ჯარების რიცხოვნობა და „სამხედრო ეკონომიკა". ჯუანშერი ასახელებს ვახტანგის არმიის რაოდენობას – "ხოლო ვახტანგ მოუწოდა ყოველთა სპათა ქართლისადა; და შემოკრბეს ყოველნი და დაიბანაკეს მუხნარს და ხერკს, ამიერ და იმიერ არაგუსა: და იყო ასი ათასი მხედარი(75) და სამოცი ათასი ქუეითი", რასაც ემატება ვარაზ ბაკურის თორმეტი ათასი და „კავკასიის მეფეთა" ორმოცდაათი ათასი მხედარი.(76) ეს რიცხვები არ შეესაბამება არც ანტიკურობის და არც შუა საუკუნეების არმიების საშუალო და თუნდაც მაქსიმალურ სტანდარტებს. როგორც მოსახლეობის, ისე იმდროინდელი არმიების რიცხოვნობის გამოანგარიშება რთული საქმეა. ამ მხრივ დიდად მნიშვნელოვანია დემოგრაფიული ფაქტორიც.
პროფესორი ჯ. რასელი შუა საუკუნეების დემოგრაფიის კარგად შესწავლის შედეგად დაახლოებით ასახელებს ბალკანეთის, აპენინის, პირენეის ნახევარკუნძულების, დასავლეთ ევროპის სხვა ქვეყნების, სლავებისა და უნგრელების მოსახლეობის რიცხოვნობას, რაც V საუკუნის ბოლოსთვის ერთიანობაში 27,5 მილიონს ძლივს აღწევს.(77) ევროპის მოსახლეობის შემცირება განსაკუთრებით ანტონინუსების დინასტიის დროს შავი ჭირის გავრცელებას, კიპრიანის ჭირსა და III საუკუნის კრიზისს(78) უკავშირდება. კარლოს დიდის მეფობის პერიოდში ევროპელთა რიცხვი 25-დან 30 მილიონამდე მერყეობს.(79) ჰანს დელბრუკი წერდა: „ძალიან რთულია დიდი რაოდენობის ხალხის ზუსტი რიცხოვნობის დადგენა. ეს არც მთავარსარდლისთვის არის ისეთი ადვილი, როგორც ჩვეულებრივ ფიქრობენ. თითქოს ჩანს, რომ უმცროსი მეთაურების მოხსენებების მიღების შედეგად შეიძლება მეთაურითვის თავისი ლაშქრის ზუსტი რაოდენობის გაგება, მაგრამ აქ ჩნდება კითხვაც – სწორია კი ეს მოხსენებები? მეტად რთულია განსაზღვრო და მუდამ წესრიგში გქონდეს ინფორმაცია მწყობრში მყოფ, დაჭრილ, დაღუპულ თუ დათხოვილ სამხედროებზე".(80)
შუა საუკუნეების ავტორთა ციფრების სანდოობისა და იმდროინდელი არმიების რეალური სიდიდეების შესახებ ისტორიოგრაფიაში უზარმაზარი ლიტერატურა არსებობს. ამ საკითხს ჰანს დელბრუკის შემდეგ მრავალი მკვლევარი შეეხო, რომელთა ნაშრომებშიც შუა საუკუნეების ქრონიკების „საერთო ავადმყოფობის", არმიათა სიდიდის გაზვიადების ტენდენციის არსებობა არაერთხელ აღინიშნა. ხალხთა დიდი გადასახლების პერიოდში ასეთი გაზრდილი რიცხვები მრავლად გვხვდება. ამის მაგალითად შეგვიძლია დავასახელოთ ტრებელიუს პოლიონის, ამიანე მარცელინუსის და სხვა ისტორიკოსთა მონაცემები.(81)
სოსო მარგიშვილი ბიზანტიური სამხედრო ტრაქტატებისა და თანამედროვე სამხედრო ისტორიკოსთა გამოთვლების მიხედვით ადგენს, რომ ასეთი მრავალრიცხოვანი, 200 000-იანი ჯარი მოძრაობისას სამასამდე კილომეტრზე გაიშლება.(82) იმ დროის სამხედრო მართვის სისტემასა და კომუნიკაციებს თუ გავითვალისწინებთ, ნათელი გახდება, რომ ასეთი არმიის მართვა წარმოუდგენელი იქნებოდა.(83) ცხენოსანი ჯარის შემთხვევაში სამარშო კოლონის სიგრძე კიდევ უფრო გაიზრდებოდა, რადგან მარშის დროს ორ მხედარს შორის მინიმუმ 4 მეტრის დაშორება მაინც უნდა ყოფილიყო(84). ამას დაემატებოდა წარჩინებულ ცხენოსან მეომართა საზიდრები, რომელთა რაოდენობა ღარიბი ქვეითი ჯარის ჯარისკაცებისგან განსხვავებით დიდი იყო.
