შუა საუკუნეების ჩინეთის დინასტიები, ნაწ I - ლაო და ცზინი


ლაო(遼朝) - კიდანთა(契丹, მონღოლური ჯგუფი) სახელმწიფოს ჩინური სახელწოდება. მდებარეობდა ჩრდილო-აღმოსავლეთ ჩინეთში, მას შემდეგ რაც კიდანურ ტომთა გაერთიანების ბელადმა აბაოცზიმ 907 წელს დაარსა. ლაოს დინასტია დაეცა 1125 წელს ჯურჯენთა აჯანყების შედეგად. დედაქალაქები სხვადასხვა დროს იყო შანცზინი, ლაოიანი, დატუნი და ნანცზინი. 

ლაოს დინასტიის პერიოდის ბუდისტური ქანდაკება

კიდანები ახ.წ. V საუკუნიდან გამოჩნდნენ მანჯურიაში, როგორც ძლიერი ტომები, და მიუხედავად იმისა, რომ მათ დაამარცხეს ტანის იმპერიის ჯარები, ცენტრალიზებული სახელმწიფოს შექმნა მხოლოდ 907 წლისთვის შეძლეს. კიდანთა სახელმწიფოებრიობა ხუთი დინასტიისა და ათი სამეფოს პერიოდში უნიკალურია იმ თვალსაზრისით, რომ მათი ქვეყნის ორი ნაწილს – ჩრდილოეთ, რომელიც კვლავ სტეპის ცხოვრებით ცხოვრობდა და სამხრეთ ტომებს შორის, რომელმაც ტანის იმპერიის კულტურა აითვისეს, მშვიდობიანი თანაარსებობა სუფევდა. ჩინური მიწების მფლობელი კიდანები თავიდან წინააღმდეგობას უწევდნენ თავიანთი ხალხის გაჩინელებას(თუმცა ამას მაინც ვერ გაექცნენ) – იცავდნენ შამანურ წეს-ჩვეულებებს, სტეპის საკვებსა და ტანისამოსს, ცდილობდნენ არ გამოეყენებინათ ჩინური ენა, შეიმუშავეს დამწერლობის საკუთარი სისტემა. 
906 წელს ლაომ შეუტია ბოხაის(渤海) სახელმწიფოს(ტუნგუს-მანჯურების ქვეყანა) და ოცწლიანი ომების შემდეგ, 926 წელს, დაიპყრო. მე-11 საუკუნის დასაწყისში კიდანებმა შიდა ჩინეთის ჩრდილოეთ პროვინციების დაკავება სცადეს და შეებრძოლნენ კაიფინში ახლად დაფუძნებულ სუნის დინასტიას. დაახლ. 1004 წლიდან სუნის იპერატორები იძულებულები გახდნენ მათთვის ხარკი ეხადათ, ასევე მათგან გადაიღეს კიდანებმა კულტურული სიახლეებიც. 1125 წელს ლაოს ხელისუფლების ქვეშ მყოფი ჯურჯენები(女眞, ტუნგუსური ტომი) აჯანყდნენ აგუდას (完颜阿骨打, იგივე ცზინ ტაი-ცზუ, ვანიანის კლანიდან) მეთაურობით და სუნის დინასტიასთან ერთად კიდანები შუა აზიაში განდევნეს, სადაც შეიქმნა დასავლეთ ლაოს სახელმწიფო. დასავლეთ ლაომ შემოინახა ჩინური ტრადიციები და წეს-ჩვეულებები, რომლებიც კიდანებს შესისხლხორცებული ჰქონდათ და გვიანდელ ჩანაწერებშიც კი მათ ჩვეულებრივ, ჩინურ დინასტიად განიხილავდნენ. აჯანყებულმა ჯურჯენებმა ლაოს სახელმწიფოს ტერიტორიაზე ახალი, საკუთარი დინასტიის, ცზინის ქვეყანა შექმნეს.

სუნისა და ცზინის დინასტიები

ლაოს იმპერატორები(VII ს. კიდანი მმართველები დახეს გვარს მიეკუთვნებოდნენ, 874-906 წლებში იოლიანის, დაახლ. 906 წლიდან კი ელიუის):
1. ტაი ცზუ იგივე აბაოცზი(太祖) -906-926
2. ტაი ზცუნ(太宗) – 926-946
3. ში ცზუნ(世宗) – 946-951
4. მუ ცზუნ(穆宗) – 951-968
5. ცზინ-ცზუნ(景宗) – 968-982
6. შენ-ცზუნ(聖宗) – 982-1031
7. სინ-ცზუნ(興宗) – 1031-1055
8. დაო-ცზუნ(道宗) – 1055-1100
9. ტიანცზო-დი(辽 天祚帝) – 1100-1125

