ხაზარებს იუდაიზმი არ მიუღიათ: ისტორიული მიგნებები


ჩრდილოეთ კავკასიაში მოსახლე მომთაბარე ხაზართა ისტორია მჭიდროდაა დაკავშირებული საქართველოს ისტორიასთან. VII-IX საუკუნეებში ხაზარები იყვნენ არაბი დამპყრობლების მთავარი მოწინააღმდეგეები კავკასიაში და კასპიის ზღვის აღმოსავლეთ სანაპიროებზე, უფრო ადრე იბრძოდნენ სასანიანი ირანი მეფეების წინააღმდეგაც და იყვნენ ბიზანტიის იმპერიის მოკავშირეები, როდესაც იმპერატორი ჰერაკლე ქართლში შემოიჭრა და თბილისს ალყა შემოარტყა ხაზართა ხაკან ჯიბღუსთან ერთად, თუმცა ვერ აიღო და მეორე წელს ხაზარებმა შათის მეთაურობით დამოუკიდებლად გაართვეს თავი კავკასიის ამ ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ქალაქის დაკავებას. ასევე ცნობილი ისტორიაა 764 წელს ხაზართა მიერ ქართლის კიდევ ერთი დალაშქვრა და ერისმთავარისა და მისი ასულის ტყვედ წაყვანა. დიდი ხნის განმავლობაში მიაჩნდათ რომ ხაზარები იყვნენ იუდაიზმის მიმდევრები, თუმცა ბოლო დროინდელმა კვლევამ, რომელიც პროფესორმა შალომ სტამპფერმა ჩაატარა, ცხადყო რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ მითია. ამის შესახებ მან გამოაქვეყნა თავისი ნარკვევი -  Shaul Stampfer; "Did the Khazars Convert to Judaism?", Jewish Social Studies, #3 (2013), 1-72. თემა ძალიან საინტერესოა, თუმცა ჯერჯერობით სრულ ტექსტზე წვდომა არ მაქვს, ამიტომ შემოგთავაზებთ სტატიის ზოგად ანალიზს, რომელიც მოცემულია Medievalist.Net-ზე. 

დიდი ხნის განმავლობაში ხაზარებს, რომლებიც წარმოშობით ცენტრალური აზიიდან იყვნენ, იუდაიზმის მიმდევრებად მიიჩნევდნენ, მაგრამ თანამედროვე კვლევების საფუძველზე ჩანს, რომ ისინი არასდროს მოქცეულან ამ რელიგიაზე. 
იერუსალიმის უნივერსიტეტის პროფესორი შალომ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ხაზარებს, შავი და კასპიის ზღვის ჩრდილოეთით მოსახლე მომთაბარე ხალხს გადაწყვეტილი ჰქონდა იუდაიზმის მიღება, რის შესახებაც ცნობები IX საუკუნის მეორე ნახევრის ისლამურ ცნობებში მოიპოვება. ასევე არსებობს X საუკუნის ორი ებრაული წყაროც. მას შემდეგ, რაც 969 წელს კიევის დიდმა მთავარმა სვიატოსლავმა ხაზართა იმპერია ფაქტიურად გაანადგურა, ხაზართა ხსენება ისტორიიდან ფაქტიურად გაქრა. 



კიევის მთავარი სვიატოსლავ I ებრძოდა ბიზანტიის იმპერატორ იოანე ციმისკესს, თუმცა საბოლოოდ მარცხი განიცადა და დაიღუპა. მისი ისტორია აღწერილია XI საუკუნის ბიზანტიელი ისტორიკოსის იოანე სკილიცეს თხზულებაში. სკილიცეს თხზულების XII საუკუნეში, სიცილიაზე გადაწერილ ვარიანტში, რომელიც მადრიდში ინახება, მოცემულია რამდენიმე საინტერესო მინიატურა სვიატოსლავის შესახებ. პირველ მინიატურაზე გამოსახულია ბიზანტიური კავალერიის მიერ სვიატოსლავის მხედრების დევნა, მეორეზე კი იოანე ციმისკეს და სვიატოსლავის შეხვედრა.

