კოლხი, ნაწილი IV


დაღამდა, კიმერიელთა ბანაკში ჩირაღდნები აანთეს. წაწვეტებულ ყურებიანი, ცალთვალა და კეხიანი ცხვირით სახედამშვენებული, ყვრიმალებამოყრილი, დაბალშუბლიანი და თეთრთმიანი, ასაკოვანი კიმერიელი ბუკს ახმიანებდა. მეომრები წამოიშალნენ, ყველანი ქვეითად იყვნენ, თითქმის ორი ათასამდე იქნებოდნენ. არეული ნაბიჯით მიიწევდნენ მთის კალთებზე და ჩირაღდნებით ინათებდნენ გზას. ჯმუხი, ჩაფსკვნილი და ღონიერი კიმერიელები ამ ყინვასთან შედარებით ხალვათად იყვნენ ჩაცმულები. ზოგიერთს ტანზე საერთოდ გაეხადა; ბანჯგვლიან მკერდზე ნადირის ბეწვი მოესხა ან უმკლავებო ბეწვიანი სამოსი შემოეცვა.


ყველას შუბი ეჭირა; ზურგზე კაპარჭი და მშვილდი მოეგდოთ. წინა რიგებში ჯადოსნები და ქურუმები მოუძღვოდნენ გიმირებს. მათ რქებითა და ეშვებით დამშვენებული ქუდები ეხურათ, სახე შეეღებათ და ხელში მოკლე, ფერადად მორთული ორთითები ეკავათ. ისინი შელოცვებს უვლენდნენ არმემარეს და თავიანთ ჩირაღდნებში რაღაც ნივთიერებას ყრიდნენ, რაც კვამლდებოდა და უცნაური სუნი ეფინებოდა არემარეს. კიმერიელ მამაკაცებს შორის, ქალებიც ერივნენ. ისინიც შეიარაღებულები იყვნენ; მსხვილ, დაკუნთულ მკლავებზე სამკაულები აეცვათ, შეუპოვარი გამომეტყველება ჰქონდათ. თმა ყველას გრძელი ჰქონდა და მხრებზე ეფინა, თუმცა შიგადაშიგ ნაწნავებიც გამორეოდათ. უმეტესობა დაბალი იყო, თუმცა მოქნილი ტანი და ლამაზი პირ-სახე ჰქონდათ. თვალებში შიში არ ედგათ, პირიქით, კაცებზე არანაკლები სიველურითა და მრისხანებით ანთებოდათ. ხალხის ამ მასას წინ მოხუცი კაცი მიუძღოდა. იარაღი საერთოდ არ ჰქონდა. სახეს ჩირაღდნის ალი უნათებდა. ეს კოლხი სავლაკი იყო. ფართო შუბლი შეეჭმუხნა და ჩაფიქრებული იაბიჯებდა.

