მემნონ როდოსელი: ალექსანდრე მაკედონელის უდიდესი მოწინააღმდეგე

ალექსანდრე მაკედონელი ანტიკური ხანის ერთ-ერთი უდიდესი ისტორიული ფიგურაა, რომელმაც შექმნა უზარმაზარი იმპერია და საფუძველი ჩაუყარა ელინისტურ სამყაროს. ბრწყინვალე სამხედრო ნიჭით გამორჩეულმა მაკედონელმა მეფემ, გაიმარჯვა გრანიკოსის, ისოსის, გავგამელას, ჰიდასპეს ბრძოლებში, ბრწყინვალედ ორგანიზებული ალყებით აიღო  ტიროსი, ღაზა, სათავეში მოექცა ანტიკური სამყაროს უდიდესი ნაწილს ბალკანეთიდან ინდოეთამდე. აქემენიანთა იმპერია, ძველი აღმოსავლეთის უდიდესი სახელმწიფო, ძვ.წ. IV საუკუნისთვის, სამოქალაქო ომების, აჯანყებებისა და ბერძნებთან საგარეო მარცხის შემდეგ, შესუსტებული იყო, სატრაპიებს სათანადოდ ვერ აკონტროლებდა, თუმცა, ის კვლავინდებურად რჩებოდა დიდი სამხედრო შესაძლებლობების, უმდიდრეს ქვეყნად. მაგრამ მძლავრი და კარგად ორგანიზებული არმიის სათავეში მდგარი, ბალკანეთის ჰეგემონი მაკედონიის მეფესთან ბრძოლას შესაბამისი სამხედრო-პოლიტიკური ხელმძღვანელობა სჭირდებოდა, რომელიც ორგანიზებას გაუწევდა მასშტაბურ ომს და აირჩევდა სწორ სტრატეგიას. ვერც სპარსელმა სატრაპებმა და ვერც მეფე დარიოს III-მ ეს ვერ შეძლეს, მაგრამ, აქემენიანთა სამსახურში მყოფი გამოცდილი ბერძენი სარდალი, ალექსანდრესთვის ღირსეული და უაღრესად სახიფათო მოწინააღმდეგე აღმოჩნდა, რომელიც ყველაზე ახლოს იყო მაკედონელი დამპყრობლის გეგმების ჩაშლასა და ომის ბედის შემოტრიალებასთან. ეს იყო მემნონი კუნულ როდოსიდან.

მემნონ როდოსელი, გამოცდილი ბერძენი მეთაური სპარსულ არისტოკრატიასთან იყო დანათესავებული და თითქმის მთელი ცხოვრების მანძილზე იმპერიას ემსახურებოდა. მის ადრეულ ცხოვრებაზე ბევრი არაფერია ცნობილი. ის დაიბადა როდოსზე დაახლოებით ძვ.წ. 380 წელს, პირველად კი, აღნიშნულია ძვ.წ. 358 წელს, თავის ძმასთან, მენტორთან ერთად, ფრიგიის სატრაპ არტაბაძოსის, ფარნაბაძოსის ძის სამსახურში. მენტორმა ცოლად შეირთო არტაბაძოსის ასული, ბარსინე. ძვ.წ. 353 წელს, არტაბაძოსი სპარსეთის მეფის, არტაქსერქსეს წინაააღმდეგ აჯანყდა. მემნონი და მენტორი მისი არმიის მეთაურებს შორის იყვნენ. როდესაც აჯანყება მარცხით დასრულდა, მენტორი ეგვიპტეში გაიქცა, ხოლო მემნონმა და არტაბაძოსმა მაკედონიის დედაქალაქ პელას შეაფარეს თავი. მენტორი ძვ.წ. 343 წელს სპარსეთის სამსახურს დაუბრუნდა და მნიშვნელოვანი როლი შეასრულა სპარსეთის ბატონობისგან დროებით გათავისუფლებული ეგვიპტის კვლავ დაპყრობაში. როდესაც არტაქსერქსემ ჰკითხა თუ რა სურდა ჯილდოდ, მენტორმა მემნონის პატიება ითხოვა, რაზეც თანხმობა მიიღო.

