კოლხი, ნაწილი II



მეომარი დაიბნა, რას გააწყობდა ამდენი გიმირის წინააღმდეგ, ამიტომ გადაწყვიტა ქოხში სწრაფად და უხმაუროდ დაბრუნებულიყო და ცეცხლით მიეცა ნიშანი თანამოძმეებისთვის. ნელ-ნელა დაიძრა უკან, რამდენიმე ნაბიჯი გადადგა, ფრთხილად ირჯებოდა და ხმას არ იღებდა, სუნთქვასაც კი იკავებდა, მაგრამ ამ დროს ფეხი დაუცურდა და რამდენიმე მეტრზე ჩამოსრიალდა. შიშისაგან ცივმა ოფლმა დაასხა და ერთ ადგილს მიელურსმა, ვეღარ იძვროდა. გიმირებმა ალბათ ვერ გაიგეს ხმაური, რადგან ჩამი-ჩუმი არ ისმოდა. ცოტა დამშვიდდა კოლხი, გული საგულეში ჩაუდგა. ის იყო გზის გაგრძელება დააპირა, რომ ისარმა ჩაუქროლა და ახლოს დაერჭო თოვლში.
ფარტაზი წამოხტა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა გაიქცა, თუმცა თოვლი ყველანაირად უშლიდა ხელს, მხოლოდ სიბნელე თუ დაიცავდა მრისხანე გიმირების ისრებისგან, რომლებიც მალე სეტყვასავით წამოვიდა – მიხვდნენ, რომ კოლხი მზვერავი გამოიჭირეს და შეიძლებოდა ამას საფრთხე შეექმნა კიმერიელთა დანარჩენი ლაშქრის უსაფრთხო გადმოსვლისთვის. ბევრი ირბინა დევნილმა მანამ, სანამ ზურგში გრძელი, კიმერიული ისარი არ მოხვდა და ძირს არ დასცა. კვნესოდა და ცდილობდა ამოეღო, თოვლი სისხლით მორწყო, ისარი ვერ ამოიძრო და ოთხით განაგრძო ფორთხვა, აი სადაცაა წამოეწივნენ, გიმირების მძიმე ნაბიჯების ხმა და ცხოველური ხავილი უკვე ახლოს ესმოდა, გადაწყვიტა წამომდგარიყო და ებრძოლა, გაქცევას ვეღარ შეძლებდა. 
რის ვაი-ვაგლახით დაეყრდნო თავისი ცულის ტარს და ფეხზე წამოდგა. გრძელი ისარი კვლავ ზურგში ჩარჩენოდა, მაგრამ ღრმა ჭრილობა არ იყო – აბჯარს შეეკავებინა გიმირის მტკიცე ხელით ნატყორცნი სიკვდილი. უეცრად მრისხანება მოერია კოლხს, მარტო იყო, საშველი არსად ჩანდა, მტერი კი ახლოს იყო, არა, თავს დადებდა და დაიღუპებოდა, იცოდა, სასტიკი გიმირების ხელს ცოცხალი ვერ გადაურჩებოდა, მაგრამ სანამ ხელში იარაღი ეჭირა, მცირე იმედი მაინც არსებობდა. აი მთვარის შუქზე მისკენ მომავალი კიმერიელები გამოჩნდნენ – ზოგიერთი გზადაგზა იხრებოდა და ისრებს კრეფდა. ფარტაზმა გულზე ჩამოკიდებული მთვარის ღვთაების პატარა ქანდაკება ამოიღო, ეამბორა და დახმარება შესთხოვა. ცალ ხელში ცული დაიჭირა, მეორით კი ჩამქრალი ჩირაღდანი, ნანობდა, რომ ზურგზე ფარი არ მოიგდო წამოსვლისას. კიმერიელები ელვისებურად დაესხნენ თავს. პირველმა მათგანმა შუბი მოუქნია, მაგრამ მისი წვერი აბჯარმა აისხლიტა, კოლხმა კი ცული ჩასცხო თავში და მიწაზე უსულოდ დასცა. თითქოს შიშისგან განთავისუფლდა, მტრის სისხლი დაღვარა, ამან გააძლიერა. დანარჩენმა ოთხმა ნაბიჯი შეანელა და შეერთებული ძალით მიაუხლოვდნენ, იცოდნენ მარტო დარჩენილი მებრძოლი, რომელიც გრძნობდა, რომ განწირული იყო, უფრო თავდადებით იბრძოლებდა. 
კიმერიელებმა რაღაც გადაულაპარაკეს ერთმანეთს. მათი უცნაური, უხეში ენიდან ქარმა ზოგიერთი სიტყვა ფარტაზის ყურამდეც მიაღწია, თუმცა მხოლოდ ორი სიტყვა გაარჩია – შაჰპურ კოლხაიოს. კიმერიელებიდან ორმა მშვილდ-ისარი მოიმარჯვა, ორი პირდაპირ მისკენ წამოვიდნენ – ერთი მარჯვნიდან, მეორე მარცხნიდან. ეს დასასრულია - გაიფიქრა მეომარმა, ორი ისარი მისკენ გამოფრინდა, ერთი მუზარადს მოხვდა, თუმცა თავის ქალამდე ვერ მიაღწია, მეორე მიზანს აცდა. ახლა ორი შუბოსანი კიმერიელი შეეტაკა, მაგრამ ამ დროს დიდი, მძიმე, მუქი ფიგურა გამოხტა ღრიალით და შუბი პირდაპირ გულში ჩასცა ერთ მათგანს. ფარტაზს თავისი თანამებრძოლი, მოხუცი სავლაკი ამოუდგა მხარში, იგი მშვიდად ირჯებოდა ბრძოლის დროს, ხელი არ უკანკალებდა. მეორე კიმერიელიც განგმირა შუბის მძლავრი დარტყმით და ახლა ერთად შეუტიეს დანარჩენ ორს. გიმირებმა მშვილდ-ისარი დაყარეს, უკან არ დაუხევიათ, ცულები და დანები იძრეს და სავლაკს შეუტიეს. ერთმა მათგანმა დანა მხარში დასცა მოხუცს, თუმცა საპასუხოდ ცული მოხვდა და ჩაიმუხლა, მეორემ კი გაქცევა სცადა, თუმცა არა შიშის, არამედ იმის გამო, რომ თავისიანებისთვის შეეტყობინებინა – კოლხმა მზვერავებმა შეგვნიშნესო. მსუბუქად დაჭრილ სავლაკს გაკიდების თავი აღარ ჰქონდა, ამიტომ დაიხარა, კიმერიული მშვილდ-ისარი აიღო და გაქცეული, რომელიც ძლივს მიაბიჯებდა თოვლში – სასიკვდილოდ განგმირა.