VII საუკუნიდან X საუკუნემდე, ხაზარები განაგებდნენ იმპერიას, რომელიც გადაჭიმული იყო კასპიისა და შავ ზღვას შორის. მათ კულტურასა და საზოგადოებაზე ძალიან მწირი ცნობები გვაქვს: მათ არ დაუტოვებიათ ლიტერატურული მემკვიდრეობა, არც არქეოლოგიური მონაცემებია მდიდარი. ცნობამ მათ მიერ იუდაიზმის მიღების შესახებ, დიდი ინტერესი გამოიწვია და ფართოდ გავრცელდა სამეცნიერო წრეებში. 
იეჰუდა ჰალევის ძეგლი კესარიაში
იეჰუდა ჰალევი იყო XI-XII საუკუნეების ესპანელი ებრაელი ფიზიკოსი, პოეტი და ფილოსოფოსი

ამბავი განსაკუთრებით პოპულარული გახდა მას შემდეგ, რაც ებრაელმა მოაზროვნემ და პოეტმა იეჰუდა ჰალევიმ ის თავის წიგნში `The Kuzari"-ში გამოიყენა. XX საუკუნემდე ხაზართა შესახებ ებრაულ წყაროებს ნაკლები ყურადღება ექცეოდა, მაგრამ 1932 წელს უკრაინელმა მკვლევარმა აჰათანელ კრიმსკიმ გამოაქვეყნა ხაზართა ისტორიის ექვსტომეული, სადაც ბევრ მნიშვნელოვან ისტორიულ წყაროს შეეხო მათი ისტორიის შესახებ. ჰენრი გრეგუარმა, ბიზანტიის ისტორიის ცნობილმა მკვლევარმა ამ წყაროების სკეპტიკური კრიტიკა დაწერა, მაგრამ 1954 წელს დუგლას მორტონ დუნლოპმა კვლავ დააბრუნა ისინი ისტორიული მეცნიერების წიაღში და გამოაქვეყნა `ებრაელ ხაზართა ისტორია" (The History of the Jewish Khazars). 

არტურ კესტლერის ბესტსელერმა `მეცამეტე ტომმა" (The Thirteenth Tribe, 1976) ფართოდ მიიქცია დასავლური საზოგადოების ყურადღება და დაიწყო მსჯელობა აღმოსავლეთ ევროპელი აშკენაზი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. ბევრი სამეცნიერო კვლევა დაიწერა ამის შემდეგ, მაგრამ ასევე პოპულარული გახდა არააკადემიურ წრეებში, მაგალითად შლომო სანდის 2009 წლის ბესტსელერი `ებრაელი ხალხის გამონაგონი" (The Invention of the Jewish People) მიჰყვება ვერსიას აღმოსავლეთ ევროპელი ებრაელების ხაზარული წარმოშობის შესახებ. მიუხედავად ასეთი ინტერესისა, ამ თემის სისტემატური კრიტიკა თითქმის არ არსებობდა, გარდა თელ-ავივის უნივერსიტეტის მკვლევარის მოშე გილის ძალიან მოკლე და ზოგადი სტატიისა. 

სტამპფერი აღნიშნავს, რომ მეცნიერები, რომლებიც ამ საკითხზე მსჯელობდნენ, ეყრდნობოდნენ ძალიან მწირ ტექსტობრივ და ნუმიზმატიკურ მასალას. არქეოლოგებმა ხაზართა ყოფილ ტერიტორიებზე ჩატარებული გათხრებისას თითქმის ვერანაირ არტეფაქტებს ან საფლავის ქვებს ვერ მიაკვლიეს, რომლებზეც ებრაული სიმბოლო იქნებოდა გამოსახული. სტამპფერი განიხილავს ყველა მნიშვნელოვან წერილობით დოკუმენტსაც, მათ შორის არაბულ და სხვა ენებზე,  ასევე ესპანელი ებრაელების ლიდერის ჰასდაი იბნ შაპრუტისა და იოსების, ხაზართა მეფის მიმოწერას, რომელსაც სამეცნიერო წრეებში ხშირად კემბრიჯის დოკუმენტს ან შეჩტერის დოკუმენტს უწოდებენ. 
ბიბლიის მიხედვით ებრაელები 12 ტომად იყვნენ დაყოფილები და იაკობის 12 ვაჟის შთამომავლები იყვნენ, არტურ კესტლერმა, რომელსაც მიაჩნდა, რომ ხაზარებმა იუდაიზმი მიიღეს, თავის წიგნს „მეცამეტე ტომი" უწოდა. 

