ძვ.წ. III საუკუნის მეორე ნახევარში, ხმელთაშუა ზღვისპირეთში, ორი უძლიერესი სახელმწიფო ბატონობდა - რომი და კართაგენი. ამ ორ რესპუბლიკას შორის ომი, ჯერ კიდევ III საუკუნის პირველ ნახევარში დაიწყო და 23 წელს გასტანა (ძვ.წ. 264-241). კართაგენი რომლის ერთ-ერთი მთავარსარდალი ჰამილკარ ბარკა იყო დამარცხდა, რომმა კი პირველ პუნიკურ ომში გამარჯვებით სიცილიაზე კონტროლი მოიპოვა(ბერძნული ქალაქი სირაკუზი ინარჩუნებდა დამოუკიდებლობას). შემდეგი 23 წელი მშვიდობა დამყარდა. ზავის შემდეგ კართაგენი საკმაოდ გაძლიერდა. მეორე პუნიკური ომი გარდაუვალი იყო. ომისკენ პირველი ნაბიჯი ჰამილკარ ბარკას ვაჟმა ჰანიბალმა გადადგა, როდესაც ესპანური ქალაქი საგუნტუმი ალყაში მოაქცია. საგუნტუმი დამოუკიდებელი ქალაქი იყო, რომელიც ბუფერულ ზონას ქმნიდა რომისა და კართაგენის გავლენის ზონებს შორის. რვა თვეში საგუნტუმი დაეცა, ხოლო ძვ.წ. 218 წელს მეორე პუნიკური ომი დაიწყო. ჰანიბალი იტალიაში რომისთვის მოულოდნელად ალპების გავლით შევიდა და რომაული არმია, ჯერ ტრებიასთან (ძვ.წ. 218), ხოლო შემდეგ ტრაზიმენის ტბასთან (ძვ.წ. 217) სასტიკად დაამარცხა.
ძვ.წ. 216 წელს რომი რეალური საფრთხის წინაშე იდგა. ჰანიბალის ჯარი უფრო მცირერიცხოვანი, თუმცა რომაელებზე ბევრად გამოცდილი იყო. კართაგენელების უპირატესობა იყო ისიც, რომ მათ მეთაურობდათ ბრწყინვალე და რაც მთვარია მუდმივი გენერალი ჰანიბალის სახით. რომაელები კი ყოველწლიურად ახალ კონსულებს ირჩევდნენ, მათივე კანონებიდან გამომდინარე, რაც ხელს უშლიდა არმიისა და მხედართმთავრის ადაპტაციას. 216 წელს კონსულებად გაიუს ტერენციუს ვარონი და ლუციუს ემილიუს პაულუსი აირჩიეს. ყველა უბედურებასთან ერთად, ამ ორ კონსულს განსხვავებული ხასიათი ჰქონდა და ისინი თითქმის ვერაფერზე თანხმდებოდნენ. ამ ფაქტმა ძვ.წ. 216 წლის 2 აგვისტოს სოფელ კანესთან გამართულ ბრძოლაში უარყოფითი შედეგი მოუტანა რომაელებს და მათ თავისი არსებობის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო მარცხი განიცადეს.
მეთაურები
კართაგენელთა გენერალი ჰანიბალ ბარკა დიდი მხედართმთავრის ჰამილკარ ბარკას ვაჟი იყო. რომაელი ისტორიკოსი ტიტუს ლივიუსი მას ბრწყინვალე გენერლად მოიხსენიებს და ასე გვიხასიათებს: "არავინ არ უფრთხოდა საშიშროებებს ჰანიბალზე ნაკლებად, და არავინ არ იჩენდა მასზე მეტ წინდახედულობას. არანაირ სირთულეებს არ შეეძლო გაეტეხა მისი სულისკვეთება. სიცხესაც და ყივნასაც თანაბრად იტანდა. არასდროს არ ჭამდა და სვამდა გართობისათვის, მხოლოდ წყურვილისა და შიმშილის მოსაკლავად.
ჰანიბალ ბარკა(ძვ.წ. 247-183/182)
ჰანიბალის ჩაცმულობა არ გამოირჩეოდა მისი ქვეშევრდომების ჩაცმულობისგან, სამაგიეროდ აღჭურვილობითა და ცხენით ყველას აოცებდა. არავინ არ იყო არმიაში ჰანიბალზე დახელოვნებული, იგი პირველი შედიოდა ბრძოლაში და უკანასკნელი ტოვებდა ბრძოლის ველს."
