კ. კაციტაძე აღნიშნავს, რომ კატაფრაქტები იბერიის სამეფოში ფარსმან I-სა და ამაზასპის დროსაც უნდა ყოფილიყვნენ და რომ, იბერიელები მათ I-VI საუკუნეებში იყენებდნენ. ასევე, სტრაბონის ცნობას ალბანელთა აღჭურვილობის შესახებ (რომელთა მსგავსი, ბერძენი ავტორის გადმოცემით, იბერიელებსაც ჰქონდათ) მიიჩნევს იმის დასტურად, რომ იბერიაში მძიმე კავალერია უნდა არსებულიყო. ამასთანავე, პლუტარქეს მიერ ლუკულუსისა და ტიგრან II-ს ბრძოლაში დასახელებულ იბერიელ შუბოსნებსაც თვლის მხედრებად და მიიჩნევს, რომ ისინიც კატაფრაქტები უნდა ყოფილიყვნენ. ამის მიზეზად მოჰყავს „მარდთა" მოისარი ცხენოსანი ჯარი, რომელთა გვერდით იდგნენ იბერები, ყველაზე „ბრძოლისჟინიანები" ტიგრანის არმიაში; რადგან მარდები მსუბუქი მხედრები იყვნენ და ეს დაზუსტებულია, იბერებს, რომლებიც შუბოსნებად არიან დასახელებულები, მძიმე კავალერიად მიიჩნევს.(37) სტრაბონის ზემოთ დასახელებული ცნობის მიხედვით არც გ. გამყრელიძე გამორიცხავს I-II საუკუნეებში ქართლსა და ალბანეთში კატაფრაქტების გამოყენებას.(38)
მიუხედავად ამ არგუმენტებისა, მკვლევარი გვერდს ვერ აუქცევს პლუტარქეს ტექსტის იმ ფრაგმენტს, სადაც ის წერს: „მათ [რომაელების] წინ მოწინააღმდეგის კავალერიის და რჩეული მეომრების უზარმაზარი მასა აღიმართა". ამ ეპიზოდში არსადაა დაკონკრეტებული, რომ იბერები აუცილებლად შუბოსნები არიან. რჩეული მეომრები კი სულაც არ არის აუცილებელი მხედრები ყოფილიყვნენ. ამას გარდა, სავსებით შესაძლებელია ცხენოსანი მარდების გვერდით ქვეითი და არა მხედარი იბერიელი შუბოსნების ყოფნა. ქვეით ჯარს ყოველთვის სჭირდება კავალერიის დახმარება, რომელიც ფლანგებიდან და ზურგიდან იცავს მას. ცხენოსანმოისარ მარდებს კი მოწინააღმდეგის დაცხრილვა, დაფანტვა და შეწუხება შეეძლოთ. როგორც ცნობილია, რომაელებს ძალიან უჭირდათ ასეთი ტიპის კავალერიასთან ბრძოლა, რაც პართელებთან და სასანელებთან ომებში კარგად გამოჩნდა. ტიგრანაკერტის ბრძოლის ეპიზოდში საგანგებოდაა გამოყოფილი ტიგრანის მძიმე, კატაფრაქტული კავალერიაც, რომელიც სომხეთის არმიის უმნიშვნელოვანესი ნაწილი იყო, მაგრამ მსგავსი რამ იბერიელების დასახელებისას არ გვხვდება. საბოლოოდ უნდა დავასკვნათ, რომ ამ ეპიზოდის მიხედვით არ ჩანს, რომ ტიგრანაკერტთან ბრძოლაში იბერიელი კატაფრაქტები მონაწილეობდნენ.
ტიგრან II-ს გამოსახულება მონეტაზე
როგორც არქეოლოგიური და დოკუმენტური მასალიდან ჩანს, ქართველებში მოკლე (სატყორცნი) და გრძელი შუბი ანტიკური ხანიდან ძირითადი იარაღი გახლდათ.(39) ამას ადასტურებს ჰეროდოტე, ქსენოფონტი, სტრაბონი, პლუტარქე, გომის სასმისის გამოსახულება და სხვა არქეოლოგიური აღმოჩენები.(40) შეგვიძლია ასეთად ჩავთვალოთ სტრაბონის ცნობა იბერიელ შუბოსნებზე. აშკარაა, რომ უფრო მეტი საფუძველი გაგვაჩნია ვიმსჯელოთ ტიგრანაკერტის ბრძოლაში იბერიელი მეომრების ქვეითად და არა მხედრად მონაწილეობაზე.