ფილიპე II, მაკედონიის მეფე. ელინისტური ხანის ბიუსტი

მემნონი მაკედონიაში 3-4 წელი დარჩა. გაიცნო დიდი ფილოსოფოსი არისტოტელე სტაგირელი, მაკედონიის მეფე ფილიპე II და მის შვიდი წლის ვაჟი ალექსანდრეც. პლუტარქეს მტკიცებით, მემნონმა და ალექსანდრემ ბევრი ისაუბრეს, რა დროსაც ალექსანდრე გამოცდილ სარდალს ეკითხებოდა სპარსელთა სამხედრო ძლიერების, ტაქტიკისა და დისპოზიციის შესახებ. ალექსანდრესა და მემნონის საუბრის დეტალების დადასტურება წარმოუდგენელია, მაგრამ რა შთაბეჭდილებაც არ უნდა მოეხდინა ახალგაზრდა უფლისწულს მემნონზე, მან აშკარად კარგად გაიცნო ფილიპე როგორც მმართველი, დიპლომატი და მხედართმთავარი. ამავე დროს, დარწმუნდა რომ ფილიპე სპარსეთზე შეტევას გეგმავდა. თავისი სპარსელი კოლეგებისგან განსხვავებით, მემნონი პელას დატოვების დროს, უკვე სათანადოდ აფასებდა მაკედონიის სამხედრო შესაძლებლობებს.

სპარსეთში დაბრუნების შემდეგ, მემნონი კვლავინდებურად სამხედრო სამსახურში ჩადგა. როდესაც ძვ.წ. 340 წელს მენტორი გარდაიცვალა, მისი მეუღლე ბარსინე მემნონმა შეიერთო ცოლად. ის მეფისგან ელოდა დასავლეთ სატრაპიების ძალების მეთაურად დანიშვნას, მაგრამ არც არტაქსერქსე III, არც არტაქსერქსე IV და თავდაპირველად არც დარიოს III კოდომანმა  ყოფილ აჯანყებულს ეს თანამდებობა არ მისცა, რაც შეიძლება მათი გადამწყვეტი შეცდომაც იყო. მიუხედავად ამისა, მემნონი მაინც მნიშვნელოვან როლს ასრულებდა მცირე აზიის მაკედონელთაგან დაცვაში.

ძვ.წ. 340 წელს, ფილიპე მაკედონელმა შეუტია ქალაქ პერინთოსს თრაკიაში, მაგრამ ათენელებმა ქარესის სარდლობითა და სპარსელების დახმარებით, მტერი მოიგერიეს. მომდევნო წელს კი, მაკედონელთათვის ასევე წარუმატებლად დასრულდა ბიზანტიონზე შეტევა, რასაც ხელი მემნონმაც შეუწყო.

ალექსანდრე და მაკედონური ფალანგა (კადრი ფილმიდან „ალექსანდრე", 2004)