რაც შეეხება რომაელ მხედართმთავრებს, ჰანიბალისაგან განსხვავებით დიდი სამხედრო მიღწევებით ვერ გამოირჩეოდნენ. გაიუს ტერენციუს ვარონი ყასბის შვილი იყო, ერთ დროს თვითონაც მამის დახლზე მუშაობდა, შემდეგ კი პოლიტიკაში წასვლა გადაწყვიტა. მეორე პუნიკური ომის დროს პრეტორის თანამდებობაც ეკავა, ხოლო შემდეგ, ხალხის მოთხოვნით კონსულადაც აირჩიეს. რაც შეეხება ლუციუს ემილიუს პაულუსს, ვარონისგან განსხვავებით პატრიცი იყო. იგი ორჯერ აირჩიეს კონსულად (ძვ.წ. 219 და 216). პაულუსი წარმატებით იბრძოდა მეორე ილირიულ ომში, სადაც კონსულმა 219 წელს ილირიელთა მეთაური ფაროსელი დემეტრიუსი დაამარცხა.
როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარონი და პაულუსი ერთმანეთს ვერ ეწყობოდნენ. პაულუსი დინჯი იყო, თავს არიდებდა დიდ ბრძოლებს, ხოლო ვარონს სურდა მალევე გაენადგურებინა ჰანიბალის ლაშქარი და ომი დაემთავრებინა.
კართაგენელთა არმია
კართაგენელთა არმია ფორმირებული იყო სხვადასხვა ხალხებისგან წარმომადგენლებისაგან: კელტები, ესპანელები, ლიბიელები, ნუმიდიელები.
კართაგენელთა არმია
კართაგენელთა არმია ფორმირებული იყო სხვადასხვა ხალხებისგან წარმომადგენლებისაგან: კელტები, ესპანელები, ლიბიელები, ნუმიდიელები.
კართაგენის კავალერია დევნის რომაელებს მდინარე ტრებიასკენ (ტრებიას ბრძოლა, ძვ.წ. 218)
კართაგენელთა არმიის მნიშვნელოვნაი უპირატესობა ცხენოსანი ჯარი, განსაკუთრებით კი ნუმიდიური მსუბუქი კავალერია წარმოადგენდა. ნუმიდიელები მოკლე შუბებით იყვნენ აღჭურვილნი, ისინი ერიდებოდნენ ხელჩართულ ბრძოლაში ჩართვას, თუმცა საჭიროების შემთხვევაში არც ხელჩართულ შეტაკებაში ირცხვენდნენ თავს. ნუმიდიური კავალერიის წყალობით კართაგენელებმა მრავალი გამარჯვება მოიპოვეს და კანესთან გამარჯვებაშიც ამ მხედრებმა ლომის წვლილი შეიტანეს.
კელტი მეომრები
ჰანიბალის მძიმე კავალერიას შეადგენდნენ ესპანელები და კელტები, რომლებიც კანეს ბრძოლაში ერთად მოქმედებდნენ. კელტური კავალერია არისტოკრატიისაგან და მათი მსახურებისაგან შედგებოდა. მხედრები ძვირფას ჯავშანს და მუზარადებს ატარებდნენ. ესპანური კავალერიაც შესანიშნავად იყო გაწვრთნილი, ისინი აღჭურვილნი იყვნენ ხმლებითა და გრძელი შუბებით, ასევე თავდაცვისათვის იყენებდნენ პატარა, ძირითადად წრიულ ფარებს. ჰანიბალმა მძიმე კავალერიის კარგად გაწვრთნას დიდი ყურადღება დაუთმო და შედეგიც მიიღო. კანეს ბრძოლაში კელტურმა და ესპანურმა მხედრება დიდი ძალისხმევა გამოიჩინეს. ისინი ყოველთვის იქ ჩდებოდნენ სადაც საჭიროება მოითხოვდა. ზოგადად კართაგენის კავალერია ბევრად ძლიერი იყო რომაულზე, ეს კი გახდა ერთ-ერთი მიზეზი, რომლის გამოც რომი ასე სამარცხვინოდ დამარცხდა იტალიაში შეჭრილ ჰანიბალთან ბრძოლებში.