კიმერიელთა მშვენიერ დედოფალთან შეხვედრის შემდეგ თავს ცუდად გრძნობდა, მუცელში უსიამოვნო გრძნობამ დაუარა, თავი სტკიოდა და მუხლები ეკვეთებოდა – რაღაც იჯადოქრა მაგ ქვესკნელის მსახურმა – ჩაიბუტბუტა სავლაკმა და წვერზე ხელი მოისვა. ჭარმაგი მეომარი ამჩნევდა, რომ სული უგუბდებოდა, თავბრუ ეხვეოდა, მაგრამ მთელი ძალები მოიკრიბა. სკვითმა და კიმერიელმა მეთაურებმა ჯარის მეგზურობა ანდეს კოლხეთის მთების გადასალახად. ვერ დაეჭვდნენ, რადგან მათ წინააღმდეგ ადრე ხშირად ებრძოლა, ტყვედაც იყო და ენა კარგად იცოდა, გარეგნულად კი განსაკუთრებული სხვაობა არაფერი იყო. გზა განაგრძეს. თოვა დაიწყო. მეომრები დაიღალნენ, მაგრამ მეთაურები აჩქარებდნენ და თვითონვე აძლევდნენ მაგალითს. რამდენ ხანში გადავლახავთ ამ წყეულ უღელტეხილს – ხშირ-ხშირად ეკითხებოდა მხარბეჭიანი და მაღალი გიმირთა ტომის ერთ-ერთი სარდალი მაჰაისი. სავლაკი კი უხსნიდა, რომ ეს მათ სისწრაფესა და თოვლის სიმაღლეზე იყო დამოკიდებული. მცირე ხანში დიდ, თითქოს მორკალულ ადგილას შევიდნენ და მაღლობი დაინახეს, რომლის ზემოთაც მთის წვერები მოჩანდა, ხოლო ყველა მხრიდან დაქანებული ზეგანი გადმოჰყურებდა მათ ჯარებს. სავლაკმა  თავისთან მოიხმო მეთაურები
- ახლა მე მაღლა უნდა ავიდე და ვნახო შევძლებთ თუ არა ბოლომდე მისვლას, რადგან დიდთოვლობისას აქ აცოცება არცთუ ადვილია. მე ხშირად ვყოფილვარ ამ მიდამოებში და კარგად მაქვს შესწავლილი – მტკიცედ თქვა სავლაკმა
- შენ ჩვენი ტომის არ ხარ, მარტო ვერ გაგიშვებთ, ასეთი ნდობა არ მოგიპოვებია – ჩაილაპარაკა დაბალმა და ჯმუხმა სკვითმა და სხვებს გადახედა.
- სხვანაირად ჩვენი ჯარი აქ გაიყინება, შეიძლება ვერც ავიდეთ, საჭიროა ამის ნახვა – არ დაეთანხმა მეორე, თუმცა კარგი, ორი მეომარი გააყოლე, თუ გაპარვას გაბედავს, ადგილზე მოკლან.
სავლაკს საქმის ასე შემოტრიალება არ ესიამოვნა, მაგრამ მძიმედ დაუქნია თავი და გზას შეუდგა. მაშინვე ორი ღონიერი კიმერიელი აედევნა; მშვილდ-ისრებითა და ცულებით იყვნენ შეიარაღებულები. სავლაკი მათთვის გასწრებას ცდილობდა, მაგრამ არც ისინი ეპუებოდნენ და ჯიხვებივით მარდად მისდევდნენ. როდესაც თვალს მიეფარნენ მეთაურმა წითურთმიან, ნახევარდ შიშველ ქალს უხმო, რომელსაც ტანზე მხოლოდ მგლის ტყავი ეხვია და მისი ჩრდილი სახეზე სცემდა. ბრძანება მისცა და ისიც წასულებს დაადევნა. 
სავლაკმა თითქმის დაასრულა ასვლა. ცოტაღა დარჩა, უცებ მკვეთრად მოტრიალდა და ერთ-ერთ კიმერიელს შუბი გამოგლიჯა ხელიდან და პირდაპირ ყელში გაუყარა, მეორე, რომელიც ჩამორჩენილი იყო განრისხებული ღრიალით გამოიქცა თანამოძმის დასახმარებლად, მაგრამ სავლაკმა შორიდანვე სტყორცნა შუბი და სული გააფრთხობინა. იგი ქვემოთ დაგორდა და მთელი გზა სისხლით მორწყო. ამოისუნთქა, თითქოს ლოდი მოხსნეს გულიდანო.

დაცვარული შუბლი მოიწმინდა და ბოლომდე ავიდა ზეგანზე. შედგა და სული მოითქვა. ცოტაღა აკლდა, რომ ფარტაზის სადარაჯომდე მიეღწია და უცებ უკნიდან ისარი დაეწია, წელში მოხვდა, მოხუცს ფეხი დაუცდა და თოვლზე დასრიალდა, ის იყო დაბლა უნდა ჩაგორებულიყო, რომ შვერილს გამოედო და ზედ დაეკიდა. ტკივილისგან კბილებს აღრჭიალებდა და ასვლას ცდილობდა, მაგრამ ვერაფერს გახდა. ამ დროს შავი ფიგურა გამოჩნდა, რომელიც სწრაფად უახლოვდებოდა. მალე მთვარის შუქზე ფარტაზი გამოჩნდა, მან შეჰყვირა და სავლაკის დასახმარებლად მოირბინა. მოხუცს უკვე ძალა გამოლეოდა მკლავში და სადაცაა ჩავარდებოდა. ფარტაზმა ამოწია და თოვლზე დააწვინა, სავლაკმა ხელით მოიცილა – მალე...გაიქეცი და საქმე ბოლომდე მიიყვანე,  – ამოიკვნესა და პირიდან სისხლი ამოაღებინა მოხუცმა. ფარტაზი სხვა დროს არ მიეტოვებდა, მაგრამ გულმა უგრძნო – ახლა ეს აუცილებლად უნდა გაეკეთებინა, რათა კოლხეთი დაეცვათ, ხალხი გადაერჩინათ, გიმირები ამოეწყვიტათ. იგი კვლავ ბნელში გაუჩინარდა. თოვამ უმატა, ქარი ამოქროლდა.

