ყოველთვის გამარჯვებული არმია


შორეული აღმოსავლეთი, მარკო პოლოს საოცნებო მხარე, ქაღალდის, დენთისა და კომპასის გამომგონებელი ხალხის ქვეყანა, კონფუცის, ლაო-ძისა და სუნ-ძის ჩინეთი... ამ ქვეყნის ისტორია ბევრ უცხოელ მეცნიერ-მკვლევარს იზიდავს. არც სამხედრო ისტორიკოსებისთვის არის გამონაკლისი. ჩინეთის მდიდარი სამხედრო ისტორია საშუალებას იძლევა უამრავი საინტერესო ფაქტის გამოკვლევისა. ბოლოს და ბოლოს ეს ხომ სუნ-ძის, ლეგენდარული სამხედრო მოღვაწისა და გენიალური წიგნის – “ომის ხელოვნების” ავტორის ქვეყანაა.


ჩინეთის სამხედრო ისტორიაში ერთ-ერთი გამორჩეული და საინტერესოა “ყოველთვის გამარჯვებულ არმიად” წოდებული შენაერთის ამბავი. “ყოველთვის გამარჯვებული არმია”(ჩინ. 常勝軍, cháng shèng jūn) მე-19 საუკუნის ჩინეთის საიმპერიო არმიას ეწოდა.

ამ ჯარით ცინის დინასტია ნიენისა და ტაიპინის აჯანყებებს ებრძოდა. “ყოველთვის გამარჯვებული არმია”შედგებოდა ჩინელი ჯარისკაცებისგან, რომლებიც ევროპელების მიერ იყვნენ გაწვრთნილები და მომზადებულები. სამხედრო კამპანიაშიც მათ ევროპელი მეთაურები მიუძღოდნენ.
ამ განსაკუთრებული სამხედრო შენაერთის აქტივობის წლები სულ ოთხი წელი გაგრძელდა – 1860-1864. მიუხედავად ამისა ამ ჯარმა დიდი როლი ითამაშა ტაიპინის აჯანყების ჩახშობაში და ჩინეთის სამხედრო ისტორიაში შევიდა, როგორც ევროპული სტანდარტების მიხედვით ჩამოყალიბებული პირველი ჩინური არმია, რომელიც იყენებდა ევროპულ ტაქტიკას, სტრატეგიასა და ტექნიკას. იგი მოდელი გახდა მას შემდეგ შექმნილი ჩინური ჯარებისა.

“ყოველთვის გამარჯვებული არმიის”შემქმნელი ამერიკელი ავანტიურისტი ფრედერიკ ვარდი(1831-1862) იყო. იგი შანხაის ბიუროს მიერ იქნა ჩამოყვანილი მეკობრეებთან ბრძოლისთვის და მანაც თავი კარგად წარმოაჩინა. როდესაც შანხაის პარტიზანმა ტაიპინებმა მიაღწიეს, ჩინელებმა ვარდს მიანდეს არმიის მომზადება შანხაიში მყოფი ევროპელებისგან, რადგან ჩინური ჯარი ძალიან სუსტი და დაბალეფექტური გამოდგა.

ფრედერიკ ვარდი

ამერიკელის შექმნილმა “უცხოური იარაღის რაზმმა” რამდენიმე გამარჯვება მოიპოვა ტაიპინებთან ბრძოლაში, მაგრამ დიდი დანაკარგები განიცადა და განადგურებულ იქნა, ვარდი კი დაიჭრა და 1860 წლის ბოლოს იძულებული გახდა სამკურნალოდ წასულიყო.
1861 წლის გაზაფხულზე იგი დაბრუნდა და აღადგინა თავისი შენაერთი. იმასთან დაკავშირებით, რომ ვარდი თავის ჯარისკაცებს მაღალ ანაზღაურებას პირდებოდა, შანხაის პორტში მდგარ ბრიტანულ ხომალდებზე დეზერტირობა დაიწყო. დაპატიმრებას რომ ასცდენოდა, ვარდი ჩინეთის სამსახურში შევიდა.

მას შემდეგ, რაც 1861 წლის მაისში “უცხოური იარაღის რაზმი” კვლავ განადგურდა ტაიპინების მიერ, ვარდმა გადაწყვიტა მოემზადებინა ჩინელებისგან შემდგარი დიდი შეიარაღებული შენაერთი და გამოეყენებინა შემორჩენილი ევროპელები ოფიცრებად. 1862 წლის იანვარში ვარდმა ათასი ჯარისკაცისგან შემდგარი რაზმი ჩამოაყალიბა, რომელმაც თებერვლისთვის ტაიპინებს რამდენიმე გამანადგურებელი დამარცხება მიაყენა. 1862 წლის მარტში ჩინეთის მთავრობამ ვარდის ქვედანაყოფს ოფიციალურად უწოდა “ყოველთვის გამარჯვებული არმია”. 1862 წლის განმავლობაში ეს შენაერთი უფრო და უფრო ამართლებდა თავის სახელწოდებას, ანადგურებდა მოწინააღმდეგეს, იკავებდა მათ გამაგრებულ პოზიციებს.