ძვ.წ. 336 წელს, სპარსეთზე ლაშქრობის პირველ ეტაპზე, ფილიპე მაკედონელმა თავისი გამოცდილი და სანდო სარდლის, პარმენიონის სარდლობით, ჯარის ნაწილი გაგზავნა, რათა გაეთავისუფლებინა მცირე აზიის ბერძნული პოლისები და უზრუნველეყო მაკედონური ლაშქრის უსაფრთხოდ გადაყვანა მცირე აზიაში. დიოდორე სიცილიელის მიხედვით, დარიოს III შეშფოთდა და სერიოზული ყურადღება მიაქცია თავის ძალებს. მან გამოყო საბრძოლო ხომალდები, შეკრიბა მრავალრიცხოვანი ლაშქარი და შეარჩია საუკეთესო სარდლები, მათ შორის მემნონ როდოსელი - სწორუპოვარი სიმამაცითა და სტრატეგიული აზროვნებით.  მემნონმა მიიღო 5 ათასი მოქირავნე და ენერგიულად შეუტია პარმენიონს, უკუაგდო, დაიბრუნა ეფესო, მაგნეზია, ლამპასკოსი, თუმცა, კიზიკოსის დაკავება ვერ მოახერხა და მხოლოდ მისი შემოგარენი მოაოხრა. მიუხედავად მაკედონელთა მოწინავე ჯარის თავდაპირველი წარმატებებისა, მემნონმა უზრუნველყო ბალკანეთიდან მცირე აზიაში გადასასვლელი ძირითადი გზების დაცვა და შენარჩუნება, სანამ ალექსანდრე ძირითადი ძალებით შეუტევდა აქემენიანთა იმპერიას. მემნონის წარმატებისთვის ხელი უნდა შეეწყო ფილიპე მაკედონელის სიკვდილს და ალექსანდრეს გამეფებასაც, რომელსაც სერიოზული ღონისძიებების გატარება დასჭირდა ძალაუფლების განსამტკიცებლად, სანამ თავს მოუყრიდა ძალებს სპარსეთზე სალაშქროდ.

მემნონ როდოსელი. (c)Joan Francesc Oliveras

როდესაც ძვ.წ. 334 წლის დასაწყისში, სპარსელთა ბანაკში მივიდა ცნობა, რომ ალექსანდრე აქემენიანთა წინააღმდეგ სამხედრო კამპანიას იწყებდა, მცირე აზიის ტროადის ქალაქ ზელეიაში სამხედრო საბჭო მოიწვიეს. საბჭოს ესწრებოდა მემნონიც, რომელმაც თავისი სტრატეგია გაანდო სპარსულ სარდლობას. მემნონმა აღნიშნა რომ ამ ეტაპზე მაკედონელებთან ბრძოლისგან თავის შეკავება ჯობდა, რადგან, მაკედონური არმია რიცხობრივად აღემატებოდა მცირე აზიის სატრაპთა ჯარს, ყავდა ძლიერი ქვეითი ჯარი და სათავეში ედგა მეფე, განსხვავებით სპარსელებისგან. ამიტომ, მემნონმა წამოაყენა გეგმა, თუ როგორ უნდა უკუეგდოთ სპარსეთზე სალაშქროდ დაძრული ალექსანდრე მაკედონელის ლაშქარი. ის სპარსულ სარდლობას სთავაზობდა გამოეყენებინათ „დამწვარი მიწის“ ტაქტიკა, გაეჩანაგებინათ ვრცელი ტერიტორია, გაენადგურებინათ რესურსები, რათა სერიოზული დარტყმა მიეყენებინათ ალექსანდრეს ლაშქრის ლოგისტიკისთვის და ეიძულებინათ ის უკან დაეხია ან შეეყოვნებინათ იქამდე, სანამ სპარსელები შეძლებდნენ ხარისხობრივად აღმატებული, მრავალრიცხოვანი ჯარის შეკრებას მეფის მეთაურობით.