სავლაკმა იგრძნო რომ ვიღაცის ფიგურამ მსუბუქად ჩაუარა ახლო-მახლო და ფარტაზს მიჰყვა. უნდოდა დაეყვირა, მაგრამ ძალა არ ჰყოფნიდა, ვერც წამოიწია. ისევ დაეცა და თოვლში ჩაეფლო. დაძაბულობისგან ყურებში სისხლი უშხუილებდა და გული უთრთოდა. ფარტაზმა ბერკეტი შეუყენა ლოდს და მთელი ტანით დააწვა, მაგრამ არაფერი გამოუვიდა, ვერ დაძრა ადგილიდან, სავლაკიც სჭირდებოდა. თოვა ხელს უშლიდა, ნორმალურად ვერ ხედავდა, თუმცა ფეხის ხმამ მის ყურამდეც მოაღწია. მაინც არ შეეშვა ლოდს, კიდევ ერთხელ დააწვა ხის მორს და აი დაძრა კიდეც ადგილიდან, ლოდი ხმაურით დაეშვა ფერდობზე და ზედ კიდესთან შედგა. ზვავი არ დაიწყო. ცრემლი მოსდგომოდა თვალში კოლხს, სიბრაზისგან ალმური ასდიოდა. გეგმა არ გამოვიდა, კიმერიელებმა ამოსვლა დაიწყეს, მათი ღრიანცელი უკვე აღწევდა ფარტაზის ყურამდე, მათ ჩირაღდნებს უკვე ხედავდა მისი თვალები. უცებ მის ფეხთან ისარი დაერჭო, სულ მცირე მანძილით აცდა. ფარტაზი მოტრიალდა და პირდაპირ შეეჩეხა მოწინააღმდეგეს. ეს კიმერიელი ქალი იყო.

მგლის ტყავი მოეხადა და ქარი უწეწავდა გრძელ, წითურ თმას. რუხი თვალებით პირდაპირ კოლხს შეჰყურებდა, შუბი მთელი ძალით მოუქნია, ფარტაზმა აიცილა და ქამრიდან ხანჯალი ამოიღო. მებრძოლი ქალი კატასავით მოქნილი იყო, მაგრამ განრისხებულ კოლხს ვერაფრით დაუსხლტებოდა. ფარტაზი მიეჭრა და სანამ კიმერიელი შუბით მოიგერიებდა, ეცა და მაგრად შებოჭა, ქალი რამდენიმე წამი უძალიანდებოდა, მაგრამ შემდეგ მისი მკლავები მოდუნდა და მოეშვა. ფარტაზმა ვერ გაბედა მისი მოკვლა, რადგან ქალწულებს ღმერთები იცავდნენ და მათი მრისხანების შიში ჰქონდა, ამიტომ ხელები მაგრად გაუბაწრა და თან წაათრია. ლამაზი ტყვე ბედს დამორჩილდა, თავი ჩაქინდრა და უკან მიყვა. ფარტაზმა სავლაკს მიაშურა მისაშველებლად, მაგრამ მოხუცი იქ აღარ დახვდა, იგი ზემოთ მიცოცავდა და ტკივილისგან კვნესოდა. ბოლოს იგი წამოდგა და რაც ძალი და ღონე ჰქონდა შეჰყვირა – ღმერთებო, მრავალი ასწლეულია თავდადებით გემსახურებით, კოლხი ხალხი სისხლს ღვრის, ბრძოლობს და მტკიცედ ინახავს თქვენ რწმენას, ახლა თქვენი დროა, თქვენ უნდა დაგვეხმაროთ! – ხმა ჩაუწყდა, ჩაახველა, სისხლი გადმოაფურთხა, ისევ წამოიმართა და დაიღრიალა – დაე, გიმირთა ძვლები მუდამ აქ იყოს დამარხული, გოროზო მთებო, განთავისუფლდით მძიმე სამოსისგან! – მისი მძლავრი ხმა ექოდ გავრცელდა მთელ უღელტეხილზე, კიმერიელებმაც კი გაარჩიეს სიტყვები; ფარტაზი მოულოდნელად შედგა, ტყვეს ხელი უშვა, მაგრამ ის არ გაქცეულა, დაღლილი მიესვენა თოვლზე; თითქოს მთები პასუხს უბრუნებენო, გრგვინვა გაისმა ყველა მხრიდან, თოვლის მასა გრუხუნით ჩამოიშალა და ფერდობზე დაეშვა. ეს უზარმაზარი, მძლავრი ტალღა უფრო და უფრო იზრდებოდა. თოვლი ზედა ზეგანზე მთელი სისწრაფით დაეშვა და პირდაპირ ქვემოთ, კიმერიელთა ჯარისკენ დაეშვა თოვლის ეს უზარმაზარი მასა. ფარტაზმა სავლაკი წამოაყენა, თოვლმა მათ თავზე აღმართულ შვერილზე გადაიარა, მაგრამ მათ არაფერი მოსვლიათ, ზვავი კი არ ჩერდებოდა და მდინარესავით მიედინებოდა. უღელტეხილის ქვემოდან სასოწარკვეთილი ხმები, წივილ-კივილი და ღრიალი გაისმოდა, ათასობით ადამიანი თანდათანობით ჩაიმარხა თოვლის მასაში.

