დასავლეთ იორდანიაში მდებარე კერაკი, იგივე ალ-კარაკი ჯვაროსნული ლაშქრობების პერიოდის ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი და მძლავრი სიმაგრე იყო ლევანტის ქვეყნებში, რომლის დაკავებას როგორც ქრისტიანი, ისე მუსლიმი მეთაურები ცდილობდნენ, რათა მიმდებარე რეგიონზე თავიანთი ძალაუფლება განემტკიცებინათ.
კერაკის ტერიტორია უძველესი დროიდან იყო დასახლებული და ის ბიბლიაშიც კი მოიხსენიება როგორც იორდანიაში მოსახლე მოაბელი ხალხის(1) დედაქალაქი - `კირ მოაბი"(მოიხსენიება სხვა სახელებითაც - კირხარ, კირ, კირ-ჰარესეთ, კირ-ჰერეს). ის ეგვიპტისა და სირიის დამაკავშირებელ საქარავნო გზაზე მდებარეობდა. ბიბლიის მიხედვით, დაახლ. ძვ.წ. IX საუკუნეში იუდეისა და ისრაელის სამეფოთა ჯარებმა და მათმა მოკავშირე ედომელებმა დალაშქრეს მოაბი და ალყა შემოარტყეს კირხარს (კერაკს). ძვ.წ. VIII საუკუნეში ასურეთის მეფე ტიგლათფილასარ III-მ დამასკოს არამეული სამეფოდან წამოყვანილი ტყვეები კირხარში ჩაასახლა. ძვ.წ. IV საუკუნეში ალექსანდრე მაკედონელის დაპყრობების დროს, კერაკი კვლავ მნიშვნელოვან პუნქტად რჩებოდა (ამ დროისთვის ცნობილი იყო როგორც `ხარხა"). ახ.წ. 105 წელს ქალაქი აიღეს რომაელებმა და უწოდეს `კარაკმობა" - მოაბის დამცველი ციხე. 295 წელს, როდესაც რომაელებმა პალესტინა სამ ნაწილად - Palestina
Prima, Palestina Secunda და Palestina
Tertia-დ დაყვეს, კერაკი მესამე ნაწილში მოხვდა. 636 წელს კერაკი არაბებმა წაართვეს აღმოსავლეთ რომის იმპერიას (ბიზანტიას).
ანტიკური პალესტინის რუკა
აღმოსავლეთ ხმელთაშუა ზღვისპირეთი XII ს. შუა ხანებში
არც ბიზანტიელთა და არც არაბთა მმართველობის დროს კერაკი არ წარმოადგენდა აუღებელ ციხესიმაგრეს, მძლავრი კედლებით დაცულ, მიუდგომელ ბასტიონს. ასეთი ის მხოლოდ XII საუკუნეში გახდა, როდესაც ევროპელებმა ჯვაროსნული ლაშქრობები დაიწყეს და მუსლიმებს ლევანტის ქვეყნები - პალესტინა და სირია წაართვეს. 1142 წელს პაიენ დე ბუტეილერმა, იერუსალიმის მეფის ფულკ V-ს სასახლის მმართველმა და ტრანსიორდანიის (Oultrejordain) მმართველმა, დაიწყო კერაკის ციხესიმაგრის მშენებლობა.(2) ჯვაროსნებმა მას კრაკ დე მოაბი (Crac des Moabites) დაარქვეს. მშენებლობა 20 წლის განმავლობაში მიმდინარეობდა და 1161 წელს დასრულდა.(3) ტრანსიორდანიაში კერაკი გახდა უფრ მნიშვნელოვანი ციხესიმაგრე, ვიდრე კრაკ დე მონრეალი, რომელიც იდუმეაში, კერაკის სამხრეთით, ჯერ კიდევ 1115-16 წლებში იერუსალიმის მეფე ბალდუინ I-მა ააშენებინა. კერაკს მნიშვნელოვანი სტრატეგიული პოზიცია ეჭირა და აკონტროლებდა დამასკოსა და კაიროს სავაჭრო გზებზე ქარავნების მოძრაობას, ასევე მექასთან მიმოსვლას. კერაკი შევიდა ჯვაროსანთა ციხესიმაგრეების იმ ჯაჭვში, რომელიც ეგვიპტიდან მცირე აზიამდე იყო გადაჭიმული და იცავდა იერუსალიმის სამეფოსა და მის ვასალ ქრისტიანულ სამთავროებს თურქთა შემოტევებისგან. ასევე ეს სიმაგრეები გამოიყენებოდა ერთგვარ საფოსტო სადგურებად და თითოეული ციხისთავი საჭირო ინფორმაციას მალემსრბოლების საშუალებით სწრაფად გადასცემდა მეორეს, მეორე მესამეს და მოკლე დროში ქრისტიანები ახერხებდნენ მტრის წინააღმდეგ დარაზმვას.
