უგ და ყოველნი (მოყვარენი მისნი), 2. ჟოფრე ფაუსათ, 3. სინენბრინ და მოდეარ ჯირაოდ, 4. ვ’გი’ლლმ, 5. ფილიპე, ელისაბედ, ელენე, სტეფანე, მ’მაი ელისაბედისი ოდი და დედაი მაბილა და პაპი ფილიპესი გ’ი, 6. სირ პერ კომანდური ტაძრელთ, 7. პერი ტაძრელთა, 8. პერია, მისი დედაი ბ’სლა და მამაი მისი პელინ, 9. გულიან მპტერა და დედაი და მამაი მისი, 10. ჯირარდ და დედაი და მამაი მისი, 11. ორსიშოდ სილგილამ დელოლველ, 12. სირ ვრიდრიშ, 13. რაუ გილა, ასქილანი, ასილინე, ჟუან, ელისაბედ, 14. სირ უდრი და მაჰად, 15. სირ რაო და მიქაელ, 16. ქრისტოდულ ეკ’ონმი, 17. სირი ჯილიბედ, 18. სირ არბერდ ბჭე და ძ’მაი ტაძრელთა ჯუან. 19. ღ'ო შ'ე გრიგოლ ძმაი მისი კ'სტანტინე და დედაი მათი მრ'მ. 20. შეიწყ(ა)ლე, ო'ი(!) ღმერთო, უისტასი: გარნიელ: გატიერ: დამიდ: უისტასი: ჰუედ: რინირ: მუსურ: არჩნბატ. (აღაპების კიდევ ერთ ნაწილს სტატიის მეორე ნაწილში იხილავთ).
1.სირ უგ - სამწუხაროდ მხოლოდ სახელი არაფერს გვაძლევს ხელმოსაჭიდს, რომ მკვლევარებმა დაადგინონ მისი ვინაობა.
2.ჯოფრე ფაუსათ - მისი ვინაობა დაადგინა სოსო მარგიშვილმა და აღნიშნა რომ ის იყო ჟოფრუა ფუშე (ფულხერიუსი) იგივე Gaufridus Fulcherii, ტამპლიერთა ორდენის კომანდორი და ხაზინადარი, წარმოშობით ბურგუნდიელი. იგი 1144 წლიდან მოღვაწეობდა ტამპლიერთა ორდენში. ახლდა მეფე ლუი VII-ს მცირე აზიაში ლაშქრობის დროს. მის დიპლომატიურ ნიჭს დიდად აფასებდნენ ევროპაში.ჟოფრუა ფუშემ სულ მცირე ხუთჯერ იმოგზაურა წმინდა მიწიდან დასავლეთში. ჩავიდა მეფე ლუი VII-თან, პაპ ალექსანდრე III-ს თხოვნით შეეცადა ჰენრი II-სა და თომას ბეკეტის შერიგებას.
რაიმონდ პუატიე და ლუი VII ანტიოქიაში (XV ს. მანუსკრიპტი)

მონაწილეობდა დიპლომატიურ მისიაში ეგვიპტის ფატიმიან ხალიფასთან, ნურ ად-დინ ზენგის საწინააღმდეგოდ ალიანსის ჩამოსაყალიბებლად. 1170-იან წლებში იგი ტამპლიერთა ორდენის ზღვისაქეთა სახლების კომანდორი გახდა. 1171-79 წლებში კი ჟოფრუა ფუშე ორდენის დასავლეთის სახლების კომანდორი იყო. იგი გარდაიცვალა 1179 წელს. ლუი VII-ს მისამართით გაგზავნილ წერილებში ჟოფრუა თავის თავს Procurator Templi-ს და Praeceptor Templi-ს უწოდებდა. მისი ტიტულები იმდენად მრავალფეროვანია, რომ მკვლევარებს უძნელდებათ ორდენის იერარქიაში მისი მოთავსება. 
3. სინებრინ და მოდეარ ჯირაოდ - სინებრინის, რომელიც შეიძლება იყოს სირ ენბრინ, ან სირ დე ბრიენ, ვერ გაიშიფრა, რადგან მხოლოდ სახელი არ იძლევა საშუალებას დავადგინოთ მისი ვინაობა. ჯირაოდ ანუ ჟირო იყო აკრის გრაფი (ვიკონტი), თუმცა ზუსტად ვერც მის იდენტიფიკაციაზე ვისაუბრებთ.
ტამპლიერთა გაკეთებული მიწისქვეშა დერეფანი სენ ჟან დ'აკრში (აკრაში)

