რაინდული ტურნირები აღმოსავლეთში: ბიზანტია და ჯვაროსნული სამეფო-სამთავროები (XII-XV სს.)


რაინდული ტურნირები შუა საუკუნეების დასავლეთ ევროპული არისტოკრატიის ცხოვრების ნაწილი და ზოგადად ამ პერიოდის ერთ-ერთი სიმბოლოა. მისი ისტორია XI-XII საუკუნეთა მიჯნაზე იწყება (1), თუმცა მანამდეც არსებობდა მსგავსი საბრძოლო-საცხენოსნო თამაშები, რომელიც მაღალი წოდების მეომართათვის არა მხოლოდ ინდივიდუალური წვრთნისა და ბრძოლაში დახელოვნებით თავის გამოჩენის, არამედ რაზმებად ტაქტიკური მოქმედების პრაქტიკაც იყო. „ევროპელი ლორდები თავიანთი შთამომავლობისა თუ წინაპრების მსგავსად, რომლებიც ფაქტობრივად გაუნათლებლები იყვნენ, ფიზიკურ ვარჯიშსა და საბრძოლო წვრთნაში იყვნენ გამობრძმედილები, ცხენოსნობაში, ნადირობასა და ასპარეზობაში (ორთაბრძოლები, ტურნირები).(2)" ეს იყო მათთვის თავშექცევის საუკეთესო საშუალებაც. 

„ჯერ კიდევ ტაციტუსი აღნიშნავდა ტურნირის მსგავს სამხედრო შეჯიბრს ტენკტერებს შორის.(3) ასეთი ღონისძიება ტარდებოდა ოსტგოთთა მეფე თეოდორიხის კარზე. ლუდოვიკო გერმანელმა და შარლ მელოტმა ერთობლივად ჩატარეს ტურნირი 842 წელს სტრასბურგში, მათ შორის ხელშეკრულების დადების აღსანიშნავად. რაინდთა რაზმები ერთმანეთს უტევდნენ საცხენოსნო მწყობრით, თუმცა შუბით დარტყმებს არ აყენებდნენ, ამიტომ არავინ იჭრებოდა. როდესაც შეიარაღება უფრო მძიმე გახდა, ტურნირი ნამდვილ ბრძოლას მეტად დამესგავსა და უკვე დაიწყეს დარტყმების მიყენება ბლაგვი იარაღით. შედარებით ძველი ფორმა სარაინდო შეჯიბრისა იწოდებოდა „ბუჰურტად" (Buhurt), ახალი, რომელიც პირველად საფრანგეთში გაჩნდა „ტოსტად", რაინდთა მთელი რაზმეულების დაპირისპირება კი - ტურნირად.(4) თუმცა ამ შემთხვევაში ჩვენ ასეთი ტიპის ტურნირსაც (ე.წ. Melee) როგორც ტურნირს ისე განვიხილავთ და ტურნირების დროსვე გამართულ ცალკეულ, ინდივიდუალურ ორთაბრძოლებსაც (Joust). „სატურნირე მოედანი კარგი საშუალება იყო ახალი საცხენოსნო ტაქტიკის ჩვენებისა და მასში დახელოვნებისთვის, ინდივიდუალური ვარჯიშისათვის ხმლითა და შუბით ბრძოლაში და რაზმებად (Conrois) მოქმედების მანევრების შესასრულებლად."(5) სატურნირე შუბებს, ჩვეულებრივ, აბლაგვებდნენ სპეციალური ბუნიკის თავით, რომელსაც ზოგადად კორონალი ეწოდებოდა ან უბრალოდ უვნებელი ჯოხებით ცვლიდნენ.(6)  ტურნირებში იყენებდნენ ლახტსაც.(7) ეხურათ მსუბუქი მუზარადები, მხრებს იცავდნენ სპეციალური პლასტიკური აბჯრით (Espaliers), მიუხედავად იმისა, რომ ბრძოლის დროს ხშირად არ იყენებდნენ, ფარი სატურნირე აღჭურვილობაში მაინც შედიოდა.(8)
შარლ მელოტი (X ს. მანუსკრიპტი)
პაპი ალექსანდრე III (ცენტრში), იმპერატორი ფრიდრიხ ბარბაროსა და მისი მეუღლე 
(XIV ს. მანუსკრიპტი)