რადგან ტაიპინებს უზარმაზარი რიცხობრივი უპირატესობა ჰქონდათ, ჯარი იძულებული იყო ხშირად შეეცვალა დისლოკაციის ადგილი, რასაც გზების ცუდი მდგომარეობა ართულებდა, ამიტომ ვარდმა არხებისა და მდინარეების მეშვეობით დაიწყო რაზმების გადაყვანა. სამდინარო გზების დასაცავად მან შეაიარაღა რამდენიმე ორთქლმავალი, რომელიც ტრანსპორტიც გახდა და მობილური არტილერიაც. ლი სიუჩენმა თავისი დამარცხება სუჩჟოუს რაიონში სწორედ ამ ორთქლმავლებს დააბრალა. მისი აზრით მის ჯარს შეეძლო გამკლავებოდა “ზღვის ეშმაკებს” ნაპირზე, მაგრამ ორთქლმავლების წინააღმდეგ მისი სამდინარო ძალები – უძლურნი იყვნენ.
გამარჯვებებთან ერთად ფრედერიკ ვარდის რეპუტაციაც იზრდებოდა. მანჯურიელ დიდებულებს მასზე თავაპირველი წარმოდგენაც შეეცვალათ. ვარდი არ მისდევდა ყველა ჩინურ ტრადიციას, თუმცა ოფიციალურ მანჯურიულ სამოსს ატარებდა.
ვარდი სასიკვდილოდ დაიჭრა 1862 წლის 21 სექტემბერს ცისის ბრძოლის დროს, ნინბოს რაიონში. მას სურდა, რომ მისი სიკვდილის შემდეგ არმიის ხელმძღვანელი ფილიპინელი მაკანაია გამხდარიყო, მაგრამ მეთაურობა ამერიკელმა ჰენრი ანდრეს ბოჯევაინმა აიღო.

ჰენრი ანდრეს ბოჯევაინი


მალე მან უღალატა ცინის დინასტიას და ლი შისინის მეამბოხეთა არმიას შეუერთდა, ხოლო “ყოველთვის გამარჯვებულ არმიას” ინგლისელი ჩარლზ ჯორჯ გორდონი ჩაუდგა სათავეში. გორდონის მეთაურობით “ყოველთვის გამარჯვებულმა არმიამ” სამთავრობო ჯარებთან ერთად რამდენიმე ფინალური გამარჯვება მოიპოვა ტაიპინების წინააღმდეგ. გორდონის გატარებულმა სასტიკმა დისციპლინამ არმიაში დეზერტირობა და შეთქმულებებიც კი გამოიწვია, მათი რიგები ინგლისელმა მეთაურმა ტყვე ტაიპინებით შეავსო, რომელთაც სურვილი ჰქონდათ ცინის დინასტიის მხარეს გადმოსულიყვნენ. ეს ერთ-ერთი მთავარი მიზეზი გახდა “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” მოქმედების ეფექტურობის დაკარგვისა. 1864 წლის მაისში “ყოველთვის გამარჯვებული არმია” ოფიციალურად გაუქმდა. დაშლის დროს მასში 104 უცხოელი ოფიცერი და 2288 ჩინელი ჯარისკაცი მსახურობდა.

“უცხოური იარაღის რაზმი” თავდაპირველად შანხაიში შეკრებილი 200 ევროპელისგან შედგებოდა. მათი ნაწილი 1861 წელს დაითხოვეს, დარჩენილი ნაწილი კი 1200 ჩინელი ჯარისკაცისგან შემდგარ ახალ რაზმში ოფიცრად დარჩა. 1862 წლის მაისში ვარდს 3000 ჩინელი მეომარი ჰყავდა, შეიარაღებული ევროპული იარაღით და ეკიპირებული ბრიტანელების მიერ შანხაიში. “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” ქვეითი ჯარი ბატალიონებად იყოფოდა, რომელთაც ვერდი პოლკებს უწოდებდა. 1864 წელს 6 ასეთი პოლკი იყო შექმნილი, თითოეულში 650 კაცამდე შემადგენლობით. თითოეული პოლკი ექვსი ასეულისგან შედგებოდა.

ჩარლზ ჯორჯ გორდონი

ზოგადად ასეთ ასეულში ორი უცხოელი ოფიცერი, შვიდი ჩინელი სერჟანტი და 80 რიგითი ჩინელი ჯარისკაცი. პოლკს თითო თარჯიმანი მაინც ჰყავდა, რათა უცხოელი ოფიცრების ბრძანება(ინგლისურ ენაზე) ჯარისკაცებისთვის ეთარგმნა. ვარდმა ასევე ჩამოაყალიბა ფილიპინელებისგან შემდგარი პირადი მცველების რაზმი – 200-300 მეომრის შემადგენლობით. გორდონის დროს ეს შენაერთი ევროპელი და აფრიკელი ჯარისკაცებისგან შედგებოდა, რასაც ემატებოდა ასამდე რჩეული ჩინელი მებრძოლი.
ჰონგ ჩიცუანი, ტაიპინების ლიდერი

1863 წლისთვის, “ყოველთვის გამარჯვებულ არმიას” თავისი არტილერია ჰქონდა, რომელიც 6 ბატარიისა და მძიმე და მსუბუქი არტილერიისგან შედგებოდა. თითოეულ ბატარეაში ხუთი უცხოელი ოფიცერი, 19 ჩინელი სერჟანტი და 120-150 ჩინელი კანონირი იყო.
ვარდის შექმნილი ფლოტილია 12 სამდინარო ორთქლმავლით(ნაყიდი ან ნაქირავები) შედგებოდა. ამას ემატებოდა 30-50 შეიარაღებული ჩინური ჯონკა. გორდონის დროს ეს ფლოტი 2 ორთქლმავლამდე შემცირდა, მაგრამ შემდეგ ექვსამდე გაიზარდა. ჯონკებისა და ორთქლმავლების კიჩოზე 9-დან 12 ფუნტამდე კალიბრის ზარბაზნებს დგამდნენ. “ყოველთვის გამარჯვებული არმიის” ყველაზე დიდი ხომალდი “Hyson” იყო, რომელიც სიგრძით 90 ფუტს აღწევდა და შეიარაღებული იყო 32 ფუნტიანი ზარბაზნითა და 12 ფუნტიანი ჰაუბიცით.

ნიკა ხოფერია