1436 წელს პიეტრო დონატოს მიერ გადაწერილი Notitia Dignitatum-ს ასლის გვერდები, სადაც გვიანდელი რომაული ჯარის ფარების მოხატულობაა ასახული.
მივიღებთ უზარმაზარ მანძილზე გაჭიმულ ჯარს. ასეთ დროს სწრაფი კომუნიკაცია შეუძლებელია, უცხო ქვეყანაში, განსაკუთრებით ჩრდილოეთ კავკასიაში სურსათის შეგროვება და არმიის მომარაგება თითქმის გამორიცხულია; ღრმად შეჭრის დროს ჯარის დიდი ნაწილი აუცილებელია საკომუნიკაციო გზების დასაცავად. თავს იჩენს უამრავი პრობლემა, მათ შორის დიზინტერიისა და სხვა დაავადებებისა, რომელიც ყველაზე ხშირად მრავალრიცხოვან არმიებში ჩნდებოდა. ამას გარდა, არსებობს მრავალი სხვა ფაქტორი, რაც წარმოუდგენელს ხდის ვახტანგის არმიის მრავალრიცხოვნობის რეალურობას. გასათვალისწინებელია, რომ იბერიის სამეფოს პოტენციალი, რომელიც ხშირად ხდებოდა მომთაბარე ტომებისა და მეზობელი იმპერიების რეიდების მსხვერპლი, იმ დროისთვის საკმაოდ უნდა ყოფილიყო შემცირებული. ამას გამოაკლდებოდა ის მეომრებიც, რომლებიც სამეფოს დასაცავად იყვნენ საჭირონი და მუდამ გარნიზონებად უნდა მდგარიყვნენ თავდაცვით პუნქტებში.(85)
იულიანე განდგომილის გამოსახულება რომაულ მონეტაზე (IV ს.)
გვიანდელი ხანის რომაული არმიის რიცხოვნობის დასადგენად ორგვარ შესაბამის მონაცემებს ვიყენებთ – იმ რიცხვებს, რომელსაც ლიტერატურული წყაროები გვაწვდიან და ცნობებს არმიის შენაერთების შესახებ Notitia Dignitatum-დან, რითაც ვცდილობთ არმიის რაოდენობის საერთო სურათის წარმოდგენას და ზოგადი მონაცემების დადგენას.(86) როდესაც რომის იმპერატორი იულიანე განდგომილმა თავისი კამპანია დაიწყო სასანიანთა წინააღმდეგ და დაგეგმა მათი დედაქალაქის – ქტესიფონის დაკავება, 70-80(87) ათას ჯარისკაცს მოუყარა თავი და ესეც საკმაოდ გაზრდილ რიცხვად მოჩანს. თუ რომის იმ დროინდელ მდგომარეობას განვიხილავთ, იმპერატორი ვალდებული იყო დაეტოვებინა დიდი რაოდენობით გარნიზონები, რათა მისი სპარსული კამპანიის პერიოდში საზღვრები დაცული ყოფილიყო. IV საუკუნის რომის იმპერიას კი, რომელიც ძირითადად თავდაცვაზე იყო გადასული და ძლივს აკავებდა ბარბაროსთა შეტევებს, უწევდა მუდმივად ყოლოდა Limitanei-ს ანუ როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, მესაზღვრეთა ლეგიონები, იმპერატორი კი ლაშქრობებში Comitatenses იყენებდა. ადრიანოპოლის დიდ ბრძოლაში 378 წელს იმპერატორ ვალენსის ხელქვეით მყოფი აღმოსავლეთ რომაული არმიის რიცხოვნობა 15-20(88) დან 25-30(89) ათასამდე მერყეობს.(90)
იმპერატორ ვალენსის (364-375) ბიუსტი (დაახლ. 400 წ.)
