დავით IV აღმაშენებელი – ქართველი მეფე-რეფორმატორი


   
საქართველოს და თუ გნებავთ მსოფლიო ისტორიაშიც ცოტაა ისეთ მონარქთა რიცხვი, რომლებმაც მიწასთან გასწორებული ქვეყნისგან მძლავრი, მდიდარი და პროგრესული სახელმწიფო შექმნეს, დაამყარეს მშვიდობა, დაიმსახურეს ერისა და ბერის სიყვარული, მოიპოვეს უდიდესი მნიშვნელობის სამხედრო წარმატებები. მათ რიგებს მიეკუთვნება დიდი ქართველი მეფე დავით IV, რომელსაც მადლიერმა ხალხმა აღმაშენებელი უწოდა.

დავით IV ტახტზე 1089 წელს, მამამისის, გიორგი II-ს გადადგომის შემდეგ ავიდა, რომლის წარუმატებელი მმართველობის შედეგად ქვეყანა ძალიან ცუდ პოლიტიკურ, სამხედრო და ეკონომიკურ მდგომარეობაში იყო ჩავარდნილი. თურქ-სელჯუკები ბაგრატ IV-ს დროიდან ლაშქრავდნენ საქართველოს. მათი დიდი სულთნები, ალფ-არსლანი და მალიქ-შაჰი ხარკს იღებდნენ ქართველთაგან და მიუხედავად ამისა ყოველწლიურად სელჯუკთა მომთაბარე “აკინჯები”(მსუბუქად აღჭურვილი მოთარეშე რაზმი) Aძარცვავდნენ და აწიოკებდნენ ქვეყანას. მათი შემოსევები განსაკუთრებით 1080 წლიდან გამძაფრდა, რის გამოც ქართველებმა ეს პერიოდი“დიდ თურქობად” მონათლეს. გიორგი II-ს გადადგომა შესაძლოა ნებაყოფლობითი იყო, თუმცა არ არის გამორიცხული, რომ მისი სუსტი მეფობის გამო იგი ძალით გადაეყენებინათ ახალგაზრდა, მაგრამ ენერგიული და ნიჭიერი დავითის მომხრე ფეოდალებს, თუმცა ერთი ცხადია, რომ ამას შიდა დაპირისპირება არ მოჰყოლია და გიორგი შეურიგდა ტახტის დაკარგვას. მალევე ცხადი გახდა, რომ ამაზე უკეთესს იგი ვერაფერს გააკეთებდა საქართველოს გადასარჩენად. ქვეყანას დაკარგული ჰქონდა თბილისი, კახეთ-ჰერეთი და ქვემო ქართლი. ახალგაზრდა მეფის უპირველესი მიზანი სამხედრო თვალსაზრისით მეტად დაბალ საფეხურზე მყოფი ქართული ჯარში რეფორმის გატარება და შემდეგ მძლავრი არმიით ქვემო

ქართლისა და კახეთ-ჰერეთის(ამ დროისთვის დამოუკიდებელი სამეფოს) დაბრუნება გახლდათ, ამით თბილისი(იმ დროს არაბთა ხელში იყო)ალყაში მოხვდებოდა და შემდეგ მისი აღების ჯერიც დადგებოდა. სამხედრო რეფორმის შედეგად მეფემ საკმაოდ დიდი ჯარი და საუკეთესოდ გაწვრთნილ-შეიარაღებული მონასპა(გვარდია) შექმნა. ზოგჯერ იყენებდა როქის სპას ანუ დაქირავებულ ჯარსაც, ძირითადად ჩრდილოეთ კავკასიელ ხალხებს. მოგვიანებით 1018 წელს მან ყივჩაღები ჩამოასახლა, რათა ქართული არმია ყივჩაღი ცხენოსნებით შეევსო, რომელთა სამხედრო მოქმედება წააგავდა სელჯუკთა ტაქტიკას. მეფეს ჰყავდა პატარა მოთარეშე რაზმები, რომელთა საშუალებით დევნიდა თურქ მომთაბარეებს და მთაში გახიზნულ ქართველობას ბარში დაბრუნების საშუალებას აძლევდა.
1093 წელს დავით IV-მ შეიპყრო და მონანიების შემდეგ გაანთავისუფლა აჯანყებული კლდეკარის ერისთავი, ლიპარიტ IV ბაღვაში, თუმცა 1094 წელს იგი კვლავ განუდგა მეფეს. ლიპარიტი ისევ დამარცხდა და ორწლიანი პატიმრობის შემდეგ საქართველოდან იქნა გაძევებული. კლდეკარი სამეფო დომენი გახდა. ამავე წელს დავითმა ალაგმა განდგომილი ფეოდალი ძაგან აბულეთის ძე და მისი ძმა, ეპისკოპოსი მოდისტოსი.
                                                                          გელათი