ყველა ამ მასალის შეკრების შემდეგ სტამპფერი აღნიშნავს, რომ ეს წყაროები წარმოგვიდგენს ურთიერთსაწინააღმდეგო, დამახინჯებულ, ანომალიურ ცნობებს ბევრი თვალსაზრისით. წყაროების ფრთხილი და საფუძვლიანი კვლევის საფუძველზე გამოჩნდა, რომ ზოგიერთი მათგანი არ ეკუთვნოდა იმ ავტორს, რომლის დაწერილადაც ითვლებოდა მანამდე, ნაწილი კი არასაიმედო და არადამაჯერებელია. უმეტესობა ყველაზე დამაჯერებელი წყაროებისა, როგორიცაა სალამ განმმარტებელის დეტალური მოხსენება მითიური ალექსანდრეს კედლის ძებნის შესახებ, გაგზავნილი ხალიფა ჰარუნ ალ-ვასიკისთვის 842 წელს და კონსტანტინოპოლის პატრიარქის ნიკოლოზის წერილი, დაწერილი 914 წელს, რომელშიც ხაზარებზე გვხვდება ცნობები, არანაირ მინიშნებას არ გვაძლევს ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის შესახებ. 
კონსტანტინოპოლის პატრიარქი ნიკოლოზ მისტიკოსი

იმოწმებს რა ყველა სანდო წყაროს, რომელიც საინტერესოა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის შესასწავლად, სტამპფერი აღნიშნავს, რომ მარტივი და ყველაზე ლოგიკური პასუხი არის ის, რომ ხაზარების მიერ იუდაიზმის მიღება უბრალოდ ლეგენდაა, რომელსაც არ გააჩნია ფაქტობრივი საფუძველი. არასდროს მომხდარა ხაზარი მეფის ან ხაზარი დიდებულების მოქცევა ამ რელიგიაზე, ამბობს ის.
სტამპფერი წლების განმავლობაში მუშაობდა ამ ნაშრომზე. ის აღნიშნავს: `ჩემი კვლევის დიდი ნაწილი ეხება იმის კვლევას, რა მოხდა წარსულში რეალურად. წარმოუდგენლად რთულია დაამტკიცო, რომ რომელიმე ფაქტი (რომელიც აქამდე რეალურად ითვლებოდა) სინამდვილეში არ მომხდარა".
ხაზართა ტერიტორიები დაახ. 850 წელს

სტამპფერი ამბობს, რომ ხაზართა იუდაიზმზე მოქცევის ამბის ეჭვის ქვეშ დაყენება და მისი ფაქტიური უარყოფა, გამოიწვევს რუსეთის, ხაზარებისა და ებრაელთა ისტორიის ზოგიერთი ფურცლის ხელახლა გადაწერას. თუ არ მომხდარა ხაზართა იუდაიზმზე მოქცევა, განსჯის საგნად უნდა იქცეს ადრეულ რუსებზე ებრაული გავლენის საკითხი.  
დასასრულისთვის სტამპფერი აღნიშნავს: `არსებობს ბევრი მიზეზი, რატომაა სასარგებლო და საჭირო გავარჩიოთ რეალური ფაქტი მოგონილისგან - ეს სწორედ ერთ-ერთი ასეთი შემთხვევაა".

ნიკა ხოფერია
 Medievalists.Net-ს მიხედვით