კოლხი, ნაწილი III


მოხუცი სავლაკი კოლხი პოეტის სიმღერას ღიღინებდა და ფარტაზთან ერთად რამდენიმე მსხვილ, გამოთლილ სარს მიათრევდა. თოვა შეწყვეტილიყო და ხელს არ უშლიდათ საქმის გაკეთებაში. ნელ-ნელა მიუახლოვდნენ მთის ფერდობის მარცხენა ზეგანს. აქაურობა ზღაპრულად მშვენიერი იყო. წარმოუდგენელი გახლდათ ამ სილამაზისთვის თვალი მცირედად მაინც არ შეგევლოთ – მკაცრად და ამაყად აღმართული ვეება, ღრუბლებში გახვეული მთის ქათქათა, თოვლით დაფარული მწვერვალები, რომელთა კალთებიც ნაირფერად ბზინავდა დილის მზის ქვეშ... ხანდახან არწივი გადაიფრენდა და მახვილ თვალს მოავლებდა არემარეს. 
საოცარი სიწყნარე იყო და სიმშვიდე სუფევდა, თითქოს მთელი კილომეტრების მანძილზე არაფერი ხდებოდა. კოლხები საქმეს შეუდგნენ და ბერკეტები უზარმაზარ ლოდს ამოუყენეს, შემდეგ კი არემარე დაზვერეს და მცირე ხნით ხის მორზე ჩამოსხდნენ დასასვენებლად. ძლიერად აღარ ყინავდა და არც თოვა აწუხებდა მეომრებს. ფარტაზმა სავლაკს ძველი კოლხური თქმულებების მოყოლა სთხოვა და მანაც სიამოვნებით გაიხსენა რამდენიმე სიმღერა, რომელსაც მეფის კარზე მღეროდნენ. ერთ-ერთი მედეას შესახებ იყო, მეფის ქალიშვილზე, რომელიც ეროსის ოინებმა დაღუპა და იოლკოსელი იაზონი შეაყვარა. 
იხსენებდა ოქროს ცხვრის ტყავის ამბავს, შემდეგ მეფე აიეტის დროის ოქროს ხანაზე შექმნილი ლექსები წაიღიღინა. ფარტაზი გაოცებული იყო ამ გამობრძმედილი ადამიანის გონებითა და ფიზიკური ძალით, გამჭრიახობითა და სიმამაცით. სურდა თვითონაც ასეთი გამხდარიყო, უშიშარი და მტკიცე, როგორც კლდე. ორიოდე ნაჭერი გამომშრალი ხორცი შეჭამეს და წყალი დააყოლეს. შებინდებამდე დრო კიდევ რჩებოდა. წამოდგნენ და გიმირთა ბანაკის დასაზვერად გადაწყვიტეს ჩასვლა. მთის ფერდობებზე სიარული რთული გამოდგა, ხშირად უწევდათ გაჩერება, ერთმანეთის დაცდა, ნელ-ნელა მიაღწიეს იმ ადგილამდე, სადაც სავლაკმა წინა ღამით კიმერიელთა ბანაკი ნახა. ერთ ფერდობზეც ჩავიდნენ და გიმირებიც გამოჩნდნენ. ორივენი ჩაიმუხლნენ და მტრის თვალს დაემალნენ. უზარმაზარი ბანაკი სავსე იყო მეომრებით. აქ იყვნენ არამარტო კიმერიელები, არამედ სკვითი მხედრებიც. ისინი გამოირჩეოდნენ ტანმორჩილობით, თუმცა ჩაფსკვნილები და გიმირებზე უკეთ შეიარაღებულები იყვნენ. ცხენები ბევრი არ ჰყავდათ, რადგან მთაზე მათი გადაყვანა არცთუ ისე ადვილი იყო. ადგილ-ადგილ კოცონები ენთო და მებრძოლები საჭმელს იმზადებდნენ. ზოგიერთი ამ სიცივეშიც კი ტანზემოთ შიშველი იყო. უშველებელი ცულები და შუბები გროვა-გროვად ეყარა. ფარები ყველას არ ჰქონდა და მხოლოდ ზოგიერთ კარავთან იყო მიყუდებული მრგვალი, ხისა და ტყავისგან დამზადებული ფარი. 

მოხუცი კოლხი წელში გაიშალა და პირდაპირ გადააბიჯა მოწინააღმდეგისკენ, ფარტაზს კი უკან დაბრუნება უბრძანა. ახალგაზრდა მეომარმა ფრთხილად დაიხია უკან, თუმცა დათქმულ ადგილამდე მიღწევას საკმაოდ დიდხანს მოუნდა, რადგან მაღლობზე სიარული რთული იყო. სავლაკის დანახვაზე გიმირები შეიარაღდნენ და მიუახლოვდნენ. ერთ-ერთი სკვითი გამოეყო მათ და კიმერიულ ენაზე ჰკითხა – ვინ ხარ, სადაური ხარ? სავლაკმა იმავე ენაზე უპასუხა – კიმერიელი ვარ, კონაქი მქვია, თქვენი მეფის ქვეშევრდომი ვარ და ახლოს ვცხოვრობ, თქვენს ბელადთან მიმიყვანეთ. სკვითმა ეჭვით სავსე თვალებით შეხედა სავლაკს, მაგრამ მორჭმულ მეომარს ისეთი ამაყი და მრისხანე იერი ჰქონდა და ისე დამაჯერებლად საუბრობდა, რომ თითქმის დაარწმუნა თავის სიმართლეში. სკვითმა მხოლოდ იარაღი ჩამოართვა და გიმირებს უბრძანა მეთაურთან წაეყვანათ. მეომრებმა კიდევ ერთხელ გაჩხრიკეს, პატარა დანაც მოხსენს და შემდეგ შიგნით შეუშვეს. სავლაკმა მტკიცე ნაბიჯით შეაბიჯა საამო სურნელით გაჟღენთილ, ჩაბნელებულ კარავში, მერე მოელვარე ოქროს სამკაულებმა მიიზიდა მისი მზერა. სამკაულები დათვის ტყავებზე წამომჯდარ, ნახევრად შიშველ, მშვენიერ ქალს ეკუთვნოდა, სკვითური მაღალი ქუდითა და წითელი, მიკენური მოსასხამით. უზარმაზარი ოქროს საყურეები ეკეთა, ხოლო მკლავებზე ოქროსვე რგოლები აესხა. 
სავლაკი გაშეშებული იდგა და ამ მიწიერ მშვენებას და თან თავის სისხლისმსმელ გველს შესცქეროდა, რომლის სახელი აქამდეც სმენოდა და ყოველთვის სასტიკ და ცივსისხლიან ადამიანად ახასიათებდნენ. იცოდა, რომ აქ ქალებს ხშირად კაცზე მეტი უფლება ჰქონდათ, ძალაუფლება ბელადის უფროს შვილზე გადადიოდა, ქალი იქნებოდა ეს თუ კაცი, ამიტომ არ გაკვირვებია, როცა მშვენიერი ქალწულის მოქნილ სხეულს ჰკიდა თვალი. ქალმა შავი, ჭკვიანი თვალები მიანათა კოლხს და წამოიწია...


ნიკა ხოფერია