რომის XV "აპოლონის" ლეგიონი(Legio XV
Apollinaris
- ლეგიო კვინტა დეციმა აპოლინარის) გაიუს ოქტავიანემ შეადგინა ძვ.წ. 40-41 წლებში და მან თითქმის ახ.წ. V საუკუნის დასაწყისამდე იარსება. ლეგიონის ნიშნები ზუსტად არ არის ცნობილი. სავარაუდოდ აპოლონი ან მისი რომელიმე წმინდა ცხოველი.
პირველი XV ლეგიონი თავად იულიუს კეისარმა ჩამოაყალიბა ძვ.წ. 53 წელს და ალეზიის ალყის დროსაც გამოიყენა(ძვ.წ. 52 წ). ამის შემდეგ ეს შენაერთი აკვილეაში იდგა. ძვ.წ. 50 წელს სენატის ბრძანებით ლეგიონი კაპუაში გადაიყვანეს, კეისრის იტალიაში შეჭრის შემდეგ კი აფრიკაში გაგზავნეს, სადაც ძვ.წ. 48 წელს რესპუბლიკის ჯარების სხვა შენაერთებთან ერთად სასტიკად დამარცხდა და განადგურდა კეისრის მომხრეებთან ბრძოლაში. ამ ლეგიონს დამატებითი სახელწოდება არ ჰქონია, ის მან მხოლოდ ოქტავიანეს მიერ მისი ხელახლა ჩამოყალიბებისას მიიღო.
პირველი XV ლეგიონი თავად იულიუს კეისარმა ჩამოაყალიბა ძვ.წ. 53 წელს და ალეზიის ალყის დროსაც გამოიყენა(ძვ.წ. 52 წ). ამის შემდეგ ეს შენაერთი აკვილეაში იდგა. ძვ.წ. 50 წელს სენატის ბრძანებით ლეგიონი კაპუაში გადაიყვანეს, კეისრის იტალიაში შეჭრის შემდეგ კი აფრიკაში გაგზავნეს, სადაც ძვ.წ. 48 წელს რესპუბლიკის ჯარების სხვა შენაერთებთან ერთად სასტიკად დამარცხდა და განადგურდა კეისრის მომხრეებთან ბრძოლაში. ამ ლეგიონს დამატებითი სახელწოდება არ ჰქონია, ის მან მხოლოდ ოქტავიანეს მიერ მისი ხელახლა ჩამოყალიბებისას მიიღო.
ოქტავიანე ავგუსტუსი(რომის იმპერატორი ძვ.წ. 27-ახ.წ. 14 წ)
ოქტავიანეს შექმნილ XV ლეგიონს არაფერი საერთო აღარ გააჩნდა კეისრის XV ლეგიონთან. ზოგიერთი წყაროს მიხედვით ოქტავიანეს ფორმირებულმა ამ სამხედრო შენაერთმა მონაწილეობა მიიღო ძვ.წ. 42 წელს გამართულ ბრძოლაში ფილიპისთან, მარკუს იუნიუს ბრუტუსისა და გაიუს კასიუს ლონგინუსის ჯარის წინააღმდეგ. ნამდვილად იყო ეს XV ლეგიონი თუ არა - უცნობია. სახელწოდება "აპოლინარის" მიუთითებს რომ ლეგიონის მფარველად ითვლებოდა აპოლონი და ეს შენაერთი მისი სახელით იბრძოდა. ასევე ცნობილია, რომ ოქტავიანე ბერძნული პანთეონიდან აპოლონს განსაკუთრებით სცემდა თაყვანს.
აპოლონისა და არტემისის გამოსახულება ბერძნულ ლარნაკზე(ძვ.წ. V ს.)
XV აპოლონის ლეგიონმა მონაწილეობა მიიღო სიცილიის ომში, სექსტუს პომპეუსის დამარცხების შემდეგ კი იტალიაში იმყოფებოდა ძვ.წ. 31 წლამდე, რის შემდეგაც გადაიყვანეს ილირიაში. I საუკუნის ბოლოსკენ მონაწილეობდა კანტაბრიის ომში(ესპანეთში).
ახ.წ. 6 წელს ლეგიონმა ჩაახშო პანონიის აჯანყება, 9 წელს კი, ტევტობურგის ტყის ტრაგედიის შემდეგ, დაბანაკდა კარნუნტუმში მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან ასაცილებლად.
62-63 წლებში აპოლონის ლეგიონი გაგზავნეს სირიაში, რათა დაეცვა პროვინცია და გაემაგრებინა გნეუს დომიციუს კორბულონის პართიული ლაშქრობის ზურგი, რომლის დასრულების შემდეგაც XV ლეგიონი ალექსანდრიაში გადაიყვანეს.