1104 წელს(სხვა ვერსიით 1103 წ.) დავით IV-მ საქართველოს ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი რეფორმა გაატარა რუის-ურბნისის საეკლესიო კრების სახით. განკვეთა უღირსი საეკლესიო მოღვაწენი და შეიმუშავა “ძეგლისწერაჲ რუის-ურბნისის კრებისაჲ”. გაერთიანდა ჭყონდიდლისა და მწიგნობართუხუცესის წოდებები და ამ თანამდებობაზე დანიშნა გიორგი ჭყონდიდელი, თავისი აღმზრდელი და დიდი ქართველი მამულიშვილი. ამას მოჰყვა სავაზიროს ჩამოყალიბება. შეიქმნა მსტოვართა სამსახური მანდატურუხუცესით სათავეში. საყურადღებოა დავით IV-ს ეკონომიკური რეფორმა. მან მოაჭრევინა ახალი ტიპის მონეტები და მოაწესრიგა სახაზინო საქმეები. ამან დადებითი შედეგი მოიტანა და ფულის კურსი გამყარდა. დავითის დროს ჩამოყალიბდა სააჯო კარიც, სასამართლო დაწესებულება. რიგი რეფორმების შედეგად სახელმწიფო მოძლიერდა და 1099 წელს ჯვაროსნების მიერ იერუსალიმის აღებასთან ერთად დავით IV-მ ხარკი შეუწყვიტა თურქ-სელჯუკებს, რის შემდეგაც სწრაფად შეუტია კახეთ-ჰერეთის სამეფოსა და შიდა ქართლში დაკარგულ ქართულ ციხე-ქალაქებს. 1103 წელს აიღო ზედაზენი, 1104 წელს რამდენიმე კახელ-ჰერელი დიდებულის დახმარებით “აღიხუნა...ჰერეთი და კახეთი”(დავით აღმ. ისტ.) იმავე წელს გაანადგურა თურქ-სელჯუკები ერწუხის ბრძოლაში. ერწუხთან დიდმა წარმატებამ ფრთა შეასხა ქართველებს და მეფისა და ჭყონდიდელის მეთაურობით ზედიზედ აიღეს სამშვილდე(1110), რუსთავი(1115, “დიდად წყენა შეექმნათ თურქთა და რიდობა საზამთროთა ადგილთა დგომისა”, დავით აღმ.ისტ,1992:179) გიში(1117), ლორე(1118).
                                                             დავით IV-ს მონეტა