სავლაკი კვლავ დაეცა და სისხლი აღებინა, კვდებოდა მოხუცი მეომარი, რომლის ხმამ მთებიც კი შეძრა, გიმირთა დამმარხველი და დამასამარებელი. მან ხელი ჩასჭიდა ფარტაზს და ჩასჩურჩულა – გადამაგდე... თოვლში გადამაგდე, ზვავს გამაყოლე, მინდა იქ დავიმარხო... სადაც მოსისხლე მტრები დავმარხე...ჩემი სული დაიცავს ხეობას სიკვდილის შემდეგ...მე მზად ვარ – მტკიცედ დაამატა და თვალებში შეხედა ფარტაზს. ის მიხვდა, რომ წინააღმდეგობა არ უნდა გაეწია დიდი მეომრის თხოვნისთვის, მთის კიდემდე მიიყვანა, სადაც სავლაკმა გაიღიმა, ხელები გაშალა და თეთრ უსასრულობაში გადაეშვა, აუღელვებლად, უშიშრად... ფარტაზი კიდევ დიდხანს გადაჰყურებდა ზვავში დამარხულ მტრის ჯარსა და მამაც სავლაკს, რომელმაც სიცოცხლე გასწირა და ქვეყანა კიმერიელთა გამანადგურებელი შემოსევისგან იხსნა. შემდეგ ფარტაზი დამშვიდდა – ღმერთები მას არ მიატოვებდნენ, მისი სული უკეთეს სამყაროშია – გაიფიქრა მან, გონწასული ტყვე ზურგზე მოიგდო და ქოხისკენ მძიმე ნაბიჯებით დაიძრა – სწრაფად დასრულდა ყველაფერი, ერთმა ადამიანმა მოსრა ამდენი მტერი, არა, მისი სახელი დავიწყებას არ მიეცემა, მე მასზე სიმღერას შევთხზავ, გმირობაზე, რომელმაც გვიხსნა, გმირობაზე, რომლის სადარიც აქამდე არ ყოფილა.

გათენდა, თოვაც შეწყდა, მზის სხივებზე დაიწყეს ბზინვა გოლიათმა მთებმა. ქარიც ჩადგა, სიმშვიდე სუფევდა კოლხეთის მიწაზეც. კიმერიელები სამუდამოდ დარჩნენ კავკასიონის მთების ძირას, მას შემდეგ ისინი ამ მხარეებში აღარ გამოჩენილან. სავლაკის გმირობით დასრულდა მათი მრისხანე ლაშქრობა. დარჩენილმა ნაწილმა, დედოფლის წინამძღოლობით ჩრდილოეთისკენ დაიწყო მოძრაობა, მაგრამ კიმერიელთა ჯარი აღარსოდეს ყოფილა ისეთი მძლავრი, როგორც მაშინ, მათთვის საბედისწერო დღეს. ფარტაზი კიდევ რამდენიმე თვე ცხვრობდა მთებში კიმერიელ ქალთან ერთად, სანამ სხვები არ შეცვლიდნენ, შემდეგ კი საკუთარ მიწას დაუბრუნდა. ბოლოს კი, მან მართლაც შეთხზა სიმღერა სავლაკ მტრის დამმარხველზე და ქნარზე ააჟღერა მისი სტრიქონები... 


ნიკა ხოფერია