ეკლესიას უარყოფითი დამოკიდებულება ჰქონდა ტურნირების მიმართ და საეკლესიო ავტორები კრიტიკულად აფასებდნენ მას თავიანთ ნაწარმოებებში. ტურნირები შეაჩვენა თვით წმინდა ბერნარდ კლერვოელმა, XII საუკუნის გამოჩენილმა სასულიერო მოღვაწემ, რომელიც ევროპას ჯვაროსნული ომებისკენ მოუწოდებდა. საეკლესიო პირები თვლიდნენ, რომ რაინდებს ჯვაროსნული ლაშქრობებისთვის უნდა გამოეჩინათ ის ძალისხმევა, რასაც ტურნირებში იჩენდნენ. პაპები ევგენიუს III და ალექსანდრე III უარყოფითად ხვდებოდნენ ამ ჩვეულებას. მათი აზრით, ეს სამხედრო თამაშები სერიოზულად აზარალებდა ჯვაროსნული ომისთვის ლაშქრის შეგროვებას და ადასტურებდნენ ინოკენტი II-ს განაჩენს ტურნირებში დაღუპულთა მიმართ, რომ არ დაეკრძალათ ისინი ქრისტიანული წესით.(9) ლატერანის მეორე საეკლესიო კრებაზე ოფიციალურად აკრძალეს ტურნირების ჩატარება(10) (ეს იყო კრებაზე მიღებული XIV კანონი). იყო გამონაკლისი შემთხვევებიც, მაგალითად პაპმა ცელესტინ III-მ 1193 წელს ინგლისის მეფე რიჩარდ I ლომგულს ტურნირების ჩატარების უფლება მისცა.(11)  მიუხედავად ეკლესიის მცდელობისა, ტურნირები მაინც რეგულარულად ტარდებოდა. ამავე დროს ჯვაროსნული ლაშქრობის მქადაგებელნი რაინდთა ყურადღების მისაპყრობად ტურნირების დროს ქადაგებდნენ(12), რადგან იქ თავს იყრიდა ადგილობრივი არისტოკრატიის დიდი ნაწილი, რომელიც ჯვაროსნული ლაშქრობის მთავარი ძალა უნდა ყოფილიყო. 1316 წელს პაპმა იოანე XXII-მ მოხსნა აკრძალვა ტურნირების ჩატარებაზე. ადგილობრივი საეკლესიო ავტორიტეტები უფრო მალე წავიდნენ დათმობაზე ტურნირების ჩატარებასთან დაკავშირებით. 1281 წელს პაპმა მარტინ IV-მ ამასთან დაკავშირებით აღნიშნა, რომ ზოგჯერ წეს-ჩვეულებები უფრო ძლიერია, ვიდრე კანონი.(13)
მეფე რიჩარდ ლომგულის საბეჭდავი (1189 წ.)
პაპი იოანე XXII-ს გამოსახულება კამეოზე 
(პარიზის ღვთისმშობლის ტაძარი)

რაინდთა ტურნირების შესახებ მდიდარი ლიტერატურა არსებობს. მედიევალისტთა კვლევის ძირითად საგანს წარმოადგენს რაინდული ტურნირები დასავლეთ ევროპაში, სადაც ეს სამხედრო შეჯიბრი განსაკუთრებით პოპულარული იყო, საუკუნეების განმავლობაში ვითარდებოდა, იხვეწებოდა და ყოველ პერიოდში თავისი განსაკუთრებული მახასიათებლები ჰქონდა. ასეთი საკითხები მიმოხილულია კრისტოფერ გრავეტის, მერი სანტინას, დევიდ კროუჩის, რიჩარდ ბარბერისა და ჯულიეტ ბარკერის ნაშრომებში, ასევე ზოგადად შუა საუკუნეების სამხედრო საქმესა და რაინდობაზე არსებულ ლიტერატურაში, ჰანს დელბრუკი, მორის კინის, იან ვერბრუგენი, ჯიმ ბრედბერი, კელი დევრიესი და რობერტ სმიტი და სხვა.(14) ბიზანტიის XII-XV საუკუნის სამხედრო საქმეზე ყველაზე მნიშვნელოვანი ნაშრომი, რომელიც ბოლო წლებში გამოქვეყნდა, არის სავას კირიაკიდისის `სამხედრო საქმე გვიანდელ ბიზანტიაში" (Warfare in Late Byzantium 1204-1453) (15), რომელიც Brill-ს გამომცემლობის „სამხედრო საქმის ისტორიის" სერიითაა გამოქვეყნებული. მასში განხილულია დასავლეთ ევროპული გავლენა ბიზანტიურ სამხედრო ხელოვნებაზე, მათ შორის ასპარეზობებსა და წვრთნის მეთოდებზე. ავტორი კარგად იცნობს ევროპულ და ბიზანტიურ წყაროებს და დეტალურად გადმოგვცემს გვიანდელი ბიზანტიის პოლიტიკურ ვითარებასა და სამხედრო სისტემას.  
იოანე II კომნენოსი (აია-სოფიას ტაძრის მოზაიკა)
ალექსი IV ანგელოსი (XV ს. მანუსკრიპტი)

