ორლეანელი ქალწული - საბედისწერო წუთები


მეომრები გაშმაგებით მიიწევენ წინ. აი კიბეები მიადგეს კედლებს, სწრაფად არბიან გალავანზე და სამკვდრო-სასიცოცხლო ბრძოლაში ერთვებიან. ქვის ყუმბარები გრუხუნით ეჯახებიან ორლეანის დიდებულ კოშკებს, მაგრამ ამაოა ყველა მცდელობა. ინგლისელ მშვილდოსანთა ისრები მიზანს სულ უფრო და უფრო ხშირად აღწევს. ფრანგები ტრებუშეტებს მოაგორებენ, ორლეანი ცეცხლის ალშია გახვეული.
მტერი მედგრად იბრძვის, ქალაქი არ ნებდება. პარიზელ მოქალაქეთა რაზმი საალყო კოშკს მიაგორებს, ბევრი მათგანი დაეცა გზად, სხვები შედრკნენ, ზურგი უჩვენეს მტერს, ინგლისელებმა ცხელი კუპრი გადაასხეს ახლო მოსულ მოწინააღმდეგეს. ორთქლი ავარდა და განწირულთა კვნესამ შეძრა ამ საშინელების მომსწრე ფრანგ გლეხთა გულები, რომლებიც მაღალ ხეებზე შემომჯდრები უყურებდნენ თანამემამულეთა გმირულ იერიშს ორლეანის მძლავრ ციხეზე. ბრძოლაში ახალი შენაერთები ჩაერთვნენ. მათ მსუბუქ საჭურველში ჩამჯდარი ახალგაზრდა მიუძღვით. ღმერთო, ეს გოგონაა! მან მუზარადი მოიხადა, გრძელი, ქერა თმა მხრებზე გადაეფინა, ქარმა გაუწეწა. მახვილი ამოაგო ქარქაშიდან – Vive la France! Vive le Roy! – გაუმარჯოს საფრანგეთს, გაუმარჯოს მეფეს! – აღფრთოვანებული ჯარისკაცები თავზეხელაღებულ სარდალს გავეშებულები მიყვნენ. ისრები ზუზუნით წამოვიდა, გოგონას გვერდით მომავალი სამი მებრძოლი სასიკვდილოდ დაიჭრა, მაგრამ ის არ შეეპუა. კვლავ განაგრძობს გალავანზე ასვლას, უკნიდან ფრანგი მსროლელები მიეშველნენ, ორ ინგლისელს, რომელთაც დიდი ქვის 

დაგორება განეზრახათ ისრები მოხვდათ და ქონგურებიდან გადაეკიდნენ. აი ქალწული კედელზე დგას, საფრანგეთის ლურჯი დროშა მიაწოდეს მეომრებმა, ამ დროს ინგლისურმა ისარმა გაუარა მხარში მამაც გოგონას, ვაჟკაცურად აიტანა, არ დაუკივლია, მუხლზე დაიჩოქა, მაინც არ წაიქცა, დროშა თანამებრძოლებს გადააწოდა, რომელთაც კოშკზე ამაყად ააფრიალეს ლაჟვარდოვანი ბაირაღი მეფისა და ქვეყნის სადიდებლად. ყველა გოგონას დაესია, ის ცოცხალი იყო, სასიკვდილო ჭრილობა არ ჰქონდა, მაინც ბევრ სისხლს კარგავდა, მისი სუსტი, ნაზი სხეული ვერ ეგუებოდა მომხვდურის ვერაგი ხელით ნასროლ ისარს.
- ჟანა როგორ არის – იკითხა მეფემ.
- დაჭრილია, მაგრამ გადარჩება.
- ღმერთო, ეს საოცრებაა, ჩვიდმეტი წლის ქალწულმა აიღო ორლეანი, ეს უფლის ნიშანია – ჩაილაპარაკა დოფინმა.
- ან ეშმაკის – დაამატა ჩუმად შემოსულმა კარდინალმა.
- ეშმაკის? როგორ, ეშმაკი ახალგაზრდა გოგონაში, უმწიკვლოსა და შეურყვნელში? იგი თავს უფლის გამოგზავნილად აცხადებს და ასრულებს კიდეც იმას, რასაც გვპირდება, თუ ღმერთმა არ ჩაუნერგა ეს ძალა, გონება და გამძლეობა, აბა ვინ? იგი ნამდვილად მხსნელია საფრანგეთის!
- ან დამღუპველი – ჩაილაპარაკა გესლიანად კარდინალმა – იგი ჭეშმარიტად ეშმაკიგან არის გაწაფული, ჯადოქარი და მჩხიბავია დოფინო, სჯობს მოვიშოროთ თავიდან სანამ დაუღუპია ჩვენი სამეფო – ხმას აუწია კარდინალმა.
მეფეს პასუხი არ მიუცია, ნელი ნაბიჯით დატოვა ოთახი. თავში ათასი რამ უტრიალებდა, ჟანა მოსწონდა და ამის დაფარვას არც ცდილობდა, მართლაც, ამ გოგონამ ხომ დაამტკიცა თავის სიმართლე, მან ორლეანი აიღო! – მაგრამ... ეკლესიასთან დაპირისპირება ამ უმძიმეს ვითარებაში? კიდევ ერთი მაგრამ...

                                                                                  ***

თავს ცნობ ჯადოქრად, კუდიანად და ეშმაკის მსახურად? – გაიმეორა ბურგუნდიელმა კარდინალმა – აღიარე შვილო ჩემო და უფალი შეგიმსუბუქებს იმქვეყნიურ ტანჯვას.
- არა.  მე უფლის მხევალი ვარ და არა ლუციფერისა – ხმა ჩაუწყდა გოგონას, გამშრალი ტუჩებით რაღაცის თქმას ცდილობდა კიდევ, მწვანე, წყლიანი, უმანკო თვალები მიაპყრო წითლად შემოსილ კარდინალს.
- დაე მოგიტევოს უფალმა ღმერთმა ჩვენმა ცოდვანი შენი, ამინ! – გაიმეორა ღვთის მსახურმა – ფიჩხს ცეცხლი მოუკიდე უილიამ.
მალე ცეცხლის ბოროტი ენები ქალწულის სხეულს მოეხვია, იგი უხმოდ იწვოდა, საშინელ ტკივილს განიცდიდა, თვალები კიდევ ერთხელ მოავლო ამ „სანახაობაზე” მოსულ ხალხს, შემდეგ კი დახუჭა, დახუჭა სამუდამოდ, ჩაქრა სიცოცხლე ადამიანისა, ვინც საფრანგეთს თავისუფლებისა და ბრძოლის სული ჩაბერა, „ორლეანელი ქალწული” ლეგენდად იქცა, მისი სხეული დაიწვა, ხოლო მისი დიდება და სახელი მუდამ ემახსოვრება ფრანგ ხალხს. მეფემ და ეკლესიამ რომელმაც ვერ შეაფასა ქალწულის თავგანწირვა, მისი სიყვარული სამშობლოს მიმართ და სასიკვდილოდ გაწირა მთელი სიცოცხლე სულს უტანჯავდათ ეს მძიმე ცოდვა, მაგრამ უბრალო ფრანგი ხალხისთვის ჟანა გმირობის სიმბოლოდ იქცა, გმირობის, რომელმაც საფრანგეთს ასწლიანი ომი წარმატებით დაასრულებინა.

ნიკა ხოფერია

ჟურნალი „ისტორიანი", #4 (2012)