კართაგენელები ქირაობენ მეშურდულეების ბალეარის კუნძულებზე
ჰანიბალის საუკეთესო ქვეით ნაწილებს წარმოადგენდნენ ლიბიელები. მათი საომარი ტაქტიკა მაკედონლებისას წააგავდა, რადგან ფალანგის წყობას იყენებდნენ ბრძოლის ველზე. ტრაზიმენის ტბასთან ბრძოლის შემდეგ მათ აღჭურვილობაში დაღუპულ რომაელთა აბჯარიც შევიდა. ასევე კარგი ქვეითები იყვნენ ესპანელები და კელტები. ესპანელ ქვეითებს დიდი ფარები ჰქონდათ, ხოლო მათ მთავარ იარაღს შეადგენდა ხელშუბები და მოკლე ხმლები. კელტი ქვეითების შეიარაღება ესპანელებისას ვერ შეედრებოდა, მაგრამ ისინი უფრო მრავალრიცხოვნები იყვნენ. მათ მთავარ შეიარაღებას გრძელი საჩეხი ხმლები შეადგენდა, ასევე ჰქონდათ დიდი ოვალური ფარები. მეომართა უმრავლესობას აბჯარი არ გააჩნდა და ტანზემოთ შიშვლები იბრძოდნენ. ქვეითთა გასაძლიერებლად ჰანიბალი იყენებდა მეშურდულეებს ბალეარის კუნძულებიდან. ისინი ჯერ კიდევ ძვ.წ. IV ს-დან ემსახურებოდნენ კართაგენს. მეშურდულეები უპირატესობას ფლობდნენ შორეულ დისტანციაზე ბრძოლაში.
ესპანელი ქვეითი
შურდულის უპირატესობა ის გახლდათ, რომ იგი იმ დროინდელ მშვილდზე და ხელშუბზე შორ დისტანციაზე ისროდა და უფრო სწრაფადაც. შურდული მრისხანე იარაღი იყო და საკმაოდ დიდ ზიანს აყენებდა მოწინააღმდეგეს, განსაკუთრებით მსუბუქად აღჭურვილ მეომრებს. ბალეარის მეშურდულეების შეიარაღებას მხოლოდ უბრალო ტუნიკა და სამი შურდული შეადგენდა, რომლებიც სხვადასხვა დისტანციაზე სასროლად იყო განკუთვნილი. ბალეარის მეშურდულეების ნასროლი ქვების სეტყვის შედეგად დაეცა ბრძოლის ველზე რომაელი მხედართმთავარი ლუციუს ემილიუს პაულუსი.
აფრიკელი ქვეითი და მხედარი
საბოლოო ჯამში ჰანიბალმა შეძლო აფრიკელებისაგან, ესპანელებისა და კელტებისგან საუკეთესო თვისებები ერთ არმიაში გაეერთიანებინა და ბრწყინვალე შედეგიც მიიღო. ასეთმა არმიამ მრავალ ბრძოლაში მოიპოვა სრული გამარჯვება.
რომაელთა არმია
რომაელთა არმიას ძირითადად ლეგიონები წარმოადგენდნენ. თითოეულ ლეგიონში 5000-მდე მეომარი მსახურობდა. აქედან 1600 ველიტი იყო - დაბალი ფენის წარმომადგენლები, რომლებიც მსუბუქად შეიარაღებულები იბრძოდნენ. მათი შეიარაღებას რამდენიმე ხელშუბი შეადგენდა, ხოლო დამცავ საშუალებას ტყავის ფარი. ველიტები ბრძოლის დროს პირველ რიგში ეწყობოდნენ, რათა მტრისთვის ხელშუბები დაეშინათ. შემდეგ უკვე მძიმე ქვეითთა სამი რიგი მოდიოდა. პირველ რიგში ჰასტატები იდგნენ, რომლებიც მანიპულებად იყოფოდნენ. თითოეული მანიპული 120 კაცისაგან შედგებოდა. ჰასტატების რაოდენობა 10 მანიპულს ითვლიდა.