ისტორიული წყაროებიდან, რომელიც მასალას გვაძლევს რომ დავადგინოთ თუ ტარდებოდა, რამდენად მიღებული იყო ევროპული რაინდული ტურნირები აღმოსავლეთში და როგორი სახე ჰქონდა მას აქ, ძირითადად აღსანიშნავია ორი ისტორიული წყარო - ნიკეტა ხონიატეს „ისტორია", რომელიც 21 წიგნისგან შედგება და XII საუკუნისა და XIII საუკუნის დასაწყისის მოვლენებს მოიცავს. მასში აღწერილია იოანე II კომნენოსის, მანუილ I კომნენოსის, ალექსი II კომნენოსის, ანდრონიკე I კომნენოსის, ისააკ II ანგელოსის, ალექსი III ანგელოსის, ალექსი IV-ს და ალექსი V მურზუფლეს ისტორია.(16) ხონიატეს ცნობა ორმაგად მნიშვნელოვანია, რადგან ის მიგვითითებს როგორც ჯვაროსნულ სამთავროებში ტურნირების არსებობაზე, ასევე იმაზეც, რომ ბიზანტიელთათვის უცხო არ იყო ასეთი შეჯიბრები და მასში თავად ბიზანტიის იმპერატორიც კი მონაწილეობდა, თანაც წარმატებით.(17)

მეორე მნიშვნელოვანი ცნობა აღმოსავლეთში ტურნირების ჩატარების საკითხთან დაკავშირებით ეკუთვნის XIV საუკუნეში მოღვაწე გერმანელ ბერს ლუდოლფ ფონ სუდჰეიმს, რომელმაც 1336-1341 წლებში იმოგზაურა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში და ახლო აღმოსავლეთში და შემოგვინახა ცნობები ჯვაროსანთა უკანასკნელი სამეფო-სამთავროების შესახებ.(18) ამის შემდეგ მალევე ეს სამეფო-სამთავროები დაეცა და ევროპელებმა კონტროლი დაკარგეს სირია-პალესტინის ყველა ქალაქსა თუ ციხესიმაგრეზე, ამიტომ სუდჰეიმის ცნობები მნიშვნელოვანია ჯვაროსანთა ამ პერიოდის მდგომარეობისა და მათი საბოლოო დაცემის ისტორიის შესასწავლად. სუდჰეიმი თავის თხზულებაში ტურნირებსაც ახსენებს. მიუხედავად იმისა, რომ ჯვაროსნულ სახელმწიფოებს ამ დროს მცირე გავლენაღა გააჩნდათ პალესტინაზე და იერუსალიმის ნომინალური მეფე კვიპროსზე მეფობდა, ეს ცნობები მაინც არის სათვალავში მისაღები. გასათვალისწინებელია ისიც, რომ სწორედ XIV საუკუნიდან მიიღო ტურნირებმა კლასიკური სახე და საყოველთაოდ გავრცელდა ევროპაში, რადგან ამ პერიოდიდან მის წინააღმდეგ ეკლესიაც ნაკლებად ენერგიულად გამოდიოდა.(19)
იოანე VI კანთაკუზენოსი (XIV ს.)
ანდრონიკე III პალეოლოგის საბეჭდავი (XIV ს.)


სხვა წყაროებიდან შეგვიძლია აღვნიშნოთ ბურგუნდიელი ბერტრანდონ დე ლე ბროკიერე (XV ს.)(20)  და კანთაკუზენოსი (XIV ს.)(21), თუმცა პირველი მათგანი უფრო სხვა ტიპის სამხედრო თამაშს ახსენებს, მეორე კი მხოლოდ ზოგადად აღნიშნავს ანდრონიკე III პალეოლოგის კარზე მოწყობილ ტურნირებს და ცალკეული დეტალების შესახებ არაფერს წერს.