სპარსეთის იმპერიის სატრაპიები

სავარაუდოდ, მემნონმა დაზვერა მოწინააღმდეგე და დაადგინა რომ მათ ხანგრძლივი ლაშქრობისთვის სურსათ-სანოვაგე არ ეყოფოდათ და მისი დასკვნაც ამას ემყარებოდა. მაკედონელთა ლოგისტიკურ პრობლემებზე ცნობა გვაქვს ბერძენი ავტორი პლუტარქესგანაც. სპარსელი სატრაპები ამ შემოთავაზებამ ისე განარისხა, მემნონის ერთგულებაში ეჭვიც კი შეიტანეს. მათ არ სურდათ სატრაპიების გაჩანაგება, სიმდიდრის და რესურსების დაკარგვა და მტრისთვის გზის დათმობა. გადაწყდა ბრძოლა და გზის გადაჭრა მტრისთვის. მეორე გეგმა, რომელიც მემნონს ჰქონდა, იყო ბერძნების გამოყენება მათი ჰეგემონი მაკედონელების წინააღმდეგ. მაკედონიაში ყოფნისას, მემნონმა კარგად შეისწავლა ის პოლიტიკური ვითარება, რომელიც მაკედონიისგან დამორჩილებულ საბერძნეთში სუფევდა, ის გრძნობდა ბერძენთა ანტიპათიას მაკედონელთა მიმართ. როგორც კი ალექსანდრე სპარსეთში შეიჭრა, მემნონმა მაშინვე მიმართ დარიოსს, გამოეყენებინა სპარსული ფული საბერძნეთში ანტიმაკედონური აჯანყების მოსაწყობად. როდოსელი სარდალი თვლიდა რომ სულაც არ იყო აუცილებელი მცირე აზიაშივე დაემარცხებინათ ძლიერი მოწინააღმდეგე, არამედ, აჯობებდა ფლოტით ჯარის გადასხმა ბალკანეთის ნახევარკუნძულზე და მეორე ფრონტის გახსნა მაკედონელებისთვის. მაგრამ მემნონმა ვერც ის შეძლო დაერწმუნებინა სატრაპები, თავი აერიდებინათ მაკედონელებთან საველე ბრძოლისთვის და ვერც მეფე დაითანხმა თავის გეგმაზე.

სპარსელთა ჯარი ალექსანდრეს ლაშქარს ძვ.წ. 334 წლის მაისში, გრანიკოსთან შეეგება. მემნონი ბერძენ მოქირავნეებთან ერთად მონაწილეობდა ბრძოლაში, რომლის გამართვა მის გეგმებში არ შედიოდა და მაშინვე დატოვა ბრძოლის ველი, როგორც კი შენიშნა რომ სპარსელები მარცხდებოდნენ. მეფე დარიოსმა გააცნობიერა დაშვებული შეცდომები და მემნონი დასავლეთ სატრაპიების მეთაურად დანიშნა, ამავე დროს, გაითვალისწინა მისი რჩევა, გამოეყენებინა ბერძნული პოლისები მტრისთვის ზურგში პრობლემების შესაქმნელად.

ჰალიკარნასის ალყა 

ალექსანდრესთვის განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მცირე აზიის ერთ-ერთი უდიდესი, კარგად გამაგრებული ქალაქის, ჰალიკარნასის აღება, რომელიც სპარსელთა მომარაგების ცენტრსაც წარმოადგენდა. დასავლეთ სატრაპიების მეთაურად დანიშნულმა მემნონმა, უზრუნველყო ქალაქის მომარაგება ზღვიდან და გარნიზონი გააძლიერა ბერძენი მოქირავნეებით. როგორც მოალყეებმა ისე დამცველებმა გამოიყენეს ანტიკური საალყო ხელოვნებისთვის ცნობილი ყველა საშუალება. სწორედ ჰალიკარნასის ალყისას, ალექსანდრე, თავის ცხოვრებაში ერთადერთხელ, იძულებული გახდა დროებითი ზავი ეთხოვა, რათა მაკედონელებს თავის დაღუპულთა  გვამები დაებრუნებინათ და დაეკრძალათ. როდესაც ფორტიფიკაციები ძლიერ დაზიანდა, გარნიზონი კი შემცირდა, მემნონმა და მისმა სარდლებმა გადაწყვიტეს დაეტოვებინათ გარე კედლები და ციტადელში დაეხიათ. ციხესიმაგრე კვლავ წარმოადგენდა სპარსელთა ფლოტის ნავსაყუდელს და მომარაგების ცენტრს რამდენიმე თვის განმავლობაში. ისტორიკოსები ჰალიკარნასისთვის ბრძოლას, ალექსანდრესთან ომში, სპარსელების უკანასკნელ ხელშესახებ გამარჯვებად თვლიან, რადგან მემნონმა შეძლო დიდი ზარალის გარეშე გაეყვანა ძალები, შეეყოვნებინა ალექსანდრე, აიძულა ის დაეტოვებინა ჯარის ნაწილი ციტადელის ალყის გასაგრძელებლად და აეღო სტრატეგიული პაუზა ძალების შესავსებად, რამაც სპარსელებსაც მისცა დრო ჯარის თავმოყრისთვის.