ბალდუინ I-ს კორონაცია
პაიენ დე ბუტლერის მემკვიდრეებმა მორისმა და ფილიპე ნაბლუსელმა, შემდეგში ტამპლიერთა რიგით მეშვიდე დიდმა მაგისტრმა, დამატებითი კოშკებითა და თავდაცვითი ნაგებობებით გაამაგრეს კერაკი ჩრდილოეთ და სამხრეთ მხარეს. ასევე დაამატეს ორი ღრმა თხრილი (სამხრეთ თხრილი წყლის დიდ რეზერვუარს წარმოადგენდა). ფილიპე ნაბლუსელი, რომელიც მოიხსენიება იერუსალიმის ქართული სავანის - ჯვრის მონასტრის აღაპებშიც (ფილიპე, ელისაბედ, ელენე, სტეფანე, მ’მაი ელისაბედისი ოდი და დედაი მაბილა და პაპი ფილიპესი გ’ი) 1144 წელს ედესის დასახსნელად გაგზავნილი არმიის ერთ-ერთი მეთაური იყო, 1148 წელს დამასკოზე შეტევის დაგეგმვაში მონაწილეობდა, 1153 წელს ასკალონის ალყაში, 1157 წელს ბანიასის გამოხსნაში და იერუსალიმის მეფე ამორის კამპანიებში ეგვიპტის წინააღმდეგ (1164, 1167, 1169).(4) აღაპში მოხსენიებული ელისაბედი იყო ფილიპეს მეუღლე იზაბელა, რომლისგანაც სამი შვილი - რაინერი, ელენა და სტეფანია ჰყავდა. 1166 წელს, სავარაუდოდ მეუღლის გარდაცვალების შემდეგ, ფილიპე ტამპლიერთა ორდენში შევიდა, 1169 წელს კი ორდენის დიდ მაგისტრად აირჩიეს. 1171 წელს გადადგა მაგისტრობიდან და კონსტანტინოპოლში იერუსალიმის მეფის მისიით გაემგზავრა. როგორც ჩანს იგი ამ პერიოდში გარდაიცვალა.(5) ფილიპეს ქალიშვილი სტეფანია სამჯერ იყო გათხოვილი - ჰამფრი ტორონელზე, მილ დე პლენსიზე და რენო დე შატილიონზე(ფრ. Renaud de Châtillon).
ჯვაროსნული ორდენების რაინდები (XII-XIII ს.)
მათზე რიგრიგობით გადადიოდა ტრანსიორდანიის, შესაბამისად კი კერაკის მმართველობა.(6) ეს უკანასკნელი განსაკუთრებით კარგად არის ცნობილი ჯვაროსანთა ისტორიით დაინტერესებული პირებისთვის. იგი იყო კერაკის მმართველი და მუსლიმთა დაუძინებელი მტერი. რენოს ხელში კერაკი 1176 წელს გადავიდა.(7) რენო განთქმული იყო სისასტიკით და მუსლიმების მიმართ განსაკუთრებული სიძულვილით. იგი კერაკის უმაღლესი გოდოლებიდან, თითქმის 450 მეტრის სიმაღლიდან ყრიდა ცოცხალ ტყვეებს, რომელთაც თავზე ხის ყუთები ეხურათ, კისერზე კი ბორკილები ჰქონდათ მობმული. ტყვეობაში კი მათ ცუდად ექცეოდა და ძალიან ვიწრო ორმოებში ჰყავდა დამწყვდეული.(8) ამ ბარბაროსობისა და სისასტიკის გამო მუსლიმები რენოს `ფრანკ ბედუინს" უწოდებდნენ. `ფრანკი ბედუინი" თავს ესხმოდა მუსლიმთა ქარავნებს, მოგზაურებსა და ვაჭრებს(9), მათ პორტებს წითელ ზღვაზე. 1182 წელს რენომ მკვდარ ზღვასთან მოამზადებინა ნავების ფლოტილია, შემდეგ კი აქლემებით გადაიტანა წითელ ზღვამდე, საიდანაც წამოიწყო თავდასხმები მუსლიმთა სამფლობელოებზე. მან მოახერხა იორდანიის უკიდურეს სამხრეთში მდებარე ქალაქის აქაბას აღება და ჰიჯაზის მხარესა და წმინდა ქალაქ მექასაც კი დაემუქრა.