ნიკეტა ხონიატე: ტურნირი ანტიოქიაში 
ნიკეტა ხონიატე აღწერს 1159 წელს ჩატარებულ ტურნირს ანტიოქიაში, რომელიც ამ დროს ჯვაროსანთა სამთავროს ცენტრს წარმოადგენდა და იერუსალიმის სამეფოში შემავალი უმსხვილესი ერთეული იყო. 1158 წლიდან ანტიოქია ბიზანტიის იმპერიის ვასალი იყო. ანტიოქიის მთავარი რენო დე შატილიონი, რომელიც ბიზანტიელებს ებრძოდა კილიკიელ სომხებთან ერთად, საბოლოოდ იძულებული გახდა მანუელ I-ს დამორჩილებოდა და მისი ვასალი გამხდარიყო. შემდეგ წელს, მანუელ I თვითონ ეწვია ანტიოქიას. სწორედ ამ მოვლენას აღწერს ნიკეტა ხონიატე, როდესაც ტურნირის შესახებ საუბრობს: „ანტიოქიელებმა, რომელთაც შეიტყვეს იმპერატორის წვევის ამბავი, თავდაპირველად ეს ამბავი არ გაუხარდათ, აღშფოთებულნი იყვნენ და ცდილობდნენ მისი ჩამოსვლა არ მომხდარიყო. მაგრამ მაინც ვერ აირიდეს თავიდან და ვერც მისი  გადაწყვეტილება შეცვალეს და არა მარტო კარიბჭის გარეთ გამოეგებნენ მონურად და მორჩილად შეხვდნენ, არამედ მოუწყვეს ქალაქში საზეიმო შესვლა, მორთეს ქუჩები და გზაჯვარედინები ხალიჩებითა და სხვა სახლის ნივთებით და ზემოდან დაფარეს ახლად მოჭრილი ხის ტოტებითა და მინდვრისა და მდელოების სილამაზით. არავის აურიდებია თავი ამ დიდებული პროცესიისთვის, მასში ყველა მოსახლე მონაწილეობდა, აქ იყვნენ გაუმაძღარი სირიელი, ყაჩაღი ისავრიელი, მეკობრე კილიკიელი; მხედარი შუბოსანი იტალიელიც კი, რომელმაც მშვენიერი ცხენი დატოვა, უარყო თავისი სიამაყე და ფეხით მოდიოდა ამ საზეიმო პროცესიაში.
მანუელ კომნენოსი და მარია ანტიოქიელი (XII ს. მანუსკრიპტი)
ნიკეტა ხონიატე (XIV ს. მანუსკრიპტი)

