ლიბიის კონფლიქტი - "ოდისეის დასაწყისი"


სრულიად ნათელია, რომ კადაფმა სიტყვა გატეხა, დაარღვია მშვიდობა და განაგრძო თავისი მოქალაქეების ამოწყვეტა. ის უნდა შეჩერდეს. ჩვენ უნდა ვაიძულოთ, რომ შეჩერდეს.
დევიდ კამერონი, დიდი ბრიტანეთის პრემიერ მინისტრი(Daily Telegraph)(1) 

ლიბიის კონფლიქტი ბოლო ათწლეულის ერთ-ერთი ყველაზე მასშტაბური და მნიშვნელოვანი სამხედრო მოვლენა იყო, რომელშიც "ნატოს"(North Atlantic Treaty Organization) ძალებმა მონაწილეობა მიიღეს. ლიბიის მმართველი დიქტატორი(1969 წლიდან) მუამარ კადაფი(1942-2011) საბოლოოდ დამარცხდა და ომს შეეწირა. "ნატოს" გარდა კონფლიქტში აქტიურად მონაწილეობდა არაბულ ქვეყანათა ლიგა და ევროკავშირი(European Union).
კონფლიქტის წინაპირობები
 რუსი დიპლომატი ალექსეი პოდცერობი ასე აფასებდა მდგომარეობას ლიბიაში კონფლიქტის პირველ ეტაპზე: "სოციალური და ეკონომიკური მდგომარეობა ამ ქვეყანაში უკეთესია ვიდრე სხვა ჩრდილოაფრიკულ არაბულ სახელმწიფოებში. კონფლიქტში დიდ როლს თამაშობს შიდა ტომობრივი დაპირისპირება. დემოკრატიისა და თავისუფლებისთვის ბრძოლის ლოზუნგის უკან სწორედ ძალაუფლებისთვის ბრძოლა იმალება".(2)  აღსანიშნავია ისიც, რომ კადაფის მმართველობისას მოქალაქეები სარგებლობდნენ უფასო განათლებითა და სამედიცინო დახმარებით, საშუალო ხელფასი კი 1050$ შეადგენდა. თუმცა არსებობს განსხვავებული აზრიც, რომ კონფლიქტის მთავარი მიზეზი კადაფის სასტიკი დიქტატურა იყო და ქვეყნის მთელი სიმდიდრე დიქტატორის ოჯახს ექვემდებარებოდა. თავისუფლება მეტად გახლდათ შეზღუდული და საქმიანობის ბევრი სფერო მოისპო ლიბიელებისთვის.(3) ევროპაში "ნატოს" ჯარების ყოფილი მეთაურის უესლი კლარკის განცხადებით ლიბიასა და აზია-აფრიკის სხვა ქვეყნებში(ირანი, სირია, ლიბანი, სომალი, სუდანი) შეჭრა მის დაწყებამდე დიდი ხნით ადრე იყო ჩაფიქრებული.(4)
მუამარ კადაფი

ომის ქრონიკა

ლიბიელთა აჯანყება თავდაპირველად ქალაქ ბენღაზიში დაიწყო 15 თებერვალს. მასშტაბური აქციების მოწყობაში დიდი როლი ითამაშა სოციალურმა ქსელმა, რომლის საშუალებითაც აქტივისტებმა ადვილად მოახერხეს კოორდინაცია, გაერთიანება და მოითხოვეს დაპატიმრებული უფლებათა დამცველის განთავისუფლება. მოხდა რიგი შეტაკებები. 17 თებერვლიდან ბენღაზის აყვა ბევიდა, ზინტანი, რუჟბანი და დერნა. კადაფის სნაიპერებმა 13 აქციის მონაწილე მოკლეს და ათამდე მათგანი დაჭრეს.(5) 18 თებერვლიდან სამოქალაქო ომმა მთელი კირენაიკა მოიცვა.(6) 20 თებერვალს აჯანყებულებმა დაიკავეს ბენღაზის სამხედრო ბაზა და ქალაქი მათ ხელში გადავიდა. მთავრობის გადაწყვეტილებით გაითიშა ინტერნეტი. ამბოხებულების წინააღმდეგ კადაფის ძალები აქტიურად ამოქმედდნენ. ბენღაზის ბრძოლაში თითქმის 10 000-მდე აჯანყებულმა მიიღო მონაწილეობა.(7) კადაფის სამი ბრიგადა და აფრიკელი მოქირავნეები დამარცხდნენ. ასევე განადგურდა მათი БМП(8)  და 3 Т-54/55.(9) რეგულარული სამხედრო შენაერთების ნაწილი მეამბოხეების მხარეს
გადავიდა. შინაგან საქმეთა მინისტრმა კი მთელ ჯარს მოუწოდა კადაფის წინააღმდეგ ბრძოლისკენ. ნაწილი აყვა ამ მოწოდებას, მეორე ნახევარი კი ტრიპოლიში მყოფი მთავრობის მხარეს დარჩა. მათმა ავიაციამ ბენღაზის საჰაერო დარტყმები მიაყენა. 20 თებერვლის ბრძოლებში 200 მეამბოხე დაიღუპა, 800 დაიჭრა. ზოგიერთი მონაცემებით აჯანყებულთა წინააღმდეგ გამოიყენეს ტყვიამფრქვევები, არტილერია და სამხედრო ვერტმფრენები.(10) 

დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა უილიამ ჰეიგმა 20 თებერვალს BBC-ზე გაავრცელა დეზინფორმაცია, თითქოს კადაფი ვენესუელაში გაიქცა.(11) მაგრამ ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამებოდა.
22 თებერვალს აჯანყებულები დაეუფლნენ ტობრუკს. გენერალ-მაიორი სულეიმან-მუჰამედი მათ მხარეზე გადავიდა. 24 თებერვლისთვის უკვე მთელი კირენაიკა აჯანყებულებს ეკავათ. 26 თებერვალს კი ბენღაზიში დროებითი მთავრობა ჩამოყალიბდა იუსტიციის ყოფილი მინისტრის მუსტაფა მუჰამედ აბდელ-ჯალილის მეთაურობით. 23 თებერვალს ამბოხებულთა ახალმა ტელევიზიამ "ალხურამ" ტრიპოლზე მარში გამოაცხადა, რომელშიც მონაწილეობას მიიღებდა აჯანყებულთა ერთი დივიზია - 5000 მოხალისე. ამავდროულად ბრიტანელებმა კირენაიკაში გადასხეს ელიტური სპეცრაზმი SAS(12).
SAS გერბი

2 მარტს აჯანყებულებს, რომელთაც ბაშირ აბდელ-კადერი და ხალედ კოვატი მეთაურობდნენ, ბრძოლა მოუხდათ კადაფის მომხრეებთან სანავთობო პორტ ბრეგაში. შეტაკებაში მონაწილეობა მიიღო 450-მდე ამბოხებულმა, რომელთაც 1 ტანკი(ზუსტად არ არის ცნობილი რომელი) და ათამდე პიკაპი ყავდათ და 200-400 კადაფის მეომარმა 50 პიკაპით, 122 მმ საარტილერიო დანადგარითა და 2 გამანადგურებელ-ბომბდამშენით. ბრძოლაში 14 აჯანყებული დაიღუპა, 28 დაიჭრა, 12 კი ტყვედ ჩავარდა. სხვადასხვა ვერსიით მათ 2-დან 10-მდე კადაფის მომხრე მოკლეს, 4 ტყვედ აიყვანეს და 1 გამანადგურებელი F1(13) ჩამოაგდეს. 4 მარტს რას-ლანუფთან შეტაკებაში რევოლუციონერებმა კვლავ წარმატებას მიაღწიეს და საკმაოდ დიდი მსხვერპლის ფასად(146-მდე დახოცილი და 1500-მდე ტყვე) ქალაქს დაეუფლნენ.
მათ კადაფისტების 25-მდე ჯარისკაცი მოკლეს და 1 ბომბდამშენი Су-24(14) ჩამოაგდეს.(15)  5 მარტს აჯანყებულები სირტასკენ დაიძრნენ, სადაც კადაფის კარგად აღჭურვილ შენაერთებთან სასტიკი ბრძოლები გაიმართა. ბინ-ჯავადთან, რას-ლანუფსა და ბრეგასთან მეორე შეტაკებაში რევოლუციონერებმა საკმაოდ დიდი დანაკლისი განიცადეს და წინსვლა შეწყვიტეს, კადაფისტებმა კი წარმატებით განაგრძეს იერიში. ისინი აქტიურად იყენებდნენ არტილერიას, ტანკებსა და ავიაციას. ომის ინიციატივა კადაფმა იგდო ხელთ და ძლიერი იერიში მიიტანა ბენღაზიზე. კადაფის ძალებში შედიოდნენ მის მხარეს მყოფი შეიარაღებული ძალები და მოქირავნეები.(16)
ესკალაციის მიზნით 18 მარტის ღამეს "გაერომ" აამოქმედა რეზოლუცია - 1973 (10 ქვეყანა დაეთანხმა, 5-მა თავი შეიკავა - ბრაზილია, რუსეთი, ჩინეთი, ინდოეთი, გერმანია), რითიც ლიბიაში სამხედრო ინტერვენცია დაუშვა, მაგრამ მხოლოდ საჰაერო ძალებით. განსაკუთრებით აქტიურები იყვნენ საფრანგეთი, აშშ, ლიბანი და დიდი ბრიტანეთი. ლიბიის საგარეო საქმეთა სამინისტრომ განაცხადა, რომ მიიღო გაეროს რეზოლუცია და შეწყვიტა ქალაქის დაბომბვა, მაგრამ აჯაბიასა და მისურატის დაბომბვა კვლავ გრძელდებოდა, ბენღაზიში კი კადაფის ტანკები და ჯარისკაცები შევიდნენ.