ცზინის(金朝) ჯურჯენული დინასტიის დამაარსებლად ცზინ ტაი ცზუ(აგუდა ვანიანის კლანიდან) ითვლება. ტერიტორია თავდაპირველად მდინარე ამურის აუზს ესაზღვრებოდა. ჯურჯენული დინასტია 1115 წელს გამოჩნდა .1124 წელს სუნთან სტრატეგიული კავშირი შეკრა ლაოს წინააღმდეგ და კიდანთა დასუსტებული იმპერია 1125 წელს დაიპყრო აქტიური შეტევებით, რომელშიც ჩინელებს პრაქტიკულად მონაწილეობა არ მიუღიათ. 1127 წელს ჯურჯენებმა კაიფინი აიღეს და ჩრდილოეთ ჩინეთი თავის სამფლობელოებს საბოლოოდ შეუერთეს. ყოფილი იმპერატორი სუნ-ხუეიცზუნი თავის ვაჟებიანა დაატყვევეს, ხოლო ამ ტერიტორიაზე ჩუს(楚)მარიონეტული ქვეყანა შექმნეს, თუმცა მალე ჩუმ მმართველობა სუნის დინასტიას გადასცა და ჯურჯენებს ახალი ვასალური სახელმწიფოს – ცის(大齐)შექმნა მოუხდათ, რომელთან ერთადაც გარკვეული დროის განმავლობაში ებრძოდნენ სუნის იმპერიას.

მონღოლი მხედრები

სუნის მხედართმთავრმა იუე ფეიმ(岳飛) ჯურჯენებთან ბრძოლა თავის სიკვდილამდე და შაოსინის ხელშეკრულების დადებამდე(1141 წ.) განაგრძო. ამ ხელშეკრულების მიხედვით კი ცზინმა მდინარე ხუანხესგან ჩრდილოეთით მდებარე მიწები მიიღო. 1151 წელს ჯურჯენებმა დედაქალაქი ხუეინინფუში(會寧府) გადაიტანეს. 1191 წელს ოფიციალურად მოიხსნა აკრძალვა ჯურჯენებსა და ჩინელებს შორის ქორწინებაზე, რამაც დააჩქარა ცზინის დინასტიის გაჩინელება.
XIII საუკუნეში ცზინის იმპერიას ჩრდილოეთ მეზობლებისგან, მონღოლებისგან საფრთხე დაემუქრა. 1211 წელს 50 000-იანი მონღოლური არმია მათ მიწებზე შეიჭრა და გამარჯვებათა სერიის შემდეგ, 1213 წელს ალყა შემოარტყა დედაქალაქს. იმპერატორმა სიუანცზუნმა დამამცირებელი ხელშეკრულება დადო, რითაც იხსნა ჩჟუნდუ აოხრებისგან, მაგრამ სამეფო კარი სამხრეთ დედაქალაქში – კაიფინში გადავიდა. 1233 წელს უგედეი ყაენმა სუნის დინასტიასთან ერთად მოქმედებისას კაიფინიც აიღო. 1234 წელს აიცზუნმა(哀宗), ცზინის უკანასკნელმა იმპერატორმა თავი მოიკლა, რათა ტყვეობას ასცდენოდა.

1590 წლისთვის ჯურჯენთა ლიდერმა ნურხაციმ(努爾哈赤) ჯურჯენული ტომების გააერთიანება დაიწყო და 1616 წელს ახალი დინასტია გამოაცხადა(გვიანდელი ცზინი 1616-1636). 1635 წელს ამ ეთნოსმა მანჯურთა სახელწოდება მიიღო. 1636 წელს კი სახელი შეიცვალა და ცინი ეწოდა.
ცზინის მმართველები:
1. ვანიან-აგუდა(完顏阿骨打) – 1115-1123
2. ვანიან-შენი(完顏晟) – 1129-1134
3. ვანიან-დან(完顏亶) – 1135-1149
4. ვანიან-ლიანი(完顏亮) – 1149-1161
5. ვანიან-იუნი(完顏雍) – 1161-1189
6. ვანიან-ცზინი(完顏璟) – 1190-1208
7. ვანიან-იუნცზი(完顏永濟) – 1209-1213
8. ვანიან-სიუნი(完顏珣) – 1213-1223
9. ვანიან-შოუსიუი(完顏守緒) – 1224-1234
10. ვანიან-ჩენლინ(完顏承麟) – 1234



ნიკა ხოფერია