4. ვ 'გი'ლლმ - იგივე გიიომია, მაგრამ მისი იდენტიფიკაციაც შეუძლებელია ზემოთ დასახელებული მიზეზების გამო.
5. ფილიპე, ელისაბედ, ელენე, სტეფანე, მ’მაი ელისაბედისი ოდი და დედაი მაბილა და პაპი ფილიპესი გ’ი - აღაპში მოხსენიებული ეს ოჯახი ეკუთვნოდა ფილიპე ნაბლუსელს, რომელიც კარიერის ბოლოს ტამპლიერთა ორდენის მაგისტრი გახდა. ფილიპე  1144 წელს ედესის დასახსნელად გაგზავნილი არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო, 1148 წელს დამასკოზე შეტევის დაგეგმვაში მონაწილეობდა, 1153 წელს ასკალონის ალყაში, 1157 წელს ბანიასის გამოხსნაში და იერუსალიმის მეფე ამორის კამპანიებში ეგვიპტის წინააღმდეგ (1164, 1167, 1169). აღაპში მოხსენიებული ელისაბედი იყო ფილიპეს მეუღლე იზაბელა, რომლისგანაც სამი შვილი - რაინერი, ელენა და სტეფანია ჰყავდა. 1166 წელს, სავარაუდოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფილიპე ტამპლიერთა ორდენში შევიდა, 1169 წელს კი ორდენის დიდ მაგისტრად აირჩიეს. 1171 წელს გადადგა მაგისტრობიდან და კონსტანტინოპოლში იერუსალიმის მეფის მისიით გაემგზავრა. როგორც ჩანს იგი ამ პერიოდში გარდაიცვალა. ფილიპეს ქალიშვილი სტეფანია სამჯერ იყო გათხოვილი - ჰამფრი ტორონელზე, მილ დე პლენსიზე და რენო დე შატილიონზე.
ბრენდან გლისონი რენო დე შატილიონის როლში რიდლი სკოტის გადაღებულ ისტორიულ დრამაში „ზეციური სამეფო" (2005)

ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი ჯვაროსანთა ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. იგი იყო კერაკის მმართველი და მუსლიმთა დაუძინებელი მტერი. 1187 წელს ჰატინის ბრძოლის შემდეგ სალადინმა რენო საკუთარი ხელით მოკლა. 1183 წელს, როდესაც სალადინმა ალყა შემოარტყა კერაკს, იქ სტეფანიას ვაჟის ჰამფრი IV-სა და იერუსალიმის მეფის დის, პრინცესა იზაბელას ქორწილი იყო. სტეფანიამ სუფრიდან მოსაკითხი გაუგზავნა სალადინს. ამით სულთანი მიხვდა რომელ კოშკში იყვნენ ახალდაქორწინებულები და ლოდსატყორცნები მოარიდა. ჰატინის ბრძოლისა და იერუსალიმის დაცემის შემდეგ, სტეფანია სალადინს შეპირდა კერაკის და მონრეალის ციხეებს თუ სულთანი გაათავისუფლებდა მის ვაჟს ჰამფრის. სალადინმა პირობა შეასრულა, მაგრამ ციხეების გარნიზონებმა უარი თქვეს კაპიტულაციაზე. სტეფანიამ თავისი ვაჟი უკან გაუგზავნა სალადინს, რომელიც ისე აღფრთოვანდა მისი კეთილშობილებით, რომ უსასყიდლოდ გაათავისუფლა. 
6. სირ პერ კომანდური ტაძრელთ 7. პერი ტაძრელთა - სავარაუდოდ ორივე მოსახსენებელი ერთ პიროვნებას ეკუთვნის, რომლის სახელს (პიერ) ტიტულიც (სირ) ემატება. ამ პერიოდის ცნობებში ერთადერთი ტამპლიერია, რომელსაც პიერი ერქვა (მეტსახელად „თვალმშვენიერი"). იგი ხელს აწერდა ორდენისთვის ბოძების საბუთზე 1168 წლის 27 აპრილს.
კერაკის ციხესიმაგრე