კოლხები უხმოდ წავიდნენ თავიანთი სადარაჯო ქოხისკენ. ორივეს სისხლი სდიოდა ჭრილობიდან. ფარტაზი უფრო მძიმედ დაეჭრათ, ამიტომ მალე სავკლაკი იძულებული გახდა თავისი მხარი დაევიწყებინა და ზურგზე მოეგდო მეგობარი. ასე ატარა სანამ ქოხს არ მიუახლოვდნენ. დაჭრილი შიგნით დააწვინა და ცეცხლის დანთებას შეუდგა. გონებაწართმეული კოლხი მცირე ხნის შემდეგ გამოფხიზლდა და კოცონის შუქზე სავლაკის ჩაფიქრებული მზერა დაიჭირა, ბოლოს და ბოლოს მან დაილაპარაკა:
- შორს ვიყავი, მიდამო ვნახე, გიმირთა კვალს მივყევი, ქვემოთ არიან დაბანაკებულები, შენ კარგად იბრძოდი, კიდევ კარგი არცერთი გაგვექცა, მარტო არ უნდა დაგეტოვებინა ქოხი, თუმცა შეიძლება ეს სასიკეთოდაც კი წაგვადგა – ეს იყო სულ, რაც მისი გაუგებარი საუბრიდან გაიგო კოლხმა და ჭრილობამ შეახსენა თავი. ზურგზე ხელი მოისვა – ისარი სავლაკს ამოეძრო და რაღაც სქელი, ცხიმოვანი მალამო მოეთხიპნა, ტკივილი დაუამდა.

- ხვალ ღამით ამოსვლას დაიწყებენ, მთელი ლაშქარი გადმოვა და მალე ბარს მიადგება გიმირთა მხედრობა. მეფეს მოკლავენ ან დაიმონებენ, ხალხს დახოცავენ, სიმდიდრეს წაიღებენ. ჩვენამდე ყველა სამეფო გაანადგურეს, ნაცრად აქციეს მათი სიმაგრეები. 
- ვანიშნოთ ჩვენს ჯარს ცეცხლით, თორემ ყველანი დავიღუპებით, მე ავძვრები კოშკზე – მძიმედ წამოიმართა ფარტაზი
- არა, არ არის საჭირო, ჩვენი ჯარი მათ წინააღმდეგ ვერას გახდება, ძალიან ძლიერები არიან და თანაც ბევრნი. მათ ბელადები, როგორც ლეგენდები და ჩვენი ქურუმები ამბობენ, მგლებსა და ჯიქებზე ამხედრებული ჯარით გადმოლახავენ ამ მთებს და მათ ვერავინ შეაჩერებს – ხის მსხვილი სარების გათლას შეუდგა სავლაკი – ჩვენ მათი ძლევა მხოლოდ ერთი გზით შეგვიძლია. . . 

ნიკა ხოფერია