ჰანს დელბრუკი ეჭვის ქვეშ აყენებს Notitia Dignitatum-ში დასახელებულ არმიათა რიცხოვნობებს და თვლის, რომ მათი სახელწოდება და რაოდენობა ამ დროისთვის მხოლოდ ქაღალდზეღა არსებობდა, რეალურად კი ბევრად მძიმე მდგომარეობა იყო, განსაკუთრებით ლიმიტანებში, რომელთა დიდი ნაწილი გაითქვიფა და გარდაიქმნა ადგილობრივ მოსახლეობად, რომელთაც სამხედრო კამპანიის წარმოებისას და ლაშქრობებისას ვეღარ გამოიყენებდნენ.(91) III საუკუნეში რომის იმპერიის მეომართა სრული რიცხვი სახმელეთო ძალების 350 000 მეომარი და 40 000 მეზღვაური იყო, ხოლო დიოკლეტიანესა და კონსტანტინეს დროს ნახევარ მილიონამდე მიაღწია. თუმცა ერთდროულად, ერთი კამპანიისათვის გაცილებით ნაკლები რიცხვის ჯარისკაცების თავმოყრა ხერხდებოდა. ჯარის დასახელებული რაოდენობა იმპერიის უზარმაზარი ტერიტორიისათვის რეალურია, მაგრამ კონკრეტული სამხედრო კამპანიის საწარმოებლად ბევრად ნაკლები ძალის მობილიზება იყო შესაძლებელი. 50 000 მეომარი უზარმაზარ არმიას წარმოადგენდა და რომის იმპერატორებს ძალიან უჭირდათ ასეთი ძალის თავმოყრა. უკვე IX-X საუკუნეებში კი ბიზანტიაში საიმპერატორო არმიის სტანდარტული სიდიდე 24 200 მეომრისგან შედგებოდა.(92)
ბიზანტიელი ქვეითი მეომარი (VI ს.)
სომხებსა და სასანიანებს შორის ავარაირთან მომხდარ ბრძოლაში, ბევრი წყარო ზღაპრულად დიდ რიცხვებს(93) გვაწვდის, მაგრამ თანამედროვე გამოკვლევების შედეგად ეს რიცხვები შემცირდა და რეალურს მიუახლოვდა.(94) პროკოპი კესარიელის მიხედვით ირანული წესის მიხედვით ომში მიმავალი არმია მეფის წინ ჩაივლიდა, რომლის წინაც ბევრი კალათა იდგა. თითოეული ჯარისკაცი ერთ ისარს აგდებდა კალათში, რის შემდეგაც კალათებში ჩაყრილ ისრებს თვლიდნენ. როდესაც ჯარი ბრუნდებოდა ლაშქრობიდან, ისევ ჩაივლიდა მეფის წინ დალაგებულ კალათებთან და თითოეული ერთ ისარს ამოიღებდა. დარჩენილი ისრების რაოდენობით საზღვრავდნენ სამხედრო დანაკარგებს. ჯარის რიცხოვნობის გამოთვლის ეს წესი დელბრუკმა ფანსტასტიკად და არარეალურად მიიჩნია.(95) ირანული არმიების რაოდენობრივი მაჩვენებლები არცთუ ბევრი გვაქვს და უმეტესობა VI საუკუნისა და VII საუკუნის პირველი ნახევრისაა, როდესაც სასანელები ისლამურ ხალიფატს ებრძოდნენ.
ბიზანტიის წინააღმდეგ სატალასთან გამართულ ბრძოლაში მერმეროეს 30 ათასამდე ჯარისკაცი ჰყავდა.(96) ვალაჯის გადამწყვეტ ბრძოლაში 633 წელს ირანელებს 40 ათასი მეომარი უნდა ჰყოლოდათ.(97) ირანელთა დაუძინებელი მტრების, ჰეფთალითებისა და კიდარიტების სამხედრო ძალები სხვადასხვა, მათ შორის ჩინური წყაროების მიხედვით დაახლოებით 6 ათას მეომარს უტოლდებოდა, მაგრამ ასეთი რაოდენობის ჯარი საკმარისი აღმოჩნდა, რომ სასტიკად გაენადგურებინა სასანიანი შაჰები იეზდიგერდ II და პეროზი.(98)
ავარი მხედრები (VI-VIII ს.)
რთულია ადრეფეოდალური პერიოდის მომთაბარე ტომთა ჯარის რაოდენობის განსაზღვრაც, რომლებთანაც ქართველებსაც ხშირად უწევდათ დაპირისპირება. ისტორიული წყაროები მათ უზარმაზარ რიცხვზე საუბრობენ, მაგრამ როგორც ჩანს, არც ეს შეესაბამება სიმართლეს. ავართა მომთაბარე ტომისა და ბიზანტიის ჯარს შორის ბრძოლა ვიმინაციუმთან 599 წელს ავართა სასტიკი მარცხით და თითქმის სრული განადგურებით დასრულდა და მათ 28 000 მეომრამდე დაკარგეს.(99) მომთაბარეთა რიცხოვნობების შესაფასებლად მნიშვნელოვანია იმ ფაქტორის გათვალისწინება, რომ ყველა მოზრდილი მომთაბარე მეომარი ან პოტენციური მეომარი იყო, როდესაც ცივილიზებულ სამყაროში სამხედრო საზოგადოება მთელი მოსახლეობის მცირე ნაწილს შეადგენდა. ერთიანი რაოდენობით მომთაბარეები ბევრად ჩამორჩებოდნენ მუდმივმოსახლე ხალხებს, მაგრამ პროცენტულად სამხედრო მობილიზაციისას მეტი მეომრის გამოყვანა შეეძლოთ.(100) გადამწყვეტია ცხენების ფაქტორიც: მესაქონლე მომთაბარეებისთვის ყოველთვის მნიშვნელოვანი იყო ისეთ ტერიტორიაზე დასახლება, სადაც კარგი საძოვრები იყო – ასეთი კი სტეპები გახლდათ.