მაკედონელი ჰიპასპისტების ოფიცერი. (c)Joan Francesc Oliveras

სირიისკენ მიმავალ დამპყრობელს უსიამოვნო ამბები შეატყობინეს: ჰალიკარნასიდან გამოსული მემნონი, ეგეოსის კუნძულებზე ფინიკიური, კვიპროსული და ეგვიპტური ხომალდებით დაცურავდა და მნიშვნელოვან საფრთხეს უქმნიდა ალექსანდრეს არმიის ლოგისტიკასა და საკომუნიკაციო გზებს მაკედონიასთან, ასევე, საფრთხე ემუქრებოდა მცირე აზიაში მის მონაპოვარსაც. როდოსელი სარდალი დაუკავშირდა სპარტის მეფე აგის III-ს, რომელიც ემზადებოდა საბერძნეთის მაკედონელთაგან გამათავისუფლებელი კამპანიის დასაწყებად. აგისი და მემნონი გეგმავდნენ ალექსანდრეს არმიის მომარაგების მთავარი არტერიის გადაჭრას ჰელესპონტზე, რაც შეაჩერებდა მის წინსვლას აღმოსავლეთით და აიძულებდა უკან დაბრუნებას როგორც საკომუნიკაციო ხაზების აღდგენისთვის, ისე სპარტული პრობლემის მოგვარებისთვის. მაგრამ, ალექსანდრეს ბედმა გაუღიმა. მისი ყველაზე ნიჭიერი და ენერგიული მოწინააღმდეგე ძვ.წ. 333 წელს მიტილენეს ალყის დროს ავადმყოფობამ შეიწირა და მასთან ერთად ჩაიშალა მაკედონიის წინააღმდეგ მიმართული გეგმების უდიდესი ნაწილიც, რომელთა განხორციელების შემთხვევაში, დიდი მაკედონელი დამპყრობლის ისტორია შეიძლება მნიშვნელოვნად შეცვლილიყო.

გრანიკოსის ბრძოლა (ძვ.წ. 334 წ.)

მემნონის შემდეგ, ეგეოსის ზღვაში სპარსელთა ფლოტის მეთაური, მისი ცოლის, ბარსინეს ძმა, ფარნაბაძოსი გახდა, რომელსაც, მართალია გარკვეული წარმატებები ჰქონდა, მაგრამ ვერ შეძლო ალექსანდრესთვის ხელი შეეშალა სირიაში წინსვლისთვის. ალექსანდრემ გზა გააგრძელა და ძვ.წ. 333 წლის 5 ნოემბერს, ისოსთან, დიდ გამარჯვებას მიაღწია სპარსეთის მეფის წინააღმდეგ. მაკედონელებმა დაიკავეს სირიის ქალაქი დამასკო, სადაც ტყვედ იგდეს დარიოსის სარდალთა ოჯახები, მათ შორის, გარდაცვლილი მემნონის ქვრივი ბარსინე. ბარსინე ალექსანდრეს საყვარელი გახდა და ვაჟი, ჰერაკლეც კი გაუჩინა, რომელიც მცირე ხნით, ტახტის მემკვიდრედაც ითვლებოდა. დიდი დამპყრობლის სიკვდილის შემდეგ, „დიადოხოსთა“ (მემკვიდრეთა) ომების დროს, ალექსანდრეს ადმირალმა, ნეარქოსმა ცოლად მოიყვანა მენტორისა და ბარსინეს ქალიშვილი და მხარი დაუჭირა ჰერაკლეს გამეფებას, თუმცა, უშედეგოდ. ბარსინე და ჰერაკლე ძვ.წ. 309 წელს ალექსანდრეს ყოფილმა სარდალმა პოლიპერხონმა დაახოცინა.

