ნიკა ხოფერია - ვახტანგ გორგასლის ეპოქის სამხედრო ისტორიის საკითხები (ნაწილი III)


ქვეითები. ირანული სამხედრო სისტემის მსგავსად, როგორ ჩანს, V საუკუნიდან ფეხოსნები არც იბერიის ჯარში არ ასრულებდნენ წამყვან როლს, მაგრამ, მიუხედავად ამისა, კავალერიის მიღწეული შედეგი მათ უნდა განემტკიცებინათ, დაეკავებინათ პოზიციები. ასევე, ფეხოსნები იღებდნენ მტრის ციხე-სიმაგრეებსაც. მათ შორის უმეტესობა მსუბუქად იყო შეიარაღებული, რადგან აბჯარ-საჭურველი ძვირი ჯდებოდა, ხოლო ღარიბებს არ შეეძლოთ დიდებულთა მსგავსად აღჭურვილიყვნენ. თუმცა, შედარებით მარტივი, მსუბუქი საჭურველი და მუზარადები ქვეით ჯარში გამორიცხული არ არის.(61) იქნებ, ამასთან დაკავშირებით უწოდა მათ ჯუანშერმა „მკვირცხლი ერისაი". მსუბუქი ქვეითი ჯარი ძირითადად შეიარაღებული იყო ხელშუბებით, მშვილდ-ისრებით, შურდულებით, შუბებითა და ფარებით.

ქვეითი ჯარი რიცხოვნობით ცხენოსანს ჭარბობდა, რადგან ადრეფეოდალურ საზოგადოებაში ჯარი ხალხის ფართო მასებისგან გამოდიოდა, სადაც ყოველი მამაკაცი სამხედროვალდებულად განიხილებოდა.(62) V საუკუნეში იმ სოციალური ფენის აღსანიშნავად, რომლისგანაც ქვეითი ჯარი და შეიძლება ნაწილობრივ მსუბუქი მხედრობაც გამოდიოდა, შეგვიძლია გამოვიყენოთ ჯუანშერის „წურილი ერი". ასეთ „წურილ ერისაგანთ" პირადი თავისუფლება ჯერ კიდევ შერჩენილი აქვთ, ისევე როგორც, სამამულე უფლებანი სათემო თუ კერძო მფლობელობის სახით; ისინი უზენაეს ხელისუფალს, მეფეს დამორჩილებული წვრილი მიწათმფლობელები არიან, ქონებრივად საშუალო და წვრილი მესაკუთრენი. „წურილი ერისგან" სოციალურ-ეკონომიკური დიფერენციაციის შედეგად აღზევებული „მსახურნი" კი, როგორც ჩანს, მსუბუქ ცხენოსან ჯარში იბრძოდნენ („სიმრავლე მხედართა").(63) დაბალი ფენის მეომართა რაოდენობა, ბუნებრივია, აღემატებოდა მცირერიცხოვან დიდებულთა ფენას და შესაბამისად მნიშვნელოვანი როლი უნდა შეესრულებინა ვახტანგ გორგასლის სამხედრო კამპანიებში.(64)
ირანელი ქვეითი (V-VI ს.)

სასანური ირანის ქვეით ჯარზე პროკოპი კესარიელი აღნიშნავს: „საცოდავ გლეხთა ბრბო, რომელიც ბრძოლაში ისეთი მიზნებისთვის თუ ერთვება, როგორიცაა კედლის საძირკვლის გამოთხრა და მკვდრების გაძარცვა, მათი მთავარი დანიშნულება კი მეომართა (ე.ი ცხენოსნის) მსახურებაა".(65) სასანიანთა ქვეითი ჯარის დიდ ნაწილს შეადგენდა პაიგანი – სახალხო ლაშქარი, შუბებითა და დიდი ფარებით აღჭურვილი. მათ შენაერთებს მეთაურობდნენ პაიგან-სალარები. პაიგანები იცავდნენ აღალს, საჭურველთმტვირთველებად ემსახურებოდნენ სავარანის (ელიტური შენაერთი) მხედრებს. ქვეითები ბრძოლის დროს მჭიდრო რიგებად იბრძოდნენ. მათი სამხედრო მომზადების დონე და საბრძოლო მორალი დაბალი იყო, რადგან ისინი არ იყვნენ რეგულარულ სამხედრო სამსახურში და მათ რიცხობრივ ოდენობასაც სამხედრო კამპანიის მასშტაბები წყვეტდა. პაიგანები განსაკუთრებით საჭირო იყვნენ ქალაქების ალყის დროს. გამორჩეულად ძლიერ ფეხოსან ნაწილებს შეადგენდნენ მიდიელები, რომლებიც ჯერ კიდევ აქემენიდების დროიდან განთქმულნი იყვნენ ქვეითი ჯარით, მეშურდულეებითა და ხელშუბოსნებით. 