ჯარის გამოსაყვანად და მის შესანარჩუნებლად გვიან ანტიკურ ხანაში, ისევე როგორც ნებისმიერ სხვა ისტორიულ ეპოქაში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური სახსრები, კომუნიკაციის სისტემა და მომარაგება იყო საჭირო. მიუხედავად იმისა, რომ მეომარი ძირითადად თავად იმარაგებდა იარაღს, ტანისამოსს და ზოგჯერ მცირეოდენ სურსათსაც, ხანგრძლივ კამპანიებს ერთიანი მომარაგება და დიდი ფინანსური სახსრები სჭირდებოდა. მეომართა შესანახად გარკვეულ როლს თამაშობდა სამხედრო ნადავლი, ადგილზე შეგროვებული სანოვაგე და მტრის დამარცხების შემთხვევაში ფულადი კონტრიბუცია.
ჰუნები (V ს.)
მტრისგან სარგებლის მიღების ყველაზე გავრცელებული ფორმა ნადავლის სახით წაღებული სიმდიდრე იყო, რაც იმ ეპოქაში როგორც მატერიალურ, ისე ადამიანურ რესურსებს გულისხმობდა. ომის გზით ეკონომიკური რესურსების მიღების უფრო ხანგრძლივი გზა კი ტერიტორიების დაპყრობა და დაპყრობილი ხალხებისთვის გადასახადების დაწესება იყო, თუმცა ასეთ შემთხვევაში დამატებითი თანხების გაღება გახდებოდა საჭირო იმ გარნიზონებისთვის, რომელთაც დაკავებული მიწის დაცვა და შენარჩუნება ევალებოდათ.(101) მომთაბარე ჰუნები, ალანები და სხვა ტომები ნადავლის
სახით მოპოვებულ სიმდიდრეს ანიჭებდნენ უპირატესობას, რადგან მათი მომთაბარული ცხოვრების წესი, თავდაცვითი არქიტექტურის წინააღმდეგ ბრძოლის არცოდნა და ძლიერ პოზიციებზე მდგარ, მომზადებულ მტერთან შეტაკება არცთუ სახარბიელოდ ეჩვენებოდათ. მათი ტაქტიკა გულისხმობდა მოულოდნელ, სწრაფ თავდასხმას დაუცველ ადგილებზე, ძარცვას, ნადავლის მოგროვებას და შემდეგ თავიანთ სტეპებში ისე დაბრუნებას, რომ მტერს არ მოესწრო არმიის შეკრება და მათი ბრძოლაში ჩათრევა. სპარსელები განსაკუთრებით დიდ ყურადღებას უთმობდნენ მტრის ტერიტორიიდან რაც შეიძლება დიდი ნადავლის წაღებას, ბრძოლაში გამარჯვების შემდეგ კი დიდი რაოდენობით ტყვეების აყვანას, რომელთაც ირანში ასახლებდნენ სამშენებლო და სხვა სახის საქმიანობაში გამოსაყენებლად. საბოლოოდ, რა შეგვიძლია ვთქვათ ვახტანგ გორგასლის მეფობის პერიოდის ქართლის სამხედრო პოტენციალზე? სამწუხაროდ არც არქეოლოგიური და არც დოკუმენტური მასალა არ გვაძლევს იმის საშუალებას, რომ ამ საკითხზე ფართოდ ვიმსჯელოთ. ჯუანშერთან დასახელებული ფანტასტიკური რიცხვები ამისთვის არ გამოგვადგება, ლაზარ ფარპეცთან კი ჩანს, რომ ქართლს მცირერიცხოვანი ჯარი ჰყავს. ვახტანგ გორგასალი მხოლოდ ჰუნებისა და სომხების იმედზეა და ვერ ბედავს ირანელ სარდლებთან მიჰრანსა და არტნარსეჰთან შებრძოლებას. ფარპეცის მიხედვით ვაჰან მამიკონიანი მხოლოდ იმიტომ თანხმდება ვახტანგის წინადადებას აჯანყების ერთობლივად დაწყებასთან დაკავშირებით, რომ ქართლის მეფე პირდება ჩრდილოეთ კავკასიიდან ჰუნების მრავალრიცხოვანი ჯარის გადმოყვანას.
