ფრთოსანი ჰუსარები(პოლ. Husaria) – ელიტარული კავალერია, რომელიც პოლონეთ-ლიტვის თანამეგობრობის დროშის ქვეშ იბრძოდა XVI საუკუნის დასაწყისიდან XVIII საუკუნის შუა პერიოდამდე. მათი დანიშნულება იყო მოწინააღმდეგის წყობის გარღვევა, რის შემდეგაც ძირითად ძალებს უადვილდებოდათ მათი განადგურება. ჰუსარები ავტორამენტის ქვედანაყოფი იყო. ეს ჯარების შეკრების თავისებური სტილი გახლდათ, რომელიც აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნებში გამოიყენებოდა. პოლონურ-ლიტვური ჯარი ძირითადად კავალერიისგან შედგებოდა, რომლის მთავარ ძალას ფრთოსანი ჰუსარები წარმოადგენდნენ.
სხვა სახეობის ჯარები კი უფრო დამხმარე როლს თამაშობდნენ. ქვეითი ჯარებისა და არტილერიის ერთობლივი მოქმედება კავალერიასთან შეუთანხმებელი იყო, მაგრამ მიუხედავად ამისა, ცხენოსნებს მაინც უფრო მეტ მნიშვნელობას აძლევდნენ. დიდი დროის განმავლობაში ჰუსარებს არ ჰყავდათ ბადალი მთელს ევროპაში, მათი მეშვეობით ბევრი ბრძოლა მოიგეს პოლონელებმა და ლიტველებმა.
გვიანდელი პერიოდის რომაელი მხედარი
ერთ-ერთი ვერსიით X საუკუნეში, ბიაზანტიის იმპერიაში იყო მსუბუქი კავალერია, რომლებსაც “chosariori” ან “chonsariori” ეწოდებოდათ. ამ კავალერიაში დაქირავებული ბალკანელი მეომრები მსახურობდნენ. ყველაზე ხშირად კი სერბები. მათი ძირითადი დავალება იყო მტრის ბანაკის დაზვერვა ან დივერსიული დარბევები. შეიძლება ეს სიტყვა წამოსული იყოს ლათინური სიტყვიდან “cursores” – რომელიც რომის იმპერიის მსუბუქი კვალერიის სახელწოდება გახლდათ იმპერიის დაცემის პერიოდში. სერბულ ენაში ბერძნული “khonsarii”-დან წარმოიშვა სიტყვა “
Husar ”, რომელიც ყაჩაღის სინონიმი გახდა. XIV საუკუნეში სერბეთის სამეფოს, რაშკას დედაქალაქი რასი დაეცა, ხოლო იქ მყოფი ჰუსარები უნგრეთში გადაიხვეწნენ, სადაც ისინი უნგრელებს ოსმალების წინააღმდეგ ბრძოლაში ეხმარებოდნენ. ასე შეიძლება გაჩენილიყო უნგრულ ენაში “ჰუსარი”.
მეორე ვერსიით კი, 1458 წელს უნგრელმა მეფემ მათიას I-მა ბრძანა, თურქების წინააღმდეგ ძლიერი კავალერია შეექმნათ. მათ 20 ფეოდალის სამფლობელოდან თითო ჯარისკაცი გამოიყვანეს. უნგრულად “ჰუსზ” ნიშნავს ოცს, ხოლო “არ” – ხვეწნას. აქედან წარმოიშვა სიტყვა “ჰუსარი”.
სავარაუდოდ, ჰუსარების ეკიპირებაზე და გარეგნულ მახასიათებლებზე, გავლენა იქონია ოსმალურმა კავალერიამ, რომლესაც “დელი” ეწოდებოდა. “დელი” გამოირჩეოდა თავზეხელაღებული სიმამაცით. ისინი ჯავშნის მაგივრად მხეცის ტყავს ატარებდნენ, ხოლო მუზარადზე გარეული ფრინველის ბუმბული ჰქონდათ მიმაგრებული.
თავდაპირველად, ჰუსარები მსუბუქ კავალერიას წარმოადგენდნენ. ისინი არ ატარებდნენ ჯავშანს, მათ ტანზე უნგრული კამზოლი ეცვათ, რომელიც თასმებით იყო შეკრული, ზემოდან კი ბეწვის მანტიები ჰქონდათ შემოცმული. ეს მანტია შეიძლებოდა ყოფილიყო მგლის, დათვის ან ლეოპარდის ტყავისგან დამზადებული. თავზე მათ ასევე ბეწვის ქუდები ეხურათ, რომლებზეც ბუმბულები იყო დამაგრებული. ჰუსარებს შეიძლებოდა ჰქონოდათ უნგრული ქუდები ან შიშაკის ტიპის მუზარადი. ფეხზე წითელი ან ყვითელი ტყავის ჩექმები ეცვათ. ჰუსარებს განსაკუთრებული ფორმის ფარები ჰქონდათ, რომლებიც “დელის” მხედრების ფარებს ჰგავდა და შეიარაღებული იყვნენ გრძელი კავალერიული შუბებით, რომლებსაც “დრევო”-ს უწოდებდნენ. ეს მსუბუქი ცხენოსნები იყენებდნენ დაშნებსაც. იყვნენ ჰუსარები, რომელთა ეკიპირებაში მშვილდიც შედიოდა.
