იაპონია - კამაკურასა და მურომატის პერიოდები

კამაკურა(鎌倉) – იაპონიის ისტორიული პერიოდი 1185-დან 1333 წლამდე. სახელი მომდინარეობს ქალაქ კამაკურასგან(鎌倉市), რომელიც თავიდან პატარა სოფელი, შემდეგ კი იაპონიის პირველი შოგუნატის(სიოგუნატი) ცენტრი გახდა.
მინამოტოს(源), ფუძივარასა(藤原氏) და ტაირას(平) კლანებს შOOორის ბრძოლის შემდეგ, ეს უკანასკნელი გამოვიდა გამარჯვებული და ფუძივარას გვარს ჩამოართვა ძალაუფლება, მინამოტოს კლანი კი სასტიკ დევნას განიცდიდა.

მინამოტო იორიტომომ(源 頼朝) 1180 წელს ჯარები შეკრიბა და ომი განაახლა, რაც გამარჯვებით დააგვირგვინა 1185 წელს. მან აიძულა იმპერატორს ეცნო მისი ძალაუფლება და თავისი სამყოფელი კამაკურასთან ახლოს დააფუძნა. 1192 წელს მინამოტომ სახელმწიფო რეფორმები გაატარა, გაუსწორდა მტრებსა და ყოფილ მოკავშირეებს და მიიღო სეი ტაიშოგუნის(ტაისიოგუნის, 将軍, უმაღლესი მთავარსარდლის) ტიტული.

შუა საუკუნეების სამურაი

იგი 1199 წელს გარდაიცვალა, ძალაუფლება კი თავის უფროს ძეს მინამოტო იორიეს(源頼家) გადასცა, რომელიც მალე ინტრიგების მსხვერპლი გახდა. საკმაოდ დიდი ხნის განმავლობაში ქვეყანას რეგენტები მართავდნენ სამურაის გვარ ხოძიოდან(北条氏), ხოლო 1219 წელს მინამოტოს მამრობითი შტო განადგურდა.

მინამოტო იორიტომო

შოგუნად გამოცხადდა ორი წლის ბავშვი ფუძივარას კლანიდან. 1333 წელს, ხანგრძლივი და სისხლისმღვრელი ომებისა და შეხლა-შემოხლის შემდეგ კამაკურას შოგუნატი დაეცა და მურომატი შოგუნატს დაუთმო ადგილი.

მინამოტოს გერბი

კამაკურას პერიოდი ხშირი სამოქალაქო ომებისა და სხვადასხვა წარჩინებული გვარის მიერ სამურაები ხარჯზე დომინირების მოპოვების პერიოდად იქცა. შოგუნატის ოფიციალური რელიგიად ძენი(禅) იქცა. ძენის მონასტრებში, რომლებიც გაერთიანებულები იყვნენ გოძანის(五山制度) სისტემაში, ჩამოყალიბდა ჩინურ საფუძველზე აგებული მაღალი კულტურა გოძან ბუნა. მან დასაბამი მისცა გოძან ბუნგაკუს(五山文學) ლიტერატურას.

ფუძივარების გერბი

ამავე პერიოდში მოხდა მონღოლების შემოსევა იაპონიაში, თუმცა ძლიერი ქარიშხლებისა(იგივე კამიკაძე, 神風) და შტორმის შედეგად მათ ვერ მოახერხეს ახალ მიწებზე ფეხის მოკიდება. ამ ბრძოლების ხანაში ააფრიალა პირველად იაპონიამ ის დროშა, რომელიც ახლაც ოფიციალურ სიმბოლოდ ითვლება.

მურომატის შოგუნატი(室町幕府) წარმოადგენდა სამურაების მმართველობას ასიკაგას(足利氏) გვარის შოგუნებით სათავეში 1138-1573 წლებში. ამავე გვარის სახელწოდებს მიხედვით ამ ხანას მეორენაირად ასიკაგას შოგუნატს უწოდებენ.
შოგუნ ასიკაგების მმართველობას მურომატი ეწოდა მურომატის რეგიონის სახელის მიხედვით, რომელშიც ქალაქი კიოტო(京都), ქვეყნის მთავარი რეზიდენცია მდებარეობდა. ამ შოგუნატის დამაარსებლად ითვლება ასიკაგა ტაკაუძი(足利尊氏), რომელიც დაეხმარა იმპერატორს კამაკურას სამურაების მმართველობა მოესპო.

ახალი შოგუნები იმპერატორის კარზე დიდ ძალაუფლებას ფლობდნენ და მალე გააქრეს დუალიზმი მმართველობის სისტემაში, როდესაც შოგუნი ტეენოსა და კუგესთან(公家, საიმპერატორო კარის არისტოკრატია) ინაწილებდა უფლებებს. ყველაძე მძლავრ შოგუნად ითვლება ასიკაგა იოშიმიცუ(足利 義満).

ასიკაგა იოშიმიცუ

ტერიტორიებს აკონტროლებდნენ დანიშნული მოხელეები – სიუგოები(守護, სამხედრო გუბერნატორები) და ადგილობრივი დიდებულები, რომლებიც ნელ-ნელა დამოუკიდებელ სამხედრო მმართველებად, დაიმეებად(大名) გადაიქცნენ. ამან გამოიწვია მათ შორის სისხლიმღვრელი ომები. ამ პერიოდს – სენგოკუ(戦国時代) მებრძოლი პროვინციების ხანა ეწოდა.

ასიკაგა ტაკაუძი

1573 წელს ერთ-ერთმა დაიმემ ოდა ნობუნაგამ(織田 信長) განდევნა უკანასკნელი, მე-15 შოგუნი ასიკაგა იოშიაკი დედაქალაქიდან, რითაც დაამხო ასიკაგას შოგუნატი. 1588 წელს იოსიაკიმ ოფიციალურად თქვა უარი შოგუნის ტიტულზე.
ასიკაგას პერიოდის შოგუნები იყვნენ:
• ასიკაგა ტაკაუძი(足利尊氏) – 1338-1358
• ასიკაგა იოშიაკირა(足利義詮) – 1358-1367
• ასიკაგა იოშიმიცუ(足利義満) – 1368-1394
• ასიკაგა იოშიმოტი(足利義持) – 1394-1423
• ასიკაგა იოშიკაძუ(足利義量) – 1423-1425
• ასიკაგა იოშინორი(足利義教) – 1429-1441
• ასიკაგა იოშიკაცუ(足利義勝) – 1442-1443
• ასიკაგა იოშიმასა(足利義政) – 1449-1473
• ასიკაგა იოშიხისა(足利義尚) – 1473-1489
• ასიკაგა იოშიკი(足利義材) – 1490-1493
• ასიკაგა იოშიძუმი(足利義澄) – 1494-1508
• ასიკაგა იოშიტანე(足利義稙, მეორედ, იგივე იოშიკი) – 1508-1521
• ასიკაგა იოშიხარუ(足利義晴) – 1521-1546
• ასიკაგა იოშიტერუ(足利義輝) – 1546-1565
• ასიკაგა იოშიხიდე(足利義栄) – 1568
• ასიკაგა იოშიაკი(足利義昭) – 1568-1573


ნიკა ხოფერია