8. პერია, მისი დედაი ბ’სლა და მამაი მისი პელინ - პელინ შეიძლება იყოს ბალინ. აღმოსავლელები ასეთი ფორმითაც გამოთქვამდნენ ამ სახელს (მაგ. კილიკიის სომხეთის მეფის ხეთუმის სომხურ ქრონიკაში). 
9. გულიან მპტერა და დედაი და მამაი მისი - გვლიამ მპტერა (პატერა) სავარაუდოდ არის პეტერ (პიერ) გიიომი (Gillelmus Petri). იგი 1150 წელს გახდა ტამპლიერთა წევრი. 1165 წელს გიიომების ოჯახმა ტამპლიერებს ყმები შესწირა, 1166 წელს კი ორდენმა სამხრეთ საფრანგეთში წისქვილების მთელი კომპლექსი ანდო მას სხვებთან ერთად (პეტრე გიიომის შესახებ ცნობები მამუკა წურწუმიამ კარკასონის მახლობლად მდებარე დუჟენის ტამპლიერთა კარტულარებში შემონახული საბუთით მიიღო).
10. ჯირარდ და დედაი და მამაი მისი - ჯირარდ იგივე ჟერარია (Gerard), თუმცა მისი იდენტიფიცირება მწირი ცნობების გამო არ ხერხდება.
11. ორსიშოდ სილგილამ დელოლველ - არცერთის ზუსტი იდენტიფიცირება არ ხერხდება. სერ გიიომის ორი ყველაზე შესაძლო კანდიდატურაა - მარშალი გიიომ დე ლულენი, რომელიც ხელს აწერს 1155 წლის დოკუმენტს ან გიიომ ლოველი, მოხსენიებული 1176 წლის დოკუმენტში.
იერუსალიმის მეფე გი დე ლუზინიანი დამარცხების ნიშნად თავის მახვილს დებს სალადინის ფეხებთან (საიდ თაშინეს ნახატი, 1954)

12.სირ ვრიდრიშ - სავარაუდოდ ეს უნდა იყოს გერმანული წარმოშობის სახელი ფრიდრიხი. ამ პერიოდში ჯვაროსნებს შორის მხოლოდ ერთი ფრიდრიხი (Friderici) 1168 წლის დოკუმენტში მოიხსენიება, როგორც Palatini Comitis
13. რაუ გილა, ასქილანი, ასილინე, ჟუან, ელისაბედ - რაუ რაულია, ასქილანი და ასილინე Ascelinus ან Acelinus, ჟუან კი ჟანი. მათი იდენტიფიცირება არ ხერხდება.
14. სირ უდრი და მაჰად - სირ უდრი სავარაუდოდ 1173 წლის საბუთში მოხსენიებული Nicholaus de Huderic-ია, მაჰად კი ალბათ ქალის სახელი Mahaldis არის. ცნობილია ორი მონაზონი რომელიც ამ სახელს ატარებდა. ნიკოლასს არცერთი უკავშირდება, მაგრამ ვერ გამოვრიცხავთ, რომ ქმრის (რომელიც შესაძლოა ნიკოლასი ყოფილიყო) სიკვდილის შემდეგ, ერთ-ერთი მაჰადი მონაზვნად აღკვეცილიყო. 
15. სირ რაო და მიქაელ - სირ რაო რაულია, მიქაელ კი მიშელი. ეს მონაცემები შეესაბამება ბაზელის პატრონ რაულის შვილ მიქაელს. იგი ხელს აწერს 1249 წლის დოკუმენტზე. არსებობს მცირე შესაძლებლობა, რომ მამა-შვილს 1244 წლამდე მოევლოთ იერუსალიმი და მოენახულებინათ ჯვრის მონასტერიც. თუ ეს ასეა, მაშინ აღაპების ზედა ზღვარი 1244 წლამდე აიწევს.
16. ქრისტოდულ ეკ’ონმი - ე. მეტრეველი მიიჩნევდა ტამპლიერთა ორდენის მნედ და წევრად, მაგრამ ეს მოსაზრება არ უნდა იყოს სწორი. ქრისტოდული აშკარად ბერძენია, ტამპლიერთა ორდენი კი სამეურნეო სამსახურისთვის უცხოელებს არ იწვევდა, რაც ჩვეული პრაქტიკა იყო უცხოეთში მოქმედი ქართული მონასტრისთვის.
 მონსიჟარის ბრძოლა (შარლ-ფილიპ ლარივიერე, XIX ს.)