დურა-ევროპოსის ნაქალაქარზე აღმოჩენილი ფრესკა (III ს.)

ირანის არმიაში მსახურობდნენ ჰეფთალითები, ქუშანები, დაილამელები, ქურთები, ანატოლიელები, ალბანელები, ასევე სომხები და იბერიელები.(66) სასანიანთა დროს ირანს ჰყავდა მძიმედ აღჭურვილი ქვეითი ჯარიც. ამიანე მარცელინუსი მათ შეიარაღებას „გლადიატორებისას" ადარებს, ზოგადად კი მათ „დურაევროპოსის" ტიპს მიაკუთვნებენ.(67) მათ ემოსათ ჯაჭვის პერანგი, მუზარადი, ჰქონდათ ფარები, მახვილები და შუბები. ირანელები განსაკუთრებით გაწაფულები იყვნენ მშვილდოსნობაში და ხელჩართულ ბრძოლაში ჩაბმას შორიდან ისრის ტყორცნას ამჯობინებდნენ.
დურა-ევროპოსში აღმოჩენილი რომაული „სკუტუმი" (ფარი), განეკუთვნება III საუკუნეს.

იბერიელ ქვეითებს ვერ შევადარებთ რომაულ-ბიზანტიურ რეგულარულ ქვეით სამხედრო ნაწილებს, რომლებიც რომის ჯარის მთავარ ძალას წარმოადგენდნენ. ისინი კარგად იყვნენ აღჭურვილები, მაღალი საბრძოლო ღირებულებაც გააჩნდათ და პირველხარისხოვანი სამხედრო ამოცანებისთვის იყვნენ განკუთვნილნი, მიუხედავად იმისა, რომ IV საუკუნიდან იმპერიის არმიაში მნიშვნელოვანი ადგილი ცხენოსანმა ნაწილებმა დაიკავეს, რაც მძლავრი კავალერიის მქონე ბარბაროსებთან ბრძოლისთვის იყო საჭირო.
მსუბუქი მხედრობა. „სიმრავლე მხედართა", რომელიც ჯუანშერის მიხედვით ვახტანგ გორგასლის ჯარის არიერგარდს შეადგენს ალანებთან ომში, მსუბუქ კავალერიას წარმოადგენდა. მათ შორის შეიძლება ვივარაუდოთ როგორც მოკავშირე მომთაბარე მხედრები, ასევე ქართლის საშუალო ფენიდან გამოსული მეომრები, რომლებსაც არ გააჩნდათ ისეთი ეკონომიკური შესაძლებლობები, როგორიც დიდებულთა ფენას ჰქონდა. ისინი უნდა ყოფილიყვნენ ძირითადად მსახურთა ფენიდან. მსუბუქ კავალერიაში იქნებოდა როგორც მშვილდოსან მხედართა ნაწილები, ასევე ხელჩართული
ბრძოლის იარაღებით აღჭურვილნიც. ჯუანშერი ალანებთან ბრძოლისთვის მომზადების შესახებ აღნიშნავს – „მუნ მიერთნენ ყოველნი მეფენი კავკასიანნი".(68) 
მომთაბარე აზიელი მხედარი, V-VI ს.