1121 წელს 12 აგვისტოს დავით მე-4-მ ისლამური კოალიცია გაანადგურა დიდგორის ველზე ბრძოლაში. მუსლიმთა კავშირის ინიციატორნი იყვნენ “შევიწროებულნი თურქმანნი და კუალად ვაჭარნი განძელ-ტფილელ-დმანელნი”(დავით აღმ. ისტ 1992:189), რომელთაც სელჯუკ სულთანს, მუჰამედს მიმართეს დახმარებისთვის. ალ-ფარიკის მიხედვით კი მათ დახმარება მაიაფარიკინისა და მარდინის ამირას ნეჯმ ად-დინ ილ-ღაზის სთხოვეს(ალ-ფარიკი, 1985:88). არსებობს სხვა ვერსიებიც იბნ-ალ-კალანისისა და იბნ-ალ-ასირის მიხედვით. “მაშინ სულტანმან მოუწოდა არაბეთისა მეფესა დურბეზს სადაყას ძესა, და მოსცა ძე თვისი მალიქი და ყოველი ძალი მისი; და აჩინა სპასალარად ელღაზი, ძე არდუხისი”(დავით აღმ. ისტ, 1992:190). კოალიციური არმია მრავალრიცხოვანი იყო “ვითარცა ქვიშაჲ ზღვისაჲ, რომელთა ვერ იტევდა ქუეყანა”. მიუხედავად იმისა, რომ მტრის ძალები აღემატებოდნენ რიცხოვნობით ქართველთა ჯარს, დავითის არმია ბრძოლისუნარიანობით, გაწვრთნილობითა და შეიარაღებით სელჯუკებზე მაღლა იდგა. მეფემ შეტაკებაში დამარცხების იმიტაციით შეიტყუა საქართველოში შემოჭრილი მტერი სასურველ ადგილას, დიდგორის ველზე და მოხერხებული მანევრების მეშვეობით სასტიკად დაამარცხა. ილ-ღაზი ბრძოლაში დაიჭრა და ძლივს მოახერხა გაქცევა ჯარის ნარჩენებთან ერთად. ამ უდიდეს ბრძოლაში გამარჯვებას ქართველებმა “ძლევაი საკვირველი”უწოდეს. საინტერესოა, რომ ზოგიერთი ისტორიკოსი წერს ფრანგ ჯვაროსანთა რაზმის შესახებ, რომელიც დიდგორთან ქართველებს ეხმარებოდა. ასევე არსებობს მითი საქართველოში იერუსალიმის მეფის, ბალდუინ IV-ს სტუმრობის შესახებ.

1122 წელს ქართველებმა აიღეს არაბთა ტყვეობაში მყოფი საქართველოს დედაქალაქი – თბილისი. თბილისელთაგან წინააღმდეგობის გაწევის გამო განრისხებულმა დავითმა ქალაქის დაცვის მოთავე 500 თბილისელი “ძელზე გასვა”. 1123 წელს ქართველებმა გაანთავისუფლეს სომხეთის დიდი ნაწილი, მათ შორის ქალაქი ანისი, ხოლო 1124 წელს განდევნეს სელჯუკები შირვანიდან.
დავითი ხელს უწყობდა საშუალო ფენის ჩამოყალიბებას, ვაჭრობისა და ხელოსნობის განვითარებას. 1106 წელს დაიწყო გელათის დიდებული ტაძრის მშენებლობა. განაახლა იყალთოს და დაარსა გელათის აკადემია. აგზავნიდა მოსწავლეებს ბიზანტიაში განათლების მისაღებად. პატივს სცემდა ყველა რელიგიას და ეროვნებას. თავად იყო უაღრესად განათლებული მონარქი. კითხულობდა როგორც სასულიერო, ასევე საერო ლიტერატურას, ანტიკურ ფილოსოფიას. დაწერილი აქვს “გალობანი სინანულისანი”.
“მეფე აფხაზთა, ქართველთა, რანთა, კახთა და სომეხთა”, დავით IV 1125 წელს გარდაიცვალა 52 წლის ასაკში. იგი გელათში დაკრძალეს. გადმოცემის მიხედვით მეფემ მოისურვა მისი საფლავი ტაძრის შესასვლელში მოეთავსებინათ, რათა ხალხს მასზე ფეხით გაევლო. ეს მიუთითებს მეფის ღრმად მორწმუნეობაზე და უდიდეს თავმდაბლობაზე. მისი 36 წლიანი მეფობის შედეგად აოხრებული, დანგრეული და

დასუსტებული, დაშლილი ქვეყანა ფეხზე დადგა, გაძლიერდა, გაერთიანდა და ახალ, პროგრესულ ძალად იქცა აზია-ევროპის გზაგასაყარზე. დავით IV-ს დარი მონარქი საქართველოს აღარასოდეს ჰყოლია. სწორედ მან დაუყენა საქართველოს “ოქროს ხანა”, რომელიც თითქმის ერთი საუკუნე გაგრძელდა და ლაშა-გიორგის სიკვდილთან ერთად დასრულდა. მადლიერმა ხალხმა დავითს უბრწყინვალესი თიკუნი უწოდა,“აღმაშენებელი”, ხოლო ეკლესიამ გმირი ხელმწიფე წმინდანად შერაცხა. 

                         ნიკა ხოფერია
                         სტატია გამოქვეყნდა ჟურნალ "ნათლიაში"(c)2012