მ. წურწუმიამ დაუკავშირა ქართული თორნი ტერმინ თორნ-ეს, ისევე როგორც კლიბანარიების სახელწოდება მომდინარეობს სიტყვიდან Clibanus (ღუმელი). მისი სინონიმი არსებობს სპარსულშიც – ტანურიგ, რაც ღუმელს ნიშნავს, სიტყვა-სიტყვით კი „ღუმელის კაცს": „ცხადია, რომ „თორნი" შინაარსობრივად იგივე კონსტრუქციაა, რაც კლიბანარი და ტანურიგი. ამავე დროს ტერმინის სიძველე მიუთითებს საქართველოში ცხენის შეჯავშნის ხანგრძლივ ტრადიციაზე, რომელიც სათავეს იბერიის სამეფოში იღებს".(41) როგორც ჯუანშერი აღწერს, თავად მეფის ცხენიც აბჯრითაა შემოსილი – „აღჯდა ტაიჭსა შეჭურვილსა ჯავშნითა".(42)
რომაელი კლიბანარი
„ჯავშანი სპარსული წარმოშობისაა და სხეულის, მკერდის აბჯარს ნიშნავს. ჯავშანი, ჩვეულებრივ, ლამერალური კონსტრუქციის კირასას აღნიშნავდა. ლამერალური აბჯარია იგივე თორნი. ჯუანშერის „ცხენ-თოროსანიც" ლამერალური ტიპის აბჯრით დაფარულ ცხენს უნდა აღნიშნავდეს".(43) ის, რომ მძიმე შეიარაღება იმდროინდელ საქართველოში რეალურად არსებობდა, ამას არქეოლოგიური გათხრების შედეგად აღმოჩენილი მასალაც ადასტურებს. ცხენის აკაზმულობა, რკინის ჯაჭვის პერანგი, რკინის მუზარადი I-II საუკუნეებშია არქეოლოგიურად დადასტურებული. ლითონის ფირფიტოვანი აბჯრის ფირფიტები ელინისტური ხანის არქეოლოგიური ძეგლების გათხრების დროსაა ნაპოვნი. მაგალითად, ვანისა და საირხის ნაქალაქარზე (ძვ.წ. IV ს.), მაგრამ ზოგადად ამ ტიპის ნივთები მეტად მწირია, რაც შეიძლება იმით აიხსნას, რომ ჯავშანი ძირითადად სელის ან ტყავის იყო და ამიტომ ვერ შემოინახა მიწამ.(44) აბჯრის ნაწილები ურბნისის ნაქალაქარზეც აღმოჩნდა, იმ დამწვარ და განადგურებულ ნაგებობებში, რომელთა დაქცევის თარიღად V-VI საუკუნეების მიჯნაა მიღებული. შეიძლება ვიფიქროთ, რომ ურბნისის ეს „დაწვა და დანგრევა" V საუკუნის ბოლოსა და VI საუკუნის დასაწყისში ირანელთა ქართლში შემოსვლისა და მათთან ქართლის ლაშქრის ბრძოლის დროს მოხდა. ამ დროს საომარი ოპერაციები უმთავრესად შიდა ქართლში მიმდინარეობდა და სწორედ სამშობლოს დაცვისას დაღუპული მეომრის ჯაჭვის პერანგი შემოგვინახა მიწამ.
ლამერალური აბჯრის ფირფიტების ერთმანეთზე გადაბმის პრინციპი
(45) თუმცა, ეს არ არის ცხენის აბჯარი და ვერ გამოდგება კატაფრაქტთა არსებობის დასადასტურებლად. სავარაუდოდ, ეს ქვეითის აღჭურვილობის ნაწილი უნდა იყოს. ცხენის საშუბლე – ლითონის დამცავი ფირფიტა, რომელიც ცხენის თავს იცავდა, აღმოჩენილია ბაღლანში, ასევე, ვანის ნაქალაქარში. ასეთი ტიპის საშუბლეები უფრო მეტად გავრცელებული იყო ირანში (აღმოჩენილია ბაბაჯანში, ლურისტანში, ზივიეში), მაგრამ, სავარაუდოდ, ბაღლანში აღმოჩენილი საშუბლე ელინისტურ ხანას განეკუთვნება, ამიტომ გურამ კვირკველია მას პერგამონის ათენა ნიკეფოროს პოლიასის ტაძრის ფრიზზე გამოსახულ საშუბლეს ადარებს. აღმოსავლეთში მსგავს ცხენის საშუბლეებს უფრო საბრძოლო ეტლებისთვის განკუთვნილი ცხენებისთვის იყენებდნენ, ბერძნულ სამყაროში კი კავალერისტების აღჭურვილობაში შედიოდა. ზოგადად, ვანისა და ბაღლანის აღმოჩენები მეტყველებს დასავლეთ საქართველოში ასეთი აღჭურვილობის არსებობის შესახებ ელინისტურ პერიოდში.(46) სხვა არქეოლოგიური აღმოჩენებიდან სამხედრო თვალსაზრისით საინტერესოა თაგილონი(47), კლდეეთი(48), საირხე(49) და სხვ.(50)
კლდეეთში აღმოჩენილი ოქროს აგრაფი, რომელშიც ჩასმულია სარდიონის გემა - ჩაბალახიანი მამაკაცის პორტრეტი. სავარაუდოა, რომ მასზე გამოსახულია ადგილობრივი ქართველი დიდებული, შესაძლოა ერისთავი. (ახ.წ. II ს.)