შეამჩინა რა, რომ აქაურ ლათინთა ჯარი დიდად ამაყობდა თავისი შუბებითა და ტრაბახობდნენ მისი ოსტატური გამოყენებით, იმპერატორმა დანიშნა დღე შუბებით ბრძოლით თავშესაქცევად. და როდესაც დადგა ეს დღე, მან, რომაელთა ლეგიონებიდან და თავისი ნათესავებიდან ამოარჩია შუბით ბრძოლაში განსაკუთრებით დახელოვნებულები და მიიყვანა დანიშნულ ადგილზე. თვითონაც გამოვიდა მხიარულად, მუდმივი ღიმილით, გაშლილ მინდორზე, სადაც მოსახერხებელი იყო ცხენოსანთა ფალანგების განლაგება, ორ ნაწილად გაყოფა და მოქმედება.
ხელში მაღლა აღმართული შუბით, მარჯვენა მხარეს შეკრული ბრწინვალე ქლამიდით შემოსილი, რომელიც ხელის მოძრაობას არ ზღუდავდა, მოდიოდა შესანიშნავ, ოქროს აღკაზმულობით მორთული ცხენით, რომელიც კისერს ხრიდა და თავს აქნევდა, თითქოს წინ გაჭრა სურსო, მხედრის ბრწყინვალებას ეჯიბრებოდა. ყველა თავის ნათესავს და ყველას, ვინც იტალიელებთან საბრძოლველად შეარჩია, უბრძანა რაც შეიძლებოდა ბრწყინვალედ გამოწყობილიყვნენ. გამოვიდა ასევე მთავარი გერარდი. თოვლზე თეთრ ცხენზე იჯდა, ნაწილებად დაყოფილი ტუნიკა ემოსა, რომელიც კოჭებამდე სწვდებოდა და თავზე ეხურა ქუდი ტიარის მსგავსი და ოქროთი მოსირმული. 
მასთან ერთად გამოვიდნენ მისი მხედრები, სულით მამაცები და ტანით მაღლები. როდესაც დაიწყო ეს უსისხლო ბრძოლა, ბევრი ორივე მხრიდან მთელი ძალით უტევდნენ ერთმანეთს, ესროდნენ შუბებს მოწინააღმდეგეს და ირიდებდნენ დარტყმებს. აქ შეიძლებოდა დაგენახათ როგორ ვარდებოდნენ ცხენებიდან თავითა და მხრები, სხვები კი ბურთებივით ცვიოდნენ უნაგირებიდან; ზოგი სახით ეცემოდა ძირს, სხვები პირიქით, ზოგიერთმა ზურგი უჩვენა მოწინააღმდეგეს და უკანმოუხედავად გარბოდა; სხვანი ფითრდებოდნენ, ეშინოდათ რა არ მიეღოთ დარტყმა შუბისგან და ფარს იფარებდნენ, სხვები აღტაცებულები იყვნენ, რადგან ხედავდნენ როგორ იმალებოდა შეშინებული მოწინააღმდეგე. სწრაფად მქროლავი ცხენები ჰაერს აპობდნენ, სტვენით ირხეოდა დროშები. 
ყველა, ვინც ამ სანახაობას იხილავდა, გაუზვიადებლად აღნიშნავდა, რომ აქ ვენერა და მარსი და ბელონა და გრაცია შეუღლდნენ, იმდენად ლამაზი და მრავალფეროვანი იყო ეს თამაშები. რომაელებს ამოძრავებდათ დიდი სურვილი ეჯობნათ ლათინებისთვის შუბის ფლობის ხელოვნებაში და ის, რომ მეფის თვალწინ უწევდათ ბრძოლა, რომელიც მათი მოქმედების შემფასებელი იქნებოდა. იტალიელებს კი მათი მუდმივი ამპარტავნება და მეტისმეტი სიამაყე, ასევე ის ფიქრი, რომ არ დაეთმოთ შუბებით ბრძოლაში პირველობა რომაელებისათვის. თვითონ იმპერატორმა ერთი დარტყმით ორი მხედარი დასცა ძირს, როდესაც ისეთი ძალით აძგერა შუბი ერთს, რომ მან ჩამოვარდნისას თავის გვერდით მყოფიც გადმოვარდა ცხენიდან. 
გააოცა რა თავისი ვაჟკაცობით ანტიოქიელები, რომელთაც ახლა თავიანთი თვალით ნახეს ის, რაზეც აქამდე მხოლოდ გაეგონათ, მეფემ გადაწყვიტა კონსტანტინოპოლში დაბრუნების გზას დადგომოდა."(22)
ანტიოქიის გალავანი მთა სილპიუსის გასწვრივ (თანამედროვე რეკონსტრუქცია)
ბიზანტიელი მეომრები (XIV-XV ს.)

ამ მონაკვეთში აღწერილია ე.წ. Melee ანუ ჯგუფური ბრძოლა ტურნირზე, რომლის დროსაც გამოიყენებოდა შუბი, ფარი და ხელჩართული ბრძოლის იარაღიც, მხოლოდ არსებობდა გარკვეული შეზღუდვები, რათა მოწინააღმდეგეებს ერთმანეთი მძიმედ არ დაეშავებინათ ეს ვლინდება ტექსტიდანაც - „უსისხლო ბრძოლა". ამას გარდა აღსანიშნავია, რომ ბიზანტიელები გაწაფულები აღმოჩნდნენ ასეთი ტიპის შეტაკებაში, რადგან სათანადო წინააღმდეგობა გაუწიეს და აჯობეს კიდეც ანტიოქიელებს, რომლებიც `დიდად ამაყობდნენ თავიანთი შუბებითა და ტრაბახობდნენ მისი ოსტატური გამოყენებით". ეს ცნობა საფუძველს გვაძლევს ვიმსჯელოთ, რომ ჯვაროსნულ სახელმწიფოებსა და ბიზანტიაში, ტურნირები XII საუკუნის პირველი ნახევრიდანვე უნდა ყოფილიყო და ეს მხარეები გამონაკლისი არ გახლდათ დასავლეთ ევროპისაგან.