XV საუკუნის სომხურ მინიატურებზე ასახული ავარაირის ბრძოლის სცენები
„ცალკე ქართლი სუსტი ქვეყანაა და მხედრობით მცირერიცხოვანი,"(102) – ასე აფასებს ქართლის ძალას ლაზარ ფარპეცი. გასათვალისწინებელია სხვა ფაქტორებიც, კერძოდ, ეკონომიკურად არცთუ კარგი მდგომარეობა – ხარკი ირანისთვის, ჰუნებისა და ალანების შემოსევები, საერთაშორისო ვაჭრობის შეწყვეტა, მონეტის მოჭრის შეჩერება და სხვა. ფარპეცის წყაროდან ნათლად ჩანს, რომ გავლენიან დიდებულთა ნაწილი არ ემორჩილება ვახტანგის ძალაუფლებას, განსაკუთრებით გოგარენეს პიტიახშები(103) ქმნიდნენ ამგვარ პრობლემას. მიუხედავად იმისა, რომ V საუკუნის 80-იან წლებში ვახტანგი ახერხებს ვარსქენ პიტიახშის თავიდან მოცილებას, დაწყებული აჯანყების სასტიკი მარცხის ერთ-ერთი მიზეზი არამარტო ჰუნების გადმოყვანის უშედეგო მცდელობა იყო, არამედ დიდებულების ღალატიც. ასეთ პირობებში ძნელი წარმოსადგენია ქართლის მეფე მძლავრი ლაშქრის სათავეში. თუ მეფეს ჰყავდა საკუთარი გვარდია, ეს მისი საუკეთესო ძალები უნდა ყოფილიყო, მაგრამ რეგულარულად ასეთი შენაერთის შენახვა ეკონომიკურად დასუსტებულ სახელმწიფოს გაუჭირდებოდა. ქვეითები შედარებით დიდი რაოდენობით იქნებოდნენ წარმოდგენილნი, მაგრამ მათ ნაკლები საბრძოლო ღირებულება გააჩნდათ, ვიდრე მძიმედ აღჭურვილ დიდებულებს. ლ. ჯანაშიას მიხედვით ამ დროისთვის ყალიბდებოდა ახალი საზოგადოებრივი ფენა „ტაძრეულები" (სპარს. Tacara – სასახლე) – მსახურეულის პრივილეგირებული ფენა,(104) რომელთაც ქვეითებზე უკეთესი შეიარაღება ჰქონოდათ და ცხენოსან ჯარში მსახურობდნენ, თუმცა V საუკუნეში მხოლოდ მათი გენეზისი მიმდინარეობდა. რაც შეეხება მოქირავნე ჯარს, ეს დამოკიდებული იყო ქვეყნის ეკონომიკურ მდგომარეობაზე, როგორც ზემოთ აღვნიშნეთ, ამ მხრივ V საუკუნეში იბერია არცთუ ძლიერი გახლდათ, ამიტომ მრავალრიცხოვან მოქირავნე ნაწილებს ვერ ვივარაუდებთ. ჯუანშერის აღწერილ ჩრდილოკავკასიურ ლაშქრობაშიც კი, მიუხედავად მისი ნახევრადზღაპრულობისა, იკვეთება, რომ ვახტანგის ძალების საკმაოდ დიდ ნაწილს ვარაზ-ბაკურის ირანული ნაწილები და მოკავშირე „მეფენი კავკასიანნი" შეადგენენ. ფარპეცის მიხედვით ჩანს, რომ ვახტანგს სამასამდე მოკავშირე (ან მოქირავნე) ჰუნი ჰყავდა. ეს ჯარი იმდენად მნიშვნელოვანი იყო მისთვის რომ, როდესაც ისინი დროებით სომხებს გაუგზავნა, რათა დაერწმუნებინა ისინი დანაპირები ჰუნების გადმოყვანაში, მალევე მოითხოვა მათი უკან დაბრუნება. მოყვანილი ფაქტებით შეგვიძლია განვსაზღვროთ ქართლის სამხედრო პოტენციალი, როგორც საკმაოდ მცირერიცხოვანი. ასე რომ, ლაზარ ფარპეცის მიერ ქართლის მხედრობის სისუსტის აღნიშვნა, თითქმის ზუსტად მიგვაჩნია. თუ ზემოთ აღნიშნულ რიცხოვნობებს და ეპოქის შესაბამის ჯარის გამოყვანის სისტემებს გადავხედავთ, შეგვიძლია ქართლის სამხედრო პოტენციალი დაახლოებით 20 ათას მებრძოლამდე ვივარაუდოთ.