ბრიტანელი და ფრანგი პილოტები ბომბავენ სამოქალაქო მანქანებს გზაზე

ამავე დროს მიმდინარეობდა ბრძოლა ნაფუსის მაღლობისთვის. 1 მარტს კადაფის ჯარებმა შეუტიეს გარიანს და მოახერხეს მისი დაკავება, 3 აპრილს მათ დალაშქრეს ნალუტი, ზინტანი და იაფრანი, მაგრამ იერიში ადგილობრივი ამაზიგების სასტიკმა წინააღმდეგობამ შეაჩერა. ზინტანის აღება კადაფის ძალებმა 16 მარტსაც სცადეს, 40 ჯავშანტრანსპორტიორითა, 15 ტანკითა და არტილერიის მხარდაჭერით, თუმცა უშედეგოდ. 19 მარტს საფრანგეთის საჰაერო ძალებმა დაზვერეს ლიბია და იმავე დღის 16:45 საათზე კადაფის ბრონირებული ტექნიკის რამდენიმე ერთეული გაანადგურეს("ალ ჯაზირას" განცხადებით ფრანგებმა მინიმუმ 4 ლიბიური ტანკი ააფეთქეს).(17)


Dassault Mirage F1

ბრიტანული და ამერიკული რაკეტებით განხორციელდა იერიში ლიბიურ აეროდრომებსა და სამხედრო ბაზებზე. ოპერაციას ეწოდა Odyssey Dawn - ოდისეის განთიადი(დასაწყისი). 20 მარტს საფრანგეთის, ამერიკისა და დიდი ბრიტანეთის ავიაციამ ორი საათის განმავლობაში განაადგურა ლიბიელთა სატანკო კოლონა.(18) ამავე დღეს აშშ-ს ფლოტის ადმირალმა მაიკლ მიულენმა განაცხადა, რომ საერთაშორისო კოალიციამ მოიგერია თავდასხმა ბენღაზიზე.
23-28 მარტის განმავლობაში რევოლუციონერებმა, რომელთაც არ გააჩნდათ ჯავშანტექნიკა, ავიაცია, ტანკები და არტილერია, წინ წაიწიეს და ბინ-ჯავადი, რას-ლანუფი და აჯაბიაც დაიკავეს, მიუხედავად იმისა, რომ კადაფის მეომრები ბევრად უკეთ იყვნენ აღჭურვილები. 28 მარტიდან მათ კონტრშეტევა წამოიწყეს. რას-ლანუფი, ბინ-ჯავადი და ენ-ნოფალი კადაფის ჯარებმა ადვილად დაიკავეს. ბრძოლები მიმდინარეობდა ბრეგასა და აჯაბიაში.
31 მარტს გავრცელდა ინფორმაცია, რომ კადაფმა ბრეგა დაიკავა. აჯანყებულებმა სცადეს ქალაქის დაბრუნება, თავდაპირველად უშედეგოდ, რადგან არტილერიის ცეცხლის ქვეშ იმყოფებოდნენ. შემდეგ საქმეში "ნატოს" ბომბდამშენები ჩაერთნენ. მათ დაბომბეს კადაფის პოზიციები და უკან დაახევინეს სოფელ ბირშისკენ. აჯანყებულები ქალაქში შევიდნენ და გაჩაღდა ურბანული შეტაკებები.(19) 1-2 აპრილს ბრძოლები კვლავ გრძელდებოდა. "ნატოს" ავიაციამ შეცდომით იერიში მიიტანა რევოლუციონერთა რაზმზე. 14 ადამიანი დაიღუპა.(20) 7 აპრილს მათ კიდევ ერთი შეცდომა დაუშვეს და გაანადგურეს აჯანყებულთა მიერ ნადავლის სახით წამოყვანილი ტანკები. 10-13 ადამიანი დაიღუპა, 14-22-მდე დაიჭრა, 5 ტანკი კი დაზიანდა.(21)  ბრიტანეთის საჰაერო ძალებმა შეუტიეს ნავთობის საბადო სარირს. 8-9 აპრილს კადაფის რაზმი აჯაბიას მიადგა, თუმცა რევოლუციონერებმა უკუაგდეს. 16-18 აპრილის განმავლობაში ცუდი ამინდის პირობებში, "ნატოს" ავიაციამ ვერ გააგრძელა კამპანია. მარტის განმავლობაში აჯანყება გაძლიერდა ლიბიის დასავლეთითაც და კადაფი იძულებული გახდა ჯარის ნაწილი იქ გადაესროლა.
               კადაფის არმიაში მებრძოლი მალელი მოქირავნე ტუარეგები