ლუდოლფ ფონ სუდჰეიმი: ტურნირი კვიპროსზე, აკრასა და ბაღდადში
გერმანელი ბერი, ლუდოლფ ფონ სუდჰეიმი, რომელიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, 1336-1341 წლებში მოგზაურობდა აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ტურნირებს პირველად კვიპროსის აღწერისას ახსენებს: „კვიპროსის მეფე, სამეფოს ყველა ეპისკოპოსი და მთელი სამღვდელოება ცხოვრობს ამ ქალაქში (ნიქოზიაში) ჯანსაღი ჰაერის გამო. ასევე აქ ცხოვრობენ სხვა პრინცები, გრაფები, ბარონები და რაინდები. ყოველდღიურად ისინი ერთობიან ორთაბრძოლებით, ტურნირებით და განსაკუთრებით, ნადირობით."(23)  ამ დროს კვიპროსის მეფე, რომელიც ნომინალურად იერუსალიმის მეფეც იყო, გახლდათ ჰიუგ IV დე ლუზინიანი. 
თავისი თხზულების ერთ-ერთ თავში, „სახელოვან ქალაქ აკრაში", სუდჰეიმი იხსენებს იმ პერიოდს, როდესაც აკრაში ჯვაროსნები ბატონობდნენ: „ისინი (დიდებულები და რაინდები) ყოველდღე ორთაბრძოლებში, ტურნირებსა და სხვა სახის სამხედრო თამაშებში მონაწილეობდნენ. ყოველი მათგანს ჰქონდა თავისუფლება ან პრივილეგირებული მიწის ნაკვეთი თავისი სასახლის ან ციხესიმაგრის წინ."(24)  ჰუგო III დე ლუზინიანის, კვიპროსისა და ფორმალურად იერუსალიმის მეფის მემკვიდრის ჰენრი II-ს დროს მოხერხდა ქალაქ აკრას დროებით დაბრუნება, სადაც მან გვირგვინი დაიდგა და ეს რაინდული ტურნირების ჩატარებით აღნიშნა. 1291 წელს აკრა საბოლოოდ დაიპყრეს მამლუქებმა, მეფე და მისი მომხრეები კი კვიპროსში გაიქცნენ.(25)
ჰოსპიტალერები დიდი მაგისტრის მატიე დე კლერმონის მეთაურობით იცავენ აკრას 1291 წ. (დომინიკ პაპეტის ნახატი, 1840 წ.)
რაინდები ჯვაროსნული ორდენებიდან (XII-XIII ს.)

სუდჰეიმი კიდევ ერთხელ ახსენებს ტურნირებს, როდესაც ქალაქ ბაღდადის აღწერას ეხება: „დღეს ბაღდადს თათართა იმპერატორი მართავს, მაგრამ მოსახლეობის დიდი ნაწილს სარკინოზები შეადგენენ, რომლებიც მძიმე ხარკს იხდიან. ამ ადგილებში მე წავიკითხე და მოვისმინე ბევრი სიცრუე ბაღდადის შესახებ, აქ ხალხმა მითხრა და წერილობითაც ჰქონდათ აღნიშნული, რომ ბაღდადის მეფემ წერილები დაუგზავნა აქაურ მთავრებს და ტურნირებსა და ორთაბრძოლებში საასპარეზოდ მიიწვია, რაც თავისთავად ტყუილია, რადგან არ არსებობს ადამიანი, ვისაც ახსოვს თუ ჩატარებულა ოდესმე ტურნირები და ორთაბრძოლები ბაღდადში, რადგან აქ ხალხი სხვა საქმეებითაა დაკავებული".(26)  როგორც სუდჰეიმი აღნიშნავს, ამ პერიოდში ბაღდადი მონღოლთა ძალაუფლების ქვეშ იყო მოქცეული და შედიოდა ილხანთა სახელმწიფოს შემადგენლობაში. ამავე დროს ის მიუთითებს ევროპელ ქრისტიანთა და ახლო აღმოსავლელ მუსლიმთა წეს-ჩვეულებების განსხვავებაზე, რაშიც შედის ტურნირების ჩატარებაც, რადგან ევროპელთაგან განსხვავებით, მუსლიმები ასეთი ტიპის სამხედრო ასპარეზობას არ ატარებდნენ, თუმცა ჰქონდათ სხვაგვარი საბრძოლო შეჯიბრებები. შესაძლოა სუდჰეიმს ადგილობრივები სწორედ ასეთ თამაშებზე მოწვევის შესახებ უამბობდნენ, მან კი ჩათვალა, რომ ტურნირებზე იყო საუბარი და არადამაჯერებლად ჩათვალა ამბავი.
იანუშ ჰუნიადი (Chronica Hungarorum, 1488 წ.)
ევროპული რაინდული ტურნირი (XIV ს.)