სქოლიოები:
(75)ცნობისთვის, ირანის არმიის მხოლოდ 1/10 იყო მძიმე კავალერია. Франко Кардини, Истоки Средневекового Рыцарства. [ელ-ვერსია: www.libgen.org]. ეს მონაცემები ეწინააღმდეგება კ. კაციტაძის რიცხვსაც, რომელიც თვლიდა, რომ იბერიის ჯარში 4-5 ათასი კატაფრაქტი იქნებოდა. კახა კაციტაძე, კატაფრაქტები ძველ იბერიაში. სასანიანთა ირანს თავისი ძლიერების ზენიტში 12 000-მდე ცხენოსანი ჯარი უგროვდებოდა, რომლის მნიშვნელოვან ნაწილს კატაფრაქტები წარმოადგენდნენ, მაგრამ 4-5 ათასი კატაფრაქტი პატარა და მცირერიცხოვანი ელიტის მქონე ქვეყნისთვის დიდ რიცხვად ჩანს.
(76)ამ რიცხვებს გაზვიადებულად თვლის ჯ. შარაშენიძეც, თუმცა ფიქრობს, რომ ეს მონაცემები მნიშვნელოვანია, რადგან კარგად ჩანს ამ ეპოქაში საგარეო ომებში ცხენოსანთა რაოდენობრივი სიმრავლე ქვეითებთან შედარებით. ჯემალ შარაშენიძე, ომებიადა (თბილისი, 2011), 170.
(77)Josiah C. Russell, “The Middle Ages: Population in Europe,” in The Fontana Economic History of Europe, ed. Carlo M. Cipolla, vol. I (Glasgow, 1972), 25-71.ბალკანეთი – 5, იტალია – 4, ესპანეთ-პორტუგალია – 4, საფრანგეთი (და დას. ევროპის მცირე ქვეყნები) – 5, ბრიტანეთის კუნძულები – 0,5; გერმანია-სკანდინავია – 3,5; სლავები – 5, უნგრეთი – 0,5 მილიონი.
(78)მესამე საუკუნის კრიზისი – პერიოდი, როდესაც რომის იმპერიაში ერთდროულად მოხდა მრავალი დამანგრეველი მოვლენა – შავი ჭირი, სამოქალაქო ომები და ბარბაროსების შემოსევები. კრიზისის საწყისად ითვლება იმპერატორ ალექსანდრე სევერუსის (222-235) მკვლელობა, რასაც 50 წლიანი შინააშლილობა მოჰყვა, რადგან ამ დროში 20-25 პრეტენდენტი იბრძოდა საიმპერატორო ძალაუფლებისთვის. ამავე დროს იმპერიას გამოეყო გალია და ბრიტანეთი პოსტუმუსის (260-69) მეთაურობით, ასევე პალმირა – სირიის, ეგვიპტისა და პალესტინის პროვინციებით. იმპერატორმა ავრელიანემ (270-75) კვლავ გააერთიანა იმპერია, კრიზისს კი ბოლო დიოკლეტიანეს რეფორმებმა (285-305) მოუღო.
(79)Russell, “Population in Europe,” 25-71.
(80)Г. Дельбрюк, История военного искусства в рамках политической истории, Том I (Санкт- Петербург, 2001), 1688.
(81)იქვე.
(82)100 ათასი ქვეითის და 100 ათას ცხენოსნის კოლონა 137-150 კილომეტრზე გაიჭიმებოდა, არმიის საზიდრების გათვალისწინებით კი სამარშო კოლონის სიგრძე 267-300 კმ მიაღწევდა. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 244.
(83)იქვე.
(84)იქვე.
(85)ჩრდილოეთ კავკასიის გადმოსასვლელები, ეგრისის საზღვარი, ირანის ხელში მყოფი ალბანეთის სასაზღვრო ზოლი.
(86)A. D. Lee, War in Late Antiquity: A Social History (Oxford, 2007), 74.
(87)G. W. Bowersock, Julian the Apostate (Cambridge, 1978), 108. ა. ლი იულიანეს არმიის რაოდენობას 65 000 მეომრით განსაზღვრავს. Lee, War in Late Antiquity, 76.