მუსლიმი მეომრები (XII-XIII ს.)
კერაკის მბრძანებლის რეიდებმა განარისხა ეგვიპტისა და სირიის სულთანი სალადინი, რომელმაც ომი გამოუცხადა ჯვაროსნულ სახელმწიფოებს. მან დაიფიცა, რომ შურს იძიებდა რენო დე შატილიონზე და საკუთარი ხელით მოკლავდა. სალადინმა ააგებინა ფლოტი და წითელი ზღვიდან განდევნა რენოს ხომალდები.(10) სამდღიანი ბრძოლის შემდეგ რენო, რომელსაც სულ 900-მდე კაცი ჰყავდა, იძულებული გახდა უკან დაეხია. ტყვედ ჩავარდნილ მის მეომრებს ცერემონიულად მოჰკვეთეს თავი კაიროში. 1183 წელს სალადინმა ალყა შემოარტყა კერაკს(11), სადაც რენო დე შატილიონის მეუღლის სტეფანიას შვილი ჰამფრი IV ტორონელი (პირველი ქმრისგან ჰამფრი ტირონელისგან) იერუსალიმის მეფის დაზე, პრინცესა იზაბელაზე ქორწინდებოდა. სტეფანიამ პატარძლის სუფრიდან მოსაკითხი გაუგზავნა სალაჰ ად-დინს; საპასუხოდ სულთანმა დაადგინა, თუ რომელ კოშკში იყვნენ ახალდაქორწინებულნი და ბრძანება გასცა ლოდსატყორცნები მოერიდებინათ მათთვის.(12) კერაკს ალყა ტრიპოლის გრაფმა რაიმონდ III-მ მოხსნა.(13) 1186 წლამდე რენო დე შატილიონი მშვიდად იყო კერაკის საიმედო კედლებით დაცული და არც თავდასხმებს აწყობდა მუსლიმებზე.
დამასკოში აღმართულ ცხენზე ამხედრებული სალადინის მონუმენტის ნაწილია რენო დე შატილიონის ქანდაკება, რომელიც მის ქვემოთ არის გამოსახული როგორც სულთნის მიერ დამარცხებული მტერი
1187 წლის დასაწყისისთვის რენო დე შატილიონმა კვლავ გაძარცვა მუსლიმთა მდიდარი ქარავანი (ნადავლი 200 ათას ოქროს შეადგენდა). ერთ-ერთი ვერსიით ქარავანთან ერთად სალადინის დაც მოდიოდა, რომელსაც 61 წლის რენო დე შატილიონმა ნამუსი ახადა. საპასუხოდ სალადინმა გალილეაზე გაილაშქრა. 1187 წლის 4 ივლისს სალადინმა დაამარცხა იერუსალიმის სამეფოს ძალები ჰატინთან ბრძოლაში და ტყვედ იგდო მეფე გი დე ლუზინიონი და რენო დე შატილიონი. სალადინმა თითქმის ყველა ტყვე გაათავისუფლა რენოს გარდა. სალადინმა მას ისლამის მიღება შესთავაზა, რენომ კი მტკიცედ განუცხადა უარი. სალადინმა ხმალი იშიშვლა და რენოს მკლავი მოჰკვეთა, რის შემდეგაც სულთნის მცველებმა მოკლეს ეს თავზეხელაღებული ჯვაროსანი რაინდი. კერაკის მმართველის თავი, როგორც მუსლიმთა უდიდესი მტრისა, ისე გამოიტანეს სალადინის სახელმწიფოს დიდი ქალაქების მოედნებზე.