საინტერესოა, ვინ იყვნენ „მეფენი კავკასიანნი". სავარაუდოდ მათ შორის უნდა ყოფილიყვნენ ქართლის სამეფოს მთის თავისუფალი ტომები, რომელთაც ხარკის გადახდასთან ერთად სამხედრო ვალდებულებაც გააჩნდათ.(69) ამაზე მეტყველებს ისიც, რომ როდესაც ჯუანშერი ვახტანგის ჩრდილოკავკასიურ ლაშქრობაზე წერს, „მეფენი კავკასიანნი" მეფის ჯარს კამპანიის დასაწყისში (თიანეთში) უერთდებიან ანუ ისინი არ მოდიან ჩრდილოეთ კავკასიიდან და ქართველი მთიელები არიან.
ამავდროულად ჯუანშერი მიუთითებს, რომ „მეფენი კავკასიანნი" მხედრობას ახმარენ ვახტანგს – „ორმოცდაათ ათას მხედარს". რა თქმა უნდა, რიცხვი გაზრდილია, მაგრამ ჩანს, რომ საქმე ცხენოსან ჯართან გვაქვს, თუმცა მარტო ამ წყაროზე დაყრდნობით ძნელია ვიმსჯელოთ ამ ლაშქრის შემადგენლობაზე. თუ მათ შორის მოვიაზრებთ მოქირავნე და ირანის მოკავშირე მომთაბარეებს, რომლებიც როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ვარაზ-ბაკურის შეკრებილები შეიძლება ყოფილიყვნენ, მაშინ უფრო ადვილი იქნება „კავკასიელ მეფეთა" ჯარზე იმის თქმა, რომ მათი დიდი უმრავლესობა მხედრობა იყო, მაგრამ ეს პრობლემატური საკითხია და ასეთი მსჯელობის საფუძველი თითქმის არ გვაქვს. 




 ისრის სროლა ე.წ. „პართიული" წესით

ჯუანშერის მიხედვით უფრო ჩანს, რომ ეს მთის ხალხი იყო, რომელთაც სამხედრო სამსახურისთვის გამოჰყავდათ მეომრები, მაგრამ ისინი უფრო ქვეითებად შეიძლება წარმოვიდგინოთ, ვიდრე ცხენოსნებად.
„ქართლის ცხოვრების" მიხედვით, წარმატებული ის ქართველი მეფეები იყვნენ, რომლებიც ახერხებდნენ ჩრდილოკავკასიელ ხალხებთან სამოკავშირეო ურთიერთობის დამყარებას.(70) იბერიელთა და მოქირავნემოკავშირე სარმატთა და სხვა ჩრდილო-კავკასიელ ტომთა ერთობლივი, წარმატებული მოქმედების ნიმუშად შეგვიძლია მივიჩნიოთ არაქსისპირეთში ფარსმან I-ს მიერ პართელების დამარცხება, სადაც იბერთა მეფეს თავისი სამეფოს ჯარის გარდა სარმატი, ჩრდილოკავკასიელი და ალბანელი მეომრები ჰყავდა.(71)
იმპერატორ მავრიკიოსის (582-602 წ.) გამოსახულება მონეტაზე

ცხენოსან-მოისართა დანაყოფები არსებობდა ამ პერიოდის ბიზანტიურ ჯარშიც. Sagittarii, რაც ადრე ქვეით მშვილდოსნებს ნიშნავდა, ახლა ცხენოსან მოისართა სახელწოდებაც გახდა. ასეთი კავალერიის არსებობა აუცილებელი იყო ირანისა და ჩრდილოელი მომთაბარე ტომების წინააღმდეგ ომებში. საგიტარები შეიარაღებულები იყვნენ კომპოზიტური მშვილდებით.(72) VI საუკუნის სამხედრო ტრაქტატი – მავრიკიოსის „სტრატეგიკონი" აღწერს, თუ რა უნარებს უნდა ფლობდეს და როგორ უნდა მოქმედებდეს რომაული ცხენოსან-მოისართა ჯარი: „აუცილებელია მშვილდოსანი ფლობდეს რომაული ან სპარსული მეთოდით ისრის სწრაფად ტყორცნას, რაც მხედრისთვისაც საჭიროა. ცხენოსანს უნდა შეეძლოს გაჭენებული ცხენიდან ისრის ზუსტად სროლა სწრაფად და მიყოლებით, საჭიროებისას მშვილდის ჩადება კაპარჭში და შუბის მომარჯვება.(73) ამისთვის მათი მუდმივი ვარჯიში აუცილებელია".(74)
პროკოპი კესარიელის მიხედვით კომპოზიტური მშვილდით შეიარაღებული ასეთი მხედარი იმ დროის იდეალური მეომარი იყო.