(88)MacDowall, Adrianopole, 59. IV საუკუნისთვის საველე არმიები 15-დან 30 ათასამდე მეომარს მოიცავდნენ. Lee, War in Late Antiquity, 76.
(89)Stephen Williams, J. G. P. Friell, Theodosius: The Empire at Bay (New Haven, 1995), 177.
(90)ვალენსმა შეკრიბა საუკეთესო არმია, რაც კი შეიძლებოდა გამოეყვანა. მიუხედავად ამისა, დამარცხდა ამ ქაოტურ ბრძოლაში და გარდაიცვალა. John Keegan, A History of Warfare
(New York, 1993), 185.
(91)Дельбрюк, История военного искусства в рамках политической истории, Том I, 1713-4.
(92)Два Византийских Военных Трактата конца Х века (СПб, 2002), 237. X-XI საუკუნეებში ბიზანტიამ მხოლოდ ერთხელ, მანასკერტის ბრძოლის დროს შეძლო უფრო დიდი არმიის
ორგანიზება, რომლის რაოდენობაც 40-60 ათასი მეომრის ფარგლებში ივარაუდება. მარგიშვილი, მითები და რეალობა დავით აღმაშენებლის მეფობის შესახებ, 240; John France, Victory in the East: A Military History of the First Crusade (Cambridge, 1994), 152.
(93)თითქოს 120 000 სასანიანი მეომარი საბრძოლო სპილოებით და 20 000 სომეხი მოკავშირე ებრძოდა 66 000 აჯანყებულ სომეხს, რომელთაც ვარდან მამიკონიანი სარდლობდა. Егише, О Вардане и войне армянской, перевод с древнеармянского акад. И.А. Орбели, подготовка к изданию, предисловие и примечания К.Н. Юзбашяна (Ереван, 1971), гл. 5.
(94)Simon Payaslian, The History of Armenia: From the Origins to the Present (New York, 2007), 44.სასანურ ირანს ამ დროისთვის 12 000-იანი ჯარი ჰყავდა, 578 წელს კი საერთო ჯამში 58 000-მდე მეომრის გამოყვანის პოტენციალი გააჩნდა, რაც გამორიცხავს ბრძოლის ველზე ერთბაშად ამდენი მეომრის თავმოყრას. A. Sh. Shahbazi, “Army i. Pre-Islamic Iran,” Encyclopaedia Iranica, Vol. II, Fasc. 5 (1986), 489-99.
(95)Дельбрюк, История военного искусства в рамках политической истории, Том I, 1688-9.
(96)Geoffrey Greatrex and Samuel N. C. Lieu, The Roman Eastern Frontier and the Persian Wars, Part II: AD 363-630 (London, 2002), 88-91.
(97)A. I. Akram, The Sword of Allah, Khalid bin al-Waleed: His Life and Campaigns (Karachi, 1970), 62.
(98)E. Chavannes, Documents sur Les Tou-kiue (Turcs) occidentaux (Paris, 1903), 223.
(99)J. B. Bury, A History of the Later Roman Empire, From Arcadius to Irene, 395 A.D. to 800 A.D. (London, 1889), 140-1.
(100)Hugh Kennedy, John Keegan, Mongols, Huns and Vikings: Nomads at War (London, 2002), 18-9.
(101)Lee, War in Late Antiquity, 102.
(102)ჯანაშია, ლაზარ ფარპეცის ცნობები საქართველოს შესახებ, 246.
(103)გოგარენე ქართლის სამეფოს შემადგენელი ვრცელი ტერიტორია იყო და მისი მმართველი პიტიახშები უძლიერესებად ითვლებოდნენ ერისთავთა შორის. ქართლის სამხედრო პოტენციალს ძალიან დაასუსტებდა გოგარენეს განდგომა. ქართლის დასუსტების ხანაში ძვ.წ. II - ახ.წ. I ს. პირველ ნახევარში სომხეთის სამეფოთა დამაარსებლებმა არტაქსიამ და ზარიადრემ იბერიას სამხრეთი პროვინციები ხორზენე და გოგარენე წაართვეს; მანამდე, აპოლოდორის ცნობით, სომხეთ-საქართველოს არაქსი ჰყოფდა. ჯანაშია, შრომები, II, 176.
(104)საქართველოს ისტორიის ნარკვევები, ტ. II, 108.
Army organization and administration in the early Medieval
Georgia: The era of Vakhtang Gorgasali
Nika Khoperia
Summary
King Vakhtang Gorgasali was the last great ruler of Iberia and the most influential political and military figure in the southern Caucasia in the second half of the fifth century. Precise dates of Vakhtang’s reign are still debated, with Ivane Javakhishvili assigning them to c. 449-502, Vakhtang Goiladze referring to Vakhtang’s death in 482 and Cyril Toumanoff suggesting 447-522.