რომაული ქალაქის კარნუნტუმის რეკონსტრუქცია
66 წელს ლეგიონი ვესპასიანეს ვაჟის, ტიტეს მეთაურობით იბრძოდა იუდეის აჯანყების ჩასახშობად და აიღო რამდენიმე ქალაქიც, მათ შორის გამლა და იოთაპატი(ისრაელი. ნაზარეთიდან 10 კმ-ში), რომლის დაცვასაც ხელმძღვანელობდა იოსები, მომავალი რომაელი ისტორიკოსი იოსებ ფლავიუსი. X ლეგიონთან(Legio X Fretensis) ერთად აპოლონის ლეგიონი ფრონტის დასავლეთ მონაკვეთზე მოქმედებდა.
70 წელს ლეგიონმა ტიტეს მეთაურობით მონაწილეობა მიიღო იერუსალიმის აღებაში, რის შემდეგაც დააბრუნეს კარნუნტუმში და შეავსეს ახალი რეკრუტებით კაპადოკიიდან.
88-89 და 101-106 წლებში XV ლეგიონი იბრძოდა დაკების წინააღმდეგ ომში. 115-117 წლებში კი იმპერატორ ტრაიანეს ახლდა პართიულ კამპანიაში.
რომაელი ლეგიონერები ებრძვიან დაკებს(ახ.წ. II ს)
ადრიანემ ლეგიონის დიდი ნაწილი სატალაში ჩააყენა, ნაწილი კი ტრაპეზუსში და ანკირაში.
134 წელს ლეგიონმა მონაწილეობა მიიღო კაპადოკიის პრეფექტის ფლავიუს არიანეს კამპანიაში იმპერიის საზღვრებზე გამოჩენილი ალანების წინააღმდეგ. კამპანიას პრევენციული ხასიათი ჰქონდა - მას უნდა მოეგერიებინა ალანთა ცალკეული შემოტევები პროვინციაზე მანამ, სანამ ისინი გაერთიანებული ძალებით დაიწყებდნენ ომს.
თურქეთში აღმოჩენილი რომაული მონეტა, რომელზეც
XV ლეგიონის დამღაა
არიანეს დაწერილ სამხედრო ტრაქტატში
Acies contra Alanos(ბერძ. Εκταχις κατα Αλανων)
- დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ, XV და XII ლეგიონები მოიხსენიება:
"მწყობრის სიღრმე ოთხ მძიმედ შეიარაღებულ მეომარს შეადგენდეს, მათ წინ კი მშვილდოსნები უნდა მოდიოდნენ. მწყობრს ორივე მხრიდან საკუთარი ცხენოსნები უნდა იცავდნენ. მათ შემდეგ Equites singulares(1) და ფალანგის მხედრები, შემდეგ კატაპულტები და Legio XV Appolinaris(2)-ს შტანდარტი. მათ უკან ფალანგის მეთაური ვალენტი, ლეგიონის პრეფექტები და ტრიბუნები, რომლებიც პირველი კოჰორტის ცენტურიონებიც იყვნენ. კვლავ ქვეითთა წინ ხელშუბების მსროლელები განლაგდნენ. თვითონ ქვეითები ოთხ ნაწილად მოეწყონ. XV ლეგიონის შემდეგ Legio XII Fulminata(3)-ს შტანდარტები მოჰქონდეთ, შემდეგ მოდიოდნენ ცენტურიონები და ტრიბუნები. ეს ლეგიონიც ოთხად მოწყობილი უნდა მოძრაობდეს."(4)
XV ლეგიონის ნაწილები უნდა მდგარიყო პიტიუნტშიც, რის დამადასტურებლადაც წარწერას და დამღას თვლიან. [---]PC[---] D(onum [d(edit)] Glab[rione et Homullo co(n)s(ulibus)] - ჩანს, რომ ამ წარწერაში კონსულების - გლაბრიონისა და ჰომულის პერიოდზეა საუბარი, როდესაც სავარაუდოდ აქ რომაული გარნიზონი ჩადგა(5)
XV ლეგიონის აღმნიშვნელი დამღა(კარნუნტუმი)
აქვე აღმოჩენილია ფრაგმენტები, რომელთა გაშიფვრით აღმოჩნდა, რომ ეს იყო რომის XV ლეგიონის დამღა. შესაძლოა სწორედ ამ ლეგიონის Auxilia ნაწილები იდგნენ ფაზისსა და სებასტოპოლისში. პიტინუტში XV ლეგიონის გარნიზონის ყოფნის შესახებ წერს პაულ ერდკამპიც(6).