პირველი ფრთოსანი ჰუსარები იყვნენ სერბები. 1500 წელს რამდენიმე წარჩინებული სერბი, თავისი ჯარით პოლონეთის მეფის სამსახურში ჩადგა. შემდეგ ამ ქვედანაყოფმა ზრდა დაიწყო და მათ რიგებში ეწერებოდნენ უნგრელები, პოლონელები და ლიტველები. 1501 წლის დეკემბერში, პირველად დაიწყო ჰუსარების რეგულარულ რაზმებად ჩამოყალიბება.
ჰუსარებმა მონაწილეობა მიიღეს: ორშის ბრძოლაში 1514 წელს - პოლონელები და ლიტველები მოსკოვის დიდ სამთავროს დაუპირისპირდნენ, სადაც ამ უკანასკნელმა ტაქტიკური მარცხი განიცადა და უკან დაიხია. 1531 წელს კი, ჰუსარებმა კიდევ ერთი დიდი გამარჯვება მოუტანეს პოლონელებს. მათ ქალაქ ობერტინთან მოლდოვეთის სამთავროს მოურავი პეტრე რაშერი დაამარცხეს. კიდევ ბევრი გამარჯვება მოიპოვეს მოსკოვთან ომში (1577-1582).
ცეცხლსასროლი იარაღის ფართოდ გავრცელების შემდეგ, მძიმე კავალერია ნელ-ნელა ქრებოდა აღმოსავლეთ ევროპული ჯარებიდან. ჯარის რეფორმაციის წინააღმდეგები იყვნენ ჰუსარები, რომლებიც უკვე ნაკლებად ეფექტურები გახდნენ ბრძოლებში და მათ დანიშნულება პრაქტიკულად აღარ ჰქონდათ.
1610 წელს, კლუშინთან ბრძოლაში პოლონეთის 6800-იანმა არმიამ, რომელშიც 5500 ჰუსარიც შედიოდა, დაამარცხა 35 000-იანი რუსული ჯარი.
ჰუსარებმა ითამაშეს მთავარი როლი ტრჟიციანის(1629) ბრძოლაში, სადაც მათ განთქმული სარდალი, შვედეთის მეფე გუსტავ II ადოლფი გაანადგურეს. ასევე წარმატებით იმოქმედეს 1660(ე.წ. “ბედნიერი წელი”) წელს, მოსკოველებისა და თურქების წინააღმდეგ. ჰუსარებმა თათრები 1675 წელს, ლვოვთან ბრძოლაში დაამარცხეს.
ცნობილმა პოლონელმა მეფემ და შესანიშნავმა მხედართმთავარმა იან სობესკიმ ოსმალური საფრთხის წინააღმდეგ მთელი თავისი ჰუსარული პოლკების რეორგანიზაცია ჩაატარა და ისინი მსუბუქ ცხენოსნებად აქცია. სეიმის წინაშე მან ჰუსარებს ასე უწოდა: “სამხედრო, ჯარისკაცური ძალის ჩონჩხი...მისი დამცველი და მშვენება...ასეთს ვერცერთ სხვა ქვეყანაში ვერ ნახავთ”. 1683 წელს პოლონელმა ჰუსარებმა ვენას გაუწიეს დახმარება, რომელიც ოსმალებისგან იყო გარშემორტყმული და დაიმსახურეს სახელი “ყველაზე მამაცი მეომრებისა, რომლებიც კი ოდესმე არსებულან”. ეს ჰუსართა უკანასკნელი დიდი გამარჯვება იყო მეფე იან სობესკის მეთაურობით. ოსმალთაგან დასავლეთ ევროპის დაპყრობის საფრთხე მოიხსნა.
პოლონური ეკონომიკა დაეცა და ქვეყანა გაღარიბდა. ჯარისკაცებს ჯამაგირი ათ წელზე მეტი ხანი არ ჰქონდათ მიღებული. დასუსტდა მოკავშირე ლიტვაც და მალე რეჩპოსპოლიტა პოლსკა მეზობელმა, გამძლავრებულმა სახელმწიფოებმა გაიყვეს. ჰუსარებიც ნელ-ნელა გაქრნენ ომის სცენიდან. ამაზე არამარტო ზემოთჩამოთვლილმა მიზეზებმა, არამედ ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის განვითარებამაც იმოქმედა. 1775 წელს სეიმმა საბოლოოდ გააუქმა ფრთოსან ჰუსართა პოლკები და ისინი იმ დროისთვის უფრო ეფექტური კავალერიით – ულანებით ჩაანაცვლა.
პოლონური ეკონომიკა დაეცა და ქვეყანა გაღარიბდა. ჯარისკაცებს ჯამაგირი ათ წელზე მეტი ხანი არ ჰქონდათ მიღებული. დასუსტდა მოკავშირე ლიტვაც და მალე რეჩპოსპოლიტა პოლსკა მეზობელმა, გამძლავრებულმა სახელმწიფოებმა გაიყვეს. ჰუსარებიც ნელ-ნელა გაქრნენ ომის სცენიდან. ამაზე არამარტო ზემოთჩამოთვლილმა მიზეზებმა, არამედ ცეცხლსასროლი იარაღისა და არტილერიის განვითარებამაც იმოქმედა. 1775 წელს სეიმმა საბოლოოდ გააუქმა ფრთოსან ჰუსართა პოლკები და ისინი იმ დროისთვის უფრო ეფექტური კავალერიით – ულანებით ჩაანაცვლა.
ლევან ტავლალაშვილი და ნიკა ხოფერია