ტრიარი, ველიტი და პრინციპი
ჰასტატების აღჭურვილობაში შედიოდა დიდი ფარი ე.წ. სკუტუმი, ასევე გლადიუსი და ხელშუბი, რომელსაც პილუმი ერქვა. შემდეგ რიგს უფრო გამოცდილი მეომრები - პრინციპები ავსებდნენ. პრინციპების რაოდენობაც 10 მანიპულს შეადგენდა. მათ იგივე აღჭურვილობა ჰქონდათ, რაც ჰასტატებს. მესამე რიგს ვეტერანი მეომრები - ტრიარები იკავებდნენ, რომლებიც კრიტიკულ სიტუაციებში ერთვებოდნენ ბრძოლაში. მათ მთავარ აღჭურვილობას შუბები შეადგენდა, ასევე მათ არსენალში იყო გლადიუსებიც. ჰასტატებისგან და პრინციპებისგან განსხვავებით ტრიარების მანიპული 60 მეომარს ითვლიდა. ვეტერანების რაოდენობაც 10 მანიპულს შეადგენდა.
რომაელი მხედარი
ზოგადად, მძიმე ქვეითთა მთავარ აღჭურვილობა ასეთი გახლდათ: დიდი ოვალური ფარი, რომელსაც სკუტუმი ეწოდებოდა. იგი მეომრის მთლიან კორპუსს ფარავდა. ასევე იყო ხელშუბი პილუმი, რომელსაც გრძელი, მეტალის პირი ჰქონდა. პილუმის სხეულში მოხვედრა სიკვდილს ნიშნავდა, ხოლო თუ ფარს მოხვდებოდა, ფარი გამოუსადეგარი გახდებოდა ბრძოლისას, რადგან პილუმის ამოძრობა ფაქტიურად შეუძლებელი იყო. რომაელები ამ დროისთვის იყენებდნენ პატარა ხმლებს, რომელსაც "გლადიუს ჰისპანიენსისი"(ანუ ესპანური გლადიუსი) ერქვა. გლადიუსი არ გამოიყენებოდა ჩეხვითი დარტყმებისთვის, მისი მთავარი დანიშნულებას ჩხვლეტა წარმოადგენდა.
რომაული კავალერია მარშის და შეტევის დროს
ლეგიონის ძირითადი კავალერია ტურმებად იყოფოდა. თითოეულ ტურმაში 30 მხედარი ირიცხებოდა, ხოლო ტურმების რაოდენობა 10-ს ითვლიდა. მათ თავზე ბეოტიური ტიპის მუზარადი ეხურათ, ხოლო რაც შეეხება აღჭურვილობა, მათ ჰქონდათ მოკლე ხელშუბები და გლადიუსის მაგვარი მახვილი ჰასტა, რომელიც უფრო გრძელი იყო. მხედრები თავს მრგვალი ფარებით იცავდნენ.
მძიმე ქვეითი მეომარი მოკავშირე იტალიკთა რიგებიდან
კანეს ბრძოლაში რომაელთა ჯარში რომაელების რაოდენობა მხოლოდ ნახევარს შეადგენდა. მეორე ნახევარს მოკავშირეთა ჯარები შეადგენდნენ. მოკავშირეთა ჯარს თითქმის იგივე აღჭურვილობა გააჩნდა, რაც ლეგიონებს. რომის ცხენოსან ჯართან შედარებით, მათი კავალერია უფრო მრავალრიცხოვანი გახლდათ.
ბრძოლა
ძვ.წ. 216 წლის 2 აგვისტოს, სოფელ კანესთან, ორი არმია ერთმანეთის პირისპირ განლაგდა. რომაელი ისტორიკოსის ტიტუს ლივიუსის ცნობით, რომაელთა არმია დაახლოებით 86 000 მეომრისაგან შედგებოდა, ხოლო კართაგენელთა ჯარი 56 000-ს აღწევდა. თუმცა თანამედროვე კვლევების მიხედვით, რომლებიც უფრო რეალისტურად უდგებიან საკითხს, რომაელთა და მათ მოკავშირეთა რიცხვი დაახლოებით 50000 უნდა ყოფილიყო, კართაგენელების კი 40000-ზე ნაკლები.