სქოლიოები:
(61)იბერი მეომრებისათვის მუზარადი თავდაცვითი შეიარაღების აუცილებელ ნაწილს შეადგენდა. არქეოლოგიური მასალის მიხედვით ჩანს, რომ ელინისტურ ხანაში იბერია-კოლხეთში ქვეითთა ლითონის მუზარადები გამოიყენებოდა, ისტორიული წყაროების მიხედვით ძველ კოლხეთში ხის მუზარადებსაც იყენებდნენ, პომპეუსთან ბრძოლის დროს კი იბერიელებს ტყავის მუზარადები ეხურათ. გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერიაკოლხეთში, 142.
(62)წურწუმია, „შუა საუკუნეების ქართული ლაშქრის სოციალური შემადგენლობა და კომპლექტაცია", 95. სიმონ ჯანაშიას მიხედვით, მონათმფლობელურმა წყობილებამ საქართველოში ფეხი ვერ მოიკიდა და ვერ ჩამოყალიბდა ფორმაციად. გვაროვნული წყობილება აქ ფეოდალიზმმა ჩაანაცვლა. ჯანაშია, შრომები, II, 131.
(63)მუსხელიშვილი, „სოციალური ვითარება IV-V საუკუნეების ქართლში", 12.
(64)არმიის ძირითადი კონტიგენტი იყო სახალხო ლაშქარი – თავისუფალი მიწათმოქმედები ომში საკუთარი აღჭურვილობით გადიოდნენ. Меликишвили, К истории древней грузии, 466.
(65)Procopius, History of the Wars: Persian War, Book I, XIV (London, 1924), 22-30.
(66)ირანის ჩარევა ამ ქვეყნების საშინაო საქმეებში თანდათანობით აქტიურდებოდა. საკუთარი კურსის განხორციელება ირანმა ახალი სახის სამხედრო ბეგარით დაიწყო და V საუკუნის 40-იანი წლების დასაწყისში ქართლიდან და ალბანეთიდან ცხენოსანი რაზმები გაიწვია. ამ სამხედრო ძალას ირანის ხელისუფლება უმთავრესად შუა აზიაში წარმოებულ ბრძოლებში იყენებდა. ამიერკავკასიის ქვეყნებიდან სამხედრო რაზმების გაყვანა, გარდა ირანის შესაძლებლობათა გაზრდისა, საკუთრივ სომხეთის, ქართლისა და
ალბანეთის სამხედრო პოტენციალის შემცირებას და შესაბამისად, სასანიანთა წინააღმდეგ შესაძლო გამოსვლების შესუსტებას ისახავდა მიზნად. ირანის ხელისუფლების ცდა, გაევრცელებინა მაზდეანობა იმ სამხედრო რაზმებში, რომელნიც შუა აზიაში სასანიანთა მეტოქეებს ებრძოდნენ, მარცხით დასრულდა. მ. ლორთქიფანიძე, „ვახტანგ გორგასლის დიპლომატიური მოღვაწეობის ისტორიიდან", ქართული დიპლომატია, 1 (1994), 79-80.
(67)დურა-ევროპოსი იყო ქალაქი სირიაში. ძვ.წ. II საუკუნიდან დაპყრობილი ჰქონდა პართიას. 165 წელს რომაელებმა დაიკავეს. 256 წელს ქალაქი სასანიანებმა აიღეს. დურაევროპოსის ტაძრებისა და სასახლის კედლებზე საინტერესო მოხატულობები გვხვდება, ასევე, აქ ჩატარებულია არქეოლოგიური გათხრები, რამაც საშუალება მისცა ისტორიკოსებს ემსჯელათ როგორც ქალაქის ისტორიაზე, ასევე რომაელებისა და ირანელების საბრძოლო შეიარაღებაზე. განსაკუთრებით ეს უკანასკნელია მნიშვნელოვანი, რადგან ირანელ ქვეითთა აღჭურვილობაზე არცთუ მდიდარი მასალა გაგვაჩნია.
(68)ჯუანშერი, ცხოვრება ვახტანგ გორგასლისა, 8.
(69)Меликишвили, К истории древней грузии, 466-7.
(70)გიული ალასანია, ქართველები და ისლამამდელი თურქები (თბილისი, 2008), 22.
(71)ტაციტუსი, ანალები, VI, 34. გამყრელიძე, ომი და შეიარაღება იბერია-კოლხეთში, 168.
(72)J. C. Coulston, “Roman Archery Equipment,” in The Production and Distribution of Roman Military Equipment, Proceedings of the Second Roman Military Equipment Seminar, ed. M.C. Bishop (Oxford, 1985), 220-366.
(73)ეს ტექსტი შეესაბამება რომაული ჰიპო-ტოქსოტების აღწერილობას, რომლებსაც მშვილდ-ისრის გარდა შეიარაღებაში შუბიც ჰქონდათ.
(74)Маврикий, Тактика и Стратегия, Книга первая, глава I: Как следовало бы вести одиночное
обучение воинов (С.-Петербург, 1903). [ელ- ვერსია: www.libgen.org].