სუდჰეიმის ცნობები ფაქტობრივად უკანასკნელია, რომელიც ჯვაროსნულ სახელმწიფოებში რაინდული ტურნირების შესახებ ინფორმაციას გვაძლევს, რადგან XIV საუკუნიდან ჯვაროსნული მოძრაობა ფაქტობრივად შეწყდა ლევანტის მიმართულებით და გადაინაცვლა სხვა მიმართულებებზე, მათ შორის ჩრდილოეთით, ბალტიისპირეთში და დასავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთში. გვიანდელმა ჯვაროსნულმა ომებმა ფაქტობრივად არანაირი შედეგი არ მოიტანა. მათ შორის იყო ალექსანდრიის იერიში 1365 წელს, რომელიც კვიპროსის მეფე პეტრე ლუზინიანმა დაგეგმა. კლემენტი VI-ს კავშირი სმირნის ასაღებად (1343 წ.), სავოის გრაფის ამადეუს VI-ს საზღვაო ექსპედიცია (15 გალერით), ფრანკო-გენუური ჯვაროსნული ლაშქრობა 1390 წელს ტუნისის პორტ ალ-მაჰდის წინააღმდეგ, ნიკოპოლისთან ბრძოლაში მარცხით დასრულებული ლაშქრობა, რომელშიც მონაწილეობდნენ ფრანგები, ინგლისელები, ვენეციელები, ბურგუნდელები და ძირითადად, უნგრელები. 1442-1444 წლის კამპანიებმა ფაქტობრივად იხსნეს კონსტანტინოპოლი, რომელიც შეიძლებოდა მურად II-ს ეგდო ხელთ. ამ ლაშქრობას იანუშ ჰუნიადი მეთაურობდა, ვალახი დიდებული. 1444 წელს ვარნასთან ბრძოლაში ლადისლავი დაიღუპა. ამით ჯვაროსნული ომების ხანა დასრულდა.(27)  