ცხადია, რომ მძიმე აბჯარ-საჭურვლისა და კარგი შეიარაღების ქონა მხოლოდ მდიდარს და მაღალი სოციალური ფენის წარმომადგენელს შეეძლო. ქართლის ჯარში მძიმე კავალერია უნდა გამოსულიყო „წარჩინებულთაგან", რომელნიც თავისთავად საკმაოდ დიფერენცირებულნი იყვნენ („სეფეწულებად", „მთავრებად", „ერისთავებად" და სხვ.) (51) და აზნაურთა კლასს ქმნიდნენ. ამათგან ყველაზე მაღალი წრის წარმომადგენლები და მეფის უახლოესი პირები გვარდიაში – „რჩეულ მხედრებში" შედიოდნენ.(52) ამ სამხედრო არისტოკრატიის მთავარი წარმომადგენლები იყვნენ სპასპეტი ანუ შიდა ქართლის ერისთავი და სამეფოს მთავარსარდალი და დანარჩენი ერისთავები, რომლებიც სპასპეტს ემორჩილებოდნენ,(53) ეს უკანასკნელი კი მეფისგან მონიჭებული უფლებით სარგებლობდა.(54) ერისთავები ცალკეული საერისთავოების ჯარებს ხელმძღვანელობდნენ და ომის დროს სპასპეტის(55) ხელმძღვანელობით იკრიბებოდნენ. „ერისთავი" როგორც სოციალური, ისე სამხედრო თვალსაზრისით შეიძლება განვიხილოთ, რადგან ძველქართული ტერმინი „ერი", აღნიშნავს როგორც „ხალხს", ისე „ჯარსაც". თითოეული ერისთავი მიუძღვის თავის საერისთავოში შეკრებილ სამხედრო შენაერთს. ამას გარდა, გ. მელიქიშვილი თვლის, რომ პლინიუსის ცნობა სომხეთში არსებული 120 პრეფექტურის – „სტრატეგიების" არსებობა, გვაძლევს საფუძველს მივიჩნიოთ იგივე ტიპის სამხედრო-ადმინისტრაციულ ერთეულებად ქართლში არსებული „ხევები", რომელთა შორის ძველი ისტორიული წყარობის მიხედვით ზოგჯერ დიდი ტერიტორიული ოლქებიც – კლარჯეთი, კახეთი, ეგრისი, შავშეთი, სამცხე, არტაანი მოიხსენიება.(56) „ქართლის ცხოვრებაში" ჯერ კიდევ ფარნავაზის მეფობის ხანიდან ჩანს საერისთავოების ჩამოყალიბება, შემდეგში კი ვხედავთ, რომ თითოეული საერისთაო ზოგჯერ რამდენიმე ხევს აერთიანებს.(57) ასეთი მსხვილი ადმინისტრაციული ერთეულები „ქართლის ცხოვრების" მიხედვით უფრო პატარა ნაწილებად იყოფოდა. ერისთავებს ემორჩილებოდნენ მათ მიერ სხვადასხვა ადგილას დანიშნული სპასალარები და ათასისთავები. კასპში ასეთი სპასალარის არსებობის შესახებ ჯუანშერის თხზულებაში წერია.
ალანი მეომარი (V ს.)