17. სირი ჯილიბედ - Gilbertus, Gillebertus ან Gislebertus. მისი იდენტიფიცირება რთულია, რადგან ეს სახელი საკმაოდ იყო გავრცელებული და ამას გარდა არ გაგვაჩნია რაიმე დამატებითი მინიშნება.
18.  სირ არბერდ ბჭე და ძ’მაი ტაძრელთა ჯუან - არბერდ იგივე რობერტია, რომელიც მიღებულია ხმოვნის გამოტოვებით. აღსანიშნავია, რომ რობერტ დე პორტა იერუსალიმის მეფე ბალდუინ III-ისა და პიზელების შეთანხმებაზე 1156 წლის 2 ნოემბერს აწერს ხელს. სრულიად შესაძლებელია, რომ ქართველ ბერს ლათინური Porta (კარიბჭე) ეთარგმნა ქართულად როგორც ბჭე. ჯუან არის ჟან, რომელიც შესაძლოა იყოს ტამპლიერი ჟან დე ბარი. ან ტამპლიერთა ორდენის კაპელანი ძმა ჟანი, რომელიც ჟოფრუა ფუშესთან ერთად ხელს აწერს 1160 წლის დოკუმენტზე.
19. ღ'ო შ'ე გრიგოლ ძმაი მისი კ'სტანტინე და დედაი მათი მრ'მ - მეცხრამეტე აღაპს არაფერი აქვს საერთო ჯვაროსნებთან, მასში ქართველები უნდა იყვნენ მოხსენიებულნი.
20. შეიწყ(ა)ლე, ო'ი(!) ღმერთო, უისტასი: გარნიელ: გატიერ: დამიდ: უისტასი: ჰუედ: რინირ: მუსურ: არჩნბატ - აქ მოხსენიებული ოჯახის ამოცნობა ზუსტად არის შესაძლებელი და ეს გვარი მნიშვნელოვან როლს ასრულებდა იერუსალიმის სამეფოს ისტორიაში. დინასტიას სათავე დაუდო პირველი თაობის ჯვაროსანმა ბალდუინ I ფლამანდიელის რაინდმა ეუსტაშ I გარნიემ, რომელიც კესარიის ლორდი და სიდონის გრაფი გახდა. მონაწილეობდა რამლას მესამე ბრძოლაში 1105 წელს. 1109 წელს იბრძოდა ტრიპოლის ასაღებად. 1110 წელს მიიღო სიდონის გრაფობა.
სიდონის ციხესიმაგრე