შენიშვნები
(1) სხეულის დამცავი აბჯრის განვითარებამ XII საუკუნის 20-იან წლებში ხელი შეუწყო რეალისტური საბრძოლო თამაშის, ჯგუფური ბრძოლის - ტურნირის განვითარებას. John Gillingham, „an Age of Expansion, c. 1020-1204" in Medieval Warfare: a History, edited by Maurice Keen (Oxford, 1999), 84. . ტურნირების შესახებ ცნობები ისტორიულ წყაროებში პირველად XII საუკუნის პირველ ნახევარში გაჩნდა. Andrew Ayton, „Arms, Armour, and Horses" in Medieval Warfare: a History, 189..
(2) Andrew Ayton, „Arms, Armour, and Horses", 189. 
(3) Tacitus, Germania, 32. Публий Корнелий Тацит, Анналы, Малые Произведения (Москва, 2010), 461. თუმცა მას შუა საუკუნეების ტურნირისაგან ბევრად განსხვავებული ფორმა ექნებოდა.
(4) Ганс Дельбрюк, „Рыцарство как Сословие", История Военного Искусства в Рамках Политической Истории, 2515 [ელ-ვერსია Militera.lib.ru].
(5) Andrew Ayton, „Arms, Armour, and Horses", 189.
(6) Jim Bradbury, The Routledge Companion to Medieval Warfare, 253. 
(7) იქვე, 264.
(8) იქვე, 269.
(9) I.S. Robinson, „The papacy, 1122–1198" in The new Cambridge medieval history. / Vol. 4, c. 24-c. 1198, Part 2, Edited by D. E. Luscombe; Jonathan S. C. Riley-Smith (Cambridge, 2008), 332. 
(10) Anthony Perron, „The Bishops of Rome", The Cambridge History of Christianity, vol. 4, edited by Miri Rubin, Walter Simons (Cambridge, 2009), 24.
(11) Christopher Gravett, Knights at tournament (London, 1988), 7. 
(12) Саймон Ллойд, „Крестоносное Движение, 1096–1274", История Крестовых Походов, Ред. Джонатан Райли-Смит (Москва, 1998 ), 27 [ელ-ვერსია Kodges.ru]
(13) Richard W Kaeuper, Chivalry and Violence in Medieval Europe (Oxford, 1999), 80. 
(14) Christopher Gravett, Knights at tournament (London, 1988); Mary Arlene Santina, The Tournament and Literature: Literary Representations of the Medieval Tournament in Old French Works, 1150-1226 (New York, 1999), David Crouch, Tournament (London, 2005); Richard W Barber; Juliet R V Barker, Tournaments: Jousts, Chivalry, and Pageants in The Middle Ages (New York, 1989); Hans Delbrück, History Of The Art Of War Within The Framework of Political History (Westport, 1975-1985); Maurice Keen, Chivalry (New Haven, 1984); J. F. Verbruggen; Sumner Willard; S. C. M. Southern, The Art Of Warfare In Western Europe During The Middle Ages: From The Eighth Century To 1340 (Amsterdam, Oxford, 1977); Jim Bradbury, The Routledge Companion to Medieval Warfare (London, 2004); Maurice Keen, Medieval Warfare: a History (Oxford, 1999), Kelly DeVries, Robert D. Smith, Medieval Weapons (Santa Barbara, 2007); Kelly DeVries, Medieval Warfare 1300-1450 (Farnham, 2010). 
(15) Savvas Kyriakidis, Warfare in late Byzantium, 1204-1453 (Leiden, 2011). 
(16) ნიკეტა ხონიატეს „ისტორიაში" არის ცნობები საქართველოს შესახებაც. ნიკეტა ხონიატე „ისტორია", გეორგიკა ტ. VI, ბიზანტიელი მწერლების ცნობები საქართველოს შესახებ, ტექსტი ქართული თარგმანითურთ გამოსცა და განმარტებები დაურთო სიმონ ყაუხჩიშვილმა (თბილისი, 1966), 122. 
(17) Niketas Choniates, Nicetae Choniatae Orationes et epistulae, J.L. van Dieten (ed.), (Berlin, 1973), 108. Никита Хониат, История, Перевод тома 1 под редакцией проф. В.И.Долоцкого, тома 2 – под редакцией проф. Н.В.Чельцова (Санкт-Петербург, 1860-1862), Том 1 (События 1118-1185 гг.), Книга III, 5 [ელ-ვერსია www.hist.msu.ru; /www.vostlit.info].
(18) Ludolf von Sachsen, Ludolph von Suchem's Description of the Holy Land, and of the way thither: written in the year A.D. 1350, edited and translated by Aubrey Stewart(Cambridge, 2013), 42, 52-53, 76. 
(19) სუდჰეიმის ცნობებში ორგან ქართველი ბერებიც არიან მოხსენიებულები. ერთგან სინას უდაბნოში ბერძნებთან და არაბებთან ერთად მოღვაწენი, მეორეგან კი იერიქონის უდაბნოს ქართველი ბერები, რომელთაც იმ ადგილზე ჰქონდათ საცხოვრებელი, სადაც სახარების მიხედვით ქრისტემ იმარხულა. Ludolf von Sachsen, Ludolph von Suchem's Description of the Holy Land, and of the way thither: written in the year A.D. 1350, 85, 115.  
(20) Bertrandon de la Brocquière, La voyage d’Outremer de Bertrandon de la Brocquière,Ch. Schefer (ed.), (Paris, 1892), 158–166.
(21) Kantakouzenos, John, Ioannes Cantacuzeni eximperatoris historiarum libri IV, 3 vols.L. Schopen – Β. Niehbur (eds.), (Bonn, 1828–1832). 
(22) Niketas Choniates, Nicetae Choniatae Orationes et epistulae, J.L. van Dieten (ed.), (Berlin, 1973), 108. 
(23) Ludolf von Sachsen; Aubrey Stewart, Ludolph von Suchem's Description of the Holy Land, and of the way thither: written in the year A.D. 1350 (Cambridge, 2013), 42.
(24) Ludolf von Sachsen; Aubrey Stewart, Ludolph von Suchem's Description of the Holy Land, and of the way thither: written in the year A.D. 1350, 52-53.
(25) Джонатан Филлипс, „Латинский Восток 1098–1291", История Крестовых Походов, Ред. Джонатан Райли-Смит (Москва, 1998 ), 79 [ელ-ვერსია Kodges.ru]
(26) Ludolf von Sachsen; Aubrey Stewart, Ludolph von Suchem's Description of the Holy Land, and of the way thither: written in the year A.D. 1350, 76.
(27) Daniel Waley, Peter Denley, Later Medieval Europe, 1250-1520 (New York, 2001), 256-258. 


ნიკა ხოფერია