162-166 წელს XV ლეგიონი ლუციუს ვერუსის პართიულ ლაშქრობაში მონაწილებდა, დროებით იდგა სომხეთში, არტაქსატაში, შემდეგ კი უკან, სატალაში დაბრუნდა.
162-166 წელს XV ლეგიონი ლუციუს ვერუსის პართიულ ლაშქრობაში მონაწილებდა, დროებით იდგა სომხეთში, არტაქსატაში, შემდეგ კი უკან, სატალაში დაბრუნდა.
XV ლეგიონის ცენტურიონის ტიტუს კალიდიუსის საფლავის ქვა(კარნუნტუმი)
175 წელს მარკუს ავრელიუსის ერთგული დარჩა და პუბლიუს მარციუს ვერუსის მეთაურობით უზურპატორ ავიდიუს კასიუსის წინააღმდეგ გაილაშქრა. ამიტომაც ლეგიონმა მიიღო სახელწოდება Pia Fidelis - "ღვთისმოსავი და ერთგული".
ლუციუს ვერუსი(თანაიმპერატორი მარკუს ავრელიუსთან, 161-169 წ.)
III საუკუნეში XV ლეგიონმა მონაწილეობა მიიღო იმპერატორების კარაკალას, ალექსანდრე სევერუსის, გორდიანე III-სა და ფილიპე არაბის კამპანიებში ჯერ პართიისა და შემდეგ სასანიანთა ირანის წინააღმდეგ. სავარაუდოდ აპოლონის ლეგიონს 197 წელს პართიის დედაქალაქ ქტესიფონის აღებაშიც უნდა მიეღო მონაწილება. ამის შემდეგ მათი კვალი ისტორიიდან თითქოს ქრება, მაგრამ V საუკუნეში ჩანს, რომ ისინი კვლავ სატალასა და ანკირაში დგანან გარნიზონად, მაგრამ არა ტრაპეზუსში. ამ დროისთვის XV ლეგიონს Dux Armeniae - სომხეთის რომაელი პრეფექტი სარდლობს.
რომაელები ებრძვიან პართიელებს(II ს.)
საინტერესოა, რომ ლეგიონის სახელწოდების აღმნიშვნელი ასოები ნაპოვნია უზბეკეთის ტერიტორიაზე, სადაც სასანიანებს სავარაუდოდ ტყვედ ჩავარდნილ ლეგიონერები ჰყავდათ და სხვადასხვა სამუშაოებზე იყენებდნენ.
სქოლიოები
(1) - ესენი იყვნენ მხედრები მოკავშირეთა(Auxilia) ნაწილებიდან, რომლებიც კესარიაში იდგნენ. თემურ თოდუას მიხედვით ისინი რჩეული ცხენოსნები იყვნენ და რომის ჯარში სპეციალურ ქვედანაყოფს ქმნიდნენ, თანამედროვე კომანდოსის ტიპის. ასევე აღნიშნავს, რომ ისინი ლეგატების მხედართა გვარდიადაც ითვლებოდნენ -
Equitas Singulares Consularis(თემურ თოდუა. რომის პროვინციული არმია ფლავიუს არიანეს "დისპოზიცია ალანთა წინააღმდეგ"-ის მიხედვით. თბილისი: საისტორიო ვერტიკალები 16, 2008. გვ. 38).
(2) - ორიგინალში - XV ფალანგა. ბერძენი არიანე, რომელიც თავის თავს ქსენოფონტადაც მოიხსენიებდა ძველბერძენი სარდლისა და ავტორის სახელის მიხედვით, ბერძნულ სამხედრო ტერმინებსაც იყენებდა.
(2) - ორიგინალში - XV ფალანგა. ბერძენი არიანე, რომელიც თავის თავს ქსენოფონტადაც მოიხსენიებდა ძველბერძენი სარდლისა და ავტორის სახელის მიხედვით, ბერძნულ სამხედრო ტერმინებსაც იყენებდა.
(3) - ეს ლეგიონი ჯერ კიდევ ძვ.წ. 40 წელს არსებობდა. 70 წელს კაპადოკიაში განალაგეს. მისი პრეფექტურა იყო ქალაქ მელიტენეში, პროვინციის სამხრეთ-აღმოსავლეთ საზღვართან. ამ შემთხვევაში საქმე უნდა გვქონდეს XII ლეგიონის "ვექსილაციონზე" - ნაწილზე.
(4) - ტექსტის მონაკვეთის თარგმანი რუსულიდან(ნ. ხოფერია). xlegio.ru
(5) -
M.P
Speidel, T.T. Todua. Three inscriptions
from Pityus on the Caucasus frontier. SJ, 44. 1988. 56-57
(6) -
Paul
Erdkamp. A companion to the Roman army.
Malden, MA ; Oxford: Blackwell, 2007. 246
ნიკა ხოფერია