ჰატინის ბრძოლისა და იერუსალიმის დაცემის შემდეგ, რენოს მეუღლე სტეფანია შეუთანხმდა სალაჰ ად-დინს, რომ თავისი ვაჟის, ჰამფრი ტორონელის გათავისუფლების სანაცვლოდ მას გადასცემდა კერაკის და მონრეალის ციხეებს. ჰამფრი მართლაც გაათავისუფლეს, მაგრამ ორივე ციხის გარნიზონმა უარი თქვა სიმაგრის ჩაბარებაზე. როდესაც თავისი პირობა ვერ შეასრულა, სტეფანიამ შვილი უკან გაუგზავნა სალაჰ ად-დინს, რომელიც დედის კეთილშობილებამ ისე შეძრა, რომ ჰამფრი მაინც გაათავისუფლა. (14) 1188 წელს, თითქმის ერთი წლის ალყის შემდეგ, კერაკი სალადინს დანებდა.(15) მას შემდეგ ჯვაროსნებმა ვეღარ შეძლეს კერაკის დაბრუნება და სამუდამოდ დაკარგეს ტრანსიორდანიის მთავარი ციხესიმაგრე.
სალადინის ძმა ალ-ადილი (16) კერაკისა და მისი მიმდებარე მიწების მმართველი იყო, სანამ 1099 წელს ეგვიპტისა და სირიის სულთანი გახდებოდა.(17) ციხესიმაგრე აიუბიანთა დინასტიის დასასრულამდე და მის შემდეგ, მამლუქთა სასულთნოს პერიოდშიც აკონტროლებდა დამასკოდან ეგვიპტეში მიმავალ სავაჭრო-საქარავნო გზასა და მომლოცველთა მოძრაობას სირიიდან მექაში. 1293 წელს მიწისძვრამ დაანგრია კერაკის სამი კოშკი. შუა საუკუნეების შემდეგ ციხესიმაგრემ დაკარგა უწინდელი მნიშვნელობა.
კერაკის ციხესიმაგრის სიგრძე 220 მეტრია, სიგანე 125 ჩრდილოეთ ნაწილში, სამხრეთით კი 40. აქ ღრმა თხრილი ყოფდა ციხეს უფრო მაღალი მთისგან, რომელიც ერთ დროს სალადინის საყვარელი პოზიცია გახლდათ საალყო მანქანების დასაყენებლად კერაკის ალყის დროს. ციხესიმაგრეში ადვილად გაირჩევა ჯვაროსნების პერიოდში ნაშენი მტკიცე, მუქი, ვულკანური ქვით ნაშენი კედლები,(18) რომელსაც არაბების აშენებული, კარგად გამოთლილი, ღია ფერის ქვებით აგებული კედლები ანაცვლებს. კერაკში ბევრი ფართო დარბაზი და გრძელი, ლაბირინთული დერეფნებია. კარგად არის შემორჩენილი მიწისქვეშა ნაწილი, რომელში მოხვედრაც მასიური, რკინის კარის გავლით შეიძლება. ზოგადად, კერაკი არ გახლავთ სილამაზითა და სინატიფით გამორჩეული ციხესიმაგრე, როგორც ეს ბევრი ევროპული ციხესიმაგრისთვისაა დამახასიათებელი და უფრო არქიტექტურული გადაწყვეტით არის საინტერესო.