1111 წელს ტვიროსის ალყისას მეთაურობდა საალყო კოშკის აგების საქმეს. 1120 წელს მონაწილეობდა ნაბლუსის კრებაში, რომელმაც იერუსალიმის სამეფოს კანონები მიიღო. 1123 წელს ბალდუინ II-ს ტყვედ ჩავარდნის შემდეგ აირჩიეს იერუსალიმის კონსტებლად. იმავე წელს დაამარცხა ეგვიპტელები იბელინთან ბრძოლაში. გარდაიცვალა 1123 წლის 15 ივნისს. ალბერტ აახენელის მიხედვით ის იყო „სახელოვანი რაინდი და უპირველესი მეფის სახლეულში", ფულხერიუს შარტრელის მიხედვით კი „მამაცი და პატიოსანი". ეუსტაშს ჰყავდა ორი შვილი ეუსტაშ II (იგივე ჟერარი), რომელსაც სიდონი ერგო და გოტიე, რომელიც კესარიაში დამკვიდრდა.
ეუსტაშ II 1153 წელს ასკალონის ალყისას 20 გალერას სარდლობდა. მეუღლე აგნესა დე ბურისგან ჰყავდა ორი ვაჟი - რენო და ეუსტაში. რენო სიდონელი განათლებული და ცნობილი პიროვნება იყო. 1177 წელს მონსიჟარის ბრძოლაში მონაწილეობდა, სადაც ბალდუინ IV-მ დაამარცხა სალადინის ჯარი. 1187 წელს კი ჰატინის ბრძოლაში დაღუპვას გადაურჩა. სალადინმა ალყა შემოარტყა რენოს ციხესიმაგრეს ბოფორს. რენომ მოახერხა სალადინთან ურთიერთობის დამყარება, შეჰპირდა ისლამის მიღებასაც და ამ ხნის განმავლობაში კარგად გაამაგრა ციხე. სალადინმა ის დაატყვევა და დამასკოში გაგზავნა. 1190 წელს ბოფორის ციხე დანებდა პატრონის გათავისუფლების სანაცვლოდ. რენოს ძმა გოტიე განთქმული იყო ძალითა და გარეგნობით.
ბოფორის ციხესიმაგრე

იგი ბოლოს 1149 წლის დოკუმენტში ჩანს, როდესაც ჰოსპიტალის მიმართ შეწირულობას ამოწმებს. გოტიე უნდა გარდაცვლილიყო 1149-1154 წლებს შორის, რადგან 1154 წელს მისი ვაჟი ჰუგო უკვე კესარიის მმართველია. ჰუგოს ჰყავდა ძმა ეუსტაში, რომელსაც კეთრი შეეყარა და წმ. ლაზარეს ორდენის (კეთროვანთა) ძმა გახდა. ჰუგო მონაწილეობდა ბალდუინ III-სა და ამორი I-ს ლაშქრობებში. 1167 წელს ჟოფრუა ფუშესთან ერთად წავიდა დიპლომატიური მისიით ეგვიპტეში. მანამდე იგი ტყვედ იყო კაიროში. ნურ ად-დინის სარდალ შირკუჰთან ერთ-ერთ ბრძოლაში ჰუგო ტყვედ ჩავარდა. შირკუჰმა შესთავაზა ჯვაროსნებთან მოლაპარაკებაში შუამავლობა, რადგან ჰუგოს დიდი ავტორიტეტი ჰქონდა თავისიანებში. ჰუგომ ამაზე უარი განაცხადა. აღაპში მოხსენიებულია ეუსტაშ II გრნიე, მისი ძმა გოტიე და გოტიეს შვილები ეუსტაში და ჰუგო, ეუსტაშ II-ს ვაჟი რენო. მუსურ და არჩნბატ მიგვითითებენ ამ ოჯახის წევრებზე, რომლებიც აქამდე უცნობი იყვნენ, დამიდ გაურკვეველია, შეიძლება იყოს წინადადები დამაკავშირებელი რაიმე სიტყვა.

ნიკა ხოფერია
(მამუკა წურწუმიას სტატიის მიხედვით)
მამუკა წურწუმია, „ჯვაროსანთა მოსახსენებლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერებში",ქართველოლოგია 6 (თბილისი, 2010)