ალექსანდრეს ლაშქრობის დასაწყისი და გრანიკოსის ბრძოლა (ძვ.წ. 334 წ.)

შეგვიძლია თამამად ვთქვათ რომ ალექსანდრე მემნონზე ღირსეულ მოწინააღმდეგეს შემდგომ კამპანიებში აღარასდროს შეხვედრია. მემნონი მას ყველაზე კარგად იცნობდა და იცოდა მისი უპირატესობები და სისუსტეები. როდოსელი სარდალი ავლენდა დიდ სტრატეგიულ ნიჭს. ის აშკარად ხვდებოდა, რომ სპარსელთა იმპერიის ვრცელ ტერიტორიებზე შესაძლებელი იყო მტრის გამოფიტვა და უკუგდება, აღმატებული საზღვაო ძალებით კი, მისთვის ეგეოსის ზღვაზე კომუნიკაციების გადაჭრა და დესანტის გადასხმა ბალკანეთზე. მემნონის დაგეგმილი ამფიბიური კამპანია და მისი ძალისხმევით მომდევნო წლებში, სპარტელების მეთაურობით წამოწყებული აჯანყება, ალექსანდრეს მმართველობისთვის ყველაზე დიდი საფრთხე იყო მას შემდეგ, რაც ის ტახტზე ავიდა. მემნონს რომ ეცოცხლა, ალექსანდრე შეიძლება იძულებული გამხდარიყო დაეტოვებინა მცირე აზია და დაბრუნებულიყო შინ თავისი სამეფოს დასაცავად. სპარტელებს წარმატების მეტი შანსი ექნებოდათ, თუ მათ მხარეს იქნებოდა სპარსელთა ფლოტი და ჯარი ჭკვიანი როდოსელი სტრატეგოსის მეთაურობით. სწორედ მემნონისგან შექმნილმა საფრთხემ და მისგან ფლოტის აქტიურმა გამოყენებამ, დიდი დამპყრობელი აიძულა ხანგრძლივად შეჩერებულიყო აქემენიანთა იმპერიაში შემავალი ფინიკიის, ხმელთაშუა ზღვის გამოჩენილი ზღვაოსნების მხარეში, რათა შეესუსტებინა სპარსული საზღვაო უპირატესობა. ფინიკიისა და მისდამი ლოიალურად განწყობილი ეგვიპტის დაკავების შემდეგ, ალექსანდრეს უკვე შეეძლო აქემენიანთა იმპერიის სიღრმეში შეჭრა. ძვ.წ. 331 წელს, მან დარიოსი მესოპოტამიაში, გავგამელას ბრძოლაში დაამარცხა და ლეგენდარულ ქალაქ ბაბილონში შევიდა. აქემენიანთა მმართველობა დასრულდა, მსოფლიოს მბრძანებლის გვირგვინი კი ალექსანდრემ დაიდგა თავზე.


ბიბლიოგრაფია

Ruth Sheppard, Alexander the Great at war: his army, his battles, his enemies (Oxford: Osprey, 2011).

Carl Otis Schuster, "Memnon and Mentor of Rhodes (ca. 380-333, ca. 385-340)", in Sara E. Phang, Iain Spence, Douglas Kelly, Peter Londey (eds.), Conflict in Ancient Greece and Rome: The Definitive Political, Social, and Military Encyclopedia. Santa Barbara: ABC-CLIO, 2016.

Memnon of Rhodes https://www.livius.org/articles/person/memnon-of-rhodes/

Ernst Badian, Mentor and Memnon (Encyclopedia Iranica) https://iranicaonline.org/articles/mentor-and-memnon