1 აგვისტოს ჰანიბალმა გაიყვანა ჯარი მდინარე აუფიდუსის ჩრდილოეთ ნაპირებთან და საბრძოლველად განალაგა, თუმცა რომაელებმა არ მიიღეს ბრძოლა. ამ დღეს პაულუსი იყო სარდალი(ვარონი და პაულუსი შეთანხმდნენ რომ უმაღლეს მთავარსარდლობას ერთ დღეს ერთი კონსული მიიღებდა, მეორე დღეს მეორე) და როგორც ზემოთ ავღნიშნეთ, იგი ყველანაირად გაურბოდა ბრძოლას კართაგენელებთან. შემდეგი დღე ვარონის იყო. 2 აგვისტოს მან ჯარი გამოიყვანა ბანაკიდან და აუფიდუსის სამხრეთ ნაპირზე განალაგა. ეს პოზიცია, რომაელთათვის ხელსაყრელი იყო, რადგან მარჯვენა ფლანგს მდინარე იცავდა, ხოლო მარცხენა ფლანგთან მიახლოება რთული იყო დაბალი გორაკების გამო. კონსულები პაულუსი და ვარონი ფლანგებზე კავალერიას მეთაურობდნენ. პაულუსი მარჯვენა ფლანგზე რომაულ კავალერიას ედგა სათავეში, ხოლო ვარონი მოკავშირეთა კავალერიას მარცხენა ფლანგზე. ძველი კონსულები გნეუს სერვილიუს გემინუსი და მარკუს მინუციუსი ცენტრში ქვეითებს მეთაურობდნენ.
რომაელი მხედართმთავრები (ძვ.წ. III ს.)
რაც შეეხება კართაგენელთა წყობას, ჰანიბალმა მძიმე კავალერია მარცხენა ფლანგზე განალაგა და ჰასდრუბალს ჩააბარა. ნუმიდიური მსუბუქი კავალერია მარჯვენა ფლანგზე მოაწყო, რომელსაც მაჰარბალი მეთაურობდა. კელტური და ესპანური ქვეითი ჯარი ცენტრში განალაგა ნახევარწრედ, რომლის შუა ნაწილი რომაელებისკენ იყო მიმართული და ყველაზე ახლოს იდგა მტერთან. ნახევარწრედ მოწყობილ ესპანელებსა და კელტებს, ფლანგებს აფრიკელი ქვეითები უმაგრებდნენ.
რომაელებმა ცენტრი გააძლიერეს, მათი მიზანი იყო კართაგენელთა ცენტრის გარღვევა და წყობის არევა.
ბალეარელი მეშურდულეები
ბრძოლა დაიწყო. საქმეში პირველ რიგში მსუბუქი ქვეითები ჩაერთვნენ მშვილდებით, ხელშუბებითა და შურდულებით. კართაგენელები უფრო წარმატებულად მოქმედებდნენ. ბალეარელებმა დაჭრეს რომაელთა კონსული პაულუსი. მას თავში შურდულიდან გასროლილი ქვა მოხვდა.
შემდეგ საქმეში კავალერია ჩაერთო. კართაგენელთა მარცხენა ფლანგმა, სადაც მძიმე ცხენოსანი ჯარი იყო განლაგებული, პაულუსის რომაულ კავალერიას დაარტყა. რიცხობრივად უპირატესმა და უკეთ გაწვრთნილმა კართაგენულმა მხედრობამ მალე გაფანტა რომაული ცხენოსანი ჯარი.. როდესაც ჰასდრუბალმა შეამჩნია რომაელთა რიგების საგრძნობლად შესუსტება, დაუყოვნებლივ შეუტია ყველაზე სუსტ წერტილში და ფაქტიურად რომაელთა მარჯვენა ფლანგი მთლიანად გაანადგურა.
რომაელთა სამ რიგოვანი წყობა
საქმეში რომაელთა მძიმე ქვეითები ჩაერთნენ - ისინი კელტ და ესპანელ ქვეითებს ეკვეთნენ. თავდაპირველად კართაგენელთა ქვეითები უწევდნენ წინააღმდეგობას, თუმცა ცოტა ხანში უკან დახევა დაიწყეს. კართაგენელთა ცენტრი უკან იხევდა რომაელები კი მიყვებოდნენ. ნახევარწრე ნელ-ნელა შეიკუმშა, ფლანგებზე მდგარმა ლიბიელმა ქვეითებმა კი მტერს ალყა შემოარტყეს. სწორედ ამის შემდეგ გააცნობიერეს რომაელებმა, რომ მტრის დაგებულ ხაფანგში მოხვდნენ. მათ უკვე აღარ ძალუძდათ შერკინება დასვენებულ აფრიკელებთან.