Vakhtang Gorgasali’s era remains popular with researchers and hence the numerous works on this period. Yet, very few existing studies concentrate on military history, which remains largely ignored. One of the challenges of studing military history of this period lays in the absense of sufficient archeological and primary sources. Existing foreign sources are not always helpful in understanding local realitiy in Iberia. Nevertheless, in this paper, we have attempted to gather and reconcile all available evidence and sources related to the fifth century military history of Iberia. Among these sources the most important is Juansher’s Life of Vakhtang Gorgasali (LVG). Juansher’s work contains numerous details on Vakhtang’s campaigns, including his conquest of North Caucasus and campaigns against the Byzantines and the Sassanids. Yet it also contains numerous flaws and exaggerations and requires careful textual analysis.
Another important source is the fifth century Armenian chronicler Ghazar Parpetsi’s History of Armenia, which contains interesting insights about the rebelion of Iberia and Armenia against the Sassanid Empire in 482. Vakhtang Gorgasali led this rebellion and Parpetsi offers a fascinating portrait of the Iberian king, his diplomacy and relationships with Armenians and Huns, as well as details about Iberia’s military potential and the course of the anti-Sassanid rebellion. We have also consulted other medieval chronicles, including Moses of Chorene’s History of Armenia and Georgian hagiographies – Martyrdom of Saint Shushaniki, Life of Assyrian saints, Martyrdom of Abo Tfileli and life of Gobron that do not directly discuss military events but contains crucial details pertaining to political history of the early medieval Iberian kingdom.
For the study of military history in antiquity and the early medieval ages and to compare Persian, Byzantine and nomad people (Alans, Huns and etc.) warfare to Iberian, we have used primary and archeological sources, for example Emperor Maurice’s Strategikon, Procopius’s De Bellis, Ammianus Marcellinus, Res Gestae, Yeghishe Vardapet’s History of Vardan and the Armenian War for the episodes of Armenian military history. All that works are very important to understand the art of war in the late antiquity period.
In examining Iberian armament of late antiquity, we must rely on archeological evidence from Kldeeti, Balghani, Tagiloni, etc. that include a variety of spears, swords, arrows and other weapons employed by Iberian infantrymen and horsemen. Yet, there still remains a challenge of exploring heavy cavalry equipment, most notably that of the Iberian cataphracts. The use of cataphracts in Iberia is a subject of continues debate because there are no reliable evidence to support it. In describing Vakhtang Gorgasali’s campaign in North Caucasus, LVG offers a sufficiently detailed account of battle against the Alans, which describes armour and tactics of the first line of the Iberian army that resemble those of the Cataphracts. Horse armour and some types of mail and lamellar armour had been discovered in various parts of Georgia. This type of armour was used mainly by the Iberian aristocracy (Pitiakhshi, Sepetsuli, Spaspeti, Eristavi and etc.) because it was too expensive for levies (Tsurili eri) and servants (Msakhureuli), who served as light infantry and light cavalry. According to medieval chronicles, heavy cavalry was the main attacking power of the Iberian army and fought in the first ranks. This tactic resembles Roman and Sassanid cataphract tactics which were used in many battles of early medieval age.
Kings of Iberia also had a royal guard – Rcheuli Mkhedrebi. According to G. Melikishvili, members of the royal family – Sepetsuli must be a commanders of royal guard. Other units of Iberian army – light horseman (Simravle Mkhedarta) and infantry (Mkvirckhli erisai) were armed only with slings, spears, daggers, axes and bows. They wore no armour except shields, probably of round or quadrangular shapes. According to Juansher, light infantry fought in the second rank of Iberian army and attacked in the wake of heavy cavalry, whose mission was to penetrate and break enemy lines; light cavalry was probably used to protect flanks. Infantry represented the largest part of the Iberian army, followed by the msakhureuli light cavalry, while heavy cavalry accounted for a smallest share. According to LVG, Vakhtang Gorgasali’s forces counted more than 160 thousand soldiers but this claim is clearly exaggerated. Iberian state faced major logistical and communication challenges and according to Ghazar Parpetsi Iberia was a weak realm with limited military potential. In contemplating rebellion against Iran, Vakhtan was compelled to solicit help of the Huns and Armenians and the former’s failure to arrive to the battlefield resulted in the defeat of the combined Armeno-Iberian forces. In conclusion, if we analyse all of the historical data what we have about 4th-6th centuries AD and military systems of Early Middle Ages, we can get full military potential of Iberia between 15-20 thousand soldier.