მას გასაზრდელად აძლევენ ვახტანგ გორგასლის მცირეწლოვან დას (ვახტანგის აღმზრდელი შიდა ქართლის სპასპეტი უნდა ყოფილიყო). ეს წვრილი არისტოკრატია შესაძლოა თვითონაც ატარებდა ერისთავის ტიტულს, რასაც შეიძლება უკავშირდებოდეს ისეთი ტიტულების გაჩენა, როგორიცაა ერისთავთ-ერისთავი და ერისმთავართ ერისმთავარი – ანუ უფროსი ერისთავი. დიდ ერისთავებს ემორჩილებოდნენ ერისთავები, ციხისთავები, მამასახლისები, შესაძლოა კიდევ სხვა, ჩვენთვის უცნობი წოდების ხალხი.(58) ზოგადად, ამ ყველაფრიდან ჩანს, რომ ქართლში არსებობდა ადმინისტრაციულ-სამხედრო ტერიტორიული ერთეულები, თითოეულ მათგანს გამოჰყავდა ჯარი, რომელშიც არისტოკრატული, მძიმე ცხენოსანი ნაწილების გარდა, იყო მსუბუქი მხედრობა და ქვეითთა რაზმები. სიმონ ჯანაშია აღნიშნავს, რომ გვაროვნული საზოგადოება წარმოადგენს „სამხედრო დემოკრატიას". ხალხი და ჯარი აქ ერთმანეთისაგან განუყრელნი არიან. ყოველი ერის კაცი, ყოველი „სახლისშვილი" იმავე დროს მეომარია. „ერის კაცი" ჯარისკაცსაც ნიშნავს".(59)
ირანის შაჰის პეროზ I-ს (გამოსახულია მოცემულ მონეტაზე) წინააღმდეგ აჯანყება ვახტანგ გორგასალმა სომხებთან ერთად დაახლ. 482 წელს წამოიწყო.
ქართლის სამეფოში უნდა ყოფილიყო რეგულარული სამხედრო დანაყოფიც – მეფის გვარდია, რომელიც შესაძლოა მოქირავნე უცხოური ელემენტისგან, მაგალითად, ალანებისგან ყოფილიყო დაკომპლექტებული. გიორგი მელიქიშვილი ფარსმან II-თვის რომის იმპერატორ ადრიანეს მიერ გამოგზავნილი 50 ლეგიონერის ადგილსაც სწორედ სამეფო გვარდიის შემადგენლობაში ხედავს. გვარდიაში იყვნენ მეფის ახლობელი პირები და ნათესავები – „სეფეწულები". ისინი ამ შენაერთის შემადგენელი რაზმების მეთაურებად მსახურობდნენ.(60)
როგორც ვხედავთ, ჩვენ არ შეგვიძლია საკმარისი არქეოლოგიური თუ დოკუმენტური მასალის მოყვანა ქართლის ჯარში კატაფრაქტული კავალერიის არსებობის დასამტკიცებლად, მაგრამ არსებული მწირი ინფორმაციისა და მეზობელ ქვეყანათა სამხედრო სისტემებთან შედარებით ლოგიკურად მიგვაჩნია მისი არსებობა.
(გაგრძელება შემდეგ ნაწილში)
სქოლიოები:
(37)კახა კაციტაძე, კატაფრაქტები ძველ იბერიაში. [ელ-ვერსია: www.kalmasoba.com].
(38)Страбон (XI, 4, 4-5). ვრცლად ძველი იბერიისა და კოლხეთის შეიარაღებაზე იხ. გელა
გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში (თბილისი, 2010).
(39)ანტიკური ხანის საქართველოს არქეოლოგიურ მონაცემებში შუბისპირები, სხვა იარაღთან შედარებით, პროცენტულად პირველ ადგილზე ჩანს, რაც იმის ნიშანია, რომ იმ დროს შუბი ძირითად საბრძოლო იარაღს წარმოადგენდა. გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში, 142.
(40) იქვე, 144.
(41)წურწუმია, „ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში", 88.
(42)ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, 9.
(43)წურწუმია, „ცხენის აბჯარი შუა საუკუნეების საქართველოში", 91.
(44)გამყრელიძე გელა და სხვ., ძველი საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები (თბილისი, 2005), 142-3.
(45)ლორთქიფანიძე, ქართლი V საუკუნის II ნახევარში, 56-7.
(46)გურამ კვირკველია, „ანტიკური ხანის ცხენის საშუბლე ბაღლანიდან", ანტიკური ხანის კოლხეთის არქეოლოგიის საკითხები, დამატებანი IV (2001), 55-9.