ბრძოლა ასევე მიმდინარეობდა რომაელთა მარცხენა ფლანგზე, სადაც მოკავშირეთა კავალერია იყო განლაგებული. ტიტუს ლივიუსის მიხედვით, ნუმიდიური კავალერიის მეთაურმა მაჰარბალმა 500 მხედარი გაუშვა მტრის შუაგულში, მათ იარაღი დამალული ჰქონდათ. რომაელებს ეგონათ რომ ნუმიდიელებმა კართაგენელებს უღალატეს და მათ მხარეს გადმოვიდნენ, ამიტომ თავიანთ რიგებში თავისუფლად შეუშვეს.
ტიტუს ლივიუსი (გვიანდელი გერმანული ილუსტრაცია, 1905 წ.)
როდესაც ბრძოლა გაჩაღდა, ნუმიდიელებმა დამალული იარაღი იშიშვლეს და მტერს უკნიდან შეუტიეს. რომაელთა მოკავშირეთა კავალერიაც ალყაში აღმოჩნდა.
ორივე ფლანგზე ნამდვილი სასაკლაო გაიმართა, მხოლოდ ცენტრში იბრძოდნენ მედგრად რომაელები, თუმცა უიმედოდ. ჰასდრუბალმა მძიმე კავალერია ცენტრში გაგზავნა ქვეითთა დასახმარებლად, ხოლო ნუმიდიური ცხენოსანი ჯარი გაქცეულ მტერ დაედევნა.
ყველაფერ უბედურებას ისიც დაემატა, რომ გენერალი პაულუსი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ტერენციუს ვარონი კი გაიქცა.
ორივე ფლანგზე ნამდვილი სასაკლაო გაიმართა, მხოლოდ ცენტრში იბრძოდნენ მედგრად რომაელები, თუმცა უიმედოდ. ჰასდრუბალმა მძიმე კავალერია ცენტრში გაგზავნა ქვეითთა დასახმარებლად, ხოლო ნუმიდიური ცხენოსანი ჯარი გაქცეულ მტერ დაედევნა.
ყველაფერ უბედურებას ისიც დაემატა, რომ გენერალი პაულუსი ბრძოლის ველზე დაიღუპა, ტერენციუს ვარონი კი გაიქცა.
ნუმიდიური კავალერია
ტიტუს ლივიუსის ცნობით კანეს ბრძოლაში 45 500 ქვეითი და 2 700 მხედარი დაეცა ბრძოლის ველზე რომაელთა მხრიდან. ასევე დაიღუპა ბევრი სენატორი, მათ შორის ყოფილი კონსულები გნეუს სერვილიუს გემინუსი და მარკუს მინუციუსი. ტყვედ ჩავარდა 4 500 მებრძოლი.
კართაგენელთა ზარალის შესახებ ლივიუსი ვერ გვაწვდის მონაცემებს. ერთი შეხედვით ჩანს, რომ ჰანიბალის არმიამ უმნიშვნელო დანაკარგი მიიღო, მაგრამ ჩანს, რომ ალყის შეკვრამდე რომაელ ქვეითებთან შეტაკებაში კართაგენის ქვეითი ჯარი საკმაოდ დაზარალდებოდა.
საფრანგეთის მეფე ანრი II-ს ფარი, რომელზეც გამოსახულია კანეს ბრძოლაში ჰანიბალის გამარჯვება(ალეგორიული სიმბოლო საფრანგეთის ომისა საღვთო რომის იმპერიასთან 1500-იან წლებში)
კანეს ბრძოლა სამხედრო ხელოვნების ერთ-ერთი შედევრია ტაქტიკური თვალსაზრისით. ჰანიბალმა ჩინებული მანევრები გამოიყენა რომაელთა დასამარცხებლად. ნუმიდიური კავალერიის მოჩვენებითი მოღალატეობიდან დაწყებული, რომაელთა ქვეითების ალყაში შეტყუებით დამთავრებული.
როგორც არ უნდა იყოს, კანეს ბრძოლა ერთ-ერთი ყველაზე სამარცხვინო დამარცხებაა რომის ისტორიაში, და ეს რომის ერთ-ერთი ყველაზე დიდი და საძულველი მტრის, ჰანიბალ ბარკას დამსახურებაა.
ლევან ტავლალაშვილი