კოლხი, ნაწილი I



თოვლი მოდიოდა, ფიფქები ცვიოდა, არწივი წიოდა და ქარი კიოდა, თითქოს კლდეს მიჯაჭვული ამირანის ხმა მოჰქონდა თან...ზამთრის ცივ თვეში კავკასიონის მთები ზღაპრულ, ყინულის უძლეველ დევკაცებს დამგვანებოდნენ, რომელთა გადალახვა არავის შეეძლო. ყველაფერი გადათეთრებული იყო, სისპეტაკისა და სიწმინდის, პირველშობილობის ფერი გადაჰფენოდა არემარეს.
თოვლში ჩაფლული პატარა კოლხური ხის ქოხის საკვამურიდან კვამლი ამოდიოდა, თუმცა მდუმარებას დაესადგურებინა და ჩამიჩუმი არ ისმოდა. თითქოს ეს პატარა ქოხმახი ცარიელი იყო, მაგრამ აბა ცეცხლს ვინ უკიდებდა ამ ყინვასა და თოვლში, აქამდე რატომ არ ჩაქრა? არა, ხის სახლში ორი კაცი იჯდა. ისინი მდუმარედ ისხდნენ ცეცხლის წინ და თითქოს თვლემდნენ. ერთი მათგანი ახალგაზრდა ჩანდა, თავზე ხის მომრგვალებული მუზარადი ეხურა, ტანთ ბრინჯაოსა და ტყავის აბჯარი ემოსა, წელს ქვემოთ ქიტონის კალთები და მის შიგნით მუქი შარვალი მოუჩანდა, ფეხზე კი დათბილული ფეხსაცმელები ეცვა. დიდ, ბეწვიან მოსასხამში იყო გახვეული. ქერა წვერი თხლად ამოსვლოდა სახეზე, ცისფერი თვალები მიეხუჭა, სახე თეთრი და ნათელი ჰქონდა. მეორე მეომარი უფრო ასაკოვანი ჩანდა – ხშირი, ჭაღარა წვერი მკერდამდე სცემდა, სადაც მისი ბოლო ნაწნავად ჰქონდა შეკრული. მუზარადი არ ეხურა და გრძელი თმა უკან გადაეყარა, წინ კი ორ, პატარა ნაწნავად გადმოეგდო. მუხლამდე აბჯრით შემოსილ ტანზე დათბილული მოსასხამი მოესხა.  ხელში ორივეს შუბები ჩაებღუჯათ და ეყრდნობოდნენ. ქოხის ერთი კედლიდან მეორემდე თოკი იყო გაბმული, რომელზეც ხორცის ნაჭრები ეკიდა გასაშრობად და შესაბოლად, კუთხეში კი თიხის ორი, მოზრდილი ქოთანი იდგა. იქვე ეგდო ორი მშვილდი, კაპარჭი და ბრინჯაოს, მბზინავი ცულები. გარეთ კი თოვას უმატებდა და უმატებდა. ღამდებოდა, კოცონიც ნელ-ნელა მინავლდა, თითქმის ჩაქრა, მხოლოდ რამდენიმე ნაკვერჩხალიღა ბჟუტავდა. მოხუცი მეომარი შეიშმუშნა, თვალები მოისრისა და ადგა, ახალგაზრდა კი მის მკვეთრ მოძრაობაზე გამოფხიზლდა, თუმცა არ ამდგარა.
- ცეცხლი არ ჩაგიქრეს ფარტაზ, გააღვივე, მე გავალ, შევხედავ მთები ხომ არავინ გადმოლახა დღეს – თქვა გრძელწვერიანმა და თოვლის ფარდის იქით გაუჩინარდა
ახლაგაზრდამ რამდენიმე ნაჭერი შეშა დაამატა და კოცონი კვლავ აბრიალდა. ფეხები და ხელები მიუშვირა, რომ კარგად გაეთბო. მარტო იჯდა ამ უკაცრიელ მხარეში, გულში თითქოს შიში ჩადგომოდა, საშინელი ფიქრები მოსდიოდა თავში. ახსენდებოდა სიზმარი, თითქოს გიმირები მის ქალაქში იყვნენ შეჭრილები და ყველას ხოცავდნენ, ელანდებოდა მგელი, რომელიც მკერდს უფლითავდა და მისი სისხლით პირამოსვრილი გარბოდა თოვლში, გზაზე კი წითელ კვალს