(47)თაგილონში აღმოჩენილია ჯაჭვის პერანგისა და მუზარადის ნაწილები, მახვილის (ან
სატევრის) ვადის ოქროს გარსაკრავები, რკინის ლაგამი, სარტყლის ან ცხენის ავშარის შესამკობელი. რ. ხვისტანი, „საბეჭდავი თაგილონიდან", ძეგლის მეგობარი, 62 (1983), 36-8.
(48)კლდეეთის სამაროვანში აღმოჩენილია ახ.წ. II საუკუნის ბრინჯაოს კვერთხი, ჯაჭვის პერანგის ნაშთები, რკინის სამფრთიანი ისრისპირები, შუბისპირი, სატევრები, ცული და მახვილი, რომლის კოტას ოქროს ბუდეში ჩასმული სარდიონის გემა ამშვენებს. გ. ლომთათიძე, კლდეთის სამაროვანი ახალი წელთაღრიცხვის II საუკუნისა (თბილისი, 1957).
(49)საირხეში აღმოჩენილი ნივთები – ცულისპირები, ისრისპირები, შუბისპირები თარიღდება ძვ.წ. II - ახ.წ. II საუკუნეებით. ჯ. ნადირაძე, „არქეოლოგიური ძეგლები
საირხეში", საბჭოთა ხელოვნება, 7 (1964), 52-5.
(50)გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში, 11-2.
(51)ძველქართული და ძველსომხური წყაროებიდან ჩანს, რომ ფეოდალურ წყობაზე გადასვლის პერიოდში, IV-VI საუკუნეებში, ქართლის უმაღლესი ფენის აღმნიშვნელი ბევრი ტერმინი გაჩნდა: „ერისთავნი" (სომხ. „ნახარარები"), „მთავარნი" (სომხ. „იშხანები"), „მამასახლისნი" (სომხ. „ტანუტერები"), „პიტიახშნი", „სეფეწულნი", „აზნაურნი დიდდიდნი", „წარჩინებულნი" და ა.შ. Георгий Меликишвили, К истории древней Грузии (Тбилиси, 1959), 470.
(52)მუსხელიშვილი, „სოციალური ვითარება IV-V საუკუნეების ქართლში", ანალები, 1 (2002), 10.
(53)Меликишвили, К истории древней Грузии, 459.
(54)სპარსული წოდება პიტიახში საქართველოში ერისთავთან უნდა ყოფილიყო გაიგივებული. პიტიახშებს ჯერ პართია, შემდეგ კი სასანური ირანი ნიშნავდა, მაგრამ V საუკუნეში ჩანს, რომ ქართლში ადგილობრივი პიტიახშებიც არიან, მაგალითად, არშუშა და ვარსქენი ქართლის სამეფოს ერისთავები იყვნენ და სამხედრო ვალდებულებაც ექნებოდათ. Меликишвили, К истории древней Грузии, 459-60.
(55)სამეფო დინასტიის წევრები და ნათესავები („სეფეწულნი") უმაღლეს სახელმწიფო თანამდებობებს იკავებდნენ. იქვე, 470.
(56)იქვე, 464.
(57)იქვე, 464-465.
(58)იქვე, 465-466.
(59)სიმონ ჯანაშია, შრომები, II (თბილისი, 1952), 131. Меликишвили, К истории древней Грузии, 459-62.
(60)Меликишвили, К истории древней грузии, 467. მოსე ხორენელი წერს იბერიელ „სეფეწულებზე", რომლებიც შედიოდნენ მეფის გვარდიაში „გუნდში" და სამაგიეროდ ღებულობდნენ თავიანთ მფლობელობაში სოფლებსა და მამულებს. ფავსტოს ბუზანდი კი IV საუკუნის ქართლში მიმდინარე რეპრესიების შესახებ, რომელსაც სომეხთა სარდალი მუშეგი წარმართავდა, აღნიშნავს, რომ ეს რეპრესიები „ფარნავაზიანებს", „ნახარარებსა" და „აზატებს" შეეხო. აქედან ვხედავთ სამ პრივილეგირებულ ფენას – ფარნავაზიანებს ანუ სამეფო დინასტიის წევრებს (იგივე სეფეწულები), სამხედრო არისტოკრატიის უმაღლეს წარმომადგენლებს – ერისთავებს (სომხ. ნახარარი) და სამხედრო ფენას – აზატებს ანუ აზნაურებს. История Армении Фавстос Бузанда, Перевод и коментарии М.А. Геворгяна (Ереван, 1953), 162-3. Меликишвили, К истории древней грузии, 468.