კერაკის გარე კედლები თითქმის მთლიანად დანგრეულია, თუმცა კოშკების ნაწილი შემორჩა. ისინი კარგად შერჩეულ პოზიციებზე იდგა. ყველაზე დიდი კოშკი ქალაქის ჩრდილო-დასავლეთ ნაწილშია. მის შიგნით გაკეთებული წარწერის მიხედვით ჩანს, რომ კოშკი მამლუქთა სულთანმა ბაიბარსმა(19) ააშენებინა. აქვეა გამოსახული ბაიბარსის სიმბოლოც - ლომი. მეორე კოშკის აშენების ზუსტი დრო უცნობია, მაგრამ ის განსხვავდება დანარჩენებისგან, მიუხედავად იმისა, რომ კერაკის ამშენებლები ცდილობდნენ მთელი ციხესიმაგრე ერთ სტილში აეშენებინათ. კოშკის განსხვავებულობა შესაძლოა იმის ბრალიც იყოს, რომ ხშირად საჭირო ხდებოდა სხვადასხვა პერიოდის საალყო ტექნიკის წინააღმდეგ ციხესიმაგრის კედლებისა და კოშკების მოდერნიზება. სამწუხაროდ რთულია იმის განსაზღვრა, რამდენი კარიბჭე ჰქონდა კერაკს. არსებობდა ციხიდან გამოსასვლელი ორი, საიდუმლო, მიწისქვეშა გზა. ერთ-ერთი მათგანი 1227 წელს, ეგვიპტის აიუბიანმა სულთანმა ალ-მუაზამ ისამ ააგებინა.(20) ასეთი მიწისქვეშა გასასვლელების დაცვას ამარტივებდა ის, რომ მისი კარის ჩახერგვა ადვილი იყო. ამას გარდა მიწისქვეშა გასასვლელით ერთდროულად მრავალრიცხოვანი რაზმი ვერ იმოძრავებოდა. თუ მტერი მაინც მოახერხებდა პირველი თავდაცვითი ბარიერის დაძლევას და კერაკში შეღწევას, დამცველებს შეეძლოთ ციტადელში გამაგრება. ერთხელ ჯვაროსნებმა კერაკი აიღეს, მაგრამ მისი ციტადელის დაკავება ვერ შეძლეს და იძულებულები გახდნენ ციხე დაეტოვებინათ სანამ დამცველებს დამხმარე ძალები მოუვიდოდათ.
ჯვაროსანთა აგებული სიმაგრეები განსაკუთრებით კარგად კერაკის ჩრდილოეთ ნაწილშია შემორჩენილი. იქვეა დარბაზები, სადაც ციხის მცველები ცხოვრობდნენ და თავლა. ამავე დროს ეს დარბაზები გამოიყენებოდა თავშესაფრად, როდესაც მტერი ციხესიმაგრეს კატაპულტებითა და სხვა საალყო მანქანებით ესროდა.
კერაკში განთავსებულია არქეოლოგიური მუზეუმი, რომელშიც უძველესი დროიდან სალადინის მიერ ციხის აღებამდე პერიოდის არქეოლოგიური და ისტორიული ნიმუშებია წარმოდგენილი.
სქოლიოები
- მოაბი - ბიბლიური ქვეყანა, რომელიც მდინარე იორდანეს სამხრეთ დინებიდან მკვდარ ზღვამდე იყო გადაჭიმული. სამხრეთიდან ედომს ესაზღვრებოდა, აღმოსავლეთიდან ამონიტელებს. მოაბის ისტორიის მთავარი წყარო ბიბლიაა, სადაც დიდი მნიშვნელობა ეძლევა მოაბისა და ისრაელის ურთიერთობას. ბიბლიის გარდა თვითონ მოაბიტური ისტორიული დოკუმენტი მხოლოდ ერთია შემორჩენილი - `მოაბის (მეშას) ქვა". ქვაზე წარწერაა მოაბის მეფის, მეშას შესახებ, რომელმაც ძვ.ე. IX საუკუნეში გამარჯვება მოიპოვა ისრაელზე. ნიკა ხოფერია, ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია (თბილისი, 2011), 116.
- Adrian J Boas, Archaeology of the military orders: a survey of the urban centres, rural settlement and castles of the military orders in the Latin east (New York, 2006), 239. Alan V Murray, The Crusades: an Encyclopedia Vol. 1 (Santa Barbara, 2006), 223.
- კერაკი აშენდა კლდეზე, რომელსაც ჯვაროსნები Petra Deserti-ს - `უდაბნოს კლდეს" უწოდებდნენ. Steven Runciman, A History of the Crusades, volume II (Cambridge, 1951), 230.
- Malcolm Barber, "The Career of Philip of Nablus in the Kingdom of Jerusalem", in The experience of Crusading: Defining the Crusader Kingdom, vol. 2, eds. Peter Edbury and Jonathan Philips (Cambridge, 2003), 61
- იქვე, 61-62.
- იქვე, 72.