რამდენიმე ბრძოლა გარდამავალი უპირატესობით მიმდინარეობდა განსაკუთრებით მნიშვნელოვანი იყო მისურატისა და ეზ-ზავიას დასაკავებლად გამართული სისხლისმღვრელი შეტაკებები. მუსლიმებმა კადაფის წინააღმდეგ საღვთო ომი - ჯიჰადი გამოაცხადეს. 17 მარტიდან კადაფისტები აკონტროლებდნენ მისურატის ნაწილს, თუმცა ბრძოლები ქალაქში გრძელდებოდა. ქუჩის ბარიკადებმა გაართულა ტანკების და ჯავშანმანქანების(ძირითადად T-72(22) და БМП) მოძრაობა მისურატში, ამიტომ რევოლუციონერები უფრო თავისუფლად მოქმედებდნენ. ომის პირველი აქტიური ნაწილი დაახლოებით აპრილის პირველ ნახევარში დასრულდა და დაიწყო მეორე, ფრონტის სტაბილიზაციის თითქმის სამთვიანი პერიოდი. 

შენიშვნები
(1)http://www.telegraph.co.uk/news/worldnews/africaandindianocean/libya/8393463/Libya-top-quotes-from-around-the-world.html
(2) А. А. Волович,  Ливия в огне: мятеж или революция? Институт Ближнего Востока,1003.2011
(3)Fouad Ajami, A Thrilling Spectacle in Tripoli. http://www.hoover.org/news/daily-report/90321
(4)http://www.globalresearch.ca/we-re-going-to-take-out-7-countries-in-5-years-iraq-syria-lebanon-libya-somalia-sudan-iran/5166
(5) http://www.metronews.ru/mir/livijcy-trebujut-otstavki-kadaffi/Tpokbq---rUmvObbTbUFk/
(6)კირენაიკა - ისტორიული რეგიონის ლიბიის აღმოსავლეთ ნაწილში.
(7) Angelique Chrisafis. Libya protests: gunshots, screams and talk of revolution. The Guardian, 20.02.2011.
(8)БМП - საბჭოთა სერიული წარმოების პირველი ქვეითთა საბრძოლო მანქანა. გამოდის 1966 წლიდან. წონა 13 ტ, ეკიპაჟი - 3 წევრი, დესანტი - 8 ჯარისკაცი. ჯავშანი 6-33 მმ შედუღებული, დაგრეხილი ფოლადი, შეიარაღება - ქვემეხი - 73 მმ 2А28 «Гром», ტყვიამრფქვევი - 1 × 7,62 მმ ПКТ, სხვა შეიარაღება - ტანკსაწინააღმდეგო მართვადი რაკეტა - ПТРК - "Малютка".
(9)Т-54/55 - საბჭოთა საშუალო ტანკი. ექსპლუატაციის წლები - 1955-დან დღემდე. ეკიპაჟი - 4 კაცი. ჯავშანი: კორპუსის შუბლი - 100 მმ, ბორტი - 80 მმ, იარაღის ნიღაბი - 206 მმ. შეიარაღება: ქვემეხი - 100 მმ, ტყვიამფრქვევი - 1 × 7,62 მმ ПКТ, 1 × 12,7 მმ ДШКМ.
(10)Nick Meo. Libya protests: 140 'massacred' as Gaddafi sends in snipers to crush dissent//The Telegraph,20 Feb 2011

(11) Libya: Colonel Gaddafi 'flees' to Venezuela as cities fall to protesters. The Telegraph, 21.02.2011