ტოვებდა. შემდეგ ფიქრები გაიფანტა და ფრთხილად წამოდგა და გარეთ გაიხედა. დაღამებულიყო, თოვა გაძლიერებულიყო, მოხუცი კი არ ჩანდა. ეს ძალიან აშფოთებდა, რადგან თავს მარტოსულად გრძნობდა. ამავდროულად ასეთ გამოცდილ, ომებში გამოწრთობილ კაცთან ერთად მსახური, როგორიც მისი თანამებრძოლი იყო, გარკვეულწილად ამშვიდებდა. გავიდა კარგა ხანი და მოხუცი კვლავ არ გამოჩნდა.
ავდგები გარეთ გავალ – გაიფიქრა ახალგაზრდა მეომარმა, მაგრამ როდესაც ქოხიდან გავიდა და საშინელმა სიცივემ სახე მოუყინა, თან ორ ნაბიჯს იქით უკუნ სიბნელეში ვერაფერი გაარჩია, უკან დაბრუნდა – რა ვქნა, რა გავაკეთო, რისთვის გამომგზავნეს აბა თუ მშიშარა კურდღელივით აქ დავიმალები, ეჰ ნეტავ სავლაკი აქ იყოს, სად წავიდა ამდენ ხანს ნეტავ, გიმირებს ხომ არ გადააწყდა, ვინ იცის მოკლეს და ყელგამოღადრული მგელივით სადმე გდია, დაუნდობელი გიმირები არ დაინდობენ... შემდეგ თავი დაიმშვიდა - ამ უკუნ სიბნელეში არამგონია გაბედონ გადმოსვლა ამ მაღალ მთებში. ფხიზლად უნდა ვიყო – ეუბნებოდა თავის თავს, რადგან კვლავ ძილი ერეოდა - თუ შემოგვიტიეს ცეცხლით ვანიშნებ ჩვენებს. დაძაბულობა უფრო და უფრო მატულობდა, ძარღვებში სისხლი ეყინებოდა, ცეცხლს კიდევ შეუკეთა რამდენიმე ნაფოტი. საკუთარი გულისცემა ესმოდა, თმა ყალყზე ჰქონდა და ნერვიულად აწვალებდა მუზარადის თასმას – არა, მეტი აღარ შემიძლია, უნდა გავიდე და რამდენიმე ნაბიჯის იქით ყველა მხარე მოვათვალიერო, წამოდგა ფარტაზი და ჩირაღდანი აანთო, გული გაიმაგრა და ქოხიდან გავიდა. თოვა აღარ იყო ისე ძლიერი, მხოლოდ თითო-ოროლა ფანტელი ცვიოდა ციდან. უკუნი სიბნელე ჩირაღდნის შუქმნა გაკვეთა მცირედ და კაცს გზა გაუნათა. მას ცალი ხელი ქამარში გარჭობილ ცულზე ედო, მეორით გზას ინათებდა. ორიოდე ასეული მეტრი გაიარა მთის ფერდობზე და მოათვალიერა ყველაფერი, მაგრამ ვერაფერს მიაგნო და ის იყო უკან უნდა დაბრუნებულიყო, რომ შორეულ ხმას მოჰკრა ყური, რომლის ექო მალევე მინავლდა გოროზი მთების მიღმა. 

ფარტაზმა ცული მოიმარჯვა და ხმის მიმართულებით გაემართა. თოვლში მუხლამდე ეფლობოდა, მაგრამ მაინც წინ მიიწევდა, აი ხმა განმეორდა, თან უფრო ახლოს, გზა განაგრძო, გული უფრთხიალებდა – აი ახლა წავაწყდები გიმირებსო და ცულს მაგრად უჭერდა ხელს. რამდენიმე ნაბიჯიც გადადგა და ხმაური ისე ახლოს გაიგონა, რომ გადაწყვიტა დამალულიყო. არა, ეს ერთი ადამიანი არ იყო. მთის კალთას ამოეფარა, გაიხედა და მთვარის მკრთალ შუქზე დაინახა – ხუთი მეომარი იდგა, ტყავისა და ბეწვის სამოსში გახვეული, თავზე ასევე ბეწვის ქუდებით, ხელში შუბები ეჭირათ, ზურგზე მშვილდ-ისრები მოეგდოთ – ესენი კიმერიელები იყვნენ...

ნიკა ხოფერია