- 1 წლის შემდეგ, 1177 წლის 25 ნოემბერს მონსიჟარის ბრძოლაში იერუსალიმის არმიამ, რომელსაც კეთროვანი მეფე ბალდუინ IV, ტამპლიერთა მაგისტრი ოდო დე სენტ ამანდი და რენო დე შატილიონი მეთაურობდნენ სასტიკად დაამარცხა სალადინის მრავალრიცხოვანი ძალები. ბრძოლის მოგებაში ერთ-ერთი მთავარი როლი სწორედ რენო დე შატილიონმა შეასრულა, სალადინის დაუძინებელმა მტერმა და კარგმა სამხედრო მეთაურმა.
- თავის დროზე (1161 წლიდან) რენო დე შატილიონი 15 წელიწადი იჯდა ალეპოს ციხეში მუსლიმთა ტყვეობაში. Alan V Murray, The Crusades: an Encyclopedia Vol. 1, 223.
- Adrian J Boas, Archaeology of the military orders: a survey of the urban centres, rural settlement and castles of the military orders in the Latin east, 239.
- რენოს მეკობრეები სალადინის ძმამ ალ-ადილმა მედინადან სულ რამდენიმე კილომეტრში შეიპყრო.
- 1170 წელს კერაკს ალყა შემოარტყა ნურ ად-დინმა, 1173 წელს სალადინმა, მაგრამ წარუმატებლად.
- მამუკა წურწუმია, `ჯვაროსანთა მოსახსენებლები იერუსალიმის ჯვრის მონასტრის ხელნაწერებში", საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, I (თბილისი, 2013), 371. Steven Runciman, A History of the Crusades, volume II, 440-441.
- Alan V Murray, The Crusades: an Encyclopedia Vol. 3, 707.
- Steven Runciman, A History of the Crusades, volume II, 468.
- `მაშინ როდესაც უკანასკნელი ცხენიც შეიჭამა". Steven Runciman, A History of the Crusades, volume II, 468.
- ალ მალიქ ალ-ადილ საიფ ალ-დინ აბუ ბექრ იბნ აიუბი - ეგვიპტის სულთანი 1200-1218 წლებში. სულთან სალადინის ძმა.
- Philip K Hitti, History of the Arabs from the earliest times to the present (London, 1970), 652.
- Hugh Kennedy, Crusader castles (Cambridge, 1994), 46.
- ალ-მალიქ ალ ზაქირ რუქნ ად-დინ ვა'დ'დინ ბაიბარს ალ-ბუნდუკდარ ას სალიჰ - ეგვიპტისა და სირიის მამლუქთა სახელმწიფოს სულთანი 1260-1277 წლებში. აწარმოა წარმატებული ომები მონღოლთა და ევროპელ ჯვაროსანთა წინააღმდეგ პალესტინასა და სირიაში.
- ალ მუ'აზზამ ისა შარაფ ად-დინი - დამასკოს აიუბიანი სულთანი 1218-27 წლებში. სალადინის ძმის, ალ-ადილის ვაჟი.
ბიბლიოგრაფია
1. მონტეფიორე, საიმონ სებაგ. იერუსალიმი: ბიოგრაფია. თბილისი, 2012.
2. წურწუმია, მამუკა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, I. თბილისი, 2013.
2. წურწუმია, მამუკა. საქართველოს სამხედრო ისტორიის საკითხები, I. თბილისი, 2013.
3. ხოფერია, ნიკა. ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია. თბილისი, 2011.
4. Barber, Malcolm. "The Career of Philip of Nablus in the Kingdom of Jerusalem" in The experience of Crusading: Defining the Crusader Kingdom, vol. 2, eds. Peter Edbury and Jonathan Philips. Cambridge, 2003.
5. Baldwin, Marshall Whithed. Raymond III of Tripolis and the fall of Jerusalem. New York, 1978.
6. Boas, Adrian J. Archaeology of the military orders: a survey of the urban centres, rural settlement and castles of the military orders in the Latin east. New York, 2006.
7. Runciman, Steven. A History of the Crusades, volume II. Cambridge, 1951.
8. Hitti, Philip K. History of the Arabs from the earliest times to the present (London, 1970), 652.
9. P M Holt. The Age of the Crusades: the Near East from the eleventh century to 1517. London, 1986.
10. Kennedy, Hugh. Crusader castles. Cambridge, 1994.
11. Murray, Alan V. The Crusades: an Encyclopedia, IV volume set. Santa Barbara, 2006.