(12)SAS - Special Air Service(განსაკუთრებული საჰაერო სამსახური) ბრიტანული შეიარაღებული ძალების სპეცრაზმის შენაერთია. SAS განსაკუთრებულ საზღვაო სამსახურთან(Special Boat Service, SBS), სპეციალურ დაზვერვით პოლკთან(Special Reconnaissance Regiment) და სპეციალური დანიშნულების დახმარების ჯგუფთან(Special Forces Support Group) ერთად შეადგენს გაერთიანებული სამეფოს განსაკუთრებული დანიშნულების ჯარს(United Kingdom Special Forces).
(13)Dassault Mirage F1 - მრავალფუნქციური ფრანგული გამანადგურებელი. XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში ითვლებოდა საფრანგეთის საჰაერო ძალების ძირითად გამანადგურებლად, სანამ Mirage 2000-მა არ ჩაანაცვლა. ეკიპაჟი 1 პილოტი. სიგრძე 15,23 მ. მაქს. სიჩქარე 2335 კმ/სთ(2,2 მახი). შეიარაღება 2 30 მმ ქვემეხი, მართვადი რაკეტები, უმართავი რაკეტები და ბომბები.
(14)Су-24 - საბჭოთა(რუსული) ბომბდამშენი, რომელსაც შეუძლია რთულ მეტეოროლოგიურ პირობებშიც მიიტანოს სარაკეტო იერიში. გამოვიდა XX საუკუნის სამოცდაათიან წლებში. "ნატოს" კოდირებულ ლექსიკონში ცნობილი, როგორც Fencer - მოფარიკავე. არსებობს მისი რამდენიმე მოდიფიკაცია. სიგრძე 24,594 მ. ეკიპაჟი 2 კაცი. მაქს. სიჩარე 1700 კმ/სთ(1,6 მახი). საბრძოლო რადიუსი 560 კმ. შეიარაღება: ბომბები, მართვადი და უმართავი რაკეტები, 23 მმ ქვემეხი.
(15) CNN Wire Staff, Gunfire rings out in Libyan capital. CNN. 5.03.2011

(16)კადაფის მოქირავნეები მრავალი ქვეყნიდან იყვნენ - ლიბერია, ლესოთო, ერიტრეა, მოზამბიკა, გამბია, სუდანი, ლიბერია, ტანზანია, ბენინი, ტოგო, მავრიტანია, სომალი, კამერუნი, ცენტრალური აფრიკის რესპუბლიკა, ანგოლა, ჩადი, გვინეა, ნიგერია, კოტ-დივუარი. სავარაუდოდ მას ჰყავდა ალჟირელი, ავღანელი, შრი-ლანკელი, უკრაინელი და რუსი დაქირავებულებიც კი(http://www.rosbalt.ru/main/2011/09/24/893506.html)
(17) http://www.aljazeera.com/news/europe/2011/03/2011319132058782326.html

(18) Mohammed Abbas. Remains of Gaddafi's force smolders near Benghazi. Reuters, 20.03.2011. ფრანგებმა 7 ტანკი და ორი БМП გაანადგურეს.

(19) Libyan rebels in street battles for Brega. Daily telegraph, AFP March 31, 2011 10:19PM.

(20) Nick Meo. Libya: Nato Warplanes Kill 14 Rebels. The Daily Telegraph, 2 April 2011

(21)Libya rebels 'want answers' from Nato on air strike. BBC.co.uk. 8 April, 2011.

(22)Т-72 - საბჭოთა წარმოების ძირითადი საბრძოლო ტანკი. მეორე თაობის ტანკთა შორის ერთ-ერთი ყველაზე მასობრივად წარმოებადი. წონა 41 ტ, ეკიპაჟი 3 კაცი, კორპუსის სიგრძე 6860 მმ, ჯავშნის ტიპი სამფენიანი კომბინირებული და დაგრეხილი ფოლადი, ჭურვსაწინააღმდეგო. ქვემეხი - 125 მმ 2A46, ტყვიამფრქვევი - 1X12,7 მმ НСВТ, 1X7,62 მმ ПКТ. საბჭოთა შეიარაღებაში 1973 წლიდან გამოჩნდა. არსებობს მისი მრავალი მოდიფიკაცია. აქვს მდიდარი საბრძოლო გამოცდილება, ფართოდ გამოიყენებოდა ლიბიის ომშიც კადაფის ჯარის მიერ. 2009 წლის მონაცემებით ლიბიას 150 თ-72 ჰქონდა.Hამას გარდა 350 თ-62 და 450 თ 45/55. 

ნიკა ხოფერია